თავი 19
ვიზრდებით ქრისტიანულ სიყვარულში
იესო ქრისტეს მოციქულები თანაქრისტიანებს მოუწოდებდნენ, რომ გაზრდილიყვნენ არა მხოლოდ ცოდნაში, არამედ სიყვარულშიც. ამის საფუძველს მათ აძლევდა ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარული და ქრისტეს თავგანწირული სიყვარული, ვის მიბაძვასაც ცდილობდნენ (იოან. 13:34, 35; ეფეს. 4:15, 16; 5:1, 2; ფილ. 1:9; 1 იოან. 4:7—10). ისინი საძმოს წარმოადგენდნენ და მათ შორის არსებული ძმური სიყვარული ერთმანეთის დახმარებით უფრო ძლიერდებოდა.
როდესაც შიმშილობამ იუდეაში მცხოვრები ძმების ეკონომიკური გაჭირვება გამოიწვია, სირიასა და საბერძნეთში მცხოვრები თანაქრისტიანები მათ ყველაფრით ეხმარებოდნენ (საქ. 11:27—30; რომ. 15:26). თუ ვინმეს დევნიდნენ, სხვა ქრისტიანები თანაუგრძნობდნენ და მათ მხარდაჭერას ცდილობდნენ (1 კორ. 12:26; ებრ. 13:3).
უდავოა, რომ სიყვარული ყველა ადამიანს შეუძლია და მხოლოდ ქრისტიანები როდი ავლენენ კაცთმოყვარეობას. მაგრამ ძველი რომაელების შეხედულებით ქრისტიანების სიყვარული განსხვავებული იყო. ტერტულიანე, რომაელი კანონმცოდნე, ქრისტიანების შესახებ რომაელების ნათქვამ სიტყვებს ციტირებდა: „შეხედე, — ამბობენ ისინი, — როგორ უყვართ ერთმანეთი . . . ისინი მზად არიან, ერთმანეთისთვის თავი გაწირონ“ („აპოლოგია“, XXXIX, 7). ჯონ ჰერსტი თავის ნაშრომში გვიამბობს, რომ ძველ კართაგენსა და ალექსანდრიაში შავი ჭირის ეპიდემიის დროს ხალხი დაავადებულებს ახლოს არ იკარებდა და სიკვდილის პირას მყოფთ ძარცვავდა. მათგან განსხვავებით, იმ ადგილებში მცხოვრები ქრისტიანები ავადმყოფებს ყველაფერს უნაწილებდნენ, უვლიდნენ მათ და მკვდრებს მარხავდნენ (History of the Christian Church, ტომი I, გვერდი 146).
ზრუნავენ დღეს იეჰოვას მოწმეები სხვების კეთილდღეობაზე? თუ ზრუნავენ, ეს მხოლოდ ერთეულებს ახასიათებთ თუ მთლიანად ორგანიზაციას?
კრებებში სიყვარულით ეხმარებიან ერთმანეთს
იეჰოვას მოწმეებისთვის ქვრივებსა და ობლებზე ზრუნვა და იმ ერთგული და-ძმების დახმარება, რომლებიც გაჭირვებაში არიან, მსახურების ნაწილია (იაკ. 1:27; 2:15—17; 1 იოან. 3:17, 18). მთავრობები, როგორც წესი, ზრუნავენ თავიანთ მოსახლეობაზე, უზრუნველყოფენ მათ საავადმყოფოებით, მოხუცებულთა თავშესაფრებით და სოციალურ დახმარებას უწევენ უმუშევრებს; იეჰოვას მოწმეები ამ ყოველივეს მხარს უჭერენ იმით, რომ კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს. მათ ესმით, რომ ადამიანთა პრობლემებს საბოლოოდ ღვთის სამეფო გადაჭრის, ამიტომ თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს უპირველესად სხვებისთვის ღვთის სამეფოს შესახებ სწავლებას უძღვნიან. ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას არც ერთი მთავრობა არ ეწევა.
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა 69 000-ზე მეტ კრებაში (1992 წლის მონაცემი) არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები — მოხუცებულები და უძლურები, რომელთაგან ყველას ეხმარებიან. როგორც 1 ტიმოთეს 5:4, 8-ში ვკითხულობთ, ოჯახის წევრებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თითოეული ქრისტიანის ვალდებულებაა. შვილები, შვილიშვილები და სხვა ახლო ნათესავები ქრისტიანულ სიყვარულს ავლენენ, როცა მოხუცებულ და დაუძლურებულ ახლობლებზე ზრუნავენ. მათ რომ პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაკარგონ, იეჰოვას მოწმეთა კრება საკუთარ თავზე არ იღებს მათ ოჯახურ ვალდებულებებს. თუმცა, თუ მოხუცებულს ან დაუძლურებულს არ ჰყავს ახლო ნათესავები ან ჰყავს, მაგრამ არ შეუძლიათ მასზე ზრუნვა, კრების წევრები სიყვარულით ეხმარებიან მას. როცა საჭიროება მოითხოვს, შეიძლება მთელი კრება დაეხმაროს გაჭირვებულ დას ან ძმას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ერთგულად ემსახურება იეჰოვას (1 ტიმ. 5:3—10).
ასეთ საჭიროებებზე მხოლოდ ხანდახან არ ზრუნავენ. სამეფო მსახურების სკოლაში, რომელსაც უხუცესები 1959 წლიდან პერიოდულად გადიან, არაერთხელ მახვილდება ყურადღება იმაზე, რომ უხუცესები, როგორც ღვთის სამწყსოს მწყემსები, ღვთის წინაშე ვალდებულნი არიან, იზრუნონ ასეთ გაჭირვებულ და-ძმებზე (ებრ. 13:1, 16). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის შესახებ მათ ადრე არ იცოდნენ. მაგალითად, 1911 წელს ქალაქ ოლდემის (ლანკაშირი, ინგლისი) კრება მატერიალურად დაეხმარა ამავე კრების გაჭირვებულ წევრებს. მაგრამ ღვთის ორგანიზაციის ზრდასთან ერთად იზრდებოდა გაჭირვებულთა რიცხვიც და იეჰოვას მოწმეებმა უფრო ნათლად დაინახეს, ბიბლიის თანახმად, რისი გაკეთება მოეთხოვებოდათ ასეთ სიტუაციებში. ბოლო წლებში კრებებში არაერთხელ განიხილებოდა თითოეული ქრისტიანის პასუხისმგებლობა, ეზრუნათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე და-ძმებზე — მოხუცებზე, უძლურებზე, მარტოხელა მშობლებსა და გაჭირვებულებზე.a
სხვებზე ზრუნვისას იეჰოვას მოწმეები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სიტყვებით: „თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთ“. ისინი სიყვარულით ზრუნავენ ერთმანეთზე (იაკ. 2:15, 16). მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.
1986 წელს ერთი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე ქალი, რომელიც შვედეთიდან იყო, საბერძნეთში მოგზაურობის დროს მენინგიტით დაავადდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს მრავალ ქვეყანაში ქრისტიანი და-ძმების ყოლა. მისი ავადმყოფობის შესახებ მამამისს შვედეთში შეატყობინეს. ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თავისი კრების უხუცესს, მისი მეშვეობით კი — საბერძნეთში მცხოვრებ ერთ-ერთ მოწმეს. იმ სამი კვირის მანძილზე, სანამ ეს და შვედეთში დაბრუნებას შეძლებდა, მის ახალ მეგობრებს ის უყურადღებოდ არ მიუტოვებიათ.
მსგავსად, როდესაც ერთ მოხუც ქვრივ ძმას უოლესბერგიდან (ონტარიო, კანადა) მოვლა დასჭირდა, ოჯახმა, რომელსაც ის ადრე სულიერად ეხმარებოდა, მადლიერების ნიშნად ეს ძმა თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს ოჯახი ბარის-ბეიში გადავიდა საცხოვრებლად, ისიც თან წაიყვანეს. 19 წლის მანძილზე ეს ძმა მათთან ცხოვრობდა და ისინი მის სიკვდილამდე, 1990 წლამდე, სიყვარულით ზრუნავდნენ მასზე.
ნიუ-იორკში ერთი იეჰოვას მოწმე წყვილი 15 წლის მანძილზე ზრუნავდა ერთ მოხუც მამაკაცზე, რომელიც მათ სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებს ესწრებოდა. ისინი ამას მოხუცის სიკვდილამდე, 1986 წლამდე აკეთებდნენ. როდესაც მას ინსულტი დაემართა, ეს წყვილი ყველაფერს ყიდულობდა მისთვის, ულაგებდა სახლს, უმზადებდა საჭმელს და ურეცხავდა. ისინი მას საკუთარ მამასავით ექცეოდნენ.
სიყვარული და ზრუნვა სხვა შემთხვევებშიც ვლინდება. შეერთებულ შტატებში ერთმა წყვილმა გაყიდა სახლი და მონტანას შტატში გადავიდა, რათა ერთ კრებას დახმარებოდა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, ეს ძმა სამსახურიდანაც გაათავისუფლეს და ფულიც გამოელიათ. რა უნდა გაეკეთებინათ? ძმამ იეჰოვას დახმარება სთხოვა ლოცვაში. დაამთავრა თუ არა ლოცვა, კარზე თანაქრისტიანმა დაუკაკუნა. ისინი ერთად გავიდნენ ყავის დასალევად. როცა ძმა სახლში დაბრუნდა, სამზარეულოს მაგიდა სავსე დახვდა პროდუქტებით. იქვე იდო კონვერტი ფულით და პატარა ბარათი წარწერით: „დიდი სიყვარულით და-ძმებისგან“. კრების წევრებმა გაიგეს მათი გაჭირვების შესახებ და ყველამ მოინდომა დახმარება. მათი სიყვარულით შეძრულმა წყვილმა ცრემლები ვერ შეიკავა. ისინი მადლობას უხდიდნენ იეჰოვას, ვისი სიყვარულის მაგალითიც აღძრავს მის მსახურებს.
იეჰოვას მოწმეები საყოველთაოდ არიან ცნობილნი გასაჭირში მყოფი თანამორწმუნეებისადმი დიდი მზრუნველობის გამოვლენით. თუმცა ზოგჯერ ამით თაღლითები სარგებლობენ. ამიტომ მოწმეები სიფრთხილეს იჩენენ, მაგრამ, ამავე დროს, არ კარგავენ გაჭირვებულთა დახმარების სურვილს.
როდესაც ომი ხალხს ყველაფერს აკარგვინებს
ბევრ ქვეყანაში ომებმა ადამიანები სიღატაკემდე მიიყვანა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ცდილობენ დახმარებას, მაგრამ ხშირად ეს პროცესი ძალიან ნელა მიდის. იეჰოვას მოწმეები არ ფიქრობენ, რომ ასეთი ორგანიზაციების საქმიანობა ათავისუფლებს მათ იმ მხარეში მცხოვრები და-ძმების დახმარების პასუხისმგებლობისგან. როდესაც ისინი იგებენ, რომ და-ძმებს დახმარება სჭირდებათ, ისინი „თანაგრძნობის კარს“ არ უკეტავენ მათ; პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმარონ (1 იოან. 3:17, 18).
მეორე მსოფლიო ომის დროს ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მოსახლეობა ღარიბი იყო, სოფლებში მცხოვრები მოწმეები შემორჩენილ საკვების მარაგს ქალაქებში მცხოვრებ გაჭირვებულ და-ძმებს უნაწილებდნენ. ნაცისტების მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების გამო ნიდერლანდში ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ერთხელ ძმების ჯგუფს გერიტ ბომერმანის ხელმძღვანელობით ველოსიპედებით მიჰქონდა პროდუქტი, რომელსაც ზემოდან ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული. მოულოდნელად ქალაქ ალკმარში ისინი გზად საკონტროლო-გამშვებ პუნქტს წააწყდნენ. ძმა გერიტი ყვება: „სხვა გზა არ გვქონდა, მთლიანად იეჰოვას უნდა მივნდობოდით“. მას სვლა თითქმის არ შეუნელებია, ისე ჰკითხა ოფიცერს: „საითაა ამსტერდამი?“. ოფიცერმა გვერდზე გაიწია, ხელი წინ გაიშვირა და უთხრა: „პირდაპირ!“. „გმადლობთ!“, — მიაძახა გერიტმა და გაოცებული ხალხის თვალწინ სიჩქარის შეუნელებლად დატვირთული ველოსიპედების კოლონამ ჩაიქროლა. სხვა შემთხვევაში ძმებმა ამსტერდამში კარტოფილით დატვირთული ნავის შეყვანა მოახერხეს.
მსგავს სულს იეჰოვას მოწმეები ევროპის საკონცენტრაციო ბანაკებშიც ავლენდნენ. ერთი 17 წლის ძმა, რომელიც ამერსფორტთან (ნიდერლანდი) ახლოს საკონცენტრაციო ბანაკში იყო, იმდენად გახდა, რომ მოსიარულე ჩონჩხს დაემსგავსა. ერთხელ პატიმრები აიძულეს, შუაღამემდე ევარჯიშათ თავსხმა წვიმაში და შემდეგ არაფერი აჭამეს. ამ ძმას წლების შემდეგაც არ ავიწყდებოდა იმ დღეს ერთი მოწმის მიერ გამოვლენილი თავგანწირვა, რომელმაც ბანაკის სხვა ნაწილიდან მოახერხა მასთან მისვლა და ხელში პურის ნაჭრის ჩადება. ავსტრიის საკონცენტრაციო ბანაკ მაუტჰაუზენში კი ერთ მოწმეს, თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, ბანაკის ერთი ნაწილიდან მეორეში უწევდა გადასვლა, ამიტომ ხშირად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა და მოწმეების მწირი რაციონიდან გადანახული საკვები იმ მოწმეებთან მიჰქონდა, რომელთაც ძალიან ცოტას აჭმევდნენ.
ომის დამთავრების შემდეგ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლებულ მოწმეებს პატიმართა ტანსაცმლის გარდა არაფერი ებადათ. ვინც ციხეში არ მოხვდა, მათი სახლ-კარი მიწასთან იყო გასწორებული. ევროპის დიდ ნაწილში არ იყო საკმარისი საკვები, ტანსაცმელი და საწვავი. იეჰოვას მოწმეებმა სწრაფად გაუწიეს ორგანიზება ამ ქვეყნებში კრების შეხვედრების ჩატარებას, რათა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით სხვებს სულიერად დახმარებოდნენ. მაგრამ მათ თავადაც სჭირდებოდათ დახმარება. ბევრი მათგანი იმდენად დასუსტებული იყო შიმშილისგან, რომ შეხვედრებზე გული მისდიოდა.
მანამდე მოწმეები არასდროს შეხვედრიან ასეთი მასშტაბის სირთულეებს. თუმცა იმავე თვეში, როცა წყნარი ოკეანის რეგიონში საომარი მოქმედებები შეწყდა, იეჰოვას მოწმეებმა კლივლენდში (ოჰაიოს შტატი) სპეციალური კონგრესი ჩაატარეს, რომელზეც განხილული იყო, როგორ შეიძლებოდა ომით დაზარალებულ ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანი და-ძმების დახმარება. ძმა ფრენცის ამაღელვებელ მოხსენებაში, სათაურით „მისი ენით აუწერელი ძღვენი“, დროულმა ბიბლიურმა რჩევებმა გაიჟღერა.b
მას შემდეგ, რაც ევროპაში შესვლა შესაძლებელი გახდა, რამდენიმე კვირაში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი ძმა ნორი ძმა ჰენშელთან ერთად გაემგზავრა იქ, რათა ადგილზე ენახა შექმნილი ვითარება. დახმარების აღმოსაჩენად ზომები მათ გამგზავრებამდე მიიღეს.
პირველი დახმარება შვეიცარიიდან და შვედეთიდან გაიგზავნა, შემდეგ კი — კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა იმ მოწმეების რიცხვი, რომლებსაც დახმარების გაწევა შეეძლოთ, მხოლოდ 85 000-მდე იყო, მათ ჩასაცმელი და საკვები გაუგზავნეს ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, გერმანიაში, დანიაში, ინგლისში, იტალიაში, ნიდერლანდში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, ფილიპინებზე, ფინეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ჩინეთში მცხოვრებ და-ძმებს. ასეთი დახმარება არ იყო ერთჯერადი. მოწმეები ამ ქვეყნებში დახმარებას ორწელიწად-ნახევრის მანძილზე გზავნიდნენ. 1946 წლის იანვრიდან 1948 წლის აგვისტომდე გაჭირვებულ თანამორწმუნეებს მათ გაუგზავნეს 479 114 კილოგრამი ტანსაცმელი, 124 110 წყვილი ფეხსაცმელი, 326 081 კილოგრამი საკვები და ტრანსპორტირებისა თუ სხვა სახის ხარჯებიც თავად დაფარეს. გასაგზავნი ნივთები და საკვები მოხალისეებმა დაახარისხეს და შეფუთეს. გაღებული შესაწირავი მთლიანად გაჭირვებულ და-ძმებს გადაეცა.
დევნილებისა და ომისგან გაღარიბებული ხალხის დახმარება 1940-იანი წლების შემდეგაც გაგრძელდა. 1945 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ასობით ომი მიმდინარეობდა და იეჰოვას მოწმეები ისევ სიყვარულით ზრუნავდნენ თანამორწმუნეებზე. ამგვარად ეხმარებოდნენ და-ძმებს ბიაფრის (ნიგერია) ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ 1967—1970 წლებში, აგრეთვე მოზამბიკელ და-ძმებს 1980-იან წლებში.
1989 წელს ლიბერიაში ომმა შიმშილობა გამოიწვია. მონროვიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში ასობით დევნილმა მოიყარა თავი. საკვებსა და ჭის წყალს მოწმეებსაც და სხვებსაც ერთნაირად უნაწილებდნენ. როგორც კი შესაძლებელი გახდა, მოწმეებმა სიერა-ლეონედან, კოტ-დ’ივუარიდან, იტალიიდან, ნიდერლანდიდან და შეერთებული შტატებიდან დახმარება გაგზავნეს ლიბერიაში.
1990 წელს ლიბანში ომის შემდეგ ბეირუთის ზოგი ნაწილი ისე იყო განადგურებული, თითქოს მიწისძვრას დაენგრია. იეჰოვას მოწმეთა უხუცესებმა საგანგებო მდგომარეობის კომიტეტი შექმნეს. მათ არ დასჭირვებიათ მოხალისეების ძებნა, რადგან ყოველდღე უამრავი და-ძმა თავად გამოთქვამდა დახმარების სურვილს.
1990 წელს ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრების პერიოდში იეჰოვას მოწმეებმა ავსტრიიდან, იუგოსლავიიდან, უნგრეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან 70 ტონაზე მეტი აუცილებელი ნივთი გაუგზავნეს თავიანთ ქრისტიან და-ძმებს რუმინეთში.
ამის შემდეგ არაერთი დახმარება გაგზავნეს აღმოსავლეთ ევროპაში. ხელმძღვანელმა საბჭომ სთხოვა „საგუშაგო კოშკის“ ფილიალს დანიაში, ორგანიზება გაეწია უკრაინელი მოწმეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემისთვის. კრებებს ამცნეს ამის შესახებ და ისინიც სიხარულით გამოეხმაურნენ. 1991 წლის 18 დეკემბერს ხუთი სატვირთო მანქანით და ორი მიკროავტობუსით, რომელთაც იეჰოვას მოწმე მოხალისეები მართავდნენ, ლვოვში 22 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს, რაც ქრისტიანი ძმების მიმართ სიყვარულით გამოვლენილი მზრუნველობის გამოხატულება იყო. დახმარება იქ 1992 წლამდეც იგზავნებოდა, მათ შორის ავსტრიელი და-ძმებისგან, რომელთაც 100 ტონაზე მეტი საკვები და ტანსაცმელი გაიღეს. ნიდერლანდელმა მოწმეებმა თავიდან დასახმარებლად 26 ტონა ტვირთი გაგზავნეს, შემდეგ — ტანსაცმლით დატვირთული 11 სატვირთო მანქანა, მოგვიანებით კი — უფრო მეტი საკვები. ძმები აღმოსავლეთ ევროპაში ღმერთს მადლობას სწირავდნენ და სთხოვდნენ, სიბრძნე მიეცა მათთვის, რომ სწორად გაენაწილებინათ მიღებული შესაწირავები. მანქანების გადმოტვირთვამდე და მათი გადმოტვირთვის შემდეგ ისინი ერთად ლოცულობდნენ. მათ უფრო დიდი ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს იტალიელი, ფინელი, შვედი და შვეიცარიელი მოწმეებისგან. ამავე დროს, იმ რესპუბლიკებში, რომლებიც ადრე იუგოსლავიას ქმნიდნენ, დიდი არეულობა შეიქნა, რამაც ბევრი დიდ გასაჭირში ჩააგდო. და-ძმებმა იქაც გაგზავნეს საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და მედიკამენტები. ქალაქებში მცხოვრებმა მოწმეებმა შეიფარეს ის და-ძმები, რომელთა სახლებიც ომის შედეგად დაინგრა.
ზოგჯერ მათ, ვინც მოშორებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ჰაერივით სჭირდებათ დახმარება, მაგრამ მათი გასაჭირი ყველასთვის არ არის ცნობილი. ასეთი რამ დაემართა გვატემალაში იეჰოვას მოწმეთა 35 ოჯახს. მათ სოფლებში შეიარაღებული დაჯგუფებები შეიჭრნენ. 1989 წელს, როცა ამ მოწმეებმა საბოლოოდ მშობლიურ მხარეში დაბრუნება შეძლეს, ყველაფერი თავიდან იყო ასაშენებელი. თუმცა დაბრუნებულ ხალხს მთავრობამ აღმოუჩინა დახმარება, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალმაც შექმნა საგანგებო მდგომარეობის კომიტეტი, რათა მოწმეთა დაზარალებულ ოჯახებს დახმარებოდნენ; 50 კრებიდან დაახლოებით 500-მა მოწმემ სახლების აღდგენაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.
არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ხალხი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვარდება გასაჭირში, მაგალითად მიწისძვრები, ქარიშხლები და წყალდიდობები. მონაცემების თანახმად, მთელ მსოფლიოში ყოველ წელს საშუალოდ 25-ზე მეტი სტიქიური უბედურება ხდება (1992 წლის მონაცემი).
როდესაც სტიქიური უბედურებები ხდება
როდესაც იეჰოვას მოწმეები სტიქიური უბედურებების გამო ხვდებიან გასაჭირში, მათ დასახმარებლად დაუყოვნებლივ იღებენ ზომებს. ადგილობრივ უხუცესებს ესმით, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კრების თითოეულ წევრს დაუკავშირდნენ. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალი, რომელიც იმ ტერიტორიაზე ზედამხედველობას უწევს სამეფოს საქმეს, მალევე იკვლევს შექმნილ მდგომარეობას და ვითარების შესახებ ატყობინებს მსოფლიო მთავარ სამმართველოს. თუ ადგილობრივად უჭირთ პრობლემის გადაჭრა და მეტი დახმარება სჭირდებათ, ხდება შეთანხმებულად მოქმედება; ზოგჯერ მათ ძმები სხვა ქვეყნებიდანაც ეხმარებიან. ამ ღონისძიებების მიზანი დაზარალებულებისთვის ცხოვრების დონის ამაღლება კი არ არის, არამედ არსებობისთვის აუცილებლის მიწოდება.
როგორც წესი, სტიქიური უბედურების შესახებ საინფორმაციო გადაცემის მოსმენისთანავე მოწმეები ურეკავენ იმ რეგიონში პასუხისმგებელ უხუცესებს და სთავაზობენ დახმარებას, ფულს ან სამშენებლო მასალას. სხვები ფილიალში ან მსოფლიო მთავარ სამმართველოში გზავნიან ფულს. მათ იციან, რომ დახმარებაა საჭირო და მზად არიან ამისთვის. იქ, სადაც სიტუაცია უფრო სერიოზულია, საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ შეიძლება სთხოვოს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ძმებს, რომ შეძლებისდაგვარად დაეხმარონ დაზარალებულებს. სტიქიის ზონაში შეთანხმებული მოქმედებისთვის იქმნება დახმარების კომიტეტი.
როდესაც 1972 წლის დეკემბერში მანაგუას (ნიკარაგუა) დიდი ნაწილი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია, ტრაგედიიდან რამდენიმე საათში იმ ტერიტორიაზე არსებული კრებების ზედამხედველები შეიკრიბნენ, რომ შეთანხმებულად ემოქმედათ. მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს ქალაქში მცხოვრები თითოეული მოწმის მდგომარეობის შემოწმება. იმავე დღეს დახმარება მიიღეს მეზობელი კრებებიდან, შემდეგ კი მალევე — კოსტა-რიკიდან, სალვადორიდან და ჰონდურასიდან. მანაგუის გარეუბნებში ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი 14 პუნქტი შეიქმნა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეწირული ფული და საყოფაცხოვრებო ნივთები საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მსოფლიო მთავარი სამმართველოს მეშვეობით გაიგზავნა ნიკარაგუაში. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები (მათ შორის სანთელი, ასანთი და საპონი) ნაწილდებოდა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. თითოეულ ოჯახს ერთი კვირის სამყოფი გადაეცა. საკვები დაურიგდა დაახლოებით 5 000 ადამიანს — იეჰოვას მოწმეებს, მათ ოჯახებსა და იმ ნათესავებს, ვისთანაც ისინი ცხოვრობდნენ. დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა 10 თვეს გაგრძელდა. მოწმეების შემხედვარე, სამთავრობო სააგენტოებმაც და წითელმა ჯვარმაც გაუწიეს ორგანიზება დაზარალებულებისთვის საკვების, კარვებისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდებას.
1986 წელს იაპონიასთან ახლომდებარე კუნძულ იზუ-ოშიმაზე ვულკანის ამოფრქვევის გამო საჭირო გახდა 10 000 ადამიანის ევაკუაცია. გემებს, რომლებითაც დაზარალებულები გადაჰყავდათ, დახვდნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც გულმოდგინედ ეძებდნენ ქრისტიანი და-ძმების დასაბინავებელ ადგილებს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა გაიხსენა: „როდესაც ოშიმადან წამოვედით, წარმოდგენა არ გვქონდა, სად მივდიოდით.“ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. «გემიდან გადმოსვლისთანავე დავინახეთ წარწერა „იეჰოვას მოწმეები“ . . . ჩემს ცოლს თვალზე ცრემლი მოადგა, როდესაც ნაპირზე ძმები დაინახა». იმ ადამიანებმაც კი, ვინც იეჰოვას მოწმეებს დევნიდნენ, მას შემდეგ, რაც დაინახეს, თუ როგორ ზრუნავდნენ თანაქრისტიანები გადარჩენილ მოწმეებზე, თქვეს: „თქვენ ნამდვილად სწორად მოიქეცით, როდესაც ეს რელიგია აირჩიეთ“.
იეჰოვას მოწმეები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ სტიქიის ზონაში დახმარება რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდეს. 1970 წელს, როდესაც პერუში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ამ ქვეყნის ისტორიაში, მსოფლიო მთავარმა სამმართველომ (ნიუ-იორკი) დაუყოვნებლივ გაგზავნა დახმარების ფონდიდან თანხა, შემდეგ კი — 15 ტონა ტანსაცმელი. სანამ ეს ტვირთი ჩავიდოდა, გზებზე მოძრაობის აღდგენიდან რამდენიმე საათში ძმებმა სატვირთო მანქანებით ჩაიტანეს დახმარება დანგრეულ ქალაქებსა და სოფლებში. ისინი მომდევნო დღეებისა და კვირების მანძილზე მატერიალურად და სულიერად ეხმარებოდნენ ანდებში მცხოვრებ მოწმეებს. 1980 წლის 23 ნოემბერს, საღამოს, როდესაც ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია იტალიის ზოგიერთი რაიონი, დახმარების ნივთებით სავსე სატვირთო მანქანა მეორე დღესვე ჩავიდა სტიქიის ზონაში. მათ ჩასვლისთანავე გახსნეს სამზარეულო და ყოველდღე არიგებდნენ დების მიერ მომზადებულ საკვებს. როდესაც იეჰოვას მოწმეები კარიბის ერთ-ერთ კუნძულზე დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, ერთმა კაცმა აღნიშნა: „მოწმეებმა უფრო სწრაფად იმოქმედეს, ვიდრე მთავრობამ“. შესაძლოა, ეს ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ იეჰოვას მოწმეები ძალიან აფასებენ მთავრობების ძალისხმევას, რომლებიც დაუყოვნებლივ ცდილობენ დაზარალებულთა დახმარებას.
1990 წელს ანგოლაში შიმშილობა ჩამოვარდა; მოწმეებმა გაიგეს, რომ და-ძმებს ძალიან სჭირდებოდათ საკვები და ჩასაცმელი, მაგრამ მათთან ჩასვლა არც ისე ადვილი იქნებოდა, რადგან ანგოლაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა წლების მანძილზე აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებმა თანაქრისტიანებმა მათ სატვირთო მანქანით 25 ტონა დახმარება გაუგზავნეს. გზად ისინი შევიდნენ ანგოლის საკონსულოში და საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მიიღეს. და-ძმებამდე რომ მიეღწიათ, მათ უნდა გაევლოთ 30 ბლოკპოსტი და დროებითი გადასასვლელი, რომელიც აფეთქებული ხიდის ნაცვლად ადიდებულ მდინარეზე სახელდახელოდ იყო გადებული. დაბრკოლებების მიუხედავად, ძმებმა მთელი ტვირთი უვნებლად ჩაიტანეს დანიშნულების ადგილზე.
სტიქიური უბედურებების დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა დაზარალებულთათვის მხოლოდ დახმარების გაგზავნით არ შემოიფარგლება. როდესაც 1984 წელს აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მეხიკოს გარეუბნის გარკვეული ნაწილი სერიოზულად დაზიანდა, მოწმეები სასწრაფოდ მივიდნენ დასახმარებლად. იქ მცხოვრებ ბევრ მოწმეზე უხუცესებს ინფორმაცია არ ჰქონდათ, ამიტომ მათი ძებნა დაიწყეს. ზოგიერთი მათგანი ახლომახლო ტერიტორიაზე იყო, მაგრამ უხუცესებს არ შეუწყვეტიათ ძებნა, სანამ ყველა მოწმის ადგილსამყოფელი არ დაადგინეს. დახმარება ყველას საჭიროების მიხედვით აღმოუჩინეს. ერთ დას მეუღლე და შვილი დაეღუპა. ძმებმა ორგანიზება გაუწიეს დაკრძალვას; შემდეგ მატერიალურად უზრუნველყოფდნენ და სულიერად ეხმარებოდნენ ამ დას და მის შვილებს.
ხშირად იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე მედიკამენტები, საკვები და ტანსაცმელი. 1989 წელს გვადელუპაში შტორმის შედეგად 117 მოწმის სახლი დაინგრა, 300 მოწმის სახლი კი დაზიანდა. მარტინიკელი იეჰოვას მოწმეები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ მათ დასახმარებლად; შემდეგ ფრანგმა მოწმეებმა მათ 100 ტონაზე მეტი სამშენებლო მასალა გაუგზავნეს. როდესაც კუნძულ სანტა-კრუსზე დას დაენგრა სახლი და თანამშრომლებს უთხრა, რომ მის დასახმარებლად პუერტო-რიკოდან ჩამოდიოდნენ მოწმეები, მათ უთხრეს: „შენ შავკანიანი ხარ და არა ესპანელი, ამიტომ ისინი შენთვის არაფერს გააკეთებენ!“. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო მათთვის, დას ცოტა ხანში ახალი სახლი ჰქონდა! 1991 წელს კოსტა-რიკაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ადგილობრივმა მოწმეებმა და საერთაშორისო მოხალისეებმა ერთობლივი ძალებით გაუწიეს დახმარება დაზარალებულებს. მათ 31 სახლი და 5 სამეფო დარბაზი თავიდან ააშენეს, დანარჩენი კი შეაკეთეს. ხალხი ეუბნებოდა მათ: „სხვა რელიგიის წევრები სიყვარულზე ლაპარაკობენ, თქვენ კი ამას საქმით ამტკიცებთ“.
ხშირად გარშემომყოფნი გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც ხედავენ, თუ რა სწრაფად და ხარისხიანად ეხმარებიან მოწმეები დაზარალებულებს. 1986 წელს კალიფორნიაში (აშშ) მდინარე უბამ ჯებირი გაანგრია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლ-კარის დატოვება მოუწია. იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანი უხუცესები დაუკავშირდნენ ნიუ-იორკში არსებულ მთავარ სამმართველოს და შეიქმნა დახმარების კომიტეტი. როგორც კი წყლის დონემ იკლო, ათასობით მოხალისე მზად იყო დასახმარებლად. სანამ სახელმწიფო ორგანიზაციები მოქმედებას დაიწყებდნენ, იეჰოვას მოწმეთა სახლები უკვე აღდგენილი იყო. როგორ ახერხებდნენ მოწმეები ასე სწრაფად რეაგირებას?
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მოწმეები მზად არიან, დაზარალებულებს დაუყოვნებლივ და ანაზღაურების გარეშე აღმოუჩინონ დახმარება; აგრეთვე საჭირო სამშენებლო მასალებს ისინი უსასყიდლოდ სწირავენ. კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ მათ უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება, რადგან ისინი რეგულარულად თანამშრომლობენ კონგრესების ჩატარებისა და სამეფო დარბაზების მშენებლობის დროს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, რომ ისინი სერიოზულად ეკიდებიან ბიბლიის მოწოდებას: „გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 4:8).
ასეთ შესაწირავებს, ძირითადად, აკეთებს ის, ვისაც თავად მცირე შემოსავალი აქვს. შესაწირავებს ხშირად ერთვის შემდეგი შინაარსის წერილები: „საჩუქარი მცირეა, მაგრამ მთელი გულით გვსურს ჩვენი და-ძმების დახმარება“; „ნეტავ შემეძლოს უფრო მეტის გამოგზავნა, მაგრამ გიყოფთ იმას, რაც იეჰოვამ მომცა“. პირველი საუკუნის მაკედონელი ქრისტიანების მსგავსად, ისინი იხვეწებიან, რომ გაჭირვებულთა დახმარების უდიდესი პატივი ჰქონდეთ (2 კორ. 8:1—4). როდესაც 1984 წელს წყალდიდობის გამო 200 000-ზე მეტი კორეელი უსახლკაროდ დარჩა, სამხრეთ კორეაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა იმდენად დიდი დახმარება გაიღეს, რომ ფილიალს განცხადების გაკეთება მოუწია დახმარების შეწყვეტის თაობაზე.
გარშემო მყოფები ხედავენ, რომ იეჰოვას მოწმეებს მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობა და ჰუმანურობა არ ამოძრავებთ. მათ მთელი გულით უყვართ თავიანთი და-ძმები.
იეჰოვას მოწმეები ზრუნავენ დაზარალებული და-ძმების არა მხოლოდ ფიზიკურ საჭიროებებზე, არამედ მათ სულიერ მოთხოვნილებებზეც. ისინი შეძლებისდაგვარად მალევე უწევენ ორგანიზებას კრების შეხვედრების ჩატარებას. 1986 წელს საბერძნეთში ქალაქ კალამატის შემოგარენში საჭირო გახდა ერთი დიდი კარვის დადგმა, რომელიც სამეფო დარბაზის მოვალეობას შეასრულებდა; შუა კვირაში წიგნის შესწავლის ჩასატარებლად კი მათ სხვადასხვა ადგილას რამდენიმე პატარა კარავი ჩადგეს. 1985 წელს არმეროში (კოლუმბია) მეწყრის დროს გადარჩენილთათვის ფიზიკური დახმარების აღმოჩენის შემდეგ დარჩენილი თანხა იმ ტერიტორიაზე არსებული სამი კრებისთვის ახალი სამეფო დარბაზის ასაშენებლად გამოიყენეს.
აღდგენით სამუშაოებთან ერთად იეჰოვას მოწმეები სხვების ნუგეშისცემას განაგრძობენ. ისინი ხალხს აჩვენებენ, რას ამბობს ღვთის სიტყვა ცხოვრების აზრზე, სტიქიური უბედურებებისა და სიკვდილის გამომწვევ მიზეზებსა და მომავლის იმედზე.
მოწმეების მიერ გაწეულ დახმარებაში არ იგულისხმება ის, რომ სტიქიის ზონაში ისინი ყველა დაზარალებულს ფიზიკურად დაეხმარებიან. გალატელების 6:10-ის თანახმად, უმთავრესად, ისინი თანამორწმუნეებს ეხმარებიან. ამავე დროს, შეძლებისდაგვარად სხვებსაც უწვდიან დახმარების ხელს; მაგალითად, ისინი საკვებით დაეხმარნენ იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულებს. შეერთებულ შტატებში წყალდიდობით და შტორმით დაზარალებულთა დახმარების დროს მათ ასევე გაასუფთავეს და შეაკეთეს მოწმეების შეშფოთებული მეზობლების სახლები. კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდნენ ამდენს უცნობებისთვის, ისინი პასუხობდნენ, რომ მათ უყვართ მოყვასი (მათ. 22:39). 1992 წელს სამხრეთ ფლორიდაში (აშშ) მოხდა დამანგრეველი ქარიშხალი. მოწმეების მიერ ორგანიზებული დახმარების პროგრამა იმდენად კარგად იყო ყველასთვის ცნობილი, რომ ზოგიერთმა კომერციულმა დაწესებულებამ და კერძო პირმა, რომლებიც მოწმეები არ იყვნენ, მაგრამ სურდათ დაზარალებულების დახმარება, დიდი ოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს იეჰოვას მოწმეებს. მათ კარგად იცოდნენ, რომ გაღებული შესაწირავი არც საწყობში დარჩებოდა და მას არც პირადი გამორჩენისთვის გამოიყენებდნენ — ის მთლიანად მოხმარდებოდა ქარიშხლით დაზარალებულებს, როგორც მოწმეებს, ისე სხვებს. იეჰოვას მოწმეების მიერ დავაო-დელ-ნორტეში (ფილიპინები) სტიქიური უბედურების დროს გაწეული დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად სახელმწიფომ რეზოლუცია მიიღო.
თუმცა ყველას როდი უყვარს ჭეშმარიტი ქრისტიანები. მათ ხშირად სასტიკად დევნიან. მაგრამ ისინი ასეთ შემთხვევებშიც გრძნობენ თანაქრისტიანების სიყვარულსა და მხარდაჭერას.
სასტიკი დევნის პირისპირ
მოციქულმა პავლემ ქრისტიანული კრება შეადარა ადამიანის სხეულს და თქვა: „მისი ნაწილები თანაბრად [უნდა] ზრუნავდნენ ერთმანეთზე. თუ სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა“ (1 კორ. 12:25, 26). ზუსტად ასე რეაგირებენ იეჰოვას მოწმეები, როდესაც ქრისტიანი და-ძმების დევნის შესახებ იგებენ.
გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს მთავრობა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ რეპრესიებს მიმართავდა. იმ დროისთვის გერმანიაში იყო დაახლოებით 20 000 მოწმე — ჰიტლერის მიერ მოძულებული, შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი. მოწმეებს შეთანხმებულად უნდა ემოქმედათ. 1934 წლის 7 ოქტომბერს გერმანიაში იეჰოვას მოწმეთა ყველა კრება ფარულად შეიკრიბა. მათ ერთად ილოცეს და მთავრობას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც აცხადებდნენ, რომ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, კვლავაც ემსახურათ იეჰოვასთვის. შემდეგ მრავალი მათგანი გაბედულად წავიდა მეზობლებთან იეჰოვას სახელისა და მისი სამეფოს შესახებ საქადაგებლად. იმავე დღეს იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიკრიბნენ კრებებში და გაერთიანებული ლოცვის შემდეგ ჰიტლერის მთავრობას გაუგზავნეს ტელეგრამა, რომელშიც მხარს უჭერდნენ გერმანელ და-ძმებს.
1948 წელს საბერძნეთში იეჰოვას მოწმეების დევნის დაწყების შემდეგ, რომელიც სამღვდელოების მიერ იყო პროვოცირებული, საბერძნეთის პრეზიდენტმა და რამდენიმე მინისტრმა ათასობით იეჰოვას მოწმისგან მიიღეს ბერძენი მოწმეების მხარდასაჭერი წერილები. ეს წერილები გაგზავნილი იყო ფილიპინებიდან, ავსტრალიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან და სხვა მხარეებიდან.
როცა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში მხილებული იყო 1961 წელს ესპანეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოყენებული ინკვიზიტორული მეთოდები, ესპანეთის მთავრობამ პროტესტის ნიშნად უამრავი წერილი მიიღო. მთავრობის წევრები გაოგნებულები იყვნენ, რომ მათი საქმიანობის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეების დევნა არ შეწყვეტილა, ზოგიერთი პოლიციელი მათ ისე სასტიკად აღარ ეპყრობოდა. ასევე იეჰოვას მოწმეებმა მიმართეს აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წევრებსაც, როდესაც გაიგეს, რომ მათ ქრისტიან და-ძმებს იქ სასტიკად ეპყრობოდნენ.
მაშინაც კი, თუ მთავრობა დადებით რეაგირებას არ ახდენს წერილებზე, დევნილი მოწმეები თანაქრისტიანებს არ ავიწყდებათ. იმ ქვეყნებში, სადაც იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა წლების მანძილზე იკრძალებოდა, მთავრობის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად დიდი რაოდენობით წერილს იღებდნენ. ზუსტად ასე მოხდა არგენტინაში. 1959 წელს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჩვენი ძმა შეიყვანა ერთ ოთახში, სადაც რამდენიმე წიგნის კარადა სავსე იყო მთელი მსოფლიოდან მიღებული წერილებით. ის გაოცებული იყო, რომ არგენტინაში თაყვანისცემის თავისუფლების დასაცავად შორეული ფიჯიდანაც კი მიიღო წერილი.
ზოგ შემთხვევებში მთავრობები უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდნენ მოწმეებს, როცა ხედავდნენ, რომ მათი მოქმედების შესახებ მთელ მსოფლიოში იცოდნენ და შექმნილი სიტუაცია ბევრს აღელვებდა. ასე მოხდა ლიბერიაში 1963 წელს. ჯარისკაცები არაადამიანურად მოექცნენ გბარნგაში კონგრესის დელეგატებს. ლიბერიის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოდან მიიღო პროტესტის წერილები. საქმეში ჩაერია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რადგან დაზარალებულებს შორის ამერიკის მოქალაქეც იყო. შედეგად, პრეზიდენტმა ტაბმენმა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოს ტელეგრამით შეატყობინა, რომ ამ საკითხის განსახილველად სურდა იეჰოვას მოწმეების დელეგაციის მიღება. ორი დელეგატი — მილტონ ჰენშელი და ჯონ ჩარუკი უკვე გბარნგაში იმყოფებოდნენ. ტაბმენმა აღიარა, რომ ეს აღმაშფოთებელი საქციელი იყო და თქვა: „ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა“.
ამ შეხვედრის შემდეგ გამოიცა პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს ატყობინებდა: „იეჰოვას მოწმეებს ქვეყნის ნებისმიერ მხარეში შეუძლიათ დაბრკოლების გარეშე აწარმოონ მისიონერული საქმიანობა და რელიგიური თაყვანისმცემლობა. კანონი იცავს როგორც მათ, ისე მათ ქონებას. მოწმეებს უფლება აქვთ, რომ თავიანთი სინდისის თანახმად სცენ ღმერთს თაყვანი, თუმცა ამასთანავე მოეთხოვებათ რესპუბლიკის კანონების დაცვა — სახელმწიფო დროშის პატივისცემა; როდესაც ცერემონიების დროს დროშას აღმართავენ ან დაუშვებენ, ისინი ფეხზე უნდა იდგნენ“. მაგრამ მათ არ მოეთხოვებოდათ დროშისთვის სალმის მიცემა, რაც მათი ქრისტიანული სინდისის წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მალავიში 1992 წლამდე მსგავსი ბრძანება არ გამოსულა, იეჰოვას მოწმეებს უკვე აღარ ექცეოდნენ ისე სასტიკად, როგორც ადრე. ეს იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც იეჰოვას მოწმეებს აფრიკის ისტორიაში ყველაზე სასტიკად დევნიდნენ რწმენის გამო. დევნების ასეთი ტალღა ამ ქვეყანაში პირველად 1967 წელს აგორდა, მეორედ კი — 1970-იანი წლების დასაწყისში. მთელი მსოფლიოდან მოწმეების მხარდასაჭერად ათიათასობით წერილი გაიგზავნა, რეკავდნენ ტელეფონით და გზავნიდნენ ტელეგრამებს. ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ამ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დასაცავად გამოდიოდა.
1972 წელს არაადამიანურმა მოპყრობამ დაახლოებით 19 000 იეჰოვას მოწმე იძულებული გახადა, ბავშვებთან ერთად გაქცეულიყვნენ და ზამბიის საზღვარი გადაეკვეთათ. თავიანთი და-ძმების დასახმარებლად ზამბიის საზღვართან ახლომდებარე იეჰოვას მოწმეთა კრებებმა სასწრაფოდ მოაგროვეს საკვები და თხელი საბნები. მთელი მსოფლიოდან შეწირული თანხა და ნივთები იგზავნებოდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალებში, შემდეგ კი ნიუ-იორკში არსებული ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მეშვეობით ლტოლვილებს ეგზავნებოდათ. სინდა-მისალში არსებულ ლტოლვილთა ბანაკში საჭიროზე მეტი დახმარება ჩავიდა. ხმა გავრცელდა, რომ ბანაკში საკვებით, ტანსაცმლითა და კარვებით სავსე სატვირთო მანქანები შევიდა. მალაველმა მოწმეებმა ცრემლები ვერ შეიკავეს, როცა თანაქრისტიანების მიერ გამოვლენილი დიდი სიყვარული დაინახეს.
როდესაც მოწმეთაგან რომელიმეს აპატიმრებენ, თანაქრისტიანები არ ტოვებენ მას უყურადღებოდ, თუნდაც ეს დიდი რისკის ფასად დაჯდეს. როცა არგენტინაში აკრძალვის დროს იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი 45 საათით დააკავეს, სხვა ოთხმა მოწმემ მათ საკვები და ტანსაცმელი მიუტანა, რის გამოც ისინიც დააპატიმრეს. როდესაც 1989 წელს ბურუნდიში სარაიონო ზედამხედველის ცოლმა გაიგო, რომ ქრისტიანი ძმები დააკავეს, მათთვის ციხეში საკვების მიტანას შეეცადა. მაგრამ ეს და ორი კვირით დააპატიმრეს და მძევლად ჰყავდათ, რადგან პოლიციას მისი ქმრის დაჭერა უნდოდა.
იეჰოვას მოწმეები არა მხოლოდ ამგვარად ეხმარებიან ქრისტიან და-ძმებს, არამედ სიყვარულით აღძრულები ლოცულობენ კიდეც მათთვის. ისინი არ სთხოვენ ღმერთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომები და შიმშილობა, რადგან იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენს დროში ასეთი მოვლენები მოხდებოდა (მათ. 24:7). ისინი არც დევნების შეწყვეტას სთხოვენ ღმერთს, ვინაიდან კარგად იციან ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები დევნილნი იქნებიან (იოან. 15:20; 2 ტიმ. 3:12). ისინი მხურვალედ ლოცულობენ, რომ მიუხედავად ნებისმიერი გასაჭირისა, მათი ქრისტიანი და-ძმები გაძლიერდნენ და მტკიცედ იდგნენ რწმენაში (შეადარეთ კოლოსელების 4:12). მათი სულიერი სიძლიერის დამადასტურებელი შემთხვევები ამტკიცებს, რომ ღმერთი ისმენს ასეთ ლოცვებს.
[სქოლიოები]
a იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ ნომრები: 1980 წლის 15 სექტემბერი, გვერდები 21—26; 1986 წლის 15 ოქტომბერი, გვერდები 10—21; 1987 წლის 1 ივნისი, გვერდები 4—18; 1988 წლის 15 ივლისი, გვერდები 21—23; 1990 წლის 1 მარტი, გვერდები 20—22.
b იხილეთ 1945 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 355—363.
[ჩანართი 305 გვერდზე]
ადამიანთა განსაკუთრებულ საჭიროებებზე მხოლოდ იშვიათად არ ზრუნავენ
[ჩანართი 307 გვერდზე]
დახმარებისკენ მათ გულწრფელი სიყვარული აღძრავს
[ჩანართი 308 გვერდზე]
გაჭირვებულთა ფართომასშტაბიანი დახმარება
[ჩანართი 312 გვერდზე]
სტიქიის ზონაში მიმდინარეობდა ძებნა, რათა კრების ყველა წევრი ეპოვათ
[ჩანართი 315 გვერდზე]
მოწმეების გარდა, ისინი სხვებსაც ეხმარებიან
[ჩანართი 317 გვერდზე]
თანაქრისტიანების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა და-ძმებს სიხარულის ცრემლები მოჰგვარა
[ჩარჩო 309 გვერდზე]
„თქვენ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი“
როდესაც ლიბანში ერთი იეჰოვას მოწმის მეზობლებმა დაინახეს, როგორ აუშენეს თანამორწმუნეებმა ამ დას ომის შედეგად დანგრეული სახლი, გაოცებულებმა ჰკითხეს: „საიდან გაქვთ ასეთი სიყვარული? ვინ ხართ?!“. როცა ერთმა მუსლიმანმა ქალმა ნახა, როგორ გაასუფთავეს და აღადგინეს მოწმეებმა თანაქრისტიანის სახლი, თქვა: „თქვენ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი. თქვენი რელიგია მართლაც ჭეშმარიტია!“.
[ჩარჩო 316 გვერდზე]
ჭეშმარიტი და-ძმები
ფორტ-ჩაფიში (არკანზასის შტატი) მყოფი კუბელი ლტოლვილი მოწმეების შესახებ ერთ გაზეთში ეწერა: „ისინი პირველები შეასახლეს ახალ სახლებში, რადგან მათმა ამერიკელმა და-ძმებმა, იეჰოვას მოწმეებმა მალევე იპოვეს ისინი . . . მოწმეები სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამორწმუნეებს და-ძმებს უწოდებენ და ზუსტად და-ძმებივით ექცევიან ერთმანეთს“ (Arkansas Gazette, 1981 წლის 19 აპრილის გამოცემა).
[სურათები 306 გვერდზე]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკვები და ტანსაცმელი მოწმეებს 18 ქვეყანაში გაუგზავნეს
შეერთებული შტატები
შვეიცარია
[სურათები 310 გვერდზე]
1990 წელს მოწმეები მეზობელი ქვეყნებიდან გაერთიანებული ძალებით დაეხმარნენ რუმინელ და-ძმებს
[სურათები 311 გვერდზე]
პერუში მიწისძვრას გადარჩენილმა მოწმეებმა თავიანთი ბანაკი ააშენეს და ერთმანეთს ეხმარებოდნენ
მოწმეები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება მიიტანეს (ქვემოთ)
[სურათები 313 გვერდზე]
ხშირად სტიქიის ზონაში თანამორწმუნეებისთვის სახლების აღსადგენად მოხალისეებსა და სამშენებლო მასალას გზავნიან
გვატემალა
პანამა
მექსიკა
[სურათი 314 გვერდზე]
მოწმეები დაზარალებულებს სულიერადაც ეხმარებიან. კალამატასა და მის შემოგარენში (საბერძნეთი) დაუყოვნებლივ დადგეს კარვები კრების შეხვედრების ჩასატარებლად