ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 1
„იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ“
2022 წლის მუხლი: „იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 34:10).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 4 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა დავითი?
ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ისრაელის ძლევამოსილ მეფეს, საულს, მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული. როცა დავითს საკვები გამოელია, ქალაქ ნობში მივიდა და ახიმელექ მღვდელს, სულ რაღაც, ხუთი პური სთხოვა (1 სამ. 21:1, 3). მოგვიანებით მან და მისმა მხლებლებმა გამოქვაბულს შეაფარეს თავი (1 სამ. 22:1). რატომ გაუხდა დავითს გასაქცევად საქმე?
2. როგორ ჩაიგდო საულმა თავი სახიფათო მდგომარეობაში? (1 სამუელი 23:16, 17).
2 საული შურით იყო აღვსილი, რადგან დავითი ხალხში დიდი მოწონებით სარგებლობდა და ბრძოლაში მრავალი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. საულმა იცოდა, რომ დაუმორჩილებლობის გამო იეჰოვამ უარყო ის და ისრაელის მომავალ მეფედ დავითი აირჩია (წაიკითხეთ 1 სამუელის 23:16, 17). მაგრამ ის ჯერ კიდევ ისრაელის მეფე იყო, რომელსაც დიდი ლაშქარი და მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა. ამიტომ დავითს ისღა დარჩენოდა, გაქცევით ეშველა თავისთვის. ნუთუ საულს მართლა ეგონა, რომ ხელს შეუშლიდა ღვთის განზრახვის განხორციელებას?! (ეს. 55:11). ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მან თავი მეტად სახიფათო მდგომარეობაში ჩაიგდო, რადგან ყველა, ვინც ღვთის წინააღმდეგ წავა, მარცხისთვისაა განწირული.
3. როგორი განწყობა ჰქონდა დავითს რთული მდგომარეობის მიუხედავად?
3 დავითი თავმდაბალი იყო; მას არ ჰქონია მეფობის ამბიცია; მეფედ ის იეჰოვამ აირჩია (1 სამ. 16:1, 12, 13). საულმა შეიძულა დავითი და გადაემტერა. მართალია, განსაცდელში აღმოჩნდა, მაგრამ ამის გამო დავითს იეჰოვა არ დაუდანაშაულებია. არც იმის გამო გამოუთქვამს უკმაყოფილება, რომ საკვები აკლდა და გამოქვაბულში უწევდა თავის შეფარება. პირიქით, შესაძლოა სწორედ გამოქვაბულში დაწერა ის შესანიშნავი სიტყვები, რომლებიც წლის მუხლად არის არჩეული: „იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმ. 34:10).
4. რომელ მნიშვნელოვან კითხვებს გავცემთ პასუხს?
4 შესაძლოა, დღეს ღვთის ბევრ მსახურს საკვებიც აკლია და სხვა აუცილებელიც.b მათ მდგომარეობას პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს. რაც უფრო გვიახლოვდება „დიდი გასაჭირი“, მით უფრო გართულდება ცხოვრება (მათ. 24:21). ამიტომ კარგი იქნება, დავფიქრდეთ შემდეგ ოთხ კითხვაზე: რატომ შეიძლება ითქვას, რომ დავითს არაფერი მოჰკლებია? რატომ უნდა ვისწავლოთ იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს? რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე? როგორ მოვემზადოთ მომავალი განსაცდელებისთვის?
„ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲝᲛᲐᲙᲚᲓᲔᲑᲐ“
5, 6. რას გულისხმობდა დავითი, როცა თქვა, რომ ღვთის მსახურებს არაფერი მოაკლდებოდათ?
5 რას გულისხმობდა დავითი, როცა თქვა, რომ იეჰოვას მსახურებს „არაფერი მოაკლდებათ“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში 23-ე ფსალმუნი დაგვეხმარება, სადაც დავითი მსგავს სიტყვებს ამბობს (წაიკითხეთ ფსალმუნის 23:1—6). ეს ფსალმუნი ასეთი სიტყვებით იწყება: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“. ამ ფსალმუნში დავითი მოიხსენიებს თავისი მწყემსისგან, იეჰოვასგან, მიღებულ კურთხევებს. მაგალითად, როგორ დაჰყავდა იეჰოვას ის სიმართლის ბილიკებით და როგორ ედგა მხარში ჭირშიც და ლხინშიც. მართალია, დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა აბიბინებული საძოვრებისკენ მიუძღოდა, მაგრამ ისიც კარგად ესმოდა, რომ ეს განსაცდელებისგან არ დაიცავდა. ზოგჯერ გულგატეხილობის გამო მას ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, თითქოს „წყვდიადით მოცულ ხევში“ დააბიჯებდა. მან ისიც იცოდა, რომ მტრები ეყოლებოდა, მაგრამ თავის მწყემსზე, იეჰოვაზე, დაიმედებულს არაფრის ეშინოდა.
6 მაშასადამე, რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ დავითს არაფერი აკლდა? მას ყველაფერი ჰქონდა, რაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისთვის სჭირდებოდა. დავითის ბედნიერება დამოკიდებული არ იყო ქონებასა და სიმდიდრეზე. ის კმაყოფილი იყო იმით, რაც იეჰოვასგან ჰქონდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ღმერთი აკურთხებდა და მფარველობდა.
7. ლუკას 21:20—24-ის თანახმად, რა განსაცდელის პირისპირ აღმოჩნდნენ პირველი საუკუნის იუდეველი ქრისტიანები?
7 დავითის სიტყვებიდან ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი შეხედულება მატერიალურ კეთილდღეობაზე. მართალია, ცუდი არაფერია, თუ მატერიალურად უზრუნველყოფილნი ვართ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჩვენთვის მთავარი. ამაში პირველი საუკუნის იუდეველი ქრისტიანები თავად დარწმუნდნენ (წაიკითხეთ ლუკას 21:20—24). იესომ გააფრთხილა ისინი, რომ როცა იერუსალიმის გარშემო დაბანაკებულ ჯარს დაინახავდნენ, მთებში გაქცეულიყვნენ. მართალია, ასე თავს გადაირჩენდნენ, მაგრამ ყველაფრის დატოვება მოუწევდათ. წლების წინ „საგუშაგო კოშკში“ ამ ქრისტიანებზე ასეთი რამ ეწერა: „მათ დატოვეს ყანები და სახლები ისე, რომ იქიდან არაფერი წამოუღიათ. იეჰოვასგან მფარველობისა და დახმარების მიღებაში დარწმუნებულები მისადმი თაყვანისცემას პირველ ადგილზე აყენებდნენ; იმაზე წინაც კი, რაც ერთი შეხედვით ძალიან მნიშვნელოვანი ჩანდა“.
8. რა მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც პირველი საუკუნის იუდეველ ქრისტიანებს გადახდათ თავს?
8 რა მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც პირველი საუკუნის იუდეველ ქრისტიანებს გადახდათ თავს? იმავე „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „შეიძლება წინ მატერიალურ ქონებასთან დაკავშირებით გამოცდა გველოდებოდეს; ქონება უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ ხსნა, რომელსაც ღმერთი მოუტანს ყველას, ვინც მის მხარეზეა? დიახ, გაქცევასთან შეიძლება გარკვეული სირთულეები და ზარალი იყოს დაკავშირებული. პირველი საუკუნის ძმებივით, რომლებიც იუდეიდან . . . გაიქცნენ, ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.c
9. რაში გარწმუნებთ ებრაელებისთვის მიწერილი პავლე მოციქულის სიტყვები?
9 წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ამ ქრისტიანებისთვის სარჩო-საბადებლის დატოვება და სრულიად ახალ გარემოში ყველაფრის თავიდან დაწყება. მათ რწმენა სჭირდებოდათ, რომ მინდობოდნენ იეჰოვას იმაში დარწმუნებულნი, რომ ის აუცილებელს არ მოაკლებდა. ამაში მათ დაეხმარებოდათ რჩევა, რომელიც პავლემ ებრაელ ქრისტიანებს იერუსალიმის გარშემო რომაელების ჯარის დაბანაკებამდე ხუთი წლით ადრე მისწერა: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან ღმერთმა თქვა: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ამიტომ გულდაჯერებულნი ვამბობთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“» (ებრ. 13:5, 6). მათ, ვინც ყურად იღო ეს რჩევა, გაუადვილდებოდათ ახალ გარემოში მოკრძალებულ პირობებთან შეგუება. ამ ქრისტიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იეჰოვა მათ აუცილებელ მოთხოვნილებებზე იზრუნებდა. პავლეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ჩვენზეც იზრუნებს.
„ᲐᲛᲘᲗ ᲓᲐᲕᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲓᲔᲗ“
10. რა ისწავლა პავლემ?
10 პავლემ ტიმოთესაც მისცა მსგავსი რჩევა, რომელიც ჩვენც გვეხება: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმ. 6:8). დაშავდება რამე, თუ გემრიელ საჭმელს შევჭამთ, ნორმალურ პირობებში ვიცხოვრებთ ან დროდადრო ახალ ტანსაცმელს შევიძენთ? პავლეს ამის თქმა არ სურდა. მოციქული იმას გულისხმობდა, რომ ბევრი გვაქვს თუ ცოტა, დავკმაყოფილდეთ ამით (ფილ. 4:12). სწორედ ეს იყო, რაც პავლემ ისწავლა. ყველაზე ძვირფასი, რაც კი გაგვაჩნია, იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობაა (აბაკ. 3:17, 18).
11. რას ვსწავლობთ ისრაელებისთვის ნათქვამი მოსეს სიტყვებიდან?
11 ჩვენი შეხედულება იმაზე, თუ რა გვჭირდება, შეიძლება განსხვავდებოდეს იეჰოვას შეხედულებისგან ამ საკითხზე. გავიხსენოთ, რა უთხრა მოსემ ისრაელებს მას შემდეგ, რაც 40 წელი უდაბნოში დაჰყვეს: „გაკურთხათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა. მან კარგად იცის, როგორ იარეთ ამ უშველებელ უდაბნოში. ეს 40 წელი თქვენთან იყო იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არაფერი მოგკლებიათ“ (კან. 2:7). ამ 40 წლის განმავლობაში იეჰოვა ისრაელებს მანანით კვებავდა. ის ტანსაცმელიც კი, რომელიც ეგვიპტის დატოვების დროს ეცვათ, არ გასცვეთიათ (კან. 8:3, 4). შესაძლოა ზოგს ეფიქრა, რომ ეს ყველაფერი მინიმალური იყო, მაგრამ მოსემ შეახსენა ისრაელებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ყველაფერი ჰქონდათ, რაც სჭირდებოდათ. იეჰოვას გულს გავუხარებთ, თუ ვისწავლით, ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვაფასებდეთ ყველაფერს, რასაც ის გვაძლევს, თუნდაც მცირედს, კურთხევად მივიჩნევდეთ და მადლიერებას გამოვხატავდეთ.
ᲔᲭᲕᲘ ᲐᲠ ᲨᲔᲒᲔᲞᲐᲠᲝᲗ, ᲠᲝᲛ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲘᲖᲠᲣᲜᲔᲑᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲖᲔ
12. საიდან ჩანს, რომ დავითი იეჰოვაზე იყო დანდობილი და არა საკუთარ თავზე?
12 დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა ერთგულია და მზრუნველობას არ აკლებს თავის მოყვარულთ. როდესაც 34-ე ფსალმუნი დაწერა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ის რწმენის თვალით ხედავდა მის გარშემო დაბანაკებულ იეჰოვას ანგელოზს (ფსალმ. 34:7). შესაძლოა დავითმა იეჰოვას ანგელოზი წარმოიდგინა, როგორც მინდორში დაბანაკებული ჯარისკაცი, რომელიც მუდამ ფხიზლობს. დავითი თავადაც ძლიერი მეომარი იყო და იეჰოვამ მეფობაც აღუთქვა, მაგრამ მტრის პირისპირ ის არასდროს ენდობოდა საკუთარ საბრძოლო გამოცდილებას (1 სამ. 16:13; 24:12). ის ღმერთს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ანგელოზი გადაარჩენდა მის მოშიშთ. ცხადია, არ მოველით, რომ იეჰოვა სასწაულებრივად დაგვიცავს ყველაფრისგან, თუმცა ის კი ვიცით, რომ თუ მას მივენდობით, ვერაფერი მოგვაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.
13. რატომ გამოჩნდება ღვთის ხალხი დაუცველი გოგის თავდასხმის დროს, მაგრამ რატომ არ უნდა გვეშინოდეს? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
13 უახლოეს მომავალში იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა გამოიცდება. როცა „გოგი მაგოგის მიწიდან“ ანუ ერთა კოალიცია ღვთის ხალხზე იერიშს მიიტანს, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ ყველას გაგვანადგურებს. მტრის თვალში უმწეო და დაუცველი ცხვრებივით გამოვჩნდებით. ამ დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენი გადარჩენა და ამას გააკეთებს კიდეც (ეზეკ. 38:10—12). ჩვენ არც იარაღი გვექნება და არც საბრძოლველად ვიქნებით დარაზმულები. მტერი იფიქრებს, რომ ერთი ხელის მოსმით გაგვანადგურებს. ისინი ვერ დაინახავენ იმას, რასაც ჩვენ რწმენის თვალით დავინახავთ — ჩვენ დასაცავად დაბანაკებულ ანგელოზთა დიდ ლაშქარს. და არც გვიკვირს, რომ ვერ დაინახავენ, რადგან ამის დანახვას რწმენა სჭირდება! ისინი სახტად დარჩებიან, როცა ზეციერი ლაშქარი ჩვენ დასაცავად გამოემართება (გამოცხ. 19:11, 14, 15).
ᲓᲦᲔᲡᲕᲔ ᲛᲝᲔᲛᲖᲐᲓᲔᲗ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
14. როგორ მოვემზადოთ მომავლისთვის?
14 როგორ მოვემზადოთ მომავლისთვის? უპირველეს ყოვლისა სწორი შეხედულება უნდა გვქონდეს მატერიალურ კეთილდღეობაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ერთ დღესაც ყველაფერთან გამოთხოვება მოგვიწევს. აგრეთვე უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, და ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა გვანიჭებდეს. რაც უფრო კარგად გავიცნობთ ჩვენს ღმერთს, მით უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ მას შესწევს ძალა, დაგვიცვას „გოგის“ თავდასხმის დროს.
15. რატომ იყო დავითი დარწმუნებული, რომ იეჰოვა არასდროს გაუმტყუნებდა იმედს?
15 განვიხილოთ, კიდევ რა დაეხმარა დავითს განსაცდელების ატანაში, რაც ჩვენც დაგვეხმარება. დავითმა თქვა: „იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, რომელიც თავს აფარებს მას“ (ფსალმ. 34:8). ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რატომ ჰქონდა დავითს იეჰოვას დახმარების იმედი — იეჰოვას არასდროს გაუმტყუნებია მისთვის ნდობა. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო დავითი, როცა შიშის მომგვრელ ფილისტიმელ მეომარს, გოლიათს, დაუპირისპირდა და ასეთი სიტყვებით მიმართა: „დღეს ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა“ (1 სამ. 17:46). მოგვიანებით, როცა დავითი მეფის კარზე მსახურობდა, საულმა არაერთხელ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ იეჰოვა იყო მასთან (1 სამ. 18:12). ვინაიდან იეჰოვა არაერთხელ დაეხმარა დავითს, მან იცოდა, რომ ის არც ახლა მიატოვებდა.
16. როგორ შეგვიძლია „ვიგემოთ“ და ვნახოთ, რომ კარგია იეჰოვა?
16 რაც მეტად მივენდობით იეჰოვას დღეს, მით მეტად დავრწმუნდებით, რომ ის მომავალშიც გამოგვიწვდის დახმარების ხელს. რწმენაა საჭირო, რომ მივენდოთ იეჰოვას და დამსაქმებელს ვთხოვოთ, გაგვათავისუფლოს კონგრესზე დასასწრებად ან ისეთ სამუშაო განრიგზე დაგვთანხმდეს, რომ შევძლოთ ყველა შეხვედრაზე დასწრება და მსახურებისთვის უფრო მეტი დროის დათმობა. წარმოიდგინეთ, რომ დამსაქმებელმა უარი გითხრათ, რის გამოც სამსახურიდან წამოსვლა მოგიწიათ. გჯერათ, რომ იეჰოვა ასეთ დროსაც არ მიგატოვებთ და იზრუნებს თქვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე? (ებრ. 13:5). ბევრმა სრული დროით მსახურმა საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას დახმარება მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დიახ, იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას!
17. რომელი მუხლი შეირჩა 2022 წლისთვის და რატომ?
17 რაკი იეჰოვა ჩვენ მხარესაა, მომავალმა არ უნდა შეგვაშინოს. თუ ღვთის ნების შესრულებას ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის არასდროს მიგვატოვებს. ხელმძღვანელ საბჭოს სურს, შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია, დღესვე მოვემზადოთ მომავალი სირთულეებისთვის და დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს. სწორედ ამიტომ შეირჩა 2022 წლის მუხლად ფსალმუნის 34:10: „იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ“.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ
a 2022 წლის მუხლია ფსალმუნის 34:10: „იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ“. იეჰოვას მრავალ ერთგულ მსახურს ბევრი არაფერი გააჩნია. მაშ, რატომ შეიძლება ითქვას, რომ მათ შემთხვევაშიც მართლდება წლის მუხლში ჩაწერილი სიტყვები? როგორ გვეხმარება ეს მუხლი, მოვემზადოთ მომავალი სირთულეებისთვის?
b იხილეთ 2014 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მაშინაც კი, როცა საულისგან დევნილი დავითი გამოქვაბულს აფარებდა თავს, მადლიერი იყო იმისთვის, რაც იეჰოვასგან ჰქონდა.
e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შემდეგ იეჰოვა მათ საკვებად მანანას აძლევდა და ზრუნავდა, რომ ტანსაცმელი არ გასცვეთოდათ.