ბიბლიის თვალსაზრისი
მოეთხოვებათ ქრისტიანებს სიღარიბეში ცხოვრება?
ერთხელ იესომ ერთ მდიდარ ახალგაზრდა მმართველს უთხრა, რომ მთელი თავისი ქონება გაეყიდა და ღარიბებისთვის დაერიგებინა. როგორც სახარება გვამცნობს, ეს მამაკაცი შეწუხდა იესოს სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, „ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა“. ამის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში“. შემდეგ დასძინა: „უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი 10:21—23; მათე 19:24).
რას გულისხმობდა იესო? შეუთავსებელია თუ არა სიმდიდრის ქონა და ღვთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა? დამნაშავედ უნდა იგრძნონ ქრისტიანებმა თავი, თუ ფული აქვთ? მოითხოვს ღმერთი მათგან, რომ ასკეტურად იცხოვრონ ყოველგვარი კომფორტის გარეშე?
ღმერთი ყველანაირ ადამიანს ღებულობს
ძველად ღმერთს არ მოუთხოვია ისრაელებისთვის, რომ სიღარიბეში ეცხოვრათ. მოდი დავფიქრდეთ: მას შემდეგ, რაც ისრაელი ხალხი მისთვის განკუთვნილ მიწაზე დამკვიდრდა, ისინი საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სარჩენად მეურნეობასა და სხვადასხვა საქმიანობაში ჩაებნენ. საქმეში მათი წარმატება დამოკიდებული იყო ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საერთო ეკონომიკური მდგომარეობა, ამინდი, ჯანმრთელობა ან საქმის გონივრულად წარმართვის უნარი. მოსეს რჯულის თანახმად, ისრაელები თანაგრძნობით უნდა მოპყრობოდნენ და დახმარებოდნენ მას, ვინც ეკონომიკური ზარალი განიცადა და გაღატაკდა (ლევიანები 25:35—40). აღსანიშნავია, რომ ისრაელებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გამდიდრდნენ. ღვთისმოშიში და უმწიკვლო მამაკაცი, სახელად ბოყაზი, რომელიც იესო ქრისტეს წინაპარი გახდა, ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც „ერთი შეძლებული კაცი“ (რუთი 2:1).
ასეთივე მდგომარეობა იყო იესოს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდშიც. ზემოხსენებულ მდიდარ მმართველთან საუბრისას იესო ასკეტური ცხოვრებისკენ კი არ მოუწოდებდა, არამედ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა ხალხს. ადამიანური თვალსაზრისით, მდიდარმა შეიძლება ვერ გამოავლინოს თავმდაბლობა და ვერ შეძლოს ღვთის მიერ შემოთავაზებულ ხსნის გზაზე დადგომა. მაგრამ იესომ თქვა: „ეს შეუძლებელია, კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26, სსგ).
პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში «ყველა [„ყველანაირ“, აქ] ადამიანს» ღებულობდნენ (1 ტიმოთე 2:4). მათ შორის ზოგი მდიდარი იყო, ზოგს ცხოვრების კარგი პირობები ჰქონდა შექმნილი და ბევრიც ღარიბულად ცხოვრობდა. ზოგმა, შესაძლოა, ქრისტიანად გახდომამდე დააგროვა სიმდიდრე. სხვები კი, შეიძლება მოგვიანებით, ხელსაყრელი პირობებისა და საქმის გონივრულად წარმართვის წყალობით გახდნენ შეძლებული.
მსგავსადვე, დღევანდელი ქრისტიანული საძმოც სხვადასხვა ფინანსური მდგომარეობის ხალხისგან შედგება. ყველა ცდილობს, მიჰყვეს ბიბლიაში მოცემულ ხელმძღვანელობას ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მატერიალურ საკითხებზე გადამეტებულმა ზრუნვამ შეიძლება ნებისმიერზე მოახდინოს გავლენა. მდიდარ ახალგაზრდა მმართველთან საუბრისას, იესომ კარგი გაკვეთილი გვასწავლა — იგი ყველა ქრისტიანს გვაფრთხილებს, თუ რამდენად ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე ფულსა და ქონებას (მარკოზი 4:19).
გაფრთხილება მდიდრებს
ბიბლია სიმდიდრეს კი არ განსჯის, არამედ — ფულის სიყვარულს. ბიბლიის ერთ–ერთმა დამწერმა პავლემ თქვა: „ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა“. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გამდიდრების სურვილის გამო სულიერი ინტერესების უგულებელყოფით „ზოგიერთები . . . განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:10).
საინტერესოა, რომ პავლე განსაკუთრებულ მითითებებს აძლევს მდიდრებს. ის ამბობს: „ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“ (1 ტიმოთე 6:17). როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მდიდრები გაამპარტავნდნენ და სხვებზე უკეთესებად მიიჩნიონ საკუთარი თავი. გარდა ამისა, შეიძლება იმ აზრამდეც კი მივიდნენ, რომ სიმდიდრის წყალობით ნამდვილ უსაფრთხოებას ჰპოვებენ, რითაც სინამდვილეში მხოლოდ ღმერთს შეუძლია სრულიად უზრუნველგვყოს.
შეძლებულ ქრისტიანებს შეუძლიათ თავი აარიდონ ამ საშიშროებას იმით, რომ „გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით“. ამ საქმეებში შედის ‘გულუხვობა და გამზიარებლობა’, გაჭირვებულთათვის დახმარების გულუხვად აღმოჩენა (1 ტიმოთე 6:18). გარდა ამისა, ყველა ქრისტიანს — მდიდარსა თუ ღარიბს — შეუძლია თავისი ქონების გამოყენება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად, რაც დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანების უმთავრესი საზრუნავია. ასეთი გულუხვობა ცხადყოფს, რომ ადამიანს სწორი თვალსაზრისი აქვს ქონებაზე, რაც მოსაწონია იეჰოვა ღმერთისა და იესოს თვალში, რომლებსაც უყვართ სიხარულით გამცემი (მათე 24:14; ლუკა 16:9; 2 კორინთელთა 9:7).
ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია
ნათელია, რომ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ სიღარიბეში ცხოვრება. მაგრამ არც „გამდიდრების მსურველნი“ უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 6:9). ისინი გულმოდგინედ მუშაობენ, რათა თავი ირჩინონ. ამ მხრივ, ვინ რამდენად იქნება უზრუნველყოფილი, დამოკიდებული იქნება ბევრ სხვადასხვა ფაქტორსა და იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც ცხოვრობენ (ეკლესიასტე 11:6).
როგორიც უნდა იყოს ქრისტიანთა ფინანსური მდგომარეობა, ისინი უნდა ამოწმებდნენ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელთა 1:10, აქ). სულიერი ფასეულობების პირველ ადგილზე დაყენებით ისინი ‘იუნჯებენ საუნჯეს მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:19).