მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ერთადერთი გზა
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6)
1, 2. რა თქვა იესომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზის შესახებ და რა მნიშვნელობა აქვს მის თვალსაჩინო მაგალითს?
მთაზე ქადაგებისას იესო ამბობს, რომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე გასვლა მხოლოდ კარიბჭით შეიძლება. მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ ამ გზაზე სიარული იოლი არ არის. ის ამბობს: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც [მარადიული] სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).
2 ჩასწვდით ამ თვალსაჩინო მაგალითის მნიშვნელობას? განა აშკარად არ ჩანს, რომ არსებობს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ერთადერთი გზა და ამ გზაზე დარჩენა ჩვენი მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს? მაშ, რა არის მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ეს ერთადერთი გზა?
იესო ქრისტეს როლი
3, 4. ა) როგორ ცხადყოფს ბიბლია იესოს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ხსნის საკითხში? ბ) პირველად როდის განაცხადა ღმერთმა, რომ კაცობრიობას შეეძლო მარადიულად ეცოცხლა?
3 ცხადია, ამ გზასთან დაკავშირებით იესო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც მოციქულ პეტრეს სიტყვებიდან ჩანს: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი [გარდა იესოსი], რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). მსგავსი აზრი გამოთქვა პავლე მოციქულმა: „ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23). იესომ თვითონაც აღნიშნა, რომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზა მასზე გადიოდა: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6).
4 ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ იესო ქრისტეს როლი მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებაში. ამიტომ მოდი უფრო დაწვრილებით გავარჩიოთ მისი როლი. ცნობილია თქვენთვის, ადამის შეცოდების შემდეგ პირველად როდის განაცხადა იეჰოვა ღმერთმა, რომ კაცობრიობა საუკუნო სიცოცხლეს დაიმკივდრებდა? ეს იყო უშუალოდ ადამის შეცოდების შემდეგ. მოდი გამოვიკვლიოთ, რა იყო პირველად ნაწინასწარმეტყველები იესო ქრისტეს, როგორც კაცობრიობის მხსნელის, შესახებ.
აღთქმული თესლი
5. რის თქმა შეგვიძლია გველზე, რომელმაც ევა აცდუნა?
5 ღმერთმა სიმბოლური ენით აღწერა აღთქმული მხსნელი მაშინ, როცა განაჩენი გამოუტანა ‘გველს’, რომელიც ევას დაელაპარაკა და რომელმაც აკრძალული ხილის ჭამით ღვთისადმი დაუმორჩილებლობის გამოვლენისკენ უბიძგა (დაბადება 3:1–5). რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი პირდაპირი გაგებით გველზე არ მიდიოდა. საქმე ეხებოდა ძლიერ სულიერ ქმნილებას, რომელსაც ბიბლიაში ‘ძველი გველი, ეშმაკი და სატანა ჰქვია’ (გამოცხადება 12:9). სატანამ ევას საცდუნებლად ეს ქვეწარმავალი გამოიყენა, ამიტომ ღმერთმა ასეთი განაჩენი გამოუტანა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის [დედაკაცის თესლი] თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15).
6, 7. ა) ვინ არის დედაკაცი, რომელმაც შვა „თესლი“? ბ) ვინ არის აღთქმული თესლი და რას აკეთებს ის?
6 ვინ არის ეს „დედაკაცი“, რომლის მიმართაც სატანას მტრობა ანუ სიძულვილი აქვს? როგორც ‘ძველი გველის’ შემთხვევაში იყო, ესეც გამოცხადების მე-12 თავიდან ჩანს. პირველ მუხლში მასზე ნათქვამია: „ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით“. დედაკაცით ერთგული ანგელოზებისგან შემდგარი ღვთის ზეციერი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, ხოლო ‘ძით, ვაჟით’ — ღვთის სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტეა (გამოცხადება 12:1–5).
7 მაშინ, ვინ არის დაბადების 3:15-ში მოხსენიებული დედაკაცის ‘თესლი’ ანუ შთამომავალი, რომელიც სატანას „თავს“ გაუჭეჭყავს და ამგვარად სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს? ეს ის პიროვნებაა, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა დედამიწაზე და რომელიც სასწაულებრივად იშვა ქალწულისგან; დიახ, ეს იესოა (მათე 1:18–23; იოანე 6:38). გამოცხადების მე-12 თავი გვამცნობს, რომ ეს თესლი, მკვდრეთით აღდგენილი ზეციერი მმართველი, იესო ქრისტე, უხელმძღვანელებს სატანაზე გამარჯვებას და, როგორც მე-10 მუხლიდან ჩანს, დაამყარებს ‘ჩვენი ღვთის . . . მეფობას და მისი ქრისტეს ხელმწიფებას’.
8. ა) რა სიახლეზე იზრუნა ღმერთმა თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად? ბ) ვინ შედის ღვთის ახალ მთავრობაში?
8 ამგვარად, ეს სამეფო იესო ქრისტეს ხელმღვანელობით არის ახალი რამ, რაც ღმერთმა თავისი თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად გაითვალისწინა. სატანის ამბოხების შემდეგ იეჰოვამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები ჩადენილი ბოროტების შედეგების აღმოსაფხვრელად; ამის განხორციელება კი მან ზემოხსენებული ახალი მთავრობის, სამეფოს, საშუალებით განიზრახა. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა, რომ ის არ იქნება ერთპიროვნული მმართველი ამ სამეფოში (ლუკა 22:28–30). ზეცაში მას თანამმართველები ეყოლება, რომლებიც კაცობრიობიდან იქნებიან ამორჩეული და რომლებიც დედაკაცის თესლის მეორეხარისხოვან ნაწილს შეადგენენ (გალატელთა 3:16, 29). ბიბლიის ცნობის თანახმად, იესოს ამ თანამმართველების რაოდენობა, რომელთაგან ყველა ცოდვილი კაცობრიობიდანაა არჩეული, 144 000-ია (გამოცხადება 14:1–3 „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წელი).
9. ა) რატომ იყო საჭირო დედამიწაზე იესოს ადამიანად მოვლინება? ბ) როგორ დაარღვია იესომ ეშმაკის საქმეები?
9 სამეფოს მმართველობის დაწყებამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ თესლის ძირითადი ნაწილი, იესო ქრისტე, დედამიწაზე მოსულიყო. რატომ? იმიტომ რომ, იეჰოვა ღმერთმა ის ‘ეშმაკის საქმეთა დასარღვევად [ანუ აღმოსაფხვრელად]’ დანიშნა (1 იოანე 3:8). სატანის საქმეებში ადამის ცოდვისკენ ბიძგებაც შედიოდა, რამაც ადამის ყველა შთამომავალს ცოდვა და სიკვდილი მოუტანა (რომაელთა 5:12). იესოს მიერ სიცოცხლის გამომსყიდველურ მსხვერპლად გაღებამ ეშმაკის ეს საქმე დაარღვია. ამით იესომ კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილის მსჯავრისგან გათავისუფლებისა და მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზის გახსნისთვის საფუძველი შექმნა (მათე 20:28; რომაელთა 3:24; ეფესელთა 1:7).
რა მიზანს ემსახურება გამოსყიდვა
10. რა მსგავსება იყო იესოსა და ადამს შორის?
10 იესოს სიცოცხლე ადამიანის საშვილოსნოში ზეციდან იქნა გადმოტანილი და ამგვარად ის ადამის ცოდვისგან შეუბილწავ, სრულყოფილ ადამიანად დაიბადა. მას დედამიწაზე მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდა. ადამიც სრულყოფილ ადამიანად იყო შექმნილი და მასაც ჰქონდა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების პერსპექტივა. მოციქულ პავლეს ამ ორ მამაკაცს შორის არსებული ეს მსგავსება ჰქონდა მხედველობაში, როდესაც წერდა: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად. ხოლო უკანასკნელი ადამი [იესო ქრისტე] — მაცოცხლებელ სულად. პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე კაცი — ცისაგან“ (1 კორინთელთა 15:45, 47).
11. ა) რა გავლენა იქონიეს ადამმა და იესომ კაცობრიობაზე? ბ) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იესოს მსხვერპლთან დაკავშირებით?
11 ამ ორი ადამიანის — დედამიწაზე მცხოვრები ორი სრულყოფილი ადამიანის — მსგავსებას ბიბლია უსვამს ხაზს; მასში ნათქვამია, რომ იესომ „თავი გასწირა ყველასთვის შესაბამის გამოსასყიდად“ (1 ტიმოთე 2:6, აქ). ვისი შესაბამისი იყო იესო? რა თქმა უნდა, სრულყოფილი ადამის! პირველი ადამის ცოდვამ მთელი კაცობრიობა სიკვდილს დაუმონა. ‘უკანასკნელი ადამის’ მსხვერპლი კი ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გათავისუფლებას უყრის საფუძველს, რაც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვიქმნის! რა ძვირფასია იესოს მსხვერპლი! მოციქული პეტრე აღნიშნავს: „არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი“, არამედ, „ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19).
12. როგორ აღგვიწერს ბიბლია სიკვდილის მსჯავრისგან გათავისუფლებას?
12 ბიბლია შესანიშნავად აღწერს, როგორ გათავისუფლდება კაცობრიობა სიკვდილის მსჯავრისგან: „თუ ერთის [ადამის] დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით [იესოს უმწიკვლოებით, რომელმაც კულმინაციას მისი სიკვდილის დროს მიაღწია] ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის [იესოს] მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5:18, 19).
დიდებული მომავალი
13. რატომ გამოთქვამს ასეთ აზრს მრავალი მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებით?
13 ღვთის ამ მზრუნველობამ ხომ თითოეული უნდა გაგვახაროს. განა არ აღგაფრთოვანებთ იეჰოვას მიერ მხსნელის გამოგზავნა? საოცარია, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთ დიდ ქალაქში გამოკითხვისას —შეკითხვაზე: „უნდოდათ თუ არა მარადიულად ეცხოვრათ?“ გამოკითხულთა 67,4-მა პროცენტმა უარი განაცხადა. რატომ არ სურდათ მათ მარადიული სიცოცხლე? ამის მიზეზი, ალბათ, დღეს დედამიწაზე არსებული პრობლემებია. ერთმა თქვა: „სულაც არ მინდა 200 წლის ბებრუხანად გამოვიყურებოდე“.
14. რატომ იქნება მარადიულად ცხოვრება ძალიან სასიამოვნო?
14 მაგრამ ბიბლია არაფერს ამბობს მარადიულ სიცოცხლეზე ქვეყნიერებაში, სადაც ხალხს ავადმყოფობა, სიბერე და სხვა უბედურებები შეაწუხებთ. იესო, როგორც ღვთის სამეფოს მმართველი სატანის მიერ გამოწვეულ ყველა პრობლემას აღმოფხვრის. ბიბლიის თანახმად, ღვთის სამეფო „შემუსრავს, და დააქცევს“ ამ ქვეყნიერების „ყველა“ უსამართლო მთავრობას (დანიელი 2:44). იმ დროს ღვთის „ნება“ დედამიწაზეც აღსრულდება, ისევე როგორც ზეცაში და ეს იქნება პასუხი ლოცვაზე, რომელსაც იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა (მათე 6:9, 10). ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, მას შემდეგ, რაც დედამიწა ყოველგვარი ბოროტებისგან განიწმინდება, ყოველმხრივ გამოჩნდება იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის შედეგები. დიახ, ყველას, ვინც სათანადოდ იმოქმედებს, სრულყოფილი ჯანმრთელობა დაუბრუნდება!
15, 16. რა პირობები იქნება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში?
15 ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ხალხზე შესრულდება შემდეგი ბიბლიური მუხლი: „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:25). აღსრულდება კიდევ ერთი ბიბლიური აღთქმა: „აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6).
16 წარმოიდგინეთ, სულ ერთია 80 წლის ვიქნებით, 800-ის და თუნდაც მეტის, ბრწყინვალე ჯანმრთელობა გვექნება. ყველაფერი ბიბლიაში აღთქმულის თანახმად იქნება: „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“. შესრულდება დანაპირები: „[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4).
17. რას შეიძლება მიაღწიონ ადამიანებმა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში?
17 იმ ახალ ქვეყნიერებაში შეგვეძლება ჩვენი სასწაულებრივი ტვინის შემოქმედის ჩანაფიქრის შესაბამისად გამოყენება; მან ხომ განუსაზღვრელი ინფორმაციის ათვისების უნარის მქონე ტვინით დაგვაჯილდოვა. წარმოიდგინეთ, რა შესანიშნავ საქმეებს შევასრულებთ! არასრულყოფილმა ადამიანმაც კი შესძლო მიწის ელემენტებისგან შეექმნა ჩვენს გარშემო არსებული ისეთი საგნები როგორიც არის: მობილური ტელეფონი, მიკროფონი, მაჯის საათი, პეიჯერი, კომპიუტერი, თვითმფრინავი, ერთი სიტყვით ყველაფერი. არც ერთი მათგანი არ ყოფილა შექმნილი დედამიწის მიღმა, სამყაროს შორეული ადგილებიდან, მოტანილი ნივთიერებებისგან. მალე დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად მცხოვრებ ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობის განუსაზღვრელი შესაძლებლობები ექნება! (ესაია 65:21–25).
18. რატომ არ მოგვწყინდება სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში?
18 სიცოცხლე მოსაწყენი არ იქნება. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ათი ათასჯერ გვისადილია, განა ყოველი სადილის წინ ნერწყვებს არ ვყლაპავთ? სრულყოფილებაში კი ბევრად გემრიელ ნაყოფებს მოგვცემს სამოთხედ ქცეული დედამიწა (ესაია 25:6). უსაზღვრო სიამოვნებას მოგვგვრის დედამიწის უამრავ ბინადარზე ზრუნვა თუ შთამბეჭდავი დაისის, მთების, მდინარეებისა და ველების ცქერით ტკბობა. სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მართლაც რომ არ იქნება მოსაწყენი (ფსალმუნი 144:16)!
ღვთის მოთხოვნების შესრულება
19. რატომ არის გონივრული გვჯეროდეს, რომ ღვთისგან საჩუქრად სიცოცხლის მისაღებად გარკვეული მოთხოვნები არსებობს?
19 მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ღვთის დიდებულ ძღვენს, სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეს, ძალისხმევის გარეშე მივიღებთ? განა გონივრული არ არის ვიფიქროთ, რომ ღმერთი რაღაცას მოითხოვს ჩვენგან? დიახ, ეს ასეა. ღმერთი გვაძლევს საჩუქარს, გვთავაზობს მას, მაგრამ ჩვენ ხელი უნდა გავიწოდოთ მის ასაღებად. დიახ, საჭიროა მოქმედება. შეიძლება თქვენც გიჩნდებათ კითხვა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცმა დაუსვა იესოს: „რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ ან კიდევ გონებაში გიტრიალებთ კითხვა, რომელიც საპყრობილის ფილიპელმა ზედამხედველმა დაუსვა მოციქულ პავლეს: „რა ვქნა, რომ გადავრჩე?“ (მათე 19:16; საქმეები 16:30).
20. რა არის მარადიული სიცოცხლის მისაღებად საჭირო ძირითადი მოთხოვნა?
20 სიკვდილის წინა ღამეს იესომ მამისადმი ლოცვაში ახსენა ერთი ძირითადი მოთხოვნა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). განა გონივრული მოთხოვნა არ არის, რომ ვიცნობდეთ იეჰოვას — მარადიული სიცოცხლის მომცემს — და მას, ვინც ჩვენთვის მოკვდა — იესო ქრისტეს? მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ამ შემეცნების მიღებით არ ამოიწურება.
21. როგორ უნდა შევასრულოთ რწმენის შესახებ მოთხოვნა?
21 ბიბლია იმასაც ამბობს, რომ „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“. შემდეგ კი ამატებს: „ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე“ (იოანე 3:36). აქედან გამომდინარე, ძისადმი რწმენა, შეგიძლიათ ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენითა და ცხოვრების ღვთის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანით გამოავლინოთ. აუცილებელია მოიშოროთ ყველაფერი ცუდი, რასაც შესაძლებელია ადრე აკეთებდით და აკეთოთ ის, რაც ღმერთს მოსწონს. უნდა მიჰყვეთ მოციქულ პეტრეს დარიგებას: „აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან“ (საქმეები 3:19, 20ა).
22. რა შედის იესოს ნაკვალევის მიყოლაში?
22 დაე ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ მხოლოდ იესოსადმი რწმენის გამოვლენით შეგვიძლია მარადიული სიცოცხლის მიღება (იოანე 6:40; 14:6). ქრისტესამდი რწმენას კი ‘მისი კვალის მიყოლით’ შევძლებთ (1 პეტრე 2:21). რა შედის ამაში? ღვთისადმი ლოცვაში იესომ თქვა: „აჰა, მოვდივარ . . . შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:7). ძალზე მნიშვნელოვანია, მიბაძოთ ქრისტეს ღვთის ნების შესრულებისთვის მზადყოფნის გამოვლენაში და თავი მიუძღვნათ იეჰოვას. ამის შემდეგ, იესოს მსგავსად, მიძღვნის ნიშნად წყალში უნდა მოინათლოთ (ლუკა 3:21, 22). ასეთი ნაბიჯების გადადგმა გონივრულია. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ „ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი“ (2 კორინთელთა 5:14, 15). როგორ? სიყვარულმა აღძრა იესო, რომ ჩვენთვის სიცოცხლე გაეღო. განა ამან მისადმი რწმენის გამოვლენისკენ არ უნდა გვიბიძგოს? დიახ, მისი სიყვარულით აღსავსე მაგალითმა უნდა აღგვძრას, სხვების დახმარებაში გავიხარჯოთ. იესოს ცხოვრების მიზანი ღვთის ნების შესრულება იყო; ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ უნდა ვიცხოვროთ.
23. ა) რას უნდა შეემატონ ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს მიიღებენ? ბ) რა მოითხოვება ქრისტიანული კრების წევრებისგან?
23 ამით ყველაფერი არ მთავრდება. ბიბლია აღნიშნავს, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს 3 000 მოინათლა და „შეემატა“. შეემატა რას? ‘გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებასა და ზიარებაში ყოფნას’ — განმარტავს ლუკა (საქმეები 2:41, 42). დიახ, ისინი იკრიბებოდნენ ბიბლიის შესწავლისა და „ზიარებისთვის“ ანუ ურთიერთობისთვის; ისინი შეემატნენ ანუ გაერთიანდნენ ქრისტიანულ კრებად. პირველი საუკუნის ქრისტიანები რეგულარულად იკრიბებოდნენ სულიერი დამოძღვრის მისაღებად (ებრაელთა 10:25). დღეს იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ამ ბიბლიურ მაგალითს; ისინი რეგულარულად იკრიბებიან ბიბლიის შესასწავლად და თქვენც გიწვევენ ამ შეხვედრებზე.
24. რა არის ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ და როგორ და როდის გახდება ის რეალობა?
24 დღეს მილიონები ადგანან სიცოცხლემდე მიმყვან ამ ვიწრო გზას. ამ გზაზე დასარჩენად კი ძალისხმევაა საჭირო! (მათე 7:13, 14). პავლემ აღნიშნა ეს ფაქტი, როდესაც მთელი გულით გვთხოვა: „იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ“. აქედან გამომდინარე, ‘ჭეშმარიტი სიცოცხლის მისაღწევად’ საჭიროა ვიღწვოდეთ (1 ტიმოთე 6:12, 19). ეს სიცოცხლე ადამის ცოდვის შედეგად წარმოქმნილი ტკივილითა და პრობლემებით აღსავსე სიცოცხლე არ არის. ეს არის სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. ასე რომ, დღევანდელი ქვეყნიერების განადგურების შემდეგ, ძალაში შევა ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი ყველას სასარგებლოდ, მათ საკეთილდღეოდ, ვისაც იეჰოვა ღმერთი და მისი ძე უყვარს. დაე ყველამ ავირჩიოთ სიცოცხლე — ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ — მარადიული სიცოცხლე ღვთის დიდებულ ახალ ქვეყნიერებაში.
როგორ უპასუხებდით?
◻ ვინ არიან გამოცხადების 3:15-ში მოხსენიებული გველი, დედაკაცი და თესლი?
◻ რა მსგავსებაა იესოსა და ადამს შორის და რის შესაძლებლობა მოგვცა გამოსყიდვამ?
◻ რას შეიძლება მოელოდეთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, რაც თქვენთვის ასე სასიამოვნო იქნება?
◻ რა მოთხოვნები უნდა შევასრულოთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად?
[სურათი 10 გვერდზე]
ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის, იესოა უსასრულო სიცოცხლემდე მიმყვანი ერთადერთი გზა.
[სურათი 11 გვერდზე]
ღვთის მიერ დანიშნულ დროს, მოხუცები გაახალგაზრდავდებიან.