ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 52
ახალგაზრდა დებო, ისწრაფეთ სულიერი მოწიფულობისკენ!
„[ქალები] უნდა იყვნენ . . . ზომიერები და ყოველმხრივ ერთგულები“ (1 ᲢᲘᲛ. 3:11).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 133 ახალგაზრდები თაყვანს ვცემთ იეჰოვას
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა არის საჭირო, რომ სულიერად მოწიფული ქრისტიანები გავხდეთ?
ᲒᲕᲐᲝᲪᲔᲑᲡ იმის დანახვა, თუ რა სწრაფად იზრდება ბავშვი. თანაც ეს პროცესი ავტომატურად ხდება. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სულიერი ზრდის პროცესზე. მოწიფულ ქრისტიანადb ჩამოყალიბებას დიდი ძალისხმევა სჭირდება (1 კორ. 13:11; ებრ. 6:1). თუ გვინდა, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, უნდა გავიღრმაოთ ურთიერთობა იეჰოვასთან. გარდა ამისა, წმინდა სული გვჭირდება, რომ ღვთისმოსაწონი თვისებები განვივითაროთ, შევიძინოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოვემზადოთ სამომავლო პასუხისმგებლობებისთვის (იგავ. 1:5).
2. რას ვიგებთ დაბადების 1:27-დან და რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
2 იეჰოვამ კაცი და ქალი მხოლოდ განსხვავებული ფიზიკური შესაძლებლობებით კი არ შექმნა, არამედ სხვადასხვა როლიც უბოძა (წაიკითხეთ დაბადების 1:27). თავ-თავიანთი როლის პირნათლად შესასრულებლად მათ გარკვეული უნარ-ჩვევები და თვისებები სჭირდებათ (დაბ. 2:18). ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა დებს, ჩამოყალიბდნენ სულიერად მოწიფულ ქრისტიანებად. მომდევნო სტატიიდან კი დავინახავთ, როგორ შეუძლიათ იმავეს გაკეთება ახალგაზრდა ძმებს.
ᲒᲐᲜᲘᲕᲘᲗᲐᲠᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡᲛᲝᲡᲐᲬᲝᲜᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ
3, 4. ვისი მიბაძვა შეუძლიათ ახალგაზრდა დებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
3 ბიბლიის ფურცლებიდან არაერთი ღვთისმოშიში ქალის ისტორიას ვეცნობით, რომლებიც, როგორც წამყვან მუხლში იყო აღნიშნული, ზომიერები და ყოველმხრივ ერთგულები იყვნენ (jw.org-ზე იხილეთ სტატია „რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში მოხსენიებული ქალებისგან?“). ისინი ახალგაზრდა დებისთვის ნამდვილად სამაგალითონი არიან. თუმცა ახალგაზრდებს საკუთარ კრებაშიც შეუძლიათ ბევრის სწავლა მოწიფული დებისგან.
4 ახალგაზრდებო, კარგი იქნება, თუ თქვენს კრებაში რამდენიმე სამაგალითო დას შეარჩევთ და დაუკვირდებით, რა თვისებებს ავლენენ. შემდეგ კი დაფიქრდებით, თუ როგორ მიჰბაძოთ მათ. ქვემოთ ვიმსჯელებთ სამ თვისებაზე, რომლებიც მოწიფულ ქრისტიან დას გამოარჩევს.
5. რატომ სჭირდება მოწიფულობისთვის ქრისტიან ქალს თავმდაბლობა?
5 ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მოწიფული ქრისტიანი გამოირჩევა, თავმდაბლობაა. თავმდაბალ ქალს იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და სხვებთანაც (იაკ. 4:6). მაგალითად, მას არ უჭირს ზეციერი მამის მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპის მიყოლა და ითვალისწინებს მას როგორც კრებაში, ისე ოჯახში (1 კორ. 11:3).c
6. როგორ ავლენდა რებეკა თავმდაბლობას და რისი სწავლა შეგიძლიათ მისგან?
6 განვიხილოთ რებეკას მაგალითი. ის ჭკვიანი ქალი იყო და, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავზე ინიციატივასაც იღებდა (დაბ. 24:58; 27:5—17). თუმცა ეს ხელს არ უშილიდა, სხვების მიმართ პატივისცემა და მორჩილება გამოევლინა (დაბ. 24:17, 18, 65). თუ რებეკას მსგავსად თქვენც დაემორჩილებით მათ, ვისაც იეჰოვამ გარკვეული პასუხისმგებლობები უბოძა, ოჯახშიც და კრებაშიც სხვებზე დადებით გავლენას მოახდენთ.
7. საიდან გამოჩნდა, რომ ესთერი მოკრძალებული იყო, და როგორ შეგიძლიათ მისი მიბაძვა?
7 კიდევ ერთი თვისება, რომლითაც მოწიფული ქრისტიანები გამოირჩევიან, მოკრძალებაა. ბიბლიაში ნათქვამია: „მოკრძალებული ბრძენია“ (იგავ. 11:2). სწორედ ასეთი ადამიანი იყო ესთერი. მოკრძალებამ ის დაიცვა, რომ არ გაამაყებულიყო, როცა დედოფალი გახდა. ის ყურს უგდებდა თავის უფროს ბიძაშვილს, მორდოქაის, და მის რჩევებს ითვალისწინებდა (ესთ. 2:10, 20, 22). თქვენი მხრიდან მოკრძალების მაჩვენებელი იქნება, თუ ითხოვთ რჩევებს და გაითვალისწინებთ (ტიტ. 2:3—5).
8. მოკრძალების კიდევ რა მხარე იკვეთება 1 ტიმოთეს 2:9, 10-დან?
8 ესთერის მოკრძალება სხვა რამეშიც ჩანდა. მართალია, ის ლამაზი ქალი იყო, მაგრამ არასდროს ცდილობდა ზედმეტი ყურადღების მიქცევას (ესთ. 2:7, 15). თქვენ როგორ შეგიძლიათ მსგავსი მოკრძალების გამოვლენა? მოდი ვნახოთ, რა რჩევაა მოცემული 1 ტიმოთეს 2:9, 10-ში (წაიკითხეთ). ამ მუხლებში მოციქული პავლე ქრისტიან ქალებს მოუწოდებს, რომ გონივრული და მოკრძალებით შერჩეული წესიერი ტანსაცმელი ეცვათ. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტიანი ქალი ტანსაცმლის შერჩევისას სხვების შეხედულებებსა და გრძნობებსაც უნდა ითვალისწინებდეს. გვეამაყება, რომ ჩვენი მოწიფული დები სწორედ ასეთი ღირსეული ჩაცმულობით გამოირჩევიან.
9. რისი სწავლა შეგვიძლია აბიგაილისგან?
9 მოწიფული ქრისტიანი დები გამჭრიახებიც არიან. რა არის გამჭრიახობა? ეს არის განსჯის ანუ სწორისა და არასწორის განსაზღვრის უნარი. სწორედ ამ თვისებით გამოირჩეოდა აბიგაილი. მაშინ, როცა მისი მეუღლის უგუნური საქციელის გამო მთელ მათ სახლეულობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, აბიგაილმა გამჭრიახობა გამოავლინა და მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ამან უამრავი ადამიანი იხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან (1 სამ. 25:14—23, 32—35). გამჭრიახობა იმის დანახვაშიც გვეხმარება, თუ როდის ვილაპარაკოთ და როდის — არა. მეტიც, გამჭრიახ ადამიანს არ უჭირს, განსაზღვროს, თუ სად გადის ზღვარი სხვების საქმეში ჩარევასა და ყურადღებიანობას შორის (1 თეს. 4:11).
ᲨᲔᲘᲫᲘᲜᲔᲗ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲣᲜᲐᲠ-ᲩᲕᲔᲕᲔᲑᲘ
10, 11. რატომ არის მნიშვნელოვანი წერა-კითხვის სწავლა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 ყველა ქრისტიანი ქალისთვის აუცილებელია, რომ შეიძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ზოგიერთი რამ, რასაც ბავშვობაში ვსწავლობთ, მთელი ცხოვრება გვადგება ხოლმე. მოდი ვნახოთ, რა უნარ-ჩვევების შეძენა შეუძლიათ დებს.
11 კარგად ისწავლეთ წერა-კითხვა. ზოგ კულტურაში თვლიან, რომ აუცილებელი არ არის, ქალმა წერა-კითხვა იცოდეს. არადა ქრისტიანისთვის ამის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (1 ტიმ. 4:13).d ასე რომ, ძალისხმევას ნუ დაიშურებთ, რომ კარგად ისწავლოთ წერა-კითხვა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უფრო გაგიადვილდებათ სამუშაოს პოვნა. გარდა ამისა, უკეთ შეძლებთ ღვთის სიტყვის გამოკვლევას და სხვებისთვის სწავლებას. და რაც მთავარია, უფრო დაუახლოვდებით იეჰოვას (იეს. 1:8; 1 ტიმ. 4:15).
12. რისი სწავლა შეგიძლიათ იგავების 31:26-დან?
12 განივითარეთ კომუნიკაციის უნარები. ქრისტიანს კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ შესანიშნავ რჩევას გვაძლევს მოწაფე იაკობი: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას“ (იაკ. 1:19). თუ გინდათ, რომ სხვების მიმართ გულისხმიერება და თანაგრძნობა გამოავლინოთ, კარგი მსმენელი უნდა იყოთ (1 პეტ. 3:8). ზოგჯერ შეიძლება კითხვის დასმა იყოს საჭირო, რომ გავიგოთ, რისი თქმა სურს ადამიანს და რას განიცდის. მას შემდეგ, რაც კითხვას დასვამთ და პასუხსაც მოისმენთ, კარგად დაფიქრდით, თუ რისი თქმა იქნება უმჯობესი (იგავ. 15:28). მაგალითად, შეესაბამება სიმართლეს, რის თქმასაც აპირებთ და გაამხნევებს თუ პირიქით, გულს ატკენს მსმენელს? შეეცადეთ, მოწიფული დებისგან აიღოთ მაგალითი და დააკვირდეთ, რას და როგორ ამბობენ (წაიკითხეთ იგავების 31:26). რაც უფრო დაიხვეწებით ამ მხრივ, სხვებისთვის თქვენთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება.
13. ვისგან შეგიძლიათ ისწავლოთ საოჯახო საქმეების კეთება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 ისწავლეთ საოჯახო საქმეები. ბევრგან საოჯახო საქმეების გაკეთება, ძირითადად, ქალს უწევს. საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში შეიძლება დედა ან რომელიმე და დაგეხმაროთ. ერთი და, სინდი, ამბობს: „მადლიერი ვარ, რომ დედამ შრომის ფასი მასწავლა და იმაშიც დამეხმარა, რომ საქმე სიხარულით მეკეთებინა. ცხოვრებაში ძალიან გამომადგა ის, რომ ბავშვობიდან ვიცი საჭმლის კეთება, დალაგება, კერვა და ფულის სწორად ხარჯვა. ამან იმის შესაძლებლობაც მომცა, რომ იეჰოვასთვის მეტად დავხარჯულიყავი. დედის მაგალითზე ისიც დავინახე, როგორ გამომევლინა სტუმართმოყვარეობა. ამის წყალობით ბევრი ძვირფასი და-ძმა გავიცანი და მათგანაც ბევრი ვისწავლე“ (იგავ. 31:15, 21, 22). მშრომელი და სტუმართმოყვარე ქალი ოჯახისთვისაც და კრებისთვისაც კურთხევაა (იგავ. 31:13, 17, 27; საქ. 16:15).
14. რას ვსწავლობთ კრისტალისგან და რას უნდა დავუთმოთ პირველი ადგილი?
14 ისწავლეთ, როგორ ირჩინოთ თავი. ყველა მოწიფულ ქრისტიანს უნდა შეეძლოს საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვა (2 თეს. 3:7, 8). ერთი და, სახელად კრისტალი, გვიყვება: „მშობლები მეხმარებოდნენ პრაქტიკული პროფესიის არჩევაში. მამის რჩევით ბუღალტერია ვისწავლე და ამისთვის დღემდე მადლიერი ვარ“. პრაქტიკული პროფესიის შეძენის გარდა, მნიშვნელოვანია, შემოსავლის სწორად განაწილებაც ისწავლოთ (იგავ. 31:16, 18). თუ არ აიღებთ არასაჭირო სესხს და მცირედით დაკმაყოფილდებით, შეძლებთ, რომ ცხოვრებაში პირველი ადგილი სულიერს დაუთმოთ (1 ტიმ. 6:8).
ᲛᲝᲔᲛᲖᲐᲓᲔᲗ ᲡᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15, 16. რატომ არიან კრებისთვის ძვირფასი დაუქორწინებელი დები? (მარკოზი 10:29, 30).
15 სულიერი თვისებების შეძენა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება სამომავლო პასუხისმგებლობებისთვის გამზადებთ. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
16 დაუქორწინებლობა. ზოგი და იესოს სიტყვების თანახმად იქცევა და ირჩევს, რომ გარკვეული დროით დაუქორწინებელი დარჩეს, თუნდაც ეს მათ კულტურაში მიუღებელი იყოს (მათ. 19:10—12). ზოგი სხვა მიზეზების გამო არ თხოვდება. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა და იესო ოჯახური მდგომარეობის მიხედვით არ აფასებენ ადამიანებს. მთელ მსოფლიოში დაუქორწინებელი დები ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ თავ-თავიანთ კრებაში. ამ დებს ძალიან უყვართ თანაქრისტიანები და გულწრფელად ზრუნავენ მათზე. ამიტომ ისინი ბევრისთვის სულიერ დედებად და დებად იქცნენ (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30; 1 ტიმ. 5:2).
17. როგორ შეგიძლიათ სრული დროით მსახურებისთვის მომზადება?
17 სრული დროით მსახურება. დებს სამქადაგებლო საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ (ფსალმ. 68:11). თქვენც ხომ არ შეგიძლიათ დღესვე მიზნად დაისახოთ სრული დროით მსახურება? თქვენ წინაშე ფართო არჩევანია. მაგალითად, შეგიძლიათ იმსახუროთ პიონერად, სამშენებლო პროექტებზე ან ბეთელში. ილოცეთ თქვენი მიზნის შესახებ. იმ და-ძმებსაც ესაუბრეთ, რომლებმაც მსგავს მიზნებს მიაღწიეს. ეს დაგეხმარებათ, დაინახოთ, რაში გჭირდებათ გაუმჯობესება. ამის შემდეგ შეადგინეთ გეგმა. გახსოვდეთ, რომ სრული დროით მსახურება შესაძლებლობას მოგცემთ, ბევრი რამ გააკეთოთ იეჰოვასთვის.
18. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ და არჩევანის გაკეთებამდე კარგად დაფიქრდეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
18 გათხოვება. ზემოთ განხილული თვისებები და უნარ-ჩვევები ოჯახშიც გამოგადგებათ. მაგრამ თუ დაქორწინებაზე ფიქრობთ, მეორე ნახევარი დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ვისზეც დაქორწინდებით, მის მეთაურობას უნდა დაემორჩილოთ (რომ. 7:2; ეფეს. 5:23, 33). ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრდით: არის ეს ძმა მოწიფული ქრისტიანი? აყენებს პირველ ადგილზე იეჰოვას მსახურებას? იღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს? შეუძლია თავისი შეცდომების აღიარება? პატივს სცემს ქალებს? შეუძლია სულიერად, მატერიალურად და ემოციურად იზრუნოს თქვენზე? როგორ ასრულებს თავის პასუხისმგებლობებს? მაგალითად, რა დავალებები აქვს კრებაში და როგორ ართმევს მათ თავს? (ლუკ. 16:10; 1 ტიმ. 5:8). თუმცა ერთიცაა: თუ გინდათ, რომ კარგი მეუღლე გყავდეთ, თავადაც უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ კარგი მეუღლე იყოთ.
19. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ დამხმარის როლი დამამცირებელი არ არის?
19 ბიბლია ცოლს ქმრის „დამხმარეს“ და „შემავსებელს“ უწოდებს (დაბ. 2:18). ხომ არ ამცირებს ეს ქალს? არავითარ შემთხვევაში. თავად იეჰოვას ეწოდება ბიბლიაში არაერთხელ „შემწე“ ანუ დამხმარე (ფსალმ. 54:4; ებრ. 13:6). ცოლი იმ შემთხვევაში იქნება ქმრის კარგი დამხმარე, თუ მხარს დაუჭერს მას, როგორც ოჯახის მეთაურს. ამასთანავე, ის ყველანაირად ეცდება, საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს თავისი ქმარი (იგავ. 31:11, 12; 1 ტიმ. 3:11). თუ გინდათ, რომ მომავალში კარგი ცოლი გახდეთ, გაიღრმავეთ სიყვარული იეჰოვას მიმართ და დახმარების ხელი გაუწოდეთ როგორც ოჯახის წევრებს, ისე კრებაში და-ძმებს.
20. რისი გაკეთება შეუძლია დედას ოჯახისთვის?
20 დედობა. დაქორწინების შემდეგ შეიძლება შვილიც გეყოლოთ (ფსალმ. 127:3). ამიტომ წინასწარ ღირს დაფიქრება, თუ როგორ გაუწიოთ კარგი დედობა შვილს. ამ სტატიაში განხილული თვისებები და უნარ-ჩვევები ამ როლის შესრულებაშიც დაგეხმარებათ. თუ მოსიყვარულე, კეთილი და მომთმენი იქნებით, ბავშვს სიყვარულით აღსავსე უსაფრთხო გარემოს შეუქმნით (იგავ. 24:3).
21. რატომ ვაფასებთ დებს? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
21 დებო, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და ვაფასებთ ყველაფერს, რასაც იეჰოვასა და მისი ხალხისთვის აკეთებთ (ებრ. 6:10). თქვენ ყველანაირად ცდილობთ, განივითაროთ ღვთისმოსაწონი თვისებები და შეიძინოთ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც მრავალმხრივ წაგადგებათ. მეტიც, თქვენ მომზადებული იქნებით მომავალში სხვადასხვა პასუხისმგებლობის ასაღებად. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ თქვენ იეჰოვას ორგანიზაციაში ფასდაუდებელ საქმეს ასრულებთ!
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 137 ერთგული ქალები, ქრისტიანი დები
a ახალგაზრდა დებო, თქვენ იეჰოვას ხალხისთვის ძალიან ძვირფასი ხართ. იეჰოვა კურთხევებს არ მოგაკლებთ, თუ ისწრაფვით სულიერი მოწიფულობისკენ. ასე რომ, განივითარეთ ღვთისმოსაწონი თვისებები, შეიძინეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოემზადეთ სამომავლო პასუხისმგებლობებისთვის.
b ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: მოწიფული ქრისტიანი ქვეყნიური სიბრძნით კი არ ხელმძღვანელობს, ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება. ის ცდილობს, მიჰბაძოს იესოს, ძალისხმევას არ იშურებს, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოს, და გარშემომყოფთა მიმართ თავგანწირულ სიყვარულს ავლენს.
d jw.org-ზე იხილეთ სტატია „რატომ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? (ნაწილი 1)“.