52-ე გაკვეთილი
რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებით
ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რას ვიცვამთ და როგორ გამოვიყურებით. ბიბლიაში მოცემული რამდენიმე პრინციპი დაგვეხმარება, იეჰოვასაც ვასიამოვნოთ და გემოვნებითაც ჩავიცვათ. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
1. რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
ჩვენ „მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული წესიერი ტანსაცმელი“ უნდა გვეცვას და ისე გამოვიყურებოდეთ, „როგორც ღვთისმოშიშ . . . [ადამიანებს] შეჰფერით“ (1 ტიმოთე 2:9, 10). მოდი განვიხილოთ ეს ოთხი პრინციპი: 1) ჩვენ „მოკრძალებულად“ უნდა გვეცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ჩავიცვათ გამომწვევი ტანსაცმელი და არც ისე გამოვიყურებოდეთ, რომ ყურადღების ცენტრში მოვექცეთ; 2) სამოსი „გონივრულად“ უნდა შევარჩიოთ, რაც იქიდან გამოჩნდება, თუ არ მივყვებით მოდის ყველა ტრენდს; 3) ჩვენ „წესიერი ტანსაცმელი“ უნდა გვეცვას. ალბათ შეგინიშნავთ, რომ კრების შეხვედრაზე ყველას თავისი გემოვნებით აცვია, თუმცა მათი ჩაცმულობაც და ვარცხნილობაც იმაზე მოწმობს, რომ პატივს სცემენ ღმერთს; 4) ჩვენ ისე უნდა გამოვიყურებოდეთ, „როგორც ღვთისმოშიშ . . . [ადამიანებს] შეჰფერით“. ამ შემთხვევაში სხვებიც შენიშნავენ, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს (1 კორინთელები 10:31).
2. რატომ უნდა გავითვალისწინოთ თანაქრისტიანები?
მართალია, ყველას გვაქვს უფლება, თავად გადავწყვიტოთ, რა ჩავიცვათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი ჩაცმის სტილი სხვებზე. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ მათ გრძნობებს და ვითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას: „თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, რომ აამოს თავის მოყვასს მისდა სასიკეთოდ და აღსაშენებლად“ (წაიკითხეთ რომაელების 15:1, 2).
3. რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენმა ჩაცმულობამ სხვებს იეჰოვას გაცნობის სურვილი აღუძრას?
მართალია, ყოველთვის ვცდილობთ, რომ სიტუაციის შესაფერისად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას მაშინ ვაქცევთ, როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით და სამქადაგებლო საქმეში ვმონაწილეობთ. არ გვინდა, რომ ქადაგების დროს ჩვენი ჩაცმულობით მსმენელს ყურადღება გავუფანტოთ. პირიქით, გვსურს, მიმზიდველად წარმოვაჩინოთ „ჩვენი მხსნელი ღვთის მოძღვრება“ (ტიტე 2:10).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, როგორ განვსაზღვროთ, გამოვიყურებით თუ არა ქრისტიანისთვის შესაფერისად.
4. იეჰოვასადმი პატივისცემას ვიჩენთ, თუ ღირსეულად გამოვიყურებით
უმთავრესად, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებით? წაიკითხეთ ფსალმუნის 47:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენს ჩაცმულობაზე იმან, რომ იეჰოვას მსახურები ვართ?
თქვენი აზრით, უნდა დავფიქრდეთ, როგორ გამოვიყურებით, როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით ან სამქადაგებლო საქმეში ვმონაწილეობთ? ახსენით.
5. როგორ მივიღოთ ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილება
მნიშვნელობა არ აქვს, ძვირფასი ტანსაცმელი გვაცვია თუ არა, ჩვენ სუფთად და სიტუაციის შესაბამისად უნდა გამოვიყურებოდეთ. წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:24 და 1 ტიმოთეს 2:9, 10. შემდეგ იმსჯელეთ, რატომ არ უნდა ჩავიცვათ . . .
ზედმეტად თავისუფალი ან დაუდევარი სტილის ტანსაცმელი
გამომწვევი ტანსაცმელი, მაგალითად, მოტმასნილი და ამოღებული
მართალია, ქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ ამ კანონიდან იეჰოვას თვალსაზრისის დანახვა შეგვიძლია. წაიკითხეთ კანონის 22:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ არ უნდა გამოვიყურებოდეთ ისე, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს დავემსგავსოთ?
წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:32, 33 და 1 იოანეს 2:15, 16; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ უნდა გავითვალისწინოთ როგორც თანაქრისტიანების, ისე სხვების გრძნობები?
როგორი ჩაცმის სტილია გავრცელებული იქ, სადაც ცხოვრობთ?
თქვენი აზრით, მისაღებია ასეთი სტილი ქრისტიანისთვის? ახსენით.
ზოგი ამბობს: „ჩემი გადასაწყვეტია, რას ჩავიცვამ“.
თქვენ რას ფიქრობთ?
შეჯამება:
თუ ღირსეულად გამოვიყურებით, იეჰოვას მიმართაც ვიჩენთ პატივისცემას და გარშემომყოფების მიმართაც.
გასამეორებელი კითხვები:
რატომაა იეჰოვასთვის მნიშვნელოვანი ის, თუ როგორ გამოვიყურებით?
რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ჩაცმის ან ვარცხნილობის სტილს ვირჩევთ?
როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენმა ჩაცმულობამ მათზე, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები?
გაიგეთ მეტი:
როგორ შთაბეჭდილებას ვუქმნით სხვებს ჩვენი ჩაცმულობით?
გაიგეთ, რაზე უნდა დაფიქრდეთ, სანამ ტატუს გაკეთებას გადაწყვეტთ.
შეიტყვეთ, რომელი პრინციპები დაგეხმარებათ ჩაცმის სტილის არჩევისას.
„განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?“ („საგუშაგო კოშკი“, სექტემბერი, 2016)
გაიგეთ, რა დაეხმარა ერთ ქალბატონს, პატივი ეცა სხვების არჩევანისთვის.
„ჩაცმულობა და გარეგნობა ჩემთვის დაბრკოლების ლოდი იყო“ („გამოიღვიძეთ!“, 8 იანვარი, 2004)