აცნობიერებთ სულიერი წინსვლის საჭიროებას?
„მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე“ (1 ტიმ. 4:13).
1, 2. ა) როგორ სრულდება ესაიას 60:22 ამ ბოლო დღეებში? ბ) რა საჭიროება არსებობს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილში?
„მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად“ (ეს. 60:22). ეს წინასწარმეტყველება ამ ბოლო დღეებში სრულდება. ამას ცხადყოფს ისიც, რომ 2015 სამსახურებრივ წელს მთელ მსოფლიოში 8 220 105 მაუწყებელი აქტიურად ქადაგებდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას! წინასწარმეტყველების მეორე ნაწილში ჩვენი ზეციერი მამა ამბობს: „მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. ამ სიტყვებმა თითოეულ ქრისტიანზე უნდა იქონიოს გავლენა. იმ მგზავრების მსგავსად, რომლებიც გრძნობენ, როგორ ავითარებს მანქანა სიჩქარეს თანდათან, ჩვენც ვგრძნობთ, როგორ ჩქარდება მოწაფეების მომზადების საქმე. ახდენს ეს გავლენას პირადად ჩვენზე? როგორც სამეფოს გულანთებული მაუწყებლები, ვაკეთებთ ამ საქმეში ყველაფერს, რაც შეგვიძლია? ჩვენი და-ძმებიდან ბევრი გამოთქვამს სურვილს, რომ დამხმარე ან სრული დროით პიონერად იმსახუროს. ალბათ, გვიხარია იმის დანახვაც, რომ ბევრი ეხმაურება მოწოდებას და გადადის იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა ან სხვა თეოკრატიულ საქმეებში იღებს მონაწილეობას?
2 ამასთან, ვხედავთ, რომ საჭიროა უფრო მეტი „მუშა“. ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 ახალი კრება ყალიბდება. თითოეულ კრებაში 5 უხუცესი რომ იყოს, ყოველ წელს 10 000 მომსახურე უნდა გახდეს ზედამხედველი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ათასობით ძმა უნდა შეესაბამებოდეს მომსახურის მოთხოვნებს. მნიშვნელობა არა აქვს, დები ვართ თუ ძმები, ყველას შეგვიძლია ბევრი ვიშრომოთ „უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58).
სულიერი მიზნების დასახვა
3, 4. რა სულიერი მიზნების დასახვა შეგიძლიათ პირადად?
3 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 3:1. ბერძნული ზმნა, რომელიც სწრაფვად ითარგმნა, ნიშნავს იმისკენ ხელის გაწვდენას, რაც შეიძლება მოშორებით იყოს. მოციქულმა პავლემ ეს სიტყვა გამოიყენა იმის დასანახვებლად, რომ სულიერი წინსვლისთვის ძალისხმევაა საჭირო. დავუშვათ, ძმა ფიქრობს, თუ რის გაკეთებას შეძლებს კრებაში. შესაძლოა, ის ჯერ არ მსახურობს მომსახურედ, თუმცა ესმის, რომ უნდა განივითაროს ქრისტიანული თვისებები. თავიდან ის ცდილობს, შეესაბამებოდეს მომსახურის მოთხოვნებს. მას იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში განივითარებს ზედამხედველად მსახურებისთვის აუცილებელ თვისებებს. ის ძალისხმევას არ აკლებს, რომ კრებაში მეტი პასუხისმგებლობის შესასრულებლად საჭირო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.
4 მსგავსად იმ და-ძმებმა, რომელთაც სურთ იმსახურონ პიონერად, ბეთელში ან სამეფო დარბაზების მშენებლობაზე მოხალისედ, უნდა ისწრაფონ თავიანთი მიზნის მისაღწევად. ვნახოთ, როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა თითოეულს, რომ განვაგრძოთ სულიერი წინსვლა.
განაგრძეთ წინსვლა
5. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს თავიანთი ძალა სამეფოს საქმისთვის გამოიყენონ?
5 ახალგაზრდებს ღონე ერჩით, რომ იეჰოვას მსახურებაში ბევრი აკეთონ (წაიკითხეთ იგავების 20:29). ზოგი ახალგაზრდა ბეთელელი ძმა ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვასა და აკინძვაში მონაწილეობს. ბევრი ახალგაზრდა და-ძმა მსახურობს სამეფო დარბაზების მშენებლობაზე და მონაწილეობას იღებს მათ მოვლასა თუ შეკეთებაში. სტიქიური უბედურების შემდეგ ახალგაზრდები გამოცდილ და-ძმებთან ერთად ეხმარებიან დაზარალებულებს. არაერთი ახალგაზრდა პიონერი ადგილობრივ თუ უცხო ენებზე მოსაუბრეებს უზიარებს სასიხარულო ცნობას.
6—8. ა) როგორ შეიცვალა ერთმა ახალგაზრდამ ღვთის მსახურებისადმი დამოკიდებულება და რა მოჰყვა ამას შედეგად? ბ) როგორ შეგვიძლია ვიგემოთ და ვნახოთ, რომ „კარგია იეჰოვა“?
6 უდავოა, გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, ღმერთს მთელი გულით ემსახუროთ. თუმცა შეიძლება ერთი ძმის, აარონის მსგავსად გრძნობდეთ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ის ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, მისთვის კრების შეხვედრები და სამქადაგებლო მსახურება უინტერესო იყო. აარონს სურდა, სიხარულით ემსახურა ღვთისთვის, მაგრამ ვერ გაეგო, რატომ არ განიცდიდა სიხარულს. როგორ მოიქცა ის?
7 ის მიჰყვა სულიერ განრიგს, რომელშიც შედიოდა ბიბლიის კითხვა, შეხვედრებისთვის მომზადება და მათში მონაწილეობა. მან რეგულარულად ლოცვაც დაიწყო. იეჰოვასადმი სიყვარულის გაძლიერებამ მის სულიერ წინსვლას შეუწყო ხელი. მოგვიანებით აარონი პიონერად მსახურობდა, სტიქიური უბედურებით დაზარალებულთ ეხმარებოდა და უცხო ქვეყანაში ქადაგებდა. დღეს ის ბეთელში მსახურობს და უხუცესია. რას ფიქრობს ის თავის არჩევანზე? აარონი ამბობს: «ვიგემე და ვნახე, რომ „კარგია იეჰოვა“. მისი კურთხევებისთვის უზომოდ მადლიერი ვარ და მინდა, მეტი გავაკეთო ღვთის მსახურებაში, რასაც უფრო მეტი კურთხევა მოჰყვება».
8 ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:8—10). იეჰოვა არასდროს გაუმტყუნებს იმედს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება მას. თუ ღვთისადმი მსახურებაში თავს არ დავზოგავთ, თითოეული ვიგემებთ და ვნახავთ, რომ „კარგია იეჰოვა“. ღვთისადმი მთელი სულითა და გულით თაყვანისცემას მოაქვს სიხარული, რასაც ვერაფერი შეედრება.
დაუღალავად ისწრაფეთ სულიერი მიზნებისკენ
9, 10. რატომ უნდა ვისწავლოთ მოთმინებით ლოდინი?
9 სულიერი მიზნებისკენ სწრაფვისას იყავით მომთმენი (მიქ. 7:7). იეჰოვა ყოველთვის მხარში უდგას თავის ერთგულ მსახურებს, თუმცა შეიძლება დაუშვას, რომ დამატებითი პასუხისმგებლობის მიღებამდე ან მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლამდე გარკვეული დრო გავიდეს. მართალია, ღმერთი აბრაამს დაჰპირდა, რომ ვაჟი ეყოლებოდა, მაგრამ პატრიარქს რწმენა და მოთმინება სჭირდებოდა (ებრ. 6:12—15). მიუხედავად იმისა, რომ ისაკის დაბადებამდე წლები გავიდა, აბრაამმა გული არ გაიტეხა. იეჰოვამაც არ გაუცრუა მას იმედი (დაბ. 15:3, 4; 21:5).
10 ლოდინი ადვილი არ არის (იგავ. 13:12). თუ მოლოდინი ბევრჯერ არ გაგვიმართლდა და ამაზე გამუდმებით ვფიქრობთ, შეიძლება გული გაგვიტყდეს. უფრო გონივრულია, დრო ჩვენი სულიერობის განსავითარებლად გამოვიყენოთ. განვიხილოთ ამის სამი საშუალება.
11. რა თვისებები შეგვიძლია განვივითაროთ და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი?
11 განავითარეთ ღვთისმოსაწონი თვისებები. ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი გვეხმარება, რომ შევიძინოთ სიბრძნე, წვდომისა და განსჯის უნარი, ცოდნა, ჭკუა და საღი აზროვნება. ეს ყოველივე სჭირდება მათ, ვინც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში სხვებს ხელმძღვანელობენ (იგავ. 1:1—4; ტიტ. 1:7—9). ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვისას ვიგებთ ღვთის თვალსაზრისს მრავალ საკითხზე. ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება გართობას, ჩაცმასა და ვარცხნილობას, ფულის ხარჯვასა თუ ადამიანებთან ურთიერთობას. თუ ბიბლიიდან ნასწავლს გავითვალისწინებთ, იეჰოვას მოსაწონ არჩევანს გავაკეთებთ.
12. როგორ შეუძლიათ კრების წევრებს ცხადყონ, რომ სანდონი არიან?
12 იყავით სანდო. მნიშვნელობა არა აქვს, და ვართ თუ ძმა, ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულოთ ნებისმიერი თეოკრატიული დავალება. გამგებელ ნეემიას ევალებოდა ღვთის ხალხს შორის სხვადასხვა პასუხისმგებლობის სხვებისთვის დაკისრება. ვინ დანიშნა მან ამ დავალებების შემსრულებლებად? ღვთისმოშიში, სანდო და ერთგული ადამიანები (ნეემ. 7:2; 13:12, 13). დღესაც „მმართველებისგან ერთგულება მოითხოვება“ (1 კორ. 4:2). კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ რჩება (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:25).
13. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იოსებს, თუ სხვები უსამართლოდ გექცევიან?
13 მიეცით იეჰოვას საშუალება, განგწმინდოთ. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ უსამართლოდ გექცევიან? შეიძლება მოინდომოთ, მყისვე მოაგვაროთ საკითხი. მაგრამ ზოგჯერ საკუთარი სიმართლის გაცხარებით დაცვას შეიძლება მდგომარეობის გაუარესება მოჰყვეს. იოსებს, რომელსაც ძმები ძალიან ცუდად მოექცნენ, გულში ბოღმა არ ჩაუდია. მოგვიანებით ის უსამართლოდ დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. თუმცა ამ ურთულეს პერიოდში ის იეჰოვაზე იყო მინდობილი. რა იყო შედეგი? „იეჰოვას სიტყვამ განწმინდა იგი“ (ფსალმ. 105:19). ამ განსაცდელების შემდეგ იოსები უკვე მზად იყო განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ასაღებად (დაბ. 41:37—44; 45:4—8). რთული პრობლემების დროს ლოცვაში იეჰოვას სიბრძნე და ძალა სთხოვეთ და სიტყვასა თუ საქმეში რბილი ხასიათი გამოავლინეთ. იეჰოვა აუცილებლად დაგეხმარებათ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:10).
გააუმჯობესეთ მსახურება
14, 15. ა) რატომ არის საჭირო, ყოველთვის დავუკვირდეთ ქადაგების მეთოდებს? ბ) როგორ უნდა მოერგოთ ცვლილებებს? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე და ჩარჩო „ახალ მეთოდს ხომ არ გამოიყენებთ?“)
14 პავლემ მოუწოდა ტიმოთეს: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე. ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი“ (1 ტიმ. 4:13, 16). იმ დროისთვის ტიმოთე უკვე გამოცდილი მქადაგებელი იყო. თუმცა მისი მსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნაყოფიერი, თუ ყოველთვის დაუკვირდებოდა, რას და როგორ ასწავლიდა. მას არ უნდა ეფიქრა, რომ ჩვეული მიდგომა ყოველთვის სასურველ შედეგს გამოიღებდა. ხალხისთვის რომ გულში ჩამწვდომად ესწავლებინა, მას სწავლების მეთოდები მათი საჭიროებებისთვის უნდა მოერგო. ჩვენც, როგორც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებს, იმავეს გაკეთება გვმართებს.
15 ხშირად კარდაკარ მსახურების დროს ხალხი სახლში არ გვხვდება. ზოგიერთ კორპუსში ან უბანში შესვლა უცხო პირთათვის შეუძლებელია. თუ ეს ასეა თქვენი კრების ტერიტორიაზეც, ხომ არ ჯობია, სასიხარულო ცნობის საქადაგებლად სხვა მეთოდებს მიმართოთ?!
16. როგორ შეიძლება ეფექტურად ქადაგება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?
16 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება სასიხარულო ცნობის გავრცელების შესანიშნავი მეთოდია. ბევრი ჩვენი თანამორწმუნე ეფექტურად ქადაგებს ამ მეთოდით და კარგ შედეგებსაც აღწევს. ისინი გეგმავენ მსახურებას რკინიგზისა თუ ავტობუსების სადგურებზე, ბაზრებში, პარკებსა თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში. მაუწყებელი წინდახედულობას იჩენს და საუბრის დასაწყებად ახალ ამბავს იხსენიებს, აქებს ვინმეს ბავშვს ან კითხვას უსვამს ადამიანს მის საქმიანობაზე. საუბრის დროს ის მოიხსენიებს ბიბლიურ აზრს და საუბარში იწვევს მსმენელს. ხშირად მოსაუბრის პასუხები ბიბლიურ საკითხებზე საუბრის გაგრძელების საშუალებას იძლევა.
17, 18. ა) რა დაგეხმარებათ, უფრო გაბედულად იქადაგოთ ხალხმრავალ ადგილებში? ბ) როგორ დაგეხმარებათ მსახურებაში ისეთივე სულისკვეთება, როგორიც დავითს ჰქონდა?
17 თუ ხალხმრავალ ადგილებში ქადაგება რთული გეჩვენებათ, გულს ნუ გაიტეხთ! ნიუ-იორკში მცხოვრებ პიონერ ძმას, ედის, უჭირდა ასეთ ადგილებში ხალხთან საუბარი. მაგრამ დროთა განმავლობაში ის გაბედული გახდა. რა დაეხმარა მას? ედი ამბობს: „თაყვანისცემის საღამოზე მე და ჩემი მეუღლე ვიკვლევდით, როგორ გვემსჯელა იმ საკითხებზე, რომლებსაც ადამიანები ხშირად წამოჭრიან ხოლმე. რჩევებისთვის თანამორწმუნეებსაც მივმართეთ“. დღეს ედი უკვე სიამოვნებით ქადაგებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
18 რაც უფრო დაიხვეწებით, როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებლები, და მეტ გაბედულებას შეიძენთ, მით უფრო ცხადი გახდება თქვენი სულიერი წინსვლა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:15). ამასთან, განადიდებთ ჩვენს ზეციერ მამას ისევე, როგორც დავითი, რომელიც მღეროდა: „მუდამ ვაკურთხებ იეჰოვას, გამუდმებით ვაქებ მას ჩემი ბაგეებით. იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული, თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ“ (ფსალმ. 34:1, 2). სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი მსახურების შედეგად თვინიერები სიხარულით შემოგიერთდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში.
სულიერი წინსვლით განადიდეთ ღმერთი
19. რატომ შეიძლება იყოს იეჰოვას ერთგული მსახური არახელსაყრელ ვითარებაშიც კი ბედნიერი?
19 დავითი ამბობდა: „ყველა შენი ქმნილება შეგასხამს ხოტბას, იეჰოვა, და შენი ერთგულები გაკურთხებენ. შენი მეფობის დიდებაზე ილაპარაკებენ და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ, რათა გააგებინონ ადამიანის ძეებს შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის სიდიადის დიდება“ (ფსალმ. 145:10—12). ეს სიტყვები კარგად გადმოსცემს იეჰოვას ყველა ერთგული მსახურის განწყობას. თუ ავადმყოფობა ან ასაკი გიშლით ხელს მსახურებაში, გახსოვდეთ, რომ მომვლელებისთვის ან სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებით თქვენ წმინდა მსახურებას ასრულებთ და ჩვენს დიდებულ ღმერთს განადიდებთ. თუ რწმენის გამო ხართ დაპატიმრებული, ალბათ, არ უშვებთ ხელიდან ჭეშმარიტებაზე საუბრის შესაძლებლობას, რაც გულს უხარებს იეჰოვას (იგავ. 27:11). თუ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობთ, მაგრამ სულიერ განრიგს არ არღვევთ, იცოდეთ, იეჰოვა კმაყოფილია თქვენით (1 პეტ. 3:1—4). არახელსაყრელ ვითარებაშიც კი შეიძლება იეჰოვას განდიდება და სულიერი წინსვლა.
20, 21. როგორ შეიძლება სხვებისთვის კურთხევად იქცეთ, თუ იეჰოვას ორგანიზაციაში მეტი პასუხისმგებლობა მოგენდოთ?
20 იეჰოვა აუცილებლად გაკურთხებთ, თუ განაგრძობთ სულიერ წინსვლას. თუ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და განრიგში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანთ, მეტად შეძლებთ ჭეშმარიტების გაზიარებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც იმედი სჭირდება. ამასთან, თქვენი სულიერი წინსვლითა და თავგანწირული მსახურებით თანამორწმუნეებისთვის ნამდვილ კურთხევად იქცევით. კრებაში თავმდაბლურად გაწეული შრომისთვის იეჰოვას მოყვარულთა სიყვარულს, პატივისცემასა და მხარდაჭერას დაიმსახურებთ.
21 მნიშვნელობა არა აქვს, მრავალი წელია ვემსახურებით იეჰოვას თუ მხოლოდ რამდენიმე თვე, ყველას შეგვიძლია გავიზარდოთ სულიერად. როგორ შეუძლიათ მოწიფულ ქრისტიანებს, დაეხმარონ ახლებს სულიერი მიზნების დასახვასა და განხორციელებაში? ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.