ბიბლიის წიგნი 54 — 1 ტიმოთე
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: მაკედონია
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 61—64
1, 2. ა) რას ვიგებთ პავლეს პატიმრობის შესახებ „საქმეებიდან“ და „მეორე ტიმოთედან“? ბ) სავარაუდოდ, როდის დაიწერა „პირველი ტიმოთე“ და საიდან ვასკვნით ამას?
„საქმეებში“ პავლეს შესახებ თხრობა მთავრდება იმით, რომ ის რომში ელოდება კეისართან გასაჩივრებული საქმის პასუხს. ბოლო მუხლებიდან ვიგებთ, რომ პავლე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და ღვთის სამეფოს შესახებ „უდიდესი სითამამით, შეუფერხებლად“ უქადაგებდა ყველა მნახველს (საქ. 28:30, 31). ტიმოთესთვის მიწერილ მეორე წერილში კი პავლე ამბობს: „ბოროტებას ვითმენ და საპყრობილის ბორკილებიც კი მადევს, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო“. ის აგრეთვე ამბობს, რომ მისი სიკვდილი მოახლოებულია (2 ტიმ. 2:9; 4:6—8). სიტუაცია შეიცვალა. პირველ შემთხვევაში მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში საშიშ დამნაშავედ თვლიდნენ. „საქმეებში“ ლუკას მონათხრობი ახ. წ. 61 წელს (ამ დროისთვის უკვე ორი წელი იყო გასული, რაც პავლე რომში იმყოფებოდა) უნდა უკავშირდებოდეს, ტიმოთეს კი პავლემ თავისი მდგომარეობის შესახებ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მისწერა. რა მოხდა ამ პერიოდში?
2 ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტიმოთეს და ტიტეს წერილები პავლემ „საქმეებში“ აღწერილი მოვლენების შემდეგ მისწერა. ამის საფუძველზე ზოგი ბიბლეისტი იმ დასკვნამდე მიდის, რომ პავლეს საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა და დაახლოებით ახ. წ. 61 წელს ის გაათავისუფლეს. ერთ ნაშრომში ნათქვამია: «„საქმეების“ ბოლო მუხლს უფრო ამ აზრამდე მივყავართ [რომ ორწლიანი პატიმრობის შემდეგ პავლე გაათავისუფლეს] და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პატიმრობა მისი სიკვდილით დამთავრდა. ლუკა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პავლეს ხელს არაფერი უშლიდა მსახურებაში, და ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, რომ მის მსახურებას ბოლო ჯერ არ უჩანდა»a. აქედან გამომდინარე, „პირველი ტიმოთე“ პავლემ დაწერა დაახლოებით ახ. წ. 61—64 წლებში, ანუ რომში პირველი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვიდრე მეორედ დააპატიმრებდნენ ამავე ქალაქში.
3, 4. ა) გათავისუფლების შემდეგ, როგორც ჩანს, რა გააკეთა პავლემ? ბ) სად დაწერა პავლემ „პირველი ტიმოთე“?
3 გათავისუფლების შემდეგ პავლემ, როგორც ჩანს, გააგრძელა მისიონერული მსახურება ტიმოთესთან და ტიტესთან ერთად. ზოგი თვლის, რომ მან ესპანეთამდეც მიაღწია, თუმცა რთულია ამის დაბეჯითებით თქმა. კლემენტ რომაელი წერდა (დაახლ. ახ. წ. 95), რომ პავლე „დასავლეთის კიდეებს მისწვდა“, რაშიც შესაძლოა ესპანეთიც შედიოდაb.
4 საიდან მისწერა პავლემ ტიმოთეს პირველი წერილი? 1 ტიმოთეს 1:3-დან ჩანს, რომ პავლემ ტიმოთე ეფესოში დატოვა კრებაში გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად, თვითონ კი მაკედონიაში წავიდა. სავარაუდოდ, ეფესოში მყოფ ტიმოთეს ეს წერილი მან მაკედონიიდან მისწერა.
5. რა ადასტურებს ტიმოთესთვის მიწერილი ორივე წერილის კანონიკურობას?
5 ტიმოთესთვის მიწერილ ორივე წერილს ოდითგანვე მიაკუთვნებდნენ პავლეს და წმინდა წერილების ნაწილად თვლიდნენ. ამ აზრს იზიარებდნენ ადრინდელი ქრისტიანი მწერლები, მათ შორის პოლიკარპე, იგნატი ანტიოქიელი და კლემენტ რომაელი. ეს წერილები შესულია ადრეული საუკუნეების ნუსხებში, როგორც პავლეს წერილები. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ახალი აღთქმის წიგნებში ცოტას თუ მოეპოვება კანონიკურობის დამადასტურებელი ამდენი დოკუმენტური მასალა . . . ადრინდელი ეკლესიის მტკიცებების ფონზე ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი არგუმენტი ნოვატორულ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ“c.
6. ა) რა მიზეზების გამო დაწერა პავლემ „პირველი ტიმოთე“? ბ) რა არის ცნობილი ტიმოთეს წარმომავლობაზე და რა მეტყველებს იმაზე, რომ ის გულმოდგინე მსახური იყო?
6 პავლემ ტიმოთეს პირველი წერილი იმიტომ მისწერა, რომ უკეთ აეხსნა კრებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. ამასთანავე, მან ტიმოთეს ურჩია, უყურადღებოდ არ დაეტოვებინა ცრუსწავლებები და განემტკიცებინა ძმები, რათა „ეგრეთ წოდებულ ცოდნას“ გავლენა არ მოეხდინა მათზე (1 ტიმ. 6:20). ვინაიდან ეფესო მდიდარი ქალაქი იყო, იქაური ძმებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა მატერიალიზმი და „ფულის სიყვარული“. ამიტომ პავლემ საჭიროდ ჩათვალა რჩევის მიცემა ამ საკითხთან დაკავშირებითაც (6:10). ტიმოთეს უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა და მომზადებული იყო ამ დავალების შესასრულებლად. მამამისი ბერძენი იყო, დედამისი კი — ღვთისმოშიში იუდეველი. ზუსტად არ არის ცნობილი, პირველად როდის დაუკავშირდა ტიმოთე ქრისტიანებს. როდესაც პავლე მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს (როგორც ჩანს, ახ. წ. 49 წლის ბოლოს ან 50 წლის დასაწყისში) ლისტრაში ჩავიდა, ტიმოთეს (რომელიც 20 წლამდე ან 20 წელს ცოტა გადაცილებული იყო) „ლისტრელი და იკონიონელი ძმები . . . დადებითად ახასიათებდნენ“. ამიტომ პავლემ ის სილასთან ერთად თან გაიყოლა მსახურებაში (საქ. 16:1—3). ტიმოთე სახელით არის მოხსენიებული „საქმეებში“ და პავლეს 14 წერილიდან 11-ში. პავლე ყოველთვის მამასავით ზრუნავდა მასზე და რამდენჯერმე დაავალა სხვადასხვა კრების მონახულება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტიმოთე გულმოდგინე მსახური იყო და კარგად ართმევდა თავს სერიოზულ პასუხისმგებლობებს (1 ტიმ. 1:2; 5:23; 1 თეს. 3:2; ფილ. 2:19).
შინაარსი
7. რატომ მოუწოდებს პავლე ტიმოთეს, დარჩეს ეფესოში?
7 სუფთა სინდისისა და უთვალთმაქცო რწმენის აუცილებლობა (1:1—20). პავლე ესალმება ტიმოთეს, „ჭეშმარიტ შვილს რწმენაში“ და მოუწოდებს, რომ ეფესოში დარჩეს. ტიმოთემ უნდა გამოასწოროს ზოგიერთები, რათა ‘განსხვავებული არაფერი ასწავლონ’. ასეთი სწავლება უაზრო კითხვებს წამოჭრის და რწმენას არაფერს რგებს. პავლე ამბობს, რომ ამ მითითების მიზანია, „ჰქონდეთ სიყვარული სუფთა გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით“. ის დასძენს: „ზოგიერთები განუდგნენ ამ ყველაფერს და უაზრო ლაპარაკს მოჰყვნენ“ (1:2, 3, 5, 6).
8. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ღმერთმა პავლეს მიმართ წყალობა გამოავლინა და რისკენ მოუწოდა მან ტიმოთეს?
8 მართალია, პავლე ადრე ღვთისმგმობელი და ქრისტიანების მდევნელი იყო, მაგრამ უფლის წყალობამ „იუხვა რწმენასთან და ქრისტე იესოში სიყვარულთან ერთად“ და ღმერთმა ის შეიწყალა. პავლე პირველი იყო ცოდვილთა შორის. ქრისტე იესომ, რომელიც „ცოდვილთა სახსნელად მოვიდა ქვეყნიერებაში“, თავისი სულგრძელობა ნიმუშად აჩვენა პავლეს შემთხვევით. მარადიულობის მეფე იმსახურებს პატივსა და დიდებას მარადიულად! პავლე მოუწოდებს ტიმოთეს, განაგრძოს ღირსეულ ბრძოლაში მონაწილეობა და ჰქონდეს „რწმენა და სუფთა სინდისი“. ის არ უნდა დაემსგავსოს მათ, ვისაც „რწმენა ხომალდივით დაემსხვრა“, მაგალითად ჰიმენეოსსა და ალექსანდრეს, რომლებიც პავლემ ღვთისგმობაში ამხილა (1:14, 15, 19).
9. ა) ვისთვის უნდა ლოცულობდნენ ქრისტიანები და რატომ? ბ) როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები კრებაში?
9 მითითებები თაყვანისმცემლობასა და კრებასთან დაკავშირებით (2:1—6:2). ქრისტიანებმა ლოცვები უნდა აღავლინონ ყველანაირი ადამიანისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია, რათა მშვიდად იცხოვრონ ღვთისადმი სრული ერთგულებით. ღვთის ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს. ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო, რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის“ (2:4—6). პავლე ამის დასამოწმებლად იყო დანიშნული მქადაგებლად და მოციქულად. მას სურს, რომ მამაკაცები ლოცულობდნენ, ქალების მშვენება კი მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში იყოს, ისე როგორც შეეფერებათ ღვთისმოშიშებს. ქალმა ხმის ამოუღებლივ უნდა ისწავლოს და არ იბატონოს კაცზე, „ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა“ (2:13).
10. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ზედამხედველები და მომსახურეები და რატომ სწერს პავლე ტიმოთეს ამის შესახებ?
10 თუ კაცი ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია. პავლე აღნიშნავს, თუ რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ ზედამხედველები და მომსახურეები. ზედამხედველი უნდა იყოს: „ბრალდაუდებელი, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი, სტუმართმოყვარე, უნდა შეეძლოს სწავლება; არ უნდა იყოს ლოთი და აყალმაყალის ამტეხი, არც მოჩხუბარი, არამედ იყოს გონიერი, არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი, ფულის მოყვარული; ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ . . . არ უნდა იყოს ახალმოქცეული . . . აგრეთვე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისგან“ (3:2—7). მომსახურეებსაც იგივე მოეთხოვებათ; ისინი უნდა გამოიცადონ, გამოდგებიან თუ არა მსახურებისთვის. პავლე ამ ყველაფერს იმიტომ სწერს ტიმოთეს, რომ იცოდეს, როგორ მოიქცეს ღვთის კრებაში, რომელიც „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენია“ (3:15).
11. ა) რა მოხდებოდა გარკვეული დროს გასვლის შემდეგ? ბ) რისთვის უნდა მიექცია ტიმოთეს ყურადღება და რატომ?
11 გავა დრო და ზოგიერთები დემონური სწავლებების გამო რწმენას განუდგებიან. თვალთმაქცი მატყუარები აკრძალავენ დაქორწინებას და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საჭმელს, რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მადლიერებით იყოს მიღებული. ტიმოთე, როგორც კარგი მსახური, უნდა მოერიდოს „დედაბრების მოყოლილ“ ზღაპრებს. მან უნდა ისწრაფოს ღვთისადმი ერთგულებისკენ და მასში გაიწაფოს. პავლე ამბობს: „ამისთვის ვირჯებით და თავს არ ვზოგავთ, რადგან ჩვენ ცოცხალი ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველანაირი ადამიანის, განსაკუთრებით კი ერთგულთა მხსნელია“. ამიტომაც ტიმოთემ გამუდმებით უნდა ჩააგონოს ეს ყველაფერი ეფესოელ ქრისტიანებს და ასწავლოს. არავინ უნდა დაუწყოს მას ზემოდან ყურება ახალგაზრდობის გამო. ტიმოთე მაგალითი უნდა იყოს საქციელში და ღვთისმსახურებაში; ამაზე უნდა იფიქროს და ამით დაკავდეს; ყოველთვის უნდა დაუკვირდეს როგორც საკუთარ თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლის; თუ ‘ყოველთვის ასე მოიქცევა, თავსაც იხსნის და მსმენელებსაც’ (4:7, 10, 16).
12. პავლეს რჩევისამებრ, როგორ უნდა ეპყრობოდნენ ქრისტიანები ქვრივებსა და სხვებს?
12 პავლე უხსნის ტიმოთეს, თუ ვის როგორ მოექცეს: უფროსი ასაკის მამაკაცებს — მამასავით, ახალგაზრდა მამაკაცებს — ძმასავით, უფროსი ასაკის ქალებს — დედასავით და ახალგაზრდა ქალებს — დასავით. ქვრივებს სათანადო პატივი უნდა სცენ. თუ შესაძლებელია, ქვრივზე მისი ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ. ვინც ამას არ აკეთებს, რწმენა უარყო. ქვრივი, რომელიც არანაკლებ სამოცი წლისაა, უნდა შეიტანონ სიაში, თუ „კარგი საქმეები გაუკეთებია“ (5:10). სიაში არ უნდა შეიყვანონ ახალგაზრდა ქვრივები, რომლებიც ვნებას ვერ ერევიან. წანწალისა და ჭორაობის ნაცვლად, უნდა გათხოვდნენ და შვილები გააჩინონ, რათა მოწინააღმდეგეებს ლანძღვის საბაბი არ მისცენ.
13. როგორ უნდა უყურებდნენ უხუცესებს, როგორ უნდა მოეპყრონ ცოდვის ჩამდენს და რა მოეთხოვებათ მონებს?
13 ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ, „განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“ (5:17). ტიმოთემ არ უნდა მიიღოს უხუცესის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება, სანამ ორი ან სამი მოწმე არ დაადასტურებს. ცოდვის ჩამდენი ყველას წინაშე უნდა შეაგონოს, მაგრამ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე უნდა დაიცვას ეს ყველაფერი და ამოჩემებით არაფერი აკეთოს. მონებმა პატივი უნდა სცენ თავიანთ ბატონებს და კეთილსინდისიერად ემსახურონ, განსაკუთრებით ძმებს, რომლებიც „მორწმუნენი და საყვარელნი არიან“ (6:2).
14. რას ამბობს პავლე სიამაყესა და ფულის სიყვარულზე, და სინამდვილეში რა არის დიდი მონახვეჭი?
14 ღვთისადმი ერთგულება და იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს (6:3—21). ის, ვინც არ ეთანხმება ჯანსაღ სიტყვებს, გაყოყოჩებულია, კამათის სენით არის შეპყრობილი და იწყებს წვრილმანებზე ცხარე კამათს. სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო „ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“. ვისაც აქვს ტანსაცმელი და თავშესაფარი, კმაყოფილი უნდა იყოს. ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, მახეში ებმება, რადგან „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“. პავლე ტიმოთეს ღვთის ადამიანს უწოდებს და ეუბნება, გაექცეს ამ ყოველივეს, ისწრაფოს ქრისტიანული თვისებების განვითარებისკენ, იბრძოლოს რწმენის ღირსეულ ბრძოლაში და მტკიცედ ჩაეჭიდოს „მარადიულ სიცოცხლეს“ (6:6, 10, 12). მან „სუფთად და ბრალდაუდებლად“ უნდა დაიცვას მცნება უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებამდე. მდიდრებმა „იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე [უნდა] დაამყარონ“, რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს. ბოლოს პავლე ტიმოთეს მოუწოდებს, დაიცვას მინდობილი, ზურგი აქციოს წმინდის შემბღალავ ლაპარაკს და „წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში“ (6:14, 17, 20).
რატომ არის სასარგებლო
15. რას ამბობს პავლე არაფრის მომტან და ფილოსოფიურ შეხედულებებზე?
15 ეს წერილი მკაცრად აფრთხილებს მათ, ვინც გატაცებულია არაფრის მომტანი და ფილოსოფიური შეხედულებებით. ქრისტიანები არ უნდა ‘ეკიდებოდნენ სიტყვებს’ და არ უნდა გაამაყდნენ. როგორც პავლე ამბობს, ეს ხელს უშლის სულიერ წინსვლას და ‘გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრის იმის ნაცვლად, რომ მოემსახუროს იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს და რწმენას უკავშირდება’ (6:3—6; 1:4). ისევე როგორც ხორცის საქმეები, ფუჭი მსჯელობები „ეწინააღმდეგება ჯანსაღ სწავლებას, რომელიც შეესაბამება ბედნიერი ღვთის დიდებულ სასიხარულო ცნობას“ (1:10, 11).
16. რას ურჩევს პავლე ქრისტიანებს ფულის სიყვარულთან დაკავშირებით?
16 ეფესოში მცხოვრები ქრისტიანები, როგორც ჩანს, საჭიროებდნენ რჩევებს, რათა მატერიალიზმს გავლენა არ მოეხდინა მათზე და მთელი ყურადღება სულიერზე ჰქონოდათ გადატანილი. პავლემ მათ ურჩია: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“. ამ სიტყვებს ბევრი იმეორებს, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ითვალისწინებს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყოველთვის მართებთ პავლეს რჩევის თანახმად მოქმედება. ამაზე მათი სიცოცხლეა დამოკიდებული. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არ გაებან მატერიალიზმის მახეში და „იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“ (6:6—12, 17—19).
17. ტიმოთესათვის მიცემული რომელი რჩევა გამოადგებათ დღევანდელ ახალგაზრდა მსახურებს?
17 პავლეს წერილიდან ვხედავთ, რომ ტიმოთე თვითონ იძლეოდა იმის მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა ქრისტიანი. ასაკის მიუხედავად, ის სულიერად მოწიფული იყო. ტიმოთე ზედამხედველად მსახურობდა და სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. მაგრამ წინსვლის გასაგრძელებლად მას კვლავაც ‘უნდა ეფიქრა ამაზე და ამით დაკავებულიყო’. ეს საყურადღებოა დღევანდელი ახალგაზრდებისთვისაც. ყველას, ვისაც სურს სულიერად წინ წაიწიოს, გამოადგება პავლეს რჩევა: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (4:15, 16).
18. რა არის წერილში ნათქვამი თეოკრატიულ პრინციპებზე და რატომ იშველიებს პავლე ებრაულ წერილებს?
18 ეს წერილი გვეხმარება თეოკრატიული პრინციპების დაფასებაში. მასში ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მამაკაცებსა და ქალებს თავიანთი წვლილის შეტანა კრების სათანადოდ ფუნქციონირებაში (2:8—15). შემდეგ მოცემულია მოთხოვნები ზედამხედველებისა და მომსახურეებისთვის. ამრიგად, წმინდა სულის ხელმძღვანელობით დადგენილია, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ძმები, რომლებიც ამ პასუხისმგებლობებს ასრულებენ. ეს წერილი ღვთისადმი მიძღვნილ ყველა მსახურს მოუწოდებს იმისკენ, რომ შეესაბამებოდნენ ამ მოთხოვნებს. მასში ნათქვამია: „თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია“ (3:1—13). წერილში განხილულია, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქმე ვინმესთვის ბრალდებების წაყენების შემთხვევაში და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ზედამხედველებს კრების წევრებისადმი ასაკისა თუ სქესის მიუხედავად. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უხუცესები, რომლებიც ბევრს ირჯებიან სიტყვასა და სწავლების საქმეში, ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ. ამის დასტურად პავლე ორ ციტატას იშველიებს ებრაული წერილებიდან: «რადგან დაწერილია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“ და „მუშა თავისი გასამრჯელოს ღირსია“» (1 ტიმ. 5:1—3, 9, 10, 19—21, 17, 18; კან. 25:4; ლევ. 19:13).
19. რას ურჩევს პავლე მათ, ვისაც ღვთის სამეფოს იმედი აქვთ?
19 ამ შესანიშნავი რჩევების მიცემის შემდეგ პავლე აღნიშნავს, რომ ‘საჭიროა მცნების დაცვა სუფთად და ბრალდაუდებლად, ვიდრე გამოცხადდება ჩვენი უფალი იესო ქრისტე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი’. წერილის ბოლოს ქრისტიანებს, რომელთაც სამეფოს იმედი აქვთ, პავლე მოუწოდებს: „აკეთონ სიკეთე, გამდიდრდნენ კარგი საქმეებით, იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები, მოაგროვონ განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:14, 15, 18, 19). „პირველ ტიმოთეში“ ჩაწერილი რჩევები ნამდვილად სასარგებლოა!
[სქოლიოები]
a The New Westminster Dictionary of the Bible, 1970, რედაქტორი ჰ. გემანი, გვ. 721.
c New Bible Dictionary, მეორე გამოცემა, 1986, რედაქტორი ჯ. დაგლასი, გვ. 1203.