ბიბლიური მუხლების ახსნა
2 ტიმოთეს 1:7 — „არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სული მოშიშებისა“
„ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2 ტიმოთე 1:7, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სული მოშიშებისა, არამედ ძლიერების, სიყვარულის და თავდაჭერისა“ (2 ტიმოთე 1:7, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
2 ტიმოთეს 1:7-ის ახსნა
ღმერთი ადამიანს ძალას აძლევს, რომ გაბედული იყოს და სწორად მოიქცეს. მას არ სურს, შიშმა შეგვიშალოს ხელი, მას ვასიამოვნოთ.
მოდი ამ მუხლის საფუძველზე ვიმსჯელოთ, როგორ გვეხმარება ღმერთი, შიშმა არ გვძლიოს.
„ძლიერება“. ქრისტიანები ყოველთვის გაბედულად ემსახურებოდნენ ღმერთს და არავის და არაფერს უშინდებოდნენ (2 კორინთელები 11:23—27). რა ეხმარება დღემდე ქრისტიანებს, ასე მოიქცნენ? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული პავლეს სიტყვებიდან ვიგებთ: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13). ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს სირთულეების გადასალახავად აძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7).
„სიყვარული“. ქრისტიანს ღვთისადმი ძლიერი სიყვარული ეხმარება, გაბედულად დადგეს სიმართლის მხარეს. გარდა ამისა, მოყვასის სიყვარული აღძრავს მას, სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინააღმდეგობას ხვდება ან საფრთხე ემუქრება (იოანე 13:34; 15:13).
„საღი აზროვნება“. საღად აზროვნება ქრისტიანს ეხმარება, ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. საღად მოაზროვნე ქრისტიანი კრიტიკულ სიტუაციებშიც არ კარგავს ლოგიკურად მსჯელობის უნარს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების აზრი კი არა, ღვთის მოწონების დამსახურებაა, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას მის თვალსაზრისს ითვალისწინებს.
2 ტიმოთეს 1:7-ს კონტექსტი
მოციქულმა პავლემ ეს წერილი თავის ახალგაზრდა მეგობარს და თანამსახურს, ტიმოთეს მისწერა. მან თბილი სიტყვებით წაახალისა იგი, რომ კვლავაც ბოლომდე დახარჯულიყო ღვთის მსახურებაში (2 ტიმოთე 1:1, 2). ტიმოთე, როგორც ჩანს, მორცხვი და გაუბედავი იყო, რის გამოც ზოგჯერ შესაძლოა ქრისტიანულ კრებაში თამამად ვერ მოქმედებდა (1 ტიმოთე 4:12). პავლემ მას შეახსენა, რომ დავალება, რომელსაც ასრულებდა, ღვთისგან მიღებული ძღვენი იყო, და მოუწოდა, რომ როგორც ზედამხედველს კრებაში თამამად გამოეყენებინა ღვთისგან მიცემული უფლებამოსილება, გაბედულად ექადაგა სასიხარულო ცნობა და მოთმინებით აეტანა განსაცდელები (2 ტიმოთე 1:6—8).
მართალია, პავლემ ეს წერილი უშუალოდ ტიმოთეს მისწერა, მაგრამ აქ ჩაწერილი სიტყვები დღესაც არწმუნებს ღვთის მსახურებს, რომ რა განსაცდელსაც არ უნდა შეხვდნენ, ღმერთი საჭირო დახმარებას აღმოუჩენს მათ.