ბიბლიის წიგნი 41 — მარკოზი
დამწერი: მარკოზი
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 60—65
მოიცავს პერიოდს: ახ. წ. 29—33
1. რა ვიცით მარკოზისა და მისი ოჯახის შესახებ?
როდესაც იესო დააპატიმრეს გეთსემანეში და მოციქულები გაიქცნენ, მას თან გაჰყვა „ერთი ახალგაზრდა . . . რომელსაც შიშველ სხეულზე საუკეთესო სელის ტანსაცმელი ეცვა“. როცა მისი შეპყრობაც სცადეს, „ტანსაცმელი შეატოვა მათ და შიშველი გაიქცა“. ფიქრობენ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი მარკოზი იყო. „საქმეებში“ ის მოხსენიებულია როგორც „მარკოზად წოდებული იოანე“. როგორც ჩანს, ის იერუსალიმში ცხოვრობდა და შეძლებული ოჯახის შვილი იყო. მათ ჰქონდათ საკუთარი სახლი და ჰყავდათ მსახურები. დედამისი, მარიამიც, ქრისტიანი იყო და ქრისტიანები მათ სახლში იკრიბებოდნენ. ერთხელ, როცა ანგელოზმა საპყრობილიდან გაათავისუფლა, პეტრე ამ სახლში მივიდა, სადაც ძმები იყვნენ შეკრებილნი (მარ. 14:51, 52; საქ. 12:12, 13).
2, 3. ა) როგორც ჩანს, რამ აღძრა მარკოზი მისიონერული მსახურებისკენ? ბ) რა ურთიერთობა ჰქონდა მას სხვა მისიონერებთან, განსაკუთრებით პეტრესთან და პავლესთან?
2 მისიონერი ბარნაბა — ლევიანი, წარმოშობით კვიპროსელი — მარკოზის ახლო ნათესავი იყო (საქ. 4:36; კოლ. 4:10). როცა ბარნაბა პავლესთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა შიმშილობის დროს ძმების დასახმარებლად, მარკოზს პავლეს გაცნობის შესაძლებლობა მიეცა. კრებაში ასეთმა ურთიერთობამ და გულმოდგინე მქადაგებელთა სტუმრობამ მარკოზს მისიონერად მსახურების სურვილი გაუღვივა. შედეგად, ის თან გაჰყვა პავლესა და ბარნაბას პირველ მისიონერულ მოგზაურობაში. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პამფილიის პერგეში მარკოზი ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა (საქ. 11:29, 30; 12:25; 13:5, 13). ამიტომ პავლემ აღარ მოინდომა მეორე მისიონერულ მოგზაურობაში მარკოზის წაყვანა, რის გამოც პავლესა და ბარნაბას შორის უთანხმოება მოხდა. პავლემ თან წაიყვანა სილა, ბარნაბამ კი თავისი ბიძაშვილი მარკოზი გაიყოლა და მასთან ერთად ხომალდით კვიპროსში წავიდა (საქ. 15:36—41).
3 მარკოზი ერთგული მსახური აღმოჩნდა. მან დიდი დახმარება გაუწია არა მარტო ბარნაბას, არამედ მოგვიანებით მოციქულ პეტრესა და პავლეს. როცა პავლე რომში პირველად დააპატიმრეს (დაახლ. ახ. წ. 60-61), მარკოზი მის გვერდით იყო (ფლმ. 1, 24). ახ. წ. 62—64 წლებში მარკოზი პეტრესთან ერთად იმყოფებოდა ბაბილონში (1 პეტ. 5:13). როცა პავლე კვლავ დააპატიმრეს რომში (როგორც ჩანს, ახ. წ. 65 წელს), მან წერილში ტიმოთეს სთხოვა: „მარკოზიც წამოიყვანე, რადგან მსახურებაში დამჭირდება“ (2 ტიმ. 1:8; 4:11). ამის შემდეგ მარკოზზე ბიბლიაში აღარაფერია ნათქვამი.
4—6. ა) საიდან უნდა სცოდნოდა მარკოზს იესოს ცხოვრებასთან დაკავშირებული დეტალები? ბ) რა მეტყველებს იმაზე, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტრესთან? გ) მაგალითად მოიყვანეთ მარკოზის სახარების რამდენიმე მონაკვეთი, რომლებშიც იგრძნობა პეტრეს გავლენა.
4 სწორედ ეს მარკოზია მიჩნეული ყველაზე პატარა სახარების დამწერად. მან, როგორც იესოს მოციქულთა თანამსახურმა, ცხოვრება სასიხარულო ცნობის მსახურებას მიუძღვნა. მაგრამ ის არ შედიოდა 12 მოციქულის რიცხვში და უშუალოდ იესოსთან ერთად არ მსახურობდა. საიდან გაიგო მან წვრილმანები იესოს მსახურების შესახებ, რაც თავის სახარებაში აღწერა? პაპიასის, ორიგენესა და ტერტულიანეს გადმოცემით, მან ეს ყველაფერი გაიგო პეტრესგან, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდაa. პეტრემ მას თავისი შვილიც კი უწოდა (1 პეტ. 5:13). თითქმის ყველაფერი, რაც მარკოზმა აღწერა, პეტრეს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ამიტომ მარკოზს პეტრესგან შეეძლო ბევრი ისეთი რამ გაეგო, რაც სხვა სახარებებში არ გვხვდება. მაგალითად, მარკოზი მოიხსენიებს ზებედეს „მოჯამაგირეებს“; კეთროვანს, რომელმაც „მუხლი მოიყარა“ და იესოს განკურნება სთხოვა; დემონით შეპყრობილ კაცს, რომელიც „ქვებით ისერავდა სხეულს“; ‘დიდი ძლიერებითა და დიდებით ღრუბლებში მომავალი კაცის ძის’ შესახებ წინასწარმეტყველებას, რომელიც იესომ ზეთისხილის მთაზე წარმოთქვა, როცა „ტაძარს გადაჰყურებდა“ (მარ. 1:20, 40; 5:5; 13:3, 26).
5 პეტრეს თავისი ხასიათიდან გამომდინარე შეეძლო კარგად გადაეცა მარკოზისთვის იესოს განცდები და გრძნობები. მარკოზი ხშირად გადმოგვცემს, თუ რას გრძნობდა და როგორ რეაგირებდა იესო ამა თუ იმ სიტუაციაში. მაგალითად, მის სახარებაში ვკითხულობთ, რომ „აღშფოთებულმა და უზომოდ დამწუხრებულმა [იესომ], თვალი მოავლო“ ხალხს; და რომ მან „მძიმედ ამოიოხრა სულით“ (3:5; 7:34; 8:12). სწორედ მარკოზის სახარებიდან ვიგებთ, რომ იესო „სიყვარულით აღიძრა“ მდიდარი ახალგაზრდა მმართველის მიმართ (10:21). უდიდესი სითბო ჩანს იესოს მოქმედებაში, როცა მან არა მარტო მოწაფეების შუაში ჩააყენა ბავშვი, არამედ „ხელი მოხვია“ მას, სხვა შემთხვევისას კი „მოეხვია ბავშვებს“ (9:36; 10:13—16).
6 მარკოზის სახარება გამოირჩევა მოქმედებისკენ აღმძვრელი, ცოცხალი ენით, რაშიც აშკარად იგრძნობა პეტრეს გავლენა. მისი კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მარკოზი ძლივს ეწევა მოვლენების სვლას. მაგალითად, ის ხშირად იყენებს სიტყვას „მაშინვე“, რაც დრამატულს ხდის თხრობას.
7. რით განსხვავდება მარკოზის სახარება მათეს სახარებისგან?
7 მარკოზს ხელი მიუწვდებოდა მათეს სახარებაზე. მის სახარებაში ჩაწერილი ინფორმაციის მხოლოდ 7 პროცენტი არ გვხვდება სხვა სახარებებში. ამის მიუხედავად არ უნდა დავასკვნათ, რომ მარკოზმა უბრალოდ შეამოკლა მათეს სახარება და რამდენიმე დეტალი დაურთო. მათე იესოს აღთქმულ მესიად და მეფედ წარმოგვიდგენს, მარკოზი კი მის ცხოვრებასა და საქმიანობას სხვა კუთხით აღგვიწერს. მარკოზი უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს ღვთის ძის სასწაულებზე და იმაზე, რომ ის მხსნელია. მარკოზი ნაკლებად ეხება იესოს ქადაგებასა და სწავლებას, ის ძირითად აქცენტს მის საქმეებზე აკეთებს. მის სახარებაში შედარებით ნაკლებად გვხვდება იგავები, იესოს საუბარი ვრცლად მხოლოდ ერთგან არის გადმოცემული, მთაზე ქადაგება კი საერთოდ გამოტოვებულია. ამიტომ მარკოზის სახარება შედარებით მოკლეა, თუმცა აღწერილი მოვლენების რაოდენობით სხვა სახარებებს არ ჩამოუვარდება. მასში, სულ მცირე, 19 სასწაულია ნახსენები.
8. რა ამტკიცებს იმას, რომ მარკოზის სახარება ძირითადად რომაელებისთვის დაიწერა?
8 მათემ თავისი სახარება ებრაელებისთვის დაწერა, მარკოზმა კი, როგორც ჩანს, ძირითადად რომაელებისთვის. საიდან ვასკვნით ამას? მოსეს კანონი მხოლოდ მაშინ არის ნახსენები, როცა სხვების საუბრებია აღწერილი, იესოს გენეალოგია კი არ გვხვდება. მარკოზი ყურადღებას ამახვილებს ქრისტეს სახარების საყოველთაო მნიშვნელობაზე. ის განმარტებებს ურთავს იუდეველთა წეს-ჩვეულებებსა და მოძღვრებებს, რომლებიც შეიძლება უცნობი ყოფილიყო არაებრაელი მკითხველისთვის (2:18; 7:3, 4; 14:12; 15:42). არამეულ სიტყვებსა და ფრაზებს ის თარგმნის (3:17; 5:41; 7:11, 34; 14:36; 15:22, 34). მარკოზი აკონკრეტებს გეოგრაფიულ სახელწოდებებს და პალესტინაში გავრცელებულ მცენარეებთან დაკავშირებულ დეტალებს (1:5, 13; 11:13; 13:3). ებრაული მონეტების ღირებულება რომაული ეკვივალენტით არის მოცემული (12:42, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). სახარების სხვა დამწერებთან შედარებით, ის უფრო მეტ ლათინურ სიტყვას იყენებს. მაგალითად: „სპეკულატორ“ (მცველი), „პრეტორიუმ“ (გამგებლის სასახლე) და „ცენტურიონ“ (ასისთავი) (6:27; 15:16, 39).
9. სად და როდის დაიწერა მარკოზის სახარება, და რა ადასტურებს მის კანონიკურობას?
9 ვინაიდან მარკოზმა თავისი სახარება, პირველ რიგში, როგორც ჩანს, რომაელებისთვის დაწერა, სავარაუდოდ ეს მას რომში უნდა გაეკეთებინა. ადრინდელი საეკლესიო მწერლების გადმოცემებსა და წიგნის შინაარსს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ის რომში დაიწერა პავლე მოციქულის პირველი ან მეორე პატიმრობის დროს, ახ. წ. 60—65 წლებში. ამ წლებში მარკოზი, სულ მცირე, ერთხელ მაინც იმყოფებოდა რომში, შესაძლოა ორჯერაც კი. მეორე და მესამე საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი ადამიანებიც ადასტურებენ იმას, რომ ეს სახარება მარკოზის დაწერილია. უკვე მეორე საუკუნის შუა ხანებში ეს სახარება ქრისტიანთა შორის ხელიდან ხელში გადადიოდა. მარკოზის სახარება შეტანილია ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველა უძველეს ნუსხაში, რაც ადასტურებს მის კანონიკურობას.
10. ითვლება თუ არა კანონიკურად მოკლე და ვრცელი დაბოლოებები, და რატომ?
10 თუმცა კანონიკურად არ ითვლება მოკლე და ვრცელი დაბოლოებები მე-16 თავის მე-8 მუხლის შემდეგ. ისინი არ გვხვდება უძველეს ხელნაწერებში, მაგალითად სინურ და ვატიკანის (ხელნაწერი №1209) კოდექსებში. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ევსები კესარიელი და იერონიმე იზიარებენ იმ აზრს, რომ კანონიკური ნაწილი მთავრდება ფრაზით „შეშინებულები იყვნენ“. ეს დაბოლოებები, როგორც ჩანს, იმ მიზნით დაუმატეს, რომ სახარების ბოლოს აზრი უცბად არ გაწყვეტილიყო.
11. ა) რა ადასტურებს მარკოზის სახარების სანდოობას? ბ) რატომ უწოდებს მარკოზი თავის სახარებას „სასიხარულო ცნობას“ და რა პერიოდს მოიცავს ეს სახარება?
11 მარკოზის სახარების სანდოობას ისიც ადასტურებს, რომ ის კარგად ერწყმის არა მხოლოდ სხვა სახარებებს, არამედ მთელ ბიბლიას, „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“. გარდა ამისა, ამ სახარებაში ბევრი ადგილიდან ჩანს, რომ იესოს ჰქონდა დიდი ძალაუფლება. ეს მარტო მის სიტყვებში არ ვლინდებოდა. მას ძალაუფლება ჰქონდა ბუნების ძალებზე, სატანასა და დემონებზე, დაავადებებზე და თვით სიკვდილზე. მარკოზი თხრობას ასეთი სიტყვებით იწყებს: „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის დასაწყისი“. იესოს მოსვლა და მსახურება მართლაც რომ სასიხარულო იყო. ამიტომ მარკოზის სახარების შესწავლა სასარგებლო იქნება ყველა მკითხველისთვის. მარკოზი აღგვიწერს ახ. წ. 29 წლის გაზაფხულიდან ახ. წ. 33 წლის გაზაფხულამდე განვითარებულ მოვლენებს.
შინაარსი
12. რას მოგვითხრობს მარკოზი პირველ ცამეტ მუხლში?
12 იესო ინათლება და სატანა ცდილობს მის ცდუნებას (1:1—13). სასიხარულო ცნობის დასაწყისში მარკოზი იოანე ნათლისმცემლის ვინაობას გვიმხელს. ის არის ნაწინასწარმეტყველები მაცნე, რომელიც მოვიდა შემდეგი სიტყვების გასაცხადებლად: „მოამზადეთ იეჰოვას გზა და გაასწორეთ მისი სავალი“. იოანე ამბობს: „ჩემ შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის“. ის ადამიანებს მონათლავს წმინდა სულით და არა წყლით. იესო მოდის გალილეის ნაზარეთიდან და იოანე ნათლავს მას. წმინდა სული მტრედის სახით ეშვება იესოზე და ციდან ისმის ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“ (1:3, 7, 11). უდაბნოში სატანა ცდილობს, აცდუნოს იესო. ანგელოზები ემსახურებიან მას. ამ ყველაფრის გადმოცემას მარკოზი პირველ ცამეტ მუხლში ახერხებს.
13. როგორ აჩვენებს იესო თავიდანვე, რომ „ღვთის წმინდაა“?
13 იესო იწყებს მსახურებას გალილეაში (1:14—6:6). იოანეს შეპყრობის შემდეგ იესო გალილეაში მიდის ღვთის სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. ის ხალხს გასაოცარ სიტყვებს ეუბნება: „მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“ (1:15). ის მოუხმობს ოთხ მებადურს — სიმონს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს. ისინი მისი მოწაფეები ხდებიან. შაბათს იესო კაპერნაუმის სინაგოგაში შედის ხალხის სასწავლებლად. ხალხი განცვიფრებულია, რადგან ის ასწავლის „როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობრები“. ის დევნის უწმინდურ სულს ერთი კაცისგან და არჩენს სიმონის სიდედრს, რომელსაც ციებ-ცხელება ჰქონდა. ამით აჩვენებს, რომ „ღვთის წმინდაა“ და დიდი ძალაუფლება აქვს. ეს ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება და საღამოს „მთელი ქალაქი“ სიმონის სახლთან იყრის თავს. იესო უამრავ ავადმყოფს კურნავს და ბევრ დემონს დევნის (1:22, 24, 33).
14. რით ამტკიცებს იესო, რომ ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს?
14 იესო ამჟღავნებს თავის მისიას: „[უნდა] ვიქადაგო“ (1:38). ის მთელ გალილეაში ქადაგებს. სადაც კი მიდის, ყველგან დევნის დემონებს და კურნავს ავადმყოფებს, მათ შორის კეთროვანსა და დამბლადაცემულს, რომელსაც ეუბნება: „გეპატია ცოდვები“. ამის შემხედვარე ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობს: „ღმერთს გმობს. ღვთის გარდა ვის შეუძლია ცოდვების პატიება?“. იესო კითხულობს მათ აზრებს და დამბლადაცემულს ეუბნება, რომ ადგეს და წავიდეს სახლში. ამით ის ადასტურებს, რომ „კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს“. ხალხი ღმერთს განადიდებს. მას შემდეგ, რაც გადასახადების ამკრეფი ლევი (მათე) მისი მიმდევარი ხდება, იესო მწიგნობრებს ეუბნება: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“. იესო იმასაც ცხადყოფს, რომ „შაბათის უფალია“ (2:5, 7, 10, 17, 28).
15. რას ამბობს იესო ოჯახურ ურთიერთობებზე და მათზე, ვინც აკრიტიკებს მას სასწაულების გამო?
15 იესო ირჩევს 12 მოციქულს. ნათესავები ეწინააღმდეგებიან მას. იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგი მწიგნობარი ამბობს, რომ ის დემონების მმართველის დახმარებით დევნის დემონებს. იესო მათ ეკითხება: „როგორ განდევნის სატანა სატანას?“. შემდეგ კი აფრთხილებს: „ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“. ამ დროს იესოს ატყობინებენ, რომ დედა და ძმები ეძებენ. იესო ამბობს: „ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (3:23, 29, 35).
16. რას გვასწავლის იესო მაგალითების მეშვეობით „ღვთის სამეფოზე“?
16 იესო იწყებს მაგალითებით სწავლებას „ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოს“ შესახებ. მას მოჰყავს მაგალითი მთესველზე, რომელიც თესლს თესავს სხვადასხვა ადგილზე (რითაც წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის მსმენელი); აგრეთვე ლამპარზე, რომელიც სალამპრეზე დგას. შემდეგ იესო ამბობს: „ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე . . . მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში“ (4:11, 28). გარდა ამისა, მას მოჰყავს მაგალითი მდოგვის მარცვალზე, რომელიც ყველაზე პატარა თესლია, მაგრამ იზრდება და დიდი ტოტები გამოაქვს.
17. რამდენად დიდი ძალაუფლება აქვს იესოს?
17 გალილეის ზღვაზე იესო სასწაულებრივად აცხრობს ქარიშხალს. აღელვებულ ზღვას ის მიმართავს: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ (4:39). გერასელთა მხარეში იესო ერთ კაცს დემონების „ლეგიონისგან“ ათავისუფლებს და მათ ღორებში შესვლის ნებას აძლევს. დაახლოებით 2 000 ღორი კბოდედან ზღვაში ეშვება და იხრჩობა (5:8—13). ამის შემდეგ იესო გამოღმა გამოდის. აქ ის კურნავს ქალს, რომელიც 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა. იგი ტანსაცმელზე შეეხო იესოს მაშინ, როცა იაიროსის 12 წლის ქალიშვილის გასაცოცხლებლად მიდიოდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კაცის ძეს ძალაუფლება აქვს სიცოცხლეზე და სიკვდილზე. მიუხედავად ამისა, იესოს ძალაუფლებას არ ცნობენ მის მშობლიურ მხარეში. იესოს აკვირვებს მათი ურწმუნოება, მაგრამ მაინც მიდის ‘ახლომახლო სოფლებში და ასწავლის’ (6:6).
18. ა) როგორ აფართოებს იესო მსახურებას? ბ) რა აღძრავს იესოს იმისკენ, რომ ხალხს ასწავლოს და სასწაულები მოახდინოს?
18 გალილეაში მსახურების გაფართოება (6:7—9:50). იესო 12 მოციქულს ორ-ორად გზავნის და მათ აძლევს ქადაგების, სწავლების, განკურნებისა და დემონების განდევნის უფლებამოსილებას. იესოს ამბები ბევრის ყურამდე აღწევს და ზოგი ფიქრობს, რომ ის მკვდრეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელია. ეს გულზე ხვდება ჰეროდეს, რომლის დაბადების დღეზეც იოანეს თავი მოჰკვეთეს. მოციქულები ბრუნდებიან სამქადაგებლო მსახურებიდან და ყველაფერს უყვებიან იესოს. ხალხის დანახვაზე იესოს ‘გული ეწვის, რადგან უმწყემსო ცხვრებივით არიან’. ამიტომ მათ ბევრ რამეს ასწავლის (6:34). იესო სიყვარულით ზრუნავს მათზე და 5 000 კაცს ხუთი პურითა და ორი თევზით აპურებს. შემდეგ მოწაფეები ნავში სხდებიან და ბეთსაიდის მხარეს მიცურავენ. იესო ხედავს, რომ პირქარის გამო მათ უჭირთ ცურვა, ზღვაზე სვლით მიდის მათკენ და ქარს აცხრობს. ამან მოწაფეები „ძალიან გააოცა“ (6:51).
19, 20. ა) რას ეუბნება იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს? ბ) რის გამო უწყრება იესო პეტრეს?
19 გენესარეთში იესო იერუსალიმიდან ჩამოსულ მწიგნობრებსა და ფარისევლებს ესაუბრება დაუბანელი ხელით ჭამაზე. ის ადანაშაულებს მათ იმაში, რომ ‘ღვთის მცნება მიატოვეს და ადამიანთა ადათ-წესებს მტკიცედ იცავენ’. იესო ამბობს, რომ ადამიანს გარედან შესული კი არ ბილწავს, არამედ ის, რაც შიგნიდან ანუ გულიდან გამოდის, კერძოდ „ბოროტი ზრახვები“ (7:8, 21). ახლა ის მიემართება ჩრდილოეთით ტვიროსისა და სიდონის მხარეებისკენ, სადაც ერთი უცხოტომელისთვის სასწაულს ახდენს — სიროფინიკიელი ქალის გოგონასგან დემონს დევნის.
20 იესო ბრუნდება გალილეაში. მას კვლავ ებრალება ხალხი, რომელიც მიჰყვება, და 4 000 კაცს აპურებს შვიდი პურითა და რამდენიმე თევზით. ის ეუბნება მოწაფეებს, რომ უფრთხილდნენ ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს. მოწაფეები მაშინვე ვერ ხვდებიან იესოს სიტყვების მნიშვნელობას. ამას მოსდევს კიდევ ერთი სასწაული — ბეთსაიდაში უსინათლო კაცის განკურნება. იესო მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარეის სოფლებში მიდის. გზაში პეტრე დარწმუნებით ეუბნება იესოს, რომ ის არის „ქრისტე“. როცა იესო მოახლოებულ ტანჯვასა და სიკვდილზე იწყებს საუბარს, პეტრე კიცხავს მას. ამაზე იესო ეუბნება: „მომცილდი, სატანა! შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (8:29, 33). იესო მოუწოდებს მოწაფეებს, რომ გაჰყვნენ მას სასიხარულო ცნობის გულისთვის; თუ მათ შერცხვებათ მის გამო, იესოსაც შერცხვება მათ გამო, როცა თავისი მამის დიდებით მოვა.
21. ა) ვინ და როგორ ხედავს „ღვთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“? ბ) როგორ ამახვილებს იესო ყურადღებას იმაზე, რომ სამეფო პირველ ადგილზე უნდა იდგეს?
21 ექვსი დღის შემდეგ იესო ადის მაღალ მთაზე. მას თან აჰყავს პეტრე, იაკობი და იოანე. ისინი იესოს გარდაქმნის მოწმენი ხდებიან, რითაც ხედავენ „ღვთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“ (9:1). იესო ერთ ბიჭს ათავისუფლებს სიმუნჯის სულისგან და მეორედ ესაუბრება მოწაფეებს მოახლოებულ ტანჯვასა და სიკვდილზე. ის ურჩევს მათ, არაფერს მისცენ მარადიული სიცოცხლის წართმევის საშუალება. თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე! თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე! თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე! გეენაში ჩავარდნას ჯობია, დასახიჩრებული შეხვიდე ღვთის სამეფოში.
22. რაზე ამახვილებს იესო ყურადღებას პერეაში მსახურების დროს?
22 მსახურება პერეაში (10:1—52). იესო მიდის „იუდეის საზღვრებთან“ და „იორდანის გაღმა“ (პერეაში) გადადის. ფარისევლები კითხვას უსვამენ გაყრასთან დაკავშირებით. ის სარგებლობს შესაძლებლობით და საუბრობს ღვთის პრინციპებზე, რომლებიც ქორწინებას ეხება. ერთი მდიდარი ახალგაზრდა ეკითხება, თუ რა არის საჭირო მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად. მას ამწუხრებს იმის გაგება, რომ ზეცაში განძის დასაგროვებლად უნდა გაყიდოს ყველაფერი, რაც აქვს, და იესოს მოწაფე გახდეს. იესო მოწაფეებს ეუბნება: „აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“. ის ამხნევებს მათ, ვინც ყველაფერი დატოვა სასიხარულო ცნობის გულისთვის, და არწმუნებს, რომ ‘უკვე ახლა, დევნის დროსაც, ასმაგად მიიღებენ, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლე’ ელით (10:1, 25, 30).
23. რაზე საუბრობს და რა სასწაულს ახდენს იერუსალიმისკენ მიმავალი იესო?
23 იესო და 12 მოციქული იერუსალიმის გზას ადგებიან. ის უკვე მესამედ ეუბნება მათ, რომ უნდა იტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს. იესო ეკითხება მათ, შეუძლიათ თუ არა იმ სასმისის შესმა, რომელსაც თვითონ სვამს. შემდეგ კი ეუბნება: „ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის ყველას მონა იყოს“. იერიხონიდან გამოსვლისას გზის პირას მჯდომმა ერთმა უსინათლო მათხოვარმა ყვირილი მორთო: „დავითის ძეო, იესო, შემიწყალე!“. იესო თვალს უხელს მას. ეს არის მარკოზის სახარებაში ჩაწერილი ბოლო სასწაულებრივი განკურნება (10:44, 47, 48).
24, 25. ა) რით ცხადყოფს იესო თავის ძალაუფლებას? ბ) როგორ პასუხობს ის თავის მოწინააღმდეგეებს? გ) რას ურჩევს იესო ხალხს და რაზე ამახვილებს მოწაფეების ყურადღებას?
24 იერუსალიმში და იერუსალიმის მიდამოებში (11:1—15:47). მოვლენები სწრაფად ვითარდება. ჩოჩორზე მჯდომი იესო შედის ქალაქში და ხალხი მას ეგებება როგორც მეფეს. მეორე დღეს ის ტაძრიდან ყრის ვაჭრებს. უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს ეშინიათ მისი და ეძებენ შემთხვევას მის მოსაკლავად. ისინი ეკითხებიან: „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას?“ (11:28). იესო კითხვას უბრუნებს მათ და უყვება მაგალითს მევენახეებზე, რომლებმაც ვენახის პატრონის მემკვიდრე მოკლეს. ისინი ხვდებიან ამ მაგალითის მნიშვნელობას და იესოს თავს ანებებენ.
25 ამის შემდეგ იესოსთან რამდენიმე ფარისეველს გზავნიან იმ მიზნით, რომ სიტყვაში გამოიჭირონ. ისინი ეკითხებიან, უნდა გადაიხადონ თუ არა გადასახადი. ის დინარს ართმევს მათ და ეკითხება: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“. ისინი პასუხობენ: „კეისრისა“. იესო ეუბნება: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“. ფარისევლები გაკვირვებულები რჩებიან (12:16, 17). ახლა იესოს სიტყვაში გამოჭერას სადუკეველები ცდილობენ. მათ არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა და ეკითხებიან: ‘თუ ქალს შვიდი ქმარი ჰყავდა, აღდგომისას რომლის ცოლი იქნება იგი?’. იესო პასუხობს, რომ მკვდრეთით აღდგენილები „არიან როგორც ზეცაში ანგელოზები“, არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან (12:19—23, 25). ერთი მწიგნობარი იესოს ეკითხება: „რომელია უპირველესი მცნება?“. იესო პასუხობს: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (12:28—31). ამის შემდეგ ვეღარავინ უბედავს შეკითხვის დასმას. ხალხი კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ იესო არაჩვეულებრივი მასწავლებელია. ისინი სიამოვნებით უსმენენ მას. იგი ურჩევს მათ, რომ მოერიდონ პატივმოყვარე მწიგნობრებს. შემდეგ იესო მოწაფეების ყურადღებას ამახვილებს ერთ ღარიბ ქვრივზე, რომელმაც ტაძრის ფულის ჩასაყრელში ორი პატარა მონეტა ჩააგდო. მან ყველაზე მეტი გაიღო, რადგან „ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“ (12:44).
26. რომელია ის ერთადერთი მონაკვეთი, სადაც მარკოზს ვრცლად აქვს გადმოცემული იესოს საუბარი, და რას ამბობს იესო დასკვნისას?
26 იესო ოთხ მოწაფესთან განცალკევებით არის ზეთისხილის მთაზე, საიდანაც ტაძარი ჩანს. ის მათ ეუბნება, თუ რა იქნება დასასრულის „ნიშანი“ (ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მარკოზს ვრცლად აქვს გადმოცემული იესოს საუბარი. მსგავსი ინფორმაცია გვხვდება მათეს 24-ე და 25-ე თავებში). დასკვნისას იესო ამბობს: „იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ . . . რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (13:4, 32, 37).
27. რა მოვლენები უძღოდა წინ გეთსემანეში იესოს გაცემას?
27 ბეთანიაში ერთი ქალი ძალიან ძვირფას ნელსაცხებელს სცხებს იესოს. ზოგი აღშფოთებული ამბობს, რომ ასე უაზროდ არ უნდა დახარჯულიყო ნელსაცხებელი. მაგრამ იესო ამბობს, რომ ქალმა კარგი საქმე გააკეთა, რადგან სიკვდილის წინ სცხო ნელსაცხებელი. იესო და თორმეტი მოციქული პასექის აღსანიშნავად იკრიბებიან ქალაქში. ის მიანიშნებს, თუ ვინ იქნება გამცემი და ერთგულ მოწაფეებთან დარჩენის შემდეგ აწესებს გახსენების საღამოს. ამის მერე ისინი ზეთისხილის მთისკენ მიდიან. გზაში იესო ეუბნება მათ, რომ ყველანი დაბრკოლდებიან. „მე მაინც არ დავბრკოლდები“, — ამბობს პეტრე. იესო პასუხობს: „ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ“. გეთსემანედ წოდებულ ადგილას იესო განცალკევებით ლოცულობს და მოწაფეებს ეუბნება, რომ იფხიზლონ. ლოცვაში ის ღმერთს სთხოვს: „აბბა, მამა, შენ ყველაფერი შეგიძლია. ამაცილე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ის, რაც მე მინდა, არამედ ის, რაც — შენ“. იესო სამჯერ ბრუნდება მოწაფეებთან და „ასეთ დროს“ სამივეჯერ მძინარეებს პოულობს მათ (14:29, 30, 36, 41). მოვიდა საათი! იესოს გამცემი გამოჩნდა.
28. როგორ აპატიმრებენ იესოს და რა ხდება მღვდელმთავართან მისი მიყვანის შემდეგ?
28 იუდა იესოსთან მიდის და ეამბორება. ამით ის ნიშანს აძლევს უფროსი მღვდლებისგან გამოგზავნილ შეიარაღებულ ხალხს. მათ იესო მიჰყავთ მღვდელმთავართან, სადაც ბევრი ცრუმოწმე სდებს მას ბრალს, მაგრამ მათი ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს. იესო დუმს. ბოლოს მღვდელმთავარი ეკითხება: „შენა ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“. იესო პასუხობს: „მე ვარ“. ამის გაგონებაზე მღვდელმთავარი იესოს მკრეხელობაში ადანაშაულებს და მას ყველა სასიკვდილო მსჯავრს სდებს (14:61—64). ეზოში პეტრე სამჯერ უარყოფს იესოს. მამალი მეორედ ყივის. პეტრეს ახსენდება იესოს სიტყვები, იგი თავს ვეღარ იკავებს და ტირის.
29. რას მოგვითხრობს მარკოზი იესოს უკანასკნელ განსაცდელსა და სიკვდილზე?
29 როგორც კი გარიჟრაჟდა, სინედრიონი თათბირობს და იესო პილატესთან მიჰყავთ. პილატე მალევე ხვდება, რომ იესო დამნაშავე არ არის და ცდილობს მის გათავისუფლებას. მაგრამ უფროსი მღვდლების მიერ წაქეზებული ბრბოს დაჟინებული მოთხოვნით ის იესოს ბოძზე გასაკვრელად გადასცემს. იესო მიჰყავთ გოლგოთად წოდებულ ადგილზე (რაც თხემს ნიშნავს), სადაც ბოძზე აკრავენ. თავს ზემოთ უკეთებენ საბრალდებო წარწერას — „იუდეველთა მეფე“. უფროსი მღვდლები და მწიგნობრები მასხრად იგდებენ მას: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია!“. შუადღისთვის (მეექვსე საათი) მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა, რაც სამ საათამდე გაგრძელდა. სიკვდილის წინ იესო ხმამაღლა იძახის: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“. ყოველივე ამის შემხედვარე ასისთავი ამბობს: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“. სინედრიონის ერთ-ერთი წევრი, იოსებ არიმათეელი, რომელიც ღვთის სამეფოს ელოდა, პილატეს იესოს ცხედარს სთხოვს და კლდეში გამოკვეთილ სამარხში ასვენებს (15:22, 26, 31, 34, 39).
30. რა ხდება სამარხთან კვირის პირველ დღეს?
30 იესოს სიკვდილის შემდეგ მომხდარი მოვლენები (16:1—8). კვირის პირველ დღეს, დილით ადრე სამი ქალი მიდის სამარხთან. მათდა გასაკვირად, სამარხის შესასვლელიდან ლოდი გადაგორებულია. სამარხში მჯდომი „ახალგაზრდა კაცი“ მათ ეუბნება, რომ იესო მკვდრეთით აღდგა (16:5). იესო იქ აღარ არის, ის მათზე ადრე წავა გალილეაში. შიშისგან აკანკალებული ქალები სამარხიდან გარბიან.
რატომ არის სასარგებლო
31. ა) როგორ ადასტურებს მარკოზის სახარება იმას, რომ იესო მესია იყო? ბ) რა მეტყველებდა იმაზე, რომ იესო ღვთის ძე იყო, და რაზე ჰქონდა მას გადატანილი ძირითადი ყურადღება?
31 მარკოზის სახარება ყველა მკითხველს, პირველი ქრისტიანებით დაწყებული დღემდე, აძლევს იმის დანახვის შესაძლებლობას, რომ მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები შესრულდა იესო ქრისტეზე. ამას ადასტურებს ბევრი რამ — შესავალი სიტყვებით დაწყებული („აი, ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაცნეს“) და წამების ბოძზე იესოს მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვებით დამთავრებული („ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“) (მარ. 1:2; 15:34; მალ. 3:1; ფსალმ. 22:1). გარდა ამისა, სასწაულები, ძლევამოსილი საქმეები, სწავლებები, არასწორი აზრის გასაბათილებლად მოყვანილი უბადლო არგუმენტები, იეჰოვას სიტყვასა და სულზე სრული მინდობა, სათუთი ზრუნვა ცხვრისმაგვარ ადამიანებზე — ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ იესო ღვთის ძე იყო. იესო ასწავლიდა „როგორც ძალაუფლების მქონე“. ეს ძალაუფლება მას იეჰოვასგან ჰქონდა მიღებული. დედამიწაზე ყოფნისას მას ძირითადი ყურადღება გადატანილი ჰქონდა „ღვთის სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე“, კერძოდ კი იმაზე, რომ ‘მოახლოებული იყო ღვთის სამეფო.’ მის სწავლებებს უდიდესი სარგებლობა მოაქვს მათთვის, ვინც ყურად იღებს მათ (მარ. 1:22, 14, 15).
32. რამდენჯერ გვხვდება ფრაზა „ღვთის სამეფო“ მარკოზის სახარებაში და რა სახელმძღვანელო პრინციპებია მასში მოცემული მათთვის, ვისაც ამ სამეფოს მეშვეობით სიცოცხლის მიღება სურს?
32 „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს. მარკოზის სახარებაში ფრაზა „ღვთის სამეფო“ 14-ჯერ გვხვდება და მოყვანილია სახელმძღვანელო პრინციპები მათთვის, ვისაც ამ სამეფოს მეშვეობით სიცოცხლის მიღება სურს. იესომ თქვა: „ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას“. საჭიროა ყველა ხელისშემშლელი ფაქტორის დაძლევა: „გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში“. იესომ აგრეთვე თქვა: „ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“; „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!“. მისი სიტყვების თანახმად, ‘ღვთის სამეფოსგან შორს არ არიან’ ის ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ორი უდიდესი მცნების დაცვას ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მრავალ მსხვერპლს. მარკოზის სახარებაში მოცემულ ამ და სხვა პრინციპებს დიდი ღირებულება აქვს ჩვენთვის და ყოველდღე ამ პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ (4:11; 8:35; 9:43—48; 10:13—15, 23—25; 12:28—34).
33. ა) რა შემთხვევაში იქნება სასარგებლო მარკოზის სახარება ჩვენთვის? ბ) რაში დაგვეხმარება მარკოზის სახარება და როგორ?
33 მარკოზის სახარების ბოლომდე წასაკითხად ერთი-ორი საათია საჭირო. ეს სახარება მკითხველს ცოცხალი და შთამბეჭდავი ენით აღუწერს იესოს მსახურებას. ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ ისტორიის წაკითხვა, შესწავლა და წაკითხულზე ფიქრი ყოველთვის სასარგებლოა. ისევე როგორც პირველ საუკუნეში, მარკოზის სახარება დღესაც დაეხმარება ქრისტიანებს, რომლებიც დევნას განიცდიან და „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ცხოვრობენ. მათ სჭირდებათ ის, რაც ჩვენი მისაბაძი მაგალითის, იესო ქრისტეს, შესახებ წერია ამ სახარებაში. იკითხეთ ის. ეს ძალებს შეგმატებთ და გაგამხნევებთ, რათა მიჰყვეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს, ისეთივე უშრეტი სიხარულით, როგორიც მას ჰქონდა (2 ტიმ. 3:1; ებრ. 12:2). მარკოზის სახარება უკეთესად დაგანახვებთ საქმეში მის ენთუზიაზმს და დაგეხმარებათ, რომ თქვენც გულმოდგინენი, უკომპრომისონი იყოთ და გაბედულად გაუმკლავდეთ განსაცდელებსა და წინააღმდეგობებს. ბიბლიის ეს წიგნი თქვენთვის ნუგეშის წყაროც იქნება. დაე, დაგეხმაროთ ის მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე!
[სქოლიო]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 337 (ინგლ.).