ᲗᲐᲕᲘ 16
„სამართლის ქმნა . . . ღვთის წინაშე“
1—3. ა) რატომ ვართ იეჰოვასგან დავალებული? ბ) რას მოითხოვს ჩვენგან ჩვენი საყვარელი მშველელი?
ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔ, რომ ჩასაძირავად განწირულ გემზე ხარ და გადარჩენის ყველანაირი იმედი გადაწურული გაქვს. სწორედ ამ დროს მოდის მშველელი, სამშვიდობოს გაჰყავხარ და გეუბნება, რომ არავითარი საფრთხე აღარ გემუქრება. ნუთუ შვებით არ ამოისუნთქებ და მშველელისგან სამუდამოდ დავალებული არ დარჩები? ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შენს სიცოცხლეს მას უნდა უმადლოდე.
2 ასეთი სურათი იეჰოვას ნამოქმედარს გვაგონებს და გვახსენებს, რომ მისგან უზომოდ ვართ დავალებული. მან ხომ გამოსასყიდი გაიღო და ცოდვისა და სიკვდილის კლანჭებისგან დაგვიხსნა, სამშვიდობოს გამოგვიყვანა. ამ უძვირფასესი გამოსასყიდისადმი თუ რწმენას გამოვავლენთ, ცოდვებიც ყოველთვის მოგვეტევება და მარადიული მომავალიც გარანტირებული გვექნება (1 იოანე 1:7; 4:9). როგორც მე-14 თავიდან შევიტყვეთ, გამოსასყიდის გაღებით იეჰოვამ ჩვენდამი უდიდესი სიყვარული და სამართლიანობა გამოავლინა. ჩვენ როგორღა უნდა ვუპასუხოთ ამ სიყვარულსა და სამართლიანობას?
3 განვიხილოთ, რას მოითხოვს ჩვენგან ჩვენი საყვარელი მშველელი. იეჰოვა მიქა წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება: „მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი. რას ითხოვს იეჰოვა შენგან? მხოლოდ სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენი ღვთის წინაშე!“ (მიქა 6:8). როგორც ვხედავთ, იეჰოვას ერთ-ერთი მოთხოვნა „სამართლის ქმნაა“. როგორ ვქმნათ სამართალი?
ესწრაფე „ჭეშმარიტ სიმართლეს“
4. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ჩვენგან თავისი სამართლიანი ნორმების მიხედვით ცხოვრებას მოითხოვს?
4 იეჰოვა თავისი ნორმების მიხედვით ცხოვრებას მოითხოვს ჩვენგან, რომ ვუსმინოთ მას, რა არის სწორი და რა — არასწორი. და რადგანაც მისი ნორმები მართალი და სამართლიანია, მათი შესრულებით ცხადვყოფთ, რომ სამართლიანობითა და სიმართლით ვცხოვრობთ. ესაიას 1:17-ში ნათქვამია: „ისწავლეთ კარგის კეთება, ეძებეთ სამართალი“. ღვთის სიტყვა სიმართლის ძიებისკენაც მოგვიწოდებს (სოფონია 2:3). იმასაც ჩაგვაგონებს, რომ შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად, ჭეშმარიტი სიმართლით“ (ეფესოელები 4:24). ჭეშმარიტ სიმართლესა და ჭეშმარიტ სამართლიანობას ხომ საერთო არაფერი აქვს ძალადობასთან, უწმინდურებასა და უზნეობასთან, რომლებიც სიწმინდის საწინააღმდეგოა (ფსალმუნი 11:5; ეფესოელები 5:3—5).
5, 6. ა) რატომ არ მიგვაჩნია ტვირთად იეჰოვას ნორმების მიხედვით ცხოვრება? ბ) როგორაა ნაჩვენები ბიბლიაში, რომ სიმართლისკენ სწრაფვა მუდმივი პროცესია?
5 ტვირთად ხომ არ დაგვაწვება იეჰოვას სამართლიანი ნორმების მიხედვით ცხოვრება? არა, რადგან გულს, რომელიც იეჰოვასკენ მიიწევს, მისივე მოთხოვნების შესრულება არ დაამძიმებს. ამიტომ, რადგან გვიყვარს ღმერთი და მოგვწონს მისი თვისებები, ისე ვიცხოვრებთ, როგორც მას მოსწონს (1 იოანე 5:3). გავიხსენოთ, რომ იეჰოვა სიმართლის მოყვარულია (ფსალმუნი 11:7). მაშასადამე, თუ გვინდა, რომ ღმერთს სამართლიანობასა და სიმართლეში მივბაძოთ, უნდა შევიყვაროთ ის, რაც უყვარს და შევიძულოთ ის, რაც სძულს (ფსალმუნი 97:10).
6 არასრულყოფილი ადამიანებისთვის ადვილი არ არის სიმართლით ცხოვრება. საამისოდ, ასე ვთქვათ, უნდა მოვიშოროთ ძველი პიროვნება თავისი ცოდვილი ჩვევებითურთ და ახლით შევიმოსოთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ახალი პიროვნება საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით „ახლდება“ (კოლოსელები 3:9, 10). სიტყვა „ახლდება“ მიუთითებს, რომ ახალი პიროვნებით შემოსვა მუდმივი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. და რაც უნდა დიდი ძალისხმევა მოვახმაროთ, ცოდვილი ბუნება დროგამოშვებით მაინც იჩენს თავს ფიქრში, სიტყვაში თუ საქმეში (რომაელები 7:14—20; იაკობი 3:2).
7. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, თუ დროდადრო სიმართლისკენ სწრაფვა არ გამოგვდის?
7 როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, თუ დროდადრო სიმართლისკენ სწრაფვა არ გამოგვდის? ცხადია, არ იქნებოდა სწორი, თუ ცოდვას უმნიშვნელოდ მივიჩნევდით. მაგრამ არც ხელი უნდა ჩავიქნიოთ და დავასკვნათ, რომ სულიერად წაბორძიკების გამო იეჰოვასთვის მსახურების ღირსები აღარა ვართ. ჩვენმა გულმოწყალე ღმერთმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ გულით მომნანიებლებს კვლავ მისი კეთილგანწყობით ესარგებლათ. დავუკვირდეთ მოციქულ იოანეს გამამხნევებელ სიტყვებს: „ამას იმიტომ გწერთ, რომ არ შესცოდოთ“, შემდეგ კი დაამატა: „მაგრამ, თუ ვინმე მაინც შესცოდავს [მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო], გვყავს შუამავალი მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1). დიახ, იეჰოვამ იესო მსხვერპლად გაიღო, რათა შეგვძლებოდა, ცოდვილი ბუნების მიუხედავად, ღვთისთვის გვემსახურა. განა ეს უკვე საკმარისი მიზეზი არ არის იმისათვის, რომ ღვთისთვის სასიამოვნოდ მოქცევა გვსურდეს?!
სასიხარულო ცნობის ქადაგება და ღვთის სამართლიანობა
8, 9. როგორ ადასტურებს სასიხარულო ცნობის ქადაგება, რომ იეჰოვა სამართლიანი ღმერთია?
8 სამართლიანობის გამოვლენა, ანუ ის, რომ ღმერთს მივბაძოთ სამართლიანობაში, ერთი მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. რა კავშირი არსებობს იეჰოვას სამართლიანობასა და სასიხარულო ცნობის ქადაგებას შორის?
9 დავიწყოთ იმით, რომ იეჰოვა მანამ არ გაანადგურებს ბოროტ ქვეყნიერებას, სანამ მოსახდენის შესახებ არ გააფრთხილებს. უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა: „ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარკოზი 13:10; მათე 24:3). სიტყვა „ჯერ“ იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობამ წინ უნდა გაუსწროს ყველა სხვა მოვლენას. ამ სხვა მოვლენებში „დიდი გასაჭირიც“ იგულისხმება, რასაც ბოროტების განადგურება და სამართლიანი ახალი ქვეყნიერება მოჰყვება (მათე 24:14, 21, 22). ამიტომ ვერავინ დაადანაშაულებს იეჰოვას და ვერ იტყვის, ბოროტებს უსამართლოდ მოექცაო. იეჰოვა აფრთხილებს, მათ, შეიცვალონ ცხოვრების წესი, რითაც თავიდან აცილებენ განადგურებას (იონა 3:1—10).
10, 11. როგორ ვირეკლავთ ღვთის სამართლიანობას, როცა სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ?
10 ჩვენ როგორ ვირეკლავთ ღვთის სამართლიანობას, როცა სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ? უპირველეს ყოვლისა, ხალხის სახსნელად ყოველ შესაძლებლობას ვიყენებთ; ამაზე სწორსა და მართალს ვერაფერს გავაკეთებდით. დავუბრუნდეთ ამ თავის დასაწყისში მოხსენიებულ მაგალითს. უკვე მაშველ ნავში რომც ყოფილიყავი, განა არ მოინდომებდი, დახმარებოდი დანარჩენებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ დაეღწიათ წყლიდან თავი? ამის მსგავსად, ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მათ, ვისაც ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი ბოროტი წუთისოფლის „წყლიდან“. მართალია, ბევრი არ გვიგდებს ყურს, მაგრამ სანამ იეჰოვა მოთმინებას ავლენს, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, მივცეთ ხალხს მონანიების შესაძლებლობა, რაც ხსნის გზაზე დააყენებს მათ (2 პეტრე 3:9).
11 ჩვენ აგრეთვე ნებისმიერ ადამიანთან ვქადაგებთ, რაშიც სამართლიანობის კიდევ ერთი მხარე ვლინდება, კერძოდ კი მიუკერძოებლობა. გავიხსენოთ, რომ „ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). მაშასადამე, მაშინ მივბაძავთ ღმერთს სამართლიანობაში, როცა ხალხზე წინასწარაკვიატებული შეხედულება არ გვექნება და რასის, წარმომავლობისა თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად ყველას ვუქადაგებთ. ამგვარად ყველას ეძლევა შესაძლებლობა, მოისმინოს სასიხარულო ცნობა და გამოხატოს თავის დამოკიდებულება მის მიმართ (რომაელები 10:11—13).
როგორ ვეპყრობით სხვებს
12, 13. ა) რატომ არ უნდა გვქონდეს სხვების განსჯის მიდრეკილება? ბ) რას ნიშნავს იესოს მიერ მოცემული რჩევა „ნუღარ განსჯით“? (იხილე სქოლიო).
12 სამართლიანობას იმ შემთხვევაშიც გამოვავლენთ, თუ ხალხს ისევე მოვეპყრობით, როგორც ჩვენ იეჰოვა გვეპყრობა. სხვების გაუთავებელ განსჯაზე, კრიტიკასა და მოტივებში ეჭვის შეტანაზე ადვილი რა არის?! მაგრამ გვესიამოვნებოდა, იეჰოვას ეჭვი რომ შეეტანა ჩვენს მოტივებში და თანაგრძნობის გარეშე გავესამართლებინეთ ნაკლოვანებების გამო? იეჰოვა ასე როდი გვექცევა. ფსალმუნმომღერალმა შენიშნა: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ გამართლდებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმუნი 130:3). განა მადლიერი არ უნდა ვიყოთ, რომ სამართლიან და მწყალობელ ღმერთს არ სურს შეცდომებზე ჩვენი გამოჭერა?! (ფსალმუნი 103:8—10). ჩვენ როგორღა უნდა მოვეპყროთ სხვებს?
13 თუ მაგალითს ღვთის სამართლიანობიდან ავიღებთ, რომელიც, თავის მხრივ, მოწყალების გამოხატულებას წარმოადგენს, არ ვიქნებით მიდრეკილი, განვსაჯოთ სხვები ისეთ საკითხებში, რომლებიც ჩვენ არ გვეხება ან ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთაზე ქადაგებისას იესომ ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ“ (მათე 7:1). ხოლო ლუკას სახარების თანახმად თქვა: „ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ“a (ლუკა 6:37). იესომ კარგად იცოდა, რომ არასრულყოფილი ადამიანები სხვების გაკრიტიკებისკენ არიან მიდრეკილი. მის მსმენელებს, ვისაც ხალხის მკაცრად განსჯა ჰქონდა ჩვევად ქცეული, უნდა მიეტოვებინა ეს ჩვევა.
14. რა მიზეზების გამო უნდა შევწყვიტოთ სხვების განსჯა?
14 რატომ უნდა შევწყვიტოთ განსჯა? ჯერ ერთი, საამისო უფლება არა გვაქვს. მოციქული იაკობი შეგვახსენებს, რომ „ერთია კანონმდებელი და მოსამართლე“ და იგი იეჰოვაა. შემდეგ ასეთ არაორაზროვან კითხვას სვამს: „შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ განსჯი?!“ (იაკობი 4:12; რომაელები 14:1—4). მეორეც, ცოდვილი ბუნების გამო სავსებით შესაძლებელია ესა თუ ის ადამიანი უსამართლოდ განვსაჯოთ. ბევრ რამეს შეუძლია ჩვენზე გავლენის მოხდენა: წინასწარშექმნილ აზრს, შელახულ თავმოყვარეობას, შურს თუ თავდაჯერებულობას. ამის გამო შეიძლება ადამიანი სულ სხვაგვარად აღვიქვათ. გარდა ამისა, შესაძლებლობებიც შეზღუდული გვაქვს და ამანაც უნდა შეგვაკავოს სხვებში შეცდომების ძიებისგან. ჩვენ არც გულთამხილველები ვართ და არც სხვების ცხოვრებისეულ მდგომარეობაზე გვაქვს სრული წარმოდგენა. მაშ, ვინ ვართ ჩვენ, რომ თანამორწმუნეებს არასწორი ზრახვები მივაწეროთ ან გავაკრიტიკოთ ღვთისათვის მათი მსახურება? განა ბევრად უკეთესი არ იქნება, მივბაძოთ იეჰოვას და ჩვენი დებისა და ძმების კარგ საქმეებზე გავამახვილოთ ყურადღება, ნაცვლად იმისა, რომ ნაკლოვანებები ვეძებოთ?!
15. როგორ სიტყვებსა და მოპყრობას არ აქვს ადგილი ღვთის თაყვანისმცემელთა შორის და რატომ?
15 რა შეიძლება ითქვას ოჯახის წევრების მიმართ მოპყრობაზე? სამწუხაროდ, მრავალ ოჯახში ერთმანეთის მწვავე გაკიცხვა უკვე წესად დაიდეს. არადა მშვიდობის კერას ხომ სწორედ ოჯახი წარმოადგენს. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ ოჯახის წევრები — ქმრები თუ ცოლები, მშობლები თუ შვილები — ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. მაგრამ სალანძღავ სიტყვებს, გესლიან დაცინვას ანდა ფიზიკური ზიანის მიყენებას ღვთის თაყვანისმცემლებს შორის არ აქვს ადგილი (ეფესოელები 4:29, 31; 5:33; 6:4). იესოს რჩევა „ნუღარ განსჯით“ ოჯახურ წრეშიც არ უნდა დავივიწყოთ. გავიხსენოთ, რომ სამართლიანობის გამოვლენა იმასაც ნიშნავს, რომ ხალხს ისევე უნდა მოვეპყროთ, როგორც ჩვენ გვეპყრობა იეჰოვა. ღმერთი არასოდეს გვეპყრობა სასტიკად ან დაუნდობლად. ის გულმოწყალეა თავის მოყვარულთა მიმართ (იაკობი 5:11). რა დიდებულ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა!
უხუცესები სამართლიანობისთვის მსახურობენ
16, 17. ა) რას მოითხოვს იეჰოვა უხუცესებისგან? ბ) რა ზომები უნდა იქნეს მიღებული, თუ შემცოდველი გულით არ ინანიებს და რატომ?
16 სამართლიანობის გამოვლენა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, თუმცა, ამ მხრივ, ქრისტიანული კრების უხუცესებს უფრო მეტი მოეთხოვებათ. ვნახოთ, რას წინასწარმეტყველებს ესაია „მთავრების“ ანუ უხუცესების შესახებ: „აი, სიმართლისთვის იმეფებს მეფე და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები“ (ესაია 32:1). დიახ, იეჰოვა მოითხოვს უხუცესებისგან, რომ სამართლიანობა გამოავლინონ და ისე იმსახურონ. მაგრამ, როგორ?
17 ამ სულიერად მოწიფულ მამაკაცებს ესმით, რომ სამართლიანობა ანუ სიმართლე მოითხოვს კრების სიწმინდის დაცვას. დროდადრო უხუცესებს სერიოზული ცოდვის განხილვა უწევთ. ასეთ შემთხვევაში მათ ახსოვთ, რომ ღვთიური სამართალი მოწყალების გამოვლენისკენ ისწრაფვის, როცა ეს დასაშვებია. ასეთი მოპყრობით შემცოდველს მონანიებისკენ აღძრავენ. მაგრამ მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ უხუცესები, როცა, მათი ძალისხმევის მიუხედავად, შემცოდველი გულით არ ინანიებს? ღვთის სიტყვაში სრულიად სამართლიანად არის მითითებული, რომ მკაცრი ზომები უნდა იქნეს მიღებული: „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები!“. ეს ნიშნავს იმას, რომ შემცოდველი კრებიდან უნდა გაირიცხოს (1 კორინთელები 5:11—13; 2 იოანე 9—11). ცხადია, უხუცესებს გული სტკივათ, თუმცა ესმით, რომ როცა საქმე კრების სულიერი და ზნეობრივი სიწმინდის დაცვას ეხება, ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ისინი ამის შემდეგაც კი არ იწურავენ შემცოდველის გონზე მოსვლისა და კრებაში დაბრუნების იმედს (ლუკა 15:17, 18).
18. რა აქვთ უხუცესებს მხედველობაში, როცა ბიბლიურ რჩევებს იძლევიან?
18 სამართლიანად მსახურება აუცილებლობის შემთხვევაში ბიბლიური რჩევების მიცემასაც გულისხმობს. ცხადია, უხუცესები არ ცდილობენ, შეცდომებში გამოგვიჭირონ. არც იმას ფიქრობენ, ოღონდ ვინმეს რჩევა მივცეთო. მაგრამ თანამორწმუნემ შეიძლება გაუაზრებლად მცდარი ნაბიჯი გადადგას და ვერც კი ხვდებოდეს. უხუცესებს ახსოვთ, რომ ღვთიური სამართალი არ არის სასტიკი და უგულო, ამიტომ შეეცდებიან, მას რბილად მიუდგნენ და გამოასწორონ (გალატელები 6:1). ასეთ შემთხვევაში უხუცესები არ ტუქსავენ შემცოდველს და მისი მისამართით უხეშად არ ლაპარაკობენ. პირიქით, სიყვარულით აძლევენ რჩევას, რაც დადებითად მოქმედებს შემცოდველზე. მაშინაც კი, როცა პირდაპირ შენიშვნას იძლევიან და კონკრეტულად ეუბნებიან შემცოდველს, თუ რაში მდგომარეობს მისი შეცდომა, უხუცესებს არ ავიწყდებათ, რომ იგი იეჰოვას ცხვარიაb (ლუკა 15:7). როცა სიყვარულია რჩევის მიცემის მიზეზი და სიყვარულითვე აძლევენ რჩევასა თუ შენიშვნას, მეტი ალბათობაა, რომ შემცოდველი გამოსწორდება.
19. როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ უხუცესები და რით ხელმძღვანელობენ?
19 უხუცესებს ხშირად ისეთი გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები, რომლებიც თანამორწმუნეებზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ისინი პერიოდულად იკრიბებიან, რომ იმსჯელონ, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის ძმა მოთხოვნებს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ უხუცესად ან მომსახურედ მსახურებისთვის. მათ იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის გამოვლენა. რეკომენდაციის გაწევის საკითხში ღვთის მოთხოვნებით ხელმძღვანელობენ და უბრალოდ პირად თვალსაზრისს არ ეყრდნობიან. ამრიგად, ისინი ყველაფერს „წინასწარაკვიატებული აზრისა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“ აკეთებენ (1 ტიმოთე 5:21).
20, 21. ა) რას ცდილობენ უხუცესები და რატომ? ბ) რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს გულდამძიმებულთა დასახმარებლად?
20 უხუცესების მიერ სამართლიანობის გამოვლენა მხოლოდ ზემოთქმულით როდი შემოიფარგლება. მას შემდეგ, რაც ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ უხუცესები სამართლიანობისთვის იმსახურებდნენ, თქვა: „თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში და საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო მიწაზე, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გადახრუკულ ადგილას“ (ესაია 32:1, 2). ამიტომ უხუცესები ცდილობენ თანამორწმუნეებისთვის ნუგეშისცემისა და სულიერი გამოცოცხლების წყარო იყვნენ.
21 დღესდღეობით მრავალი დაქანცულია პრობლემებთან ჭიდილით და გამხნევება სჭირდება. უხუცესებო, რა უნდა გააკეთოთ, რომ ასეთ „გულდამძიმებულებს“ დახმარება აღმოუჩინოთ? (1 თესალონიკელები 5:14). უსმინეთ მათ თანაგრძნობით (იაკობი 1:19). შეიძლება მათ თავისი საწუხარის გაზიარება სურთ ვინმესთვის, ვისი ნდობაც აქვთ (იგავები 12:25). ანუგეშეთ და დაანახვეთ, რომ საჭირონი და ძვირფასნი არიან იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის (1 პეტრე 1:22; 5:6, 7). გარდა ამისა, შეგიძლიათ ილოცოთ მათთან ერთად და მათთვის. უხუცესის მიერ წარმოთქმული წრფელი ლოცვის მოსმენა დიდი ნუგეში იქნება დადარდიანებული ადამიანისთვის (იაკობი 5:14, 15). გულდამძიმებულთათვის სიყვარულით გაწეული დახმარება სამართლიანი ღვთის თვალში არასოდესაა ფუჭი.
როცა უხუცესები გულდამძიმებულებს ამხნევებენ, იეჰოვას სამართლიანობის გამოვლენაში ჰბაძავენ.
22. როგორ მივბაძოთ იეჰოვას სამართლიანობაში და რა შედეგი მოჰყვება ასეთ მცდელობას?
22 მართლაც, თუ იეჰოვას სამართლიანობაში მივბაძავთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით მას! როცა ღვთის სამართლიანი ნორმებით ვცხოვრობთ, თავს არ ვზოგავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის საქადაგებლად და სხვებში შეცდომების ძიების ნაცვლად მათ კარგ საქმეებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ღვთიურ სამართლიანობას ვავლენთ. უხუცესებო, როცა კრების სიწმინდის შენარჩუნებაზე ზრუნავთ, თანამორწმუნეს ბიბლიურ რჩევას აძლევთ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას იღებთ და გულდამძიმებულებს ამხნევებთ, ღვთიურ სამართლიანობას ავლენთ. და როგორ გაუხარებს იეჰოვას გულს, როცა გადმოხედავს ზეციდან თავის ხალხს და დაინახავს, რომ არაფერს იშურებენ, რათა სამართლიანად მოიქცნენ მის წინაშე!
a გამოთქმა „ნუღარ განსჯით“, ფაქტობრივად, ნიშნავს „ნუ დაიწყებთ განკითხვას“ და „ნუ დაიწყებთ განსჯას“. მაგრამ ბიბლიის დამწერებმა გამოიყენეს ზმნის აწმყო (განგრძობითი) ფორმა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ასეთ საქციელს მყარად მოეკიდებინა ფეხი იმ დროისათვის და იესო მოუწოდებდა, შეეწყვიტათ ასე მოქცევა.
b 2 ტიმოთეს 4:2-ში ნათქვამია, რომ უხუცესებმა დროდადრო უნდა შეაგონონ, გაკიცხონ და წაახალისონ. ბერძნული სიტყვა პარაკალეო, რომელიც ითარგმნება როგორც შეაგონე, აგრეთვე ნიშნავს გამხნევებას. მონათესავე ბერძნული სიტყვა პარაკლეტოს კი შეიძლება ნიშნავდეს დამცველს, ადვოკატს. ესე იგი, როცა უხუცესები ამხელენ და მკაცრ შენიშვნას აძლევენ სულიერად მოსუსტებულებს, ესეც კი დახმარების აღმოჩენის მიზნით უნდა გააკეთონ.