ონისიფორე — მამაცი ნუგეშისმცემელი
„გაიხსენეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი“ (ებრაელთა 13:3). ახ. წ. 61 წელს, როდესაც მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები დაწერა, უკვე არაერთხელ ჰქონდა გამოცდილი პატიმრობა და კიდევ უნდა განეცადა წამებით სიკვდილამდე (საქმეები 16:23, 24; 22:24; 23:35; 24:27; 2 კორინთელთა 6:5; 2 ტიმოთე 2:9; ფილიმონი 1). როგორც დღეს, იმ დროსაც აუცილებელი იყო, რომ კრებებს რწმენის გამოცდაში მყოფ თანაქრისტიანებზე ეზრუნა.
პირველ საუკუნეში ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც ამას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა, ონისიფორე იყო. მან პავლე მისი მეორე პატიმრობისას რომში მოინახულა. მის შესახებ მოციქულმა დაწერა: „უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მან მრავალჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა, არამედ რომში მოსული გულმოდგინედ მეძებდა და მომნახა“ (2 ტიმოთე 1:16, 17). დაფიქრებულხარ ოდესმე ამ რამდენიმე სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობაზე? ეს, ალბათ, ონისიფორეს მიმართ შენს პატივისცემას გაზრდის. ნახავ, რომ ის მამაცი ნუგეშისმცემელი იყო.
პავლეს მეორე პატიმრობა
პირველი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პავლე კვლავ რომის ციხეში იმყოფებოდა, მაგრამ ამჯერად სხვა ვითარებაში. წინათ მეგობრებს შეეძლოთ მისულიყვნენ მასთან ნაქირავებ სახლში და ეტყობოდა, რომ ის დარწმუნებული იყო გათავისუფლების გარდაუვალობაში. ახლა უმრავლესობისგან მიტოვებულს უახლოვდებოდა წამებით სიკვდილი (საქმეები 28:30; 2 ტიმოთე 4:6–8, 16; ფილიმონი 22).
იმ დროს, დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, პავლე ციხეში იყო. დაახლოებით ერთი წლით ადრე, ახ. წ. 64 წლის ივლისში, რომი ხანძარმა გადაწვა, რამაც ქალაქის 14 რაიონიდან ათს დიდი ზიანი მიაყენა. რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის თანახმად, იმპერატორი ნერონი უძლური იყო „გაექარწყლებინა ავისმომასწავებელი ხმები, რომლებიც დაკავშირებული იყო მისი ბრძანებით გამოწვეულ ხანძართან. იმისათვის, რომ ეს ხმები გაეფანტა, ნერონმა გადააბრალა და სასტიკად აწამა თავიანთი სისაძაგლეების გამო მოძულებული ჯგუფი, რომლის წევრებსაც ხალხი ქრისტიანებს უწოდებდა. . . მათ დამამცირებელი სიკვდილით სჯიდნენ. ზოგს მხეცების ტყავში გახვეულებს ძაღლებს აფლეთინებდნენ, ზოგს ჯვარზე აკრავდნენ ან დაბინდებისას ცეცხლს უკიდებდნენ, რომ ღამის განათებას მომსახურებოდა“.
როცა პავლე ისევ ციხეში მოხვდა, მსგავსი ვითარება სუფევდა და ისეთივე აღსასრული მოელოდა. გასაკვირი არ არის, რომ ის ასე მადლიერი იყო ონისიფორეს მონახულებებით! მაგრამ მოდი შევხედოთ იმავე სიტუაციას ონისიფორეს თვალსაზრისით.
პატიმარი პავლეს მონახულება
როგორც ჩანს, ონისიფორეს ოჯახი ეფესოში ცხოვრობდა (2 ტიმოთე 1:18; 4:19). ონისიფორე იმპერიის დედაქალაქში თავის საქმეზე თუ სპეციალურად პავლეს სანახავად ჩავიდა, ცნობილი არაა. ყოველ შემთხვევაში, მოციქული აღნიშნავს: ‘როდესაც კი რომში ჩამოდიოდა, მამხნევებდა’ (2 ტიმოთე 1:16, 17). როგორ? თუმცა ონისიფორე შეიძლება მატერიალურადაც ეხმარებოდა, ალბათ, მისი იქ ყოფნა აგრეთვე პავლეს გაძლიერებასა და გამხნევებას ემსახურებოდა. ფაქტიურად, ზოგ თარგმანში ვკითხულობთ: „მან ხშირად გაამხნევა ჩემი სული“ ან „ის ხშირად მანუგეშებდა“.
რომში იმ დროს პატიმარი ქრისტიანების მონახულების სურვილის განხორციელება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. პავლეს პირველი პატიმრობისგან განსხვავებით, რომაელმა ქრისტიანებმა, როგორც ჩანს, დაკარგეს მასთან ურთიერთობის საშუალება. ადვილი არ იყო ისეთ ქალაქში, როგორიც რომი იყო, პატიმართა დიდ რიცხვში, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის უნდა ყოფილიყვნენ დაპატიმრებული, გეპოვა არცთუ ისე ცნობილი პიროვნება. მაშასადამე, გულმოდგინე ძებნა იყო საჭირო. მეცნიერი ჯოვანი როსტანიო ამას ამგვარად აღწერს: „სიძნელე შეიძლება სხვადასხვაგვარი ყოფილიყო. ძებნისას, უმთავრესად, უჩვეულო კეთილგონიერება იყო საჭირო. აქა-იქ ამბის გაგებას და დიდი მონდომების გამოვლენას ციხის აღმოსაჩენად, რომელიც აკავებდა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენ ძველ ფანატიკოსს, შეიძლება მეტისმეტი ეჭვი აღეძრა“.
მწერალი პ. ნ. ჰარისონი ცოცხლად გვიხატავს იმავე სურათს: „ხალხის ბრბოში, ალბათ, თვალი შევავლეთ მრავლისმეტყველ სახეს და გავყევით ცხოველი ინტერესით; ეს უცხოელი, შორეული ეგეოსის სანაპიროდან, დაეხეტება უცნობ ქუჩებში, კარებზე კაკუნით, ყველა კვალის შემოწმებით, საფრთხეში იგდებს თავს, აფრთხილებენ, მაგრამ არ წყვეტს ძებნას; ნაკლებად ცნობილი ციხის შენობასთან მას ჩაესმის ნაცნობი ხმა და პოულობს ბორკილებდადებულ პავლეს, რომაელი ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს“. თუ ეს ადგილი რამეთი ჰგავდა რომის სხვა სატუსაღოებს, ალბათ, ცივი, ბნელი და ჭუჭყიანი ადგილი იქნებოდა, სადაც ბორკილები და ყველა სახის სნეულება იყო.
ისეთი პატიმრის მეგობრად აღიარება, როგორიც პავლე იყო, სარისკო საქმეს წარმოადგენდა. უფრო სახიფათო იყო მისი ხშირი მონახულება. საკუთარი თავის ქრისტიანად წარდგენით დაპატიმრების და ტანჯვით სიკვდილის ხიფათში ჩავარდებოდა. მიუხედავად ამისა, ონისიფორე პავლეს ერთი-ორი მონახულებით არ დაკმაყოფილებულა. მას არც ერიდებოდა და არც ეშინოდა გაეკეთებინა ეს „ხშირად“. ონისიფორე თავისი სახელის მნიშვნელობას („სარგებლის მატარებელი“) ნამდვილად შეესაბამებოდა, რადგან ყოველგვარი საფრთხის მიუხედავად, უშიშრად და სიყვარულით უწევდა დახმარებას.
რატომ აკეთებდა ონისიფორე ყოველივე ამას? ბრაიენ რაპსკი აღნიშნავს: „ციხე მხოლოდ ფიზიკური ტანჯვის ადგილი კი არ იყო, არამედ დიდი საშიშროება სტრესისთვის, რომელიც პატიმრებისთვის მოჰქონდა. ასეთ ვითარებაში მეგობრების გვერდში ყოლა და სიტყვიერი გამხნევება შეიძლება პატიმრისთვის უდიდესი ემოციური დახმარება ყოფილიყო“. როგორც ჩანს, ონისიფორეს ეს ესმოდა და გაბედულად დარჩა თავისი მეგობრის ერთგული. რამდენად უნდა დაეფასებინა პავლეს ამგვარი დახმარება!
რა მოუვიდა ონისიფორეს?
ტიმოთესადმი მიწერილ მეორე წერილში პავლემ მოკითხვა გაუგზავნა ონისიფორეს სახლეულს და შეუთვალა: „მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს“ (2 ტიმოთე 1:18; 4:29). ბევრი ფიქრობს, რომ სიტყვა „იმ დღეს“ ღვთის სასამართლო დღეს ეხება და ამიტომ ასკვნიან, რომ ონისიფორე მოკვდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ალბათ, „ონისიფორე დიდ საფრთხეში ჩაიგდებდა თავს და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა“, ვარაუდობს პ. ნ. ჰარისონი. როგორც ჩანს, ონისიფორე უბრალოდ სახლში არ იყო ან პავლემ შეიძლება ის სახლეულთან ერთად მოიკითხა.
ზოგი ფიქრობს, რომ ამ განცხადებას სპეციალური მნიშვნელობა აქვს: „მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს“. ფიქრობენ, რომ ამ სიტყვების თანახმად, გამართლებულია, ილოცონ მკვდართა სულებისთვის, რომლებიც შესაძლოა სულიერ სამყაროში ცხოვრობენ და იტანჯებიან. მაგრამ ასეთი აზრი ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას, რომ მკვდრები არაფერს გრძნობენ (ეკლესიასტე 9:5, 10). თუ ონისიფორე მკვდარი იყო, პავლეს უბრალოდ შეეძლო გამოეხატა სურვილი, რომ მის მეგობარს ღვთის შეწყალება ეპოვა. „უფლება გვაქვს გამოვხატოთ კეთილი სურვილები ყველას მიმართ, — ამბობს რ. ფ. ჰორტონი, — მაგრამ ილოცო მკვდრებისთვის და აღავლინო წირვები მათთვის, შორს დგას [მოციქულთა] აზროვნებისგან“.
ვიყოთ ერთგული მანუგეშებლები
ონისიფორემ გასწირა თუ არა სიცოცხლე პავლეს დახმარებისას, ცხადია ის, რომ მოციქულის ძებნისას და ციხეში მონახულებისას საფრთხეში იგდებდა თავს. უეჭველია, რომ პავლემ დააფასა ონისიფორესგან უაღრესად აუცილებელი მხარდაჭერა და გამხნევება.
როდესაც თანაქრისტიანები განსაცდელში, დევნაში ან ციხეში არიან, შეგვიძლია ვანუგეშოთ და გავამხნევოთ. ვილოცოთ მათთვის და მოსიყვარულედ ვაკეთოთ ყოველივე მათ დასახმარებლად (იოანე 13:35; 1 თესალონიკელთა 5:25). დაე, ონისიფორეს მსგავსად, მამაცი ნუგეშისმცემლები ვიყოთ.
[სურათი 31 გვერდზე]
ონისიფორე გაბედულად ანუგეშებდა პატიმარ მოციქულ პავლეს.