ჯარისკაცი
რიგითი სამხედრო მოსამსახურე. ებრაულ წერილებში ხშირად დაკონკრეტებულია, ვინ რა სახის სამსახურს ეწეოდა. მასში მოხსენიებული არიან მხედრები (გმ. 14:9), მალემსრბოლები (1სმ. 22:17), მეშურდულეები (2მფ. 3:25), შუბითა და ფარით შეიარაღებული კაცები (2მტ. 25:5) და მშვილდოსნები (2მტ. 35:23; იობ. 16:13; ეს. 21:17). ჯარისკაცის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვაა სტრატიოტეს (იხ. ლაშქარი).
რომის ბატონობის დროს იუდეაში ჯარისკაცები ჩვეული სანახავი იყო. ის ფაქტი, რომ კაპერნაუმში მომსახურე ასისთავს ხელქვეითად ჯარისკაცები ჰყავდა იმაზე მეტყველებს, რომ იმ ქალაქში საჯარისო ნაწილი იყო განთავსებული (მთ. 8:5—9). იერუსალიმში რომაული სამხედრო ნაწილები ანტონიუსის კოშკში იყვნენ განლაგებული, საიდანაც იუდეას აკონტროლებდნენ. როცა პავლე ბოლოჯერ ჩავიდა იერუსალიმში, რომაული რაზმის მეთაურმა ის გაშმაგებული ბრბოსგან იხსნა, მომდევნო დღეს კი — გააფთრებული ფარისევლებისა და სადუკეველებისგან (სქ. 21:30—35; 22:23, 24; 23:10). მას შემდეგ, რაც რაზმის მეთაურმა გაიგო, რომ პავლეს მოკვლას უპირებდნენ, მან 70 მხედრის, 200 ჯარისკაცისა და 200 შუბოსნის თანხლებით ის ანტიპატრიდაში გაამგზავრა, საიდანაც მომდევნო დღეს მხედრებმა ის კესარეამდე მიაცილეს (სქ. 23:12—33).
ებრაელი ჯარისკაცები. ჯარისკაცებად ებრაელებიც მსახურობდნენ. ზოგიერთი მათგანი იოანე ნათლისმცემელს ეკითხებოდა: „ჩვენ როგორღა მოვიქცეთ?“. ისინი, როგორც ჩანს, ზოგადად პოლიციის, უფრო კონკრეტულად კი, საბაჟო-საგადასახადო პოლიციის მოვალეობას ასრულებდნენ (ლკ. 3:12—14).
იესოს სიკვდილით დასჯა და დაკრძალვა. ვინაიდან იესოს რომის წინააღმდეგ ამბოხებაში ედებოდა ბრალი და სასიკვდილო განაჩენიც რომაელმა გამგებელმა გამოუტანა, სასჯელი რომაელმა ჯარისკაცებმა აღასრულეს. განაჩენის აღსრულებამდე ჯარისკაცები იესოს შეურაცხყოფდნენ, დასცინოდნენ, აფურთხებდნენ და ურტყამდნენ (მთ. 27:27—36; ინ. 18:3, 12; 19:32—34). მათ გაინაწილეს მისი მოსასხამი, სამოსელზე კი წილი ყარეს. როგორც ჩანს, იესო ბოძზე ოთხმა ჯარისკაცმა გააკრა (ინ. 19:23, 24). ასისთავმა, რომელიც სასჯელის აღსრულებას ხელმძღვანელობდა, იესოს სიკვდილის დროს მომხდარი უჩვეულო მოვლენების ნახვის შემდეგ აღიარა: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“ (მრ. 15:33—39). იესოს სამარხთანაც რომაელი ჯარისკაცები დააყენეს (მთ. 27:62—66). იუდეველებმა სამარხის დაცვა პილატეს სთხოვეს, აქედან გამომდინარე, ეს ჯარისკაცები ვერ იქნებოდნენ იერუსალიმის ტაძრის მცველები. აღსანიშნავია ისიც, რომ უფროსი მღვდლები ჯარისკაცებს დაჰპირდნენ, რომ თუ იესოს ცხედრის გაუჩინარების ამბავი გამგებლის ყურამდე მივიდოდა, ყველაფერს თავად მოაგვარებდნენ (მთ. 28:14).
პირველი უცხოტომელი ქრისტიანი. იესოს სიკვდილიდან დაახლოებით სამწელიწად-ნახევრის შემდეგ რომაელმა ჯარისკაცმა, კერძოდ, ცენტურიონმა კორნელიუსმა, ორი მოსამსახურე და ღვთისმოშიში ჯარისკაცი გაგზავნა პეტრეს კესარეაში მოსაწვევად. პეტრეს ქადაგების მოსმენის შემდეგ კორნელიუსსა და მის შინაურებზე, მათ შორის, სავარაუდოდ, მის ღვთისმოშიშ ჯარისკაცზე, წმინდა სული გადმოვიდა. ისინი გახდნენ ქრისტიანული კრების პირველი არაებრაელი წევრები (სქ. 10:1, 7, 44—48).
პეტრეს გათავისუფლება. როცა პეტრე მოციქული ჰეროდე აგრიპა I-ის ბრძანებით დააპატიმრეს, მას ჯარისკაცების ოთხი ოთხკაციანი ცვლა დაუყენეს. თითო ცვლაში ორი ჯარისკაცი საპატიმროს კარს სდარაჯობდა, ორსაც პეტრე აქეთ-იქიდან ჰყავდა ჯაჭვებით გამობმული. ღამით პეტრეს ანგელოზმა შემოხსნა ჯაჭვები და საპატიმროდან გაათავისუფლა. ამან ჯარისკაცებს შორის დიდი ჩოჩქოლი გამოიწვია. ჰეროდემ პეტრეს მცველები დაჰკითხა და „ბრძანა, ისინი დასასჯელად წაეყვანათ“. სავარაუდოდ, მან რომაელთა წესისამებრ ისინი სიკვდილით დაასჯევინა (სქ. 12:4—10, 18, 19).
პავლესადმი გამოვლენილი სიკეთე. მოციქული პავლე, რომელიც რომში ხომალდით წაიყვანეს კეისართან გასასაჩივრებლად, ჩააბარეს ჯარისკაცებს, რომელთაც ავგუსტუსის რაზმის ასისთავი სახელად იულიუსი მეთაურობდა. იულიუსმა პავლესადმი სიკეთე გამოიჩინა და ნება დართო, მეგობრებთან წასულიყო, რათა მასზე ეზრუნათ. როგორც ჩანს, თავიდან იულიუსი პავლეს ღვთის მოციქულად არ თვლიდა, რადგან გემის მფლობელსა და მესაჭეს უფრო უჯერებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მათი ხომალდი მრავალი დღე არყია, ასისთავმა და სხვებმაც დაუჯერეს პავლეს, რომელმაც დაარწმუნა ისინი, რომ ღვთიური ხილვის თანახმად ხომალდზე არავინ დაიღუპებოდა. როცა მალტის მახლობლად ხომალდი მსხვრევის საშიშროების წინაშე დადგა, ჯარისკაცებმა პატიმრების დახოცვა მოინდომეს, მაგრამ ასისთავმა იულიუსმა მათ ამის ნება არ დართო, რადგან სურდა, პავლე დანიშნულების ადგილამდე უვნებლად ჩაეყვანა (სქ. 27:1, 3, 9—11, 20—26, 30, 31, 39—44). რომში პავლეს უფლება მისცეს, ნაქირავებ სახლში ეცხოვრა ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ (სქ. 28:16, 30).
სიმბოლური გაგებით. კორინთის კრებისთვის მიწერილ წერილში პავლე შემდეგი სიტყვებით იცავს თავის მოციქულობას: „რომელი ჯარისკაცი მსახურობს თავისი ხარჯით?“ (1კრ. 9:7). მართალია, პავლეს კორინთელებისგან მატერიალური დახმარება არ მიუღია, მაგრამ მისი მსჯელობიდან ჩანს, რომ მას, როგორც თავისი ბატონის, ქრისტეს სამსახურში მყოფ ჯარისკაცს, ჰქონდა ამის უფლება. პავლე ქრისტეს ჯარისკაცებად მიიჩნევდა მათაც, ვისთან ერთადაც ქადაგებდა სასიხარულო ცნობას, და მათ თანამებრძოლებს უწოდებდა (ფლ. 2:25; ფლმ. 2).
მოციქული პავლე ტიმოთეს, რომელსაც მან სერიოზული პასუხისმგებლობა მიანდო, სწერდა: „როგორც ქრისტე იესოს ღირსეულმა მეომარმა, შენც მოითმინე ბოროტება. არც ერთი მეომარი არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში, რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო“ (2ტმ. 2:3, 4). კარგ ჯარისკაცს გაჭირვება არ აშინებს. მან იცის, რომ თავისი მოვალეობის შესასრულებლად მუდამ მზად უნდა იყოს და მძიმე პირობებიც აიტანოს. საომარი მოქმედებების დროს ის საკუთარ სიამოვნებაზე არ ფიქრობს. მისი დრო და ენერგია მეთაურის განკარგულებაშია. სამხედრო სამსახურის გამო ჯარისკაცი უარს ამბობს სავაჭრო საქმიანობაზე, მეურნეობასა თუ სხვა რომელიმე ხელობაზე. ის არ ებმება ისეთ რამეში, რაც მის გონებას ბრძოლიდან სხვა რამეზე გადაიტანს და ძალას გამოაცლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება სიცოცხლეს გამოესალმოს ან მათი სიცოცხლე ჩააგდოს საფრთხეში, ვინც მასზეა დამოკიდებული. ისტორიკოსთა ცნობით, რომაელ ჯარისკაცებს, თავიანთი მოვალეობის შესრულებაში ხელი რომ არ შეშლოდათ, არ ჰქონდათ უფლება, ჩაბმულიყვნენ სავაჭრო საქმიანობაში, ყოფილიყვნენ აღმზრდელები ან ვისიმე ქონების მეურვეები. მოსეს კანონით სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ ახალდაქორწინებული მამაკაცები, აგრეთვე ისინი, ვისაც სახლის აშენება არ ჰქონდა ნაზეიმები ან ახალჩაყრილი ვენახიდან მოსავალი არ ჰქონდა აღებული. საომრად არ მიჰყავდათ მშიშრებიც, რადგან ისინი ვერც ჯარისკაცებად ივარგებდნენ და სხვებსაც დაუკარგავდნენ საბრძოლო სულისკვეთებას (კნ. 20:5—8). ასე რომ, პავლეს მიერ მოყვანილი ჯარისკაცის მაგალითი გასაგები იქნებოდა როგორც ებრაელი, ისე არაებრაელი ქრისტიანებისთვის.
ეფესოელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ გარკვევით აღნიშნა, რომ ქრისტიანი მეომრები არ იბრძვიან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ „ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფ. 6:11—17). აქედან გამომდინარე, ქვეყნიერება ვერ შესთავაზებს ქრისტიანს ამ ბრძოლისთვის აუცილებელ საჭურველს. მას მხოლოდ იეჰოვა ღმერთი იძლევა თავის მიერ დანიშნული მხედართმთავრის, იესო ქრისტეს მეშვეობით გამარჯვების მოსაპოვებლად (ეფ. 6:11—17).