რბილი ხასიათი
უილიამ ბარკლეის ლექსიკონში ზედსართავ სახელ პრაისზე ნათქვამია: „კლასიკურ ბერძნულში ეს თბილი სიტყვაა. უსულო არსებით სახელებთან ის ნაზს ნიშნავს, მაგალითად, ნაზი სიო ან ნაზი ხმა. სულიერ არსებით სახელებთან ნიშნავს რბილს ან დიდსულოვანს ... მასში ლმობიერებაც იგულისხმება, მაგრამ მის მიღმა ფოლადის სიმტკიცე დგას ... ეს არ არის უპრინციპო ლმობიერება, გულჩვილობა, პასიური დამოკიდებულება“ (A New Testament Wordbook, ლონდონი, 1956, გვ. 103, 104). ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ლექსიკონში ნათქვამია, რომ არსებით სახელ პრაიტესში «არ იგულისხმება მხოლოდ „ქცევა, მოყვასთან ურთიერთობა ან თანდაყოლილი ხასიათი. ის გულისხმობს ადამიანის სულიერ მშვენიერებას და უპირველესად ღვთის მიმართ ვლინდება. ეს არის განწყობილება, რომლითაც ჩვენდამი ღვთის დამოკიდებულებას ჩვენდა სასიკეთოდ მივიჩნევთ, ამიტომ არ ვაპროტესტებთ და არ ვეწინააღმდეგებით; ის მჭიდროდ უკავშირდება სიტყვა ტაპინოფროსუნეს [თავმდაბლობას] და მის გვერდით მოიხსენიება“» (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 3, გვ. 55, 56).
ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში სიტყვა პრაის სხვადასხვანაირად ითარგმნა: რბილი ხასიათი, რბილი, თვინიერი, მშვიდი, წყნარი სული, სულის სიმშვიდე და მშვიდი სული (აქ, აფ, კს, სსგ).
მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა არ იწყნარებს ცოდვასა და ბოროტებას, მან სიყვარულით მოგვცა მასთან დაახლოების შესაძლებლობა იესო ქრისტეს გამოსასყიდისა და მღვდელმსახურების საფუძველზე. ამიტომაც შეუძლიათ იეჰოვას თაყვანისმცემლებს ავადმყოფური შიშის გარეშე მიმართონ მას (ებ. 4:16; 10:19—22; 1ინ. 4:17, 18). იესო იეჰოვა ღმერთის იმდენად სრულყოფილი ანარეკლი იყო, რომ შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. მან აგრეთვე თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი [ბერძ. პრაის] და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (ინ. 14:9; მთ. 11:28—30). შესაბამისად, ღვთის მოყვარულებს შეუძლიათ, თავისუფლად მიმართონ იეჰოვას. ის მათში წარმოქმნის რბილ ხასიათს, დიდ ნდობასა და სიმტკიცეს.
ღვთის მსახურები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ზედამხედველის პასუხისმგებლობა აკისრია, უნდა გამოირჩეოდნენ რბილი ხასიათით. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „უფლის მონა არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი [ბერძ. ეპიონ] უნდა იყოს“ (2ტმ. 2:24). ასეთი ადამიანი მშვიდი და მოკრძალებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცს, მოსეს ყოველთვის არ ჰქონდა სწორი განწყობილება, ის „უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რც. 12:3; ფს. 90, ეპგ.). ბიბლიაში მისი საუბარი აღწერილია, „როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე“ (კნ. 32:2).
1 თესალონიკელების 2:7-ში პავლემ საკუთარ თავსა და თავის თანამსახურებზე თქვა, რომ ისინი ისე ეალერსებოდნენ თესალონიკელებს, „როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს“. ამის თქმა მათ იმიტომ შეეძლოთ, რომ გულწრფელად უყვარდათ ისინი, ვისაც ასწავლიდნენ და აინტერესებდათ მათი სულიერი ზრდა (1თს. 2:8). სიტყვა ეპიე (1თს. 2:7-ში ითარგმნა ალერსად) გვხვდება „ტექსტუს რეცეპტუსში“, ტიშენდორფის, მერკისა და კიდევ სხვა რამდენიმე ხელნაწერში. უ. ე. ვაინის თანახმად, ეპიოსს „ხშირად იყენებდნენ ბერძენი მწერლები, როცა აღწერდნენ ჭირვეული ბავშვების მიმართ ძიძის, ურჩი მოსწავლეების მიმართ მასწავლებლის ან შვილების მიმართ მშობლების დამოკიდებულებას. 1 თეს. 2:7-ში მოციქული პავლე ამ სიტყვით აღწერს, თუ როგორ ექცეოდნენ ის და მისი თანამსახურები გაქრისტიანებულ თესალონიკელებს“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 2, გვ. 145).
თუმცა უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტისა და კიდევ რამდენიმე ხელნაწერის მიხედვით 1 თესალონიკელების 2:7-ში წერია ნეპიე, რაც ჩვილებს ნიშნავს. ამის შესახებ ახალი აღთქმის ერთ ლექსიკონში აღნიშნულია: „1 თეს. 2:7 ორნაირად ითარგმნება: 1) ეპიე (თქვენ მიმართ ალერსიანები ვიყავით); 2) ნეპიე (ჩვილები). წინა სიტყვა მთავრდება ნ ასოთი, ამიტომ, სავარაუდოდ, გადამწერმა შეცდომით ის ამ სიტყვის დასაწყისშიც ჩასვა. გარდა ამისა, მეორე ვარიანტი აზრის გაგებას ართულებს, რადგან მე-7 მუხლის ბოლო ნაწილში პავლე საკუთარ თავს კი არა, თესალონიკელებს ადარებს შვილებს, თავის თავსა და თავის თანამსახურებს კი — ძიძებს (ტროპოს)“ (The New International Dictionary of New Testament Theology, კ. ბრაუნის რედაქციით, 1975, ტ. 1, გვ. 282).
მტკიცე ხასიათის მაჩვენებელი. რბილი ხასიათი სუსტი ნებისყოფის ადამიანის თვისება არ არის. ადამიანს მტკიცე ხასიათი სჭირდება, რომ რბილად მოექცეს სხვებს, დაამშვიდოს ისინი და ანგარიში გაუწიოს მათ გრძნობებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითონ გაღიზიანებულია. 2 სამუელის 18:5-ში დავითმა, რომელიც მეომარი იყო, მამობრივი სიყვარულით აღძრულმა უბრძანა იოაბს, რბილად მოქცეოდა მის მეამბოხე ვაჟს, აბესალომს. ამ მუხლში გამოყენებული ებრაული სიტყვა (ʼატ) მიუთითებს მსუბუქ სიარულზე ან ნაზ მოძრაობაზე. იესო ქრისტემ თქვა: „რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მთ. 11:29; 2კრ. 10:1). მას ყველაფერში მამის მხარდაჭერა ჰქონდა, მტკიცედ იცავდა იმას, რაც სწორი იყო და საჭიროების შემთხვევაში თავს არ იკავებდა სათქმელისა თუ საქმისგან (მთ. 23:13—39; შდრ. 21:5). მოციქულ პავლესაც რბილი ხასიათი ჰქონდა, თუმცა უნებისყოფო არ იყო, რაზეც მოწმობს ის, რომ საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ ამბობდა სათქმელს, მაგალითად, როცა კორინთის ქრისტიანულ კრებას პირველი და მეორე წერილი მისწერა.
ადამიანში რწმენა და სიმტკიცე წარმოშობს რბილ ხასიათს. ის ადვილად არ კარგავს წონასწორობას ან საღ აზრს. თუ ადამიანს არა აქვს რბილი ხასიათი, მას შეიძლება დაეუფლოს დაუცველობის გრძნობა, გულგატეხილობა, უნდობლობა, უიმედობა და სასოწარკვეთილება. ასეთ ადამიანზე ერთ-ერთ იგავში ნათქვამია: „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგ. 25:28). ის დაუცველია და მის გონებაში ადვილად ისადგურებს ყოველგვარი არასწორი ფიქრი, რომლებმაც შეიძლება მას შეუფერებელი საქციელი ჩაადენინოს.
სულის ნაყოფი. რბილი ხასიათი არის ღვთის წმინდა სულის, მისი მოქმედი ძალის ნაყოფი (გლ. 5:22, 23). ამიტომ ადამიანს ღვთის გარეშე ვერ ექნება ეს თვისება. მან უნდა სთხოვოს ღმერთს წმინდა სული და გამოიმუშაოს სულის ეს ნაყოფი, რომ სინამდვილეში ჰქონდეს რბილი ხასიათი. ამგვარად, ის მხოლოდ ნებისყოფის შედეგი კი არა, ღმერთთან დაახლოების შედეგია.
რბილი ხასიათის უქონლობის გამო ადამიანი აღგზნებული, უხეში, თავშეუკავებელი და კონფლიქტურია. ბიბლია ურჩევს ქრისტიანებს, შეინარჩუნონ ერთობა და მშვიდობა თავმდაბლობითა და რბილი ხასიათით (ეფ. 4:1—3).
ეჭვიანობა და შური ყოველგვარ უწესრიგობამდე მიგვიყვანს, თუ მათ ფესვის გადგმისა და გაზრდის საშუალებას მივცემთ. რბილი ხასიათი კი ქრისტეს მიმდევრებს შორის თავიდანვე აღკვეთს უწესრიგობას. ამიტომ ბიბლიის დამწერმა იაკობმა მოუწოდა კრებაში ბრძენებსა და შეგნებულებს, კარგად მოქცეულიყვნენ ზემოდან მომავალი სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით (იაკ. 3:13, 17).
ჭეშმარიტად რბილი ხასიათი მხოლოდ გარეგნულად არ გამოიხატება, არც შიგადაშიგ ვლინდება. ის ადამიანის ტემპერამენტის ნაწილია. პეტრე მოციქულმა სწორედ ეს ფაქტი აღნიშნა: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“ (1პტ. 3:3, 4).
მოციქული პავლე წერდა: „შეიმოსეთ ... რბილი ხასიათით“. ერთი შეხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ რბილი ხასიათი მხოლოდ გარეგნული გამოვლინებაა. თუმცა იმავე კონტექსტში პავლე წერდა: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“ (კლ. 3:10, 12; ეფ. 4:22—24). აქედან ჩანს, რომ რბილი ხასიათი თანდაყოლილი თვისება კი არ არის, არამედ საფუძვლიანი ცოდნის მიღებითა და გამოყენებით გამომუშავებული პიროვნული თვისება და ღვთის სულის ნაყოფი.
საჭიროა ზედამხედველებისთვის. პავლე სწერდა ახალგაზრდა ტიმოთეს, როგორ ეზრუნა კრებებზე. ამ წერილში პავლემ რთულ სიტუაციებთან გასამკლავებლად ურჩია ტიმოთეს: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს; უნდა შეეძლოს სწავლება და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება; რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს და ისე არიგებდეს. იქნებ ღმერთმა მოანანიებინოს“ (2ტმ. 2:24, 25). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ რბილ ხასიათსა და სულგრძელობას შორის დიდი მსგავსებაა. ზედამხედველს ესმის, რატომ უნდა მოაგვაროს სირთულე: ღმერთმა დაუშვა ის და მან, როგორც ზედამხედველმა, მისი მოგვარებისას უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები, ვისაც ეს პრობლემა ეხება. მან უნდა მოითმინოს, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება და არ უნდა გაღიზიანდეს.
პავლემ კრეტაზე მცხოვრებ ზედამხედველ ტიტესაც ურჩია, შეეხსენებინა თავისი ქრისტიანი ძმებისთვის, რომ ყოფილიყვნენ „გონიერნი [და] ყველასთან რბილი ხასიათი“ გამოევლინათ. ტიტესთვის რომ რბილი ხასიათის აუცილებლობა დაენახვებინა, პავლემ ყურადღება გაამახვილა ღვთის ძის მეშვეობით გამოვლენილ იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულსა და წყალობაზე, რომლებიც ქრისტიანს ავალდებულებს, მიატოვოს ძველი თვისებები, სიძულვილი და სიავე, და განახლდეს მარადიული სიცოცხლის მისაღებად (ტიტ. 3:1—7).
პავლე კვლავ მიმართავს კრებაში სულიერად მოწიფულებს და უხსნის მათ პასუხისმგებლობას: „თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით, რათა თავადაც არ ცდუნდეთ“ (გლ. 6:1). მათ უნდა ხსომებოდათ, როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავად მათ. ამიტომ უხეშად კი არ უნდა შეეგონებინათ შემცოდველი, არამედ რბილად უნდა გამოესწორებინათ ის. ასეთი მიდგომა ეფექტური და ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა.
რბილი ხასიათის გამოვლენა სირთულეების დროს ან გაბრაზებულ ადამიანთან ურთიერთობისას სიტუაციას განმუხტავს, მაშინ როცა სიუხეშე ართულებს მდგომარეობას. იგავში ნათქვამია: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგ. 15:1). რბილი ხასიათის ადამიანს ბევრის მიღწევა შეუძლია. „მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა“ (იგ. 25:15).
აუცილებელია, როცა შეგვაგონებენ. რბილი ხასიათის ან სიმშვიდის გამოვლენის კიდევ ერთი კარგი პრინციპი მეფე სოლომონმა დაგვანახვა. ეს პრინციპი გვეხმარება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ დასჯის დროს მოვერიდოთ ურჩობას. ჩვენ შეიძლება ისე აღვშფოთდეთ, რომ არ დავემორჩილოთ მას და დაუფიქრებლად მივატოვოთ ჩვენთვის დაკისრებული საქმე. სოლომონი გვაფრთხილებს: „თუ მმართველი სულით აენთება შენ წინააღმდეგ, ნუ დატოვებ შენს ადგილს, რადგან სიმშვიდე დიდ ცოდვებს არბილებს“ (ეკ. 10:4; შდრ. ტიტ. 3:2). თუ დასჯის დროს რბილ ხასიათსა და სიმშვიდეს გამოვავლენთ, უფლებამოსილი პირის კიდევ უფრო განრისხებას ავირიდებთ. აგრეთვე, თუ საკუთარ თავს ხელში ავიყვანთ, მივიღებთ შეგონებას და არ მივატოვებთ ჩვენს ადგილს, პიროვნულ თვისებებს გავიუმჯობესებთ.
ამ პრინციპის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეს მმართველი იეჰოვა ღმერთია და მისგან უფლებამოსილი პირის მიერ ვისჯებით (ებ. 12:7—11; 13:17). ეს პრინციპი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნიურ მმართველებთანაც (რმ. 13:1—7). თუმცა ქრისტიანები უპირველესად ღმერთს ვემორჩილებით, ჩვენ „რბილად და ღრმა პატივისცემით“ უნდა ვუპასუხოთ ქვეყნიურ მმართველს, რომელმაც შეიძლება მკაცრად მოგვთხოვს ჩვენი იმედის შესახებ ახსნა-განმარტება (1პტ. 3:15).
ხელს უწყობს ერთობას. სასიამოვნოა, როცა ადამიანი რბილად საუბრობს და იქცევა. ეს მშვიდობასაც უწყობს ხელს. ყველას უადვილდება მასთან მისვლა. ის არ არის მკაცრი და თავისი საქციელით სულიერად აძლიერებს სხვებს. უხეში, მკაცრი, თავშეუკავებელი და სასტიკი ადამიანი განხეთქილებას იწვევს და მას სხვები გაურბიან. რბილი ხასიათი კი მიმზიდველია და ხელს უწყობს ერთობას. ესაიას 40:11-ში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის აგროვებს თავის ბატკნებს და უბით ატარებს მათ (უბეში იგულისხმება მოსასხამის დიდი ნაკეცები, რომელშიც მწყემსი ზოგჯერ ბატკანს ახვევდა). მისმა ძემ, იესო ქრისტემ იერუსალიმს მიმართა: „რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ“ (მთ. 23:37). შედეგად, რომის ჯარი სასტიკად გაუსწორდა იერუსალიმის მცხოვრებთ, როცა ახ. წ. 70 წელს ეს ქალაქი გაანადგურა.
მოჩვენებითი რბილი ხასიათი. განაზებული ხმა და თავაზიანი საქციელი მაინცდამაინც რბილი ხასიათის მაჩვენებელი არ არის. ნამდვილი რბილი ხასიათი გულიდან მოდის. როცა სატანა სცდიდა ღვთის მსახური იობის ერთგულებას, იობი სამი მეგობრის მხრიდანაც გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. ისინი ადანაშაულებდნენ მას ფარულ ცოდვაში, ბოროტებასა და სიჯიუტეში და იმაზეც კი მიანიშნებდნენ, რომ იობი ღმერთს განუდგა და ღმერთმა მისი ვაჟები მათივე ბოროტების გამო დახოცა. ამის მიუხედავად, ერთმა მათგანმა, ელიფაზმა, იობს უთხრა: „განა საკმარისი არ არის შენთვის ნუგეშისცემა ღვთისგან ან რბილად ნათქვამი სიტყვა?“ (იობ. 15:11). ისინი ზოგჯერ, შესაძლოა, რბილადაც ელაპარაკებოდნენ მას, სინამდვილეში კი მათი სიტყვები სასტიკი იყო. ასე რომ, მათ არ გამოავლინეს ნამდვილი რბილი ხასიათი.