რეალურია მარადიული სიცოცხლე?
„მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ (მათე 19:16)
1. რა შეიძლება ითქვას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით?
სპარსეთის მეფე ქსერქსე I-მა, რომელიც ბიბლიაში ახაშვეროშად არის მოხსენიებული, ძვ. წ. 480 წელს, ბრძოლის წინ, ჯარს გადახედა (ესთერი 1:1, 2). როგორც ბერძენი მემატიანე ჰეროდოტე იტყობინება, ამ გადახედვამ მეფე აატირა. რატომ? „სინანულმა მომიცვა, — თქვა ქსერქსემ, — როდესაც დავფიქრდი, რა მოკლეა ადამიანის სიცოცხლე, რადგან ამდენი ხალხიდან ერთიც აღარ იქნება ცოცხალი ასი წლის შემდეგ“. ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, რომ სიცოცხლე საოცრად ხანმოკლეა და არავის სურს დაბერება, ავადმყოფობა და სიკვდილი. ო, რა კარგი იქნებოდა ყოველთვის ახალგაზრდული ჯანმრთელობა გვქონოდა და ბედნიერები ვყოფილიყავით! (იობი 14:1, 2).
2. რას მოელის მრავალი და რატომ?
2 საინტერესოა ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 1997 წლის 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია „მათ არ სურთ სიკვდილი“, სადაც ციტირებული იყო ერთ-ერთი მკვლევარის სიტყვები: „მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მარადიულად მცხოვრები პირველი თაობა ვიყოთ“. შესაძლოა, თქვენც ასე გწამთ, ალბათ იმიტომ, რომ ბიბლია აღგვითქვამს დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4). მაგრამ ამ საკითხისადმი ზოგის რწმენა ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული. ორი ასეთი საფუძვლის, გარჩევა დაგვეხმარება, გავიგოთ, რომ მარადიული ცხოვრება რეალურია.
მარადიული სიცოცხლისთვის შექმნილი
3, 4. ა) რატომ სჯერა ზოგს, რომ მარადიული სიცოცხლე რეალურია? ბ) რა თქვა დავითმა თავისი ჩანასახოვანი განვითარების შესახებ?
3 ჩვენი ორგანიზმი საოცრად არის შექმნილი და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მრავალს სწამს, რომ ადამიანმა მარადიულად უნდა იცოცხლოს. მაგალითად, დედის საშვილოსნოში ორგანიზმის განვითარება მართლაც სასწაულებრივად მიმდინარეობს. სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი წერდა: „ჩასახვის, დაბადების, სქესობრივი მომწიფებისა და ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების სასწაულის მოხდენის შემდეგ ბუნებას აღარაფერი შეუქმნია ამ სასწაულის მარადიულად შესანარჩუნებლად, რაც, ერთი შეხედვით, შედარებით მარტივი უნდა ყოფილიყო“. დიახ, ჩვენი ორგანიზმის საოცარ აგებულებაზე დაკვირვება ბადებს კითხვას: რატომ უნდა ვკვდებოდეთ?
4 ათასობით წლის წინათ ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, დავითი, ფიქრობდა ამ სასწაულებზე, თუმცა დღევანდელი სწავლულებისგან განსხვავებით, მას არ შეეძლო საშვილოსნოში ჩაეხედა. დავითი ფიქრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა ‘დედის მუცელში’. მისი სიტყვების თანახმად, იმ დროს ‘იძერწებოდა მისი თირკმელნი’. ‘იდუმალებაში ჩასახვის’ პერიოდში ჩამოუყალიბდა „ძვლები“. შემდეგ დავითი საკუთარ „ჩანასახზე“ ამბობდა, რომ მისი სხეულის ნაწილების განვითარება ‘ჩაწერილია [ღვთის] წიგნში’ (ფსალმუნი 138:13–16).
5. რა სასწაულები ხდება საშვილოსნოში ჩანასახის განვითარებისას?
5 რა თქმა უნდა, დედის საშვილოსნოში დავითის განვითარების შესახებ პირდაპირი გაგებით არავითარი ხელნაწერები არ არსებობდა, მაგრამ დავითის წარმოდგენაში, მისი ‘თირკმლების’, ‘ძვლებისა’ და სხეულის სხვა ნაწილების ფორმირება გარკვეული გეგმის მიხედვით ხდებოდა, თითქოს ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ‘წიგნში ყოფილიყოს ჩაწერილი’. თითქოს დედის მუცელში მყოფ განაყოფიერებულ უჯრედს წიგნებით სავსე ოთახი ჰქონდა და ამ წიგნებში დაწვრილებით იყო აღწერილი, მისი შემდგომი განვითარების პროცესი, ეს რთული ინფორმაცია კი ყოველ ახალ უჯრედს გადაეცემოდა. მსგავსადვე, მეტაფორულ გამოთქმას იყენებს ჟურნალი „მეცნიერული სამყარო“ და აღნიშნავს, რომ «განვითარებად ემბრიონში თითოეულ უჯრედს აქვს „ფუნქციონირების პროგრამის სრული კომპლექტი“».
6. დავითის სიტყვების თანახმად, რა მტკიცებები არსებობს იმისა, რომ ‘საოცრებით ვართ შენივთულნი’?
6 გიფიქრიათ ოდესმე ჩვენი სხეულის საოცარ ფუნქციონირებაზე? ბიოლოგი ჯარედ დაემონდი აღნიშნავს: „ნაწლავების ამომფენ უჯრედებს რამდენიმე დღეში ვიცვლით, შარდის ბუშტის ამომფენს — ყოველ ორ თვეში, სისხლის წითელ უჯრედებს კი ყოველ ოთხ თვეში“. შემდეგ კი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ბუნება ყოველდღე გვშლის და გვაწყობს“. სინამდვილეში, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რამდენი წლისაც უნდა ვიყოთ, 8-ის, 80-ის თუ 800-ის, ჩვენი ფიზიკური სხეული ახალგაზრდა რჩება. ერთმა მეცნიერმა დაახლოებით გამოთვალა, რომ „წლის განმავლობაში ჩვენი სხეულის ატომების 98 პროცენტი განახლებას განიცდის და მათ ატმოსფეროდან, საკვებიდან და სასმელიდან მიღებული ატომები ცვლიან“. მართლაც, როგორც დავითი ამბობდა: ‘საოცრებით ვართ შენივთულნი’ (ფსალმუნი 138:14).
7. ჩვენი ფიზიკური სხეულის აგებულებაზე დაკვირვებამ რა დასკვნამდე მიიყვანა ზოგიერთი?
7 ადამიანის სხეულის აგებულების საფუძველზე ერთმა გერონტოლოგმა აღნიშნა: „გაუგებარია, რატომ ბერდება ადამიანი“. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მან მარადიულად უნდა იცოცხლოს. ამიტომაც, ადამიანი ამ მიზნის მიღწევას მეცნიერული აღმოჩენების გამოყენების საშუალებით ცდილობს. არც ისე დიდი ხნის წინათ, დოქტორი ალვინ სილვერსტაინი თავის წიგნში „სიკვდილის დამარცხება“ სრულიად დარწმუნებული წერდა: „ჩვენ ჩავწვდებით სიცოცხლის არსს. გავიგებთ . . . როგორ ბერდება ადამიანი“. რას მოგვიტანს ეს? დოქტორი წინასწარმეტყველბდა: «აღარ იქნებიან „მოხუცები“, რადგან ცოდნა, რომლითაც სიკვდილს დავამარცხებთ, უსასრულო ახალგაზრდობასაც მოგვიტანს». თუ მხედველობაში მივიღებთ ადამიანის აგებულების შესახებ თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს, დაუჯერებელია აზრი, სიცოცხლის მარადიულობის შესახებ? არსებობს კიდევ სხვა, უფრო საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ მარადიული სიცოცხლე რეალურია.
მარადიულად სიცოცხლის სურვილი
8, 9. რა ბუნებრივი სურვილი ჰქონდათ ადამიანებს კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში?
8 შეგინიშნავთ ოდესმე, რომ მარადიულად ცხოვრება ადამიანის ბუნებრივი სურვილია? ერთი დოქტორი გერმანულ ჟურნალში წერდა: „ოცნება უსასრულო სიცოცხლეზე, ალბათ, კაცობრიობის ხნისაა“. „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ ძველი ევროპელების რელიგიური შეხედულებების აღწერისას ნათქვამია: „ღირსეულები მარადიულად იცხოვრებენ მოოქრულ მბრწყინავ სასახლეში“. ოჰ, რა აღარ მოსინჯა ადამიანმა მარადიული სიცოცხლის სურვილის დასაკმაყოფილებლად.
9 ენციკლოპედია „ამერიკანაში“ აღნიშნული იყო, რომ 2000 წელზე მეტი ხნის წინათ ჩინეთში „იმპერატორებიცა და [უბრალო] ხალხიც დაოსისტი მღვდლების ხელმძღვანელობით ტოვებდნენ ყოველგვარ საქმეს და სიცოცხლის ელექსირს — ეგრეთ წოდებულ უკვდავ-უბერებლობის წყაროს ეძებდნენ. ოდითგანვე ხალხს სწამდა, რომ ათასნაირი ნახარში ან წყლები ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა.
10. რას ცდილობენ დღეს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად?
10 არც დღეს შეუწყვეტია კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის თანდაყოლილი სურვილის დაკმაყოფილების მცდელობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია მკვდრის გაყინვა იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებენ მისი დაავადების განკურნებასა და ადამიანის გაცოცხლებას. ამ მეთოდის (კრიოკონსერვაციის) ერთი მომხრე წერდა: «თუ ჩვენი მოლოდინი გამართლდება და ცნობილი გახდება, როგორ განიკურნება ანუ „შეკეთდება“ ორგანიზმის ყოველგვარი დაზიანება, მათ შორის უძლურება და სიბერე, მაშინ, ვინც ახლა „კვდება“, მომავალში უსასრულოდ იცოცხლებს».
11. რატომ სურთ ადამიანებს მარადიული სიცოცხლე?
11 რატომაა მარადიული სიცოცხლის სურვილი ასე გამჯდარი ჩვენს აზროვნებაში? — შეიძლება იკითხოთ. იმიტომ, ხომ არა, რომ „[ღმერთმა] საუკუნენი მისცა გულთა შინა. . . [კაცთა]“ („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). ეს ყურადსაღები საკითხია! დაუფიქრდით: რატომ უნდა გვქონოდა საუკუნო, მარადიული სიცოცხლის თანდაყოლილი სურვილი, თუ მისი დაკმაყოფილება ჩვენი შემოქმედის განზრახვაში არ შედიოდა? მისი მხრიდან, განა სიყვარულის გამოვლენა იქნებოდა, შევექმენით მარადიული სიცოცხლის სურვილით, თუ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა? (ფსალმუნი 144:16).
ვისზე უნდა დავამყაროთ იმედი?
12. რა სწამს ზოგიერთს და გჯერათ თუ არა, რომ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი აქვთ?
12 მაგრამ რაზე ან ვისზე დავამყაროთ მარადიული სიცოცხლის იმედი? XX-XXI საუკუნის ტექნიკურ წინსვლაზე? ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოქვეყნებული სტატია „მათ სიცოცხლე უნდათ“ ლაპარაკობს „ღვთაებაზე — ტექნიკურ წინსვლაზე“ და „ტექნიკური წინსვლის პოტენციალისადმი რწმენაზე“. ერთმა მკვლევარმა ისიც კი თქვა: „დარწმუნებული იყავით . . . გენეტიკური ოპერაციებით მალე შევძლებთ დაბერების პროცესის შეჩერებას და გაახალგაზრდავებასაც კი“. მაგრამ დაბერების პროცესის შეჩერებისა თუ სიკვდილის ძლევის ყოველგვარი მცდელობა, სრული კრახით მთავდრება.
13. როგორ გვიჩვენებს ჩვენი ტვინის აგებულება, რომ მარადიული სიცოცხლისთვის ვართ შექმნილი?
13 ნიშნავს ეს, რომ შეუძლებელია მარადიულად ცხოვრება? არავითარ შემთხვევაში! მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია! ამაში გვარწმუნებს ჩვენი ტვინის საოცარი აგებულება, ტვინისა, რომელსაც ინფორმაციის მიღების განუსაზღვრელი უნარი აქვს. მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერმა ჯეიმზ უატსონმა ჩვენს ტვინს „სამყაროში აღმოჩენილ მექანიზმებს შორის ურთულესი“ უწოდა. ნევროლოგმა რიჩარდ რესტაკმა კი თქვა: „ადამიანისთვის ნაცნობ სამყაროში მას ვერაფერი ვერ შეედრება“. დაუფიქრდით: რად გვინდა ინფორმაციის დამახსოვრებისა და ათვისების განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე ტვინი და მარადიულად არსებობის უნარის მქონე სხეული, თუ მარადიული სიცოცხლისთვის არა ვართ შექმნილი?
14. ა) ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით, რას ცხადყოფენ ბიბილიის მწერლები? ბ) რატომ უნდა დავამყაროთ იმედი ღმერთზე და არა ადამიანებზე?
14 ამიტომ, რა ერთადერთ გონივრულ, რეალურ დასკვნამდე უნდა მივიდეთ? განა რაიმე ეჭვს იწვევს, რომ ჩვენ მარადიული სიცოცხლისთვის ყოვლადძლიერმა, გონიერმა შემოქმედმა შეგვქმნა? (იობი 10:8; ფსალმუნი 35:10; 99:3; მალაქია 2:10; საქმეები 17:24, 25). განა გონივრული არ არის დავეთანხმოთ ფსალმუნმომღერლის ღვთივსულიერ სიტყვებს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“? რატომ არ უნდა დავამყაროთ იმედი ადამიანებზე? ფსალმუნმომღერლის სიტყვებით რომ ვუპასუხოთ, იმიტომ რომ: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“. მართლაც, ადამიანს კი აქვს მარადიულად ცხოვრების პოტენცია, მაგრამ სიკვდილის პირისპირ უმწეოა. ბოლოს, ფსალმუნმომღერალი დასკვნას აკეთებს: „ნეტარ არს, . . ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე“ (ფსალმუნი 145:3–5).
ნამდვილად ღმერთის განზრახვაა?
15. რა ცხადყოფს, რომ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მოცემა ღვთის განზრახვაა?
15 ნამდვილად იეჰოვამ განიზრახა, რომ მარადიულად ვიცხოვროთ? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. დიახ, ნამდვილად! მის სიტყვაში მრავალჯერ არის ეს აღთქმული. ‘ღვთის მადლია მარადიული სიცოცხლე’ — გვარწმუნებს ბიბლია. ღვთის მსახური იოანე წერდა: „აღთქმა, რომელიც მან [ღმერთმა] აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა“. გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდა კაცმა იესოს ჰკითხა: „მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ (რომაელთა 6:23; 1 იოანე 2:25; მათე 19:16). მოციქული პავლე წერდა ‘საუკუნო სიცოცხლის იმედზე, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნო დროთა უწინ’ (ტიტე 1:2).
16. რას ნიშნავს, რომ ღმერთმა „უწინარეს საუკუნეთა“ აღუთქვა ადამიანებს მარადიული სიცოცხლე?
16 რას ნიშნავს, რომ ღმერთმა საუკუნო სიცოცხლე აღგვითქვა „საუკუნო დროთა უწინ“? ზოგის აზრით, მოციქული პავლე გულისხმობდა, რომ ღმერთს პირველი წყვილის, ადამისა და ევას, შექმნამდე ჰქონდა განზრახული ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის მიცემა; მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოციქული აქ ადამიანების შექმნის შემდგომ პერიოდზე ლაპარაკობდა, პერიოდზე, როდესაც იეჰოვამ თავისი განზრახვა განაცხადა, მაინც ნათელია, რომ ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის მიცემა შედიოდა ღვთის ნებაში.
17. რატომ იქნენ ადამი და ევა ედემიდან გაძევებული და რატომ იცავდნენ ქერუბიმები ბაღის შესასვლელს?
17 ბიბლია მოგვითხრობს, რომ ედემის ბაღში „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან . . . ხე სიცოცხლისა“. ცოდვილი ადამის ბაღიდან გაძევების მიზეზი ის იყო, რომ ‘არ გაეწოდა ახლა ხელი და არ მოეწყვიტა სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეეჭამა და არ ეცოცხლა’. დიახ, მარადიულად! ადამისა და ევას ედემიდან გაძევების შემდეგ იეჰოვამ ბაღს „ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ (დაბადება 2:9; 3:22–24).
18. ა) რას მოუტანდათ ადამსა და ევას სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამა? ბ) რას ნიშნავდა იმ ხის ნაყოფის ჭამა?
18 რას მოუტანდათ ადამსა და ევას სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამა? მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში! ერთ-ერთმა ბიბლეისტმა თქვა: „სიცოცხლის ხეს უნდა ჰქონოდა რაღაც თვისება, რაც ადამიანს ასაკთან დაკავშირებული დაუძლურებისა და სიკვდილისგან დაიცავდა“. ის იმასაც კი ამტკიცებდა, რომ „სამოთხეში [დაბერების] საწინააღმდეგო ბალახეულობა იზრდებოდა“. მაგრამ ბიბლია არ ამბობს, რომ იმ ხეს სიცოცხლის მომცემი თვისებები ჰქონდა. ის, უბრალოდ, ღვთისგან ბოძებული მარადიული სიცოცხლის გარანტიას წარმოადგენდა მათთვის, ვისაც თავად, მისი ნაყოფის ჭამის ნებას დართავდა (გამოცხადება 2:7).
ღვთის განზრახვა არ შეცვლილა
19. რატომ მოკვდა ადამი და რატომ ვკვდებით ჩვენც, მისი შთამომავლები?
19 შეცოდების შედეგად ადამმა არა მარტო თვითონ დაკარგა მარადიული სიცოცხლის უფლება, არამედ თავის შთამომავლებსაც დაუკარგა (დაბადება 2:17). როდესაც დაუმორჩილებლობა გამოავლინა და შესცოდა, მას ზადი გაუჩნდა ანუ არასრულყოფილი გახდა. იმ დროიდან მისი სხეული, ასე ვთქვათ, სიკვდილისთვის დაპროგრამდა, რადგან ბიბლიის თანახმად: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6:23). უფრო მეტიც, ადამის არასრულყოფილი შთამომავლობაც სიკვდილისთვის დაპროგრამდა და არა საუკუნო სიცოცხლისთვის. ბიბლია განმარტავს: „ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12).
20. რა ცხადყოფს, რომ ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე?
20 მაგრამ რა მოხდებოდა, ადამს რომ არ შეეცოდა? რა იქნებოდა, თუ ღვთისადმი მორჩილი დარჩებოდა და სიცოცხლის ხიდან ნაყოფის ჭამის უფლება ექნებოდა? სად გაიხარებდა ღვთის ძღვენით, მარადიული სიცოცხლით? ზეცაში? არა! ღმერთს არ უთქვამს, რომ ადამს ზეცაში წაიყვანდა. მას დავალება დედამიწაზე მიეცა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი“. — და მასში აღნიშნულია, რომ: „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად“ (დაბადება 2:9, 15). მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამს მეუღლე, ევა, შეუქმნა, ორივეს დედამიწაზე კიდევ ერთი დავალება მისცა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28).
21. რა სასწაულებრივი პერსპექტივა ჰქონდა ადამიანთა პირველ წყვილს?
21 წარმოიდგინეთ, რა სასწაულებრივ პერსპექტივას უქმნიდა დედამიწაზე ადამსა და ევას ღვთის ეს მითითებები! ისინი იცხოვრებდნენ დედამიწაზე სამოთხეში და სრულიად ჯანმრთელი შვილები ეყოლებოდათ. როდესაც მათი საყვარელი შვილები წამოიზრდებოდნენ, ისინიც გამრავლდებოდნენ და მათთან ერთად მოუვლიდნენ სამოთხეს. ადამიანები, მათი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ცხოველებთან ერთად, კი ძალიან კმაყოფილები იქნებოდნენ. წარმოიდგინეთ მათი სიხარული, როდესაც ედემის ბაღის საზღვრები თანდათანობით გაფართოვდებოდა და საბოლოოდ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა! არ ისურვებდით, სრულყოფილ შვილებთან ერთად გეცხოვრათ დედამიწაზე ისეთ მშვენიერ პირობებში, სადაც არც კი ეცოდინებოდათ რა არის სიბერე და სიკვდილი? თქვენმა გულმა უპასუხოს ამ კითხვაზე.
22. რატომ შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა არ შეცვლილა?
22 მას შემდეგ რაც ღმერთმა ადამი და ევა ურჩობის გამო ედემის ბაღიდან გააძევა, შეცვალა თავისი განზრახვა, ადამიანებისთვის სამოთხეში მარადიული სიცოცხლის მიცემის შესახებ? არავითარ შემთხვევაში! ასე მოქცევა იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ვერ შეასრულებდა თავის თავდაპირველ განზრახვას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ასრულებს აღთქმულს: „ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ — ამბობს ის (ესაია 55:11).
23. ა) რა განამტკიცებს ჩვენს რწმენას იმის მიმართ, რომ ღვთის განზრახვაა სიმართლის მოყვარულებმა მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა რომ არ შეცვლილა, აშკარად არის ნაჩვენები ბიბლიაში, სადაც ღმერთი აღგვითქვამს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას [ანუ დედამიწას] და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემაც თქვა, რომ თვინიერნი დაიმკვიდრებდნენ დედამიწას (ფსალმუნი 36:29; მათე 5:5). მაგრამ როგორ შეგვიძლია მარადიული სიცოცხლის მიღება და რა უნდა ვაკეთოთ ამისათვის? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
როგორ უპასუხებდით?
◻ რატომ სჯერა მრავალს, რომ მარადიული ცხოვრება რეალურია?
◻ რამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის ვიყავით შექმნილი?
◻ რა იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვა კაცობრიობისა და დედამიწის მიმართ?
◻ რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას?