„ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“!
„ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ასეა სწორი“ (ეფესოელები 6:1).
1. როგორ დაგიცავთ გაფრთხილების გათვალისწინება?
დღეს ჩვენ ცოცხლები ვართ, ისინი კი — არა, ვინაიდან მათ არ გამოავლინეს მორჩილება. რა მორჩილებაზეა აქ საუბარი? არ უნდა უგულებელვყოთ, მაგალითად, ჩვენი ‘საოცრად შექმნილი’ სხეულის მიერ აღქმული საშიშროება (ფსალმუნი 139:14). დავუშვათ, თვალი აღიქვამს შავ ღრუბლებს, ყური კი — ქუხილის ხმას, ჰაერში ელექტრული მუხტის არსებობის გამო თმა ყალყზე დგება. ისინი, ვისთვისაც ცნობილია, თუ რა საშიშროება შეიძლება იმალებოდეს ამ ნიშნების მიღმა, თავშესაფრის ძებნას დაიწყებენ, შტორმმა, ელვამ და სეტყვამ მათ სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შეუქმნას.
2. რატომ სჭირდებათ ბავშვებს გაფრთხილებები და რატომ უნდა დაემორჩილონ ისინი მშობლებს?
2 თქვენ, ბავშვებო, მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გაფრთხილება გჭირდებათ, თქვენი გაფრთხილება კი მშობლების ვალდებულებაა. შეიძლება მათ თქვენთვის არაერთხელ უთქვამთ: „ღუმელს არ მიეკარო — დაგწვავს; წყალში არ შეხვიდე — შეიძლება დაიხრჩო; სანამ გზაზე გადახვალ, აქეთ-იქით გაიხედე“. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი დაშავდა და ზოგი მოკვდა კიდეც იმის გამო, რომ მშობლებს არ დაუჯერა. ამიტომ „სწორი“ და მართებულია, რომ ბავშვებმა დაუჯერონ მშობლებს; ეს გონივრულიცაა (იგავები 8:33). სხვა ბიბლიურ მუხლში ნათქვამია, რომ ამგვარად მოქმედება „მოსაწონია“ ჩვენი უფლის, იესო ქრისტესთვის. ღმერთი მოგიწოდებთ, რომ დაემორჩილოთ მშობლებს! (კოლოსელები 3:20; 1 კორინთელები 8:6).
მორჩილებას მარადიული კურთხევები მოაქვს
3. რას ნიშნავს „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ ღვთის მსახურთა უმრავლესობისთვის და როგორ შეუძლიათ ბავშვებს მისი მიღება?
3 მშობლებისადმი მორჩილება თქვენს „სიცოცხლეს ახლაც“ იცავს და „მომავალშიც“ დაგატკბობთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ (1 ტიმოთე 4:8; 6:19). ღვთის მსახურთა უმრავლესობისთვის ჭეშმარიტი სიცოცხლე მარადიულ ცხოვრებას ნიშნავს დედამიწაზე ახალ ქვეყნიერებაში, რასაც ღმერთი თავისი მოთხოვნების ერთგულად შემსრულებლებს ჰპირდება. ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა: «„პატივი ეცი მამას და დედას“, ეს არის პირველი მცნება დანაპირებით, „რომ ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“». ამიტომ, თუ მშობლებს ემორჩილებით, ბედნიერები იქნებით; მომავალში უსაფრთხოდ იცხოვრებთ და მარადიულად დატკბებით სამოთხეში დედამიწაზე (ეფესოელები 6:2, 3).
4. როგორ შეუძლიათ ბავშვებს, პატივი მიაგონ ღმერთს, და კურთხევები მიიღონ?
4 თუ მშობლებს პატივს სცემთ და ემორჩილებით, ამით პატივს მიაგებთ ღმერთსაც, ვინაიდან ის მოგიწოდებთ მშობლების მორჩილებისკენ. ეს სასარგებლო იქნება თქვენთვის. „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“, — ნათქვამია ბიბლიაში (ესაია 48:17; 1 იოანე 5:3). რა მხრივ არის თქვენთვის სასიკეთო მორჩილება? ამგვარი მოქმედებით დედ-მამის გულს გაახარებთ, ნასიამოვნები მშობლები კი შეძლებისდაგვარად უფრო მეტს გააკეთებენ თქვენი ბედნიერებისთვის (იგავები 23:22—25). მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მორჩილების გამოვლენით თქვენი ზეციერი მამის გულს ახარებთ, და ის მრავალმხრივ გაკურთხებთ! მოდი, დავფიქრდეთ, თუ როგორ აკურთხა და დაიცვა იეჰოვამ იესო, რომელმაც საკუთარ თავზე თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:29).
იესო — მუყაითი მშრომელი
5. რის საფუძველზე შეიძლება გვჯეროდეს, რომ იესო მუყაითი იყო?
5 იესო მარიამის პირმშო იყო. მისი მამობილი, იოსები, დურგალი იყო. იესოც დურგალი გახდა. როგორც ჩანს, მან ეს ხელობა იოსებისგან ისწავლა (მათე 13:55; მარკოზი 6:3; ლუკა 1:26—31). როგორ ფიქრობთ, როგორი დურგალი იქნებოდა იესო? ზეცაში ყოფნისას, სანამ ქალწული მარიამის საშვილოსნოში სასწაულებრივად ჩაისახებოდა, იესომ, როგორც გაპიროვნებულმა სიბრძნემ, თქვა: „მე მის [ღვთის] გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი. ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი და ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე“. ღმერთი კმაყოფილი იყო იესოს ოსტატობით. როგორ ფიქრობთ, როდესაც დედამიწაზე იყო, ყმაწვილი იესო არ ეცდებოდა, მუყაითად ემუშავა და კარგი დურგალი ყოფილიყო? (იგავები 8:30; კოლოსელები 1:15, 16).
6. ა) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ბავშვობაში იესო საოჯახო საქმეებს აკეთებდა? ბ) რა მხრივ შეუძლიათ ბავშვებს, მიჰბაძონ იესოს?
6 უეჭველია, ბავშვობაში იესო თამაშობდა, რადგან ბიბლიაშიც აღნიშნულია, რომ ძველად ბავშვები ერთობოდნენ (ზაქარია 8:5; მათე 11:16, 17). მაგრამ იესო, როგორც დიდი და ხელმოკლე ოჯახის უფროსი შვილი, არა მარტო დურგლობას სწავლობდა, არამედ საოჯახო საქმეებსაც აკეთებდა. მოგვიანებით, იესომ უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე, ქადაგება დაიწყო და მსახურებას მიუძღვნა თავი (ლუკა 9:58; იოანე 5:17). როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესოს? გთხოვენ მშობლები, თქვენი ოთახი დაალაგოთ ან სხვა საოჯახო საქმეში მიეხმაროთ? დაჰყავხართ მშობლებს ქრისტიანულ შეხვედრებზე და გეუბნებიან, რომ თქვენი მრწამსის შესახებ სხვებს ესაუბროთ? თქვენი აზრით, როგორ შეასრულებდა პატარა იესო მსგავს მოთხოვნებს?
ბიბლიის გულმოდგინე შემსწავლელი და მასწავლებელი
7. ა) ვისთან ერთად წავიდა იესო პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად? ბ) სად იყო იესო, როცა სხვები შინ ბრუნდებოდნენ, და რატომ?
7 ისრაელში ყველა მამაკაცს ევალებოდა წელიწადში სამჯერ იერუსალიმის ტაძარში მისვლა იუდეველთა დღესასწაულების აღსანიშნავად, რათა იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი (კანონი 16:16). როცა იესო 12 წლის იყო, მისი ოჯახი იერუსალიმში წავიდა პასექის დღესასწაულზე; ალბათ, მშობლები იესოს ნახევარდა-ძმებსაც წაიყვანდნენ თან. იესოს ოჯახთან ერთად მგზავრობდნენ ზებედე და მისი ცოლი სალომე, რომელიც შესაძლოა მარიამის და იყო; მათთან ერთად იყვნენ ზებედეს ძეები, იაკობი და იოანე, რომლებიც მოგვიანებით მოციქულები გახდნენa (მათე 4:20, 21; 13:54—56; 27:56; მარკოზი 15:40; იოანე 19:25). უკან დაბრუნებისას იოსებსა და მარიამს ეგონათ, რომ იესო ნათესავებთან ერთად მოდიოდა, რის გამოც მისი არყოფნა თავიდანვე ვერ შენიშნეს. სამი დღის შემდეგ მარიამმა და იოსებმა იესო ტაძარში იპოვეს: „ის მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა“ (ლუკა 2:44—46).
8. რას აკეთებდა იესო ტაძარში და რითი აოცებდა ხალხს?
8 როგორ კითხვებს უსვამდა მასწავლებლებს იესო? ის კითხვებს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ინფორმაციის მისაღებად არ სვამდა. ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში „კითხვების დასმად“ არის ნათარგმნი, შეიძლება სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაკითხვას ან ჯვარედინ დაკითხვასაც გულისხმობდეს. დიახ, იესო ბავშვობიდანვე ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი იყო და თავისი ცოდნით აოცებდა კარგად განსწავლულ რელიგიურ წინამძღოლებს. „მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა“, — ამბობს ბიბლია (ლუკა 2:47).
9. იესოს მსგავსად როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ბიბლია?
9 როგორ შეძლო ჯერ კიდევ პატარა იესომ ბიბლიური ცოდნით, კანონის კარგი მასწავლებლებიც კი გაეოცებინა? ცხადია, გარკვეულწილად ეს მისი ღვთისმოშიში მშობლების დამსახურება იყო, რომლებიც ჩვილობიდანვე ჩააგონებდნენ ღვთის სიტყვებს (გამოსვლა 12:24—27; კანონი 6:6—9; მათე 1:18—20). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იოსებს იესო სინაგოგაში დაჰყავდა წმინდა წერილების კითხვისა და განხილვის მოსასმენად. თქვენც გასწავლიან მშობლები ბიბლიას და გატარებენ ქრისტიანულ შეხვედრებზე? აფასებთ მათ შრომას, როგორც ამას იესო აკეთებდა? იესოს მსგავსად თქვენც უყვებით სხვებს იმის შესახებ, რასაც სწავლობთ?
იესო მორჩილებას ავლენდა
10. ა) რატომ უნდა სცოდნოდათ მშობლებს იესოს ადგილსამყოფელი? ბ) რა შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა იესომ ბავშვებს?
10 რა გრძნობა დაეუფლებოდათ მარიამსა და იოსებს, როდესაც სამი დღის შემდეგ იესო ტაძარში იპოვიდნენ? ცხადია, დიდ შვებას იგრძნობდნენ. იესო გააკვირვა იმის გაგებამ, რომ მშობლებმა მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ; მათთვის ხომ ცნობილი იყო იესოს სასწაულებრივი დაბადების შესახებ და გარკვეული წარმოდგენა მაინც ჰქონდათ იმაზე, რომ მომავალში იესო მხსნელი და ღვთის სამეფოს მმართველი იქნებოდა, თუმცა მათთვის ყველაფერი ნათელი არ იყო (მათე 1:21; ლუკა 1:32—35; 2:11). ამიტომ ჰკითხა მათ იესომ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ და მაინც, იესო დაემორჩილა მშობლებს და მათთან ერთად დაბრუნდა ნაზარეთში. ბიბლია ამბობს: „კვლავაც ემორჩილებოდა [მშობლებს]“ და „დედამისმა გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები“ (ლუკა 2:48—51).
11. როგორ შეგიძლიათ მორჩილების სწავლა იესოსგან?
11 ბავშვებო ადვილია იესოს მიბაძვა და, ამგვარად, ყოველთვის მშობლების მორჩილება? თუ ფიქრობთ, რომ ისინი ჩამორჩნენ დროს და თქვენ მათზე მეტი იცით? შეიძლება ზოგ საკითხში მათზე მეტად ერკვევით, მაგალითად, მეტი იცით მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა თანამედროვე ტექნიკის შესახებ; მაგრამ გაიხსენეთ იესო, რომელმაც გაგების უნარითა და პასუხებით კანონის კარგი მასწავლებლები განაცვიფრა. ალბათ, ეთანხმებით იმ აზრს, რომ იესომ თქვენთან შედარებით, გაცილებით მეტი იცოდა; ამის მიუხედავად, ის ემორჩილებოდა მშობლებს. შესაძლოა, იესო ყოველთვის არ ეთანხმებოდა მათ გადაწყვეტილებებს, თუმცა სიყმაწვილეში „კვლავაც ემორჩილებოდა“ მათ. რისი სწავლა შეგიძლიათ იესოსგან? (კანონი 5:16, 29)
მორჩილება ადვილი არ არის
12. როგორ შეუძლია მორჩილებას თქვენი სიცოცხლის ხსნა?
12 მორჩილების გამოვლენა ყოველთვის იოლი არ არის. ამას მოწმობს რამდენიმე წლის წინ მომხდარი შემთხვევა. ორი მოზარდი გოგონა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით სარგებლობის ნაცვლად, ექვსზოლიან გზაზე გადარბენას აპირებდა. „წამოდი, რა, ჯონი“ — დაჟინებით უმეორებდნენ ისინი თავიანთ ამხანაგს, რომელიც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელისკენ მიდიოდა. „არ მოდიხარ?“ როდესაც ჯონი შეყოვნდა, ერთმა გოგონამ დასცინა: „შე ქალაჩუნა!“ ამაზე ჯონიმ მტკიცედ მიუგო: „მე დედას უნდა დავუჯერო“. რამდენიმე წამში ჯონის მანქანის დამუხრუჭების ხმა მოესმა. როცა უკან მიიხედა, დაინახა, როგორ დაეჯახა გოგონებს მანქანა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, მეორეს კი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. გოგონების დედამ, რომელიც ეუბნებოდა შვილებს, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით ესარგებლათ, მოგვიანებით ჯონის დედას უთხრა: „ნეტავ თქვენი შვილივით დამჯერი ყოფილიყვნენ ჩემი შვილებიც!“ (ეფესოელები 6:1).
13. ა) რატომ უნდა დაემორჩილოთ მშობლებს? ბ) რა შემთხვევაში შეიძლება შვილმა მშობელს არ დაუჯეროს?
13 ბავშვებო, რატომ გეუბნებათ ღმერთი: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“? მშობლების მორჩილებით ღმერთს ემორჩილებით. გარდა ამისა, მშობლებს თქვენზე მეტი გამოცდილება აქვთ. მაგალითად, ჯონის დედას ჰყავდა მეგობარი, რომლის შვილიც ზემოთ მოთხრობილ შემთხვევამდე ხუთი წლით ადრე იმავე ადგილას გაიტანა მანქანამ. შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს, დაემორჩილოთ მშობლებს, მაგრამ ღმერთი მოითხოვს ამას. მეორე მხრივ, თუ მშობლები ან სხვები გეუბნებიან, რომ უნდა მოიტყუოთ, მოიპაროთ ან გააკეთოთ ის, რაც ღმერთს არ მოსწონს, თქვენ „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დაემორჩილოთ, როგორც მმართველს“. სწორედ ამიტომ, როცა ბიბლია ამბობს: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“, იქვე აღნიშნავს — „უფალში“. ამაში იგულისხმება მშობლების მორჩილება ყველაფერში, რაც ღვთის ნებას შეესაბამება (საქმეები 5:29).
14. რატომ არის უფრო იოლი მორჩილება სრულყოფილი ადამიანისთვის, თუმცა მაინც რატომ უნდა ისწავლოს მორჩილება?
14 ხომ არ ფიქრობთ, ისეთივე სრულყოფილი — „წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ რომ ყოფილიყავით, როგორიც იესო იყო — ყოველთვის გაგიადვილდებოდათ მშობლების მორჩილება? (ებრაელები 7:26). რასაკვირველია, სრულყოფილი რომ იყოთ, ცუდის კეთებისკენ არ იქნებით მიდრეკილი (დაბადება 8:21; ფსალმუნი 51:5). მაგრამ სრულყოფილ იესოსაც კი მოუწია მორჩილების სწავლა. ბიბლია ამბობს: „თუმცა [იესო] ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“ (ებრაელები 5:8). როგორ ისწავლა იესომ მორჩილება ტანჯვით, რასაც ზეცაში არასოდეს შეხვდებოდა?
15, 16. როგორ ისწავლა იესომ მორჩილება?
15 იეჰოვას ხელმძღვანელობით იოსები და მარიამი ზრუნავდნენ, რომ პატარა იესოსთვის ზიანი არავის მიეყენებინა (მათე 2:7—23). მაგრამ ბოლოს ღმერთმა აღარ დაიცვა იესო ზებუნებრივი ძალით. იესოს ემოციური და ფიზიკური ტანჯვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიბლიაში ნათქვამია: მან „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა“ (ებრაელები 5:7). როდის მოხდა ეს?
16 იესო განსაკუთრებით თავისი სიცოცხლის ბოლო საათებში იტანჯებოდა, როცა სატანა მთელი ძალით ცდილობდა, რომ იესოს უმწიკვლობა დაეთმო. აშკარაა, იესოს ტანჯავდა ის აზრი, რომ, თუ ავაზაკივით მოკვდებოდა, ამას მამის სახელის შელახვა შეეძლო. ამიტომ ის გეთსემანეს ბაღში „მხურვალედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა“. რამდენიმე საათის შემდეგ წამების ძელზე მისი ტანჯვა იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ იესომ „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით“ ილოცა (ლუკა 22:42—44; მარკოზი 15:34). მან ამგვარად „მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“ და მამის გული გაახარა. ახლა ზეცაში მყოფ იესოს კარგად ესმის, ხშირად, რა დიდი ტკივილის ფასად გვიჯდება მორჩილების გამოვლენა (იგავები 27:11; ებრაელები 2:18; 4:15).
მორჩილების სწავლა
17. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს აღმზრდელობითი ზომების მიმართ?
17 როდესაც მშობლები აღმზრდელობით ზომებს მიმართავენ, ამით სიყვარულს ავლენენ თქვენდამი და თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ. „ის რა შვილია, რომლის აღზრდაზეც მამა არ ზრუნავს?“ — კითხვას სვამს ბიბლია. განა სამწუხარო არ იქნებოდა, სიყვარულის ნაკლებობის გამო მშობლებს დრო არ გამოეყოთ თქვენ აღსაზრდელად? მსგავსადვე უყვარხართ იეჰოვას და ამიტომ ზრუნავს თქვენს აღზრდაზე. „მართალია, ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს იმკის — სიმართლეს“ (ებრაელები 12:7—11).
18. ა) რაზე მოწმობს მშობლების მიერ შვილების აღსაზრდელად სათანადო ზომების მიღება? ბ) მოიყვანეთ მაგალითები, როცა აღმზრდელობითმა ზომებმა ადამიანის ცხოვრება სწორი მიმართულებით წარმართა.
18 ძველი ისრაელის მეფე, რომლის სიბრძნეს იესომაც გაუსვა ხაზი, მშობლების მიერ შვილების სიყვარულით აღზრდის აუცილებლობაზე წერდა: „ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი, ხოლო შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის მას“. სოლომონმა ისიც თქვა, რომ მან, ვინც დაჰყვება ასეთ აღზრდას, შეიძლება სიკვდილისგან იხსნას თავი (იგავები 13:24; 23:13, 14; მათე 12:42). ერთი ქრისტიანი ქალი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში, როცა კრების შეხვედრებზე ცუდად იქცეოდა, მამა ეუბნებოდა, რომ სახლში მისვლისას დასჯიდა. ახლა ის სიყვარულით იხსენებს თავის მამას, რომელმაც აღმზრდელობითი ზომების გამოყენებით მისი ცხოვრება სწორი მიმართულებით წარმართა.
19. პირველ რიგში რატომ უნდა დაემორჩილოთ მშობლებს?
19 მადლიერი იყავით, თუ მშობლები სიყვარულს ავლენენ და დროს გამოყოფენ თქვენს აღსაზრდელად. დაემორჩილეთ მათ ისე, როგორც ჩვენი უფალი, იესო ქრისტე ემორჩილებოდა თავის მშობლებს, იოსებსა და მარიამს. მაგრამ, პირველ რიგში, მშობლებს იმიტომ უნდა დაემორჩილოთ, რომ ამისკენ თქვენი ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი მოგიწოდებთ. ეს თქვენს კეთილდღეობას მოემსახურება, ‘ხელი მოგემართებათ და დღეგრძელი იქნებით დედამიწაზე’ (ეფესოელები 6:2, 3).
[სქოლიო]
a იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდი 841, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ (ინგლ.).
როგორ უპასუხებთ?
• რა დადებითი შედეგები მოაქვს მშობლებისადმი მორჩილებას?
• მშობლებისადმი მორჩილების როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
• როგორ ისწავლა იესომ მორჩილება?
[სურათი 24 გვერდზე]
12 წლის იესო კარგად ერკვეოდა წმინდა წერილებში.
[სურათი 26 გვერდზე]
როგორ ასწავლა ტანჯვამ იესოს მოთმინება?