ახალგაზრდებო, გაიწაფეთ გრძნობები!
„მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ (ებრაელთა 5:14)
1, 2. ა) რას ვხედავთ, როცა ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ძველად ეფესოში მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობას ვადარებთ? ბ) რა დაგიცავთ საფრთხისგან და როგორ შეგიძლიათ მათი შეძენა?
„უყურეთ, ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი“ (ეფესელთა 5:15, 16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ პავლე მოციქულის მიერ ამ სიტყვების დაწერის დროიდან ‘ბოროტმა ადამიანებმა და ცრუმარქვიებმა წინ წაიწიეს უარესისაკენ’. ჩვენ „საზარელ ჟამს“ ანუ, როგორც ჯ. ფილიპსის თარგმანშია, „ხიფათით აღსავსე“ დროს ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5, 13).
2 მიუხედავად ამისა, „გამჭრიახობის. . . ცოდნისა და გონიერების“ შეძენა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ თქვენს გზაზე ჩასაფრებულ სხვადასხვა საფრთხეს (იგავნი 1:4). იგავნის 2:10—12-ში ნათქვამია: «თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება [„გამჭრიახობა“, აქ] დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან». მაგრამ როგორ შეგიძლიათ ყოველივე ამის შეძენა? ებრაელთა 5:14-ში ნათქვამია: „მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“. როგორც ნებისმიერი ხელობის დასაუფლებლად, ისე გრძნობების გამოსაყენებლად გაწაფვაა საჭირო. პავლეს მიერ აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა სიტყვა-სიტყვით „ტანმოვარჯიშესავით გაწაფვას“ ნიშნავს. როგორ იწყებთ ასეთ გაწაფვას?
გრძნობების გაწაფვა
3. როგორ შეგიძლიათ გრძნობების გამოყენება, როცა გადაწყვეტილების მიღება გიწევთ?
3 შენიშნეთ, რომ თქვენი გრძნობები — ბოროტებისგან სიკეთის გარჩევის უნარი — „ჩვევით“ არის გაწაფული. როცა გადაწყვეტილებას ვარაუდით, იმპულსური მოქმედებით ან, უბრალოდ, უმრავლესობის მიყოლით იღებთ, იშვიათად თუ გააკეთებთ გონივრულ არჩევანს. გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად გრძნობები უნდა გამოიყენოთ. როგორ? უპირველესად, სიტუაციის გულდასმით გამოკვლევითა და ყველა ფაქტის გათვალისწინებით. თუ აუცილებელია, კითხვებით გამოიძიეთ. გამოარკვიეთ თქვენი არჩევანი. იგავნის 13:16-ში ნათქვამია: „ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა“. შემდეგ ეცადეთ განსაზღვროთ, რომელი ბიბლიური კანონები ან პრინციპები ეხება ამ საკითხს (იგავნი 3:5). ამისთვის, რასაკვირველია, ბიბლიური შემეცნება გესაჭიროებათ. აი, რატომ გვახალისებს პავლე, მივიღოთ „მაგარი საჭმელი“ — გავიგოთ ჭეშმარიტების „სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე“ (ეფესელთა 3:18).
4. რატომ არის აუცილებელი ღვთის პრინციპების შეცნობა?
4 ასე მოქცევა აუცილებელია, რადგან არასრულყოფილები, ცოდვისკენ მიდრეკილები ვართ (დაბადება 8:21; რომაელთა 5:12). „უნდოა ყველას გული და უკურნებელი“, — ნათქვამია იერემიას 17:9-ში. ღვთიური პრინციპებით ხელმძღვანელობის გარეშე შეიძლება რამე ბოროტება არასწორად მივიჩნიოთ სიკეთედ — ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გულით გვინდა ის (შეადარეთ ესაია 5:20). ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ. შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყოველი გზა სიცრუისა“ (ფსალმუნი 118:9, 104).
5. ა) რატომ დაადგა ზოგი ახალგაზრდა სიცრუის გზას? ბ) როგორ მიჰყვა ჭეშმარიტებას ერთი გოგონა?
5 რატომ დაადგა ქრისტიანულ ოჯახებში აღზრდილი ზოგი ახალგაზრდა სიცრუის გზას? შეიძლებოდა ეს იმიტომ მომხდარიყო, რომ მათ არასოდეს ‘შეუცნიათ, რა არის ღვთის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი ნება’? (რომაელთა 12:2). ზოგი შეიძლება მშობლებთან ერთად ესწრებოდეს შეხვედრებს და გარკვეულწილად ბიბლიის ძირითადი მოძღვრების მოყოლა შეეძლოს. მაგრამ, როცა სთხოვენ თავიანთი რწმენის დამამტკიცებელი საბუთის მოყვანას ან ღვთის სიტყვის უფრო საფუძვლიანად ახსნას, მათი შემეცნება, სამწუხაროდ, ზედაპირული აღმოჩნდება ხოლმე. ასეთი ახალგაზრდები შეიძლება ადვილად შეცდნენ (ეფესელთა 4:14). თუ ეს თქვენც გეხებათ, რატომ არ გადაგეწყვიტათ ცვლილებების მოხდენა? ერთი ახალგაზრდა და იხსენებს: «გამოკვლევა დავიწყე და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „საიდან ვიცი, რომ ეს სწორი რელიგიაა? საიდან ვიცი, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ჰქვია?“ »a. საღვთო წერილის გულდასმით გამოკვლევამ დაარწმუნა ის, რომ მშობლებისგან ნასწავლი სიმართლე იყო! (შეადარეთ საქმეები 17:11).
6. როგორ შეგიძლიათ ‘გამოსცადოთ, რა მოსწონს უფალს’, იეჰოვას?
6 იეჰოვას პრინციპების ცოდნა დაგეხმარებათ, უკეთ ‘გამოსცადოთ, რა მოსწონს უფალს’ (ეფესელთა 5:10). მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ დარწმუნებული არ ხართ, როგორი მოქმედება იქნებოდა გონივრული გარკვეულ სიტუაციაში? ილოცეთ და ხელმძღვანელობა სთხოვეთ იეჰოვას (ფსალმუნი 118:144). ეცადეთ, მოცემულ საკითხზე მშობლებს ან მოწიფულ ქრისტიანს დაელაპარაკოთ (იგავნი 15:22; 27:17). სასარგებლო რჩევებს იპოვით აგრეთვე ბიბლიისა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების გამოკვლევით (იგავნი 2:3—5). რაც უფრო მეტად გამოიყენებთ გრძნობებს, მით უფრო მეტად გაიწაფავთ მათ.
გამჭრიახობის გამოვლენა გართობასთან დაკავშირებით
7, 8. ა) როგორ შეგიძლიათ გრძნობების გამოყენება იმის გადასაწყვეტად, წახვიდეთ თუ არა რაიმე შეკრებაზე? ბ) როგორია ბიბლიის თვალსაზრისი გართობასთან დაკავშირებით?
7 ახლა ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ გრძნობების გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ რაიმე შეკრებაზე მიგიწვიეს. შეიძლება ლამაზად გაფორმებული მოსაწვევიც კი მიიღეთ. გითხრეს, რომ იქ ბევრი ახალგაზრდა მოწმე იქნება. მაგრამ ხარჯების დასაფარავად გარკვეული თანხის გადახდა მოგიწევთ. წახვალთ?
8 გამოიყენეთ თქვენი გრძნობები. უპირველესად, ყველაფერი დააზუსტეთ. რამდენად დიდი იქნება ეს შეკრება? ვინ იქნება იქ? როდის დაიწყება? როდის დამთავრდება? რა არის დაგეგმილი? ვინ გაუწევს მეთვალყურეობას? შემდეგ გარკვეული ინფორმაცია მოიძიეთ « „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელში» (ინგლ.)b. რას დაგანახვებდათ ასეთი გამოკვლევა? უპირველესად იმას, რომ იეჰოვა არ კრძალავს შეკრებას დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ეკლესიასტეს 8:15-ის თანახმად, შრომასთან ერთად „არ ყოფილა სხვა სიკეთე ადამიანისთვის მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ სვას, ჭამოს და იმხიარულოს“. თვით იესო ქრისტეც კი დადიოდა წვეულებებზე და სულ ცოტა ერთხელ მაინც იყო ქორწილში (ლუკა 5:27—29; იოანე 2:1—10). გაწონასწორებულობის შენარჩუნების შემთხვევაში მსგავსი შეკრებები სასარგებლოა.
9, 10. ა) რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს ზოგ შეკრებაზე? ბ) რა კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს იმის გადაწყვეტამდე, წახვიდეთ რომელიმე შეკრებაზე თუ არა?
9 მაგრამ ცუდად ორგანიზებულმა შეკრებებმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. 1 კორინთელთა 10:8-ში ვკითხულობთ, როგორ გახდა არაკეთილგონივრული ურთიერთობები მეძაობისა და „ერთ დღეს ოცდასამი ათასი [ორგული ისრაელის]“ სიკვდილით დასჯის მიზეზი. სხვა გამომაფხიზლებელ გაფრთხილებას რომაელთა 13:13-ში ვნახულობთ: „მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით“ (შეადარეთ 1 პეტრე 4:3). მართალია, შეუძლებელია დაადგინო, რამდენ კაცს შეუძლია შეკრებაზე დასწრება. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, რაც უფრო დიდია შეკრება, მით უფრო ძნელია თვალყურის დევნება. ნაკლები ალბათობაა, რომ შედარებით პატარა შეკრებები, რომლებსაც კარგი მეთვალყურეობა ეწევა, „ღრეობებში“ გადაიზარდოს (გალატელთა 5:21, ბაინგტონის თარგმანი).
10 ეჭვგარეშეა, გამოკვლევისას წამოგეჭრებათ ისეთი კითხვები, როგორიც არის: იქნებიან ამ შეკრებაზე მოწიფული უფროსი ასაკის ქრისტიანები? ვინ უწევს მას ორგანიზებას? შეკრების მიზანი ჯანსაღი ურთიერთობაა თუ ვინმესთვის მოგების მოტანა? ნებისმიერს შეუძლია დასწრება თუ რაიმე შეზღუდვები არსებობს? თუ შეკრება შაბათ-კვირისთვის არის დაგეგმილი, დამთავრდება ისეთ დროს, რომ მეორე დღეს დამსწრეებმა შეძლონ ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა? იქნება მუსიკა და ცეკვა ქრისტიანულ ნორმებთან შეთანხმებული? (2 კორინთელთა 6:3). ასეთი კითხვების დასმა შეიძლება ადვილი არ იყოს. მაგრამ იგავნის 22:3 გვაფრთხილებს: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“. დიახ, გრძნობების გამოყენებით სახიფათო სიტუაციებს თავს აარიდებთ.
გამჭრიახობა განათლების მიღებასთან დაკავშირებით
11. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს გრძნობების გამოყენება, რომ მომავლისთვის რაიმე დაგეგმონ?
11 ბიბლიის თანახმად, გონივრულია სამომავლო გეგმების შედგენა (იგავნი 21:5). ისაუბრეთ თუ არა მშობლებთან ერთად თქვენს მომავალზე? შეიძლება გეგმაში გაქვთ პიონერად სრული დროით მსახურების დაწყება. სინამდვილეში, არანაირ საქმიანობას არ მოაქვს ამაზე დიდი კმაყოფილება. თუ შესწავლის კარგი ჩვევების გამომუშავებას ცდილობთ და მსახურებაში ხელოვნდებით, მაშინ თქვენ ემზადებით ამ აღმაფრთოვანებელი საქმიანობისთვის. თუ გიფიქრიათ, მსახურებისას როგორ უზრუნველყოთ თავი მატერიალურად? თუ დაოჯახებას აპირებთ, შეძლებთ ამ დამატებით ვალდებულებაზე ზრუნვას? ასეთ საკითხებზე გაწონასწორებული, რეალისტური გადაწყვეტილებების მიღება გრძნობების გამოყენებას მოითხოვს.
12. ა) როგორ უმკლავდება ზოგი ოჯახი ცვალებად ეკონომიკურ სიტუაციას? ბ) აუცილებლად გამორიცხავს დამატებითი განათლების მიღება მიზნად პიონერული მსახურების დასახვას? ახსენით.
12 ზოგან ჯერ კიდევ შესაძლებელია ისეთ ადგილზე მუშაობა, სადაც გამოსადეგ ხელობას ისწავლი ან რაიმე პროფესიას შეიძენ. ზოგი ახალგაზრდა ოჯახურ საქმიანობას ეუფლება ან უფროსი ასაკის საქმოსანი მეგობრებისგან სწავლობს რამეს. სხვები ისეთ საგნებს ირჩევენ სკოლაში, რომლებიც მოგვიანებით გამოადგებათ თავის სარჩენად. სადაც ეს შეუძლებელია, მშობლებმა შეიძლება აწონ-დაწონონ და იზრუნონ, რომ შვილებმა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გარკვეული დამატებითი განათლება მიიღონ. ამგვარი წინასწარი დაგეგმვა მომავალ ვალდებულებებზე ზრუნვის, განსაკუთრებით კი დიდი ხნით პიონერად მსახურების მიზნით, არ არის შეუთავსებადი ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დაყენებასთან (მათე 6:33). არც დამატებითი განათლება გამორიცხავს პიონერობას. მაგალითად, ერთ ახალგაზრდა მოწმეს დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა პიონერად მსახურების სურვილი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მისმა მშობლებმა — პიონერებმა — იზრუნეს, რომ მას გარკვეული დამატებითი განათლება მიეღო. სწავლის პერიოდში მან შეძლო პიონერად მსახურება, ახლა კი ისეთი ხელობა აქვს, რომ შეუძლია თავის რჩენა და პიონერული მსახურების გაგრძელება.
13. როგორ უნდა გამოთვალონ ოჯახებმა დამატებითი განათლების ფასი?
13 დამატებითი განათლების მიღების საკითხში თითოეულ ოჯახს უფლება აქვს და ვალდებულიც არის, პირადი გადაწყვეტილება მიიღოს. კარგად შერჩევის შემთხვევაში ასეთი განათლება გამოსადეგია. მაგრამ ის შეიძლება მახეც აღმოჩნდეს. თუ ასეთ განათლებაზე ფიქრობთ, რა მიზანი გაქვთ? გინდათ მისი მიღება იმისთვის, რომ სათანადოდ გაუმკლავდეთ მომავალ ვალდებულებებს? თუ „დიდ რასმე“ ეძიებთ? (იერემია 45:5; 2 თესალონიკელთა 3:10; 1 ტიმოთე 5:8; 6:9). რას ფიქრობთ დამატებითი განათლების მისაღებად სახლიდან შორს, მაგალითად სტუდენტთა ქალაქში, ცხოვრებაზე? იქნებოდა ეს გონივრული, პავლეს გაფრთხილების მხედველობაში მიღებით, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“? (1 კორინთელთა 15:33; 2 ტიმოთე 2:22). აგრეთვე გახსოვდეთ, რომ „ჟამი იწურება“ (1 კორინთელთა 7:29). რამდენ დროს დაუთმობთ ასეთი განათლების მიღებას? წაიღებს ეს თქვენი ახალგაზრდული წლების უმეტეს ნაწილს? თუ დიახ, როგორღა გამოიყენებთ ბიბლიურ რჩევას — „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“? (ეკლესიასტე 12:1). გარდა ამისა, მოგცემთ თქვენი არჩევანი საშუალებას, დრო დაუთმოთ ისეთ მნიშვნელოვან ქრისტიანულ საქმიანობას, როგორიც არის: შეხვედრებზე დასწრება, სამქადაგებლო მსახურება და პირადი შესწავლა? (მათე 24:14; ებრაელთა 10:24, 25). თუ გრძნობები გაწაფული გაქვთ, მშობლებთან ერთად მომავლისთვის რაიმეს დაგეგმვისას მხედველობიდან არ გამოგრჩებათ სულიერი მიზნები.
ტრფობისას პატიოსნების შენარჩუნება
14. ა) რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს წყვილმა ტრფობის პერიოდში ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოხატვისას? ბ) როგორ საქციელში გამოვლინდა ზოგი წყვილის უგუნურება?
14 სხვა სფერო, რომელშიც გრძნობების გამოყენებაა საჭირო, არის ტრფობა. შეყვარებულის მიმართ სიყვარულის გამოხატვის სურვილი ბუნებრივია. ბიბლიის წიგნში „ქებათა-ქება სოლომონისა“ მოხსენიებული უმანკო წყვილი, როგორც ჩანს, დაქორწინებამდე გარკვეული სახით ესიყვარულებოდა ერთმანეთს (ქებათა-ქება 1:2; 2:6; 8:5). მსგავსად ამისა, დღეს ზოგი წყვილი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ტრფობის დროს ნორმალურია, ერთმანეთის ხელები ეჭიროთ ან აკოცონ და მოეხვიონ ერთმანეთს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავენ, რომ აუცილებლად დაქორწინდებიან. მაგრამ გახსოვდეთ: „საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია“ (იგავნი 28:26). სამწუხაროდ, ბევრი წყვილი უგუნურად მოიქცა და დათმობაზე წავიდა. სიყვარულის გამოხატვა ძლიერი და უკონტროლო გახდა; ამას უწმინდური საქციელი მოჰყვა და სექსუალურ უზნეობაშიც კი გადაიზარდა.
15, 16. რა გონივრული უსაფრთხოების ზომების მიღება შეუძლიათ წყვილებს ტრფობისას პატიოსნების შესანარჩუნებლად?
15 პაემანის დანიშვნისას გონივრულად მოიქცევით, თუ თავს აარიდებთ მომავალ მეუღლესთან ერთად შეუფერებელ ვითარებაში განმარტოებას. ამგვარად, უმჯობესი იქნება, ერთმანეთს სხვების თანდასწრებით ან საზოგადოებრივ ადგილებში შეხვდეთ ხოლმე. ზოგი წყვილი ზრუნავს, რომ თან ახლდეთ ვინმე. ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე ოსიას 4:11-ის სიტყვებს: „ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული“. ალკოჰოლი საღი აზროვნების უნარს ადუნებს და ისეთ რამეს აკეთებინებს წყვილს, რაზეც მოგვიანებით ნანობენ.
16 იგავნის 13:10 ამბობს: „მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა“. დიახ, ‘მოითათბირეთ’, როგორ მოიქცეთ. საზღვრები დაუდეთ სიყვარულის გამოხატვას და პატივი ეცით ერთიმეორის გრძნობებსა და სინდისს (1 კორინთელთა 13:5; 1 თესალონიკელთა 4:3—7; 1 პეტრე 3:16). ამ საკითხზე საუბარი თავდაპირველად შეიძლება გეუხერხულებოდეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მოგვიანებით სერიოზული პრობლემები აღარ წარმოგექმნებათ.
სწავლა „ყრმობიდანვე“
17. როგორ გახდა იეჰოვა დავითის „სასო ყრმობიდანვე“ და რის სწავლა შეუძლიათ აქედან დღევანდელ ახალგაზრდებს?
17 სატანის მახეებს რომ გაექცეთ, ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოთ, ზოგჯერ კი დიდი სიმამაცე უნდა გამოავლინოთ. დროდადრო შეიძლება იგრძნოთ, რომ განსხვავდებით არა მხოლოდ თანატოლებისგან, არამედ მთელი წუთისოფლისგან. ფსალმუნმომღერალი დავითი ლოცულობდა: „შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე. ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე“ (ფსალმუნი 70:5, 17)c. დავითი თავისი სიმამაცით არის ცნობილი. მაგრამ როდის განავითარა მან ის? ყრმობისას! დავითმა ჯერ კიდევ გოლიათთან ყველასთვის კარგად ცნობილ შებრძოლებამდე გამოავლინა უჩვეულო სიმამაცე; ეს მოხდა მამამისის ცხვრის დაცვისას — მან ლომი და დათვი დახოცა (პირველი მეფეთა 17:34—37). მაგრამ, როგორი სიმამაცეც უნდა გამოევლინა, დავითი მთელ ქებას იეჰოვას უძღვნიდა და ‘ყრმობიდანვე თავის სასოს’ უწოდებდა მას. იეჰოვაზე მინდობამ დავითს საშუალება მისცა, ნებისმიერ გამოცდას ჩვეულებრივ შეხვედროდა. თუ მიენდობით იეჰოვას, თქვენც მოგცემთ სიმამაცესა და ძალას, რომ ‘სძლიოთ წუთისოფელს’ (1 იოანე 5:4).
18. რისკენ არიან მოწოდებული ღვთისმოსაწონად მცხოვრები დღევანდელი ახალგაზრდები?
18 ათასობით თქვენნაირმა ახალგაზრდამ სიმამაცე გამოავლინა და ამჟამად კეთილი ცნობის მონათლულ მაუწყებლად მსახურობს. ახალგაზრდებო, ვმადლობთ ღმერთს, რომ ასეთ რწმენასა და სიმამაცეს ავლენთ! კვლავაც მზად იყავით, განერიდოთ წუთისოფლის გახრწნილებას (2 პეტრე 1:4). განაგრძეთ ბიბლიით გაწაფული გრძნობების გამოყენება. ეს ახლა უბედურებისგან დაგიცავთ, საბოლოოდ კი გადარჩენას მოგიტანთ. როგორც ბოლო სასწავლო სტატიიდან დავინახავთ, ცხოვრებაში წარმატებული იქნებით.
[სქოლიოები]
a იხილეთ სტატია „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას — როგორ მივყვე ჭეშმარიტებას?“ (1998 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“).
b ამ საკითხზე ბევრი ინფორმაციაა 1992 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში, სათაურით „დროის ერთად გატარებისას მიიღეთ სარგებლობა, ერიდეთ მახეებს“ (რუს.).
c როგორც ჩანს, 70-ე ფსალმუნი 69-ე ფსალმუნის გაგრძელებაა, რომელსაც შესავალი სიტყვები დავითის ფსალმუნად მოიხსენიებს.
გასამეორებელი კითხვები
◻ როგორ უნდა გაიწაფოს ახალგაზრდამ გრძნობები?
◻ როგორ შეუძლია ახალგაზრდას გრძნობების გამოყენება, როცა ქრისტიანების შეკრებაზე წასვლას აპირებს?
◻ რა ფაქტორების განხილვა შეიძლება განათლებასთან დაკავშირებით გეგმების დასახვისას?
◻ როგორ შეუძლია წყვილს ტრფობისას თავი აარიდოს სექსუალური უზნეობის მახეს?
[სურათი 15 გვერდზე]
გამოკვლევის სწავლა გრძნობების გაწაფვაში დაგეხმარებათ.
[სურათი 16 გვერდზე]
შედარებით პატარა შეკრებებისთვის თვალყურის დევნება უფრო ადვილია; თანაც, ნაკლები ალბათობაა, რომ ისინი უკონტროლო ღრეობებში გადაიზარდოს.
[სურათი 16 გვერდზე]
მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს განათლებასთან დაკავშირებით გეგმების დასახვაში.
[სურათი 17 გვერდზე]
პაემანის დანიშვნა ისეთ ადგილებში, სადაც სხვებიც იქნებიან, არასწორი მოქმედებისგან დაგიცავთ.