-
‘მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება’საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 სექტემბერი
-
-
‘მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება’
„ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავცდეთ“ (ებრაელთა 2:1, აქ).
1. მოიყვანეთ იმის მაგალითები, როგორ შეიძლება ყურადღების გაფანტვა უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს.
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 37000 ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფებში. სპეციალისტთა აზრით, ამ სავალალო შედეგებიდან მრავლის აცილება იქნებოდა შესაძლებელი, მძღოლები რომ უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ. მაგალითად, ზოგ მძღოლს ყურადღება ეფანტება საგზაო ნიშნებისა თუ სარეკლამო დაფების ყურებით, ან ტელეფონზე საუბრით. არიან ისეთებიც, რომლებიც, შეიძლება ითქვას, საჭესთან სადილობენ კიდეც. უბედურ შემთხვევებს ზუსტად ამდაგვარი ფაქტორები იწვევს.
2, 3. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ისრაელში მცხოვრებ ქრისტიანებს და რატომ იყო ეს დროული?
2 ავტომობილის გამოგონებამდე დაახლოებით 2000 წლის წინ, მოციქულმა პავლემ მოიხსენია საფრთხე, რომელიც შეიძლება დამღუპველი ყოფილიყო ისრაელში მცხოვრები ქრისტიანებისთვის. პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ ყველა ანგელოზზე მაღალი ადგილი დაიკავა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. შემდეგ მოციქულმა თქვა: „ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავცდეთ“ (ებრაელთა 2:1, აქ).
3 რატომ სჭირდებოდათ ამ ქრისტიანებს ‘განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა’ იესოს შესახებ მოსმენილისადმი? იმიტომ, რომ თითქმის 30 წელი იყო გასული იესოს ზეცად ამაღლებიდან. მათი მასწავლებლის არყოფნაში კი ზოგიერთმა მათგანმა ჭეშმარიტებას გადაუხვია. ისინი დაუბრუნდნენ თაყვანისმცემლობის უწინდელ ფორმას — იუდაიზმს.
მათ მეტი ყურადღება უნდა მიექციათ
4. რატომ დადგა ზოგიერთი ებრაელი ქრისტიანი ცდუნების წინაშე, დარბუნებოდა იუდაიზმს?
4 რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე ქრისტიანს იმის ცდუნება, რომ იუდაიზმს დაბრუნებოდა? თუნდაც იმიტომ, რომ რჯულის თანახმად თაყვანისცემა ხილული და ადვილად აღსაქმელი იყო. ხალხი ხედავდა მღვდლებს და თავადვე გრძნობდნენ შეწირული მსხვერპლის სუნს. ქრისტიანობაში კი ბევრი რამ საკმაოდ განსხვავდებოდა იუდაიზმისგან. ქრისტიანებს ჰყავდათ მღვდელმთავარი, მაგრამ დაახლოებით ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწის მკვიდრთათვის უხილავი გახდა (ებრაელთა 4:14). მათ ტაძარიც ჰქონდათ, მაგრამ მისი „წმინდა ადგილი“ თავად ზეცა იყო (ებრაელთა 9:24, აქ). განსხვავებით ფიზიკური წინადაცვეთისგან, რომელსაც მოსეს რჯული მოითხოვდა, ქრისტიანებს ‘გულები სულით ჰქონდათ დაცვეთილი’ (რომაელთა 2:29, აქ). ებრაელი ქრისტიანებისთვის ქრისტიანობა უფრო რაღაც არაბუნებრივი და აბსტრაქტული ჩანდა.
5. როგორ ცხადყო პავლემ, რომ იესოს მიერ დაწესებული თაყვანისმცემლობის ფორმა აღემატებოდა მოსეს რჯულის თანახმად არსებულ სისტემას?
5 ებრაელ ქრისტიანებს უნდა გაეცნობიერებინათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ იმ თაყვანისმცემლობის ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც იესომ დააწესა: იგი უფრო მეტად რწმენაზე იყო დაფუძნებული, ვიდრე რაიმე ხილულზე, — თუმცა წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მიცემულ რჯულზე აღმატებული იყო. „ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული, — წერდა პავლე, — მით უმეტეს სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის“ (ებრაელთა 9:13, 14). მოსეს რჯულის თანახმად, ცოდვების მისატევებლად საჭირო იყო ცხოველური შესაწირავი. მაგრამ მიტევება იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე ბევრად უფრო აღმატებული იყო (ებრაელთა 7:26—28).
6, 7. ა) რა მდგომარეობამ გახადა უკიდურესად აუცილებელი, რომ ებრაელი ქრისტიანები ‘განსაკუთრებულად ყურადღებიანები’ უნდა ყოფილიყვნენ? ბ) ებრაელეთა მიმართ პავლეს მიწერილი წერილის შემდეგ რამდენ ხანში განადგურდა იერუსალიმი? (იხილეთ სქოლიო).
6 ებრაელი ქრისტიანები სხვა მიზეზითაც უნდა ყოფილიყვნენ ყურადღებით მოსმენილისადმი. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა. მან თქვა: „რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან არ შეიცანი შენი მონახულების ჟამი“ (ლუკა 19:43, 44).
7 როდის უნდა მომხდარიყო ეს? იესომ არ დაასახელა ზუსტი დღე და საათი. ნაცვლად ამისა, მან მოწაფეები დაარიგა: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“ (ლუკა 21:20, 21). 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც იესომ ეს სიტყვები წარმოთქვა, ზოგმა იერუსალიმელმა ქრისტიანმა დაკარგა სიფხიზლის აუცილებლობა და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანა. ისინი ჰგავდნენ მძღოლს, რომელსაც მანქანის ტარებისას ყურადღება ეფანტება. თუ აზროვნებას არ შეიცვლიდნენ, უბედურება არ ასცდებოდათ. იმისდა მიუხედავად, მოელოდნენ ისინი ამას თუ არა, იერუსალიმის განადგურება გარდაუვალი იყო!a საბედნიეროდ, პავლეს რჩევამ მრავალი იერუსალიმელი ქრისტიანი გამოაფხიზლა სულიერი თვლემისგან.
დღესაც გვამართებს „განსაკუთრებული ყურადღება“
8. რატომ უნდა ‘მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება’ ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას?
8 პირველი საუკუნის ქრისტიანთა მსგავსად, ჩვენც გვმართებს, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას „განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ“. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე ერის კი არა, მთელი ამ სისტემის მოახლოებული განადგურების პირისპირ ვდგავართ (გამოცხადება 11:18; 16:14, 16). ცხადია, არ ვიცით ზუსტი დღე და საათი, როდის მოახდენს იეჰოვა ყოველივე ამას (მათე 24:36). მაგრამ იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებების ზუსტი შესრულების თვითმხილველები ვართ, რომლებიც აშკარად ცხადყოფს, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). ამიტომ გვმართებს, ვიფხიზლოთ, რომ არაფერმა არ გაგვიფანტოს ყურადღება. ჩვენ ყური უნდა დავუგდოთ ღვთის სიტყვას და ყოველთვის ფხიზლად მოველოდეთ იმ დღეს. მხოლოდ ასე ‘შევძლებთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევას’ (ლუკა 21:36).
-
-
‘მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება’საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 სექტემბერი
-
-
a ებრაელთა მიმართ წერილი, როგორც ჩანს, დაახლოებით ახ. წ. 61 წელს დაიწერა. თუ ასეა, ცესტუს გალუსმა ხუთიოდე წლის შემდეგ შემოარტყა ალყა იერუსალიმს. მალე რომაელთა ჯარებმა უკან დაიხიეს და იმ ქრისტიანებს, რომლებიც ფხიზლობდნენ, გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ. ოთხი წლის შემდეგ კი რომაელმა გენერალმა, ტიტუსმა, ქალაქი მიწასთან გაასწორა.
-