ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 46
რატომ გვჯერა იეჰოვას დაპირებების?
„ყოველი, ვინც კურთხევას ეძიებს დედამიწაზე, ერთგული ღვთის მიერ იქნება კურთხეული“ (ᲔᲡ. 65:16).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა აზრს გაუსვა ხაზი ესაიამ?
ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲘ ესაია იეჰოვას „ერთგულ ღმერთს“ უწოდებს. „ერთგულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „ამინ“ ნიშნავს „დაე იყოს ასე“, „ჭეშმარიტად“ (ეს. 65:16). ბიბლიაში სიტყვა „ამინ“ ხშირად იმ აზრის ხაზგასასმელად გამოიყენება, რომ იეჰოვასა თუ იესოს ნათქვამს წყალი არ გაუვა. ესაიამაც სწორედ ამ აზრს გაუსვა ხაზი. მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ის რასაც იეჰოვა წინასწარმეტყველებდა, აბსოლუტურად სანდო იყო, რადგან ყოველთვის ასრულებდა თავის დაპირებებს.
2. ა) რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
2 იმ დაპირებებზე რაღას ვიტყვით, რომლებიც მომავალს ეხება? ესაიას მოღვაწეობიდან 800 წლის შემდეგ მოციქულმა პავლემ იმის დასანახვებლად, რომ ღვთის დაპირებები უტყუარია, თქვა: „ღმერთი ტყუილად არასდროს [არაფერს] წარმოთქვამს“ (ებრ. 6:18). როგორც ისაა შეუძლებელი, რომ ერთი წყაროდან მტკნარი წყალიც მოედინებოდეს და მლაშეც, ისევე შეუძლებელია, რომ იეჰოვამ, ჭეშმარიტების წყარომ, სიმართლესთან ერთად სიცრუეც წარმოთქვას. ასე რომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას ყოველი სიტყვა, მათ შორის მომავალთან დაკავშირებით წარმოთქმული მისი დაპირებები, უსათუოდ შესრულდება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, კონკრეტულად რას დაგვპირდა იეჰოვა და როგორ გვარწმუნებს თავისი დაპირებების უტყუარობაში.
ᲠᲐᲡ ᲓᲐᲒᲕᲞᲘᲠᲓᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ
3. ა) განსაკუთრებით რომელი დაპირება მოსწონს ბევრ ღვთის მსახურს? (გამოცხადება 21:3, 4). ბ) რა რეაქცია აქვს ზოგს ამ დაპირების მოსმენაზე?
3 დაპირება, რომელსაც ახლა განვიხილავთ, განსაკუთრებით უყვართ ღვთის მსახურებს (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3, 4). იეჰოვა გვპირდება, რომ „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. ამ მანუგეშებელ დანაპირებს მსახურებაშიც ხშირად ვუზიარებთ ხალხს. ბევრს მოსწონს კიდეც ამ სიტყვების მოსმენა, თუმცა დაუჯერებლად მიაჩნია.
4. ა) რა იცოდა იეჰოვამ და რა განჭვრიტა? ბ) მხოლოდ დანაპირები მოგვცა იეჰოვამ?
4 როცა იეჰოვამ მოციქულ იოანეს ზემოხსენებული დაპირება ჩააწერინა, კარგად იცოდა, რომ მისი ხალხი სამეფოს შესახებ ქადაგების დროს ამ იმედსაც გაუზიარებდა სხვებს. იეჰოვამ ისიც განჭვრიტა, რომ ეს სიტყვები ბევრისთვის რთული დასაჯერებელი იქნებოდა (ეს. 42:9; 60:2; 2 კორ. 4:3, 4). როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ გამოცხადების 21:3-სა და 4-ში ჩაწერილი აუცილებლად შესრულდება და ჩვენ როგორ გავიძლიეროთ ამ დანაპირებისადმი რწმენა? საბედნიეროდ, იეჰოვამ მხოლოდ დაპირება კი არ მოგვცა, არამედ სარწმუნო მტკიცებულებებიც მოგვიყვანა. მოდი ვნახოთ, როგორ განამტკიცა მან თავისი დანაპირები.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲜᲐᲛᲢᲙᲘᲪᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲓᲐᲜᲐᲞᲘᲠᲔᲑᲘ
5. რა თქვა იეჰოვამ თავისი დანაპირების განსამტკიცებლად და რომელ მუხლებშია ჩაწერილი მისი სიტყვები?
5 მომდევნო მუხლებიდან ვიგებთ, როგორ განამტკიცა იეჰოვამ თავისი დანაპირები: «ტახტზე მჯდომმა თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“. შემდეგ დასძინა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. მან მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“» (გამოცხ. 21:5, 6ა).
6. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ გამოცხადების 21:5-სა და 6-ში ჩაწერილი სიტყვები ღვთის დაპირებისადმი ნდობას გვიმტკიცებს?
6 რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს სიტყვები ღვთის დაპირებისადმი ნდობას გვიმტკიცებს? ამ მუხლებთან დაკავშირებით წიგნში „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა“ ასეთი რამ წერია: „იეჰოვა თითქოსდა ხელს აწერს საგარანტიო ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ერთგული ადამიანები კურთხეულნი იქნებიან“.b დიახ, მე-5 და მე-6 მუხლები მე-3 და მე-4 მუხლებში ჩაწერილი დაპირების შესრულების გარანტიას იძლევა. მოდი ახლა უფრო ღრმად ვიმსჯელოთ ამ მუხლებზე.
7. რატომ არის საყურადღებო მე-5 მუხლის პირველი სიტყვები?
7 ეს „საგარანტიო ხელშეკრულება“ ასეთი სიტყვებით იწყება: „ტახტზე მჯდომმა თქვა“ (გამოცხ. 21:5ა). წიგნ „გამოცხადებაში“ ეს არის სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი, როცა თავად იეჰოვა საუბრობს. დიახ, ამ დანაპირების შესრულების გარანტიას ძლევამოსილი ანგელოზი ან მკვდრეთით აღმდგარი იესო კი არა, თავად იეჰოვა იძლევა. ეს სიტყვები იმაშიც გვარწმუნებს, რომ ის, რაც ამის შემდეგაა ნათქვამი, აბსოლუტურად სანდოა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იეჰოვამ „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტ. 1:2).
„ᲕᲥᲛᲜᲘ ᲧᲝᲕᲔᲚᲘᲕᲔ ᲐᲮᲐᲚᲡ“
8. კიდევ როგორ უსვამს ხაზს იეჰოვა თავისი დანაპირების უტყუარობას? (ესაია 46:10).
8 აი რას ამბობს ტახტზე მჯდომი მე-5 მუხლში: „ვქმნი ყოველივე ახალს“. საგულისხმოა, რომ აქ იეჰოვა მომავალში მოსახდენ მოვლენებზე აწმყო დროში საუბრობს, თითქოს უკვე სისრულეში მოჰყავდეს დანაპირები (წაიკითხეთ ესაიას 46:10).
9. ა) რა ორ მოქმედებაზე მიუთითებს სიტყვები: „ვქმნი ყოველივე ახალს“? ბ) რა ელის დღეს არსებულ „ცასა“ და „დედამიწას“?
9 რა იგულისხმება სიტყვებში „ვქმნი ყოველივე ახალს“? ის, რომ იეჰოვა ჯერ შეცვლის არსებულს, შემდეგ კი აღადგენს დაკარგულს. კონკრეტულად რას შეცვლის იეჰოვა? გამოცხადების 21:1-ში ვკითხულობთ: „წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა განადგურებულიყო“. „წინანდელ ცაში“ სატანისა და დემონების გავლენაში მყოფი მთავრობები იგულისხმება (მათ. 4:8, 9; 1 იოან. 5:19). რაც შეეხება „წინანდელ დედამიწას“, მასში დღეს მცხოვრები ბოროტი ადამიანები იგულისხმებიან, რადგან ბიბლიაში სიტყვა „დედამიწა“ ზოგჯერ დედამიწის მკვიდრებთან მიმართებითაც გამოიყენება (დაბ. 11:1; 1 მატ. 16:31). იეჰოვა არსებული „ზეცისა“ და „დედამიწის“ გამოსწორებას კი არ შეეცდება, არამედ სრულად ჩაანაცვლებს მათ „ახალი ცით“ ანუ ზეციერი ხელისუფლებით და „ახალი დედამიწით“ ანუ მართალი ადამიანებით.
10. რა გაგებით აღადგენს იეჰოვა დაკარგულს?
10 ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა გაგებით აღადგენს იეჰოვა დაკარგულს. იეჰოვა დედამიწას თავდაპირველ სახეს, ხოლო ადამიანებს სრულყოფილებას დაუბრუნებს. როგორც ესაიას წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, მთელი დედამიწა ედემის ბაღივით იქნება და თითოეული ჩვენგანიც, ასე ვთქვათ, სრულად განვახლდებით. მაშინ უსინათლო დაინახავს, კოჭლი თავისუფლად გაივლის, ყრუ-მუნჯი კი გაიგებს და ამეტყველდება. იმ დროს გარდაცვლილებსაც დაუბრუნდებათ სიცოცხლე (ეს. 25:8; 35:1—7).
„ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ ᲡᲐᲠᲬᲛᲣᲜᲝ ᲓᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲘᲐ . . . ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲐ!“
11. რა მითითება მისცა იეჰოვამ იოანეს და რატომ?
11 კიდევ რა მტკიცებულებას მოიცავს „საგარანტიო ხელშეკრულება“? იეჰოვამ იოანეს უთხრა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“ (გამოცხ. 21:5). ყურადღება მიაქციეთ, იეჰოვა იოანეს მითითებას აძლევს, რომ დაწეროს, თუმცა მხოლოდ ამას არ სჯერდება. ის ეუბნება, რატომ უნდა მოიქცეს ასე: „რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. ალბათ, თქვენც მადლიერი ხართ, რომ იოანემ გაითვალისწინა ეს მითითება და დღეს ყველას გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ ღვთის ამ დაპირებას და ვიფიქროთ, როგორი ცხოვრება გველის სამოთხეში დედამიწაზე.
12. რატომ შეეძლო იეჰოვას თამამად ეთქვა: „აღსრულდა“?
12 ამის შემდეგ იეჰოვა ამბობს: „აღსრულდა!“ (გამოცხ. 21:6). რატომ თქვა მან, რომ სამოთხის შესახებ დაპირება უკვე შესრულდა? იმიტომ რომ მის შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა იეჰოვას კიდევ ერთი მტკიცებულება მოჰყავს ჩვენ დასარწმუნებლად, რომ მისი დანაპირები აუცილებლად შესრულდება. მოდი ამ მტკიცებულებასაც გავეცნოთ.
„ᲛᲔ ᲕᲐᲠ ᲐᲚᲤᲐ ᲓᲐ ᲝᲛᲔᲒᲐ“
13. რაზე მიანიშნებს იეჰოვას სიტყვები: „მე ვარ ალფა და ომეგა“?
13 როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნ „გამოცხადებაში“ სამი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა იეჰოვა თავად საუბრობს (გამოცხ. 1:8; 21:5, 6; 22:13). ის სამივეჯერ ასეთ რამეს ამბობს: „მე ვარ ალფა და ომეგა“. „ალფა“ ბერძნული ანბანის პირველი ასოა, „ომეგა“ კი — ბოლო. ამით იეჰოვას იმის თქმა სურდა, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე.
14. ა) როდის თქვა იეჰოვამ „ალფა“ და როდის იტყვის „ომეგას“? ბ) რის გარანტიას გვაძლევს დაბადების 2:1—3?
14 როცა იეჰოვამ ადამი და ევა შექმნა, მან კაცობრიობასთან და დედამიწასთან დაკავშირებით თავისი განზრახვა გაუმჟღავნა მათ: «აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“» (დაბ. 1:28). ეს იმას ნიშნავდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ადამისა და ევას სრულყოფილი და ღვთის ერთგული შთამომავლები დედამიწას აავსებდნენ და მას სამოთხედ გადააქცევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვამ სწორედ ამ დროს თქვა: „ალფა“. შემდეგ კი იმის საჩვენებლად, რომ მისი განზრახვა აუცილებლად შესრულდებოდა, მან „მეშვიდე დღე“ წმინდად გამოაცხადა (წაიკითხეთ დაბადების 2:1—3). სწორედ მეშვიდე დღის ბოლოს, როცა მისი განზრახვა ბოლომდე შესრულდება, იეჰოვა, ასე ვთქვათ, იტყვის: „ომეგა“.
15. რატომ შეიძლებოდა ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, რომ სატანამ ჩაშალა ღვთის განზრახვა?
15 მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ღმერთს ეურჩნენ, ცოდვილები გახდნენ და თავიანთი შთამომავლებიც ცოდვასა და სიკვდილს დაუმონეს (რომ. 5:12). ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ სატანამ ჩაშალა ღვთის განზრახვა და ის ვერასდროს იტყოდა „ომეგას“. სატანა ალბათ ფიქრობდა, რომ იეჰოვა ჩიხში მოექცა. მას შეიძლება ეგონა, რომ იეჰოვა ადამსა და ევას გაანადგურებდა და თავისი განზრახვის შესასრულებლად სხვა სრულყოფილ წყვილს შექმნიდა. მაგრამ იეჰოვა ასე რომ მოქცეულიყო, სატანა მას სიცრუეში დასდებდა ბრალს, რადგან, როგორც დაბადების 1:28-დან ვიგებთ, დედამიწა ადამისა და ევას შთამომავლებს უნდა აევსოთ.
16. კიდევ რისი იმედი შეიძლება ჰქონოდა სატანას?
16 მოვლენების განვითარების კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი, რომელიც შეიძლება სატანას წარმოესახა, ასეთი იყო: იეჰოვა დაუშვებდა, რომ ადამისა და ევას შთამომავლები მარადიულად ყოფილიყვნენ ცოდვისა და სიკვდილის მონები (ეკლ. 7:20; რომ. 3:23). თუმცა ესეც იეჰოვას მარცხი იქნებოდა. მისი განზრახვით ხომ დედამიწა ადამისა და ევას სრულყოფილ შთამომავლებს უნდა აევსოთ.
17. რა გააკეთა იეჰოვამ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და როგორ შესრულდება საბოლოოდ მისი განზრახვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 სატანას აზრადაც კი არ მოუვიდოდა, როგორ მოაგვარებდა იეჰოვა შექმნილ მდგომარეობას (ფსალმ. 92:5). მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ იეჰოვა მატყუარა იყო და მარცხი განიცადა. მაგრამ იეჰოვამ საპირისპირო დაამტკიცა. მას უარი არ უთქვამს თავის განზრახვაზე და მის განსახორციელებლად შთამომავალი მოავლინა, რომელიც ერთგულ ადამიანებს იხსნიდა (დაბ. 3:15; 22:18). მართლაც, რას წარმოიდგენდა სატანა, რომ იეჰოვა ასეთ გამოსავალს იპოვიდა. მასში ხომ სიყვარულის ნატამალიც არ არის, გამოსასყიდი კი უანგარო სიყვარულის უდიდესი გამოვლინება იყო (მათ. 20:28; იოან. 3:16). გამოსასყიდის წყალობით, ათასი წლის ბოლოს იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა შესრულდება და ადამისა და ევას გასრულყოფილებული შთამომავლები, რომლებიც ერთგულებას გამოავლენენ, სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ. სწორედ მაშინ იტყვის იეჰოვა: „ომეგა“.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲜᲕᲘᲛᲢᲙᲘᲪᲝᲗ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲐᲜᲐᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡᲐᲓᲛᲘ
18. რა სამი მტკიცებულება მოიყვანა იეჰოვამ ჩვენ დასარწმუნებლად? (იხილეთ ჩარჩო „რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას დანაპირები შესრულდება“).
18 რა მტკიცებულებების მოყვანა შეგვიძლია მათთვის, ვისაც სამოთხის შესახებ ღვთის დაპირებაში ეჭვი ეპარება? პირველი, ამ დაპირებას თავად იეჰოვა იძლევა. „გამოცხადებაში“ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: «ტახტზე მჯდომმა თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“». იეჰოვას ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება. ის ფლობს განუზომელ სიბრძნეს, ძალას და თავისი დანაპირების სისრულეში მოყვანის სურვილიც აქვს. მეორე, ის თავის დანაპირებს შესრულებულად მიიჩნევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას წინ ვერაფერი დაუდგება. ამიტომაც თქვა: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია . . . აღსრულდა!“. მესამე, იეჰოვას დაწყებული საქმე ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე, რაზეც მისი შემდეგი სიტყვებიც მოწმობს: „მე ვარ ალფა და ომეგა“. იეჰოვა დაამტკიცებს, რომ ის კი არა, სატანაა მატყუარა და რომ მან განიცადა მარცხი.
19. რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ვინმე ეჭვს შეიტანს ღვთის დანაპირებში?
19 ყოველ ჯერზე, როცა ამ მტკიცებულებებზე ხალხთან ვსაუბრობთ, ჩვენც გვინმტკიცდება ღვთის დანაპირებისადმი რწმენა. ასე რომ, თუ ვინმე დაუჯერებლად მიიჩნევს გამოცხადების 21:4-ში ჩაწერილ დაპირებას, კარგი იქნება, თუ მე-5 და მე-6 მუხლებსაც წაუკითხავთ და აუხსნით. დაანახვეთ, რომ იეჰოვას ხელი აქვს მოწერილი „საგარანტიო ხელშეკრულებაზე“ (ეს. 65:16).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 145 ღვთის მიერ დაპირებული სამოთხე
a ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა მტკიცებულებები მოიყვანა იეჰოვამ ჩვენ დასარწმუნებლად, რომ სამოთხის შესახებ დაპირება აუცილებლად შესრულდება.