ჩრდილი
მზისგან მოფარებული ადგილი. ჩრდილს შეიძლება აყენებდეს კლდე (ეს. 32:2), ღრუბელი (ეს. 25:5), საჩრდილობელი (ეს. 4:6), ხე (ქბ. 2:3; ეზკ. 17:23; ოს. 4:13) ან რომელიმე სხვა მცენარე (იონ. 4:5, 6). ჩრდილი მის ქვეშ თავშეფარებულს მცხუნვარე მზისგან იცავს. ვინც თავდაცვის ან უსაფრთხოების მიზნით თავს აფარებს რამეს ან ვინმეს, ასე ვთქვათ, ჩრდილქვეშ იმყოფება. ლოტმა თავის სტუმრებზე სოდომელებს უთხრა: „ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ [სიტყვასიტყვით „ჭერის ჩრდილში“] არიან შემოსულები“ (დბ. 19:8). იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას პირით გაკიცხა „ეგვიპტის ჩრდილში“ თავშესაფრის მძებნელნი (ეს. 30:1—3; იხ. აგრეთვე გდ. 4:20; ეზკ. 31:6, 12, 17). ბიბლიაში ყველაზე ხშირად იეჰოვაზეა ნათქვამი, რომ ის თავის ჩრდილქვეშ ამყოფებს თავის ხალხს (ფს. 91:1; 121:5; ეს. 25:4) და თავისი „ხელის“ ან „ფრთების“ ჩრდილში იფარავს მათ (ფს. 17:8; 36:7; 57:1; 63:7; ეს. 49:2; 51:16).
მზის მოძრაობასთან ერთად ჩრდილი ზომას იცვლის და თანდათან ქრება. ამიტომ ბიბლიაში ადამიანის ხანმოკლე და წარმავალი სიცოცხლე ჩრდილთან არის შედარებული (1მტ. 29:15; იობ. 8:9; 14:1, 2; ფს. 102:11; 144:4; ეკ. 6:12; 8:13). როცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ვინმეს დღეები „გადახრილი ჩრდილივითაა“, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლის დღეები დათვლილია (ფს. 102:11; 109:23). ჩრდილისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის ბრუნვასთან ერთად ზომასა და მიმართულებას იცვლის, იეჰოვა უცვლელია. მოწაფე იაკობი იეჰოვას შესახებ წერდა, რომ ის „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17).
ჩრდილი ანუ მუქი გამოსახულება, რომელსაც რაიმე საგანი ტოვებს, ლანდია და არა რეალობა. მაგრამ მას შეუძლია წარმოდგენა შეგვიქმნას ამ საგნის ფორმაზე. სწორედ ამ გაგებით ამბობდა პავლე, რომ კანონი, კანონით დადგენილი დღესასწაულები, კარავი და შესაწირავები მომავლის ჩრდილი იყო, „სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კლ. 2:16, 17; ებ. 8:5; 9:23—28; 10:1).
2 მეფეების 20:9—11-სა და ესაიას 38:8-ში აღწერილი ჩრდილის სასწაულებრივად უკან დაბრუნების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. მზე.