-
შუამავალიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
კანონის შეთანხმების ძალაში შესვლა. მოციქული პავლე წერს, რომ „ერთის შუამავალი არ არსებობს, ღმერთი კი მხოლოდ ერთია“ (გლ. 3:20). კანონის შეთანხმებაში ღმერთი ერთ მხარეს წარმოადგენდა, ისრაელი კი — მეორე მხარეს. ცოდვილი მდგომარეობის გამო ისრაელს არ შეეძლო ღმერთთან მიახლოება შეთანხმების დასადებად. მათ შუამავალი სჭირდებოდათ. მათი უსუსურობა გამოჩნდა მოსესთვის ნათქვამ სიტყვებში: „შენ გველაპარაკე და ჩვენ მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით“ (გმ. 20:19; ებ. 12:18—20). იეჰოვამ წყალობა გამოავლინა — კანონის შეთანხმების შუამავლად მოსე დანიშნა და შეთანხმების ძალაში შესასვლელად ცხოველური შესაწირავი დააწესა. ცხადია, მოსეც არასრულყოფილი და ცოდვილი იყო, თუმცა აბრაამის მსგავსად ისიც ღვთის კეთილგანწყობით სარგებლობდა (ებ. 11:23—28; იხ. მართლად აღიარება [როგორ „ჩაეთვალა“ სიმართლედ]). შეთანხმების ძალაში შესასვლელად მოსემ უხელმძღვანელა მსხვერპლშეწირვას, შემდეგ შეწირული ცხოველების სისხლი შეასხურა „შეთანხმების წიგნს“, წიგნი წაუკითხა ხალხს და გააცნო შეთანხმების პირობები, რომელთა შესრულებაზეც ხალხმა თანხმობა განაცხადა. შემდეგ მოსემ ხალხსაც (სავარაუდოდ, ხალხის წარმომადგენელი უხუცესები) შეასხურა სისხლი და თქვა: „ეს არის სისხლი შეთანხმებისა, იეჰოვამ რომ დაგიდოთ ამ სიტყვების გამო“ (გმ. 24:3—8; ებ. 9:18—22).
-
-
შუამავალიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ახალი შეთანხმების ძალაში შესვლა. სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ზეცად ამაღლდა და ღვთის სახის წინაშე წარადგინა თავისი შესაწირავი, რომელიც უპირველესად ახალი შეთანხმების მონაწილეთ მოუტანს კურთხევებს (ებ. 9:24). ამ შემთხვევაში მან შეასრულა მღვდელმთავრისა და შუამავლის როლი. კანონის შეთანხმება ძალაში რომ შესულიყო, მოსემ კანონის წიგნს შეასხურა სისხლი (ვინაიდან ღმერთი პირდაპირი გაგებით იქ ვერ იქნებოდა). მსგავსად, იესო ქრისტემ ზეცაში ღვთის წინაშე წარადგინა თავისი მსხვერპლის საფასური. შემდეგ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესომ მამისგან მიღებული წმინდა სული გადმოაფრქვია დაახლოებით 120 ადამიანზე, რომლებიც პირველები გახდნენ ახალი შეთანხმების მონაწილენი. მოგვიანებით იმავე დღეს დაახლოებით 3 000 იუდეველი და პროზელიტი შეემატა კრებას (სქ. 1:15; 2:1—47; ებ. 9:19). და როგორც მოსემ წაუკითხა ხალხს კანონი, იესო ქრისტემ ნათლად აუხსნა ახალი შეთანხმების პირობები და კანონები მის მონაწილეებს (გმ. 24:3—8; ებ. 1:1, 2; ინ. 13:34; 15:14; 1ინ. 5:1—3).
-
-
მოსეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იეჰოვამ მოსე ისრაელთან კანონის შეთანხმების შუამავლად დანიშნა. იესო ქრისტეს, ახალი შეთანხმების შუამავლის გარდა, დედამიწაზე მცხოვრებთაგან არავინ ყოფილა ღმერთთან ასე დაახლოებული. მოსემ ცხოველური შესაწირავის სისხლი შეასხურა შეთანხმების წიგნს, რომლითაც წარმოდგენილი იყო იეჰოვა, როგორც შეთანხმების ერთი მხარე, და ხალხს (ხალხის წარმომადგენელ უხუცესებს), როგორც შეთანხმების მეორე მხარეს. როცა მან შეთანხმების წიგნი ხალხს წაუკითხა, მათ თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით“ (გმ. 24:3—8; ებ. 9:19). როგორც შუამავალს, მოსეს წილად ხვდა პატივი, მეთვალყურეობა გაეწია კარვისა და მისი მოწყობილობების დამზადებისთვის, რომელთა ნიმუში იეჰოვამ მისცა, დაენიშნა სამღვდელოება და წმინდა საცხები ზეთით ეცხო კარავი და მღვდელმთავარი აარონი. შემდეგ მან ახალდანიშნული სამღვდელოების პირველ მსახურებას გაუწია ხელმძღვანელობა (გმ. თ-ები 25—29; ლვ. თ-ები 8, 9).
-