იარეთ ღმერთთან ერთად მშფოთვარე დროში
„დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად, და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა“ (დაბადება 5:24, აქ).
1. რომელია ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი ზოგი უბედურება, რომლებიც ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის?
მშფოთვარე დრო! ეს სიტყვები კარგად აღწერს იმ მღელვარებითა და ძალადობით აღსავსე პერიოდს, რომელიც 1914 წელს მესიანური სამეფოს დაბადების შემდეგ დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანები „ბოლო დღეებში“ ცხოვრობენ. ისეთმა უბედურებებმა, როგორიცაა შიმშილობა, ავადმყოფობები, მიწისძვრები და ომები, არნახულ მასშტაბებს მიაღწია (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 6:1—8). უბედურებებისგან არც იეჰოვას მსახურები არიან დაზღვეულნი; მეტ-ნაკლებად ყველას გვიწევს გაჭირვებასა და ცვალებად დროსთან გამკლავება. ეკონომიკური სიდუხჭირე, პოლიტიკური არეულობა, ბოროტმოქმედება და ავადმყოფობები ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.
2. რა სირთულეებს ხვდებიან იეჰოვას მსახურები?
2 ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ იეჰოვას მრავალი მსახური ერთიმეორეზე მიყოლებით ხვდება ძლიერ დევნებს, რადგან სატანა იბრძვის მათ წინააღმდეგ, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და მოწმობენ იესოს შესახებ“ (გამოცხადება 12:17). თუმცა ყველას პირადად არ გადაუტანია დევნები, თითოეულ ჭეშმარიტ ქრისტიანს უწევს, იბრძოლოს სატანა ეშმაკისა და მისი სულის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებში მოქმედებს (ეფესოელები 2:2; 6:12). ამიტომ გამუდმებით უნდა ვიფხიზლოთ, რომ ამ სულმა გავლენა არ მოახდინოს ჩვენზე, რადგან სამსახურში, სკოლაში თუ სხვაგან ურთიერთობა გვიწევს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ აინტერესებთ წმინდა თაყვანისმცემლობა.
იარეთ ღმერთთან ერთად და არა ხალხებთან ერთად
3, 4. რით განსხვავდებიან ქრისტიანები ამ ქვეყნიერებისგან?
3 პირველი საუკუნის ქრისტიანებიც მედგრად იბრძოდნენ ამ ქვეყნიერების სულის წინააღმდეგ, რითაც ძალიან განსხვავდებოდნენ მათგან, რომლებიც ქრისტიანული კრების წევრები არ იყვნენ. პავლემ ხაზი გაუსვა ამ განსხვავებას, როდესაც თქვა: „ამიტომ, ამას ვამბობ და ვამოწმებ უფალში, რომ აღარ იაროთ ისე, როგორც სხვა ხალხები დადიან თავიანთი გონების ამაოებით, გონებადაბნელებულნი და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი თავიანთი უმეცრებისა და უგრძნობი გულების გამო. ყველანაირად ზნედაცემულნი, თავაშვებულობას მიეცნენ, რათა უწმინდურება ჩაიდინონ ყოველგვარი გაუმაძღრობით“ (ეფესოელები 4:17—19).
4 რა ზუსტად აღწერს ეს სიტყვები ქვეყნიერების სულიერ სიბნელეს და ზნეობრივი ნორმების დეგრადაციას, რაც, პავლეს დღეების მსგავსად, ჩვენი დღეებისთვისაც არის დამახასიათებელი! პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, დღეს ქრისტიანებიც ‘არ დადიან სხვა ხალხებივით’. პირიქით, მათ ღმერთთან ერთად სიარულის უდიდესი პატივი აქვთ. მართალია, ზოგმა შეიძლება იკითხოს, რამდენად შესაძლებელია, სუსტმა და არასრულყოფილმა ადამიანებმა იეჰოვასთან ერთად იარონ, მაგრამ ბიბლია ცხადყოფს, რომ ეს შესაძლებელია. უფრო მეტიც, იეჰოვა ელოდება კიდეც მათგან ასე მოქცევას. ძვ. წ. მერვე საუკუნეში წინასწარმეტყველმა მიქამ ღვთისგან შთაგონებული სიტყვები დაწერა: «რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე [„ღმერთთან ერთად“, აქ]» (მიქა 6:8).
როგორ და რატომ უნდა ვიაროთ ღმერთთან ერთად?
5. როგორ შეუძლიათ არასრულყოფილ ადამიანებს, ღმერთთან ერთად იარონ?
5 როგორ შეგვიძლია ვიაროთ ყოვლისშემძლე და უხილავ ღმერთთან ერთად? ცხადია, ამაში პირდაპირი გაგებით ღმერთთან ერთად სიარული არ იგულისხმება. ბიბლიაში სიტყვა „სიარული“ შეიძლება ნიშნავდეს „გარკვეული კურსის მიყოლას“a. აქედან გამომდინარე, ისინი, რომლებიც ღმერთთან ერთად დადიან, ღვთის მიერ ნაჩვენებ ცხოვრების კურსს მიჰყვებიან და ცდილობენ მას ასიამოვნონ. ამ კურსის მიყოლა ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანთა უმრავლესობისგან განგვასხვავებს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანებისთვის ეს ერთადერთი სწორი არჩევანია. რატომ? მიზეზი უამრავია.
6, 7. რატომ არის ღმერთთან ერთად სიარული ცხოვრების საუკეთესო გზა?
6 უპირველესად, იეჰოვა ჩვენი შემოქმედი, ჩვენი სიცოცხლის წყაროა; ის გვაძლევს ყოველივეს, რაც სიცოცხლისთვის გვჭირდება (გამოცხადება 4:11). ამიტომ, მხოლოდ მას აქვს უფლება, მიგვითითოს, რა გზით ვიაროთ. გარდა ამისა, ღმერთთან ერთად სიარულს უდიდესი სარგებლობა მოაქვს. მათ, ვინც მასთან ერთად დადის, იეჰოვა გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე პატიობს ცოდვებს და მარადიული ცხოვრების სარწმუნო იმედსაც უნერგავს. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა აგრეთვე ბრძნულ რჩევებს გვაძლევს, რითაც გვეხმარება, რომ ახლავე მივაღწიოთ წარმატებებს ცხოვრებაში იმისდა მიუხედავად, რომ არასრულყოფილები ვართ და სატანის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებაში გვიწევს ცხოვრება (იოანე 3:16; 2 ტიმოთე 3:15, 16; 1 იოანე 1:8; 2:25; 5:19). ღმერთთან ერთად სიარულის შემდეგი მიზეზი ჩვენი მზადყოფნაა, რომ ხელი შევუწყოთ კრებაში მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნებას (კოლოსელები 3:15, 16).
7 დასასრულ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღმერთთან ერთად სიარულით ცხადვყოფთ, ვისი მხარე გვიკავია ედემის ბაღში წამოჭრილ უდიდეს საკამათო საკითხში, რომელიც უზენაეს ხელისუფლებას ეხება (დაბადება 3:1—6). ჩვენ მიერ არჩეული ცხოვრების კურსით ვაჩვენებთ, რომ ღმერთის მხარეზე ვართ და გაბედულად ვაცხადებთ, რომ მხოლოდ ის არის კანონიერი ხელისუფალი (ფსალმუნები 82:19). ამგვარად, ჩვენი ლოცვების შესაბამისად ვმოქმედებთ, რომ განიწმინდოს ღმერთის სახელი და შესრულდეს მისი ნება (მათე 6:9, 10). მართლაც, რა გონიერები არიან ისინი, რომლებმაც ღმერთთან ერთად სიარული აირჩიეს! მათ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ სწორ გზას ადგანან, რადგან იეჰოვაა „ერთადერთი ბრძენი“. ის არასდროს უშვებს შეცდომებს (რომაელები 16:27).
8. რა მსგავსებაა ენოქისა და ნოეს დროსა და ჩვენს დროს შორის?
8 მაგრამ, რამდენად შესაძლებელია, ქრისტიანული ცხოვრების გზას მივყვეთ, როცა ასეთ მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ და ადამიანებსაც არ სურთ, იეჰოვას ემსახურონ? გავიხსენოთ დიდი ხნის წინათ მცხოვრები ღვთის ერთგული მამაკაცები, რომლებმაც ურთულეს დროში შეინარჩუნეს უმწიკვლობა. ესენი იყვნენ ენოქი და ნოე. ორივე მათგანი ისეთივე მშფოთვარე დროში ცხოვრობდა, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ბოროტება ყვაოდა. ნოეს დღეებში დედამიწა სავსე იყო ძალადობითა და სექსუალური უზნეობით. მიუხედავად ამისა, ენოქი და ნოე წინააღმდეგობას უწევდნენ იმ დროს გავრცელებულ წუთისოფლის სულს და იეჰოვასთან ერთად დადიოდნენ. როგორ ახერხებდნენ ისინი ამას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ამ სტატიაში ენოქის მაგალითს გავარჩევთ. შემდეგ სტატიაში კი ნოეზე ვისაუბრებთ.
ენოქი ღმერთთან ერთად დადიოდა მშფოთვარე დროში
9. რა ვიცით ენოქის შესახებ?
9 ენოქი პირველი იყო, ვის შესახებაც ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთთან ერთად დადიოდა. ბიბლიური ცნობა გვატყობინებს, რომ „მათუსალას დაბადების შემდეგაც დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ (დაბადება 5:22, აქ). მას შემდეგ, რაც მოხსენიებულია ენოქის სიცოცხლის წლები — რომლებიც იმ დროს კი ცოტა იყო, მაგრამ ჩვენი სიცოცხლის წლებს ბევრად აღემატებოდა — ცნობაში გრძელდება: „დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად, და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა“ (დაბადება 5:24, აქ). როგორც ჩანს, ღმერთმა გადაიყვანა ენოქი ცოცხალთა ქვეყნიდან და სიკვდილის ძილით დააძინა, სანამ მტრები მას სიცოცხლეს გამოასალმებდნენ (ებრაელები 11:5, 13). ამ ორი მუხლის გარდა ენოქი ბიბლიაში არც ისე ხშირად არის მოხსენიებული. მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ენოქი მშფოთვარე დროში ცხოვრობდა.
10, 11. ა) როგორ დაეცა ზნეობა ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შემდეგ? ბ) რას წინასწარმეტყველებდა ენოქი და როგორი გამოხმაურება მოჰყვა მის სიტყვებს?
10 მაგალითად, განვიხილოთ, ადამის შეცოდების შემდეგ რა სწრაფად დაეცა ზნეობა. ბიბლიაში მოთხრობილია ადამის პირველი შვილის, კაენის შესახებ, რომელმაც თავისი ძმა, აბელი, მოკლა და ადამიანთაგან პირველი მკვლელი გახდა (დაბადება 4:8—10). აბელის ძალმომრეობითი სიკვდილის შემდეგ, ადამსა და ევას სხვა ვაჟი შეეძინათ, რომელსაც შეთი დაარქვეს. მის შესახებ ვკითხულობთ: «შეთსაც შეეძინა ძე, და უწოდა მას სახელად ენოში. და მაშინ დაიწყეს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელის მოხმობა» (დაბადება 4:25, 26). სამწუხაროა, რომ იმ დროს ხალხი «უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს» ღვთისთვის მიუღებელი სახით უხმობდაb. ენოშის დაბადებიდან დიდი ხნის შემდეგ, კაენის შთამომავალმა, ლამექმა, თავის ორ ცოლს სიმღერა მიუძღვნა, სადაც ამბობდა, რომ მოკლა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავად ლამექი დაჭრა. მან აგრეთვე თქვა, რომ, „თუ კაენისთვის შვიდგზის იქნება შურისგებული, ლამექისთვის — სამოცდაათჯერ შვიდგზის!“ (დაბადება 4:10, 19, 23, 24).
11 ზემოხსენებული მოკლე ცნობები ცხადყოფს, რომ სატანის მიერ ედემის ბაღში წამოწყებულმა ამბოხებამ ხელი შეუწყო ადამის შთამომავლებში ბოროტების სწრაფ გავრცელებას. ასეთ წუთისოფელში ენოქი იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო და მის მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები დღესაც აქტუალურია. იუდამ მოიხსენია ენოქის წინასწარმეტყველება: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის ათიათასობით წმინდასთან ერთად, რათა აღასრულოს განაჩენი ყველას მიმართ და ამხილოს ყველა უღმერთო მათ უღმერთო საქმეებში, რომლებსაც უღმერთობით სჩადიოდნენ, და ამხილოს უღმერთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში“ (იუდა 14, 15). ეს სიტყვები საბოლოოდ არმაგედონის დროს შესრულდება (გამოცხადება 16:14, 16). თუმცა, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ენოქის დღეებშიც კი მრავალ „უღმერთო ცოდვილს“ ენოქის წინასწარმეტყველების მოსმენა აღიზიანებდა. მართლაც რა უდიდესი სიყვარული გამოავლინა იეჰოვამ, როცა წინასწარმეტყველი მათი ხელიდან დაიხსნა!
რა აძლიერებდა ენოქს, რომ ღმერთთან ერთად ევლო?
12. რით განსხვავდებოდა ენოქი თავისი თანამედროვეებისგან?
12 ედემის ბაღში ადამმა და ევამ სატანას დაუჯერეს და ადამი იეჰოვას წინააღმდეგ წავიდა (დაბადება 3:1—6). მათი ვაჟი აბელი კი სხვაგვარად მოიქცა და იეჰოვას თვალში კეთილგანწყობილება მოიპოვა (დაბადება 4:3, 4). სამწუხაროდ, ადამის შთამომავალთაგან უმეტესობა აბელს არ დაემსგავსა. მაგრამ ენოქი, რომელიც ასობით წლის შემდეგ დაიბადა, აბელის მსგავსად იქცეოდა. რით განსხვავდებოდა ენოქი ადამის სხვა შთამომავლებისგან? ამ კითხვას პავლე მოციქულმა გასცა პასუხი თავის წერილში: „რწმენით ენოქი გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა, და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა გადაიყვანა. გადაყვანამდე მან დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“ (ებრაელები 11:5). ენოქი ‘[ქრისტიანობამდელ] მოწმეთა იმ დიდი ღრუბლის’ ნაწილია, რომლებმაც რწმენის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს (ებრაელები 12:1). რწმენა აძლიერებდა ენოქს, რომ სწორად მოქცეულიყო თავისი ცხოვრების 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში — და ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე დღეს ბევრი ჩვენგანის სამჯერ აღებული სიცოცხლის წლები!
13. როგორი რწმენა ჰქონდა ენოქს?
13 პავლემ ენოქისა და სხვა მოწმეების რწმენა შემდეგნაირად აღწერა: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). დიახ, რწმენა საფუძვლიანი მოლოდინია იმისა, რომ, რასაც ვიმედოვნებთ, აუცილებლად შესრულდება. ამაში იმდენად ძლიერი მოლოდინი იგულისხმება, რომ ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვაყენებთ ცხოვრებაში პირველ ადგილზე. ასეთი რწმენა აღძრავდა ენოქს, რომ ღმერთთან ერთად ევლო, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფი ხალხი ამას არ აკეთებდა.
14. რა საფუძვლიანი ცოდნა ედო საძირკვლად ენოქის რწმენას?
14 ნამდვილ რწმენას საძირკვლად საფუძვლიანი ცოდნა უდევს. რა ცოდნას ფლობდა ენოქი? (რომაელები 10:14, 17; 1 ტიმოთე 2:4). ეჭვგარეშეა, ენოქმა იცოდა ედემის ბაღში მომხდარი მოვლენები. ალბათ, მას გაგებული ჰქონდა, როგორი ცხოვრება იყო ედემის ბაღში, რომელიც შესაძლოა კვლავაც არსებობდა, თუმცა ადამიანებს არ ჰქონდათ იქ ყოფნის უფლება (დაბადება 3:23, 24). მან ღვთის განზრახვის შესახებაც იცოდა, რომ ადამის შთამომავლებს უნდა აევსოთ დედამიწა და მთელი პლანეტა სამოთხედ გადაექციათ (დაბადება 1:28). გარდა ამისა, უდავოა, ენოქს სჯეროდა, რომ მოვიდოდა იეჰოვას მიერ აღთქმული თესლი, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა სატანას და აღმოფხვრიდა ყოველგვარ ბოროტებას, რაც სატანის სიცრუის შედეგად არსებობს (დაბადება 3:15). მართლაც, ენოქის მიერ შთაგონებით წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომელიც მოხსენიებულია იუდას წიგნში, სატანის თესლის განადგურებაზე მიუთითებს. ენოქს ჰქონდა რწმენა და ის თაყვანს სცემდა იეჰოვას, რომელიც „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). ენოქს არ ჰქონდა იმდენი ცოდნა, რამდენიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ, რაც იცოდა, საკმარისი იყო, რომ თავისი რწმენისთვის მყარი საძირკველი ჩაეყარა. ასეთი რწმენით მან მშფოთვარე დროში უმწიკვლობა შეინარჩუნა.
მივბაძოთ ენოქის მაგალითს
15, 16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ენოქს?
15 თუ გვინდა, ენოქის მსგავსად ვასიამოვნოთ იეჰოვას ამ მშფოთვარე დროში, ენოქის მაგალითს უნდა მივბაძოთ. ჩვენ უნდა შევიძინოთ და შევინარჩუნოთ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა. მაგრამ ჩვენგან უფრო მეტი მოითხოვება — ეს ცოდნა ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ (ფსალმუნები 118:101; 2 პეტრე 1:19). ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ღვთის აზროვნებით და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ მოქმედებებითა და აზროვნებით მას ვასიამოვნოთ.
16 ჩვენ არ ვიცით, კიდევ ვინ ემსახურებოდა იეჰოვას ენოქის დღეებში, მაგრამ ცხადია, რომ ენოქი ან მარტო იყო, ან უმცირესობას მიეკუთვნებოდა. ჩვენც უმცირესობას წარმოვადგენთ ამ წუთისოფელში, მაგრამ ეს არ გვაშინებს. ვინც არ უნდა გამოვიდეს ჩვენ წინააღმდეგ, იეჰოვა ჩვენს მხარეს იქნება (რომაელები 8:31). ენოქი უშიშრად აცხადებდა, რომ მოახლოებული იყო უღვთო ადამიანების განადგურება. ჩვენც გაბედულად ვქადაგებთ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“, თუმცა დაგვცინიან, გვეწინააღმდეგებიან და გვდევნიან (მათე 24:14). მიუხედავად იმისა, რომ ენოქს თავის ბევრ თანამედროვეზე მეტი არ უცოცხლია, ის იმედებს ამ ქვეყნიერებაზე არ ამყარებდა. ის ბევრად უკეთესზე იყო კონცენტრირებული (ებრაელები 11:10, 35). ჩვენთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას განზრახვის შესრულებაა. ამიტომ, ამ ქვეყნიერებით სრულად არც ჩვენ ვსარგებლობთ (1 კორინთელები 7:31). ნაცვლად ამისა, ჩვენს ძალასა და შესაძლებლობებს უპირველესად იეჰოვას მსახურებაში ვიყენებთ.
17. რა ვიცით, რაც ენოქმა არ იცოდა და ამიტომ, რა უნდა გავაკეთოთ?
17 ენოქს სწამდა, რომ ღვთისგან აღთქმული თესლი ანუ შთამომავალი იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს მოვიდოდა. უკვე თითქმის 2000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თესლი — იესო ქრისტე — დედამიწაზე მოვიდა და გამოგვისყიდა, რათა მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა გვქონოდა როგორც ჩვენ, ისე იმ ერთგულ მოწმეებს, როგორიც ენოქი იყო. ამ შთამომავალმა, რომელიც ახლა ღვთის სამეფოს მეფეა, სატანა დედამიწაზე გადმოაგდო, რის შედეგადაც ჩვენ გარშემო მრავალი უბედურება ხდება (გამოცხადება 12:12). დიახ, ჩვენ ენოქთან შედარებით ბევრად მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. დაე ჩვენი რწმენაც ისეთივე მტკიცე იყოს, როგორიც ენოქს ჰქონდა. დაე ჩვენი რწმენა, რომ ღვთის განზრახვები შესრულდება, გავლენას ახდენდეს ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ. დაე ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ, ღმერთთან ერთად ვიაროთ ენოქის მსგავსად.
[სქოლიოები]
a იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. 1, გვ. 220, აბზ. 6 [ინგლ.]. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b იეჰოვა ადამს ენოშის დაბადებამდე ელაპარაკებოდა. მან აბელის მსხვერპლიც მოიწონა. ის კაენსაც კი ელაპარაკა მანამდე, სანამ შურით გაბოროტებული კაენი მკვლელობას ჩაიდენდა. აქედან გამომდინარე, სიტყვები «დაიწყეს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელის მოხმობა», არ ნიშნავს, რომ ხალხმა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა დაიწყო; პირიქით, მათ მიატოვეს წმინდა თაყვანისმცემლობა.
როგორ უპასუხებდით?
• რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული?
• რატომ არის ღმერთთან ერთად სიარული ცხოვრების საუკეთესო გზა?
• რა დაეხმარა ენოქს ღმერთთან ერთად სიარულში, მიუხედავად იმისა, რომ მშფოთვარე დროში ცხოვრობდა?
• როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ენოქს?
[სურათი 15 გვერდზე]
რწმენით „დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“.
[სურათი 17 გვერდზე]
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ იეჰოვას განზრახვები ნამდვილად შესრულდება.
[საავტორო უფლებები დაცულია 13 გვერდზე]
Woman, far right: FAO photo/B. Imevbore; collapsing building: San Hong R-C Picture Company