ელჩი
ბიბლიაში ელჩად იწოდება საგანგებო დავალებით მეფის მიერ წარგზავნილი ოფიციალური წარმომადგენელი. ამ მოვალეობას ძველად, როგორც წესი, გამოცდილი მამაკაცები ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბერძნული სიტყვები პრესბევო (ელჩად ყოფნა [ეფ. 6:20; 2კრ. 5:20]) და პრესბეა (ელჩები [ლკ. 14:32]) ენათესავება პრესბიტეროს (უხუცესი) (სქ. 11:30; გმც. 4:4).
იესო ქრისტე იყო იეჰოვა ღმერთის „მოციქული“ ანუ „წარგზავნილი“, რომელმაც „სიცოცხლესა და უხრწნელობას შუქი მოჰფინა სასიხარულო ცნობით“ (ებ. 3:1; 2ტმ. 1:10).
ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მისი ერთგული მიმდევრები ღვთის ელჩები გახდნენ „ქრისტეს ნაცვლად“. პავლე საკუთარ თავს ელჩს უწოდებს (2კრ. 5:18—20). ის და იესო ქრისტეს დანარჩენი ცხებული მიმდევრები უზენაესი ღვთისგან, იეჰოვა ღმერთისგან გაუცხოებულ ერებთან იყვნენ წარგზავნილნი. ისინი იყვნენ ელჩები ღვთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში (ინ. 14:30; 15:18, 19; იაკ. 4:4). როგორც ელჩი, პავლე ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან შერიგების შესახებ ქადაგებდა. პატიმრობაში მყოფმა თავის თავს „ბორკილდადებული ელჩი“ უწოდა (ეფ. 6:20). ელჩები ოდითგანვე ხელშეუხებლები იყვნენ, მაგრამ პავლეს ბორკილები იმას ადასტურებდა, რომ ქვეყნიერება მტრულად იყო განწყობილი ღვთის, ქრისტესა და მესიანური სამეფოსადმი. ღვთის სამეფოს ელჩებისადმი უპატივცემულო მოპყრობით ერებმა უდიდესი სიძულვილი და მტრობა გამოავლინეს მათ მიმართ, ვისი წარმომადგენლებიც ეს ელჩები იყვნენ.
პავლე, როგორც ელჩი, პატივს სცემდა ქვეყნის კანონებს, თუმცაღა ქვეყნიერების პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში მკაცრად იცავდა ნეიტრალიტეტს. ასეთი დამოკიდებულება შეესაბამება იმ პრინციპს, რომლითაც ელჩები ხელმძღვანელობენ, კერძოდ, ელჩები ემორჩილებიან იმ ქვეყნის კანონებს, სადაც იგზავნებიან, თუმცა არ არიან ვალდებული იმ ქვეყანას უერთგულონ.
პავლე მოციქულის მსგავსად, ქრისტეს ყველა ერთგული სულითცხებული მიმდევარი, რომელთა მოქალაქეობაც ზეცაშია, ელჩია „ქრისტეს ნაცვლად“ (2კრ. 5:20; ფლ. 3:20).
ვინც როგორ მოეპყრობა ღვთის ელჩებს, ღმერთიც ისე მოეპყრობა მათ. იესო ქრისტემ ეს პრინციპი კარგად გააშუქა თავის ერთ-ერთ მაგალითში: ერთმა კაცმა ერთხელ თავის ვენახში ჯერ მონები გაგზავნა, შემდეგ კი თავისი ვაჟი. მევენახეები სასტიკად მოეპყრნენ ვენახის პატრონის მონებს, მისი ვაჟი კი მოკლეს. ვენახის პატრონმა ეს მტრულად განწყობილი მევენახეები დახოცა (მთ. 21:33—41). იესომ კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა მეფეზე, რომელმაც თავისი მონები ქორწილში სტუმრების მოსაპატიჟებლად გაგზავნა. მოწვეულებმა მეფის წარმომადგენლები დახოცეს, რის გამოც მეფის მტრებად შეირაცხნენ (მთ. 22:2—7). იესომ შემდეგი დასკვნა გააკეთა: „ვინც ჩემგან გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს, ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს“ (ინ. 13:20; იხ. აგრეთვე მთ. 23:34, 35; 25:34—46).
იესომ ელჩის სამშვიდობო მისია იმის მაგალითად მოიყვანა, რომ საჭიროა იეჰოვა ღმერთთან მშვიდობა ვეძებოთ და თავი ვანებოთ ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის მისი ძის ნაკვალევზე სიარულში, რათა მოვიპოვოთ ღვთის კეთილგანწყობა და მარადიული სიცოცხლე (ლკ. 14:31—33). მეორე მხრივ, იესომ ცხადყო, რამდენად დიდი უგუნურებაა კავშირის დაჭერა მათთან, ვინც ღვთის მიერ დანიშნული მეფის წინააღმდეგ გზავნის ელჩებს (ლკ. 19:12—14, 27). გაბაონელებმა ტაქტიანი გზით მშვიდობის ძიების კარგი მაგალითი დაგვიტოვეს (იეს. 9:3—15, 22—27).
ელჩები და დესპანები ქრისტიანობამდელ ერაში. ქრისტესშობამდელ ეპოქაში არ არსებობდა თანამედროვე ელჩის იდენტური თანამდებობა და არც რაიმე შენობა, რომელშიც უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლობა იქნებოდა განთავსებული. თანამედროვე ელჩის მოვალეობას ბიბლიურ ეპოქაში „მაცნე“ (ებრ. მალʼაქ) და „დესპანი“ (ებრ. ცირ) ასრულებდნენ. მათი საქმიანობა ძალიან ჰგავდა ელჩებისას. ესენი იყვნენ ოფიციალურად დანიშნული პირები, რომლებიც ხელისუფალთა შიკრიკებად მსახურობდნენ.
თანამედროვე ელჩებისგან განსხვავებით, ძველი დროის დესპანები თუ მაცნეები უცხო ქვეყნის სატახტო ქალაქებში არ სახლობდნენ. ისინი მხოლოდ საგანგებო შემთხვევის დროს იგზავნებოდნენ კონკრეტული მისიით. მათი უმეტესობა მაღალჩინოსანი (2მფ. 18:17, 18) და დიდად პატივდებული პირი იყო. უცხო ქვეყანაში სტუმრობისას ისინი ხელშეუხებლები იყვნენ.
მაცნისა თუ დესპანისადმი მოპყრობა ცხადყოფდა, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მისი მმართველისა თუ სამეფოს მიმართ. მაგალითად, როცა რახაბმა წყალობა უყო იესო ნავეს ძის მიერ იერიხონის დასაზვერად გაგზავნილებს, მან ფაქტობრივად აღიარა, რომ იეჰოვა იყო ისრაელის ღმერთი და მეფე. სანაცვლოდ, იეჰოვამ იესო ნავეს ძის მეშვეობით მასაც წყალობა უყო (იეს. 6:17; ებ. 11:31). ამონის მეფე ხანუნმა საყოველთაო დაუწერელი წესი დაარღვია, როცა მეფე დავითმა მეგობრობის ნიშნად თავისი მსახურები გაუგზავნა. ხანუნმა დაუჯერა მთავრებს, რომლებმაც დავითის მაცნეებს ცრუდ დასდეს ბრალი ჯაშუშობაში. მან საჯაროდ შეურაცხყო დავითის მაცნეები, რაც დავითისა და მისი ხელისუფლების შეურაცხყოფის ტოლფასი იყო. ამონის მეფის აგდებული დამოკიდებულება ომის მიზეზი გახდა (2სმ. 10:2—11:1; 12:26—31).
დღეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში ელჩების ქვეყნიდან გაწვევა ხდება, ძველად კი სამეფოებს შორის დაძაბული ურთიერთობის აღსადგენად მაცნეები იგზავნებოდნენ. მაგალითად, ესაია მოიხსენიებს „მშვიდობის მაცნეებს“ (ეს. 33:7). მეფე ხიზკიამ ასურეთის მეფე სინახერიბს სამშვიდობო მისიით მაცნეები გაუგზავნა. მართალია, სინახერიბი იუდას გამაგრებულ ქალაქებს ემუქრებოდა, მაგრამ ხიზკიას მაცნეებს, როგორც მის წარმომადგენლებს, ასურეთის მეფესთან მისვლის ნება მიეცათ (2მფ. 18:13—15). მსგავსი რამ მოხდა ისრაელის მსაჯულის, იფთახის დროს. იფთახმა მაცნეების მეშვეობით წერილი გაუგზავნა ამონელთა მეფეს, რომელშიც აღშფოთება გამოთქვა ამონელთა ქმედების გამო და სცადა აეხსნა ტერიტორიული უფლებების საკითხი. იფთახს სურდა უომრად მოეგვარებინა სიტუაცია მაცნეების მეშვეობით, რომელთაც დაუბრკოლებლად შეეძლოთ გადაადგილება ერთი ბანაკიდან მეორეში (მსჯ. 11:12—28; იხ. მაცნე).