მოთმინებით გაირბინეთ მანძილი
„მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1).
1, 2. რას შეადარა მოციქულმა პავლემ ქრისტიანის ცხოვრება?
მრავალ ქვეყანაში მარათონული რბენა ყოველ წელს იმართება. ეგრეთ წოდებული საუკეთესო მორბენლები შეჯიბრებაზე მხოლოდ გამარჯვების მოპოვების მიზნით გადიან. უმრავლესობას კი შედარებით მოკრძალებული მიზანი აქვს. მათთვის ფინიშის ხაზის გადაკვეთაც კი საამაყოა.
2 ბიბლიაში ქრისტიანის ცხოვრება სირბილთან არის შედარებული. მოციქულმა პავლემ ამაზე ყურადღება გაამახვილა ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებისთვის მიწერილ პირველ წერილში. მან დაწერა: „განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“ (1 კორ. 9:24).
3. რატომ თქვა პავლემ, რომ მხოლოდ ერთი მორბენალი მიიღებდა ჯილდოს?
3 გულისხმობდა პავლე იმას, რომ ქრისტიანებიდან სიცოცხლის ჯილდოს მხოლოდ ერთი მიიღებდა, დანარჩენები კი ამაოდ ირბენდნენ? სრულებითაც არა. შეჯიბრების მონაწილეები გამარჯვების მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და გულმოდგინედ ემზადებოდნენ. პავლეს სურდა, რომ ქრისტიანებსაც ასე ეღვაწათ, რათა მარადიული სიცოცხლისთვის მიეღწიათ. მხოლოდ ამგვარად შეძლებდნენ ისინი სიცოცხლის ჯილდოს მიღებას. ასე რომ, ყველა ქრისტიანი, რომელიც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, ამ ჯილდოს მიიღებს.
4. რა უნდა მივიღოთ მხედველობაში ჩვენ წინ მდებარე მანძილზე სირბილისას?
4 პავლეს სიტყვები გამამხნევებელიც არის და გამომაფხიზლებელიც ყველასთვის, ვინც სიცოცხლისთვის რბენაში მონაწილეობს. რატომ? იმიტომ რომ, ჯილდო, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება, მართლაც შეუდარებელია! ეს მანძილი გრძელი და რთულია, რადგან მორბენალს შეიძლება შეხვდეს მრავალი რამ, რაც ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბრკოლებებსა თუ საშიშროებებზე (მათ. 7:13, 14). სამწუხაროდ, ზოგმა შეანელა სვლა, დაიქანცა ან საერთოდ დაეცა. რა მახეები და საშიშროებებია სიცოცხლის ამ გზაზე? როგორ ავარიდოთ მათ თავი? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ფინიშამდე მივაღწიოთ და ასეთი სახით გავიმარჯვოთ?
გამარჯვებისთვის მოთმინებაა საჭირო
5. რაზე გაამახვილა პავლემ ყურადღება ებრაელების 12:1-ში?
5 იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ თავის წერილში პავლემ კვლავ მოიხსენია სპორტული შეჯიბრებები ანუ სირბილი (წაიკითხეთ ებრაელების 12:1 ). მან ყურადღება არა მარტო სირბილში მონაწილეობის მიზეზზე გაამახვილა, არამედ იმაზეც, თუ რის გაკეთება იყო აუცილებელი გამარჯვებისთვის. მოდი, ჯერ დავფიქრდეთ, რამ აღძრა პავლე დაეწერა ეს წერილი და რისკენ მოუწოდებდა თავის მკითხველებს. შემდეგ კი გამოვიკვლიოთ ღვთის შთაგონებით ებრაელი ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიცემული რჩევა და ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია.
6. რა წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ ქრისტიანები რელიგიური წინამძღოლებისგან?
6 პირველ საუკუნეში იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ქრისტიანები მრავალ განსაცდელსა და სირთულეს ხვდებოდნენ. მათ დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები, რომლებსაც ხალხზე ჯერ კიდევ დიდი გავლენა ჰქონდათ. ადრე მათ იესო ქრისტეს მოჯანყეობაში დასდეს ბრალი და მოკლეს, როგორც ბოროტმოქმედი. ისინი არც ახლა აპირებდნენ წინააღმდეგობის შეწყვეტას. საქმეების წიგნში არაერთი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი სასწაულების შემდეგ რელიგიურმა წინამძღოლებმა მალევე დაიწყეს ქრისტიანების დაშინება და შევიწროება, რამაც ერთგულ ქრისტიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა (საქ. 4:1—3; 5:17, 18; 6:8—12; 7:59; 8:1, 3).
7. რა რთულ დროში ცხოვრობდნენ ქრისტიანები, რომლებსაც პავლე სწერდა?
7 ამას ისიც ემატებოდა, რომ ეს ქრისტიანები იუდეველთა სისტემის ბოლო დღეებში ცხოვრობდნენ. იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ ორგული იუდეველები განადგურდებოდნენ. მან აგრეთვე უთხრა თავის მიმდევრებს, რა მოხდებოდა უშუალოდ განადგურების წინ, და კონკრეტული მითითებები მისცა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ გადარჩენილიყვნენ (წაიკითხეთ ლუკას 21:20—22). იესომ გააფრთხილა ისინი: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე“ (ლუკ. 21:34).
8. რატომ შეანელა ან შეწყვიტა რბენა ზოგმა ქრისტიანმა?
8 იესოს მიერ მიცემული ამ გაფრთხილებიდან დაახლოებით 30 წელი იყო გასული, როცა პავლემ ებრაელებს წერილი მისწერა. როგორ იმოქმედა ამ 30-მა წელმა ქრისტიანებზე? ზოგზე გავლენა იქონია წინააღმდეგობებმა, ზოგმა კი ყურადღება ყოველდღიურ საზრუნავზე გადაიტანა, რამაც ხელი შეუშალა სულიერ წინსვლასა და რწმენის განმტკიცებაში (ებრ. 5:11—14). სხვები, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, თუ იუდეველთა უმრავლესობას აჰყვებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ მთლად არ უარყვიათ ღმერთი და მოსეს კანონსაც გარკვეულწილად იცავდნენ. ზოგი ქრისტიანი კი დაარწმუნეს ან დააშინეს კრების იმ წევრებმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსეს კანონისა და ტრადიციების დაცვა აუცილებელი იყო. რა უნდა ეთქვა პავლეს ქრისტიანი ძმებისთვის, რომ მათ სულიერი სიფხიზლე შეენარჩუნებინათ და სიცოცხლისთვის რბენა განეგრძოთ?
9, 10. ა) პავლეს რა გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ ებრაელებისთვის მიწერილი წერილის მე-10 თავის ბოლოს? ბ) რატომ ჩაწერა პავლემ ძველ დროს მცხოვრებ მოწმეთა რწმენის მაგალითები?
9 საინტერესოა, ღვთის შთაგონებით, როგორ ცდილობდა პავლე ებრაელი ქრისტიანების განმტკიცებას. თავისი წერილის მე-10 თავში მან აღნიშნა, რომ კანონი „მომავალ კურთხევათა ჩრდილია“ და ხაზი გაუსვა ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის მნიშვნელოვნებას. ამ თავის ბოლოს პავლემ მკითხველებს ურჩია: «მოთმინება გჭირდებათ, რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები, რადგან „სულ ცოტაც“ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“» (ებრ. 10:1, 36, 37).
10 ებრაელების მე-11 თავში პავლე შესანიშნავად ხსნის, თუ რა არის ღვთისადმი ნამდვილი რწმენა. მას მოჰყავს ძველ დროს მცხოვრები ერთგული მამაკაცებისა და ქალების რწმენის მაგალითები. ხომ არ გადაუხვია პავლემ მთავარი თემიდან? რასაკვირველია, არა. მოციქულს ესმოდა, მის თანამორწმუნეებს უნდა გაეაზრებინათ, რომ რწმენას გაბედულება და მოთმინება სჭირდებოდა. ძველ დროს მცხოვრები იეჰოვას ამ ერთგული მსახურების ბრწყინვალე მაგალითები განამტკიცებდა ებრაელებს, რომ გაეძლოთ ნებისმიერი სირთულისა თუ პრობლემისთვის. ამგვარად, პავლემ ჩამოთვალა საქმეები, რომლებითაც ამ ერთგულმა მსახურება რწმენა დაამტკიცეს და თქვა: „რადგან ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბელია, მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1).
„მოწმეთა ღრუბელი“
11. როგორ იმოქმედებს ჩვენზე „მოწმეთა დიდი ღრუბლის“ მაგალითებზე დაფიქრება?
11 „მოწმეთა დიდი ღრუბელი“ მხოლოდ დამკვირვებელს ან მაყურებელს არ წარმოადგენს, რომელიც თვალყურს ადევნებს შეჯიბრს ან გულშემატკივრობს კონკრეტულ მორბენალსა თუ ჯგუფს. მათ მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით გაირბინეს მანძილი. მართალია, ისინი ცოცხლები არ არიან, მაგრამ მათი გამოცდილება ახალ მორბენლებს კვლავაც ამხნევებს. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ შეჯიბრებაში მონაწილეები, თუ ეცოდინებოდათ, რომ მათ ყველაზე გამოცდილი მორბენლები ადევნებდნენ თვალს. განა ისინი არ ეცდებოდნენ, მაქსიმალურად დახარჯულიყვნენ? წარსულში მცხოვრებმა ამ მოწმეებმა დაამტკიცეს, რომ, რა სირთულეებთანაც არ უნდა იყოს ეს დაკავშირებული, ამ მანძილის ბოლომდე გარბენა და გამარჯვება შესაძლებელია. ასე რომ, „მოწმეთა ღრუბლის“ მაგალითებზე დაფიქრება პირველი საუკუნის ქრისტიანებს გაბედულებას შემატებდა და ბოლომდე მოთმინებით სირბილში დაეხმარებოდა. მათ მაგალითებზე დაფიქრება ჩვენზეც ასე იმოქმედებს.
12. რატომ არის პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითები ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
12 პავლეს მიერ მოხსენიებულ ერთგულ მსახურთაგან მრავალი ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით. მაგალითად, ნოე წარღვნამდელი მსოფლიოს აღსასრულის წინა პერიოდში ცხოვრობდა. ჩვენც ამ სისტემის ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ღმერთმა აბრაამსა და სარას უთხრა, დაეტოვებინათ მშობლიური ქალაქი და მათთვის მიცემული დანაპირების შესრულებას დალოდებოდნენ. იეჰოვა ჩვენც მოგვიწოდებს, უარვყოთ საკუთარი თავი და ვიცხოვროთ მის მოსაწონად, რომ მივიღოთ მისგან კურთხევები. მოსეს სახიფათო უდაბნოს გავლა მოუწია იმისათვის, რომ აღთქმულ ქვეყანაში შესულიყო. ჩვენც აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში რომ შევიდეთ, ეს ძველი მომაკვდავი სისტემა უნდა გავიაროთ. ის, რაც ღვთის ამ ერთგულმა მსახურებმა გამოიარეს, მათი წარმატებები თუ წარუმატებლობები, სისუსტეები თუ ძლიერი მხარეები ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას (რომ. 15:4; 1 კორ. 10:11).
რამ განაპირობა მათი წარმატება?
13. რატომ იყო ნოესთვის მიცემული დავალება რთული და რა დაეხმარა მას ამ დავალების შესრულებაში?
13 რამ შეაძლებინა იეჰოვას ამ ერთგულ მსახურებს, მოთმინებით გაერბინათ მანძილი? ყურადღება მიაქციეთ, რა დაწერა პავლემ ნოეს შესახებ (წაიკითხეთ ებრაელების 11:7 ). დედამიწაზე მოვლენილი წარღვნა და ყოველი ხორციელის განადგურება ნოესთვის „ჯერ არ იყო ხილული“ (დაბ. 6:17). მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა; ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. მიუხედავად ამისა, ნოეს არ უფიქრია, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მას სჯეროდა, იეჰოვა თავის სიტყვას შეასრულებდა. ნოეს წუწუნი არ დაუწყია და არ უთქვამს, რომ ამ საქმის შესრულება ძალიან რთული იყო. პირიქით, მან ყველაფერი „სწორედ ისე გააკეთა“, როგორც ღმერთმა უბრძანა (დაბ. 6:22). ნოეს უნდა აეგო კიდობანი, შეეკრიბა ცხოველები, მოემარაგებინა საკვები ადამიანებისა და ცხოველებისთვის, ექადაგა გამაფრთხილებელი ცნობა და ეზრუნა ოჯახის სულიერ სიმტკიცეზე. ამ ყველაფრის „სწორედ ისე“ გაკეთება ადვილი არ იყო. მაგრამ, ნოემ რწმენა და მოთმინება გამოავლინა, რის შედეგადაც ის და მისი ოჯახი ღმერთმა გადაარჩინა და მრავალმხრივ აკურთხა.
14. როგორ მოიქცნენ აბრაამი და სარა რთულ სიტუაციაში და რას გვასწავლის მათი მაგალითი?
14 „ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბლის“ ჩამონათვალში პავლემ ნოეს შემდეგ აბრაამი და სარა მოიხსენია. მათ მიატოვეს ჩვეული ცხოვრება ურში და არ იცოდნენ წინ რა ელოდათ. ისინი რთულ სიტუაციაში მტკიცე რწმენისა და მორჩილების გამოვლენის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. იმის გამო, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად აბრაამი მზად იყო ამ მსხვერპლის გასაღებად, მას მართებულად ეწოდა „ყველა . . . მორწმუნის მამა“ (რომ. 4:11). პავლე მხოლოდ ზოგადად შეეხო ამ საკითხს, ვინაიდან მისმა მკითხველებმა კარგად იცოდნენ აბრაამის ცხოვრების დეტალები. მიუხედავად ამისა, პავლეს სიტყვებიდან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: „ესენი ყველანი [მათ შორის აბრაამი და მისი ოჯახი] რწმენაში დაიხოცნენ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას, ხარობდნენ და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (ებრ. 11:13). აშკარაა, რომ მათ რწმენა და ღმერთთან პირადი ურთიერთობა დაეხმარა, მოთმინებით გაერბინათ მანძილი.
15. რატომ არჩია მოსემ ასეთი ცხოვრება?
15 ამის შემდეგ პავლემ იეჰოვას კიდევ ერთი სამაგალითო მსახური მოსე მოიხსენია. მოსემ დატოვა კომფორტული ცხოვრება, წარჩინებული მდგომარეობა და „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად . . . სასტიკად მოპყრობოდნენ“. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს პავლე გვცემს: „ჯილდოს ხედავდა . . . ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27 ). მოსეს ყურადღება „დროებით ცოდვიან განცხრომაზე“ არ გადაუტანია. ღმერთი და მისი დაპირებები იმდენად რეალური იყო მისთვის, რომ უჩვეულო გამბედაობა და მოთმინება გამოავლინა. მოსე დაუღალავად იღვწოდა იმისათვის, რომ ისრაელი ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე მიეყვანა.
16. რატომ არ გაუტყდა მოსეს გული, როდესაც ღმერთმა მას აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება არ მისცა?
16 აბრაამის მსგავსად ვერც მოსე მოესწრო ღვთის დანაპირების შესრულებას. მოსეს, რომელიც ისრაელებთან ერთად აღთქმული მიწის საზღვართან იდგა, ღმერთმა უთხრა: „შორიდან დაინახავ, მაგრამ ვერ შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ“. ეს იმიტომ, რომ ერთხელ ის და აარონი ისე გაღიზიანდნენ მოჯანყე ისრაელების გამო, რომ „ეურჩნენ [ღმერთს] ისრაელის ძეების თვალწინ . . . მერიბას წყალთან“ (კან. 32:51, 52). გაუტყდა გული მოსეს ან განაწყენდა ამის გამო? არა. მოსემ ისრაელები შემდეგი სიტყვებით აკურთხა: „ბედნიერი ხარ, ისრაელო! ვინ არის შენი მსგავსი ხალხი, რომელიც იეჰოვას ხსნით ხარობს? ის არის შენი მშველელი ფარი და დიდებული მახვილი“ (კან. 33:29).
რას ვსწავლობთ
17, 18. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ „მოწმეთა ღრუბლისგან“? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
17 „ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბლიდან“ ზოგიერთი მაგალითის განხილვით ნათლად დავინახეთ, რომ ფინიშამდე მისასვლელად აუცილებლად გვჭირდება ღვთისა და მისი დაპირებებისადმი ურყევი რწმენა (ებრ. 11:6). რწმენას ჩვენს ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი კი არა, უმთავრესი ადგილი უნდა ეჭიროს. ურწმუნოებისგან განსხვავებით, იეჰოვას მსახურებს შეუძლიათ შორს გაიხედონ, „დაინახონ ის, ვინც უხილავია“ და მოთმინებით გაირბინონ მანძილი (2 კორ. 5:7).
18 ქრისტიანული გზა არ არის ადვილი. მოუხედავად ამისა, ფინიშამდე მისვლა შესაძლებელია. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, კიდევ რა დაგვეხმარება მანძილის წარმატებით გარბენაში.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ დაწერა პავლემ ვრცლად ძველ დროს მცხოვრებ ერთგულ „მოწმეებზე“?
• როგორ გვმატებს ძალებს მანძილის მოთმინებით გარბენისას „ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბლის“ თვალწინ გაცოცხლება?
• რის სწავლა შეგიძლიათ ერთგული მოწმეების — ნოეს, აბრაამის, სარასა და მოსეს მაგალითებზე დაფიქრებით?
[სურათი 19 გვერდზე]
აბრაამი და სარა მზად იყვნენ, დაეტოვებინათ კეთილმოწყობილი ცხოვრება ურში