ბიბლიის თვალსაზრისი
არის წუხილი რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელი?
„წუხილი აკრძალულია“. ასე იყო დასათაურებული ერთი პასტორის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებული წიგნის ერთ-ერთი თავი, რომელშიც ნათქვამი იყო: მატერიალურზე წუხილი არა მარტო არასწორია, არამედ „მძიმე ცოდვაა“. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, რომ დარდითა და საწუხარით თუ ვართ შეპყრობილები, ეს „ღვთისადმი ჩვენი რწმენის ნაკლებობაზე მიანიშნებს“.
ორივე შემთხვევაში ავტორებმა დასკვნები იესოს მთაზე ქადაგების საფუძველზე გააკეთეს, სადაც მან თქვა: „ნუღარ წუხხართ“ (მათე 6:25, აქ). წუხილი დღეს დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რის გამოც შეიძლება დაგვებადოს კითხვები: უნდა გაუჩნდეს წუხილის გამო ქრისტიანს დანაშაულის გრძნობა? რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელია წუხილი?
ღმერთს ესმის, რომ არასრულყოფილები ვართ
ბიბლია არ ასწავლის იმას, რომ ყველანაირი წუხილის მიზეზი რწმენის ნაკლებობაა. ვინაიდან „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ, თითქმის შეუძლებელია, რომ რამემ მეტ-ნაკლებად მაინც არ დაგვამწუხროს (2 ტიმოთე 3:1). ერთგულ ქრისტიანებს ყოველდღიურად უწევთ გამკლავება ისეთ საწუხართან, როგორიცაა სუსტი ჯანმრთელობა, ხანდაზმულობა, ეკონომიკური გაჭირვება, ოჯახური კონფლიქტები, დამნაშავეობა და სხვა პრობლემები. ღვთის მსახურები ძველ დროშიც კი განიცდიდნენ შიშსა და წუხილს.
განვიხილოთ ლოტის შემთხვევა, რომელიც ბიბლიაშია მოთხრობილი. ღმერთმა გააფრთხილა ის, რომ მთებში გაქცეულიყო, რათა სოდომისა და გომორას განადგურებისთვის თავი დაეღწია. ლოტი ძალიან შეწუხდა. „არა, უფალო“, — თქვა მან. შემდეგ გაუბედავად განაგრძო: „მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო“. რატომ ეშინოდა ლოტს მთებში გაქცევის? ბიბლია ამის შესახებ არაფერს ამბობს. რა მიზეზიც უნდა ყოფილიყო, ლოტი ძალიან შეშინებული იყო. როგორი რეაგირება მოახდინა ამაზე ღმერთმა? უსაყვედურა ლოტს, რომ რწმენა ან ღმერთზე მინდობა აკლდა? არა. პირიქით, იეჰოვამ გაითვალისწინა მისი მდგომარეობა და დართო ნება, რომ ახლომდებარე ქალაქში გაქცეულიყო (დაბადება 19:18—22).
ბიბლია მოგვითხრობს იმ ერთგულ თაყვანისმცემლებზე, რომლებიც დროდადრო ძალიან დიდ წუხილს განიცდიდნენ. როცა ელია წინასწარმეტყველს სიკვდილის საფრთხე დაემუქრა, ის ძალიან შეშინდა და გაიქცა (3 მეფეთა 19:1—4). მოსე, ხანა, დავითი, აბაკუმი, პავლე და აგრეთვე სხვა მტკიცე რწმენის მქონე მამაკაცებიცა და ქალებიც განიცდიდნენ წუხილს (გამოსვლა 4:10; 1 მეფეთა 1:6; ფსალმუნები 54:6; აბაკუმი 1:2, 3; 2 კორინთელთა 11:28). მიუხედავად ამისა, ღმერთი თანაუგრძნობდა მათ და კვლავაც იყენებდა თავისი ნების შესასრულებლად, რითაც აჩვენებდა, რომ ნამდვილად ესმოდა არასრულყოფილი ადამიანების.
„ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“
მუდმივი წუხილის გამო შეიძლება რწმენა შეგვისუსტდეს და ღვთისადმი ნდობა დავკარგოთ. პავლე მოციქულმა რწმენის ნაკლებობას უწოდა „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრაელთა 12:1, აქ). ალბათ, პავლე აღიარებდა, რომ ზოგჯერ წამიერად მასაც უსუსტდებოდა რწმენა და ამ დროს შეიძლება ‘ადვილად ექცეოდა ცოდვის მარწუხებში’.
შესაძლოა, მსგავსი რამ შეემთხვა ზაქარიასაც, როცა არ ერწმუნა ანგელოზის სიტყვებს, რომ მისი ცოლი დაფეხმძიმდებოდა. ერთხელ, იესოს მოციქულებმაც ვერ შეძლეს ყმაწვილის განკურნება თავიანთი „მცირე რწმენის“ გამო. მაგრამ, ეს ადამიანები შემდეგაც სარგებლობდნენ ღვთის მოწონებით (მათე 17:18—20; ლუკა 1:18, 20, 67; იოანე 17:26).
ამის საპირისპიროდ, ბიბლიაში მოცემულია იმ ადამიანების მაგალითები, რომლებმაც ღვთისადმი ნდობა დაკარგეს და ამის გამო სერიოზული შედეგები მოიმკეს. მაგალითად, რწმენის უკმარისობის გამო ეგვიპტიდან გამოსული მრავალი ისრაელი ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. ერთხელ, ისინი ღმერთსაც კი შეეწინააღმდეგნენ და თქვეს: „რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ დავიხოცოთ უდაბნოში? რადგან არაა პური და არც წყალი“. თავისი უკმაყოფილების ნიშნად ღმერთმა მათ შხამიანი გველები მოუვლინა სასჯელად (რიცხვნი 21:5, 6).
იესოს მშობლიური ქალაქის, ნაზარეთის, მცხოვრებლებმა რწმენის უკმარისობის გამო თავიანთ მხარეში მეტი სასწაულის ხილვის უპირატესობა დაკარგეს. უფრო მეტიც, ურწმუნოების გამო იმ დროში მცხოვრები ბოროტი მოდგმა იესოსგან მკაცრად გაიკიცხა (მათე 13:58; 17:17; ებრაელთა 3:19). რწმენის უკმარისობასთან დაკავშირებით პავლე მოციქული გაფრთხილებას იძლეოდა: „თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს“ (ებრაელთა 3:12).
ზოგ სიტუაციაში რწმენის უკმარისობის მიზეზი შეიძლება ბოროტი გული იყოს. მაგრამ ეს ასე არ იყო ზაქარიასა და იესოს მოციქულების ზემოთ მოხსენიებულ შემთხვევებში. მათი რწმენის ნაკლებობის მიზეზი წამიერი სისუსტე იყო. ამ ადამიანების ცხოვრებიდან ჩანდა, რომ ისინი „გულით სუფთანი“ იყვნენ (მათე 5:8).
ღმერთმა იცის ჩვენი მოთხოვნილებები
წმინდა წერილები გვეხმარება, დავინახოთ განსხვავება ჩვეულებრივ წუხილსა და რწმენის ნაკლებობასთან დაკავშირებულ ცოდვას შორის. ადამიანური სისუსტით გამოწვეული ყოველდღიური წუხილი ან თუნდაც წამიერად გამოვლენილი რწმენის უკმარისობა არ უნდა აგვერიოს ღვთისადმი სრულ უნდობლობაში, რომელიც ბოროტი და უგრძნობი გულიდან მომდინარეობს. ამიტომ ქრისტიანებმა არ უნდა დაიდანაშაულონ თავი იმის გამო, რომ დროდადრო წუხილს განიცდიან.
მიუხედავად ამისა, აუცილებელია სიფრთხილის გამოვლენა, რათა წუხილმა იმდენად არ გვშთანთქას, რომ ჩვენი ცხოვრება მართოს. ამიტომაც, ბრძნულია იესოს სიტყვები: «ნუ ზრუნავთ [„ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს“, აქ] და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო?» შემდეგ მან მანუგეშებელი სიტყვები წარმოთქვა: „ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:25—33).
[სურათი 24 გვერდზე]
პავლე მოციქული დროდადრო წუხილს განიცდიდა.