„იეჰოვას მოწმეები“
განმარტება: საერთაშორისო ქრისტიანული საზოგადოება, რომლის წევრებიც აქტიურად ამოწმებენ იეჰოვა ღმერთისა და კაცობრიობასთან დაკავშირებული მისი განზრახვების შესახებ. მათი მრწამსის საფუძველი მხოლოდ ბიბლიაა.
რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს, რაც მათ განასხვავებს სხვა რელიგიებისგან?
1) ბიბლია: იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ მთელი ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული. ისინი არ მიჰყვებიან ადამიანთა ტრადიციებზე დაფუძნებულ „სარწმუნოების სიმბოლოს“ („მრწამსს“). მათი ყველა სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული.
2) ღმერთი: ისინი თაყვანს სცემენ იეჰოვას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს; ქადაგებენ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. ყველა, ვინც სახალხოდ ამოწმებს იეჰოვას შესახებ, როგორც წესი, მიეკუთვნება „იეჰოვას მოწმეებს“.
3) იესო ქრისტე: მათი რწმენით, იესო ქრისტე არ არის სამების ნაწილი; როგორც ბიბლია ამბობს, იესო არის ღვთის ძე, ღვთის პირველი ქმნილება; დედამიწაზე მოსვლამდე ის ზეცაში არსებობდა და ღმერთმა მისი სიცოცხლე ქალწული მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა; სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით მან მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა მათ, ვინც რწმენას ავლენს; 1914 წლიდან ქრისტე მეფეა და ღვთისგან მიღებული აქვს მთელი დედამიწის მართვის უფლებამოსილება.
4) ღვთის სამეფო: მათ სწამთ, რომ ადამიანთა პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის; ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა. ის მალე ბოლოს მოუღებს დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებას, მათ შორის ადამიანთა მმართველობას, და შექმნის ახალ, სამართლიან ქვეყნიერებას.
5) ზეცაში ცხოვრება: მათ სწამთ, რომ 144 000 სულითცხებული ქრისტიანი ქრისტესთან ერთად იმეფებს ზეციდან. მათ არ სწამთ, რომ ყველა „კარგი“ ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდის.
6) დედამიწა: მათ სწამთ, რომ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის თავდაპირველი განზრახვა განხორციელდება; მთელი დედამიწა იეჰოვას თაყვანისმცემლებით იქნება დასახლებული; ისინი სრულყოფილები იქნებიან და მარადიულად იცხოვრებენ; მკვდრებიც კი აღდგებიან და მათაც მიეცემათ ამ კურთხევების მიღების შესაძლებლობა.
7) სიკვდილი: მათ სწამთ, რომ სიკვდილისას ადამიანი წყვეტს არსებობას. მიცვალებულები არ არიან სულიერ სამყაროში, ვერც ტკივილს გრძნობენ და ვერც სიამოვნებას; ისინი მხოლოდ ღვთის მეხსიერებაში არიან, ამიტომ მომავალში მათი სიცოცხლე მკვდრეთით აღდგომაზეა დამოკიდებული.
8) ბოლო დღეები: მათ სწამთ, რომ 1914 წლიდან დაიწყო ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეები; სიმართლის მოყვარულები გადარჩებიან და იცხოვრებენ დედამიწაზე.
9) ქვეყნიერებისგან განცალკევება: როგორც იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები, ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი; ისინი გულწრფელ სიყვარულს ავლენენ მოყვასისადმი, მაგრამ არ ერევიან პოლიტიკაში და არ მონაწილეობენ ომებში; ისინი ზრუნავენ ოჯახის წევრების მატერიალურ მოთხოვნილებებზე, თუმცა არ ბაძავენ ქვეყნიერებას და არ ისწრაფვიან ქონების დაგროვებისკენ, დიდებისა და ზღვარგადასული სიამოვნებისკენ.
10) ბიბლიის რჩევების გათვალისწინება: მათ სწამთ, რომ მნიშვნელოვანია ღვთის სიტყვის რჩევების გათვალისწინება ყოველდღიურად — იქნება ეს ოჯახში, სასწავლებელში, სამსახურსა თუ კრებაში. ნებისმიერ ადამიანს, როგორი წარსულიც უნდა ჰქონდეს, შეუძლია გახდეს იეჰოვას მოწმე, თუ გაითვალისწინებს ღვთის რჩევებს და აღარ გააკეთებს იმას, რასაც ბიბლია გმობს. თუ ადამიანი იეჰოვას მოწმედ გახდომის შემდეგ მრუშობს, მეძაობს, მამათმავლობს, ნარკოტიკებს იღებს, ლოთობს, იტყუება ან ქურდობს, ის გაირიცხება ორგანიზაციიდან.
(ეს არის ძირითადი საკითხები — თუმცა არა ყველა, — რაც იეჰოვას მოწმეებს განასხვავებს სხვა მიმდინარეობებისგან. მასალა იმის შესახებ, თუ რა ბიბლიური საფუძველი აქვს მათ შეხედულებებს, შეგიძლიათ მოძებნოთ ამ წიგნის საძიებლის მეშვეობით.)
ამერიკულია იეჰოვას მოწმეების რელიგია?
ისინი ღვთის სამეფოს უჭერენ მხარს და არა რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სოციალურ სისტემას.
უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია შეერთებულ შტატებში დაიწყო. იმან, რომ მათი მსოფლიო მთავარი სამმართველო ამერიკაში მდებარეობდა, ხელი შეუწყო ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვას და დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ტრანსპორტირებას. იეჰოვას მოწმეები არ ანიჭებენ რომელიმე ქვეყანას უპირატესობას. ისინი თითქმის ყველა ქვეყანაში არიან და ბევრგან აქვთ ფილიალები ადგილობრივ ტერიტორიაზე მათი საქმიანობის ხელმძღვანელობისთვის.
დავფიქრდეთ: იესო ებრაელი იყო და დაიბადა პალესტინაში, მაგრამ ქრისტიანობა სულაც არ არის პალესტინური რელიგია. იესოს დაბადების ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. იესოს სწავლებები მომდინარეობდა მისი მამისგან, იეჰოვა ღმერთისგან, რომელიც არ ანსხვავებს ადამიანებს ეროვნების მიხედვით (იოან. 14:10; საქ. 10:34, 35).
როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა?
ნებაყოფლობითი შესაწირავებით, როგორც ეს პირველი საუკუნის ქრისტიანების შემთხვევაში იყო (2 კორ. 8:12; 9:7). მათ შეხვედრებზე არ ხდება ფულის აგროვება; ისინი არც საზოგადოებას მიმართავენ ფულადი დახმარებისთვის. დაინტერესებულ ადამიანთა მიერ ნებაყოფლობით გაღებული ნებისმიერი შესაწირავი ხმარდება იეჰოვას მოწმეთა ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობას მთელ მსოფლიოში.
იეჰოვას მოწმეებს არ უხდიან ფულს კარდაკარ სიარულში ან ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებაში. მათ ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღძრავთ, ესაუბრონ სხვებს იმაზე, თუ რას უმზადებს ღმერთი კაცობრიობას.
„პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ — იეჰოვას მოწმეთა იურიდიული რელიგიური გაერთიანება — რეგისტრაციაში გატარდა 1884 წელს არაკომერციული გაერთიანებების შესახებ პენსილვანიის შტატის კანონის თანახმად. ამგვარად, კანონის მიხედვით ის ვერ იქნება — და არც არის — კომერციული გაერთიანება, და არც ცალკეულ პირთა კომერციულ ინტერესებს ემსახურება. ორგანიზაციის წესდებაში ნათქვამია: „[საზოგადოება] მიზნად არ ისახავს ფინანსურ მოგებას ან სარგებლის მიღებას, იქნება ეს პირდაპირი გზით თუ სხვა სახით“. მსგავსი პირობით იქმნება იეჰოვას მოწმეთა სხვა იურიდიული პირები მთელ მსოფლიოში.
სექტანტები არიან იეჰოვას მოწმეები?
ზოგი „სექტაში“ გულისხმობს გაბატონებული რელიგიისგან განდგომილ ჯგუფს. ზოგი კი „სექტას“ ისეთ ჯგუფს უწოდებს, რომლის წევრებიც ამა თუ იმ წინამძღოლს მიჰყვებიან ან გარიყულნი არიან საზოგადოებისგან. ჩვეულებრივ, ეს სიტყვა დამამცირებელია. იეჰოვას მოწმეთა რელიგია არ არის რომელიმე ეკლესიის განშტოება. მასში გაერთიანებული არიან ყველანაირი წარსულის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებოდნენ. ისინი არ „განდგომიან“ ბიბლიას და ერთგულად მიჰყვებიან მას. იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს მიიჩნევენ თავიანთ წინამძღოლად და არა რომელიმე ადამიანს. ისინი არ არიან გარიყულნი საზოგადოებისგან, ჩვეულებრივ ცხოვრობენ და მუშაობენ.
რამდენი ხანია, რაც არსებობს იეჰოვას მოწმეთა რელიგია?
ბიბლიის თანახმად, იეჰოვას მოწმეების ისტორია აბელიდან იწყება. ებრაელების 11:4—12:1-ში ნათქვამია: „რწმენით აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა . . . რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა . . . რწმენით აბრაამი დაემორჩილა მოწოდებას, წასულიყო ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო . . . რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა . . . მაშ, რადგან ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბელია, მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“.
ბიბლიაში იესო ქრისტე შემდეგნაირად არის მოხსენიებული: „აი რას ამბობს . . . ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღვთის შემოქმედების დასაწყისი“. ვისი მოწმე იყო ის? იესომ თვითონ თქვა, რომ მამის სახელი გამოუცხადა ადამიანებს. ის იყო იეჰოვას უდიდესი მოწმე (გამოცხ. 3:14; იოან. 17:6).
ზოგ ებრაელს ეგონა, რომ იესო ქრისტე „ახალ სწავლებას“ ავრცელებდა (მარ. 1:27). მოგვიანებით, ზოგი ბერძენი ფიქრობდა, რომ პავლე მოციქული „ახალ სწავლებას“ ქადაგებდა (საქ. 17:19, 20). მიუხედავად იმისა, რომ მსმენელებისთვის ახალი იყო, ეს სწავლება ჭეშმარიტება იყო და შეესაბამებოდა ღვთის სიტყვას.
იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია დაიწყო მე-18 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ალეგანში (პენსილვანიის შტატი, აშშ) ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ისინი ბიბლიის მკვლევარების სახელით იყვნენ ცნობილნი, 1931 წელს კი ბიბლიის საფუძველზე იეჰოვას მოწმეები ეწოდათ (ეს. 43:10—12). მათი სწავლებები და საქმიანობა ახალი არ არის. მათ აღადგინეს პირველი საუკუნის ქრისტიანობა.
თვლიან იეჰოვას მოწმეები, რომ მხოლოდ მათი რელიგიაა ჭეშმარიტი?
ბიბლია მხარს არ უჭერს დღეს გავრცელებულ შეხედულებას, რომ ღვთისთვის მისაღებია სხვადასხვა სახის თაყვანისმცემლობა. ეფესოელების 4:5-ში ვკითხულობთ: „ერთია უფალი, ერთია რწმენა“. იესომ თქვა: «ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას . . . ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათ. 7:13, 14, 21; იხილეთ აგრეთვე 1 კორინთელების 1:10).
ბიბლია ჭეშმარიტი ქრისტიანების სწავლებებს არაერთხელ უწოდებს „ჭეშმარიტებას“, თვით ქრისტიანობას კი — „ჭეშმარიტების გზას“ (1 ტიმ. 3:15; 2 იოან. 1; 2 პეტ. 2:2). იეჰოვას მოწმეთა ყველა სწავლება, ქცევის ნორმები და ორგანიზაციული პრინციპები ბიბლიაზეა დაფუძნებული. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. ეს კი, თავის მხრივ, იმაში არწმუნებთ, რომ ჭეშმარიტება მათ მხარეზეა. არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეებს დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და ამიტომ არიან დარწმუნებულნი თავიანთი რელიგიის სისწორეში. მათ, უბრალოდ, სჯერათ, რომ ბიბლიით უნდა განისაზღვროს, რომელია ჭეშმარიტი რელიგია. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ და სიხარულით უზიარებენ სხვებს თავიანთ შეხედულებებს.
განა სხვა რელიგიებიც ბიბლიით არ ხელმძღვანელობენ?
ბევრი რელიგია მეტ-ნაკლებად იყენებს ბიბლიას. მაგრამ ცხადყოფს მათი სწავლებები და საქმეები, რომ ისინი ნამდვილად ხელმძღვანელობენ ბიბლიით? დავფიქრდეთ: 1) ბიბლიის თარგმანთა უმეტესობიდან მათ ათასობით ადგილზე ამოიღეს ჭეშმარიტი ღმერთის სახელი. 2) სამების მოძღვრებას, ანუ მათ წარმოდგენას ღმერთზე, წარმართული დასაბამი აქვს. ეს მოძღვრება ბიბლიის წერის დასრულებიდან საუკუნეების შემდეგ ჩამოყალიბდა. 3) მათი შეხედულება იმის შესახებ, რომ სული უკვდავია და სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას, არ ეფუძნება ბიბლიას და ძველი ბაბილონიდან იღებს სათავეს. 4) იესო ღვთის სამეფოზე ქადაგებდა. მან თავის მოწაფეებს დაავალა, რომ უშუალოდ ესაუბრათ სხვებთან ამ სამეფოს შესახებ. მაგრამ დღეს ეკლესიებში იშვიათად თუ ახსენებენ ღვთის სამეფოს. ისინი არ ქადაგებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათ. 24:14). 5) იესოს თქმით, მისი ჭეშმარიტი მიმდევრების განმასხვავებელი ნიშანი ერთმანეთისადმი თავგანწირული სიყვარული უნდა ყოფილიყო. ჩანს ასეთი სიყვარული ომების დროს ქრისტიანული სამყაროს რელიგიებში? 6) ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქრისტეს მოწაფეები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყნიერების ნაწილი. მასში ისიც არის ნათქვამი, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა. მაგრამ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები და მათი მრევლი აქტიურად არიან ჩაბმულნი პოლიტიკაში (იაკ. 4:4). თუ გავითვალისწინებთ ამ ყოველივეს, შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი ნამდვილად ხელმძღვანელობენ ბიბლიით?
რის საფუძველზე ხსნიან იეჰოვას მოწმეები ბიბლიას?
იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად სწამთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და მასში ყველაფერი ჩვენ სასწავლებლად ჩაიწერა (2 ტიმ. 3:16, 17; რომ. 15:4; 1 კორ. 10:11). ისინი არ ცდილობენ, ფილოსოფიური შეხედულებებით გვერდი აუარონ ბიბლიის ნათელ ჭეშმარიტებას ან გამართლება მოუძებნონ მათი ცხოვრების წესს, ვინც უგულებელყოფს მის ზნეობრივ ნორმებს.
ბიბლიაში მოცემულ სიმბოლურ ენას ისინი ბიბლიითვე ხსნიან და არა საკუთარი მოსაზრებებით (1 კორ. 2:13). როგორ წესი, ამა თუ იმ სიმბოლური სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ბიბლიის სხვა მუხლების მეშვეობით შეიძლება (მაგალითად, იხილეთ გამოცხადების 21:1; შემდეგ „ზღვის“ მნიშვნელობის გასაგებად წაიკითხეთ ესაიას 57:20. იმის გასაგებად, თუ ვინ იგულისხმება გამოცხადების 14:1-ში მოხსენიებულ „კრავში“, იხილეთ იოანეს 1:29 და 1 პეტრეს 1:19).
რაც შეეხება წინასწარმეტყველებების შესრულებას, იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს სიტყვებს და აკვირდებიან მოვლენებს, რომლებიც წინასწარმეტყველებებს უკავშირდება (ლუკ. 21:29—31; შეადარეთ 2 პეტრეს 1:16—19). ისინი ყურადღებას ამახვილებენ ამ მოვლენებზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ მათ ბიბლიიდან გამომდინარე.
იესომ თქვა, რომ დედამიწაზე ეყოლებოდა „ერთგული და გონიერი მონა“ (ცხებულ მიმდევართა ერთობლიობა), რომლის მეშვეობითაც სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფდა თავის ყველა ერთგულ მსახურს (მათ. 24:45—47). იეჰოვას მოწმეები აღიარებენ „ერთგულ და გონიერ მონას“. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, ისინი ამ „მონის“ წარმომადგენელ ხელმძღვანელ საბჭოს ანდობენ რთული საკითხების გადაჭრას. ეს საბჭო არ ეყრდნობა ადამიანურ სიბრძნეს. ნაცვლად ამისა, მათთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ბიბლიიდან მიღებული ცოდნა, ღვთის სულის დახმარება, რისთვისაც ისინი ლოცულობენ, და იმის გათვალისწინება, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი თავის მსახურებთან ურთიერთობისას (საქ. 15:1—29; 16:4, 5).
რატომ იცვლებოდა იეჰოვას მოწმეთა შეხედულებები წლების განმავლობაში?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა თავის მსახურებს თანდათანობით უმჟღავნებს თავის განზრახვას (იგავ. 4:18; იოან. 16:12). მაგალითად, წინასწარმეტყველებს, რომლებიც ბიბლიის წერაში იღებდნენ მონაწილეობას და ღვთისგან იყვნენ შთაგონებულნი, არ ესმოდათ ყველაფრის მნიშვნელობა, რასაც წერდნენ (დან. 12:8, 9; 1 პეტ. 1:10—12). იესო ქრისტეს მოციქულები თავის დროზე ბევრ რამეს ვერ ხვდებოდნენ (საქ. 1:6, 7; 1 კორ. 13:9—12). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „უკანასკნელ დროს“ ჭეშმარიტი ცოდნა საგრძნობლად იმატებდა (დან. 12:4). ცოდნის მატება, ხშირ შემთხვევაში, შეხედულებების შეცვლას მოითხოვს. იეჰოვას მოწმეები მზად არიან თავმდაბლობის გამოსავლენად და თავიანთი შეხედულებების შესაცვლელად.
რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები კარდაკარ?
ჩვენს დროზე იესომ ასეთი რამ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“. გარდა ამისა, მან თავის მიმდევრებს შემდეგი დავალება მისცა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 24:14; 28:19).
როდესაც იესომ თავისი პირველი მოწაფეები საქადაგებლად გაგზავნა, მათ უთხრა, რომ ხალხისთვის სახლში მიეკითხებინათ (მათ. 10:7, 11—13). მოციქულმა პავლემ თავის მსახურებასთან დაკავშირებით თქვა: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ“ (საქ. 20:20, 21; იხილეთ აგრეთვე საქმეების 5:42).
ის, რასაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, ხალხის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ამიტომ მათ სურთ, რომ ყველასთან მივიდნენ (სოფ. 2:2, 3). კარდაკარ სიარულისკენ მათ ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღძრავთ.
ესპანეთში გამართულ რელიგიურ წინამძღოლთა ერთ შეხვედრაზე აღინიშნა: „როგორც ჩანს, [ეკლესიები] საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იმას, რაც მოწმეების საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია — კერძოდ, კარდაკარ სიარულს, რის მაგალითსაც გვაძლევდნენ მოციქულები და პირველი ეკლესია. მაშინ როცა ეკლესიები ძირითადად შემოიფარგლებიან ტაძრების მშენებლობით, ხალხის მოსაზიდად სამრეკლოს ზარების რეკვით და თაყვანისმცემლობის ადგილებზე ქადაგებით, [იეჰოვას მოწმეები] მოციქულებს ბაძავენ — კარდაკარ დადიან და ყველა შესაძლებლობას იყენებენ საქადაგებლად“ („El Catolicismo“, ბოგოტა, კოლუმბია, 14 სექტემბერი, 1975, გვ. 14).
რატომ მიდიან იეჰოვას მოწმეები კვლავ და კვლავ მათთან, ვინც არ იზიარებს მათ რწმენას?
იეჰოვას მოწმეები თავიანთ მრწამსს არავის ახვევენ თავს. თუმცა ისინი ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ადამიანები სხვაგან გადადიან საცხოვრებლად ან მათი მდგომარეობა იცვლება. მან, ვისაც დღეს არ სცალია მოსასმენად, ხვალ შეიძლება სიამოვნებით გამოყოს დრო ამისთვის. ის, რაც ოჯახის ერთ წევრს არ აინტერესებს, შეიძლება მეორეს აინტერესებდეს. ადამიანები იცვლებიან; სერიოზულმა პრობლემებმა ისინი შეიძლება სულიერ საკითხებზე დააფიქროს (იხილეთ აგრეთვე ესაიას 6:8, 11, 12).
რატომ დევნიან იეჰოვას მოწმეებს და რატომ ლაპარაკობენ მათზე უარყოფითად?
იესომ თქვა: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოან. 15:18, 19; იხილეთ აგრეთვე 1 პეტრეს 4:3, 4). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მთელი ქვეყნიერება სატანის ხელშია. მოწმეების დევნით, უმთავრესად, ის არის დაინტერესებული (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:17).
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (მარ. 13:13). სიტყვა „სახელი“ აქ მიუთითებს იესოს, როგორც მეფის, მდგომარეობაზე. იეჰოვას მოწმეებს იმიტომ დევნიან, რომ მიწიერ მმართველებზე მეტად იესოს ემორჩილებიან.
თუ ვინმე გეუბნება. . .
რატომ არ ეხმარებით ხალხს?
შეგიძლია ასე უპასუხო: „როგორც ჩანს, გაღელვებთ ხალხის პრობლემები; ამაზე მეც ვფიქრობ. თქვენი აზრით, პირველ რიგში, რომელ პრობლემას უნდა მიექცეს ყურადღება?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა საქმე აქამდე? . . გარკვეული ზომების მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, თუ მდგომარეობა ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდება. იეჰოვას მოწმეები ვთვლით, რომ ეს ნამდვილად უკეთესი იქნება“ (უთხარი, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ბიბლიური პრინციპებით იცხოვრონ, რათა პირადად მათ აღარ შეუწყონ ხელი პრობლემების გამწვავებას; აგრეთვე ესაუბრე იმაზე, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო და როგორ გადაჭრის ის სამუდამოდ ადამიანთა პრობლემებს).
ან შეგიძლია უთხრა: „(ზემოთქმულთაგან რამდენიმე აზრის მოხსენიების შემდეგ . . .) ზოგი ხალხს ფულით ეხმარება, ზოგი კი უსასყიდლო მომსახურებით. ამაში იეჰოვას მოწმეებსაც შეგვაქვს ჩვენი წვლილი. აგიხსნით, თუ როგორ“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ყველა იეჰოვას მოწმე კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს. ამ თანხებს კი მთავრობა სწორედ ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იყენებს“. 2) „გარდა ამისა, ჩვენ მივდივართ ადამიანებთან და მათ ბიბლიის შესწავლას ვთავაზობთ უსასყიდლოდ. ბიბლიური ცოდნის შეძენა და ბიბლიის პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება კი მათ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება“.
სხვა ვარიანტი: „კარგია, რომ ამ საკითხს შეეხეთ. ბევრი არ ცდილობს იმის გაგებას, თუ რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები ხალხისთვის. ისინი ხალხს სხვადასხვა საშუალებით ეხმარებიან“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ზოგი ხალხს იმით ეხმარება, რომ აშენებს საავადმყოფოებს, მოხუცთა სახლებს, ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრებს და ასე შემდეგ. ზოგი კი საკუთარი სურვილით სახლში აკითხავს ადამიანებს და საჭირო დახმარებას სთავაზობს. სწორედ ამას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები“. 2) „ბიბლიას შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. ბიბლიიდან ადამიანი ხედავს, თუ რა არის სიცოცხლის აზრი და რა იქნება მომავალში“.
კიდევ ერთი ვარიანტი: „კარგი კითხვა წამოჭერით. ყველას გვინდა უკეთეს პირობებში ცხოვრება. თქვენი აზრით, პრაქტიკული იყო ის, რასაც იესო ქრისტე აკეთებდა ხალხის დასახმარებლად? . . ჩვენ ვცდილობთ მის მაგალითს მივყვეთ“.
„თუ ქრისტიანები ხართ, იესოს მოწმეები უნდა იყოთ და არა იეჰოვასი“.
შეგიძლია ასე უპასუხო: «საინტერესო აზრია. ჩვენი მოვალეობა ნამდვილად არის იესოს შესახებ დამოწმება. ამიტომაც მახვილდება ჩვენს პუბლიკაციებში ყურადღება იმაზე, თუ რა როლს ასრულებს იესო ღვთის განზრახვაში (ამის დასამტკიცებლად შეგიძლია აჩვენო რომელიმე წიგნი ან ჟურნალი). მაგრამ თქვენთვის შესაძლოა ახალი იყოს ეს აზრი (გამოცხ. 1:5) . . . ვისი „ერთგული მოწმე“ იყო იესო? (იოან. 5:43; 17:6) . . . განა ქრისტიანებმა არ უნდა მივბაძოთ იესოს? . . რატომ უნდა გავიცნოთ როგორც იესო, ისე მისი მამა?» (იოან. 17:3).