თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოითმინოთ
„მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ (ებრაელთა 12:1).
1, 2. რას ნიშნავს მოთმინება?
„მოთმინება გმართებთ თქვენ“, — სწერდა პირველი საუკუნის ებრაელ ქრისტიანებს მოციქული პავლე (ებრაელთა 10:36). მოციქულმა პეტრემაც გაუსვა ხაზი ამ თვისების მნიშვნელოვნებას და ქრისტიანებს მოუწოდა: ‘წარმოაჩინეთ თქვენს რწმენაში მოთმინება’ (2 პეტრე 1:5, 6). მაგრამ რა არის მოთმინების ზუსტი მნიშვნელობა?
2 ერთი ლექსიკონი ბერძნულ ზმნას, რომელიც „მოთმინებად“ გადმოითარგმნა, შემდეგ განმარტებას აძლევს: „გაქცევის ნაცვლად ადგილზე დარჩენა . . . მტკიცედ დგომა, გაძლება“. „მოთმინებად“ გადმოთარგმნილ ბერძნულ არსებით სახელთან დაკავშირებით ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „ის არის სულისკვეთება, რომელიც რაღაცას არა მხოლოდ მორჩილად იტანს, არამედ დიდი იმედიც აქვს . . . ის არის თვისება, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ქარიშხლის ამოვარდნის დროს არ დაეცეს. მოთმინება არის თვისება, რომელიც ურთულეს განსაცდელებს ტრიუმფად აქცევს, რადგან ტკივილის მიღმა დასახულ მიზანს ხედავს“. ამრიგად, მოთმინება ადამიანს საშუალებას აძლევს, დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, შეინარჩუნოს სიმტკიცე და იმედი არ დაკარგოს. განსაკუთრებით ვის სჭირდება ეს თვისება?
3, 4. ა) ვის სჭირდება მოთმინება? ბ) რატომ უნდა მოვითმინოთ ბოლომდე?
3 ყველა ქრისტიანი გადატანითი მნიშვნელობით, გარბის. ამას კი მოთმინება სჭირდება. დაახლოებით ახ. წ. 65 წელს მოციქულმა პავლემ თანამორწმუნესა და ერთგულ თანამგზავრ ტიმოთეს შემდეგი დამამშვიდებელი სიტყვები მისწერა: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7). სიტყვებით „განვლე ასპარეზი“ პავლემ თავისი ქრისტიანული ცხოვრება შეადარა რბოლას, რომელსაც გარკვეული მიმართულება და ფინიშის ხაზი აქვს. იმ დროისათვის პავლე ტრიუმფით ასრულებდა რბოლას და დარწმუნებული მოელოდა ჯილდოს. „ახლა კი, — განაგრძობდა მოციქული — მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული“ (2 ტიმოთე 4:8). პავლეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჯილდოს მიიღებდა, რადგან ბოლომდე მოითმინა. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე?
4 სარბენ ბილიკზე მყოფთა გასამხნევებლად პავლე წერდა: „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ (ებრაელთა 12:1). როგორც ქრისტიანები, მოთმინებით გასარბენ ბილიკზე ჩვენ მაშინ დავდექით, როდესაც იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვა ღმერთს მივუძღვენით თავი. მოწაფეობაში კარგი დასაწყისი მნიშვნელოვანია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს ფინიშის ხაზის გადაკვეთა წყვეტს. იესომ თქვა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). რბოლის წარმატებით დამსრულებლებს მარადიული ცხოვრების ჯილდო ელით! მაშასადამე, ჩვენც გარკვეული მიზანი გვაქვს დასახული — ბოლომდე უნდა მოვითმინოთ. რა დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში?
აუცილებელია სათანადო კვება
5, 6. ა) რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სიცოცხლისთვის რბოლაში ბოლომდე მოვითმინოთ? ბ) რომელი სულიერი საკვებით უნდა ვისაზრდოოთ და რატომ?
5 საბერძნეთში, ქალაქ კორინთის მახლობლად, იყო ადგილი, სადაც ძველ დროს სახელგანთქმულ ისთმოსის თამაშობებს მართავდნენ. პავლემ, ეჭვგარეშეა, იცოდა, რომ ქრისტიანი ძმებისთვის უცხო არ იყო ეს სპორტული თამაშობები და იქ გამართული სხვა შეჯიბრებები. პავლემ გამოიყენა მათი ეს ცოდნა და შეახსენა სიცოცხლისთვის რბოლა, რომელშიც თვითონ მონაწილეობდნენ: „განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ“. მოციქულმა ხაზი გაუსვა სარბენ ბილიკზე დარჩენისა და ფინიშის ხაზის მიღწევამდე მთელი ძალების მობილიზების მნიშვნელოვნებას. რა დაეხმარებოდა მათ ამგვარ მოქმედებაში? „ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან“ — დასძენს ის. დიახ, ძველ დროს ასპარეზში მონაწილეები საფუძვლიანად ვარჯიშობდნენ, დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რას ჭამდნენ და რას სვამდნენ, აგრეთვე ყოველ წვრილმან მოქმედებას კონტროლს უწევდნენ, რათა გამარჯვება მოეპოვებინათ (1 კორინთელთა 9:24, 25).
6 რა შეიძლება ითქვას რბოლაზე, რომელშიც ქრისტიანები მონაწილეობენ? „ყურადღება უნდა მიაქციოთ სულიერ კვებას, თუ გსურთ, რომ სიცოცხლისთვის რბოლაში ბოლომდე მოითმინოთ“, — ამბობს იეჰოვას მოწმეთა კრების ერთი უხუცესი. განვიხილოთ, რა სულიერ საზრდოს გვაწვდის იეჰოვა, ‘მოთმინების მომცემი ღმერთი’ (რომაელთა 15:5). სულიერი კვების ძირითადი წყარო ჩვენთვის ღვთის სიტყვა, ბიბლიაა. განა არ უნდა მივყვებოდეთ ბიბლიის კითხვის კარგ პროგრამას? ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით იეჰოვა აგრეთვე დროულად გვაწვდის ჟურნალებს: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ და ბიბლიაზე დაფუძნებულ სხვა პუბლიკაციებს (მათე 24:45). ამ პუბლიკაცების გულმოდგინედ შესწავლა სულიერად განგვამტკიცებს. დიახ, საჭიროა პირადი შესწავლისთვის დროის გამოყოფა ანუ ‘ჟამის მოვაჭრება’ (ეფესელთა 5:16).
7. ა) რატომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ძირითადი ქრისტიანული სწავლებების ცოდნით? ბ) როგორ შეგვიძლია „ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ“?
7 ქრისტეს მოწაფეობის გზაზე რომ დავრჩეთ, ‘სიტყვის საწყისების’ გარდა, საჭიროა, „ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ“ (ებრაელთა 6:1). ასე რომ, აუცილებელია, განვივითაროთ ინტერესი ჭეშმარიტების ‘სიგანესა და სიგრძეში, სიმაღლესა და სიღრმეში’ ჩასაწვდომად, უნდა ვიკვებოთ ‘მაგარი საჭმლით, რომელიც განკუთვნილია სრულთათვის’ (ეფესელთა 3:18; ებრაელთა 5:12—14). მაგალითად, ავიღოთ დედამიწაზე იესოს ცხოვრების შესახებ ოთხ საიმედო წყაროში — მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში, — მოცემული ინფორმაცია. ამ სახარებების გულმოდგინე შესწავლის შედეგად არა მარტო იესოს საქმეები გვეცოდინება და მის პიროვნებას გავიცნობთ, არამედ გვეცოდინება მისი აზროვნების სტილიც, აზროვნებისა, რომელიც ჩვენს მოძღვარს მოქმედებისკენ უბიძგებდა. შედეგად კი „ქრისტეს აზრი“ გვექნება (1 კორინთელთა 2:16).
8. როგორ გვეხმარება ქრისტიანული შეხვედრები სიცოცხლისათვის სარბენ ბილიკზე ყოფნისას ბოლომდე მოთმენაში?
8 პავლემ თანაქრისტიანებს ურჩია: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). რაოდენ დიდი გამხნევების წყაროა ქრისტიანული შეხვედრები! და რამდენად გამომაცოცხლებელია იმ მოსიყვარულე და-ძმებს შორის ყოფნა, რომლებიც ჩვენით დაინტერესებული არიან და რომლებსაც სურთ, დაგვეხმარონ ბოლომდე მოთმენაში! ზერელედ არ უნდა მოვეკიდოთ იეჰოვას მხრიდან გამოვლენილ ასეთ მზრუნველობას. ამიტომ გულმოდგინე პირადი შესწავლითა და კრებაზე რეგულარულად დასწრებით, მოდი ‘სრულწლოვანნი ვიყოთ გონებით’ (1 კორინთელთა 14:20, სსგ).
მაყურებლები შეგაგულიანებენ
9, 10. ა) რა გაგებით შეიძლება მაყურებლებმა გაამხნევონ მონაწილეები, რომ მოთმინებით გაირბინონ სარბიელი? ბ) ვისგან შედგება ებრაელთა 12:1-ში მოხსენიებული ‘ჩვენს ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი’?
9 მორბენალის კარგი მომზადების მიუხედავად, სარბენ ბილიკზე შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც მას დააბრკოლებდა. „კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?“ — იკითხა მოციქულმა პავლემ (გალატელთა 5:7). როგორც ჩანს, ზოგი გალატელი ქრისტიანი ცუდ საზოგადოებაში მოხვდა; შედეგად კი, სიცოცხლისთვის რბოლა შეწყვიტა. მეორე მხრივ, სხვების მხრიდან მხარდაჭერა და გამხნევება რბოლაში მოთმინების გამოვლენას უფრო აიოლებს. ეს ძალიან გვაგონებს იმ გავლენას, რომელსაც მაყურებლები თამაშში მონაწილეებზე ახდენენ. ენთუზიაზმით ანთებული მაყურებელი შეჯიბრებაში მონაწილეებს დაწყებიდან დამთავრებამდე სტიმულს აძლევს. მაყურებელთა შეძახილებსა და მხურვალე ტაშს ხშირად თან სდევს ხმამაღალი მუსიკა, რაც მონაწილეებისთვის ფინიშის ხაზის გადასაკვეთად საჭირო დამატებითი ბიძგია. მართლაც, მხარდაჭერის სურვილით აღძრულ მაყურებელს სარბენ ბილიკზე მყოფ მოასპარეზეებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
10 ვინღა არიან სიცოცხლისთვის რბოლაში მონაწილე ქრისტიანების მაყურებლები? პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში წინაქრისტიანულ პერიოდში მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მოწმეთა ჩამოთვლის შემდეგ წერს: „ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს . . . მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ (ებრაელთა 12:1). ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით მოხსენიებული ღრუბლისთვის მოციქულს არ გამოუყენებია ბერძნული სიტყვა, რომელიც გარკვეული ფორმის, ზომისა და მოხაზულობის მქონე ცალკეულ ღრუბელზე მიუთითებს, არამედ, უ. ი. ვაინის ლექსიკონის თანახმად, მის მიერ არჩეული სიტყვის მნიშვნელობა „მიუთითებს მთელ ცაზე გადაკრულ ღრუბელზე, რომელსაც არა აქვს გარკვეული მოხაზულობა და, რომელშიც ღრუბლის მასებია გაერთიანებული“. ცხადია, რომ პავლეს მხედველობაში ჰყავდა უამრავი მოწმე, იმდენად ბევრი, რომ ისინი ღრუბლის მასებს შეადარა.
11, 12. ა) როგორ შეუძლიათ წინაქრისტიანული პერიოდის მოწმეებს, ასე ვთქვათ, გაგვამხნევონ, მოთმინებით გავირბინოთ სიცოცხლემდე მიმყვანი სარბენი ბილიკი? ბ) როგორ შეგვიძლია ‘მოწმეთა ღრუბლის’ მაგალითიდან მეტი სარგებლობის მიღება?
11 შეიძლება წინაქრისტიანული პერიოდის ერთგული მოწმეები, პირდაპირი გაგებით, დღევანდელი მაყურებლები იყვნენ? არა. მათ სიკვდილის ძილით სძინავთ და აღდგომას ელოდებიან. მაგრამ სიცოცხლეში ისინი კარგი მორბენალები იყვნენ და მათი მაგალითები ბიბლიის გვერდებზე ცოცხლდება. საღვთო წერილის შესწავლისას ეს ერთგული ადამიანები გონებაში ცოცხლად წარმოგვიდგებიან და, ასე ვთქვათ, გვამხნევებენ, რომ სიცოცხლემდე მიმყვანი სარბენი ბილიკი ბოლომდე გავირბინოთ (რომაელთა 15:4)a.
12 მაგალითად, როდესაც წუთისოფელში პრესტიჟული მდგომარეობის მოპოვების საცდურის წინაშე ვდგავართ, განა რბოლის გაგრძელებისკენ არ გვიბიძგებს მოსეს მიერ ეგვიპტეში დიდებული მდგომარეობის დატოვების მაგალითი? ან, თუ განსაცდელის ატანა, რომლის პირისპირაც აღმოვჩნდით, ძალიან გვეძნელება, გავიხსენოთ მძიმე გამოცდა, რომელიც აბრაამმა ისაკის მსხვერპლად შეწირვის მოთხოვნისას გადაიტანა. ეს მაგალითი ნამდვილად აღგვძრავს, რომ რწმენისთვის ბრძოლაში ფარ-ხმალი არ დავყაროთ. ის კი, თუ რამდენად გაგვამხნევებს ამ ‘მოწმეთა ღრუბლის’ მაგალითი, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ნათლად ვხედავთ მათ გონების თვალით.
13. როგორ გვიბიძგებენ იეჰოვას თანამედროვე მოწმეები სიცოცხლისთვის რბოლის გაგრძელებისკენ?
13 დღეს ჩვენს ირგვლივ იეჰოვას მრავალი თანამედროვე მოწმეც არის. რწმენის დიდებულ მაგალითს გვაძლევენ როგორც ცხებული ქრისტიანები, ისე ‘უამრავი ხალხის’ წარმომადგენელი მამაკაცები და ქალები! (გამოცხადება 7:9). დროდადრო მათი ბიოგრაფიების წაკითხვა შეგვიძლია ამ ჟურნალში ან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სხვა პუბლიკაციებშიb. მათ მიერ გამოვლენილ რწმენაზე ფიქრი ბოლომდე მოთმინებისკენ აღგვძრავს. და რა შესანიშნავია იმ ახლო მეგობრებისა და ნათესავების მხარდაჭერაც, რომლებიც იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან! დიახ, ჩვენს ირგვლივ ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც სიცოცხლისთვის რბოლის გაგრძელებისკენ გვიბიძგებენ.
სირბილის ტემპი
14, 15. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი გონივრულად სწორი ტემპის აღება? ბ) რატომ უნდა გამოვავლინოთ გონიერება მიზნების დასახვისას?
14 დიდ დისტანციაზე სირბილის დროს, მაგალითად, მარათონში მონაწილეობისას, მორბენალმა ყურადღება უნდა მიაქციოს ტემპს. „სირბილის თავიდანვე ძალიან სწრაფად დაწყება მარცხის საწინდარია, — აღნიშნავს ერთი ჟურნალი. — ჩვეულებრივ ამას ბოლო რამდენიმე კილომეტრის ვაივაგლახით გარბენა ან საერთოდ შეჯიბრიდან გასვლა მოჰყვება“ (New York Runner). მარათონის მონაწილე იხსენებს: «როდესაც მოსამზადებელ ლექციებს ვესწრებოდი, მომხსენებელი პირდაპირ გვაფრთხილებდა: „ნურასოდეს ეცდებით, გაუსწროთ სწრაფად მორბენალებს. განაგრძეთ რბოლა თქვენივე ტემპით. წინააღმდეგ შემთხვევაში ქანცი გაგიწყდებათ და შეჯიბრიდან გავარდებით“. ამ რჩევის მიღება სარბენი ბილიკის ბოლომდე გარბენაში დამეხმარა».
15 სიცოცხლისათვის რბოლას ღვთის მსახურებმა მთელი ძალები უნდა მოახმარონ (ლუკა 13:24). მოწაფე იაკობი წერდა: ‘მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე ლმობიერია [„გონიერია“, აქ]’ (იაკობი 3:17). მაშინ, როცა სხვების კარგი მაგალითები მეტის გაკეთებისკენ გვიბიძგებს, გონიერება ჩვენი შესაძლებლობებისა და მდგომარეობის შესაბამისი რეალური მიზნების დასახვაში დაგვეხმარება. ბიბლია შეგვახსენებს: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით. ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი ატაროს“ (გალატელთა 6:4, 5).
16. როგორ გვეხმარება მოწიწება ანუ მორიდებულობა სწორი ტემპის შერჩევაში?
16 მიქას 6:8-ში დასმულია კითხვა, რომელიც დაფიქრებისკენ აღგვძრავს: „რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ . . . მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“. მოწიწებით ანუ მორიდებულობით სიარულში საკუთარი შესაძლებლობების ფარგლების ცოდნაც შედის. გარკვეულწილად ხომ არ გზღუდავთ ღვთის მსახურებაში შერყეული ჯანმრთელობა ან ხანდაზმულობა? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას და ღებულობს შესაწირავს „იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12; შეადარეთ ლუკა 21:1—4).
თვალი გეჭიროთ ჯილდოზე
17, 18. რა ედგა ყოველთვის თვალწინ იესოს, რაც წამების ძელზე ტანჯვის მოთმენაში დაეხმარა?
17 კორინთელი ქრისტიანებისთვის სიცოცხლისთვის რბოლაში მოთმინების გამოვლენაზე ყურადღების გამახვილებისას პავლემ ისთმოსის თამაშობების სხვა თავისებურებაც მოიხსენია. ეს თავისებურებაც საყურადღებო იყო. ამ თამაშობებში მონაწილეების შესახებ პავლე წერდა: „ისინი [გარბიან] ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი უხრწნადისა. ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვცემდე“ (1 კორინთელთა 9:25, 26). იმ ძველ თამაშობებში გამარჯვებულები ჯილდოდ წიწვოვანი ან სხვა მცენარის და ზოგჯერ გამხმარი ნიახურისგან გაკეთებულ გვირგვინსაც კი ღებულობდნენ, რაც ნამდვილად რომ ‘ხრწნადი გვირგვინი’ იყო. მაგრამ, რას მიიღებენ ჯილდოდ ბოლომდის მომთმენი ქრისტიანები?
18 მოციქულმა პავლემ ჩვენთვის სამაგალითო პიროვნება, იესო ქრისტე, მოიხსენია, რომლის შესახებაც დაწერა: „მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელთა 12:2). დედამიწაზე ადამიანად ცხოვრების დროს, იესომ ბოლომდე მოითმინა, რადგან წამების ძელის მიღმა ჯილდოს ხედავდა, რომელშიც იეჰოვას სახელის განწმენდის, ადამიანთა ოჯახის სიკვდილისგან გამოსყიდვისა და დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში მორჩილ ადამიანებზე მეფედ და მღვდელმთავრად მმართველობის სიხარულიც შედიოდა (მათე 6:9, 10; 20:28; ებრაელთა 7:23—26).
19. რაზე უნდა გვეჭიროს თვალი ქრისტეს მოწაფეობის გზაზე ყოფნისას?
19 ვიფიქროთ იმაზე, რა სიხარული გველოდება, თუ ქრისტეს მოწაფეობას არ მივატოვებთ. იეჰოვამ ყველას მოგვცა ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებისა და ხალხის გულებში სიცოცხლის მხსნელი ბიბლიური შემეცნების ჩანერგვის დიდი სიამოვნების მომგვრელი დავალება (მათე 28:19, 20). რამხელა სიხარულს გვანიჭებს, როდესაც ვინმე ჭეშმარიტი ღვთისადმი ინტერესს ავლენს და ასეთ ადამიანებს სიცოცხლისთვის სარბენ ბილიკზე დადგომაში ვეხმარებით! და მიუხედავად იმისა, ვის ვუქადაგებთ — ჩვენთვის დიდი პატივია იეჰოვას სახელის განწმენდასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ხალხისგან გულგრილობისა თუ წინააღმდეგობის მიუხედავად, ქადაგებისას სიხარულს არ ვკარგავთ, რადგან ვიცით, რომ ქადაგებით იეჰოვას გულს ვახარებთ (იგავნი 27:11). ღმერთი კი დიდებულ ჯილდოს, მარადიულად ცხოვრებას, აღგვითქვამს. რამხელა სიხარული მოგვიცავს იმ დროს! აუცილებელია თვალი გვეჭიროს ამ კურთხევებზე და სარბენი ბილიკიდან არ გადავიდეთ.
აღსასრულის მოახლოებისას
20. როგორ შეიძლება გართულდეს სარბენ ბილიკზე დარჩენა ფინიშის ხაზთან მიახლოებისას?
20 სიცოცხლისთვის რბოლისას ჩვენს მთავარ მტერს, სატანა ეშმაკს, უნდა შევებრძოლოთ. აღსასრულის მოახლოებასთან ერთად ის ძალ-ღონეს არ იშურებს, წაგვაქციოს ან სიჩქარე შეგვანელებინოს (გამოცხადება 12:12, 17). ადვილი არ არის ღვთისადმი მიძღვნილ, სამეფოს შესახებ მქადაგებელ ერთგულ მსახურად დარჩენა, როცა გარშემო ომები, შიმშილობა, ეპიდემიები და ამ ‘უკანასკნელი ჟამისთვის’ დამახასიათებელი სხვა სირთულეები არსებობს (დანიელი 12:4; მათე 24:3—14; ლუკა 21:11; 2 ტიმოთე 3:1—5). გარდა ამისა, ზოგჯერ შეიძლება გვეჩვენება, რომ აღსასრული უფრო შორს არის, ვიდრე ველოდით, განსაკუთრებით თუ დიდი ხანია, ათეული წლებია, რაც სარბენ ბილიკზე ვართ. მაგრამ ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ აღსასრული დადგება. იეჰოვას სიტყვების თანახმად, ის არ დააგვიანებს. ის უკვე ჩანს ჰორიზონტზე (აბაკუმი 2:3; 2 პეტრე 3:9, 10).
21. ა) რა განგვამტკიცებს, თუ განვაგრძობთ სიცოცხლისათვის რბოლას? ბ) რა გადაწყვეტილებით აღსავსე უნდა ვიყოთ ახლა, როდესაც აღსასრული უფრო და უფრო ახლოვდება?
21 ამიტომ, სიცოცხლისათვის რბოლაში წარმატების მისაღწევად საჭიროა, ყოველთვის განვმტკიცდეთ იეჰოვას მიერ სიყვარულით მოწოდებული სულიერი საზრდოთი. საჭიროა აგრეთვე ვისარგებლოთ იმ გამხნევებით, რასაც თანამორწმუნეებთან რეგულარული ურთიერთობა მოგვცემს, თანამორწმუნეებთან, რომლებიც ჩვენსავით სარბენ ბილიკზე იმყოფებიან. მაშინაც კი, როდესაც გზაზე სასტიკი დევნები და მოულოდნელი შემთხვევები გვეღობება, რაც რბენას გვირთულებს, შეგვიძლია ბოლომდე მოვითმინოთ, რადგან იეჰოვა ‘აღმატებულ ძლიერებას’ მოგვცემს (2 კორინთელთა 4:7). რამდენად დამამშვიდებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სურვილია, წარმატებით დავასრულოთ რბოლა! ამიტომ მტკიცე გადაწყვეტილებით აღსავსეებმა „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყოთ, რომ „თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (ებრაელთა 12:1; გალატელთა 6:9).
[სქოლიოები]
a ებრაელთა 11:1—12:3-ის განსახილველად იხილეთ 1987 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 12—22; [რუს.].
b ასეთი გამამხნევებელი შემთხვევებიდან რამდენიმე შეგიძლიათ იხილოთ 1998 წლის 1 ივნისის (გვერდები 28—31), 1998 წლის 1 სექტემბრისა (გვერდები 24—28) და 1999 წლის 1 თებერვლის (გვერდები 25—29) „საგუშაგო კოშკში“.
გახსოვთ თუ არა?
◻ რატომ უნდა მოვითმინოთ ბოლომდე?
◻ იეჰოვას მიერ გამოვლენილი რა მზრუნველობა არ უნდა უგულებელვყოთ?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ტემპით სირბილი?
◻ რა სიხარული გველოდება იმ შემთხვევაში, თუ სარბენ ბილიკზე დავრჩებით?
[სურათი 18 გვერდზე]
ქრისტიანული შეხვედრები ყოველთვის გამხნევების წყარო იყოს თქვენთვის.