ზედამხედველი
ზედამხედველის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ფაკიდ მომდინარეობს ზმნიდან ფაკად, რაც ნიშნავს მოხედვას (დბ. 21:1), სანახავად მისვლას (მსჯ. 15:1), დანიშვნას (დბ. 39:5) და დავალების მიცემას (ეზრ. 1:2). „ზედამხედველად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ეპისკოპოს უკავშირდება ზმნას ეპისკოპეო, ნიშნავს ფრთხილად ყოფნას (ებ. 12:15) და არსებით სახელს ეპისკოპე, რომელიც ითარგმნება როგორც „შემოწმება“ (ლკ. 19:44; 1პტ. 2:12), „ზედამხედველად მსახურება“ (1ტმ. 3:1) და „ზედამხედველის მოვალეობა“ (სქ. 1:20). ბერძნულ სეპტუაგინტაში ებრაული სიტყვა ფაკიდ ოთხჯერ არის გადმოტანილი სიტყვით ეპისკოპოს (მსჯ. 9:28; ნემ. 11:9, 14, 22). აქედან გამომდინარე, ზედამხედველი იყო ის, ვინც თვალყურს ადევნებდა ვინმეს ან რამეს და ვის მოვალეობაშიც შედიოდა მონახულება, შემოწმება და დანიშვნა. ამ ბერძნული სიტყვის დედააზრი მფარველობის მიზნით მეთვალყურეობის გაწევაა.
ებრაულ წერილებში. იოსებმა ფარაონს ურჩია, მთელ ეგვიპტეში დაეყენებინა ზედამხედველები, რათა მოსავლიანი წლების განმავლობაში მოსალოდნელი შიმშილობისთვის საკვები მოემარაგებინათ (დბ. 41:34—36). ლევიანთა საგვარეულოებს თავ-თავიანთი თავკაცების მეთვალყურეობით ევალებოდათ კარავთან დაკავშირებულ სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე ზრუნვა (რც. 3:24—26, 30, 31, 35—37). აარონის ვაჟი ელეაზარი, „ლევიანთა თავკაცთა თავკაცი“, კარავსა და მთელ მის მოწყობილობას უწევდა მეთვალყურეობას (რც. 3:32; 4:16). მღვდელმთავარსაც შეეძლო, საწმინდარში ზოგიერთი სამუშაოს შემსრულებელთათვის ზედამხედველები დაენიშნა (2მფ. 11:18). პირველი მატიანის 23—27 თავებში ნაჩვენებია, თუ რა თანამდებობები არსებობდა დავითის მეფობის პერიოდში, როგორ ეწეოდა მეთვალყურეობა სამღვდელოებასა და სამეფო კარს და როგორ განაგებდნენ ეკონომიკურ და სამხედრო საკითხებს.
ესაიას წინასწარმეტყველებაში (60:17) ზედამხედველები გაიგივებულნი არიან სამუშაოს გამნაწილებლებთან, რადგან ისინი დავალებებს ანაწილებენ და მათთვის ჩაბარებულ ადამიანებსა თუ საქმეებს მეთვალყურეობას უწევენ და ზრუნავენ მათზე. ესაიას პირით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა თავის ხალხს მშვიდობას დაუყენებდა „ზედამხედველად და სიმართლეს — სამუშაოს გამნაწილებლად“. ეს წინასწარმეტყველება ნაწილობრივ სამშობლოში გადასახლებიდან დაბრუნებულ ისრაელზე შესრულდა, უფრო სრულად კი — ქრისტიანულ კრებაზე.
ქრისტიანულ კრებაში. ქრისტიანი „ზედამხედველები“ (ეპისკოპე) კრებაში დანიშნული „უხუცესები“ (პრესბიტერე) არიან. ორივე სიტყვა კრებაში ერთი და იმავე სტატუსის მქონე პირებზე მიუთითებს, რაც კარგად ჩანს იმ შემთხვევიდან, როცა პავლემ „ეფესოს კრების უხუცესები“ მილეტში დაიბარა. მან უხუცესებს ასეთი რჩევა მისცა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც [ეპისკოპეს ერთ-ერთი ფორმა] წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება“ (სქ. 20:17, 28). ამ აზრს ადასტურებს ტიტესთვის მიწერილი პავლეს წერილიც, რომელშიც ის საუბრობს „ყოველ ქალაქში უხუცესების“ დანიშვნაზე. უხუცესებზე საუბრისას ის იყენებს სიტყვას „ზედამხედველი“ (ეპისკოპოს) (ტიტ. 1:5, 7). ასე რომ, ორივე სიტყვა ერთსა და იმავე სტატუსზე მიუთითებს — პრესბიტეროს ყურადღებას ამახვილებს ამ მსახურებისთვის დანიშნული მამაკაცის მოწიფულობაზე, ეპისკოპოს კი მის მოვალეობებზე (იხ. უხუცესი).
კრებაში ზედამხედველთა რაოდენობა განსაზღვრული არ ყოფილა. მათი რიცხვი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენი მამაკაცი აკმაყოფილებდა უხუცესობისთვის საჭირო მოთხოვნებს. აშკარაა, რომ ეფესოს კრებაში არაერთი ზედამხედველი იყო. ფილიპელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ზედამხედველებს მიმართა (ფლ. 1:1), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი კრებას, როგორც ჯგუფი უწევდნენ ზედამხედველობას.
ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კარგად ჩანს, რომ ზედამხედველები, იგივე უხუცესები, ყველა კრებაში ერთნაირი ძალაუფლებით იყვნენ აღჭურვილი. კრებებისთვის მიწერილ წერილებში პავლე არც რომელიმე ზედამხედველს გამოარჩევს და არც რომელიმე მათგანს ასახელებს ამ წერილების ადრესატად. ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში ის მიმართავს „ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფ წმინდებს ფილიპეში, აგრეთვე ზედამხედველებსა და მომსახურეებს“ (ფლ. 1:1). ამის თაობაზე პროფესორი მანუელ გერა ი გომესი აღნიშნავს: „აშკარაა, რომ ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში მოხსენიებულ ეპისკოპოსში ერთპიროვნული მმართველობა არ მოიაზრება; ეს ტერმინი აღწერს ამ მაკედონიური ქალაქის ქრისტიანთა არაერთპიროვნულ, კოლეგიურ ხელმძღვანელობას. რაც შეეხება დიაკონოს, თავისი ძირითადი მნიშვნელობიდან გამომდინარე აღნიშნავს დამხმარეებს, ეპისკოპოსისა და ამავე დროს თანამორწმუნეთა მომსახურეებს“ (Episcopos y Presbyteros, ბურგოსი, ესპანეთი, 1962, გვ. 320).
მოთხოვნები ზედამხედველებისთვის, იგივე უხუცესებისთვის. ზედამხედველად რომ დაინიშნოს, ქრისტიანი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: „ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი, სტუმართმოყვარე, უნდა შეეძლოს სწავლება; არ უნდა იყოს ლოთი და აყალმაყალის ამტეხი, არც მოჩხუბარი, არამედ იყოს გონიერი, არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი, ფულის მოყვარული; ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ ... არ უნდა იყოს ახალმოქცეული ... აგრეთვე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისგან“ (1ტმ. 3:1—7).
ტიტესთვის მიწერილ წერილში უხუცესების დანიშვნაზე საუბრისას პავლე აღნიშნავს, რომ უხუცესობის მსურველი „ბრალდაუდებელი უნდა იყოს. არ უნდა იყოს თავნება, გულფიცხი, ლოთი და აყალმაყალის ამტეხი, მოჩხუბარი, უპატიოსნო შემოსავალს დახარბებული, არამედ სტუმართმოყვარე, კარგის მოყვარული, საღად მოაზროვნე, მართალი, ერთგული, თავშეკავებული; მისი სწავლების უნარს რაც შეეხება, სარწმუნო სიტყვას უნდა იყოს ჩაჭიდებული, რათა შეეძლოს როგორც ჯანსაღი სწავლებით დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება“ (ტიტ. 1:5—9). ეს ჩამონათვალი ოდნავ განსხვავდება წინა აბზაცში ჩამოთვლილი მოთხოვნებისგან, რაც, როგორც ჩანს, კრეტის კრებაში (სადაც ტიტე მსახურობდა) არსებული განსაკუთრებული საჭიროებებით იყო განპირობებული (ტიტ. 1:10—14).
უზენაესი ზედამხედველი. პეტრე თავისი პირველი წერილის მე-2 თავის 25-ე მუხლში „გზააბნეულ ცხვრებზე“ საუბრობს, და აქ, როგორც ჩანს, ესაიას 53:6-ს ციტირებს, შემდეგ კი დასძენს: „ახლა კი თქვენი სულების მწყემსსა და ზედამხედველს დაუბრუნდით“. ამ შემთხვევაში იეჰოვა ღმერთი იგულისხმება, რადგან ისინი, ვისაც პეტრე სწერდა, იესო ქრისტეს არ განდგომიან, პირიქით, მისი მეშვეობით დაუბრუნდნენ იეჰოვა ღმერთს, თავისი ხალხის დიდებულ მწყემსს (ფს. 23:1; 80:1; იერ. 23:3; ეზკ. 34:12). იეჰოვა ზედამხედველიც ანუ შემმოწმებელიც არის (ფს. 17:3). შემოწმება (ბერძ. ეპისკოპე) შეიძლება უკავშირდებოდეს ღვთის განაჩენს, როგორც ეს ახ. წ. I საუკუნეში იერუსალიმის შემთხვევაში მოხდა. ამ ქალაქის მკვიდრებმა ვერ დაინახეს, რომ მისი „შემოწმების [ბერძ. ეპისკოპეს] დრო იყო“ (ლკ. 19:44). შემოწმებას შეიძლება კურთხევებიც მოჰყვეს, როგორც მათ შემთხვევაში, ვინც „შემოწმების [ბერძ. ეპისკოპეს] დღეს“ განადიდებს ღმერთს (1პტ. 2:12).
„სხვის საქმეში ჩამრევი“. მოციქული პეტრე ქრისტიანებს აფრთხილებდა, „სხვის საქმეში ჩამრევნი“ არ ყოფილიყვნენ (1პტ. 4:15). ეს ფრაზა ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ალლოტრიეპისკოპოს, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს სხვისი კუთვნილის ზედამხედველს. ფრანსისკო ცორელი ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: „ვინც საკუთარ თავზე იღებს სხვების საქმეებზე ზრუნვისა და მოგვარების ვალდებულებას, ვინც ნაჩქარევად და დაუფიქრებლად ერევა სხვის საქმეებში“ (Lexicon Graecum Novi Testamenti, პარიზი, 1961, სვტ. 70).