ᲨᲐᲑᲐᲗᲘ
დღე, რომელიც ღმერთმა დასვენებისთვის გამოყო. შაბათი უნდა ყოფილიყო ნიშანი იეჰოვასა და ისრაელის ძეებს შორის (გმ. 31:16, 17). ებრაული ფრაზა იომ ჰაშშაბბათ (შაბათი დღე) მომდინარეობს ზმნიდან შავათ, რაც შეწყვეტას, დასვენებას ნიშნავს (დბ. 2:2; 8:22). ბერძნულში შაბათის აღსანიშნავად გვხვდება ჰე ჰემერა ტუ საბბატუ.
ყოველკვირეული, 24-საათიანი შაბათის აღნიშვნა პირველად ისრაელებმა დაიწყეს უდაბნოში, ძვ. წ. 1513 წელს, ეგვიპტის დატოვებიდან მეორე თვეს (გმ. 16:1). იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ მეექვსე დღეს ორჯერ მეტ მანანას მისცემდა. ასეც მოხდა. როცა კრებულის თავკაცებმა ამის შესახებ მოსეს აცნობეს, მან ხალხს უბრძანა, პირველი შაბათის აღსანიშნავად თადარიგი დაეჭირათ (გმ. 16:22, 23). აქედან მოყოლებული, გამოსვლის 16:28, 29-ის თანახმად, ისრაელებს ყოველკვირეულად უნდა დაეცვათ შაბათი.
მოგვიანებით, სინას მთასთან შეთანხმების კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ყოველკვირეული შაბათები შაბათების სისტემის ნაწილი გახდა (გმ. 19:1; 20:8—10; 24:5—8). იგი შედგებოდა სხვადასხვა შაბათებისგან: მე-7 დღე, მე-7 წელი, 50-ე წელი (საიუბილეო წელი), 14 ნისანი (პასექი), 15 ნისანი, 21 ნისანი, 6 სივანი (ორმოცდამეათე დღის დღესასწაული), 1 ეთანი, 10 ეთანი (გამოსყიდვის დღე), 15 ეთანი და 22 ეთანი.
ეგვიპტიდან გამოსვლამდე ღვთის მსახურებს შაბათის დაცვა არ მოეთხოვებოდათ, რაც კარგად ჩანს კანონის 5:2, 3-დან და გამოსვლის 31:16, 17-დან: „ჩვენს მამა-პაპას კი არ დაუდო ეს შეთანხმება, ჩვენ დაგვიდო“. „დაიცვან ისრაელის ძეებმა შაბათი, რათა სრულდებოდეს ის მათ თაობებში ... ეს არის მარადიული ნიშანი ჩემსა და ისრაელის ძეებს შორის“. შეუძლებელი იყო ისრაელებს შაბათი ეგვიპტიდან გამოსვლამდე აღენიშნათ, რადგან კანონის 5:15-ის თანახმად შაბათი დღე მათ იმას შეახსენებდა, რომ იეჰოვამ ისინი ეგვიპტიდან დაიხსნა. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ბრძანების მიუხედავად მანანის შეგროვება მეშვიდე დღეს დაიწყო იმაზე მოწმობს, რომ შაბათის დაცვა მათთვის სიახლე იყო (გმ. 16:11—30). გარდა ამისა, სინას მთასთან ისრაელისთვის კანონის მიცემის შემდეგ, როცა ერთმა კაცმა შაბათი დაარღვია, კრებულმა არ იცოდა, მას როგორ მოქცეოდა (რც. 15:32—37). ეგვიპტეში ისრაელები მონები იყვნენ, ამიტომ შაბათს ისინი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიცავდნენ. როცა მოსემ ფარაონს ისრაელების სამი დღით გაშვება სთხოვა ღვთისთვის მსხვერპლის შესაწირად, ფარაონმა ხალხის მოცდენაში დასდო მოსეს ბრალი და ყოველ მეშვიდე დღეს დასვენების ნებას როგორღა დართავდა?! (გმ. 5:1—5). მართალია, პატრიარქები დროს შვიდდღიან მონაკვეთებად ყოფდნენ, მაგრამ არაფერი მოწმობს იმას, რომ ისინი მეშვიდე დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. თუმცაღა რიცხვი 7 სისავსის სიმბოლოდ იყო ცნობილი (დბ. 4:15, 23, 24; 21:28—32). აღსანიშნავია, რომ ფიცის აღმნიშვნელ ებრაულ სიტყვასა (შავაʽ) და შვიდის აღმნიშვნელ ებრაულ სიტყვას (შევა) საერთო ფუძე აქვთ.
შაბათი დღე წმინდად იყო მიჩნეული (კნ. 5:12). ამ დროს მთელი ერი, მათ შორის მსახურები და ხიზნები ისვენებდნენ და მხიარულობდნენ. შაბათს ცხოველებსაც ასვენებდნენ (ეს. 58:13, 14; ოს. 2:11; გმ. 20:10; 34:21; კნ. 5:12—15; იერ. 17:21, 24). ამ დღეს „მუდმივ დასაწვავ შესაწირავთან“ ერთად იწირებოდა დასაწვავი და დასაღვრელი შესაწირავი (რც. 28:9, 10). გარდა ამისა, საწმინდარში ძველ წარსადგენ პურებს ახლით ცვლიდნენ და მსახურებას იწყებდა მღვდლების ახალი ცვლა (ლვ. 24:5—9; 1მტ. 9:32; 2მტ. 23:4). საგულისხმოა, რომ შაბათ დღეს მღვდლები თავიანთი მოვალეობებისგან არ თავისუფლდებოდნენ (მთ. 12:5) და არც ჩვილების წინადაცვეთა გადაიდებოდა, თუ მერვე დღე შაბათს დაემთხვეოდა. მოგვიანებით ებრაელებში დამკვიდრდა ასეთი გამონათქვამი: „არ არსებობს შაბათი საწმინდარში“, რაც იმას ნიშნავს, რომ მღვდლები შაბათობით არ ისვენებდნენ (ინ. 7:22; ლვ. 12:2, 3; The Temple, ა. ედერშაიმი, 1874, გვ. 152).
რაბინთა გადმოცემით ახ. წ. I საუკუნეში პარასკევ ნაშუადღევს, მეცხრე საათისთვის (დაახლოებით სამი საათი) საყვირის სამჯერ ჩაბერვით შაბათის დღის მოახლოებას აუწყებდნენ. ამ დროს ყველანაირი საქმე წყდებოდა და ინთებოდა შაბათის ლამპარი. ხალხი სადღესასწაულოდ იმოსებოდა. შემდეგი საყვირის სამჯერ ჩაბერვა უშუალოდ შაბათის დადგომას იუწყებოდა. მღვდლების ბოლო ცვლა შაბათ დილის შესაწირავს სწირავდა, ახალი ცვლა კი — საღამოს შესაწირავს. ორივე ცვლა შაბათს საწმინდარში იმყოფებოდა. თითოეული ცვლა თავის წილ პურს მღვდელმთავარს უყოფდა. განწმენდილი მღვდლები შაბათობით შესაწირავს ტაძარში ჭამდნენ. ახალი ცვლის საგვარეულოთა თავკაცები წილისყრით ირჩევდნენ, რომელი კვირის რომელ დღეს რომელი საგვარეულო იმსახურებდა საწმინდარში და რომელი საგვარეულო შეასრულებდა შაბათს მღვდლის მოვალეობებს (ლვ. 24:8, 9; მრ. 2:26, 27; The Temple, გვ. 151, 152, 156—158).
ყოველკვირეული შაბათების დასაცავად დაწესებული მოთხოვნები განსხვავდებოდა „წმინდა შეკრებების“ (სადღესასწაულო შაბათები) აღსანიშნავად დაწესებული მოთხოვნებისგან (ლვ. 23:2). საზოგადოდ, ყოველკვირეული შაბათების დასაცავად უფრო მკაცრი წესები იყო დადგენილი — იკრძალებოდა ნებისმიერი მძიმე თუ მსუბუქი ფიზიკური სამუშაო (გამონაკლისი იყო საწმინდარში მუშაობა), თვით შეშის შეგროვება და ცეცხლის დანთებაც კი (რც. 15:32—36; გმ. 35:3). აკრძალული იყო მოგზაურობაც, სავარაუდოდ, გამოსვლის 16:29-ის საფუძველზე. ყოველკვირეული შაბათების მსგავსად არც გამოსყიდვის დღეს სრულდებოდა ფიზიკური სამუშაო (ლვ. 16:29—31; 23:28—31). მძიმე ფიზიკური სამუშაო, ვაჭრობა თუ გარიგებები წმინდა შეკრებების დღეებშიც იკრძალებოდა, თუმცა ყოველკვირეული შაბათებისგან განსხვავებით ნებადართული იყო საკვების მომზადება, სადღესასწაულო მზადება და ა.შ. (გმ. 12:16; ლვ. 23:7, 8, 21, 35, 36).
ზოგჯერ ყოველკვირეული შაბათი სადღესასწაულო შაბათს ემთხვეოდა. ასეთ შაბათს დიდი შაბათი ეწოდებოდა, მაგალითად, თუკი 15 ნისანი (შაბათი დღე) ყოველკვირეულ შაბათს დაემთხვეოდა (ინ. 19:31).
რას ემსახურებოდა შაბათების დაცვა. შაბათების დაცვა და სამუშაოსგან თავის შეკავება სხეულსაც რგებდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რწმენისა და მორჩილების გამოხატვის შესაძლებლობას იძლეოდა. ამ დღეს მშობლებს შეეძლოთ შვილებისთვის გულსა და გონებაში ჩაენერგათ ღვთის კანონი (კნ. 6:4—9). შაბათობით ისრაელები ღვთიურ ცოდნას იძენდნენ და საკუთარი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავდნენ. მაგალითად, როცა შუნამელმა ქალმა ქმარს ღვთის წინასწარმეტყველის, ელისეს, ნახვის ნებართვა სთხოვა, ქმარმა მიუგო: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს არც ახალმთვარობაა და არც შაბათი“ (2მფ. 4:22, 23). ისრაელის სხვადასხვა მხარეში გაფანტული ლევიანები შაბათებს უეჭველად ერისთვის კანონის სასწავლებლად გამოიყენებდნენ (კნ. 33:8, 10; ლვ. 10:11).
შაბათის დაცვა თითოეული ისრაელისთვის იყო სავალდებულო. მისი დაუცველობა იეჰოვასადმი ურჩობას ნიშნავდა და სიკვდილით ისჯებოდა (გმ. 31:14, 15; რც. 15:32—36). იმავეს თქმა შეიძლება მთელ ერზე. თუ ერი მთელი გულით დაიცავდა ყველა შაბათს, მისი სახსენებელი ღვთისგან ბოძებულ მიწაზე არ მოისპობოდა. შაბათების დაუცველობა იყო ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იუდას სამეფოს დაცემისა და 70-წლიანი გაპარტახებისა (დაუცველი შაბათების ასანაზღაურებლად) (ლვ. 26:31—35; 2მტ. 36:20, 21).
რაბინთა მიერ დაწესებული აკრძალვები. შაბათი მხიარულებისა და სულიერი აღშენების დრო უნდა ყოფილიყო. ებრაელი რელიგიური წინამძღოლები იმდენად იყვნენ მოწადინებული, ყოველმხრივ განსხვავებულები ყოფილიყვნენ უცხოტომელებისგან, რომ განსაკუთრებით ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, შაბათს აკრძალული საქმეების რაოდენობა 39-მდე გაზარდეს, თუ არ ჩავთვლით სხვა დამატებით აკრძალვებს და, ამგვარად, ტვირთად აქციეს მისი დაცვა. საბოლოო ჯამში, აკრძალვების სიამ ორი ტომი შეადგინა. მაგალითად, აიკრძალა რწყილის დაჭერა, რადგან ეს ნადირობად ითვლებოდა. დაშავებულს მხოლოდ მაშინ უნდა დახმარებოდნენ, თუ დაღუპვის საშიშროების წინაშე იდგა. არ შეიძლებოდა მოტეხილი ძვლის შეერთება და ნაღრძობის შეხვევა. იმის ნაცვლად, რომ შაბათი ადამიანის კეთილდღეობას და ღვთის განდიდებას მომსახურებოდა, რელიგიურმა წინამძღოლებმა ის გააუფასურეს და ხალხი ადათ-წესების მონებად აქციეს (მთ. 15:3, 6; 23:2—4; მრ. 2:27). როცა იესოს მოწაფეებმა შაბათ დღეს თავთავები მოგლიჯეს და ხელით მოფშვნიტეს, მათ, ფაქტობრივად, მოწაფეებს მოსავლის აღებასა და ლეწვაში დასდეს ბრალი (ლკ. 6:1, 2). რაბინებს ასეთი გამოთქმა ჰქონდათ: „ვინც მკაცრად იცავს შაბათის ყოველ კანონს, კერპთაყვანისმცემელი რომც იყოს, ეპატიება“.
არ არის სავალდებულო ქრისტიანებისთვის. იესო, როგორც ებრაელი, კანონს ემორჩილებოდა და შაბათს ისე იცავდა, როგორც ეს ღვთის კანონით მოითხოვებოდა და არა ფარისევლების ტრადიციით. იესომ იცოდა, რომ სიკეთის კეთება შაბათს არ იკრძალებოდა (მთ. 12:12). მაგრამ წმინდა წერილებში წერია, რომ „კანონის დასასრული ქრისტეა“ (რმ. 10:4). აქედან გამომდინარე, ქრისტიანები გათავისუფლებული არიან კანონისგან (რმ. 7:6). არც იესოს და არც მის მოწაფეებს არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისგან ე. წ. ზნეობრივი და რიტუალური კანონები. ისინი ციტირებდნენ როგორც ათ მცნებას, ისე კანონის სხვა მონაკვეთებს და თვლიდნენ, რომ კანონს დაქვემდებარებულებს ამ ყველაფრის დაცვა მოეთხოვებოდათ (მთ. 5:21—48; 22:37—40; რმ. 13:8—10; იაკ. 2:10, 11). წმინდა წერილებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქრისტეს მსხვერპლმა „გააუქმა ... მცნებების კანონი, რომელიც დადგენილებებს შეიცავს“ და „წამების ბოძზე მილურსმვით ჩამოგვაცილა გზიდან“. მთელი მოსეს კანონი გაუქმდა, წაიშალა და ჩამოცილებულ იქნა გზიდან (ეფ. 2:13—15; კლ. 2:13, 14). საბოლოოდ, ქრისტე იესოს მსხვერპლით კანონთან ერთად შაბათების მთელი სისტემაც გაუქმდა. ამიტომ, თუ ქრისტიანისთვის „ყველა დღე ერთნაირია“, მისი განსჯის უფლება არავის აქვს (რმ. 14:4—6; კლ. 2:16). მათ შესახებ, ვინც საგულდაგულოდ იცავდა „დღეებს, თვეებს, დროებსა და წლებს“, პავლე წერდა: „ვშიშობ, ტყუილუბრალოდ ხომ არ ვშრომობდი თქვენთვის“ (გლ. 4:10, 11).
იესოს სიკვდილის შემდეგ მის მოციქულებს არასდროს უთქვამთ ქრისტიანებისთვის, რომ შაბათი დაეცვათ. საქმეების 15:28, 29-ში ჩამოთვლილ მოთხოვნათა შორის შაბათის დაცვა არ მოიხსენიება. ქრისტიანებისთვის არც მოგვიანებით დაუწესებიათ შაბათის დაცვა და არც რაიმე ახალი შაბათი, ე. წ. „საუფლო დღე“. მართალია, იესო აღდგა იმ დღეს, რომელიც დღესდღეობით კვირად იწოდება, მაგრამ ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მისი აღდგომის დღე შაბათის მსგავსად ან რაიმე სხვა სახით უნდა აღინიშნოს. 1 კორინთელების 16:2-სა და საქმეების 20:7-ის საფუძველზე ზოგიერთი თვლის, რომ ქრისტიანებმა შაბათის ნაცვლად კვირა დღე უნდა დაიცვან. მაგრამ კორინთელებისთვის მიწერილ წერილში პავლე ურჩევდა ქრისტიანებს, რომ კვირის პირველ დღეს ოჯახში გადაედოთ გარკვეული თანხა გაჭირვებული იერუსალიმელი ძმების დასახმარებლად. მათ ეს თანხა შეკრების ადგილას კი არ უნდა მიეტანათ, არამედ გადაედოთ პავლეს ჩამოსვლამდე. რაც შეეხება საქმეების 20:7-ს, პავლე კვირის პირველ დღეს იმიტომ უნდა შეხვედროდა ძმებს ტროაში, რომ მეორე დღეს ის სხვაგან მიემგზავრებოდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები შაბათებს არ აღნიშნავდნენ. ახ. წ. 321 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ დასვენების დღედ კვირა (ლათ. dies Solis [მზის დღე], ასტროლოგიასთან და მზის კულტთან დაკავშირებული ძველი სახელწოდება და არა Sabbatum [შაბათი] ან dies Domini [უფლის დღე]) გამოაცხადა ყველასთვის, მიწათმოქმედთა გარდა.
ღვთის დასვენებაში შესვლა. დაბადების 2:2, 3-ის თანახმად, ექვსი შემოქმედებითი „დღის“ შემდეგ ღმერთმა „მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისგან“ დაისვენა ანუ დედამიწასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საქმიანობა (დაბადების პირველ თავში აღწერილი) დაასრულა.
ებრაელებისთვის მიწერილ წერილში, მე-3 და მე-4 თავებში, მოციქული პავლე ხსნის, რომ უდაბნოში ხეტიალის დროს ებრაელები ურჩობისა და ურწმუნოების გამო ვერ შევიდნენ ღვთის დასვენებაში ანუ შაბათში (ებ. 3:18, 19; ფს. 95:7—11; რც. 14:28—35). იესო ნავეს ძის წინამძღოლობით აღთქმულ მიწაზე შესულებმა გარკვეულწილად დაისვენეს, მაგრამ ეს „დასვენება“ ვერ შეედრება იმას, რასაც მესიის მმართველობა მოიტანს. მათი დასვენება მხოლოდ მომავალ კურთხევათა ჩრდილი იყო (იეს. 21:44; ებ. 4:8; 10:1). თუმცა პავლემ ახსნა: „ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს“ (ებ. 4:9). ღვთის მორჩილი და ქრისტეს მორწმუნე ადამიანები შედიან შაბათის დასვენებაში და ისვენებენ „თავიანთი საქმეებისგან“, რომელთა მეშვეობითაც ადრე ცდილობდნენ სიმართლისთვის მიეღწიათ (შდრ. რმ. 10:3). პავლეს სიტყვებიდან გამომდინარე, ღვთის შაბათი ანუ დასვენება პავლეს დროსაც გრძელდებოდა და ქრისტიანები შედიოდნენ მასში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს დასვენება ათასობით წელი გრძელდება (ებ. 4:3, 6, 10).
„შაბათის უფალი“. დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ თავს „შაბათის უფალი“ უწოდა (მთ. 12:8). შაბათი, რომელიც სამუშაოსგან ისრაელების დასვენებას ემსახურებოდა, „მომავლის ჩრდილი [იყო], სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კლ. 2:16, 17). იესო მომავალი შაბათის უფალია. ქრისტე, როგორც უფალთა უფალი, ათას წელს იმმართველებს ადამიანებზე (გმც. 19:16; 20:6). დედამიწაზე ყოფნისას იესომ შაბათ დღეს ცნობილი სასწაულები მოახდინა (ლკ. 13:10—13; ინ. 5:5—9; 9:1—14). ეს წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა დიდ შვებას მოჰგვრის ის კაცობრიობას, როცა თავისი ათასწლიანი მმართველობის დროს მას სულიერ თუ ფიზიკურ სრულყოფილებას დაუბრუნებს. ამგვარად, ეს პერიოდი დედამიწისა და კაცობრიობისთვის შაბათის დასვენება იქნება (გმც. 21:1—4).