გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ!
„თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოან. 8:36).
1, 2. ა) რა ადასტურებს, რომ ადამიანები ილტვიან თავისუფლებისკენ? ბ) ხშირად რა შედეგებით სრულდება მათი მცდელობა?
თანასწორობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება დღევანდელი საზოგადოებისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხებია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, გათავისუფლდნენ ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და სიღარიბისგან. სხვები მოითხოვენ, რომ ჰქონდეთ სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება და იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. როგორც ჩანს, ადამიანები ყველგან ისწრაფვიან, რომ თავიანთ ნება-სურვილზე იცხოვრონ.
2 თუმცა სულ სხვა საკითხია, როგორ დაიკმაყოფილებენ ამ სურვილს. საზოგადოების გარკვეული ჯგუფები თუ პოლიტიკოსები თავისუფლების მოპოვებას საპროტესტო აქციებით, დემონსტრაციებითა და რევოლუციის გზითაც კი ცდილობენ. მაგრამ აღწევენ ისინი მიზანს? სამწუხაროდ, ასეთი დაპირისპირებები ხშირად ტრაგიკულად მთავრდება და ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ასეთი რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მეფე სოლომონის სიტყვების ჭეშმარიტებას. მან ღვთივშთაგონებით დაწერა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9).
3. რის გაკეთება გვმართებს ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილების მისაღწევად?
3 მოწაფე იაკობმა დაგვანახვა, თუ რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. მან თქვა: „ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება“ (იაკ. 1:25). იეჰოვამ, რომელმაც ეს სრულყოფილი კანონი გვიბოძა, საუკეთესოდ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. მან პირველ წყვილს ყველაფერი უბოძა, რაც მათი ბედნიერებისთვის იყო საჭირო, მათ შორის ნამდვილი თავისუფლება.
დრო, როცა ადამიანებს ჰქონდათ ნამდვილი თავისუფლება
4. როგორი თავისუფლება ჰქონდათ ადამსა და ევას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)
4 დაბადების პირველი ორი თავიდან ნათლად ჩანს, რომ ადამი და ევა ისეთი თავისუფლებით ტკბებოდნენ, რაზეც დღეს მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. პირველ წყვილს არაფერი აკლდა; მათთვის უცხო იყო ჩაგვრა და შიში. ისინი არ წუხდნენ საკვებსა თუ სამსახურზე; მათ არ ეშინოდათ ავადმყოფობისა თუ სიკვდილის (დაბ. 1:27—29; 2:8, 9, 15). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მათ აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ?
5. გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, რა სჭირდებათ ადამიანებს თავისუფლებისთვის?
5 დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ნამდვილი თავისუფლება ისაა, როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც მოესურვება და არ ფიქრობს შედეგებზე. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ თავისუფლებას განმარტავს როგორც „არჩევანის გაკეთებისა და მისი განხორციელების უნარს“. მაგრამ იქვე დასძენს: „სამართლებრივი თვალსაზრისით, ადამიანი თავისუფალია, თუ საზოგადოება არ უდგენს უსამართლო, არასაჭირო და არაგონივრულ შეზღუდვებს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი შეზღუდვა საჭიროა, რათა საზოგადოებაში ყველამ ისარგებლოს თავისუფლებით. მაგრამ ისმის კითხვა: ვის აქვს უფლება, დაადგინოს, რომელი შეზღუდვებია სამართლიანი, საჭირო და გონივრული?
6. ა) რატომ აქვს აბსოლუტური თავისუფლება მხოლოდ იეჰოვას? ბ) როგორი თავისუფლება აქვთ ადამიანებს და რატომ?
6 როცა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს აქვს აბსოლუტური და უსაზღვრო თავისუფლება. ის ყველაფრის შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველია (1 ტიმ. 1:17; გამოცხ. 4:11). გაიხსენეთ, რა მშვენიერი სიტყვებით აღწერა მეფე დავითმა იეჰოვას აღმატებული მდგომარეობა (წაიკითხეთ 1 მატიანის 29:11, 12). შესაბამისად, ზეცაში თუ დედამიწაზე ყველა ქმნილების თავისუფლება შეფარდებითია. ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ იეჰოვა ღმერთს აქვს სრული უფლება, განსაზღვროს და დაადგინოს, რომელია სამართლიანი, საჭირო და გონივრული შეზღუდვები. სწორედ ასე მოიქცა ის, როცა ადამიანი შექმნა.
7. რომელი ინსტინქტური მოქმედებები უწყობს ხელს ადამიანის ბედნიერებას?
7 მიუხედავად იმისა, რომ ადამი და ევა ბევრ საკითხში თავისუფლები იყვნენ, მათ გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდათ. მართალია, ზოგიერთი ინსტინქტური იყო, მაგრამ მაინც შეზღუდვად ითვლებოდა. მაგალითად, ჩვენმა პირველმა მშობლებმა იცოდნენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სუნთქვა, კვება, ძილი და ა. შ. თვლიდნენ ისინი, რომ ამით მათი თავისუფლება იზღუდებოდა? არა, რადგან იეჰოვამ იზრუნა, რომ ასეთ ინსტინქტურ მოქმედებებს მათთვის სიამოვნება და კმაყოფილება მოეტანა (ფსალმ. 104:14, 15; ეკლ. 3:12, 13). ვის არ სიამოვნებს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, საყვარელი საკვების მირთმევა ან ტკბილი ძილის შემდეგ გამოღვიძება?! ეს საქმეები ჩვენთვის არც ტვირთია და არც შემზღუდველი. ეჭვგარეშეა, ადამი და ევაც ამავეს გრძნობდნენ.
8. რა კონკრეტული მითითება მისცა ღმერთმა ადამსა და ევას და რატომ?
8 იეჰოვამ ადამსა და ევას კონკრეტული მითითება მისცა, რომ აევსოთ დედამიწა და ეზრუნათ მასზე (დაბ. 1:28). ზღუდავდა ეს ბრძანება მათ თავისუფლებას? რა თქმა უნდა, არა. ეს საშუალებას აძლევდა ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედის განზრახვის განხორციელებაში — მთელი დედამიწა ექციათ სამოთხედ, რომელიც სრულყოფილი ადამიანების მარადიული საცხოვრებელი გახდებოდა (ეს. 45:18). დღეს ადამიანები არ მიდიან იეჰოვას ნების წინააღმდეგ, როცა თავად ირჩევენ დაქორწინდნენ თუ არა ან იყოლიონ თუ არა შვილები. თუმცა მათი უმეტესობა ქორწინდება და ზრდის შვილებს იმის მიუხედავად, რომ ეს არჩევანი სირთულეებთან არის დაკავშირებული (1 კორ. 7:36—38). ამ ნაბიჯს ისინი იმიტომ დგამენ, რომ ნორმალურ გარემოში ამას სიხარული და კმაყოფილება მოაქვს (ფსალმ. 127:3). ადამსა და ევას ქორწინება და შვილების ყოლა მარადიულობის განმავლობაში მოუტანდა სიხარულსა და ბედნიერებას.
როგორ დაკარგეს ადამიანებმა ნამდვილი თავისუფლება
9. რატომ არ იყო დაბადების 2:17-ში ჩაწერილი ბრძანება არასამართლიანი, არასაჭირო და არაგონივრული?
9 იეჰოვამ სხვა რამეც უბრძანა ადამსა და ევას და გარკვევით უთხრა, რომ ამ ბრძანების დარღვევის შემთხვევაში დაისჯებოდნენ. მან უთხრა ადამს: „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბ. 2:17). იყო ეს ბრძანება არასამართლიანი, არასაჭირო ან არაგონივრული? წაართვა ამ ბრძანებამ ადამსა და ევას თავისუფლება? რა თქმა უნდა, არა. ბიბლიის არაერთმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ეს ბრძანება ლოგიკური და გონივრული იყო. მაგალითად, როგორც ერთი მკვლევარი ამბობს, დაბადების 2:16, 17-ში ჩაწერილი ბრძანება იმაზე მიანიშნებს, რომ მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის ადამიანებისთვის კარგი და რა ცუდი. ის დასძენს, რომ ადამიანები უნდა მიენდონ და დაემორჩილონ ღმერთს, რათა გაიხარონ იმ ყოველივეთი, რასაც ღმერთი კარგს უწოდებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ თავად მოუწევთ, გადაწყვიტონ, რა არის კარგი და რა ცუდი. ცხადია, ეს ადამიანებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია, რასაც ხშირად თავს ვერ ართმევენ.
10. რატომ არ უნდა აგვერიოს ნების თავისუფლება კარგისა და ცუდის განსაზღვრის უფლებაში?
10 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ ბრძანებით იეჰოვამ ადამს თავისუფლება შეუზღუდა და თავის ნებაზე ცხოვრების უფლება არ მისცა. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანები ნების თავისუფლებას აიგივებენ უფლებასთან, თავად განსაზღვრონ, რა არის კარგი და რა ცუდი. სინამდვილეში ადამსა და ევას ჰქონდათ არჩევანის თავისუფლება — მათ შეეძლოთ გადაეწყვიტათ, დაემორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს. თუმცა კარგისა და ცუდის განსაზღვრის უფლება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მხოლოდ იეჰოვას აქვს. სწორედ ამის სიმბოლო იყო ედემის ბაღში მდგარი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ (დაბ. 2:9). უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის არ ვიცით, რა შედეგებს მოგვიტანს ჩვენი არჩევანი, მით უმეტეს არ ვიცით, დამთავრდება თუ არა ის ყოველთვის კარგი შედეგით. ამიტომაცაა, რომ ადამიანებს კარგი მოლოდინი აქვთ, მაგრამ ხშირად მათ არჩევანსა თუ გადაწყვეტილებას ტანჯვა და უბედურება სდევს თან (იგავ. 14:12). ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. როცა ღმერთმა ადამსა და ევას აუკრძალა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ ნაყოფის ჭამა, მან ფაქტობრივად ასწავლა მათ, როგორ ესარგებლათ ნამდვილი თავისუფლებით. რატომ ვამბობთ ამას? რა არჩევანი გააკეთა პირველმა წყვილმა?
11, 12. რატომ მოჰყვა უბედურება ადამისა და ევას არჩევანს? მოიყვანეთ მაგალითი.
11 სამწუხაროდ, ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობა არჩიეს. სატანის მაცდური წინადადება, რომ თვალი აეხილებოდათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებოდნენ, ევასთვის მიმზიდველი აღმოჩნდა (დაბ. 3:5). მართლა მოიპოვეს მათ მეტი თავისუფლება? ცხადია, არა. სატანის ნათქვამი მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. ისინი მალევე მიხვდნენ, რომ იეჰოვას მითითებების უგულებელყოფამ და საკუთარი ჭკუით მოქმედებამ უბედურება მოუტანა მათ (დაბ. 3:16—19). ეს იმიტომ მოხდა, რომ იეჰოვას არ მიუცია ადამიანისთვის უფლება, თავად გადაეწყვიტა, რა არის კარგი და რა ცუდი (წაიკითხეთ იგავების 20:24; იერემიას 10:23).
12 თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ პილოტის მაგალითი. დანიშნულების ადგილს რომ უსაფრთხოდ მიაღწიოს, პილოტი ზუსტად უნდა მიჰყვეს დადგენილ მარშრუტს. თანამედროვე თვითმფრინავების ბორტკომპიუტერები აღჭურვილია სანავიგაციო სისტემითა და რადიოგადამცემით, რაც პილოტს საშუალებას აძლევს, მუდმივი კავშირი იქონიოს დისპეტჩერთან და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩაფრინდეს. მაგრამ, თუ პილოტი უგულებელყოფს ხელმძღვანელობას და თავად განსაზღვრავს ფრენის ტრაექტორიას, შეიძლება მისი არჩევანი ფატალური შედეგით დასრულდეს. ამ პილოტის მსგავსად, ადამმა და ევამ მოისურვეს, თავიანთი გზით ევლოთ. პირველმა წყვილმა უგულებელყო ღვთის ხელმძღვანელობა და მათი არჩევანიც ფატალური შედეგით დასრულდა — საკუთარ თავსაც ცოდვა და სიკვდილი მოუტანეს და თავიანთ შთამომავლობასაც (რომ. 5:12). ვითომდა თავისუფლების ძიებაში მათ ნამდვილი თავისუფლება დაკარგეს.
როგორ მოვიპოვოთ ნამდვილი თავისუფლება
13, 14. როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ნამდვილი თავისუფლება?
13 ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ, რაც მეტი თავისუფლება ექნება, მით უკეთესად იცხოვრებს. მაგრამ სინამდვილეში შეუზღუდავი თავისუფლება ადამიანის ხელში ორლესული მახვილივით არის. მართალია, თავისუფლებას ბევრი კარგი მხარე აქვს, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი გვზარავს, როგორი იქნებოდა მსოფლიო, ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლება რომ ჰქონდეთ. ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, ყველა საზოგადოებრივ წყობილებას აქვს ჩახლართული კანონები, რომლებიც ერთი მხრივ იცავს ადამიანთა თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ზღუდავს. სიტყვა „ჩახლართული“ ნამდვილად შესაფერისია, რადგან ძალიან ბევრი ტომი დაეთმო ადამიანების მიერ დაწერილ კანონებს, რომელთა გაგებასა და სისრულეში მოყვანას უამრავი ადვოკატი და მოსამართლე სჭირდება.
14 ამის საპირისპიროდ, იესო ქრისტემ ნამდვილი თავისუფლებისკენ მიმავალი მარტივი გზა გვასწავლა. მან თქვა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). ასე რომ, ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად ორი რამ მოგვეთხოვება: პირველი, უნდა მივყვეთ ქრისტეს სწავლებებს და მეორე, მისი მოწაფეები უნდა გავხდეთ. სწორედ ეს მოგვიტანს ნამდვილ თავისუფლებას. მაგრამ რისგან გვჭირდება გათავისუფლება? იესომ თქვა: „ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა . . . თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოან. 8:34, 36).
15. რატომ არის იესოს მიერ დაპირებული თავისუფლება ნამდვილი თავისუფლება?
15 უდავოდ, იესოს მიერ დაპირებული თავისუფლება გაცილებით აღემატება სოციალურ თუ პოლიტიკურ თავისუფლებას, რომლისკენაც უმრავლესობა ისწრაფვის. სიტყვებში „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“, იესო გულისხმობდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მონობისა და ჩაგვრისგან, ანუ ცოდვისგან გათავისუფლებას. ცოდვა არა მხოლოდ ცუდისკენ გვიბიძგებს, არამედ ხელს გვიშლის ვაკეთოთ ის, რაც ზუსტად ვიცით, რომ კარგია, და ჩვენი შესაძლებლობები სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ. სწორედ ამ გაგებით ვართ ცოდვას დამონებულები, რომელსაც ჩვენთვის იმედგაცრუება, ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს (რომ. 6:23). პავლე მოციქულიც კარგად გრძნობდა, რა რთული და მტკივნეულია ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლა (წაიკითხეთ რომაელების 7:21—25). ნამდვილ თავისუფლებას, რომლითაც პირველი წყვილი ტკბებოდა, მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, როცა ცოდვის ტყვეობიდან გავთავისუფლდებით.
16. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ნამდვილი თავისუფლება?
16 სიტყვები „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით“, იმაზე მიუთითებს, რომ იესო იმ შემთხვევაში გაგვათავისუფლებს, თუ გარკვეულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს დავემორჩილებით. როგორც მიძღვნილმა ქრისტიანებმა, ჩვენ უარვყავით საკუთარი თავი და იესოს სწავლებების თანახმად ცხოვრება ვარჩიეთ (მათ. 16:24). იესოს დაპირებისამებრ ნამდვილ თავისუფლებას მაშინ მოვიპოვებთ, როცა ყველა იმ კურთხევას მივიღებთ, რომლებიც გამოსასყიდის მეშვეობით არის შესაძლებელი.
17. ა) რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებასა და კმაყოფილებას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
17 როგორც იესოს მოწაფეები, ნამდვილად ბედნიერები და კმაყოფილები რომ ვიყოთ, იესოს სწავლებებს უნდა დავემორჩილოთ. ეს, თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (წაიკითხეთ რომაელების 8:1, 2, 20, 21). მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ თავისუფლება, რომელიც დღეს გვაქვს, რათა მარადიულად მივაგოთ პატივი ნამდვილი თავისუფლების ღმერთს, იეჰოვას!