მოთმინება მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის
‘შეავსეთ თქვენი რწმენა. . . მოთმინებით’ (2 პეტრე 1:5, 6, აქ).
მიმომსვლელი ზედამხედველი მეუღლესთან ერთად ეწვია 90 წლის თანაქრისტიან ძმას. მან რამდენიმე ათეული წელი გაატარა სრული დროით მსახურებაში. საუბრისას, ხანდაზმულმა ძმამ გაიხსენა ზოგიერთი უპირატესობა, რომლითაც ხარობდა წლების განმავლობაში. „მაგრამ ახლა აღარ შემიძლია გავაკეთო უფრო ბევრი“, — დაიჩივლა მან და დამწუხრებულს ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე. მიმომსვლელმა ზედამხედველმა გადაშალა ბიბლია და წაუკითხა მათეს 24:13, სადაც იესო ქრისტე ამბობს: „ბოლომდის მომთმენი, გადარჩება“. შემდეგ ზედამხედველმა შეხედა საყვარელ ძმას და უთხრა: „საბოლოო დავალება ყველა ჩვენგანისთვის არის ბოლომდე მოთმენა, მიუხედავად იმისა, ბევრის გაკეთება შეგვიძლია თუ ცოტასი“.
2 დიახ, როგორც ქრისტიანებმა, ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოითმინოს ან ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლომდე, ან სიცოცხლის ბოლომდე. სხვანაირად ვერ დავიმსახურებთ იეჰოვას მოწონებას, რომ გადავრჩეთ. ჩვენ ჩაბმული ვართ სიცოცხლისთვის რბოლაში და „მოთმინებით [უნდა] გავირბინოთ“, სანამ არ მივაღწევთ ფინიშს (ებრაელთა 12:1). მოციქულმა პეტრემ ყურადღება გაამახვილა ამ თვისების დიდ მნიშვნელობაზე, როცა მიუთითა თანაქრისტიანებს: „ეცადეთ. . . წარმოაჩინოთ [შეავსოთ, აქ] თქვენს რწმენაში. . . მოთმინება“ (2 პეტრე 1:5, 6). მაგრამ ზუსტად რა არის მოთმინება?
მოთმინება — რას ნიშნავს ის?
3 რას ნიშნავს, მოითმინო? ბერძნული ზმნა „მოითმინო“ („ჰი·პო·მეʹნო“) სიტყვასიტყვით ნიშნავს, „დარჩე ან იდგე რაღაცის ქვეშ“. ის ბიბლიაში 17-ჯერ გვხვდება. ლექსიკოგრაფების, ვ. ბაუერის, ფ. ვ. გინგრიჩისა და ფ. დანკერის, მტკიცებით ეს ნიშნავს „[განსაცდელში] დარჩენას, ნაცვლად იმისა, რომ თავი დააღწიო. . . მტკიცედ დგომას, რომ გაუძლო“. ბერძნული სახელი „მოთმინება“ („ჰი·პო·მოʹნე“) ბიბლიაში გვხვდება დაახლოებით 30-ჯერ. ამასთან დაკავშირებით უილიამ ბარკლეის „ახალი აღთქმის ლექსიკონი“ ამბობს: „ეს არის სულისკვეთება, რამაც შეიძლება აიტანოს ბევრი რამ არა უბრალოდ მორჩილებით, არამედ მგზნებარე იმედით. . . ეს არის თვისება, რომლის მქონე ადამიანი მტკიცედ დგას ქარიშხლის პირისპირ. ეს არის ღირსება, რასაც შეუძლია უძნელესი განსაცდელი გადააქციოს დიდებად, რადგან ტკივილზე აღმატებულად ჩანს მიზანი“.
4 ასე რომ, მოთმინება შესაძლებლობას გვაძლევს, მტკიცედ ვიდგეთ და არ დავკარგოთ იმედი დაბრკოლებებისა თუ გაჭირვების დროს (რომაელთა 5:3–5). ახლანდელი ტკივილის ნაცვლად თვალწინ გვიდგას მიზანი — ჯილდო, ანუ ძღვენი, მარადიული სიცოცხლე ზეცაში ან დედამიწაზე (იაკობი 1:12).
მოთმინება — რატომ?
5 როგორც ქრისტიანებს, ყველა ჩვენგანს ‘მოთმინება გვესაჭიროება’ (ებრაელთა 10:36). რატომ? ძირითადად იმიტომ, რომ ‘სხვადასხვა განსაცდელში ვვარდებით’. ბერძნული წერილებიდან იაკობის 1:2-ში ნათქვამია, რომ ადამიანებს ექნებათ უეცარი ან უსიამოვნო შემთხვევები, როგორიცაა მაგალითად, მძარცველთან უეცარი შეფეთება (შეადარე ლუკას 10:30). ჩვენ ვვარდებით მრავალ განსაცდელში, რომლებიც შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: ისინი, რომლებიც ჩვეულებრივია ადამიანებისთვის, როგორც მემკვიდრეობითი ცოდვის შედეგი და ისინი, რომლებიც ვითარდება ღმერთისადმი ერთგულების გამო (1 კორინთელთა 10:13; 2 ტიმოთე 3:12). რომელია ამ განსაცდელთაგან ზოგიერთი?
6 სერიოზული ავადმყოფობა. ტიმოთეს მსგავსად, ზოგიერთმა ქრისტიანმა უნდა მოითმინოს „ხშირ უძლურებათა გამო“ (1 ტიმოთე 5:23). განსაკუთრებით, როცა გვაქვს ქრონიკული, შესაძლოა, ძალზედ მტკივნეული ავადმყოფობა, ვსაჭიროებთ თუ არა მოთმინებას, რომ მტკიცედ ვიდგეთ ღმერთის დახმარებით და არ დავკარგოთ ჩვენი ქრისტიანული რწმენა. განვიხილოთ 50 წელს გადაცილებული ერთი მოწმის მაგალითი, რომელიც დიდხანს ეწინააღმდეგებოდა და შეუპოვრად ებრძოდა სწრაფად მზარდ ავთვისებიან სიმსივნეს. ორი ოპერაციის განმავლობაში ის მტკიცე დარჩა თავის გადაწყვეტილებაში, არ დაეშვა სისხლის გადასხმა (საქმე 15:28, 29). მაგრამ მუცლის ღრუში, კვლავ აღმოაჩნდა სიმსივნე რომელიც იზრდებოდა ხერხემლის მიმართულებით. ამის გამო მან განიცადა წარმოუდგენელი ტკივილები, რასაც ვერც ერთი წამალი ვერ უამებდა. მიუხედავად ასეთი ტკივილისა, მას თვალწინ ედგა ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების ჯილდო. ის თავის მგზნებარე იმედს უზიარებდა ექიმებს, მედდებსა და მნახველებს. მან ბოლომდე მოითმინა — თავისი სიცოცხლის ბოლომდე. შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, შესაძლოა, არ არის სახიფათო ან იმდენად მტკივნეული, როგორსაც განიცდიდა ის ძვირფასი ძმა, მაგრამ ეს, შეიძლება, ჯერ კიდევ დარჩეს მოთმინების დიდ გამოცდად.
7 ემოციური ტკივილი. დროთა განმავლობაში იეჰოვას ხალხიდან ზოგიერთი ითმენს ‘გულის წუხილს’, რასაც შედეგად მოაქვს ‘სულის ტანჯვა’ (იგავნი 15:13). ძლიერი დეპრესია უჩვეულო არ არის ამ ‘საზარელ ჟამს’ (2 ტიმოთე 3:1). ინგლისური ჟურნალის, „მეცნიერების სამყაროში“, 1992 წლის 5 დეკემბრის გამოცემაში მოხსენიებული იყო: „1915 წლიდან მოყოლებული ყოველ თაობაში გაიზარდა ძლიერი, ხშირად, მწყობრიდან გამომყვანი დეპრესიები“. ასეთი დეპრესიების მიზეზი სხვადასხვაგვარია, რომლებიც ფიზიოლოგიური ფაქტორებიდან გადადიან მტანჯველ უსიამოვნო შემთხვევებზე. ზოგიერთი ქრისტიანისთვის მოთმინება მოიცავს ყოველდღიურ მონდომებას, რომ მტკიცედ შეხვდეს ემოციურ ტკივილს. მაგრამ ისინი არ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. ცრემლების მიუხედავად, ისინი იეჰოვას ერთგულები რჩებიან (შეადარე ფსალმუნი 125:5, 6).
8 სხვადასხვა განსაცდელს, რომლებსაც ვხვდებით, შეიძლება, დაემატოს სერიოზული ეკონომიკური სიძნელე. როდესაც ძმამ ნიუ-ჯერზიში (აშშ) მოულოდნელად დაკარგა სამუშაო, დარდობდა, თუ როგორ გამოეკვება ოჯახი და არ დაეკარგა სახლიც. თუმცა მას არ დაუკარგავს სამეფოს იმედი. სანამ ის ეძებდა სხვა სამუშაოს, გამოიყენა შესაძლებლობა, ემსახურა დამხმარე პიონერად. ბოლოს და ბოლოს, მან იპოვა სამუშაო (მათე 6:25–34).
9 თუ საყვარელი ადამიანი დაკარგე, გესაჭიროება მოთმინება, რომელიც უნდა გქონდეს იმის შემდეგაც, რაც სხვები დაუბრუნდებიან თავიანთი ცხოვრების ნორმალურ დინებას. ასევე, შეიძლება შეამჩნიე, რომ ყოველ წელს განსაკუთრებით გიძნელდება ის დრო, როცა შენთვის საყვარელი ადამიანი მოკვდა. ასეთი დანაკარგის მოთმენა არ ნიშნავს, რომ მწუხარების გამო ტირილი არასწორია. საყვარელი მიცვალებულის გლოვა ჩვეულებრივია და ეს არანაირად არ მიუთითებს, რომ რწმენის უკმარისობა გაქვს აღდგომის იმედზე (დაბადება 23:2; შეადარე ებრაელთა 11:19). ლაზარეს სიკვდილის გამო იესო „აცრემლდა“ მიუხედავად იმისა, რომ მან დამაჯერებლად უთხრა მართას: „აღდგება შენი ძმა“. და ლაზარე აღდგა! (იოანე 11:23, 32–35, 41–44).
10 განსაცდელის გადატანასთან ერთად, რაც ჩვეულებრივია კაცობრიობისთვის, იეჰოვას ხალხს ესაჭიროება განსაკუთრებული მოთმინება. „შეგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“, — გაგვაფრთხილა იესომ (მათე 24:9). მან ასევე თქვა: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20). რატომ შეგვიძულებს ყველა და გაგვდევნის? დედამიწის რომელ ნაწილშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც ღმერთის მსახურები, სატანა ცდილობს, გატეხოს ჩვენი უმწიკვლოება იეჰოვასადმი (1 პეტრე 5:8; შეადარე გამოცხადების 12:17). ამ მიზნით, სატანა გაცხარებულად გვდევნის იმით, რომ ჩვენს მოთმინებას მკაცრად სცდის.
11 მაგალითად, 30-იან წლებსა და 40-იანი წლების დასაწყისში იეჰოვას მოწმეები და მათი ბავშვები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დევნის სამიზნედ იქცნენ, რადგან ისინი სინდისის გამო უარს ამბობდნენ ეროვნული სიმბოლოებისთვის სალმის მიცემაზე. მოწმეები პატივისცემით ეპყრობიან იმ ერის სიმბოლოს, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ ისინი ემორჩილებიან ღმერთის კანონში, გამოსვლის 20:4-სა და 5-ში ჩაწერილ პრინციპს: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი“. როცა ზოგიერთი მოწმე სკოლიდან გარიცხეს იმიტომ, რომ სურდათ, მხოლოდ იეჰოვა ღმერთისთვის ეცათ თაყვანი, მოწმეებმა მათი დამოძღვრისთვის დააარსეს „სამეფო სკოლები“. როცა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ აღიარა მათი რელიგიური პოზიცია, როგორც განათლებული ერები აკეთებენ ამას დღეს, ეს მოწმეები სკოლებს დაუბრუნდნენ. მაგრამ ამ ყმაწვილების გულადი მოთმინება სრულფასოვან მაგალითად ემსახურება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქრისტიანებს, რომლებსაც, შეიძლება, ახლა აბუჩად იგდებენ, ითმენენ, იმიტომ რომ ცხოვრობენ ბიბლიური ნორმებით (1 იოანე 5:21).
12 ორივე სახის სიძნელეები, რომლებსაც ვხვდებით — ერთი, რომლებიც ჩვეულებრივია ადამიანებისთვის და მეორე, რომლებიც გვაქვს ჩვენი ქრისტიანული რწმენის გამო — გვიჩვენებს, თუ რატომ გვესაჭიროება მოთმინება. მაგრამ როგორ შეგვიძლია მოვითმინოთ?
ბოლომდე მოთმენა — როგორ?
13 ღმერთის ხალხს განსაზღვრულად უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე მათ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას. დახმარებისთვის შეგვიძლია მივმართოთ ‘მოთმინების ღმერთს’ (რომაელთა 15:5). მაგრამ როგორ გვაძლევს იეჰოვა მოთმინებას? ერთი საშუალება, რაც მან შემოგვთავაზა, არის მოთმინების მაგალითები, რომლებიც ჩაწერილია მის სიტყვაში, ბიბლიაში (რომაელთა 15:4). როგორც დავინახეთ, ჩვენ მხოლოდ აღძრულნი კი არა ვართ, რომ მოვითმინოთ, არამედ, ასევე ბევრს ვსწავლობთ, როგორ უნდა მოვითმინოთ. განვიხილოთ ორი ცნობილი მაგალითი — იობის მტკიცე მოთმინება და იესო ქრისტეს უბადლო მოთმინება (ებრაელთა 12:1–3; იაკობი 5:11).
14 რა სიტუაციებმა განაპირობა იობის მოთმინების გამოცდა? მან განიცადა ეკონომიკური სიძნელე, როცა დაკარგა ქონების უმეტესი ნაწილი (იობი 1:14–17; შეადარე იობი 1:3). იობი მოიცვა დანაკლისის გრძნობამ, როცა ათივე შვილი დაკარგა, რომლებიც დაიღუპნენ გრიგალის დროს (იობი 1:18–21). მან განიცადა სერიოზული, მეტად მტკივნეული ავადმყოფობა (იობი 2:7, 8; 7:4, 5). მისი ცოლი ზეგავლენას ახდენდა მასზე, ზურგი შეექცია ღმერთისთვის (იობი 2:9). ახლო მეგობრებმა უთხრეს ისეთი რამ, რაც იყო საზიანო, სასტიკი და ცრუ (შეადარე იობის 16:1–3 და იობის 42:7). ყოველივე ამის მიუხედავად, იობი მტკიცედ იდგა, შეინარჩუნა პატიოსნება (იობი 27:5). რაც მან გადაიტანა, იმის მსგავსია, რა განსაცდელსაც დღეს ხვდება იეჰოვას ხალხი.
15 როგორ შეძლო იობმა, მოეთმინა ყველა ეს განსაცდელი? რაც დაეხმარა იობს, იყო იმედი. „რადგან ხესაც აქვს იმედი, — თქვა მან, — თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება“ (იობი 14:7). რა იმედი ჰქონდა იობს? ამის შესახებ მან თქვა რამდენიმე მუხლის ქვემოთ: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? . . დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა [ანუ, მოისურვებდი] “ (იობი 14:14, 15). დიახ, იობი იმ ტანჯვაზე უფრო შორს იყურებოდა, რომელსაც განიცდიდა. მან იცოდა, რომ მრავალი განსაცდელი არ გაგრძელდებოდა მარადიულად. სულ დიდი, მას უნდა მოეთმინა სიკვდილამდე. მისი იმედიანი მოლოდინი იყო ის, რომ იეჰოვა, რომელიც სიყვარულით აღსავსე სურვილით აღადგენს მკვდრებს, მასაც დაუბრუნებდა სიცოცხლეს (საქმე 24:15).
16 რა ვისწავლეთ იობის მოთმინებიდან? ბოლომდე რომ მოვითმინოთ, არასოდეს არ უნდა დავკარგოთ იმედი. ასევე, დაიმახსოვრე — სამეფოს იმედის შესახებ მტკიცე რწმენა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტანჯვა, რომელსაც ვხვდებით, შესაბამისად, არის „ხანმოკლე“ (2 კორინთელთა 4:16–18). ჩვენი ძვირფასი იმედი მტკიცედაა დაფუძნებული იეჰოვას დაპირებაზე, რომელიც მოხდება ახლო მომავალში, როცა „მოსწმენდს ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:3, 4). იმედმა, რომელიც „არ არის შემარცხვენელი“, უნდა დაიცვას ჩვენი აზროვნება (რომაელთა 5:4, 5; 1 თესალონიკელთა 5:8). ეს რეალური უნდა იყოს ჩვენთვის — იმდენად რეალური, რომ რწმენის თვალით შეგვეძლოს ჩვენი თავის წარმოდგენა ახალ ქვეყნიერებაში — რომ აღარ მოგვიწევს ავადმყოფობასა და დეპრესიასთან ბრძოლა, არამედ ყოველ დილით გავიღვიძებთ კარგი ჯანმრთელობითა და საღი გონებით; მეტად აღარ იქნება შიში სერიოზული ეკონომიკური სიძნელეების გამო, არამედ უსაფრთხო ცხოვრება; მეტად აღარავინ იგლოვებს საყვარელ ადამიანებს, არამედ აღტაცებული იქნება მათი აღდგომის ხილვით (ებრაელთა 11:1). ასეთი იმედის გარეშე, შეიძლება, იმდენად შევცბუნდეთ ჩვენი ახლანდელი განსაცდელების გამო, რომ ვერ გადავიტანოთ. ამ იმედით რაოდენ დიდი სურვილი გვაქვს ვიბრძოლოთ, რათა ბოლომდე შევინარჩუნოთ მოთმინება!
17 ბიბლია მოგვიწოდებს, ყურადღებით „შევხედოთ“ იესოს და ‘გავიაზროთ’ მასზე. რა სიძნელეები მოითმინა მან? ზოგი მათგანი სხვების არასრულყოფილებისა და ცოდვის შედეგი იყო. იესომ მოითმინა არა მხოლოდ „წინააღმდეგობა ცოდვილთაგან“, არამედ აგრეთვე პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა თავის მოწაფეებს შორის, მათი ხელახლა წამოჭრილი დავის გამო, თუ რომელი მათგანი იყო დიდი. უფრო მეტიც, ის შეხვდა რწმენის შეუდარებელ გამოცდას. მან „მოითმინა ჯვარი“ (ებრაელთა 12:1–3; ლუკა 9:46; 22:24). წარმოსადგენადაც ძნელია სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რაც მოიცავს ძელზე გაკვრის ტკივილს და როგორც ღვთისმგმობელის, სამარცხვინოდ სიკვდილით დასჯასa.
18 როგორ შეძლო იესომ, მოეთმინა ბოლომდე? მოციქულმა პავლემ მოიხსენია ორი რამე, რომლებმაც გააძლებინა იესოს: „ლოცვა და ვედრება“ და ასევე ‘მისთვის შეთავაზებული სიხარული’. იესოს, ღმერთის სრულყოფილ ძეს, არ რცხვენოდა, ეთხოვა დახმარება. ის ლოცულობდა „ძლიერი ღაღადით და ცრემლებით“ (ებრაელთა 5:7; 12:2). განსაკუთრებით, როცა მას უდიდესი განსაცდელი უახლოვდებოდა, მიხვდა, რომ აუცილებელი იყო, განუწყვეტლივ და გულმოდგინედ ელოცა ძალის მისაღებად (ლუკა 22:39–44). იესოს ვედრების პასუხად იეჰოვას არ ჩამოუშორებია განსაცდელი მისთვის, არამედ მისცა ძალა, მოთმინებით გადაელახა სიძნელე. იესომ კიდევ იმიტომ მოითმინა, რომ ის წამების ძელზე აღმატებულად მიიჩნევდა ჯილდოს, სიხარულს, რომელსაც მიიღებდა იეჰოვას სახელის განწმენდის გამო შეწირვითა და კაცობრიობის ოჯახის სიკვდილისაგან გამოსყიდვით (მათე 6:9; 20:28).
19 იესოს მაგალითიდან ვისწავლეთ მრავალი რამე, რაც გვეხმარება, რომ რეალური თვალსაზრისი გვქონდეს მოთმინებასთან დაკავშირებით. მოთმენა არ არის ადვილი. თუ მიხვდი, რომ რთულია, მოითმინო გარკვეული სიძნელე, დამამშვიდებელია იცოდე, რომ იესოც მსგავს მდგომარეობაში იყო. ბოლომდე რომ მოვითმინოთ, ხშირად უნდა ვილოცოთ გაძლიერებისთვის. განსაცდელში მყოფებმა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, უღირსად ვიგრძნოთ თავი, რომ ვილოცოთ. მაგრამ იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ გულები გადავუშალოთ მას, ‘რადგან ის ზრუნავს ჩვენზე’ (1 პეტრე 5:7). და იმის გამო, თუ რას დაგვპირდა იეჰოვა თავის სიტყვაში, ის თავს მოვალედ თვლის, რომ აგვავსოს ‘აღმატებული ძლიერებით’ ისინი, ვინც რწმენით მოვუხმობთ მას (2 კორინთელთა 4:7–9).
20 ზოგჯერ უნდა მოვითმინოთ ცრემლებით. ბუნებრივია, იესოსთვის წამების ძელის გამო ტკივილი, არ იყო სიხარულის მიზეზი. უფრო მეტიც, სიხარული იყო იმ ჯილდოში, რაც მისთვის იყო წარდგენილი. ჩვენს შემთხვევაში არ არის რეალური, ველოდოთ, რომ განსაცდელში ყოფნისას ყოველთვის ხალისიანი და აღტაცებული ვიქნებით (შეადარე ებრაელთა 12:11). თუმცა, მომავალ ჯილდოზე ფიქრით, შეიძლება, შემძლე ვიყოთ, ‘ყოველგვარ სიხარულად ჩავთვალოთ’, როცა ვხვდებით მრავალ მაცდუნებელ სიტუაციას (იაკობი 1:2–4; საქმე 5:41). მნიშვნელოვანია, დავრჩეთ მტკიცენი — ცრემლის ფასადაც კი. და ბოლოს, იესოს არ უთქვამს: „უმცირესი რაოდენობის ცრემლების დამღვრელი გადარჩება“, — არამედ თქვა: „ბოლომდის მომთმენი, გადარჩება“ (მათე 24:13).
21 მოთმინება მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის. მიუხედავად ამისა, 2 პეტრეს 1:5, 6-ში მოწოდებულნი ვართ, მოთმინება შევავსოთ ღმერთისადმი ერთგულებით. რა არის ღმერთისადმი ერთგულება? რა კავშირი აქვს მას მოთმინებასთან და როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ის? ეს კითხვები განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.
[სქოლიოები]
a ძლიერი ტანჯვა-წამება, რომელიც იესომ მოითმინა, შეიძლება, შეძლებისდაგვარად, დაინახო იქიდან, რომ მისი სრულყოფილი ორგანიზმი, მხოლოდ, რამდენიმე საათის შემდეგ მოკვდა ძელზე მაშინ, როდესაც მის გვერდით გაკრულ ავაზაკებს წვივები დაუმტვრიეს, რათა დაეჩქარებინათ მათი სიკვდილი (იოანე 19:31–33). მათ არ განუცდიათ ისეთი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, როგორიც ჰქონდა იესოს უძილო ღამის განმავლობაში იმ მძიმე განსაცდელის გამო, რომელიც წინ უძღვოდა მის ძელზე გაკვრას, ეს ტანჯვა, შესაძლოა, იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ვერ შეძლო თავისი წამების ძელის ტარებაც კი (მარკოზი 15:15, 21).
როგორ უპასუხებდი?
◻ რას ნიშნავს, მოითმინო?
◻ რატომ საჭიროებს იეჰოვას ხალხი განსაკუთრებულ მოთმინებას?
◻ რამ შეაძლებინა იობს, მოეთმინა?
◻ როგორ გვეხმარება იესოს მაგალითი, რომ გვქონდეს რეალური თვალსაზრისი მოთმინებაზე?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. რატომ უნდა მოვითმინოთ ყოველმა ჩვენგანმა ბოლომდე?
3, 4. რას ნიშნავს, მოითმინო?
5. ა) რატომ ‘ესაჭიროება მოთმინება’ ყველა ქრისტიანს? ბ) რომელ ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს ჩვენი განსაცდელი?
6. როგორ მოითმინა ერთმა მოწმემ, რომელსაც ჰქონდა მტკივნეული ავადმყოფობა?
7. როგორი ტკივილის მოთმენა უწევს ზოგიერთ ჩვენს სულიერ ძმასა და დას?
8. როგორი ფინანსური სიძნელე შეიძლება, გვქონდეს?
9. ა) საყვარელი ადამიანის დაკარგვისას, როგორ უნდა განვავითაროთ მოთმინება? ბ) ბიბლიიდან რომელი ადგილები გვიჩვენებს, რომ მწუხარების გამო ცრემლის ღვრა არ არის შეცდომა?
10. რატომ საჭიროებს იეჰოვას ხალხი განსაკუთრებულ ერთგულებას?
11, 12. ა) რწმენის როგორ გამოცდას შეხვდნენ 30-იან წლებსა და 40-იანი წლების დასაწყისში იეჰოვას მოწმეები და მათი შვილები? ბ) რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები უარს დროშისთვის სალმის მიცემაზე?
13. როგორ გვაძლევს იეჰოვა მოთმინებას?
14, 15. ა) რა განსაცდელები გადაიტანა იობმა? ბ) როგორ შეძლო იობმა, მოეთმინა ის სიძნელეები, რომელსაც შეხვდა?
16. ა) რა ვისწავლეთ მოთმინების შესახებ იობის მაგალითიდან? ბ) რამდენად რეალური უნდა იყოს სამეფოს იმედი ჩვენთვის და რატომ?
17. ა) რა სიძნელეები მოითმინა იესომ? ბ) როგორ შეიძლება დაინახო ძლიერი ტანჯვა-წამება, რომელიც იესომ მოითმინა? (ნახე სქოლიო).
18. მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, რომელმა ორმა რამემ გააძლებინა იესოს?
19, 20. როგორ გვეხმარება იესოს მაგალითი, რომ გვქონდეს რეალური თვალსაზრისი იმაზე, რასაც მოიცავს მოთმინება?
21. ა) რითი უნდა შევავსოთ ჩვენი მოთმინება, რაზეც მოგვიწოდებს 2 პეტრეს 1:5, 6? ბ) რა კითხვები იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?