ᲗᲐᲕᲘ 22
ავლენ ღვთიურ სიბრძნეს?
1—3. ა) ბავშვის დედის ვინაობის დადგენისას როგორ აჩვენა სოლომონმა, რომ უჩვეულო სიბრძნეს ფლობდა? ბ) რის მოცემას გვპირდება იეჰოვა და რა შეკითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ მეტად რთული იყო. ორი ქალი ერთ ბავშვზე დაობდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ერთს ვაჟი შეეძინა. მეორემაც რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭი გააჩინა. ერთ-ერთი ბავშვი მოკვდა და ახლა ორივე დედა ერთ ცოცხალ ჩვილზე დაობდა.a მათ გარდა სხვა მოწმე არ არსებობდა, ვისაც ეცოდინებოდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საქმე, ალბათ, მოსამართლეებმა მოისმინეს, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს. და აი, ისინი ისრაელის მეფის, სოლომონის, წინაშე წარდგნენ. შეძლებდა მეფე სიმართლის გამოაშკარავებას?
2 სოლომონმა ქალების კამათს უსმინა და შემდეგ მახვილის მოტანა ითხოვა. მერე კი მთელი დამაჯერებლობით ბრძანა, ბავშვი შუაზე გაეკვეთათ და თითოეულისთვის ნახევარ-ნახევარი მიეცათ. ნამდვილმა დედამ დაუყოვნებლივ მუდარა დაუწყო მეფეს, რომ მისი საყვარელი შვილი მეორე ქალისთვის მიეცათ. ხოლო მეორე დაჟინებით მოითხოვდა, ჩვილი შუაზე გაეჭრათ. სოლომონისთვის სიმართლეს ნათელი მოეფინა. მან იცოდა, თუ რა ნაზი გრძნობები ჰქონდა დედას ღვიძლი შვილის მიმართ და ეს ცოდნა საქმის გადასაწყვეტად გამოიყენა. წარმოიდგინე, რა შვებას იგრძნობდა დედა, როდესაც სოლომონმა შვილი დაუბრუნა და თქვა: „ეგ არის ბავშვის დედა!“ (1 მეფეები 3:16—27).
3 განა ეს განსაკუთრებული სიბრძნე არ იყო?! როდესაც ხალხმა გაიგო, როგორ გადაჭრა სოლომონმა პრობლემა, შიშითა და მოკრძალებით განიმსჭვალნენ მისდამი, „რადგან დაინახეს, რომ ღმერთს სიბრძნე მიეცა მისთვის“. დიახ, იეჰოვამ მას სიბრძნე და გონიერება უბოძა (1 მეფეები 3:12, 28). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ჩვენც შეგვიძლია ღვთიური სიბრძნის მიღება? დიახ, რადგან სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „სიბრძნეს იეჰოვა იძლევა“ (იგავები 2:6). იეჰოვა გვპირდება, რომ მისცემს სიბრძნეს — ცოდნის, გაგებისა და გამჭრიახობის სწორად გამოყენების უნარს — მას, ვინც გულწრფელად ისწრაფვის მისი მიღებისკენ. როგორ შეგვიძლია ღვთიური სიბრძნის მიღება და როგორ ვიხელმძღვანელოთ მისით ცხოვრებაში?
როგორ უნდა შეიძინო სიბრძნე?
4—7. რომელი ოთხი მოთხოვნა არსებობს ღვთიური სიბრძნის მისაღებად?
4 აუცილებელია უდიდესი განათლება ან ერუდიცია ღვთიური სიბრძნის მისაღებად? არა! იეჰოვა მზად არის, ყველას გვიბოძოს თავისი სიბრძნე, ჩვენი სოციალური წარმოშობისა და განათლების მიუხედავად (1 კორინთელები 1:26—29). მაგრამ ჩვენი მხრიდან ინიციატივის გამოვლენაა აუცილებელი, რადგან ბიბლია მოგვიწოდებს, შევიძინოთ სიბრძნე (იგავები 4:7). როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
5 პირველი: ღვთისა უნდა გვეშინოდეს. «იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა [„პირველი ნაბიჯია სიბრძნისაკენ“, ახალი ინგლისური ბიბლია]», — ნათქვამია იგავების 9:10-ში. ღვთის შიში ჭეშმარიტი სიბრძნის საფუძველია. რატომ? გაიხსენე, რომ სიბრძნე ცოდნის წარმატებით გამოყენების უნარია. ღვთის შიში იმას კი არ ნიშნავს, რომ შიშისაგან ვცახცახებდეთ მის წინაშე, არამედ შიშნარევი მოწიწებითა დ მოკრძალებით ვცეთ თაყვანი და მივენდოთ მას. ასეთი შიში სასარგებლოა და ძლიერი სტიმულის მომცემი. ის აღგვძრავს, ჩვენი ცხოვრება ღვთის ნებასა და გზებს შევუსაბამოთ. არ არსებობს ამაზე გონივრული ნაბიჯი, რადგან იეჰოვას ნორმების დაცვას ყოველთვის საუკეთესო შედეგი მოაქვს.
6 მეორე: თავმდაბლები და მოკრძალებულები უნდა ვიყოთ. ღვთისმოსაწონ სიბრძნეს ყოველთვის თან ახლავს თავმდაბლობა და მოკრძალება (იგავები 11:2). რატომ? თუ თავმდაბლები და მოკრძალებულები ვართ, ვაღიარებთ, რომ ყველაფერი არ ვიცით, რომ ჩვენი მოსაზრებები ყოველთვის სწორი არ არის და გვესაჭიროება იეჰოვას აზრის გაგება. იეჰოვა „ამპარტავნებს ეწინააღმდეგება“, მაგრამ სიამოვნებით ანიჭებს სიბრძნეს მათ, რომლებიც გულით თავმდაბლები არიან (იაკობი 4:6).
7 მესამე კი ღვთის სიტყვის შესწავლაა. იეჰოვას სიბრძნე მის სიტყვაში ვლინდება. ღვთიური სიბრძნე რომ შევიძინოთ, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ მისი სიტყვის გამოსაკვლევად (იგავები 2:1—5). მეოთხე მოთხოვნა ლოცვაა. თუ გულწრფელად ვთხოვთ ღმერთს სიბრძნეს, უხვად მოგვცემს მას (იაკობი 1:5). როცა ღმერთს წმინდა სულს ვთხოვთ, ის უპასუხოდ არ ტოვებს ჩვენს ლოცვებს. ღვთის სული საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ ღვთის სიტყვაში არსებულ განძს, რომელიც, თავის მხრივ, პრობლემების გადაჭრაში, საშიშროების თავიდან არიდებასა და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება (ლუკა 11:13).
ღვთიური სიბრძნის მისაღებად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ მივაკვლიოთ მას.
8. რა აჩვენებს, ნამდვილად გვაქვს თუ არა ღვთიური სიბრძნე?
8 როგორც მე-17 თავიდან დავინახეთ, იეჰოვას სიბრძნეს ყოველთვის კარგი შედეგი მოჰყვება. აქედან გამომდინარე, თუ ნამდვილად შევიძენთ ღვთიურ სიბრძნეს, ეს ჩვენს ქცევაზე აირეკლება. მოწაფე იაკობმა აღწერა, რა ახასიათებს ღვთიურ სიბრძნეს: „ღვთიური სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, კეთილგონიერი, მორჩილი, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (იაკობი 3:17). როდესაც ღვთიურ სიბრძნის ამ თითოეულ ასპექტზე ვფიქრობთ, შეგვეძლო საკუთარი თავისთვის გვეკითხა: ვავლენ ცხოვრებაში ღვთიურ სიბრძნეს?
„წმინდაა, მერე მშვიდობიანი“
9. რას ნიშნავს სიწმინდე და რატომაა ის მოხსენიებული პირველ ადგილზე სიბრძნისთვის დამახასიათებელ თვისებებში?
9 „პირველ ყოვლისა, წმინდაა“. სიწმინდე ნიშნავს სისუფთავესა და დაუბინძურებლობას, არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც. ბიბლია სიბრძნეს გულს უკავშირებს, მაგრამ ზეციური სიბრძნე ვერ შეაღწევს გულამდე, თუ იგი უზნეო ფიქრებით, სურვილებითა და აღძვრებით არის დაბინძურებული (იგავები 2:10; მათე 15:19, 20). მაგრამ, თუ ჩვენი გული წმინდაა — რამდენადაც ეს არასრულყოფილი ადამიანებისთვისაა შესაძლებელი — ზურგს შევაქცევთ ბოროტებას და კარგს გავაკეთებთ (ფსალმუნი 37:27; იგავები 3:7). განა მართებულად არ მოიხსენიება სიწმინდე სიბრძნის დამახასიათებელ თვისებებს შორის პირველ ადგილზე?! დაბოლოს, თუ ზნეობრივად და სულიერად სუფთები არ ვიქნებით, როგორ შევძლებთ ღვთიური სიბრძნისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებების არეკვლას?
10, 11. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშვიდობისმყოფელები ვიყოთ? ბ) თუ გრძნობ, რომ თანამორწმუნეს აწყენინე, როგორ დაამტკიცებ, რომ მშვიდობისმყოფელი ხარ? (იხილე სქოლიო).
10 „მერე მშვიდობიანი“. ღვთიური სიბრძნე აღგვძრავს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც ღვთის სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია (გალატელები 5:22). ჩვენ ყოველ მხრივ ვცდილობთ, არ დავარღვიოთ მშვიდობა, რომელიც იეჰოვას ხალხს აერთიანებს (ეფესოელები 4:3). გარდა ამისა, როდესაც რაიმე უთანხმოება წამოიჭრება, ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის სასწრაფოდ აღსადგენად. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ბიბლია ამბობს: „კვლავაც . . . მშვიდობიანად იცხოვრეთ, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2 კორინთელები 13:11). ასე რომ, თუ მშვიდობიანად ვიცხოვრებთ, მშვიდობის ღმერთი ჩვენთან იქნება. იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე პირდაპირ მოქმედებს ის, თუ როგორ ვეპყრობით თანამორწმუნეებს. რა უნდა ვაკეთოთ, რომ მშვიდობისმყოფელები ვიყოთ? განვიხილოთ მაგალითი.
11 რის გაკეთება გმართებს, თუ ფიქრობ, რომ თანამორწმუნეს აწყენინე? იესომ თქვა: „თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდება, რომ შენი ძმა განაწყენებულია შენზე, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე კი დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24). ამ რჩევის გამოსაყენებლად ინიციატივა უნდა გამოიჩინო ძმასთან მისასვლელად. რა მიზნით? შესარიგებლად.b ამის მისაღწევად შეიძლება იმის აღიარება მოგიწიოს, რომ გული ატკინე. არ უნდა ეცადო თავის გამართლებას და არ უნდა უთხრა, რომ გაბრაზების მიზეზი არ ჰქონდა. როდესაც მასთან მშვიდობის აღსადგენად მიდიხარ და ყველაფერს აკეთებ კიდეც ამისათვის, ალბათ, ნებისმიერ გაუგებრობას მოეფინება ნათელი, მოუბოდიშებთ და აპატიებთ ერთმანეთს. როდესაც მშვიდობის აღსადგენად ინიციატივას ავლენ, აჩვენებ, რომ ღვთიური სიბრძნით ხელმძღვანელობ.
„კეთილგონიერი, მორჩილი“
12, 13. ა) რა მნიშვნელობას ატარებს იაკობის 3:17-ში „კეთილგონიერად“ ნათარგმნი სიტყვა? ბ) როგორ ვლინდება კეთილგონიერება?
12 „კეთილგონიერი“. რას ნიშნავს კეთილგონიერება? სწავლულების აზრით, იაკობის 3:17-ში მოხსენიებული ბერძნული სიტყვა, რომელიც „კეთილგონიერად“ არის ნათარგმნი, ძნელი სათარგმნია. ეს სიტყვა დამყოლის მნიშვნელობას ატარებს. მთარგმნელები მას თარგმნიან როგორც „რბილი“, „ლმობიერი“ და „თანამგრძნობი“. როგორ შეგვიძლია იმის ჩვენება, რომ ღვთიური სიბრძნისთვის დამახასიათებელ ამ თვისებას ცხოვრებაში ვიყენებთ?
13 „ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“, — ამბობს ფილიპელების 4:5. სხვა თარგმანში ნათქვამია: „გქონდეს კეთილგონიერი კაცის სახელი“ („ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“). ყურადღება მიაქციე: მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, არამედ ის, თუ სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე, ანუ როგორი რეპუტაციით ვსარგებლობთ. კეთილგონიერი ადამიანი ყოველთვის არ მოითხოვს დადგენილი წესების დაცვას და არც იმას ეცდება, რომ თავისი გაიტანოს. პირიქით, ის მზად არის, სხვებს მოუსმინოს და თუ არაფერი ირღვევა, გაითვალისწინოს კიდეც მათი სურვილები. ის რბილიც არის და სხვებს უხეშად არ ეპყრობა. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქრისტიანისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ასეთი მოქმედება განსაკუთრებით უხუცესებს მოეთხოვებათ. თუ უხუცესები რბილად ეპყრობიან სხვებს, ეს აადვილებს მათთან მისვლას (1 თესალონიკელები 2:7, 8). კარგი იქნება, თუ ყველა საკუთარ თავს ვკითხავთ: „მიცნობენ ყურადღებიან, დამთმობ და რბილ ქრისტიანად?“.
14. რაში გამოვლინდება ჩვენი მორჩილება?
14 „მორჩილი“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „მორჩილად“ არის ნათარგმნი, ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში სხვა ადგილას არსად გვხვდება. ერთი სწავლულის აზრით, ეს სიტყვა „ხშირად სამხედრო დისციპლინასთან“ დაკავშირებით გამოიყენება და „ადვილად დამყოლს“ ან „დამჯერს“ ნიშნავს. ის, ვინც ღვთიური სიბრძნით ხელმძღვანელობს, ადვილად ემორჩილება ბიბლიის ნათქვამს. მას ისეთ პიროვნებად არ იცნობენ, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ნებისმიერ ფაქტს უარყოფს. პირიქით, ის სწრაფად იცვლის აზრს, როდესაც ბიბლიიდან დაანახვებენ, რომ არასწორი გადაწყვეტილება ან მცდარი დასკვნები აქვს გამოტანილი. გიცნობენ ასეთ პიროვნებად?
„სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით“
15. რა არის გულმოწყალება და რატომ არის მართებული, რომ იაკობის 3:17-ში „გულმოწყალება“ და „კარგი ნაყოფი“ ერთადაა მოხსენიებული?
15 „სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით“.c გულმოწყალება ღვთიური სიბრძნისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან ასეთ სიბრძნეზე ნათქვამია, რომ „სავსეა გულმოწყალებით“. შენიშნე, რომ „გულმოწყალება“ და „კარგი ნაყოფი“ ერთადაა მოხსენიებული? ეს მართებულიცაა, რადგან ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „გულმოწყალება“ სხვებზე ზრუნვას, თანაგრძნობას და სიკეთის კეთებას გულისხმობს. ერთი ცნობარის თანახმად, გულმოწყალება ეს არის „გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა და მისთვის დახმარების აღმოჩენა“. აქედან გამომდინარე, ღვთიური სიბრძნე არ არის სიყვარულს მოკლებული, უგულო ან უბრალოდ ცოდნაზე დაფუძნებული. პირიქით, ის თბილი, გულწრფელი და თანამგრძნობია. რაში გამოვლინდება, თუ სავსე ვართ გულმოწყალებით?
16, 17. ა) ღვთის სიყვარულის გარდა, რა აღგვძრავს სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობის მისაღებად და რატომ? ბ) რაში გამოვლინდება, თუ გულმოწყალებით ვართ სავსე?
16 ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომ გულმოწყალებით სავსე ვიყოთ. რა აღგვძრავს ამ საქმის შესასრულებლად? უპირველესად, ღვთის სიყვარული. გარდა ამისა, სხვების მიმართ გულმოწყალება, ანუ თანაგრძნობა (მათე 22:37—39). დღეს ბევრნი „უმწყემსო ცხვრებივით გასაცოდავებულნი და დაფანტულნი“ არიან (მათე 9:36). ისინი მიტოვებული და სულიერად დაბრმავებულები არიან ცრუ რელიგიური მწყემსების მიერ. ამიტომაც მათ არაფერი იციან ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ბრძნული ხელმძღვანელობისა და იმ კურთხევების შესახებ, რომელსაც მალე ღვთის სამეფო მოიტანს დედამიწაზე. როდესაც ჩვენ გარშემო მცხოვრები ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე ვფიქრობთ, გულწრფელი თანაგრძნობა აღგვძრავს, ყველაფერი ვიღონოთ, რათა იეჰოვას დიდებულ განზრახვებზე ვესაუბროთ.
17 კიდევ როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გულმოწყალებით სავსე ვართ? გაიხსენე იესოს მაგალითი სამარიელზე, რომელმაც გზაზე დაგდებული, გაძარცული და ნაცემი მგზავრი იპოვა. თანაგრძნობით აღძრულმა სამარიელმა დაზარალებულის მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა, ჭრილობები შეუხვია და იზრუნა მასზე (ლუკა 10:29—37). განა ეს მაგალითი არ გვიჩვენებს, რომ გულმოწყალება პრაქტიკული დახმარების აღმოჩენასაც ნიშნავს?! ბიბლია გვეუბნება: „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი თანამორწმუნეებს“ (გალატელები 6:10). განვიხილოთ ამის რამდენიმე შესაძლებლობა. მაგალითად, ხანდაზმულ თანამორწმუნეს შეიძლება დახმარება სჭირდება ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარულში. ქვრივ დას შეიძლება ბინის შეკეთებაში სჭირდება დახმარება (იაკობი 1:27). გულგატეხილ ქრისტიანს გასამხნევებლად შეიძლება ტკბილი სიტყვის მოსმენა ესაჭიროება (იგავები 12:25). როდესაც ამგვარად ვავლენთ გულმოწყალებას, ვამტკიცებთ, რომ ღვთიურ სიბრძნეს ცხოვრებაში ვიყენებთ.
„მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო“
18. თუ გვინდა, ღვთიური სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ, რა უნდა ამოვიგდოთ გულიდან და რატომ?
18 „მიუკერძოებელი“. ღვთიური სიბრძნე რასობრივ სიძულვილსა და ნაციონალურ სიამაყეზე მაღლა დგას. თუ ღვთიური სიბრძნით ვხელმძღვანელობთ, გულიდან ამოვიგდებთ ფავორიტიზმისკენ ყოველგვარ მიდრეკილებას (იაკობი 2:9). მიკერძოება არ უნდა გამოვიჩინოთ და უპირატესობა არ უნდა მივანიჭოთ მათ, რომლებსაც უკეთესი განათლება ან ფინანსური მდგომარეობა აქვთ, ან კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა აკისრიათ. თანამორწმუნეებს არც ზემოდან უნდა დავყურებდეთ, რაც არ უნდა „დაბალი დონის“ ადამიანებად თვლიდეს მათ ვინმე. თუ იეჰოვა თვლის მათ თავისი სიყვარულის ღირსად, მით უმეტეს ჩვენ გვმართებს, ჩავთვალოთ ისინი ჩვენი სიყვარულის ღირსად.
19, 20. ა) საიდან მოდის ბერძნული სიტყვა „თვალთმაქცი“? ბ) როგორ ვლინდება უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
19 „უთვალთმაქცო“. ბერძნულ სიტყვას, რომელიც „თვალთმაქცად“ ითარგმნა, იყენებდნენ მსახიობის მიმართაც, რომელიც რაიმე როლს განასახიერებდა. ძველ დროში ბერძენი და რომაელი მსახიობები სცენაზე დიდ ნიღბებს ატარებდნენ. აქედან გამომდინარე, „თვალთმაქცის“ შესატყვისი ბერძნული სიტყვა იმ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა, როდესაც ვინმე თავს სხვაგვარად წარმოაჩენდა, ანუ მსახიობობდა. ამ მხრივ, ღვთიურმა სიბრძნემ არა მარტო იმაზე უნდა იმოქმედოს, თუ როგორ ვეპყრობით თანამორწმუნეებს, არამედ იმაზეც, გულში რას ვფიქრობთ მათზე.
20 მოციქულმა პეტრემ ჭეშმარიტებისადმი მორჩილება უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას დაუკავშირა (1 პეტრე 1:22). დიახ, ძმებისადმი ჩვენი სიყვარული მოჩვენებითი არ უნდა იყოს. სხვების შეცდომაში შესაყვანად არც ნიღაბს ვიკეთებთ და არც ვმსახიობობთ. ნამდვილად და გულწრფელად უნდა გვიყვარდეს საძმო. თუ ამას ვაკეთებთ, თანამორწმუნეების ნდობას დავიმსახურებთ, რადგან მიხვდებიან, რომ სინამდვილეში ისეთები ვართ, როგორებიც გარეგნულად ვჩანვართ. ასეთი გულწრფელობა ქრისტიანებს შორის გულღია და ნამდვილი ურთიერთობის საწინდარია და კრებაში ერთმანეთის მიმართ ნდობაც დაისადგურებს.
„გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას“
21, 22. ა) როგორ დაკარგა სოლომონმა სიბრძნე? ბ) როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ სიბრძნეს და რა კურთხევებს მოგვიტანს ასე მოქცევა?
21 ღვთიური სიბრძნე ძღვენია იეჰოვასგან, რასაც გაფრთხილება სჭირდება. სოლომონმა თქვა: „შვილო . . . გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას“ (იგავები 3:21). სამწუხაროდ, სოლომონი ვერ გაუფრთხილდა მას. ის მანამდე იყო ბრძენი, სანამ მორჩილი გული ჰქონდა. მაგრამ ბოლოს, მისმა უცხოტომელმა ცოლებმა მისი გული იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას ჩამოაშორეს (1 მეფეები 11:1—8). ეს სავალალო შედეგი გვიჩვენებს, რომ ცოდნას ფასი არა აქვს, თუ მას სათანადოდ არ ვიყენებთ.
22 როგორ გავუფრთხილდეთ სიბრძნეს? ამისათვის არა მარტო ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების რეგულარული კითხვაა მნიშვნელოვანი, არამედ ნასწავლის თანახმად მოქმედებაც (მათე 24:45). იმედი არ გაგვიცრუვდება, თუ ღვთიურ სიბრძნეს გამოვიყენებთ. ეს ცხოვრების საუკეთესო გზაა. სიბრძნე დაგვეხმარება, ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს — სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 6:19). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთიური სიბრძნის შეძენა ყოველგვარი სიბრძნის წყაროსთან, იეჰოვა ღმერთთან, დაგვაახლოებს.
a 1 მეფეების 3:16-ის თანახმად, ეს ორი ქალი მეძავი იყო. „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ შენიშნავს: „როგორც ჩანს, ეს ქალები იმ გაგებით კი არ იყვნენ მეძავები, რომ სხეულით ვაჭრობდნენ, არამედ მრუშობა ჩაიდინეს. ისინი წარმოშობით ან იუდეველები იყვნენ, ან, რაც უფრო სავარაუდოა, უცხოელები“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
b ბერძნული სიტყვა, რომელიც „შერიგებად“ არის ნათარგმნი, განიმარტება, როგორც ისეთი ძირეული ცვლილებების მოხდენა, როგორიც მტრებს მეგობრებად აქცევს; ჰარმონიული ურთიერთობის აღდგენა. ასე რომ, შენი მიზანია, ცვლილება მოახდინო და განაწყენებულს, თუ შესაძლებელია, მტრული განწყობა გაუქარწყლო (რომაელები 12:18).
c სხვა თარგმანი ამ სიტყვებს ასე თარგმნის: „თანაგრძნობითა და კარგი საქმეებით სავსე“ (ჩარლზ უილიამსის თარგმანი).