ბიბლიის თვალსაზრისი
სატანას უნდა დავაბრალოთ ჩვენი ცოდვები?
პირველი ადამიანის ცოდვა სატანას დაბრალდა. „გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე“, — თქვა ევამ (დაბადება 3:13). იმ დროიდან „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“, კაცობრიობის წინააღმდეგ მძვინვარებს, ადამიანებს ‘გონებას უბრმავებს’ და ‘მთელ წუთისოფელს აცდუნებს’ (გამოცხადება 12:9; 2 კორინთელთა 4:4). ადამიანს არ შეუძლია მის ზეგავლენას გაექცეს. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ არ შეგვიძლია მის ზეგავლენას წინააღმდეგობა გავუწიოთ? ყოველთვის მისი ბრალია, როდესაც ვცოდავთ?
ბიბლია ხსნის, რომ სატანამ მართლაც აცდუნა ევა (1 ტიმოთე 2:14). ის შეცდომაში იყო შეყვანილი, რომ ღვთის ბრძანების დარღვევით ღვთის მსგავსი გახდებოდა და მის მსგავს დამოუკიდებლობას მიაღწევდა (დაბადება 3:4, 5). ყოველივე ამაზე ფიქრით მან შესცოდა. მაგრამ ღმერთმა პასუხი მას მოსთხოვა და სიკვდილი მიუსაჯა. რატომ? თუმცა სატანამ მოატყუა, ევამ კარგად იცოდა ღვთის ბრძანება. ის არ გამხდარა იძულებული, რომ დაუმორჩილებელი გამხდარიყო. მას სავსებით შეეძლო თავისი მოქმედებების გაკონტროლება, რომ წინააღმდეგობა გაეწია სატანის ზეგავლენისთვის.
ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევა
ჩვენ შეგვიძლია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს. ეფესელთა 6:12-ში ნათქვამია, რომ ‘ჩვენი ბრძოლა ცისქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგაა’. მაშ, ნათელია, რომ ღმერთი ჩვენგან სატანის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლას მოელის. მაგრამ როგორ შეუძლია ადამიანს წინააღმდეგობა გაუწიოს სატანისა და მისი დემონების ზეადამიანურ ძალას? მოგვეთხოვება არათანაბარ ბრძოლაში ომი, რომელსაც აუცილებლად წავაგებთ? არა, რადგანაც ღმერთი არ გვეუბნება, რომ ეშმაკს საკუთარი ძალით ვებრძოლოთ. იეჰოვა გვაძლევს მრავალ საშუალებას, რომლებითაც შეგვიძლია ეშმაკის ცდუნებებს წინააღმდეგობა გავუწიოთ და გავიმარჯვოთ. ბიბლია გვეუბნება, თუ ვინ არის ეშმაკი, როგორ მოქმედებს და როგორ შეგვიძლია დავიცვათ მისგან თავი (იოანე 8:44; 2 კორინთელთა 2:11; 11:14).
როგორ ‘აღვუდგეთ წინ ეშმაკს’
საღვთო წერილი ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ორი ნაბიჯის გადადგმას გვთავაზობს. ის გვირჩევს: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). პირველი ნაბიჯი — ღვთისადმი მორჩილება — შეიცავს მისი ბრძანებებისადმი მორჩილებას. ღვთის არსებობის, მისი სიკეთის, მისი შიშისმომგვრელი ძალისა და ძალაუფლების, დიდებული პრინციპების შესახებ თუ ყოველთვის გვეხსომება, ძალა მოგვეცემა, რომ სატანას წინააღვუდგეთ. იეჰოვასადმი ყოველთვის ლოცვაც დიდად მნიშვნელოვანია (ეფესელთა 6:18).
განვიხილოთ ის შემთხვევა, როცა იესო ეშმაკისგან გამოიცადა. ღვთის სხვადასხვა ბრძანებების გახსენება და ციტირება ნამდვილად დაეხმარა იესოს წინააღმდეგობის გაწევაში. რადგანაც სატანამ ვერ მოატყუა და ვერ შეაცოდინა იესოს, თავი მიანება. ამ განსაცდელის შემდეგ, იეჰოვამ თავისი ანგელოზების მეშვეობით გააძლიერა იესო (მათე 4:1–11). ამგვარად იესოს დარწმუნებით შეეძლო ეთქვა თავისი მოწაფეებისთვის, რომ ეთხოვათ ღვთისთვის: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ (მათე 6:13).
ღვთისგან ჩვენი ხსნა, იმას არ ნიშნავს, რომ გარს ფარებს შემოგვარტყამს. ნაცვლად ამისა ის გვეუბნება, რომ ვეძებოთ ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტება, სიმართლე, მშვიდობა და რწმენა. ესენი მოქმედებს როგორც „საჭურველი“, რაც საშუალებას გვაძლევს, ‘წინააღვუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას’ (ეფესელთა 6:11, 13–18). ასე რომ, ღვთის დახმარებით შესაძლებელია ეშმაკის ცდუნებებთან გამკლავება.
იაკობის 4:7-ში მოცემული რჩევის მეორე ნაბიჯი, ‘ეშმაკისადმი წინააღდგომაა’. ეს შეიცავს მტკიცე მოქმედებას: მისი მავნებელი ზეგავლენისგან გარიდებას. უნდა მოვერიდოთ მის მაცდურ ძალას და უარვყოთ მატერიალური შეხედულებები და უზნეობის მასწავლებელი ფილოსოფია, რომელიც ასე გავრცელებულია დღევანდელ წუთისოფელში. ეშმაკისთვის ასეთი წინააღმდეგობა და ღვთის გასახარებლად მისადმი სიცოცხლის მიძღვნა, ფასდაუდებელია სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ყველა ცოდვა სატანას ზეგავლენითაა?
ბრძოლა საკუთარ თავთან
ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის დამწერი, იაკობი, განმარტავს: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15). სამწუხაროდ, არ შეგვიძლია მთლიანად დავძლიოთ თანდაყოლილი სისუსტეები და არასრულყოფილება (რომაელთა 5:12). „არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს“, — ამბობს ბიბლია (ეკლესიასტე 7:20).
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცოდვა ჩვენდა უნებურად ხდება. ზოგჯერ მცდარი არჩევნებით თავს ცდუნებაში ვიგდებთ. თუმცა არასწორი სურვილი შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვენი არასრულყოფილებით ან სატანის ზეგავლენით, განვავითარებთ მას თუ უარვყოფთ, ჩვენზე არის დამოკიდებული. პავლე მოციქულმა ამიტომაც დაწერა: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7).
პასუხისმგებლობა
ხშირად ძნელია საკუთარი სისუსტეების, წარუმატებლობების, ნაკლოვანებების — დიახ, ცოდვების აღიარება (ფსალმუნი 35:3). ის, რაც დაგვეხმარება, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩადენილ ცოდვებს, იმის შეგნებაა, რომ ღმერთი ჩვენგან სრულყოფილებას არ მოითხოვს. „არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა დავითმა (ფსალმუნი 102:10). თუმცა ღმერთი შემწყნარებელია, ის მაინც მოელის ჩვენგან თავგამოდებულ ბრძოლას საკუთარი თავის გასაწვრთნელად, რომ ეშმაკის ცდუნებებსა და ცოდვისკენ მიდრეკილებებს წინააღმდეგობა გავუწიოთ (1 კორინთელთა 9:27).
ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ მართალია, ღმერთს ესმის, რომ ეშმაკს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს მოქმედებებზე და ის არის ძირითადად დამნაშავე კაცობრიობის ცოდვილ მდგომარეობაში, ეს არ გვხსნის პასუხისმგებლობას. ამიტომ რომაელთა 14:12 ამბობს: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“.
‘ბოროტების მორიდებითა’ და ‘კეთილზე მიკვრით’ შევძლებთ ბოროტებაზე გამარჯვებას (რომაელთა 12:9, 21). პირველმა ქალმა ევამ, ეს არ გააკეთა და დაუმორჩილებლობის გამო დაისაჯა. მას შეეძლო სატანისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ღმერთს დამორჩილებოდა (დაბადება 3:16). მაგრამ ღმერთმა ეშმაკის როლიც არ უგულებელყო მის შეცდენაში. ეშმაკი დაწყევლილი იყო და მსჯავრდადებული განადგურებისთვის (დაბადება 3:14, 15; რომაელთა 16:20; ებრაელთა 2:14). მალე მეტად აღარ დაგვჭირდება მისი ბოროტი ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლა (გამოცხადება 20:1–3, 10).
[საავტორო უფლება 24 გვერდზე]
Erich Lessing/Art Resource, NY