ხელახლა დაბადება გადარჩენის ერთადერთი გზაა?
ქრისტიანული რელიგიების მილიონობით მიმდევარს სწამს, რომ ხელახლა არის დაბადებული. მათ მიაჩნიათ, რომ ხელახლა დაბადება ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანია და გადარჩენის ერთადერთი გზაა. ისინი იზიარებენ რელიგიური წინამძღოლისა და თეოლოგის, რობერტ სპრაულის სიტყვებს: „თუ ადამიანი ხელახლა არ არის დაბადებული, . . ის ქრისტიანი არ არის“.
თქვენც გწამთ, რომ ხელახლა დაბადება გადარჩენის ერთადერთი გზაა? თუ დიახ, ალბათ, ძალიან გსურთ, დაეხმაროთ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ ისინიც ამ გზას დაადგნენ. მაგრამ ამისათვის მათ უნდა იცოდნენ, რა სხვაობაა ხელახლა დაბადებულ ადამიანსა და იმ ადამიანს შორის, ვინც ხელახლა არ დაბადებულა. როგორ აუხსნით სხვებს, რას ნიშნავს „ხელახლა დაბადება“?
ბევრის აზრით, „ხელახლა დაბადებული“ არის ის, ვინც გულწრფელად დებს აღთქმას, რომ ემსახურება ღმერთსა და ქრისტეს; ასეთი ადამიანი იცვლის ცხოვრების წესს და ღმერთთან კარგ ურთიერთობას ავითარებს.
რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბიბლია არ ეთანხმება ამ აზრს. გსურთ გაიგოთ, რას ასწავლის ღვთის სიტყვა სინამდვილეში ხელახლა დაბადების შესახებ? თქვენთვის სასარგებლო იქნება ამ საკითხის უკეთ გაგება, რადგან ხელახლა დაბადების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე და მომავლის შესახებ თქვენი მოლოდინი შეიცვლება.
რას გვასწავლის ბიბლია?
„ხელახლა დაბადება“ ბიბლიაში მხოლოდ ერთ ადგილას, იოანეს 3:1—12-ში გვხვდება. ამ მუხლებში აღწერილია იესოსა და იუდეველ რელიგიურ წინამძღოლს შორის გამართული საინტერესო საუბარი. ბიბლიის ეს მონაკვეთი მოყვანილია შემდეგ გვერდზე მოცემულ ჩარჩოში. კარგი იქნება, თუ მას გულდასმით წაიკითხავთ.
ამ საუბრის დროს იესომ „ხელახლა შობის“a რამდენიმე მხარეზე გაამახვილა ყურადღება. იესოს სიტყვების განხილვა ქვემოთ მოცემულ ხუთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხების გაცემაში დაგვეხმარება.
◼ რატომ არის აუცილებელი ხელახლა შობა?
◼ თავად წყვეტს ადამიანი, ხელახლა იშვება თუ არა?
◼ რა მიზანს ემსახურება ხელახლა შობა?
◼ როგორ ხდება ხელახლა შობა?
◼ როგორი ურთიერთობა აქვთ ხელახლა შობილებს ღმერთთან?
მოდი თანმიმდევრულად განვიხილოთ ეს საკითხები.
[სქოლიო]
a გამოთქმა „ხელახლა შობა“ გვხვდება 1 პეტრეს 1:3, 23-ში და ისიც „ხელახლა დაბადებაზე“ მიუთითებს. ორივე გამოთქმა მომდინარეობს ბერძნული ზმნიდან „იენაო“.
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
„ხელახლა უნდა დაიბადოთ“
«იყო ერთი ფარისეველი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მმართველი. ღამით იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „რაბი, ვიცით, რომ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან ვერავინ მოახდენს იმ ნიშნებს, შენ რომ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“. იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“. ნიკოდემემ ჰკითხა მას: „მოხუცი კაცი ხელახლა როგორღა დაიბადება? ხელმეორედ ხომ არ შევა დედამისის მუცელში და ისე ხომ არ დაიბადება?“ იესომ უპასუხა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში. ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი კი — სული. ნუ გიკვირს, რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. ქარი იქით უბერავს, საითაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“. ნიკოდემემ მიუგო მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ყოველივე ეს?“ იესომ უპასუხა: „ისრაელის მოძღვარი ხარ და როგორ არ იცი? ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას. თუ მიწიერზე გელაპარაკეთ და არ გწამთ, როგორ ირწმუნებთ, ზეციურზე რომ გელაპარაკოთ?“» (იოანე 3:1—12).