ემსახურეთ იეჰოვას, თავისუფლების ღმერთს!
„სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორ. 3:17).
1, 2. ა) რატომ სდევდა თან მონობასა და თავისუფლებაზე ფიქრი პავლეს დროს მცხოვრებ ხალხს? ბ) პავლეს სიტყვების თანახმად, ვინ არის ნამდვილი თავისუფლების წყარო?
რომის იმპერიაში, სადაც პირველი ქრისტიანებიც ცხოვრობდნენ, ხალხი ამაყობდა თავიანთი კანონებით, სამართლითა და თავისუფლებით. თუმცა რომის იმპერიამ დიდება და ძალაუფლება, ძირითადად, მონების ხარჯზე მოიპოვა. იყო დრო, როცა ამ იმპერიაში თითქმის ყოველი მესამე ადამიანი მონა იყო. ამიტომ ეჭვგარეშეა, უბრალო ხალხს, მათ შორის ქრისტიანებს, მონობასა და თავისუფლებაზე ფიქრი მუდამ თან სდევდა.
2 მოციქული პავლე თავის წერილებში ხშირად საუბრობდა თავისუფლებაზე. მაგრამ მისი მიზანი სოციალური თუ პოლიტიკური რეფორმების გატარება არ ყოფილა, რისკენაც იმ დროს მცხოვრები ბევრი ადამიანი ილტვოდა. მოციქული არც მმართველებზე და არც თავისუფლებისთვის მებრძოლთა რომელიმე ჯგუფზე ამყარებდა იმედს. ის და სხვა ქრისტიანები ყველანაირად ცდილობდნენ, ხალხის ყურამდე მიეტანათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა და მათთვის იესო ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის ფასი დაენახვებინათ. პავლემ თანაქრისტიანებს შეახსენა, ვინ იყო ნამდვილი თავისუფლების წყარო. მაგალითად, კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ მეორე წერილში ის არაორაზროვნად ამბობს: „იეჰოვა სულია და სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორ. 3:17).
3, 4. ა) პავლეს რომელი სიტყვები უძღვის წინ 2 კორინთელების 3:17-ს? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვასგან მომდინარე თავისუფლება მივიღოთ?
3 კორინთელებისთვის მიწერილ ამავე წერილში პავლე ამბობს, რომ სინას მთაზე იეჰოვას ანგელოზთან საუბრის შემდეგ უკან დაბრუნებულ მოსეს სახეზე დიდება ჰქონდა მოფენილი. ამის დანახვამ ხალხი შეაშინა, რის გამოც მოსე „სახეზე რიდეს იფარებდა“ (გამ. 34:29, 30, 33; 2 კორ. 3:7, 13). მაგრამ რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში: „როცა იეჰოვას უბრუნდებიან, რიდე ეხდებათ“? (2 კორ. 3:16).
4 როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, მხოლოდ იეჰოვას, სამყაროს შემოქმედს აქვს აბსოლუტური და შეუზღუდავი თავისუფლება. სწორედ ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“. მაგრამ, თუ გვსურს, რომ ჩვენც მივიღოთ ეს თავისუფლება, უნდა დავუბრუნდეთ იეჰოვას, ანუ ახლო ურთიერთობა უნდა განვივითაროთ მასთან. უდაბნოში ყოფნისას ისრაელებს სულიერი ხედვა აკლდათ და მხოლოდ ადამიანური გადასახედიდან აფასებდნენ მდგომარეობას. მათ გულსა და გონებაზე თითქოს რიდე ჰქონდათ ჩამოფარებული, რადგან ეგვიპტის მონობიდან დახსნილნი თავიანთ თავისუფლებას მხოლოდ ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ (ებრ. 3:8—10).
5. ა) როგორი თავისუფლება მოაქვს იეჰოვას სულს? ბ) საიდან ვიცით, რომ ვერც მონობა და ვერც პატიმრობა ვერ წაგვართმევს იეჰოვასგან ბოძებულ თავისუფლებას? გ) რომელ კითხვებზე გავიგებთ პასუხს?
5 თავისუფლება, რომელიც იეჰოვას სულისგან მომდინარეობს, პირდაპირი გაგებით მონობისგან გათავისუფლებაზე ბევრად მეტია. ის აღემატება ნებისმიერი სახის თავისუფლებას, რომლის მოპოვების იმედიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. იეჰოვას სული გვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან, აგრეთვე ცრუ თაყვანისმცემლობისა და მისი წეს-ჩვეულებებისგან (რომ. 6:23; 8:2). რა შეედრება ასეთ თავისუფლებას! მას ვერც პატიმრობა წაართმევს ადამიანს და ვერც მონობა (დაბ. 39:20—23). ამის კარგი მაგალითები არიან ნენსი იუენი და ჰაროლდ კინგი, რომლებმაც რწმენის გამო არაერთი წელი გაატარეს ციხის კედლებში. მათი ისტორიების მოსმენა შეგიძლიათ JW მაუწყებლობაზე (იხილეთ ინტერვიუები და შემთხვევები / განსაცდელების პირისპირ). მოდი გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ თავისუფლებას და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თავისუფლება გონივრულად გამოვიყენოთ.
ღვთისგან ბოძებული თავისუფლების დაფასება
6. როგორ გამოავლინეს ისრაელებმა იეჰოვას მიერ ბოძებული თავისუფლებისადმი უმადურობა?
6 როცა კარგად გვესმის საჩუქრის ფასი, მადლიერებას გამოვხატავთ დამსაჩუქრებლის მიმართ. ისრაელებმა არ დააფასეს იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება. ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეც არ იყო გასული, რომ ისრაელებმა უმადურობა გამოავლინეს იეჰოვას მზრუნველობის მიმართ, რომელიც მანანით კვებავდა მათ; ისინი ეგვიპტის საჭმელ-სასმელს მისტიროდნენ და უკან დაბრუნებაც კი უნდოდათ. წარმოიდგინეთ, მათთვის თევზი, კიტრი, საზამთრო, პრასი, ხახვი და ნიორი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება, რაც მათ დაუბრკოლებლად თაყვანისცემის საშუალებას აძლევდა. ამიტომ არ გვიკვირს, რატომ განურისხდა იეჰოვა თავის ხალხს (რიცხ. 11:5, 6, 10; 14:3, 4). რა კარგი გაკვეთილია ეს ჩვენთვის!
7. როგორ მოქმედებდა პავლე 2 კორინთელების 6:1-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
7 პავლე მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა, არ გაეუფასურებინათ იეჰოვასგან მიღებული თავისუფლება, რომელიც მან თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ყველას უბოძა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:1). ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობა პავლე მოციქულს შინაგანად ტანჯავდა. ის თავს საწყალ ადამიანად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, მან თქვა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“. შემდეგ კი მიზეზი ახსნა: „რადგან სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან“ გაგვათავისუფლა (რომ. 7:24, 25; 8:2). პავლეს მსგავსად, არასდროს უნდა გავაუფასუროთ ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დაგვიხსნა. გამოსასყიდის მეშვეობით შეგვიძლია სუფთა სინდისით ვემსახუროთ ღმერთს და ამით ნამდვილი სიხარული განვიცადოთ (ფსალმ. 40:8).
8, 9. ა) რა გაფრთხილება მოგვცა პეტრე მოციქულმა თავისუფლების გამოყენებასთან დაკავშირებით? ბ) რა საფრთხის წინაშე ვართ დღეს?
8 მადლიერების გამოვლენის გარდა, სიფრთხილე გვმართებს, რომ ბოროტად არ გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება. პეტრე მოციქულის გაფრთხილების თანახმად, თავისუფლება იმისთვის არ უნდა გამოვიყენოთ, რომ გამართლება მოვუძებნოთ ხორციელი სურვილების აყოლას (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:16). განა ასე არ დაემართათ ისრაელებს უდაბნოში?! საფრთხე ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს და შეიძლება ის გაცილებით დიდიც იყოს. სატანა და მისი ქვეყნიერება ჩაცმულობასა თუ გარეგნობასთან, საჭმელ-სასმელთან, გართობასა თუ დასვენებასთან და სხვა უამრავ რამესთან დაკავშირებით დიდ არჩევანს გვთავაზობს. სარეკლამო ინდუსტრიის თანამშრომლებს ჭკვიანური გათვლა აქვთ. ისინი მიმზიდველი გარეგნობის მოდელებს იყენებენ, რათა დაგვარწმუნონ, რომ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ესა თუ ის ნივთი, არადა სინამდვილეში ის საერთოდ არ გვჭირდება. შეიძლება ადვილად წამოვეგოთ მათ ანკესს და არასწორად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება.
9 პეტრე მოციქულის რჩევა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებსაც მოიცავს, როგორიცაა განათლება, სამუშაო და კარიერა. მაგალითად, ახალგაზრდებს სკოლაში სთხოვენ, ბევრი იშრომონ, რათა პრესტიჟულ სასწავლებლებში მოხვდნენ და უმაღლესი განათლება მიიღონ. მასწავლებლები მათ არწმუნებენ, რომ უმაღლესი განათლება მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამსახურის გარანტიაა. ისინი იშველიებენ სტატისტიკას, რათა მოსწავლეებს დაანახვონ, რომ უმაღლესდამთავრებულები გაცილებით მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სკოლადამთავრებულები. უმაღლესი განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს. ამ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს მათი ცხოვრება. რა უნდა ახსოვდეთ მსგავს სიტუაციაში მყოფ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს?
10. რა უნდა გვახსოვდეს, როცა ამა თუ იმ საკითხში პირად არჩევანს ვაკეთებთ?
10 ვინაიდან ასეთი საკითხები პირადი გადასაწყვეტია, ზოგი ფიქრობს, რომ შეუძლია აირჩიოს ის, რაც მის გულს ესიამოვნება, მით უმეტეს, თუ ამის უფლებას სინდისი აძლევს. შესაძლოა ისინი ფიქრობენ სიტყვებზე, რომლებიც პავლემ კორინთელ ქრისტიანებს საკვებთან დაკავშირებით უთხრა: „რატომ უნდა გასამართლდეს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?“ (1 კორ. 10:29). მართალია, ჩვენ შეგვიძლია პირადად გავაკეთოთ არჩევანი ისეთ საკითხებში, როგორიცაა განათლება და კარიერა, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენი თავისუფლება შეფარდებითია და ჩვენი გადაწყვეტილებები აუცილებლად მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგამდე. სწორედ ამიტომ თქვა პავლე მოციქულმა: „ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს“ (1 კორ. 10:23). აქედან ვხედავთ, რომ არსებობს ჩვენს შეხედულებებსა თუ სურვილებზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც არჩევანის გაკეთებისას უნდა გავითვალისწინოთ.
იეჰოვასადმი მსახურებით ცხადვყოფთ, რომ გონივრულად ვიყენებთ ჩვენს თავისუფლებას
11. რატომ გაგვათავისუფლა იეჰოვამ?
11 თავისუფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბრისას პეტრემ აღნიშნა, თუ რა მიზანი უნდა გვქონდეს. მან გვირჩია, რომ ჩვენი თავისუფლება ისე გამოვიყენოთ, „როგორც ღვთის მონებმა“. იეჰოვამ იმ მიზეზით გაგვათავისუფლა იესოს მეშვეობით ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან, რომ მთელი სიცოცხლე მისთვის გვემსახურა, „როგორც ღვთის მონებს“.
12. რა მაგალითი დაგვიტოვეს ნოემ და მისმა ოჯახმა?
12 ბოროტად რომ არ გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება და კვლავ არ დავემონოთ ქვეყნიურ ამბიციებსა თუ სურვილებს, აუცილებელია, სრულად ჩავებათ სულიერ საქმეებში (გალ. 5:16). დავფიქრდეთ ნოესა და მისი ოჯახის მაგალითზე. ისინი მოძალადე და ზნედაცემულ ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, მათზე გავლენა ვერ მოახდინა ირგვლივ მცხოვრები ხალხის მისწრაფებებმა და სურვილებმა. როგორ დაიცვეს მათ თავი? ისინი სრულად იყვნენ დაკავებულები იმ საქმით, რომელიც იეჰოვამ დაავალა — აშენებდნენ კიდობანს, იმარაგებდნენ საკვებს თავისთვისაც და ცხოველებისთვისაც და ხალხს გამაფრთხილებელ ცნობას გადასცემდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბ. 6:22). შედეგად, ქვეყნიერების აღსასრულს ნოეც გადაურჩა და მისი ოჯახიც (ებრ. 11:7).
13. რა დავალება მიიღო იესომ და ჩვენ რა გვაქვს მისგან დავალებული?
13 დღეს რა დავალებას გვაძლევს იეჰოვა? ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა იესოს ქადაგება დაავალა, იესომ კი ჩვენ დაგვავალა ამ საქმის შესრულება (წაიკითხეთ ლუკას 4:18, 19). დღეს ადამიანთა უმრავლესობას ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ცრუ რელიგიის, მატერიალიზმისა და პოლიტიკური სისტემის მონები არიან (2 კორ. 4:4). ჩვენთვის დიდი პატივია, იესოს მსგავსად გავაცნოთ ადამიანებს იეჰოვა, თავისუფლების ღმერთი, და დავეხმაროთ, რომ ისინიც მისი თაყვანისმცემლები გახდნენ (მათ. 28:19, 20). ამ დავალების შესრულება ადვილი არ არის და მას მრავალი სირთულე ახლავს თან. ზოგ ქვეყანაში ხალხი გულგრილი გახდა სასიხარულო ცნობის მიმართ, ზოგან კი მტრულადაც კი არიან განწყობილნი ჩვენდამი. თითოეული უნდა დავფიქრდეთ: „შემიძლია ჩემი თავისუფლება უფრო სრულად გამოვიყენო სამეფოს საქმის მხარდასაჭერად?“.
14, 15. როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ხალხს სამქადაგებლო საქმის მიმართ? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)
14 ბევრს ესმის, რომ ახლა დაყოვნების დრო არ არის, ამიტომ იმარტივებენ ცხოვრებას და სრული დროით მსახურებას იწყებენ, რაც ძალიან გამამხნევებელია (1 კორ. 9:19, 23). ზოგიერთი მათგანი იმ ტერიტორიაზე მსახურობს, სადაც ცხოვრობს, სხვები კი იქ გადადიან, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პიონერების რიცხვი 250 000-ზე მეტით გაიზარდა და 1 100 000-ს გადააჭარბა. რა შესანიშნავია, რომ ბევრი თავისუფლებას იეჰოვას მსახურებისთვის იყენებს! (ფსალმ. 110:3).
15 რა დაეხმარა ამ და-ძმებს, რომ გონივრულად გამოეყენებინათ თავისუფლება? განვიხილოთ ჯონისა და ჯუდითის მაგალითი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში იმსახურეს. მათ გაიხსენეს, რომ 1977 წელს, როცა პიონერული მსახურების სკოლა ჩამოყალიბდა, პიონერებს ხშირად მოუწოდებდნენ, იქ გადასულიყვნენ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამ მიზნისთვის რომ მიეღწიათ და კვლავაც უბრალოდ ეცხოვრათ, ჯონს ბევრჯერ მოუწია სამსახურის შეცვლა. საბოლოოდ, ამ წყვილმა შეძლო უცხო ქვეყანაში გადასვლა. მათ ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა დაეხმარა ისეთი სირთულეების დაძლევაში, როგორიცაა ახალი ენის შესწავლა და ახალ კულტურასა თუ რთულ კლიმატურ პირობებთან შეგუება. რას ფიქრობენ ისინი განვლილ წლებზე? ჯონი ამბობს: «ეს იყო საუკეთესო საქმე, რაც კი ოდესმე მიკეთებია. იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე მამა, უფრო რეალური გახდა ჩემთვის. ახლა უკეთ მესმის იაკობის 4:8-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი — კმაყოფილებითა და აზრით აღსავსე ცხოვრება».
16. როგორ გამოიყენა ათასობით და-ძმამ თავისუფლება გონივრულად?
16 ჯონისა და ჯუდითისგან განსხვავებით ზოგს მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ დიდხანს იმსახუროს სრული დროით. მიუხედავად ამისა, ბევრი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს მთელ მსოფლიოში მიმდინარე თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში. მაგალითად, მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაზე უორიკში (ნიუ-იორკი) დაახლოებით 27 000-მა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა. ზოგი ორი კვირა ან რამდენიმე თვე მსახურობდა, სხვები კი — ერთი წელი ან მეტი. ბევრმა მათგანმა ამისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ჩვენი და-ძმები ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას იეჰოვას განსადიდებლად!
17. რა დიდებული მომავალი ელის მათ, ვინც დღეს ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას გონივრულად იყენებს?
17 ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ვიცნობთ იეჰოვას და ვტკბებით იმ თავისუფლებით, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მოაქვს. დაე ჩვენმა გადაწყვეტილებებმა ცხადყოს, რომ ვაფასებთ ამ თავისუფლებას. ნაცვლად იმისა, რომ ბოროტად გამოვიყენოთ ის, მოდი ვისარგებლოთ ამ თავისუფლებით და შეძლებისდაგვარად სრულად ჩავებათ იეჰოვას მსახურებაში. თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია მთელი გულით დაველოდოთ დროს, როცა შესრულდება იეჰოვას დაპირება: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21).