‘ყოველდღე მომყევით მე’
„ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21).
1, 2. რატომ არ არის ჩვენთვის მეტისმეტად რთული, მივბაძოთ იესოს, როგორც მასწავლებლის, სრულყოფილ მაგალითს?
იესო ქრისტე დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული მასწავლებელი იყო. ის სრულყოფილიც იყო, მას ხომ დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში არასდროს შეუცოდავს (1 პეტრე 2:22). მაგრამ ნიშნავს ეს, რომ, ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, არ შეგვიძლია იესოს მიერ დატოვებული მაგალითის მიბაძვა? სრულებითაც არა.
2 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოს სწავლებას საფუძვლად სიყვარული ედო. სიყვარულის განვითარება კი ყოველ ჩვენგანს შეუძლია. ღვთის სიტყვა ხშირად მოგვიწოდებს, გავიზარდოთ და გავუმჯობესდეთ სხვებისადმი სიყვარულში (ფილიპელთა 1:9; კოლასელთა 3:14). იეჰოვა არასდროს მოელის თავისი ქმნილებებისგან იმას, რისი კეთებაც მათ ძალებს აღემატება. ფაქტობრივად, რადგან „ღმერთი სიყვარულია“, ჩვენ კი მის ხატად ვართ შექმნილი, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა ჩვენში სიყვარულის გამოვლენის უნარი ჩადო (1 იოანე 4:8; დაბადება 1:27). ამგვარად, როდესაც ამ სტატიის დასაწყისში წამყვან მუხლად მოყვანილ მოციქულ პეტრეს სიტყვებს ვკითხულობთ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ წარმატებაში. ჩვენ შეგვიძლია ფეხდაფეხ მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს. ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია დავემორჩილოთ იესოს მოწოდებას: ‘ყოველდღე მომყევით მე’ (ლუკა 9:23). მოდი განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს სიყვარულის გამოვლენაში ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ის ასწავლიდა, და ადამიანებისადმი, ვისაც ის ასწავლიდა.
განვივითაროთ სიყვარული ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ვსწავლობთ
3. რატომ უჭირს ზოგს სწავლა, მაგრამ რა დარიგებაა მოცემული იგავნის 2:1—5–ში?
3 თუ გვინდა, რომ დაინტერესებულმა სიყვარული განივითაროს ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ვასწავლით, პირველ რიგში თავად უნდა გვიყვარდეს მისი სწავლა. ჩვენს დროში, ასეთი სიყვარულის განვითარება ყოველთვის იოლი როდია. ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა განათლების დაბალი დონე და მოზარდობის პერიოდში ჩამოყალიბებული ცუდი ჩვევები, მრავალს სწავლის სურვილი დაუკარგა. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ იეჰოვასგან. იგავნის 2:1—5–ში ნათქვამია: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას“.
4. რა ნიშნავს გამოთქმა „გული გეწეოდეს“ და როგორი დამოკიდებულება დაგვეხმარება ასე მოქცევაში?
4 ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველ ოთხ მუხლში კვლავ და კვლავ გაისმის მოწოდება, რომ მთელი ძალით ვეცადოთ, არა მარტო ‘მივიღოთ’ და ‘დავიცვათ’ ჭეშმარიტება, არამედ ‘მისი შოვნის წადილი გვქონდეს’ და ‘დავუწყოთ ძებნა’. მაგრამ რა გვაძლევს ყოველივე ამის კეთების სტიმულს? მოდი ყურადღება მივაქციოთ ფრაზას „გული გონიერებისკენ გეწეოდეს“. ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ ეს დარიგება „არ არის მხოლოდ ყურადღებიანობის გამოვლენისკენ მოწოდება; ეს არის მოთხოვნა, რომ ადამიანმა გარკვეული გონება–განწყობილება შეინარჩუნოს ანუ მზად იყოს ცოდნის შესაძენად“. რა განგვივითარებს იეჰოვასგან სწავლის სურვილს? ამ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება. „ღვთის შემეცნება“ ჩვენთვის „ვერცხლივით“ და „განძივით“ უნდა ფასობდეს.
5, 6. ა) რა შეიძლება მოხდეს დროთა განმავლობაში და როგორ შეგვიძლია ამის თავიდან არიდება? ბ) რატომ უნდა გავიმდიდროთ ბიბლიიდან მიღებული შემეცნების საგანძური?
5 ასეთი თვალსაზრისის განვითარება რთული როდია. მაგალითად, „ღვთის შემეცნებაში“, რომელიც მიიღე, ისიც შედის, რომ იეჰოვას განზრახული აქვს, ერთგულმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (ფსალმუნი 36:28, 29). როდესაც პირველად გაიგეთ ჭეშმარიტება ამის შესახებ, უეჭველია, ეს ცოდნა თქვენთვის ნამდვილი განძივით იყო, რომელმაც იმედითა და სიხარულით აგივსოთ გული. ახლა როგორღა უყურებთ ამ განძს? დროთა განმავლობაში ხომ არ დაუკარგავს მას თავისი ბრწინვალება? თუ დიახ, მაშინ ორი რამის გაკეთება მოგიწევთ. პირველი, კვლავ გააღვივეთ მადლიერების გრძნობა; რეგულარულად იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ უნდა დააფასოთ იეჰოვასგან ნასწავლი ჭეშმარიტება, თუნდაც მრავალი წლის წინათ ნასწავლი.
6 მეორე, განუწყვეტლივ შეჰმატეთ რამე თქვენს საგანძურს. დავუშვათ, რომ მიწის თხრისას ძვირფას ქვას მიაგენით; განა დასჯერდებით ამას, ჯიბეში ჩაიდებთ ქვას და კმაყოფილი წახვალთ სახლში? თუ განაგრძობთ თხრას უფრო მეტის პოვნის იმედით? ღვთის სიტყვა სავსეა ძვირფასი ჭეშმარიტებით, რომელიც ძვირფას ქვებსა თუ თვითნაბად ვერცხლს შეიძლება შევადაროთ. იმისდა მიუხედავად, უკვე რამდენი ასეთი ქვა გაქვთ ნაპოვნი, უფრო მეტის პოვნა შეგიძლიათ (რომაელთა 11:33). როდესაც კიდევ ერთ ძვირფას ქვას აღმოაჩენთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რით არის ეს ქვა ძვირფასი? მეხმარება ის, რომ უკეთ ჩავწვდე იეჰოვას პიროვნებასა თუ მის განზრახვას? მაძლევს რაიმე პრაქტიკულ რჩევას, რაც იესოს კვალდაკვალ მიყოლაში დამეხმარება? ასეთ კითხვებზე დაფიქრება იეჰოვასგან ნასწავლი ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის განვითარებაში დაგეხმარებათ.
გამოვავლინოთ სიყვარული ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ვასწავლით
7, 8. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ სხვებს, რომ გვიყვარს ბიბლიიდან ნასწავლი ჭეშმარიტება? მოიყვანეთ მაგალითი.
7 როგორ გამოვავლინოთ ღვთის სიტყვიდან ნასწავლი ჭეშმარიტებისადმი სიყვარული, როდესაც სხვებს ვასწავლით? იესოს მაგალითის მიბაძვით, ქადაგებისა და სწავლებისას ძირითადად ბიბლიის გამოყენებით. ამ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში ღვთის ხალხს მოუწოდებენ, რომ ბიბლია უფრო მეტად გამოიყენონ მსახურებაში. თუ ამ რჩევას იყენებთ, ეცადეთ მობინადრეს დაანახვოთ, რომ თავადვე აფასებთ იმას, რასაც ბიბლიიდან უკითხავთ (მათე 13:52).
8 მაგალითად, გასულ წელს ნიუ–იორკში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ერთი ქრისტიანი და ხალხს, რომელსაც მსახურების დროს ხვდებოდა, ფსალმუნის 45:2, 12–ს უკითხავდა. თავდაპირველად, ის ეკითხებოდა მათ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ ტრაგედიის შედეგებს. შემდეგ ყურადღებით ისმენდა მათ პასუხებს და ეუბნებოდა: „მინდა წაგიკითხოთ ორი ბიბლიური მუხლი, რომლებიც პირადად მე ძალიან დამეხმარა ამ რთულ პერიოდში“. უმეტესობამ მოუსმინა მას, მრავალთან კი შესანიშნავი საუბარიც შედგა. ახალგაზრდებთან საუბრისას ეს და ხშირად ამბობს: „აგერ უკვე 50 წელია, რაც ბიბლიას ვასწავლი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ არ შემხვედრია პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ეს წიგნი არ დამხმარებოდა“. თუ გულწრფელად და ენთუზიაზმით ვესაუბრებით ადამიანებს, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ღვთის სიტყვიდან ნასწავლს და გვიყვარს ის (ფსალმუნი 118:97, 105).
9, 10. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის გამოყენება, როდესაც მრწამსთან დაკავშირებულ კითხვებზე ვცემთ პასუხს?
9 ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის გამოვლენის კარგი საშუალება მაშინ გვეძლევა, როდესაც ჩვენი მრწამსის შესახებ გვეკითხებიან. თუ იესოს მაგალითს ვბაძავთ, ჩვენს პასუხებს საკუთარ იდეებზე არ დავაფუძნებთ (იგავნი 3:5, 6). ნაცვლად ამისა, პასუხებს ბიბლიის საშუალებით გავცემთ. ხომ არ შიშობთ, რომ შეიძლება ისეთი კითხვა დაგისვან, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ? განვიხილოთ, რომელი ორი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით.
10 შეძლებისდაგვარად კარგად მოემზადეთ. მოციქული პეტრე წერდა: „წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა–განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). მზად ხართ თქვენი მრწამსის დასაცავად? მაგალითად, როდესაც ვინმე გეკითხებათ, თუ რატომ არ იღებთ მონაწილეობას რომელიმე არაბიბლიურ დღესასწაულსა თუ წეს-ჩვეულებაში, მხოლოდ იმის თქმას ნუ დასჯერდებით: „ეს ჩემს რელიგიას ეწინააღმდეგება“. ასეთი პასუხი ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ეს მხოლოდ თქვენი აზრია და რომელიღაც სექტას მიეკუთვნებით. უმჯობესი იქნებოდა, თუ ეტყოდით: „ღვთის სიტყვა, ბიბლია, კრძალავს ამას“ ან „ამით გულს ვატკენ ღმერთს“ და შემდეგ კი სათანადოდ აუხსნიდით ამ საკითხს (რომაელთა 12:1).
11. რა დაგვეხმარება, ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების შესახებ წამოიჭრება?
11 თუ ფიქრობთ, რომ კარგად არ ხართ მომზადებული, კარგი იქნებოდა, გამოგეკვლიათ ბროშურა „თემები ბიბლიური საუბრებისათვის“ ან წიგნი „მსჯელობა წერილების საფუძველზე“a, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენს ენაზე. შეარჩიეთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც შესაძლებელია სხვასთან საუბრისას დაგჭირდეთ და შეეცადეთ, დაიმახსოვროთ მასთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები. ყოველთვის თან გქონდეთ ბროშურა „თემები ბიბლიური საუბრებისთვის“ და ბიბლია. თავისუფლად გამოიყენეთ ორივე; შეგიძლიათ თქვათ, რომ ბიბლიურ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად ამ დამხმარე საშუალების გამოყენება გსურთ.
12. რა შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც არ ვიცით, რა ვუპასუხოთ ბიბლიურ შეკითხვაზე?
12 მეტისმეტად ნუ ინერვიულებთ. არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ამგვარად, როდესაც ვერ პასუხობთ ბიბლიურ შეკითხვას, ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ: „დიდი მადლობა, რომ ასეთი საინტერესო შეკითხვა დამისვით. სიმართლე გითხრათ, ახლა ვერ გიპასუხებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიაში აუცილებლად იქნება ამის პასუხი. მიყვარს ბიბლიის კვლევა, ამიტომ უფრო ღრმად გამოვიკვლევ თქვენს შეკითხვას და მომდევნო შეხვედრისას გიპასუხებთ“. ასეთი გულწრფელი და თავმდაბლური პასუხი მომავალი შეხვედრისთვის კარგ საფუძველს მოამზადებს (იგავნი 11:2, „ბიბლია“, 2001).
სიყვარული გამოვავლინოთ მათდამი, ვისაც ვასწავლით
13. რატომ არ უნდა დავკარგოთ იმედი მათთან დაკავშირებით, ვისაც ვუქადაგებთ?
13 იესო სიყვარულს ავლენდა მათდამი, ვისაც ასწავლიდა. როგორ შეგვიძლია მას მივბაძოთ? იმით, რომ არასოდეს გავხდეთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისადმი გულგრილნი. ფაქტია, „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღე“, როდესაც მილიარდობით ადამიანი განადგურდება, ძალიან ახლოსაა (გამოცხადება 16:14; იერემია 25:33). მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ გადარჩება და ვინ — არა. ამას მომავალი გვიჩვენებს, როცა განაჩენს გამოიტანს იესო ქრისტე, რომელსაც იეჰოვამ გადასცა სამსჯავრო. სანამ ეს მოხდება, თითოეულ ადამიანს ისე უნდა ვუყუროთ, როგორც იეჰოვას მომავალ მსახურს (მათე 19:24—26; 25:31—33; საქმეები 17:31).
14. ა) როგორ შეგვიძლია გავერკვეთ საკუთარ თავში, ვართ თუ არა სხვების მიმართ თანამგრძნობი? ბ) როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად გამოვავლინოთ სხვებისადმი თანაგრძნობა და ყურადღება?
14 ასე რომ, იესოს მსგავსად, ვცდილობთ, თანავუგრძნოთ ხალხს. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: შემტკივა გული მათზე, ვინც მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა წუთისოფლის რელიგიურმა, პოლიტიკურმა თუ კომერციულმა სამყარომ? თუ ისინი გულგრილნი არიან იმ ცნობისადმი, რომელსაც გადავცემთ, ვცდილობ იმის გარკვევას, თუ რატომ? ვაღიარებ თუ არა, რომ ერთ დროს მეც და სხვებიც, რომლებიც ამჟამად იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან, იმავე მდგომარეობაში ვიყავით? ვცდილობ, ყველას თავისი გასაღები მოვუძებნო? თუ, ასეთ ადამიანებზე ხელი მაქვს ჩაქნეული? (გამოცხადება 12:9). როდესაც ხალხი ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ხედავს, უკეთესად ეხმაურება ჩვენს ცნობას (1 პეტრე 3:8). თანაგრძნობა აღგვძრავს, მეტი ყურადღებით მოვეპყროთ მათ, რომლებსაც მსახურების დროს ვხვდებით. ამიტომ შეგვიძლია მოკლედ ჩავიწეროთ, რა გვკითხეს ან რა აწუხებთ. ამგვარად, განმეორებითი მონახულებისას ვაჩვენებთ, რომ ვიფიქრეთ იმაზე, რაც წინა შეხვედრის დროს გვითხრეს. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია პრაქტიკული დახმარებაც შევთავაზოთ.
15. რატომ უნდა ვეძებოთ ადამიანებში კარგი თვისებები და როგორ შეგვიძლია ამის კეთება?
15 იესოს მსგავსად, ჩვენც კარგ თვისებებს ვეძებთ ადამიანებში. შესაძლოა, მარტოხელა მშობელი დიდ ძალისხმევას ახმარს შვილების აღზრდას. ოჯახის თავი ძალ–ღონეს არ იშურებს თავისი სახლეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასაკოვანი ადამიანი სულიერი საკითხებისადმი ინტერესს ავლენს. ვამჩნევთ თუ არა ყოველივე ამას იმ ადამიანებში, რომლებსაც ვხვდებით, და ვაქებთ მათ ამისათვის? ამგვარად მოქმედებით შევძლებთ ხალხთან საერთო ენის გამონახვას, რაც მათთან სამეფოს შესახებ საუბრის საშუალებას მოგვცემს (საქმეები 26:2, 3).
სიყვარულის გამოვლენისას მნიშვნელოვანია თავმდაბლობა
16. რატომ არის მნიშვნელოვანი სიმშვიდისა და მოკრძალების გამოვლენა მათდამი, ვისაც ვუქადაგებთ?
16 მათდამი სიყვარული, ვისაც ვასწავლით, აღგვძრავს, ყურად ვიღოთ ბრძნული ბიბლიური რჩევა: „ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1). იესო უდიდეს ცოდნას ფლობდა, მაგრამ ამაყი არასდროს ყოფილა. როდესაც თქვენი მრწამსის შესახებ საუბრობთ, მოერიდეთ კამათის სულს და ქედმაღლობას. ჩვენი მიზანი ხომ ისაა, რომ შევეხოთ ადამიანის გულს და მივიზიდოთ ჭეშმარიტებისკენ, რომელიც ძალიან გვიყვარს (კოლასელთა 4:6). გახსოვდეთ, როდესაც პეტრე ქრისტიანებს ურჩევდა, მზად ყოფილიყვნენ რწმენის დასაცავად, ისიც დასძინა, რომ ეს „სიმშვიდით და მოწიწებით“ უნდა ეკეთებინათ (1 პეტრე 3:15). თუ მშვიდი და მოკრაძალებული ვართ, უკეთ მივიზიდავთ ადამიანებს ჩვენი ღმერთისკენ, რომელსაც თავად ვემსახურებით.
17, 18. ა) როგორ უნდა გამოვეხმაუროთ იმ კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებსაც მსახურებად ჩვენს ვარგისიანობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ ხოლმე? ბ) რატომ არ არის ბიბლიის შემსწავლელებისთვის აუცილებელი ძველი ენების ცოდნა?
17 სრულებითაც არ არის საჭირო, რომ ადამიანებზე ჩვენი ცოდნით ან განათლებით მოვახდინოთ შთაბეჭდილება. გულს ნუ გაიტეხთ, თუ თქვენს ტერიტორიაზე ხვდებით ისეთებს, რომლებიც მხოლოდ იმათ უსმენენ, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ. იესო სულაც არ აქცევდა ყურადღებას, როცა ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მას იმდროინდელ რაბინთა ცნობილ სკოლებში არ უსწავლია. არც ამის შესახებ ფართოდ გავრცელებულ აზრს იზიარებდა და არ ცდილობდა, ადამიანებზე შთაბეჭდილება თავისი უსაზღვრო ცოდნით მოეხდინა (იოანე 7:15).
18 ქრისტიანი მსახურებისთვის თავმდაბლობა და სიყვარული ნებისმიერი სახის განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ხომ დიდებული მოძღვარი, იეჰოვა, გვამზადებს მსახურებად (2 კორინთელთა 3:5, 6). მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი სასულიერო პირი, ღვთის სიტყვის მასწავლებლები რომ გავხდეთ, არ გვჭირდება იმ ძველი ენების სწავლა, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ მისი შთაგონებით ბიბლია ისეთი ნათელი და კონკრეტული სიტყვებით დაწერილიყო, რომ, ფაქტობრივად, ყველას დაენახა მასში ჩადებული ძვირფასი ჭეშმარიტება. თუმცა ღვთის სიტყვა ასობით ენაზე ითარგმნა, ეს ჭეშმარიტება უცვლელად შენარჩუნდა. ამგვარად, ძველი ენების ცოდნა, შესაძლოა, ზოგჯერ სასარგებლოც კი იყოს, მაგრამ აუცილებელი არაა. გარდა ამისა, ენების ცოდნამ შეიძლება სიამაყე განუვითაროს ადამიანს და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის აუცილებელი თვისება — სწავლისთვის მზადყოფნა — დააკარგვინოს (1 ტიმოთე 6:4).
19. რა გაგებით არის ჩვენი ქრისტიანული მოღვაწეობა თავმდაბლური მსახურება?
19 უდავოა, რომ ჩვენი ქრისტიანული მსახურება თავმდაბლობას მოითხოვს. ჩვენ მუდმივად ვაწყდებით წინააღმდეგობებს, გულგრილობას და დევნასაც კი (იოანე 15:20). მაგრამ ჩვენი მსახურების ერთგულად შესრულებით, მნიშვნელოვან საქმეში შეგვაქვს წვლილი. თუ ამ საქმეში ვმონაწილეობთ და თავმდაბლურად ვემსახურებით სხვებს, ამით იესო ქრისტეს ვბაძავთ ხალხისადმი სიყვარულის გამოვლენაში. დაფიქრდით: განა არ ღირს ერთი ცხვრისმაგვარი პიროვნების მოსაძებნად თუნდაც ათასობით გულგრილ ან მოწინააღმდეგე ადამიანთან მოგვიწიოს საუბარი? რა თქმა უნდა! ამიტომ, ჩვენი საქმის შესრულებისას, ნურასდროს ჩამოვყრით ხელებს; ერთგულად მოვემსახუროთ ცხვრისმაგვარ ადამიანებს, რომლებსაც მომავალში შევხვდებით. იეჰოვა და იესო გვარწმუნებენ, რომ აღსასრულამდე კიდევ მრავალ ასეთ ძვირფას ადამიანს შევხვდებით და დავეხმარებით (ანგია 2:7).
20. როგორ შეგვიძლია საკუთარი მაგალითით ვასწავლოთ სხვებს?
20 როდესაც საკუთარი მაგალითით ვასწავლით, ამით კიდევ ერთხელ ცხადვყოფთ, რომ მზად ვართ სხვებს ვემსახუროთ. მაგალითად, გვსურს ხალხს ვასწავლოთ, რომ „ბედნიერი ღმერთის“ იეჰოვასადმი მსახურება ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი და უდიდესი კმაყოფილების მომტანია (1 ტიმოთე 1:11, აქ). ხედავენ სხვები ჩვენი ქცევებით, მეზობლებთან, თანაკლასელებთან თუ თანამშრომლებთან დამოკიდებულებით, რომ ბედნიერნი და კმაყოფილნი ვართ? აგრეთვე ბიბლიის შემსწავლელებს ვასწავლით, რომ ქრისტიანული კრება ნამდვილი თავშესაფარია ამ გულგრილ და სასტიკ წუთისოფელში. ხედავენ ისინი, რომ კრებაში ყველა გვიყვარს და ყველაფერს ვაკეთებთ ერთმანეთთან მშვიდობის შესანარჩუნებლად? (1 პეტრე 4:8).
21, 22. ა) რა შეიძლება აღმოგვეჩინა, თუ მსახურებასთან დაკავშირებით შევამოწმებდით საკუთარ თავს? ბ) რა იქნება განხილული „საგუშაგო კოშკის“ მომდევნო ნომრის სტატიებში?
21 მსახურებისთვის მზადყოფნა დროდადრო საკუთარი თავის გადამოწმებისკენ აღგვძრავს. მრავალმა, ვინც გულახდილად შეამოწმა საკუთარი თავი, დაინახა, რომ შეუძლია სრული დროით მსახურების დაწყება ან იმ ტერიტორიაზე გადასვლა, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა და ამგვარად მსახურების გაფართოება. ზოგმა უცხო ენების შესწავლა გადაწყვიტა, რათა მათ ტერიტორიაზე იმიგრანტთა მზარდ დასახლებებში იმსახუროს. თუ თქვენც შეგიძლიათ ამგვარად მსახურება, გულდასმით და ლოცვით აწონ–დაწონეთ ეს საკითხი. მსახურებას დიდი სიხარული, კმაყოფილება და სულის სიმშვიდე მოაქვს (ეკლესიასტე 5:11).
22 მოდი ყველანაირად ვეცადოთ, კვლავაც მივბაძოთ იესო ქრისტეს და სიყვარული განვივითაროთ ჭეშმარიტებისადმი, რასაც ვასწავლით, და იმ ადამიანებისადმი, ვისაც ვასწავლით. ამ ორ სფეროში სიყვარულის განვითარება და გამოვლენა კარგ საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ ქრისტეს მსგავსი მასწავლებლები ვიყოთ. მაგრამ როგორ შეგვიძლია ამ საფუძველზე ვაშენოთ? „საგუშაგო კოშკის“ მომდევნო ნომრის სტატიათა სერიაში განხილული იქნება, თუ რა განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებდა იესო სწავლებისას.
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
როგორ უპასუხებდით?
• რა გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არ არის იესოს, როგორც მასწავლებლის, მაგალითის მიბაძვა?
• როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვიყვარს ბიბლიიდან ნასწავლი ჭეშმარიტება?
• რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად თავმდაბლობაც შევნარჩუნოთ?
• როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა იმ ადამიანებისადმი, ვისაც ვცდილობთ, რომ ვასწავლოთ?
[სურათები 16 გვერდზე]
შეძლებისდაგვარად კარგად მოემზადეთ.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
თუ „ღვთის შემეცნებიდან“ მიღებული საუნჯე დააგროვეთ, ბიბლიის ეფექტურად გამოყენებას შეძლებთ.
[სურათი 18 გვერდზე]
ადამიანებისადმი სიყვარულის გამოვლენა მათთვის სასიხარულო ცნობის უწყებით შეგვიძლია.