იეჰოვა — სულგრძელი ღმერთი
‘უფალი, უფალი! ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’ (გამოსვლა 34:6).
1, 2. ა) ვინ სარგებლობდა წარსულში იეჰოვას სულგრძელობით? ბ) როგორ პიროვნებას შეიძლება ეწოდოს „სულგრძელი“?
ნოეს თანამედროვენი, მოსეს ხელმძღვანელობით უდაბნოს გავლით მიმავალი ისრაელი ხალხი, ებრაელები, რომლებიც დედამიწაზე იესოს მოღვაწეობის პერიოდს შეესწრნენ — ყველანი განსხვავებულ პირობებში ცხოვრობდნენ. მაგრამ ერთი რამ მათ საერთო ჰქონდათ: ყოველი მათგანი იეჰოვას სულგრძელობით — მისი ამ კეთილშობილური თვისებით — სარგებლობდა. მასზე ზოგიერთი მათგანის სიცოცხლეც კი იყო დამოკიდებული. იეჰოვას სულგრძელობაზე ჩვენი სიცოცხლეცაა დამოკიდებული.
2 რა არის სულგრძელობა? როდის და რატომ ავლენს მას იეჰოვა? სულგრძელი შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელიც „დიდსულოვნად ითმენს უმართებულო და გამომწვევ საქციელს; ამასთან ერთად იმედსაც არ იწურავს და გაუარესებული ურთიერთობის გაუმჯობესების სწამს“. მაშასადამე, სულგრძელ პიროვნებას მიზანიც ჰქონია. განსაკუთრებით კი იგი იმის კეთილდღეობითაა დაინტერესებული, ვინც უსიამოვნებებს იწვევს. მაგრამ, სულგრძელობა არასწორ მოქმედებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. როდესაც მიზანი, რისთვისაც სულგრძელობას იჩენენ, მიღწეულია ან მეტად აღარ არის მიზანშეწონილი არსებული მდგომარეობის მოთმენა, სულგრძელობა მთავრდება.
3. რა განზრახვით ავლენს იეჰოვა სულგრძელობას და როდის დასრულდება მისი სულგრძელობა?
3 თუმცა ადამიანებსაც შეუძლიათ სულგრძელობის გამოვლენა, იეჰოვა ყველაზე სამაგალითოა ამ თვისების გამოვლენაში. მას შემდეგ, რაც ცოდვამ ბზარი გაუჩინა იეჰოვასა და ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩვენმა შემოქმედმა დიდსულოვნად გამოავლინა მოთმინება და შესანიშნავი ღონისძიებით უზრუნველგვყო, რომლის წყალობითაც მომნანიებელ ადამიანებს მასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცათ (2 პეტრე 3:9; 1 იოანე 4:10). მაგრამ, როდესაც შესრულდება ღვთის ის განზრახვა, რისთვისაც იგი სულგრძელობას იჩენს, ღმერთი ზომებს მიიღებს განზრახ შემცოდველთა წინააღმდეგ და ბოლოს მოუღებს ახლანდელ ბოროტ სისტემას (2 პეტრე 3:7).
ღვთის სულგრძელობა თანხმობაშია მის ძირითად თვისებებთან
4. ა) როგორ არის გადმოცემული სულგრძელობის ცნება ებრაულ წერილებში? (იხილეთ სქოლიოც). ბ) როგორ აღწერს წინასწარმეტყველი ნაუმი იეჰოვას და რას ვგებულობთ აქედან იეჰოვას სულგრძელობის შესახებ?
4 ებრაულ წერილებში სულგრძელობის ცნება გადმოცემულია ორი ებრაული სიტყვით, რომლებიც სიტყვასიტყვით „ნესტოების სიგრძეს“ ნიშნავს. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (ინგლ.) ისინი ნათარგმნია, როგორც „რისხვაში ნელი“a. ღვთის სულგრძელობაზე საუბრისას წინასწარმეტყველმა ნაუმმა თქვა: «სულგრძელია [„რისხვაში ნელია“, აქ] უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს» (ნაუმი 1:3). მაშასადამე, იეჰოვას სულგრძელობა სისუსტის ნიშანი არ არის და არც უსაზღვროა. ყოვლისშემძლე ღმერთი რისხვაში ნელია და იმავდროულად — დიდძალოვანიც. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მისი სულგრძელობა მიზანმიმართული თავშეკავებულობის შედეგია. ის ფლობს დასჯის ძალაუფლებას, მაგრამ განზრახ იკავებს თავს და ნაცვლად იმისა, რომ დაუყოვნებლივ დასაჯოს შემცოდველები, მათ გამოსწორების შესაძლებლობას აძლევს (ეზეკიელი 18:31, 32). ამიტომ იეჰოვას სულგრძელობა მისი სიყვარულის გამოხატულებაა და მის მიერ ძალაუფლების ბრძნულ გამოყენებაზე მეტყველებს.
5. რა გაგებით არის იეჰოვას სულგრძელობა მის სამართლიანობასთან თანხმობაში?
5 იეჰოვას სულგრძელობა თანხმობაშია მის სამართლიანობასა და სიმართლესთან. იგი მოსეს წარუდგა, როგორც ‘ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’ (გამოსვლა 34:6). წლების შემდეგ მოსე სადიდებელს უმღეროდა იეჰოვას: „სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). დიახ, იეჰოვას გულმოწყალება, სულგრძელობა, სამართლიანობა და სიმართლე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სასურველ შედეგს აღწევს.
იეჰოვა სულგრძელობას ავლენს წარღვნამდე
6. რა ადასტურებს იმას, რომ იეჰოვამ სულგრძელობა გამოიჩინა ადამისა და ევას შთამომავლების მიმართ?
6 ადამისა და ევას აჯანყებამ ედემში შედეგად ის მოიტანა, რომ მათ სამუდამოდ დაკარგეს ძვირფასი ურთიერთობა თავიანთ მოსიყვარულე შემოქმედთან, იეჰოვასთან (დაბადება 3:8—13, 23, 24). ღმერთთან გაუცხოებამ მათ შთამომავლებზეც მოახდინა გავლენა — მათ ცოდვა, არასრულყოფილება და სიკვდილი გადაეცათ მემკვიდრეობით (რომაელთა 5:17—19). თუმცა ადამიანთა პირველმა წყვილმა განზრახ შესცოდა, იეჰოვამ მათ შვილების ყოლის ნება დართო. მოგვიანებით ღმერთმა სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ ადამსა და ევას შთამომავლებს მასთან შერიგების შესაძლებლობა ჰქონოდათ (იოანე 3:16, 36). პავლე მოციქულმა განმარტა: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით. ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით“ (რომაელთა 5:8—10).
7. როგორ გამოიჩინა იეჰოვამ სულგრძელობა წარღვნამდე და რატომ იყო წარღვნამდელი თაობის განადგურება გამართლებული?
7 იეჰოვამ სულგრძელობა გამოავლინა ნოეს დროს. წარღვნამდე დაახლოებით საუკუნით ადრე „გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ (დაბადება 6:12). მიუხედავად ამისა, განსაზღვრული ხნის განმავლობაში იეჰოვა სულგრძელობას იჩენდა კაცობრიობის მიმართ. მან განაცხადა: „არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი“ (დაბადება 6:3). ამ 120-მა წელმა საშუალება მისცა ერთგულ ნოეს, შვილები შესძენოდა, შემდეგ კი ღვთის ბრძანებისამებრ კიდობანი აეშენებინა და თავისი თანამედროვენი მოახლოებული წარღვნის შესახებ გაეფრთხილებინა. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ღმერთის სულგრძელობა ელოდებოდა ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტანი, ესე იგი რვა სული, გადარჩნენ წყლისაგან“ (1 პეტრე 3:20, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). ნოეს ქადაგებას მისი ოჯახის წევრების გარდა სხვა ყველანი „არას დაგიდევდნენ“ (მათე 24:38, 39, სსგ). მაგრამ, რადგან იეჰოვამ კიდობანი ააგებინა ნოეს და, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაშიც კი აგზავნიდა ‘სიმართლის მქადაგებლად’, ამით მან ნოეს თანამედროვეებს უდიდესი შესაძლებლობა მისცა, თავიანთი უკუღმართი საქციელის მოსანანიებლად და ღვთისთვის მსახურების დასაწყებად (2 პეტრე 2:5; ებრაელთა 11:7). საბოლოოდ იმ ბოროტი თაობის განადგურება სავსებით გამართლებული იყო.
ისრაელისადმი გამოვლენილი სამაგალითო სულგრძელობა
8 .როგორ გამოიჩინა იეჰოვამ სულგრძელობა ისრაელი ერისადმი?
8 ისრაელისადმი იეჰოვა არათუ 120 წელს, არამედ გაცილებით დიდხანს იჩენდა სულგრძელობას. ისრაელი 1500-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო ღვთის რჩეული ხალხი და მთელი ამ ხნის მანძილზე თითებზე ჩამოსათვლელი იყო ის პერიოდები, როდესაც იეჰოვას არ უწევდა ისრაელებისადმი სულგრძელობის გამოვლენა. სულ რაღაც რამდენიმე კვირა იყო გასული ეგვიპტიდან სასწაულებრივი განთავისუფლების შემდეგ, რომ ისრაელებმა კერპთაყვანისმცემლობას მიჰყვეს ხელი, რითაც უკიდურესი უპატივცემლობა გამოავლინეს თავიანთი მხსნელისადმი (გამოსვლა 32:4; ფსალმუნი 105:21). მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ისრაელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმ საკვების გამო, რომლითაც იეჰოვა სასწაულებრივად ამარაგებდა უდაბნოში, დრტვინავდნენ მოსესა და აარონზე, საყვედურობდნენ იეჰოვას, მრუშობდნენ წარმართ ქალებთან და ბაალისადმი თაყვანისცემაშიც კი ებმებოდნენ (რიცხვნი 11:4—6; 14:2—4; 21:5; 25:1—3; 1 კორინთელთა 10:6—11). იეჰოვას შეეძლო, სამართლიანად გაენადგურებინა თავისი ხალხი, მაგრამ, ნაცვლად ამისა, სულგრძელობა გამოიჩინა (რიცხვნი 14:11—21).
9. როგორ დაამტკიცა იეჰოვამ მსაჯულებისა და მეფეების მმართველობის პერიოდში, რომ სულგრძელი ღმერთია?
9 მსაჯულების დროს ისრაელები ხშირად უბრუნდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას. ამ დროს იეჰოვა მტრების ხელში ტოვებდა მათ. მაგრამ, როდესაც ინანიებდნენ და საშველად უხმობდნენ, იგი სულგრძელობას ავლენდა და ისრაელებს მსაჯულებს უდგენდა, რათა მათი მეშვეობით ეხსნა ისინი (მსაჯულნი 2:17, 18). მეფეთა მმართველობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება მხოლოდ რამდენიმე მეფემ გამოიჩინა. და თვით ერთგული მეფეების დროსაც კი ხალხი ხშირად ჭეშმარიტთან ერთად ცრუ თაყვანისცემასაც მისდევდა. როდესაც იეჰოვა წინასწარმეტყველებს უგზავნიდა და აფრთხილებდა, რომ უკეთური გზები მიეტოვებინათ, ხალხი, ჩვეულებრივ, გარყვნილი მღვდლებისა და ცრუწინასწარმეტყველების მოსმენას ამჯობინებდა (იერემია 5:31; 25:4—7). დიახ, ისრაელები იეჰოვას ერთგულ წინასწარმეტყველებსაც დევნიდნენ და ზოგიერთი მათგანი მოკლეს კიდეც (მეორე ნეშტთა 24:20, 21; საქმეები 7:51, 52). მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ შეუწყვეტია სულგრძელობის გამოვლენა (მეორე ნეშტთა 36:15).
იეჰოვა კვლავაც სულგრძელია
10. როდის დაედო საზღვარი იეჰოვას სულგრძელობას?
10 მაგრამ როგორც ისტორია გვიჩვენებს, ღვთის სულგრძელობას თავისი საზღვარი აქვს. ძვ. წ. 740 წელს მან ნება დართო აშურელებს, ათი ტომისაგან შემდგარი ისრაელის სამეფო დაემხოთ და მისი მკვიდრნი გადაესახლებინათ (მეოთხე მეფეთა 17:5, 6). ხოლო მომდევნო საუკუნის მიწურულს მან უფლება მისცა ბაბილონელებს, ორი ტომისაგან შემდგარი იუდას სამეფო დაეპყროთ და იერუსალიმი თავის ტაძართან ერთად გაენადგურებინათ (მეორე ნეშტთა 36:16—19).
11. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სულგრძელობა თვით დასჯის დროსაც კი?
11 თვით მაშინაც კი, როდესაც ისრაელსა და იუდას სჯიდა, იეჰოვას არ დავიწყებია სულგრძელობის გამოვლენა. თავის წინასწარმეტყველ იერემიას პირით იეჰოვამ თავისი რჩეული ხალხის აღდგენა იწინასწარმეტყველა: „როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი. მოვიძებნები თქვენთვის... დაგიბრუნებთ წარტაცებულს, შემოგკრებთ ყველა ხალხისგან და ყველა ადგილიდან, სადაც კი გაგდებული მყავხართ“ (იერემია 29:10, 14).
12. რატომ იყო ებრაელთა დარჩენილი ნაწილის იუდაში დაბრუნება გადამწყვეტი იმისათვის, რომ მესია მოსულიყო?
12 გადასახლებული ებრაელების დარჩენილი ნაწილი მართლაც დაბრუნდა იუდაში და იეჰოვასადმი თაყვანისცემა განაახლა იერუსალიმის აღდგენილ ტაძარში. ამ დარჩენილ ნაწილს იეჰოვას განზრახვების შესრულებაში უნდა მიეღო მონაწილეობა და ‘უფლის ცვარივით’ უნდა ყოფილიყო, რომელსაც გამოცოცხლება ძალუძს და კეთილდღეობა მოაქვს. ისინი გაბედულნი და ძლიერნიც უნდა ყოფილიყვნენ, როგორც „ლომი ტყის ცხოველთა შორის“ (მიქა 5:7, 8). ეს წინასწარმეტყველება შეიძლება მაკაბელთა პერიოდის დროს შესრულდა, როდესაც ებრაელებმა მაკაბელთა ოჯახის ხელმძღვანელობით მტრები გააძევეს აღთქმული მიწიდან და ხელახლა აკურთხეს წაბილწული ტაძარი. ამგვარად შეინარჩუნეს ებრაელებმა თავიანთი მიწა და ტაძარი და სხვა ერთგულ დარჩენილ ნაწილს საშუალება მიეცა, ღვთის ძეს შეგებებოდა, როდესაც იგი ამ ქვეყანას მესიად მოევლინებოდა (დანიელი 9:25; ლუკა 1:13—17, 67—79; 3:15, 21, 22).
13. როგორ განაგრძობდა იეჰოვა ებრაელებისადმი სულგრძელობის გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რომ ძე მოუკლეს?
13 მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებმა ძე მოუკლეს იეჰოვას, ის მაინც განაგრძობდა მათდამი სულგრძელობის გამოვლენას სამწელიწადნახევრის განმავლობაში და მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოხმაურებოდნენ მოწვევას და აბრაამის სულიერი თესლის ნაწილი გამხდარიყვნენ (დანიელი 9:27)b. ახ. წ. 36 წლამდე და მას შემდეგაც ზოგი ებრაელი გამოეხმაურა ამ მოწვევას და ამგვარად, როგორც მოგვიანებით პავლემ თქვა, „მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი“ (რომაელთა 11:5).
14. ა) კიდევ ვის მიეცა აბრაამის სულიერი თესლის ნაწილად გახდომის ძვირფასი შესაძლებლობა ახ. წ. 36 წელს? ბ) როგორ გამოხატა პავლემ თავისი გრძნობები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ კრებს იეჰოვა სულიერი ისრაელის წევრებს?
14 ახ. წ. 36 წელს აბრაამის სულიერი თესლის ნაწილად გახდომის ძვირფასი შესაძლებლობა, პირველად ისტორიაში, იმ ადამიანებსაც მიეცათ, რომლებიც არც ებრაელები იყვნენ და არც პროზელიტები. ყველამ, ვინც გამოიყენა ეს შესაძლებლობა, იეჰოვას მადლითა და სულგრძელობითაც ისარგებლა (გალატელთა 3:26—29; ეფესელთა 2:4—7). მოციქულმა პავლემ დიდი მადლიერება გამოთქვა იმისათვის, რომ იეჰოვა ბრძნულად და მიზანმიმართულად, გულმოწყალებით ავლენს სულგრძელობას. სულგრძელობის წყალობით იგი სულიერი ისრაელის შესავსებად მოწოდებულთა სრულ რიცხვს კრებს. პავლემ წამოიძახა: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!“ (რომაელთა 11:25, 26, 33; გალატელთა 6:15, 16).
ღმერთი იჩენს სულგრძელობას თავისი სახელის გულისთვის
15. უმთავრესად რა მიზეზით იჩენს ღმერთი სულგრძელობას და რა საკამათო საკითხის მოსაგვარებლად იყო საჭირო დრო?
15 რატომ იჩენს იეჰოვა სულგრძელობას? უმთავრესად იმიტომ, რომ თავისი წმინდა სახელი განადიდოს და უზენაესი ხელისუფლება გაამართლოს (პირველი მეფეთა 12:20—22). სატანამ ეჭვქვეშ დააყენა, მართებულად იყენებს თუ არა იეჰოვა თავის უზენაეს ხელისუფლებას და ეს საკითხი საკამათოდ აქცია. ეს საკამათო საკითხი რომ დამაკმაყოფილებლად მოგვარებულიყო ყველა ქმნილების წინაშე, დრო იყო საჭირო (იობი 1:9—11; 42:2, 5, 6). ამიტომ, როდესაც მის ხალხს ჩაგრავდნენ ეგვიპტეში, იეჰოვამ ფარაონს უთხრა: „მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას“ (გამოსვლა 9:16).
16. ა) როგორ გამოკრიბა იეჰოვამ სულგრძელობის წყალობით ხალხი თავისი სახელისთვის? ბ) როგორ განწმენდს იეჰოვა თავის სახელს და გაამართლებს უზენაეს ხელისუფლებას?
16 როდესაც მოციქული პავლე განმარტავდა, თუ რა როლს ასრულებს ღვთის სულგრძელობა მისივე წმინდა სახელის განდიდებაში, მან იეჰოვას მიერ ფარაონისადმი ნათქვამი სიტყვები მოიყვანა ციტატად, რის შემდეგაც თქვა: «მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად, ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? როგორც ოსიასთანაც ამბობს: „არა ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად და არა საყვარელს — საყვარლად“» (რომაელთა 9:17, 22—25). იეჰოვამ თავისი სულგრძელობის წყალობით შეძლო წარმართთაგანაც გამოეკრიბა „ხალხი თავისი სახელისათვის“ (საქმეები 15:14). თავიანთი ხელმძღვანელის, იესო ქრისტეს, მეთაურობით ეს „წმინდები“ (აქ) იმ სამეფოს მემკვიდრენი არიან, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა თავის დიდებულ სახელს გაწმენდს და უზენაეს ხელისუფლებას გაამართლებს (დანიელი 2:44; 7:13, 14, 27; გამოცხადება 4:9—11; 5:9, 10).
იეჰოვას სულგრძელობას ხსნა მოაქვს
17, 18. ა) ჩვენი როგორი მოქმედებით შეგვეძლო, ჩვენდაუნებურად იეჰოვა გვეკრიტიკებინა სულგრძელობის გამოვლენის გამო? ბ) რისკენ მოგვიწოდებს ბიბლია — როგორი თვალსაზრისი უნდა ვიქონიოთ იეჰოვას სულგრძელობაზე?
17 იქიდან მოყოლებული, რაც თავდაპირველად კაცობრიობა ცოდვის მონობაში ჩავარდა, და დღევანდელი დღით დამთავრებული, იეჰოვა სულგრძელ ღმერთად გვამახსოვრებს თავს. წარღვნამდე გამოვლენილი მისი სულგრძელობის წყალობით იყო, რომ საკმარისი დრო დარჩა ხალხის სათანადოდ გასაფრთხილებლად და კიდობნის ასაგებად. მაგრამ, ბოლოს მისმა მოთმინებამ ზღვარს მიაღწია და წარღვნამაც არ დააყოვნა. ასევე, იეჰოვა დღესაც დიდ სულგრძელობას იჩენს, და ის უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე შეიძლება ზოგი მოელოდეს. მაგრამ ამის გამო გული არ უნდა გავიტეხოთ. ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ღმერთი სულგრძელობის გამო გაგვეკრიტიკებინა. პავლემ იკითხა: „უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?“ (რომაელთა 2:4).
18 არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით, კიდევ რამდენხანს ვსაჭიროებთ ღვთის სულგრძელობით სარგებლობას, რათა მისი მოწონება დავიმსახუროთ და გადავრჩეთ. პავლე გვირჩევს, რომ ‘შიშითა და ძრწოლით ვიღვაწოთ ჩვენს სახსნელად’ (ფილიპელთა 2:12). მოციქულმა პეტრემ თანაქრისტიანებს მისწერა: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9).
19. როგორ შეგვიძლია იეჰოვას სულგრძელობით ვისარგებლოთ?
19 ამიტომ, მოდი ნუ გამოვიჩენთ მოუთმენლობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმართავს იეჰოვა მოვლენებს. ნაცვლად ამისა, მოდი ყურად ვიღოთ პეტრეს შემდგომი რჩევა და ‘უფლის სულგრძელობა ხსნად მივიჩნიოთ’. ვის ხსნაზეა აქ ლაპარაკი? ჩვენი და, უფრო ფართო გაგებით, იმ უამრავი ადამიანის ხსნაზეც, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის’ მოსმენას (2 პეტრე 3:15; მათე 24:14). ყოველივე ეს იეჰოვას დიდსულოვნებისა და სულგრძელობის დაფასებაში დაგვეხმარება და აღგვძრავს, სხვების მიმართ ჩვენც გამოვიჩინოთ სულგრძელობა.
[სქოლიოები]
a ებრაულ ენაში „ცხვირის“ ან „ნესტოს“ აღმნიშვნელი სიტყვა „აფ“ ხშირად სიმბოლურად ბრაზის გამოსახატავად გამოიყენება იმიტომ, რომ განრისხებული ადამიანი ჩვეულებრივ მძიმედ სუნთქავს ან ქშინავს“.
b ამ წინასწარმეტყველების უფრო ვრცელი ახსნა იხილეთ წიგნში „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, გვ. 190—194 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რას გულისხმობს ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სულგრძელობა“?
• როგორ გამოიჩინა იეჰოვამ სულგრძელობა წარღვნამდე, ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელების განთავისუფლების შემდეგ, და ახ. წ. პირველ საუკუნეში?
• რომელია ის მნიშვნელოვანი მიზნები, რისთვისაც იეჰოვა სულგრძელობას იჩენს?
• როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იეჰოვას სულგრძელობაზე?
[სურათი 9 გვერდზე]
იეჰოვას მიერ წარღვნამდე გამოვლენილმა სულგრძელობამ ხალხს მონანიების დიდი შესაძლებლობა მისცა.
[სურათი 10 გვერდზე]
ბაბილონის დაცემის შემდეგ, ებრაელები იეჰოვას სულგრძელობით სარგებლობდნენ.
[სურათი 11 გვერდზე]
პირველ საუკუნეში იეჰოვას სულგრძელობით ისარგებლეს როგორც ებრაელებმა, ისე არაებრაელებმა.
[სურათები 12 გვერდზე]
ქრისტიანები დღესაც სარგებლობენ იეჰოვას სულგრძელობით.