„გვიყვარდეს . . . საქმითა და ჭეშმარიტებით“
„გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოან. 3:18).
1. რომელია სიყვარულის აღმატებული ფორმა და რატომ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული (აგაპე) ღვთის ძღვენია. ასეთი სიყვარულის წყარო იეჰოვაა (1 იოან. 4:7). აგაპე სიყვარულის აღმატებული ფორმაა. მასში შეიძლება თბილი გრძნობებიც იგულისხმებოდეს, თუმცა მისი მთავარი ამოსაცნობი ნიშანი სხვების საკეთილდღეოდ გაკეთებული უანგარო საქმეებია. ერთი ლექსიკონის თანახმად, აგაპე „მხოლოდ საქმით შეიცნობა“. ამგვარად, როცა ერთმანეთის მიმართ უანგარო სიყვარულს ვავლენთ, ჩვენი ცხოვრება გაცილებით აზრიანი და სიხარულით აღსავსე ხდება.
2, 3. როგორ გამოავლინა იეჰოვამ უანგარო სიყვარული ადამიანების მიმართ?
2 იეჰოვამ სიყვარული პირველი ადამიანების, ადამისა და ევას შექმნამდე გამოავლინა. მან დედამიწა ადამიანის მარადიულ საცხოვრებლად შექმნა, სადაც მისი მიწიერი შვილები უბრალოდ კი არ იარსებებდნენ, არამედ სიცოცხლით გაიხარებდნენ. იეჰოვამ ეს ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა და არა საკუთარი თავისთვის. ის უანგარო სიყვარულმა აღძრა, რომ მის მიერ შექმნილ სამოთხეში ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცა.
3 ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ იეჰოვამ ყოველგვარი ანგარების გარეშე გამოავლინა უდიდესი სიყვარული. მან გამოსასყიდზე იზრუნა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მათი შთამომავლებიდან ზოგი მის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებდა (დაბ. 3:15; 1 იოან. 4:10). წარმოთქვა თუ არა დაპირება მომავალი მხსნელის შესახებ, იეჰოვამ ჩათვალა, რომ გამოსასყიდი უკვე გაღებული იყო. დაახლოებით 4 000 წლის შემდეგ მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო და თავისი მხოლოდშობილი ძე კაცობრიობას მხსნელად მოუვლინა (იოან. 3:16). როგორი მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ ასეთი უანგარო სიყვარული გამოავლინა ჩვენ მიმართ!
4. საიდან ჩანს, რომ არასრულყოფილ ადამიანებს შეუძლიათ, უანგაროდ უყვარდეთ?
4 ვინაიდან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილი, უანგაროდ სიყვარული ჩვენც შეგვიძლია. მართალია, მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა ზოგჯერ ხელს გვიშლის სიყვარულის გამოვლენაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასრულყოფილებამ ეს უნარი დაგვაკარგვინა. მაგალითად, აბელმა ღვთისადმი სიყვარული იმით გამოხატა, რომ უანგაროდ გაიღო მისთვის საუკეთესო შესაწირავი (დაბ. 4:3, 4). ნოეს უანგარო სიყვარული აღძრავდა, რომ ღვთის ცნობა ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად გადაეცა ხალხისთვის, რომლებიც არაფრად აგდებდნენ მის სიტყვებს (2 პეტ. 2:5). აბრაამი მზად იყო, ისაკი გაეღო მსხვერპლად, რითაც ცხადყო, რომ საკუთარ გრძნობებზე წინ იეჰოვასადმი სიყვარულს აყენებდა (იაკ. 2:21). ჩვენც გვსურს, ამ ერთგული მამაკაცების მსგავსად მაშინაც გამოვავლინოთ სიყვარული, როცა ამის გაკეთება არც ისე ადვილია.
რა განსხვავებაა ნამდვილ და მოჩვენებით სიყვარულს შორის?
5. როგორ შეგვიძლია ნამდვილი სიყვარულის გამოვლენა?
5 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნამდვილი სიყვარული ვლინდება „არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოან. 3:18). ნიშნავს ეს იმას, რომ სიყვარული სიტყვებით არ უნდა გამოვხატოთ? არამც და არამც! (1 თეს. 4:18). ამაში ის იგულისხმება, რომ მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი მხრიდან მოქმედებაა საჭირო. მაგალითად, გაჭირვებული თანაქრისტიანისთვის მხოლოდ კარგი სიტყვების თქმა არ კმარა (იაკ. 2:15, 16). მსგავსად, იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, რომ უბრალოდ კი არ ვთხოვოთ ღმერთს, მუშები გამოგზავნოს სამკალში, არამედ თავადაც სრულად ჩავებათ სამქადაგებლო საქმეში (მათ. 9:38).
6, 7. ა) რა არის „უთვალთმაქცო სიყვარული“? ბ) მოიყვანეთ მოჩვენებითი სიყვარულის გამოვლენის მაგალითები.
6 მოციქულმა იოანემ დაწერა, რომ უნდა გვიყვარდეს „საქმითა და ჭეშმარიტებით“. აქედან გამომდინარე, ჩვენი „სიყვარული უთვალთმაქცო [უნდა] იყოს“ (რომ. 12:9; 2 კორ. 6:6). თუ ნიღაბს ვატარებთ, ანუ თავს მოსიყვარულე ადამიანად წარმოვაჩენთ, სინამდვილეში კი გულში სულ სხვა რამე გვაქვს, ნამდვილ სიყვარულს არ ვავლენთ. ამიტომ შესაძლოა ვიკითხოთ: შეიძლება, რომ თვალთმაქცურ სიყვარულს სიყვარული ვუწოდოთ? არავითარ შემთხვევაში, რადგან თვალთმაქცობას სინამდვილეში სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს!
7 დავფიქრდეთ მათ მაგალითებზე, რომლებმაც მოჩვენებითი სიყვარული გამოავლინეს. მაგალითად, ედემის ბაღში სატანამ ევას თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მისთვის საუკეთესო სურდა, სინამდვილეში კი თვალთმაქცობდა და ეგოისტური სურვილები ამოძრავებდა (დაბ. 3:4, 5). ახითოფელმა ანგარების გამო უღალატა მეფე დავითს, რითაც თავისი ნამდვილი სახე გამოააშკარავა და ცხადყო, რომ არასდროს ყოფილა დავითის ნამდვილი მეგობარი (2 სამ. 15:31). დღესაც განდგომილები თუ სხვები ცდილობენ, „შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით“ კრებაში უთანხმოება გამოიწვიონ. ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს სიყვარული ამოძრავებთ, სინამდვილეში კი ეგოისტური მიზნები აქვთ (რომ. 16:17, 18).
8. რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
8 ის, ვინც თვალთმაქცურ სიყვარულს ავლენს, სამარცხვინოდ იქცევა, რადგან ამახინჯებს ისეთ აღმატებულ თვისებას, როგორიც თავგანწირული სიყვარულია. ჩვენ შეიძლება ადამიანები მოვატყუოთ, მაგრამ იეჰოვას ვერაფერს გამოვაპარებთ. იესომ თქვა, რომ ღმერთი „სასტიკად დასჯის“ მათ, ვინც თვალთმაქცურად იქცევა (მათ. 24:51). ცხადია, იეჰოვას მსახურებს სურთ, რომ მათი სიყვარული ყოველთვის წრფელი იყოს. ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ყოველთვის ვავლენ ისეთ სიყვარულს, რომელშიც ეგოიზმისა და თვალთმაქცობის ნატამალიც არ არის? ქვემოთ ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია უთვალთმაქცო სიყვარულის გამოვლენა. განვიხილოთ ამის ცხრა მხარე.
როგორ გამოვავლინოთ სიყვარული „საქმითა და ჭეშმარიტებით“
9. რისკენ აღგვძრავს ნამდვილი სიყვარული?
9 სიხარულით აკეთეთ საქმე მაშინაც კი, როცა ჩრდილში რჩებით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, სიკეთე გავუკეთოთ და-ძმებს გაუხმაურებლად, ანუ ისე, რომ ჩვენი სიკეთე სხვებისთვის „დაფარული იყოს“ (წაიკითხეთ მათეს 6:1—4). ანანიამ და საფირამ ეს ვერ შეძლეს. მათ არ სურდათ ჩრდილში დარჩენა, ამიტომ უტიფრად იცრუეს, თითქოს მინდვრის მთელი საფასური შესაწირავად გაიღეს. მათი თვალთმაქცობა სავალალო შედეგებით დასრულდა (საქ. 5:1—10). ამის საპირისპიროდ, ნამდვილი სიყვარული გვიბიძგებს, სიხარულით დავიხარჯოთ და-ძმებისთვის და არ მოველოდეთ, რომ ამის შესახებ ყველა ილაპარაკებს ან სხვების თვალში აღიარებას მოვიპოვებთ. მაგალითად, ის ძმები, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს სულიერი საზრდოს მომზადებაში ეხმარებიან, ამას ანონიმურად აკეთებენ და არ ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. ისინი არც იმას ახმაურებენ, რომელი პუბლიკაციის მომზადებაში შეიტანეს წვლილი.
10. როგორ შეგვიძლია დავასწროთ სხვებს პატივისცემაში?
10 დაასწარით სხვებს პატივისცემაში (წაიკითხეთ რომაელების 12:10). იესომ არ ითაკილა და თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, რითაც სხვების პატივისცემის კარგი მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 13:3—5, 12—15). ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ თავმდაბლობის განსავითარებლად, რომ სხვების მომსახურება არ ვიუკადრისოთ. წმინდა სულის მიღებამდე მოციქულებსაც კი არ ესმოდათ ბოლომდე, რატომ მოიქცა იესო ასე (იოან. 13:7). ჩვენ პატივს ვცემთ სხვებს, როცა განათლების, სიმდიდრის ან ორგანიზაციაში რაიმე პასუხისმგებლობის გამო თავს მათზე უკეთესებად არ მივიჩნევთ (რომ. 12:3). ჩვენ არ გვშურს, როცა სხვებს აქებენ, და მათთან ერთად ვხარობთ მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენც ვიმსახურებდით შექებას.
11. რატომ უნდა შევაქოთ სხვები გულწრფელად?
11 გულწრფელად შეაქეთ და-ძმები. ჩვენ უნდა ვეძებოთ ერთმანეთის შექების შესაძლებლობები, რადგან ეს აღშენებას ემსახურება (ეფეს. 4:29). მაგრამ ამ დროს გულწრფელები უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ვეპირფერებით და-ძმებს ან თავიდან ვირიდებთ საჭირო რჩევის მიცემის პასუხისმგებლობას (იგავ. 29:5). ისიც თვალთმაქცობაა, როცა ვინმეს პირში ვაქებთ, ზურგს უკან კი ვაძაგებთ. მოციქული პავლე ნამდვილ სიყვარულს ავლენდა სხვების მიმართ, როცა გულწრფელად აქებდა მათ. მაგალითად, მან შეაქო კორინთელი ქრისტიანები კარგი საქმეებისთვის (1 კორ. 11:2). მაგრამ, როცა შექებას არ იმსახურებდნენ, ის პირდაპირ, თუმცა რბილად აძლევდა მათ რჩევას (1 კორ. 11:20—22).
12. როგორ შეგვიძლია ნამდვილი სიყვარულის გამოვლენა, როცა სხვების მიმართ სტუმართმოყვარეობას ვიჩენთ?
12 იყავით სტუმართმოყვარენი. იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ და-ძმების მიმართ ხელგაშლილები ვიყოთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:17). რა თქმა უნდა, ეს სწორი მოტივით, ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე უნდა გავაკეთოთ. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: სტუმართმოყვარეობას, ძირითადად, მეგობრების, პასუხისმგებელი ძმების ან მათ მიმართ ხომ არ ვავლენ, ვისაც შეუძლია ჩემთვისაც იგივე გააკეთოს? თუ ვცდილობ, მათ მიმართ ვიყო ხელგაშლილი, ვისაც კარგად არ ვიცნობ ან ვისაც არაფერი აქვს, რომ გადამიხადოს? (ლუკ. 14:12—14). როგორ მოვექცევით იმ თანაქრისტიანს, რომელმაც თავისი დაუდევრობით ფინანსური პრობლემები შეიქმნა ან მადლობაც კი არ გადაგვიხადა სტუმართმოყვარეობისთვის? ასეთ დროს საჭიროა, გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევა: „იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე“ (1 პეტ. 4:9). თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევას და სწორი მოტივით გასცემთ, თქვენც იგრძნობთ სიხარულსა და კმაყოფილებას (საქ. 20:35).
13. ა) როდის არის განსაკუთრებით რთული სუსტების მხარდაჭერა? ბ) რის გაკეთება შეგვიძლია სუსტების მხარდასაჭერად?
13 მხარი დაუჭირეთ სუსტებს. ჩვენი სიყვარულის სიწრფელე შეიძლება გამოსცადოს ბიბლიურმა რჩევამ: „მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14). სუსტებიდან შეიძლება ზოგი მალევე გაძლიერდეს რწმენაში, ზოგს კი დიდი დრო დასჭირდეს, ამიტომ მოთმინება გვმართებს, რომ მხარი დავუჭიროთ მათ. შეგვიძლია გავუზიაროთ გამამხნევებელი ბიბლიური აზრები, მათთან ერთად ვიმსახუროთ ან უბრალოდ მოვუსმინოთ. ამასთანავე, და-ძმების „ძლიერებად“ და „სუსტებად“ დაყოფის ნაცვლად, უმჯობესია, ვაღიაროთ, რომ ყველას გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მოციქული პავლეც აღიარებდა თავის სისუსტეებს (2 კორ. 12:9, 10). ასე რომ, თანაქრისტიანების მხრიდან მხარდაჭერა და გამხნევება ყველას გვჭირდება.
14. რამდენად უნდა გვსურდეს და-ძმებს შორის მშვიდობის შენარჩუნება?
14 ხელი შეუწყვეთ მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობა შევინარჩუნოთ მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ვერ გაგვიგეს ან უსამართლოდ მოგვექცნენ (წაიკითხეთ რომაელების 12:17, 18). მობოდიშებას გატეხილი გულის გამთელება შეუძლია, ოღონდ ის გულწრფელი უნდა იყოს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ გვეთქვა: „ძალიან ვწუხვარ, რომ თავს ასე გრძნობ“, უმჯობესია, თუ ვიტყვით: „ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სიტყვებით გული გატკინე“. მშვიდობის ხელშეწყობა განსაკუთრებით წყვილებს მართებთ. არასწორი იქნებოდა, თუ ცოლ-ქმარი ხალხში შეხმატკბილებული წყვილის როლს ითამაშებდა, სახლში კი ხმას არ გასცემდნენ ერთმანეთს, გულსატკენი სიტყვებით მიმართავდნენ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ.
15. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ნამდვილად ვპატიობთ მწყენინებელს?
15 მთელი გულით აპატიეთ. როცა სხვები გულს გვტკენენ, ვპატიობთ მათ და გულში წყენას არ ვიტოვებთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:2, 3). თუ ასე მოვიქცევით, ადვილად ვაპატიებთ მათ, ვინც შეუგნებლად გვაწყენინა. მთელი გულით პატიება რომ შევძლოთ, ბევრი არ უნდა ვიფიქროთ მომხდარზე და განაწყენება არ უნდა დავითვალოთ (1 კორ. 13:4, 5). თუ გულით წყენასა და ბოღმას ვატარებთ, და-ძმებთან და იეჰოვასთან ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაგვიფუჭდეს (მათ. 6:14, 15). თუ ვლოცულობთ მათზე, ვინც გვაწყენინა, ამითაც ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად ვპატიობთ მათ (ლუკ. 6:27, 28).
16. როგორ უნდა ვუყურებდეთ პასუხისმგებლობებს იეჰოვას ორგანიზაციაში?
16 სხვები საკუთარ თავზე წინ დააყენეთ. იეჰოვას ორგანიზაციაში პასუხისმგებლობებს ისე უნდა ვუყუროთ, როგორც ნამდვილი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობას. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ თითოეული ჩვენგანი იმაზე კი არ ვიფიქრებთ, რაც ჩვენთვისაა სასარგებლო, არამედ იმაზე, „რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორ. 10:24). მაგალითად, კონგრესებზე მომწესრიგებლები სხვა დამსწრეებზე ადრე მიდიან. ნაცვლად იმისა, რომ ეს შესაძლებლობა თავიანთი ოჯახებისთვის საუკეთესო ადგილების დასაკავებლად გამოიყენონ, ამ ძმებიდან ბევრი ამჯობინებს, რომ თავისი დანიშნულების ადგილას ნაკლებად კომფორტული ადგილები დაიკავოს. ასეთი სახით ისინი უანგარო სიყვარულს გამოხატავენ და საკუთარ თავზე წინ სხვებს აყენებენ. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ კარგ მაგალითს?
17. რისკენ უნდა აღძრას შემცოდველი ნამდვილმა სიყვარულმა?
17 აღიარეთ და მიატოვეთ ფარული ცოდვები. ზოგი ცდილობს, დამალოს სერიოზული ცოდვები, რადგან რცხვენია ან არ სურს, რომ სხვებს იმედი გაუცრუოს (იგავ. 28:13). ეს ნამდვილად არ არის სიყვარულის გამოვლენა, რადგან ამით არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც აყენებენ ზიანს. შემცოდველის გამო შეიძლება კრებამ წმინდა სული დაკარგოს და კრების მშვიდობას საფრთხე დაემუქროს (ეფეს. 4:30). ნამდვილი სიყვარული შემცოდველს აღძრავს, უხუცესებთან აღიაროს ჩადენილი ცოდვა, რათა მათ საჭირო სულიერი დახმარება აღმოუჩინონ (იაკ. 5:14, 15).
18. რატომაა აუცილებელი ნამდვილი სიყვარულის გამოვლენა?
18 სიყვარული ყველაზე აღმატებული თვისებაა (1 კორ. 13:13). სწორედ სიყვარულით ამოიცნობიან ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, მიჰბაძონ სიყვარულის წყაროს, იეჰოვა ღმერთს (ეფეს. 5:1, 2). პავლე მოციქული წერდა: „სიყვარული [რომ] არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები“ (1 კორ. 13:2). მოდი კვლავაც გამოვავლინოთ სიყვარული არა მხოლოდ სიტყვით, „არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“!