მოერიდეთ ცრუმოძღვრებს!
„თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი“ (2 პეტრე 2:1).
1. რის მიწერა უნდოდა იუდას და რატომ შეცვალა თემა?
რა აღმაშფოთებელი რამაა! ცრუმოძღვრები პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში! (მათე 7:15; საქმეები 20:29, 30). იესოს ნახევარძმამ იუდამ იცოდა ამის შესახებ. ის თანამორწმუნეებს სწერდა, რომ „ჩვენს საერთო ხსნაზე“ უნდოდა მიწერა, მაგრამ შემდეგ აღნიშნა: „საჭიროდ ჩავთვალე, მომეწერა თქვენთვის შეგონება, რომ იღწვოდეთ რწმენისათვის“. რატომ შეცვალა იუდამ თემა? „ვინაიდან, — თქვა მან, — [კრებაში] შემოგვეპარნენ ზოგიერთნი რომელნიც ღმერთის ჩვენის მადლს გარყვნილების საბაბად აქცევენ“ (იუდა 3, 4, სსგ).
2. რატომ არის მე-2 პეტრეს მე-2 თავი და იუდას წერილი ერთმანეთის მსგავსი?
2 როგორც ჩანს, იუდამ თავისი წერილი პეტრეს მიერ მეორე წერილის გაგზავნიდან მოკლე დროის შემდეგ დაწერა. იუდა, ეჭვგარეშეა, გაცნობილი იყო ამ წერილს. მან თავის მნიშვნელოვან დამრიგებლურ წერილში მრავალი მსგავსი აზრი გამოთქვა. ამიტომ მე-2 პეტრეს მე-2 თავის განხილვისას დავინახავთ, თუ რა მსგავსებაა ამ ორ წერილს შორის.
ცრუმოძღვრებების შედეგები
3. პეტრეს მითითების თანახმად, წარსულში მომხდარი რომელი მოვლენები გამეორდებოდა?
3 მას შემდეგ, რაც პეტრე ძმებს წინასწარმეტყველებისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებს, ამბობს: „იყვნენ აგრეთვე ცრუწინასწარმეტყველნი ხალხში [ძველ ისრაელში], ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი“ (2 პეტრე 1:14—2:1). ძველ დროში ღმერთი თავის ხალხს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებებს აძლევდა, მაგრამ მათ ცრუწინასწარმეტყველთა დამახინჯებულ სწავლებებთანაც უწევდათ ბრძოლა (იერემია 6:13, 14; 28:1–3, 15). „იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც, — წერდა იერემია, — ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ“ (იერემია 23:14).
4. რატომ იმსახურებენ ცრუმოძღვრები განადგურებას?
4 პეტრე აღწერს, თუ რას გააკეთებდნენ ცრუმოძღვარნი ქრისტიანულ კრებაში: «[„ჩუმად“, აქ] შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს [იესო ქრისტეს] უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს» (2 პეტრე 2:1; იუდა 4). პირველი საუკუნის ასეთი მწვალებლობის შედეგი დღეს ჩვენთვის ცნობილი ქრისტიანული სამყაროს არსებობაა. პეტრე აჩვენებს, თუ რატომ იმსახურებენ ცრუმოძღვრები განადგურებას: „მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა“ (2 პეტრე 2:2).
5. რის მიზეზები იყვნენ ცრუმოძღვრები?
5 დაუფიქრდი! ცრუმოძღვრების გავლენით კრებებში მრავალი თავაშვებული გახდებოდა. ბერძნული სიტყვა, რომელიც ‘თავაშვებულობად’ გადმოითარგმნა, აღვირახსნილობაზე, თავშეუკავებლობასა და უსირცხვილო საქციელზე მიუთითებს. ადრე პეტრემ თქვა, რომ ქრისტიანები უკვე ‘განერიდნენ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას’ (2 პეტრე 1:4). მაგრამ ზოგი კვლავ გახრწნილი გზებით სიარულს დაუბრუნდებოდა და ამის უმთავრესი მიზეზი კრებებში მყოფი ცრუმოძღვრები იქნებოდნენ. ამგვარად დაიგმობოდა ჭეშმარიტების გზა. რა სამწუხაროა! ნამდვილად, ამ საკითხს დღეს იეჰოვას თითოეულმა მოწმემ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქციელით ან განვადიდებთ იეჰოვა ღმერთსა და მის ხალხს ან ვარცხვენთ მათ (იგავნი 27:11; რომაელთა 2:24).
ცრუმოძღვრებების შემოტანა
6. როგორი მოტივები ამოძრავებს ცრუმოძღვრებს და როგორ ცდილობენ ისინი თავიანთი საწადელის შესრულებას?
6 გონივრულია, მხედველობაში მივიღოთ, თუ როგორ შემოაქვთ ცრუმოძღვრებს გამხრწნელი აზროვნება. პეტრე თავდაპირველად ამბობს, რომ ისინი ამას წყნარად, ანუ შეუმჩნევლად, მოხერხებულად აკეთებენ. შემდეგ ამატებს: „ანგარების გამო ტყუილი სიტყვებით თქვენგან გამორჩენას ნახავენ“. ცრუმოძღვრებს ეგოისტური სურვილები ამოძრავებთ და როგორც ბიბლია (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა) აღნიშნავს: „ანგარების გამო ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან თქვენ“. მსგავსად ამისა, ჯეიმზ მოფატის თარგმანში ამ მუხლში ნათქვამია: „თავიანთი ავხორცობის გამო ისინი მზაკვრული მტკიცებებით გადაგიბირებენ“ (2 პეტრე 2:1, 3). ცრუმოძღვრების მაღალფარდოვანი საუბარი შეიძლება სარწმუნო ჩანდეს იმ პიროვნებისთვის, ვინც სულიერად არ ფხიზლობს, რადგან მათი სიტყვები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადამიანების ‘გამოსასყიდად’, რათა აცდუნონ ისინი და პირადი ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენონ.
7. რომელი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა გახდა პოპულარული პირველ საუკუნეში?
7 ეჭვგარეშეა, პირველი საუკუნის ცრუმოძღვრები იმდროინდელი წუთისოფლის აზროვნების გავლენაში იყვნენ მოქცეული. დაახლოებით იმ დროისთვის, როცა პეტრემ ეს დაწერა, პოპულარობას იხვეჭდა რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა გნოსტიციზმი. გნოსტიკოსებს სწამდათ, რომ ყოველივე მატერიალური ბოროტებაა და მხოლოდ ისაა კარგი, რაც სულთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ზოგი მათგანი ამბობდა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას აკეთებს ხორციელი ადამიანი. საბოლოოდ — ამტკიცებდნენ ისინი — ადამიანს არ ექნება ეს ხორციელი სხეული. ამიტომ ისინი ასკვნიდნენ, ხორციელი ცოდვა, სექსუალურის ჩათვლით, უმნიშვნელოა. როგორც ჩანს, მსგავსმა შეხედულებებმა გავლენა მოახდინა ქრისტიანობის მიმდევრებზეც.
8, 9. ა) რომელმა დამახინჯებულმა მსჯელობამ მოახდინა გავლენა ზოგ ადრინდელ ქრისტიანზე? ბ) იუდას წერილის თანახმად, რა გააკეთა კრების ზოგიერთმა წევრმა?
8 ბიბლიის ერთ-ერთი მცოდნე აღნიშნავდა, რომ „ეკლესიაში იყვნენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამახინჯებდნენ სწავლებას წყალობის შესახებ“ ანუ „მადლის“ შესახებ (ეფესელთა 1:5–7). მისი სიტყვების თანახმად, ზოგი დაახლოებით შემდეგნაირად მსჯელობდა: „ხომ ამბობთ, რომ ღვთის [მადლი] ნებისმიერ ცოდვას ფარავს? . . მაშ, მოდი ვცოდოთ, რადგან ღვთის [მადლი] განგვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან. ასე ვთქვათ, რაც უფრო ბევრს შევცოდავთ, მით უფრო მეტად მივცემთ ღვთის [მადლს] მოქმედების შესაძლებლობას“. თუ გაგიგონიათ ოდესმე ამაზე დამახინჯებული მსჯელობა?
9 მოციქულმა პავლემ ღვთის მადლის შესახებ არასწორი მსჯელობის წინააღმდეგ გაილაშქრა, როცა შემდეგი კითხვები დასვა: „დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს?“ აგრეთვე: „ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ?“ თითოეულ შეკითხვაზე პავლე გადაჭრით პასუხობდა: „არამც და არამც“ (რომაელთა 6:1, 2, 15). ნათელია, რომ, როგორც იუდამ შენიშნა, ზოგიერთები „ღმერთის ჩვენის მადლს გახრწნილების საბაბად აქცევენ“. მაგრამ პეტრე აღნიშნავს, რომ ასეთი ადამიანების „დაღუპვა არ თვლემს“ (იუდა 4, სსგ; 2 პეტრე 2:3).
გამაფრთხილებელი მაგალითები
10, 11. რომელი სამი გამაფრთხილებელი მაგალითი მოჰყავს პეტრეს?
10 იმის ხაზგასასმელად, რომ ღმერთი გარკვეულ ზომებს მიიღებს განზრახ შემცოდველების მიმართ, პეტრეს სამი ბიბლიური გამაფრთხილებელი მაგალითი მოჰყავს. თავდაპირველად ის წერს: „ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს“. მათ შესახებ იუდა ამბობს: „არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე“ ზეცაში. წარღვნის წინ ისინი დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ხორციელი სხეულები შეისხეს, რათა ადამიანთა ასულებთან სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ. თავიანთი შეუფერებელი, არაბუნებრივი, საქციელის გამო, ისინი „ტარტაროზში“ იქნენ ჩაყრილი, ანუ როგორც იუდას ცნობაშია ნათქვამი: ‘საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ არიან შემონახული, რათა დიად დღეს იქნენ განკითხულნი’ (2 პეტრე 2:4; იუდა 6; დაბადება 6:1–3).
11 შემდეგ პეტრე ნოეს დღეებში მცხოვრებ ხალხზე მიუთითებს (დაბადება 7:17–24). ის ამბობს, რომ ნოეს დროს ღმერთმა „არც პირველი წუთისოფელი დაინდო. . . როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა წუთისოფელს“. ბოლოს, პეტრე წერს, რომ ღმერთმა „მაგალითი მისცა მომავალ უღვთოებს“ და ‘სოდომისა და გომორის ქალაქები ფერფლად აქცია’. იუდა დამატებით ინფორმაციას იძლევა იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც „მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს“ (2 პეტრე 2:5, 6; იუდა 7). მამაკაცებს არა მარტო ქალებთან ჰქონდათ უკანონო სქესობრივი კავშირი, არამედ მამაკაცის და, შესაძლოა, ცხოველის სხეულისკენაც ილტვოდნენ (დაბადება 19:4, 5; ლევიანნი 18:22–25).
12. როგორ ჯილდოვდება, პეტრეს ნათქვამის თანახმად, სწორი მოქმედება?
12 მაგრამ, ამავე დროს, პეტრე აღნიშნავს, რომ იეჰოვა აჯილდოებს თავის ერთგულ მსახურებს. მაგალითად, ის მოიხსენიებს, თუ წარღვნის დროს როგორ „შეინახა [ღმერთმა] რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი“, ის აგრეთვე ყვება, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ სოდომის განადგურების დროს ‘მართალი ლოტი’ და ასკვნის: „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“ (2 პეტრე 2:5, 7–9).
დასჯის ღირსი საქმეები
13. განსაკუთრებით ვინ არიან შემონახული განკითხვის დღისთვის და, როგორც ჩანს, რაზე ოცნებობენ ისინი?
13 პეტრე მიუთითებს პიროვნებებზე, რომლებიც განსაკუთრებით არიან შემონახული ღვთის განკითხვის დღისთვის, ესენია: ‘ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილი, უფლებათა მოძულე’ ადამიანები. ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ როგორ იყო პეტრე აღშფოთებული შემდეგი სიტყვების წარმოთქმისას: „თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა ლანძღვის ურიდნი“. იუდა წერს, რომ ‘ეს მეოცნებეები ბილწავენ ხორცს და გმობენ დიდებათ’ (2 პეტრე 2:10; იუდა 8). შესაძლოა, ისინი ოცნებობენ ბილწ სქესობრივ კავშირებზე, რომლებიც მათში უზნეო სქესობრივი სიამოვნების ძიების სურვილს აღვივებს. მაგრამ რა გაგებით არიან ისინი „უფლებათა მოძულენი“ და ‘დიდებათა მგმობელნი’?
14. რა გაგებით არიან ცრუმოძღვრები „უფლებათა მოძულენი“ და ‘დიდებათა მგმობელნი“?
14 მათი ასე მოქმედების მიზეზი ღვთიური ხელმძღვანელობის სიძულვილია. ქრისტიანი უხუცესები დიდებული იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის წარმომადგენლები არიან, რის გამოც ისინიც ფლობენ გარკვეულ დიდებას. მართალია, უხუცესებიც ისევე, როგორც თვითონ პეტრე, ცდებიან, მაგრამ საღვთო წერილი კრების წევრებს ასეთი დიდებული პიროვნებებისადმი მორჩილებისკენ მოუწოდებს (ებრაელთა 13:17). უხუცესების შეცდომები მათი დაგმობის არავითარ საფუძველს არ გვაძლევს. პეტრე ამბობს, რომ ანგელოზები ‘შეურაცხმყოფელ ბრალს არ სდებენ მათ [ცრუ მოძღვრებს]’, თუმცა ისინი იმსახურებენ ამას. „ისინი კი, — განაგრძობს პეტრე, — როგორც პირუტყვი ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი. . . დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ“ (2 პეტრე 2:10–13).
„ნადიმობენ თქვენთან ერთად“
15. რა მეთოდები აქვთ ცრუმოძღვრებს და სად აცდუნებენ ისინი სხვებს?
15 ამ გახრწნილ მამაკაცებს „ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ“. „ბინძურნი და მანკიერნი“ არიან. ისინი — მზაკვრებიც არიან. და როგორც ადრე პეტრემ აღნიშნა, ისინი „ჩუმად“ მოქმედებენ და ‘ტყუილ სიტყვებს’ იყენებენ (2 პეტრე 2:1, აქ, 3, 13). ამგვარად, ისინი შეიძლება პირდაპირ არ ეკამათებოდნენ უხუცესებს ღვთის ზნეობრივი ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ან აშკარად არ ავლენენ სქესობრივი სიამოვნებისკენ ლტოლვას. უფრო მეტიც, პეტრე ამბობს, რომ ისინი „საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად“. იუდა კი წერს: «ისინი ლაქებად [„წყალქვეშა კლდეებივით“, აქ] არიან თქვენს სიყვარულის სერობებზე» (იუდა 12). დიახ, წყალქვეშა დაკბილული კლდეების მსგავსად, რომლებმაც შეიძლება გემს ძირი გამოაცალოს და წინდაუხედავი მეზღვაურების დახრჩობის მიზეზი გახდეს, ცრუმოძღვრები „სიყვარულის სერობებზე“, თითქოსდა სიყვარულით მოქმედებდნენ და ხრწნიდნენ წინდაუხედავებს.
16. ა) რა იყო ‘სიყვარულის სერობები’ და რომელი მსგავსი შემთხვევები შეიძლება გამოიყენონ დღეს უზნეო პიროვნებებმა? ბ) ვის აქცევენ ცრუმოძღვრები განსაკუთრებით ყურადღებას და ამიტომ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი პიროვნებები?
16 ამ ‘სიყვარულის სერობებს’, როგორც ჩანს, პირველი საუკუნის ქრისტიანები ერთად სადილობისა და სასიამოვნო ურთიერთობის მიზნით მართავდნენ. დღეს იეჰოვას მოწმეებიც აწყობენ ზოგჯერ შეხვედრებს, შესაძლოა ეს იყოს ქორწილი, პიკნიკი ან საღამო. როგორ შეიძლება გახრწნილმა პიროვნებებმა მსგავსი შემთხვევები თავიანთი მსხვერპლების შესაცდენად გამოიყენონ? პეტრე წერს: „მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და. . . ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს“. მთელი მათი ‘ანგარებით გაწვრთნილი გულების’ ყურადღება სულიერად მერყევ ისეთ პიროვნებებზეა გადატანილი, რომლებმაც ჭეშმარიტება ბოლომდე ვერ გაითავისეს. ამგვარად, გაითვალისწინე ის, რაც პეტრეს დღეებში მოხდა და ფხიზლად იყავი! წინააღუდექი ნებისმიერ არაწმინდა ლაქუცს და არ მოგაჯადოოს არავის უზნეო ლაქუცმა თუ ფიზიკურმა მომხიბვლელობამ! (2 პეტრე 2:14).
’ბალაამის გზა’
17. რა იყო ‘ბალაამის გზა’ და როგორ იმოქმედა ამან 24 000 ისრაელზე?
17 ამ „წყევლა-კრულვის“ შვილებმა გარკვეული დროის განმავლობაში იცოდნენ ჭეშმარიტება. ისინი შეიძლება ჯერაც კი კრების აქტიურ წევრებად ჩანან. მაგრამ პეტრე ამბობს, რომ მათ „მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბალამ ბოსორელის გზას, რომელმაც შეიყვარა უკეთურობის საზღაური“ (2 პეტრე 2:14, 15). წინასწარმეტყველ ბალაამის გზა ის იყო, რომ პირადი გამორჩენის მიზნით, უზნეობით შეცდენა ერჩია. მან მოაბის მეფე ბალაკს უთხრა, რომ ღმერთი ისრაელს დასწყევლიდა, თუ ხალხს აცდუნებდნენ და სიძვას ჩაადენინებდნენ. შედეგად, ღვთის ხალხიდან მრავალი მოაბელმა ქალებმა აცდუნა და 24 000 კაცი უზნეო საქციელის გამო მოკლულ იქნა (რიცხვნი 25:1–9; 31:15, 16; გამოცხადება 2:14).
18. როგორი დაჟინებულობით მოქმედებდა ბალაამი და რის მომასწავებელია ეს ცრუმოძღვრებისთვის?
18 პეტრე აღნიშნავს, რომ ბალაამს ვირის ალაპარაკებით ხელი შეეშალა, მაგრამ მან ისე „შეიყვარა უკეთურობის საზღაური“, რომ ამანაც კი ვერ ალაგმა მისი „სიშმაგე“ (2 პეტრე 2:15, 16). რამხელა ბოროტებაა! ვაი, ყველა ბალაამის მსგავს იმ პიროვნებას, რომლებიც ღვთის ხალხის უზნეობაში ჩათრევასა და გახრწნას ცდილობენ! ბალაამი თავისი უკეთურობის გამო მოკვდა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ყველა მისი გზებით მოსიარულეს იგივე დაემართებოდა (რიცხვნი 31:8).
მათი სატანური საცდურები
19, 20. ა) რასთან არიან შედარებული ბალაამის მსგავსი პიროვნებები და რატომ? ბ) ვის აცდუნებენ ისინი და როგორ? გ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საცდურები სატანურია, და როგორ შეგვიძლია მათგან დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ისე სხვები?
19 ბალაამის მსგავსი პიროვნებების აღწერისას პეტრე ამბობს: „ესენი არიან დამშრალი წყაროები [ანუ ჭები] და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები“. უდაბნოში მყოფი მწყურვალე მგზავრისთვის ამომშრალი ჭა შეიძლება სიკვდილის ტოლფასი იყოს. გასაკვირი არ არის, რომ მათთვის, ვინც ასეთ რამეებს აკეთებს, „გამზადებულია საუკუნო წყვდიადი! ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით, — განაგრძობს პეტრე, — ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ“. პეტრე ამბობს, ისინი გამოუცდელებს ‘თავისუფლების დაპირებით’ აცდუნებენ, მაშინ როცა „თვითონ. . . გახრწნილების მონები არიან“ (2 პეტრე 2:17–19; გალატელთა 5:13).
20 ასეთი გახრწნილი მოძღვრების საცდურები სატანურია. მაგალითად, მათ შეიძლება თქვან: „ღმერთმა იცის, რომ სუსტები ვართ და ვნებებს ვექვემდებარებით. ამიტომ, თუ საკუთარ თავს სიამოვნებას ვანიჭებთ და სქესობრივ სურვილებს ვიკმაყოფილებთ, ღმერთი შეგვიწყალებს. თუ ცოდვებს ვაღიარებთ, ის მოგვიტევებს ისევე, როგორც ეს პირველად ჩვენი ჭეშმარიტებაში მოსვლისას გააკეთა“. გაიხსენე, რომ მსგავსად მიუდგა ევას სატანა, როცა აღუთქვა, რომ ევას შეეძლო შეეცოდა და დაუსჯელი დარჩენილიყო. ამ შემთხვევაში სატანამ განაცხადა, რომ ღვთის წინაშე შეცოდება ევასთვის ცოდნის მიღებისა და თავისუფლების მიმცემი იქნებოდა (დაბადება 3:4, 5). თუ კრებაში მოულოდნელად ასეთ გახრწნილ პიროვნებებს წავაწყდებით, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ისე სხვებიც და ამის შესახებ ქრისტიანული კრების პასუხისმგებელ პირებს ვაცნობოთ (ლევიანნი 5:1).
ზუსტი შემეცნებით დაცულნი
21–23. ა) რა შედეგები მოჰყვება ზუსტი შემეცნების შესაბამისად მოქმედების უგულებელყოფას? ბ) პეტრეს მიერ მოხსენიებულ კიდევ რომელ პრობლემაზე იქნება საუბარი მომდევნო სტატიაში?
21 პეტრე თავისი წერილის ამ ნაწილს იმის აღწერით ამთავრებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ ადრე მოხსენიებული ‘სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისთვის საჭირო’ შემეცნების შესაბამისად მოქმედების უგულებელყოფას (2 პეტრე 1:2, 3, 8). ის წერს: «ვინაიდან, თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს [„ზუსტი“ აქ] შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება» (2 პეტრე 2:20). რა სამწუხაროა! პეტრეს დღეებში მცხოვრებმა ასეთმა პიროვნებებმა წუთიერი სქესობრივი სიამოვნების გამო, ხელიდან გაუშვეს ზეცაში უკვდავი სიცოცხლის მიღების ძვირფასი იმედი.
22 ამიტომ პეტრე ამბობს: „უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან. იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის“ (2 პეტრე 2:21, 22; იგავნი 26:11).
23 კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც, როგორც ჩანს, ზემოქმედება ადრინდელი ქრისტიანების დროიდან დაიწყო, იმის მსგავსი იყო, რაც ზოგზე დღესაც ახდენს გავლენას. მაშინ, როგორც ჩანს, ბევრი ჩიოდა ქრისტეს აღთქმული მოსვლის ვითომ დაგვიანების გამო. განვიხილოთ, თუ როგორ უდგება პეტრე ამ საკითხს.
გახსოვს?
◻ რომელი სამი გამაფრთხილებელი მაგალითი მოჰყავს პეტრეს?
◻ რა გაგებით არიან ცრუმოძღვრები „უფლებათა მოძულენი“?
◻ რა არის ბალაამის გზა და როგორ ცდილობს ამ გზაზე დამდგარი ხალხი სხვების შეცდენას?
◻ რა შედეგები მოჰყვება ზუსტი შემეცნების შესაბამისად მოქმედების უგულებელყოფას?
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ბალაამის შემთხვევა გამაფრთხილებელი მაგალითია.