შეავსეთ მოთმინება ღმერთისადმი ერთგულებით
‘შეავსეთ თქვენი რწმენა. . . მოთმინებით, მოთმინება — ღმერთისადმი ერთგულებით’ (2 პეტრე 1:5, 6, აქ).
მეოცე საუკუნის ისტორიაში ეს იყო ბნელით მოცული პერიოდი. ოცდაათიანი წლებიდან დაწყებული, ათასობით იეჰოვას მოწმე ნაციზმის კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყნებში უსამართლოდ დააპატიმრეს და წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში. რატომ? იმიტომ რომ, მათ გაბედეს, დარჩენილიყვნენ ნეიტრალურნი და უარს ამბობდნენ, ეთქვათ „ჰაილ ჰიტლერ“. როგორ ეპყრობოდნენ მათ? „სს-ს რაზმები პატიმრების არც ერთ სხვა ჯგუფს არ. . . მოქცევიან ისეთი სადიზმით, როგორც ბიბლიის მკვლევარებს [იეჰოვას მოწმეებს]. ეს იყო სადიზმი, რომელიც გამოირჩეოდა ენით აუწერელი, მთელი რიგი ფიზიკური და სულიერი წამებით“, — თქვა გერმანიის მთავრობის ყოფილმა ოფიცერმა, კარლ ვიტიგმა.
2 როგორ ცხოვრობდნენ იეჰოვას მოწმეები? წიგნში, „ნაცისტური სახელმწიფო და ახალი რელიგიები: დაუმორჩილებლობის ხუთი შემთხვევის შესწავლა“, ისტორიკოსი კრისტინ ე. კინგი წერდა: „[სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით] მხოლოდ იეჰოვას მოწმეების წინაშე იყო მთავრობა უძლური“. დიახ, იეჰოვას მოწმეები, როგორც ერთი, მტკიცენი იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ ასობით მათგანისთვის ეს ნიშნავდა თვით სიკვდილამდე მოთმენას.
3 რამ შეაძლებინა იეჰოვას მოწმეებს, მოეთმინათ ასეთი განსაცდელი არა მარტო ნაცისტურ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში? მათი ზეციერი მამა ეხმარებოდა მათ, მოეთმინათ მისადმი ერთგულების გამო. „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი [ღმერთისადმი ერთგულნი, აქ] “, — გვიხსნის მოციქული პეტრე (2 პეტრე 2:9). იმავე წერილის დასაწყისში პეტრემ ურჩია ქრისტიანებს: ‘შეავსეთ თქვენი რწმენა. . . მოთმინებით, მოთმინება — ღმერთისადმი ერთგულებით’ (2 პეტრე 1:5, 6, აქ). ამიტომ, მოთმინება მჭიდროდ არის დაკავშირებული ღმერთისადმი ერთგულებასთან. ფაქტობრივად, ბოლომდე რომ მოვითმინოთ, უნდა ‘მივდიოთ. . . ღვთისმოსაობას [ღმერთისადმი ერთგულებას, აქ] ’ და გამოვავლინოთ ის (1 ტიმოთე 6:11). მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ღმერთისადმი ერთგულება?
რა არის ღმერთისადმი ერთგულება?
4 ბერძნული არსებითი სახელი „ღმერთისადმი ერთგულებისთვის“ (ეუ·სეʹბეი·ა) სიტყვასიტყვით შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „სათანადო პატივისცემა“ a (2 პეტრე 1:6, „კინგდომ ინტერლინიე“, Kingdom Interlinear). ის აღნიშნავს ღმერთისადმი თბილ, გულწრფელ გრძნობას. უ. ე. ვაინის სიტყვების თანახმად, ზედსართავი სახელი, „ეუ·სე·ბესʹ“, სიტყვასიტყვით „სათანადო პატივისცემა“ ნიშნავს „ენერგიას, რომელსაც მართავს ღმერთისადმი წმინდა, მოკრძალებული შიში და რომელიც ვლინდება ერთგულ მოქმედებაში“ (2 პეტრე 2:9, ინტ).
5 ამიტომ, გამონათქვამი, „ღმერთისადმი ერთგულება“, მიუთითებს იეჰოვასადმი პატივისცემაზე ან ერთგულებაზე, რომლებიც აღგვძრავს, გავაკეთოთ ის, რაც ასიამოვნებს მას. ეს ასევეა მძიმე გამოცდების დროსაც, რადგან ჩვენ მთელი გულით გვიყვარს ღმერთი. ეს არის ერთგული, ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან, რაც გამოიხატება იმით, თუ როგორ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. ჭეშმარიტი ქრისტიანები აღძრული არიან, ილოცონ, რომ შეძლონ დაქვემდებარება ‘მშვიდ და წყნარ ცხოვრებაზე სრული ღვთისმოსაობით [ღმერთისადმი ერთგულებით, აქ]’ (1 ტიმოთე 2:1, 2). ლექსიკოგრაფების, ი. პ. ლოუსა და ე. ა. ნაიდეს სიტყვების თანახმად, «მრავალ ენაზე „ეუ·სეʹბეი·ა“ 1 ტიმ. 2:2-ში, შესაძლოა, სათანადოდ არის თარგმნილი: „იცხოვრო, როგორც ღმერთს სურს, რომ ვიცხოვროთ“ ან „იცხოვრო, როგორც ღმერთმა გვითხრა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ“».
6 ჩვენ ახლა უკეთესად შეგვიძლია აღვიქვათ კავშირი მოთმინებასა და ღმერთისადმი ერთგულებას შორის. რადგანაც ვცხოვრობთ ისე, როგორც ღმერთს სურს — ღმერთისადმი ერთგულებით — განვიცდით ქვეყნიერებისგან შუღლს, რასაც მუდამ მოაქვს რწმენის გამოცდები (2 ტიმოთე 3:12). მაგრამ სხვაგვარად ვერ ვიქნებით აღძრულები, მოვითმინოთ მსგავსი განსაცდელი, თუ არ გვექნება ახლო ურთიერთობა ჩვენს ზეციერ მამასთან. უფრო მეტიც, იეჰოვა ეხმარება ასეთ გულწრფელ ერთგულებს. უბრალოდ, დაფიქრდი, რა გრძნობა დაეუფლება ღმერთს, ზეციდან რომ გადმოიხედავს და დაინახავს მათ, ვინც მისადმი ერთგულების გამო ცდილობს, ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად, ასიამოვნოს მას. გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას სურს, „იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი“!
7 ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ ღმერთისადმი ერთგულებით შობილი, არც ავტომატურად მიგვიღია ღვთისმოშიში მშობლებისაგან (დაბადება 8:21). პირიქით, ის უნდა განვავითაროთ (1 ტიმოთე 4:7, 10). ჩვენ უნდა ვეცადოთ, მოთმინება და რწმენა შევავსოთ ღმერთისადმი ერთგულებით. პეტრეს სიტყვების თანახმად, „ყოველი ღონე“ უნდა მოვახმაროთ ამას (2 პეტრე 1:5). მაგრამ როგორ შევიძინოთ ღმერთისადმი ერთგულება?
როგორ ვიძენთ ღმერთისადმი ერთგულებას?
8 მოციქულმა პეტრემ აგვიხსნა, თუ როგორ შეგვიძლია შევიძინოთ ღმერთისადმი ერთგულება. მან თქვა: „მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნებით, ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის [ღმერთისადმი ერთგულებისთვის, აქ] გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში“ (2 პეტრე 1:2, 3). ამიტომ ღმერთისადმი ერთგულებით რომ შევავსოთ რწმენა და მოთმინება, უნდა გავიზარდოთ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ზუსტი, ესე იგი სრული, ანუ მთლიანი შემეცნებით.
9 რას ნიშნავს, გქონდეს ზუსტი შემეცნება ღმერთისა და ქრისტეს შესახებ? ცხადია, რომ ის მოიცავს გაცილებით მეტს, ვიდრე, უბრალოდ, იცოდე, თუ ვინ არიან ისინი. მაგალითისთვის: შენ, შესაძლოა, იცი, ვინ არის შენი კარის მეზობელი და, ალბათ, სახელითაც კი ესალმები მას. მაგრამ ასესხებდი თუ არა მას დიდ თანხას? არა, სანამ ნამდვილად არ გეცოდინებოდა, თუ როგორია ის (შეადარე იგავნი 11:15). ასევე, იესოსა და იეჰოვას ზუსტად ან სრულიად ცნობა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ გვწამდეს, რომ ისინი არსებობენ და ვიცოდეთ მათი სახელები. მათ გამო მზადყოფნით რომ მოვითმინოთ სიძნელეები, სიკვდილამდეც კი, პირადად უნდა ვიცნობდეთ მათ (იოანე 17:3). რას მოიცავს ეს?
10 ზუსტი ან სრული შემეცნების ფლობა იეჰოვასა და იესოს შესახებ მოიცავს ორ საკითხს: 1) ვიცოდეთ ისინი როგორც პიროვნებები — მათი თვისებები, გრძნობები, გზები, და 2) მივბაძოთ მათ მაგალითს. ღმერთისადმი ერთგულება მოიცავს წრფელ, ახლო ურთიერთობას იეჰოვასთან და იმას, რომ ცხადვყოფთ ამას ჩვენი ცხოვრებით. ამიტომ, რათა დავეუფლოთ მას, პირადად უნდა გავიცნოთ იეჰოვა და საფუძვლიანად გავიგოთ მისი სურვილი და გზები იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ადამიანისთვის. ჭეშმარიტად რომ ვიცნობდეთ იეჰოვას, ვის მსგავსებადაც ვართ შექმნილი, უნდა გამოვიყენოთ ასეთი შემეცნება და შევეცადოთ, ვიყოთ მისი მსგავსნი (დაბადება 1:26–28; კოლასელთა 3:10). და რამდენადაც იესო სრულყოფილად ბაძავდა იეჰოვას იმაში, რასაც ამბობდა და აკეთებდა, იესოს შესახებ ზუსტი შემეცნება ძვირფასი დახმარებაა ღმერთისადმი ერთგულების გამოვლენაში (ებრაელთა 1:3).
11 მაგრამ როგორ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი ზუსტი შემეცნება ღმერთისა და ქრისტეს შესახებ? ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის გულმოდგინე შესწავლითb. ამიტომ, თუ ბიბლიის ჩვენი პირადი შესწავლის შედეგი ისაა, რომ დავეუფლოთ ღმერთისადმი ერთგულებას, მნიშვნელოვანია, რომ დრო გამოვყოთ დასაფიქრებლად, რაც ნიშნავს მსჯელობას, ანუ იმის აწონ-დაწონას, რასაც ვკითხულობთ (შეადარე იესო ნავეს ძე 1:8). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გახსოვდეს, რომ ღმერთისადმი ერთგულება არის თბილი, გულწრფელი გრძნობა მისადმი. საღვთო წერილში „ფიქრი“ არაერთხელ არის დაკავშირებული სიმბოლურ გულთან — შინაგან პიროვნებასთან (ფსალმუნი 18:15; 48:4; იგავნი 15:28). როცა მადლიერებით დავფიქრდებით წაკითხულზე, ეს დაილექება შინაგან პიროვნებაში, ასე რომ, აღიძვრება ჩვენი გრძნობები, შეეხება ემოციებს და ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ფიქრზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია შესწავლას, გააძლიეროს ჩვენი ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან და აღგვძრას, რთული ვითარებების ან ძნელი განსაცდელების დროსაც კი ვიცხოვროთ ისე, როგორც მას სიამოვნებს.
ღმერთისადმი ერთგულების გამოვლენა ოჯახში
12 ღმერთისადმი ერთგულება, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში უნდა იყოს გამოვლენილი. მოციქულმა პავლემ თქვა: „ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, მათ უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ღმერთისათვის“ (1 ტიმოთე 5:4). როგორც პავლემ შენიშნა, ასაკოვან მშობლებზე ზრუნვა არის ღმერთისადმი ერთგულების გამოვლენა. ჭეშმარიტი ქრისტიანები მსგავს მზრუნველობას უწევენ არა მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ მშობლებისადმი სიყვარულის გამო. თუმცა, უფრო მეტიც, მათ შეგნებული აქვთ მნიშვნელობა, რომელსაც იეჰოვა ანიჭებს ოჯახზე მზრუნველობას. მათ კარგად აქვთ შეგნებული, რომ მშობლების დახმარებაზე უარის თქმა მაშინ, როცა ისინი საჭიროებენ ამას, ნიშნავს ‘ქრისტიანული რწმენისგან განდგომას’ (1 ტიმოთე 5:8).
13 რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილი არ არის ღმერთისადმი ერთგულების გამოვლენა ოჯახში. ოჯახის წევრები, შესაძლოა, საკმაოდ დიდ მანძილზე არიან დაშორებული ერთმანეთისგან. შესაძლოა, მოზარდები ქმნიან ოჯახებს და უმკლავდებიან ეკონომიკურ სიძნელეებს. მზრუნველობის ხასიათმა ან ხარისხმა, რაც ესაჭიროება მშობელს, შეუძლია გააუარესოს მზრუნველის ფიზიკური, სულიერი და ემოციური ჯანმრთელობა. მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი კმაყოფილება იმის ცოდნით, რომ მშობლებზე ზრუნვა არ მოიცავს მხოლოდ ‘სამაგიეროს მიგებას’, არამედ ასევე, მისადმი სიამოვნების მიგებას, „ვისგანაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე“ (ეფესელთა 3:14, 15).
14 განვიხილოთ ჭეშმარიტად გულში ჩამწვდომი მაგალითი. ელისი და მისი ხუთი და-ძმა რთულ გამოცდას შეხვდნენ მამაზე მზრუნველობის გამო. „1986 წელს მამაჩემს დამბლა დაეცა, რითაც მთლიანად პარალიზებული გახდა“, — თქვა ელისმა. ექვსივე ბავშვი მონაწილეობას იღებდა მამის მოთხოვნილებების შესრულებაში, უვლიდნენ მას, რაშიც შედიოდა დაბანა, ლოგინში მხარის შეცვლა, რათა ნაწოლი არ გასჩენოდა. „ჩვენ ვუკითხავდით, ვესაუბრებოდით, მუსიკას ვუკრავდით მისთვის. თუმცა, ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ყოველივე ესმოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა, მაგრამ ვეპყრობოდით ისე, თითქოს, სავსებით ესმოდა ყველაფერი“.
15 ასე რატომ ზრუნავდნენ ბავშვები მამაზე? ელისი აგრძელებს: „1964 წლიდან, დედაჩვენის სიკვდილის შემდეგ, მამამ მარტომ გაგვზარდა. იმ დროს ჩვენი ასაკი იყო 5-დან 14 წლამდე. ის ჩვენთვის ცხოვრობდა მაშინ, ახლა ჩვენ ვცხოვრობთ მისთვის“. ნათელია, ადვილი არ არის ასეთი მზრუნველობის გამომჟღავნება და ბავშვები ზოგჯერ იმედგაცრუებულები არიან. „მაგრამ მივხვდით, რომ მამის მდგომარეობა დროებითი პრობლემა იყო, — თქვა ელისმა. — ჩვენ ველოდებით იმ დროს, როცა მამას დაუბრუნდება კარგი ჯანმრთელობა და შევძლებთ დედასთან ხელახლა შეხვედრას“ (ესაია 33:24; იოანე 5:28, 29). უეჭველია, მშობელზე ასეთმა ერთგულმა მზრუნველობამ გული სითბოთი უნდა აუვსოს მას, ვინც მოუწოდებს ბავშვებს, პატივი მიაგონ მშობლებს!c (ეფესელთა 6:1, 2).
ღმერთისადმი ერთგულება და მსახურება
16 როდესაც ვიღებთ იესოს მოწვევას — ‘გამომყევით’ — გვეძლევა ღვთიური დავალება, ვიქადაგოთ სამეფოს კეთილი ცნობა და მოწაფეებად გავხადოთ ხალხი (მათე 16:24; 24:14; 28:19, 20). ცხადია, ამ „უკანასკნელ დღეებში“ მსახურებაში მონაწილეობის მიღება ქრისტიანული ვალდებულებაა (2 ტიმოთე 3:1). მაგრამ ქადაგებისა და სწავლებისთვის ჩვენი აღმძვრელი მხოლოდ მოვალეობის გრძნობა ან ვალდებულება არ უნდა იყოს. იეჰოვასადმი ღრმა სიყვარული უნდა იყოს უმთავრესი მიზეზი იმისთვის, რასაც ვაკეთებთ და რამდენსაც ვაკეთებთ მსახურებაში. „გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“, — თქვა იესომ (მათე 12:34). დიახ, როდესაც ჩვენი გულები იეჰოვასადმი სიყვარულით ივსება, ეს აღგვძრავს, რომ დავამოწმოთ მის შესახებ სხვების წინაშე. როცა მოტივი ღმერთის სიყვარულია, მისადმი მსახურება ჩვენი ერთგულების მნიშვნელოვანი გამოვლენაა.
17 როგორ შეგვიძლია განვავითაროთ სწორი მოტივი მსახურებისთვის? მადლიერებით იფიქრე სამი მიზეზის შესახებ, რის გამოც უნდა გვიყვარდეს იეჰოვა. 1) ჩვენ გვიყვარს იეჰოვა იმის გამო, რაც უკვე გააკეთა მან ჩვენთვის. იმაზე უფრო მეტი სიყვარულის გამოვლენას ვერ შეძლებდა, როგორიც გამოსყიდვით უზრუნველყოფა იყო (მათე 20:28; იოანე 15:13). 2) ჩვენ გვიყვარს იეჰოვა იმის გამო, რასაც ახლა აკეთებს ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს იეჰოვასთან საუბრის თავისუფლება, ღმერთთან, რომელიც გვპასუხობს ლოცვებზე (ფსალმუნი 64:3; ებრაელთა 4:14–16). რამდენადაც უპირატესობას სამეფოს ინტერესებს ვანიჭებთ, ვკმაყოფილდებით იმით, რაც არსებობისთვის აუცილებელია (მათე 6:25–33). ჩვენ ვიღებთ სულიერი საკვების უწყვეტ მარაგს, რომელიც პრობლემების დაძლევაში გვეხმარება (მათე 24:45). და გვაქვს კურთხევა, რადგანაც ვართ მსოფლიო ქრისტიანული ძმობის ნაწილი, რაც ჭეშმარიტად განსხვავებულია ქვეყნიერების დანარჩენი ნაწილისგან (1 პეტრე 2:17). 3) ასევე, ჩვენ გვიყვარს იეჰოვა იმის გამო, რასაც მომავალში გააკეთებს ჩვენთვის. მისი სიყვარულის გამო ჩვენ უნდა ‘ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ — მარადიულ სიცოცხლეს მომავალში (1 ტიმოთე 6:12, 19, აქ). როცა განვიხილავთ იეჰოვასგან ჩვენდამი გამოვლენილ სიყვარულს, უეჭველია, ჩვენი გულები აღგვძრავს, ერთგულად მივიღოთ მონაწილეობა, რომ მოვუყვეთ სხვებს ღმერთისა და მისი საუკეთესო განზრახვების შესახებ! სხვები ვერ გვეტყვიან, რა უნდა გავაკეთოთ ან რამდენი უნდა გავაკეთოთ მსახურებაში. ჩვენმა გულებმა უნდა აღგვძრას, გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია.
18 ღმერთისადმი ერთგულებით გაღვივებული გული აღძრული გვექნება, მძიმე ვითარების წინაშე მყოფებმაც კი ვილაპარაკოთ (შეადარე იერემია 20:9). ეს ჩანს მეტისმეტად მორიდებული ქრისტიანი ქალის, სტელას, ცხოვრებისეული მაგალითით. როცა მან პირველად დაიწყო ბიბლიის შესწავლა, ფიქრობდა: „ვერასოდეს შევძლებ კარდაკარ სიარულს!“ მან აგვიხსნა: „ყოველთვის ძალიან წყნარი ვიყავი. ვერ ვუახლოვდებოდი სხვებს, რომ დამეწყო საუბარი“. რამდენადაც მან გააგრძელა შესწავლა, იეჰოვასადმი მისი სიყვარული გაიზარდა და გამოამჟღავნა ძალიან დიდი სურვილი, მოეთხრო სხვებისთვის მის შესახებ. «მახსოვს, რა ვუთხარი ჩემს ბიბლიის შემსწავლელს, „მე სურვილი მაქვს, ბევრი ვისაუბრო, მაგრამ, უბრალოდ, არ შემიძლია, რაც ნამდვილად მაღელვებს“. არასოდეს დამავიწყდება რა მიპასუხა მან: „სტელა, დიდად მადლიერი იყავი, რომ გსურს ისაუბრო“».
19 მალე, სტელა აღმოჩნდა კარის მეზობელთან საქადაგოდ. ასე რომ, მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც თვითონვე გაუკვირდა — მან პირველად მიიღო მონაწილეობა კარდაკარ მსახურებაში (საქმე 20:20, 21). ის იხსენებს: „მე ამოწერილი მქონდა შესავალი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინ მედო, იმდენად შემეშინდა და ისე ავღელდი, რომ ვერ ვიხედებოდი ჩემს ჩანაწერებში!“ ახლა, 35 წლის გასვლის შემდეგ, სტელა ბუნებით, ჯერ კიდევ, მეტად მორიდებულია. მიუხედავად ამისა, მას უყვარს საველე მსახურება და მნიშვნელოვან მონაწილეობას ღებულობს მასში.
20 არც დევნას და, არც დაპატიმრებას არ შეუძლია იეჰოვას ერთგული მოწმეების გაჩუმება. განვიხილოთ ერნსტ და ჰილდეგარდ ზილიგერების მაგალითი გერმანიაში. რწმენის გამო ორივემ, საერთო ჯამში, 40 წელზე მეტი ხანი გაატარა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებსა და კომუნისტურ ციხეებში. მათ ციხეშიც კი გაბედულება გამოიჩინეს სხვა პატიმრებთან დამოწმებაში. ჰილდეგარდმა გაიხსენა: „ციხის ზედამხედველები განსაკუთრებით საშიშ პიროვნებებად მთვლიდნენ, რადგან როგორც ერთმა დარაჯმა ქალმა თქვა, მე მთელი დღის განმავლობაში ბიბლიის შესახებ ვლაპარაკობდი. ასე რომ, გადამიყვანეს კარცერში“. საბოლოოდ, მათ მიიღეს თავისუფლება, რის შემდეგაც ძმა და და ზილიგერებმა მთელი დრო ქრისტიანულ მსახურებას დაუთმეს. ორივე ერთგულად მსახურობდა სიკვდილამდე, ძმა ზილიგერი — 1985 წლამდე და მისი ცოლი — 1992 წლამდე.
21 ღმერთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლითა და იმით, რომ დროს გამოვყოფთ შესწავლილზე მადლიერებით დასაფიქრებლად, გავიზრდებით იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ზუსტ შემეცნებაში. ამის შედეგი, თავის მხრივ, იქნება ამ საუკეთესო თვისების — ღმერთისადმი ერთგულების — სრული ზომით შეძენა. ღმერთისადმი ერთგულების გარეშე შეუძლებელია, მოითმინო სხვადასხვა განსაცდელი, რაშიც მოსალოდნელია, ჩავვარდეთ ჩვენ, ქრისტიანები. მოდი, მივყვეთ მოციქული პეტრეს რჩევას, იმით რომ გავაგრძელებთ ‘ჩვენი რწმენის შევსებას. . . მოთმინებით, მოთმინების შევსებას — ღმერთისადმი ერთგულებით’ (2 პეტრე 1:5, 6, აქ).
[სქოლიოები]
a „ეუ·სეʹბეი·ა“-ს შესახებ უილიამ ბარკლეი წერდა: «„სებ“ არის იმ სიტყვის ნაწილი [ფუძე], რომელიც ნიშნავს პატივისცემას ან თაყვანისცემას. „ეუ“ არის ბერძნული სიტყვა „სათანადოს“ მნიშვნელობით; ამიტომ, „ეუსებეია“ არის სათანადო და ღირსეული თაყვანისცემა, პატივისცემა» (ახალი აღთქმის სიტყვები, New Testament Words).
b განხილვისთვის, თუ როგორ შეუძლია შესწავლას გააღრმავოს ჩვენი შემეცნება ღმერთის სიტყვის შესახებ, იხილე „სასწავლო სტატიების“ მეოთხე გამოცემა, მე-8—მე-12 გვერდები.
c სრულიად რომ განვიხილოთ, თუ ღმერთისადმი ერთგულება როგორ უნდა გამოვავლინოთ მოხუცი მშობლებისადმი, იხილე 1987 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა, მე -13— მე -18 გვერდები (ინგლ.).
რას უპასუხებ?
◻ რა არის ღმერთისადმი ერთგულება?
◻ რა კავშირია მოთმინებასა და ღმერთისადმი ერთგულებას შორის?
◻ როგორ უნდა შევიძინოთ ღმერთისადმი ერთგულება?
◻ როგორ შეუძლია ქრისტიანს ღმერთისადმი ერთგულება გამოავლინოს ოჯახში?
◻ რა უნდა იყოს ძირითადი მიზეზი იმისთვის, რასაც ვაკეთებთ მსახურებაში?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა დაემართათ იეჰოვას მოწმეებს 30-იანი წლებიდან დაწყებული ნაციზმის კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყნებში და რატომ? ბ) როგორ ცხოვრობდა იეჰოვას ხალხი ასეთი სასტიკი მოქცევისას?
3. რამ შეაძლებინა იეჰოვას მოწმეებს, მოეთმინათ მძიმე განსაცდელები?
4, 5. რა არის ღმერთისადმი ერთგულება?
6. რა კავშირია მოთმინებასა და ღმერთისადმი ერთგულებას შორის?
7. რატომ უნდა განვავითაროთ ღმერთისადმი ერთგულება?
8. მოციქული პეტრეს სიტყვების თანახმად, როგორ უნდა შევიძინოთ ღმერთისადმი ერთგულება?
9. როგორ შეიძლება ნათელი გახდეს, რომ ღმერთისა და ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნების შეძენა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ იცოდე, ვინ არიან ისინი?
10. რომელ ორ საკითხს მოიცავს იეჰოვასა და იესოს შესახებ ზუსტი შემეცნების ფლობა და რატომ?
11. ა) როგორ შეგვიძლია ღმერთისა და ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნების მიღება? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, დავფიქრდეთ წაკითხულზე?
12. ა) პავლეს სიტყვების თანახმად, როგორ შეუძლია ქრისტიანს, ღმერთისადმი ერთგულება გამოავლინოს ოჯახში? ბ) რატომ ზრუნავენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ხანდაზმულ მშობლებზე?
13. რატომ შეიძლება ნამდვილ სიძნელეს წარმოადგენდეს ოჯახში ღმერთისადმი ერთგულების გამოვლენა, მაგრამ როგორი დამაკმაყოფილებელი შედეგები მოაქვს მშობლებზე ზრუნვას?
14, 15. მოყევი ღვთისნიერი მზრუნველობის მაგალითი, რომელიც ბავშვებმა გამოავლინეს მშობლისადმი.
16. რა უნდა იყოს ძირითადი მიზეზი იმისთვის, რასაც ვაკეთებთ მსახურებაში?
17. როგორ შეგვიძლია განვავითაროთ სწორი მოტივი მსახურებისთვის?
18, 19. რა დაბრკოლება გადალახა დამ მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად?
20. რა მაგალითი ცხადყოფს, რომ ვერც დევნა, ვერც დაპატიმრება ვერ გაგვაჩუმებს იეჰოვას ერთგულ მოწმეებს?
21. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი რწმენა შევავსოთ ღმერთისადმი ერთგულებით?