ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 41
რას ვსწავლობთ პეტრეს წერილებიდან?
„ყოველთვის მზად ვარ, შეგახსენოთ ამის შესახებ“ (2 ᲞᲔᲢ. 1:12).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა დავალება მიიღო პეტრემ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?
ᲞᲔᲢᲠᲔ მოციქულს სულიერად მდიდარი ცხოვრება ჰქონდა. მას პატივი ხვდა წილად, რომ იესოსგან ესწავლა, არაიუდეველებისთვის ექადაგა და ხელმძღვანელ საბჭოში ემსახურა. თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პეტრემ კიდევ ერთი დავალება მიიღო იეჰოვასგან. ახ. წ. 62—64 წლებში მან ქრისტიანებს ორი წერილი მისწერა. პეტრეს იმედი ჰქონდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მათ ეს დახმარებას გაუწევდა (2 პეტ. 1:12—15).
2. რატომ იქნებოდა დროული პეტრეს წერილები პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის?
2 იმ პერიოდში, როცა პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს წერილები მისწერა, ისინი სხვადასხვა განსაცდელს ხვდებოდნენ (1 პეტ. 1:6). კრებაში ზოგიერთი ცრუმოძღვრებებს ავრცელებდა და და-ძმებს უწმინდური საქციელის ჩადენისკენ უბიძგებდა (2 პეტ. 2:1, 2, 14). ამას ისიც ემატებოდა, რომ მალე რომაელები იერუსალიმსა და მის ტაძარს მიწასთან გაასწორებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქ მცხოვრები ქრისტიანები „ყველაფრის დასასრულის“ მოწმენი გახდებოდნენ (1 პეტ. 4:7). ასე რომ, პეტრეს წერილები ნამდვილად დროული იქნებოდა მათთვის.b
3. რატომ ღირს პეტრეს წერილების განხილვა?
3 მართალია, პეტრემ თავისი წერილები პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა, მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, რომ ისინი ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლადაც შემოენახა (რომ. 15:4). ჩვენც ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელიც ყველანაირ უწმინდურებას იწყნარებს. თანაც მალე „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა. ასე რომ, ჩვენც ყურად უნდა ვიღოთ პეტრეს რჩევები და მოუთმენლად ველოდეთ იეჰოვას დღეს, სხვების შიშით ქადაგებისგან არ შევიკავოთ თავი და მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი. პეტრეს წერილები უხუცესებსაც დაეხმარება, რომ პირნათლად შეასრულონ მწყემსის მოვალეობა.
ᲛᲝᲣᲗᲛᲔᲜᲚᲐᲓ ᲓᲐᲔᲚᲝᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲦᲔᲡ
4. რამ შეიძლება შეგვირყიოს რწმენა? (2 პეტრე 3:3, 4).
4 დღეს ბევრს არ სწამს ბიბლიური წინასწარმეტყველებების და ფიქრობს, რომ აღსასრული არასდროს დადგება. ასეთებმა შეიძლება სასაცილოდ აგვიგდონ იმის გამო, რომ წლებია აღსასრულის მოლოდინში ვცხოვრობთ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:3, 4). თუ ჩვენს ახლობლებსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ან უბანზე ვხვდებით ასეთ ადამიანებს, შეიძლება რწმენა შეგვერყეს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს? მოდი ვნახოთ, რას გვირჩევს პეტრე.
5. რა დაგვეხმარება, მოთმინებით დაველოდოთ აღსასრულს? (2 პეტრე 3:8, 9).
5 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ იეჰოვა აყოვნებს ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას. ასეთი ფიქრები ჩვენც რომ არ შემოგვეპაროს, კარგი იქნება, გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ იეჰოვა დროს ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს — მისთვის ათასი წელი ერთი დღესავითაა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:8, 9). ის მომთმენია და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, თუმცა ერთი დღითაც არ დააგვიანებს ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსრულებას. თუ კარგად გვექნება ეს გააზრებული, დიდ პატივად მივიჩნევთ, რომ ამ დღის დადგომამდე შეგვიძლია ვუქადაგოთ ყველა ეროვნების ხალხს და დავეხმაროთ, გადარჩნენ.
6. რას გულისხმობს „მოუთმენლად ლოდინი“? (2 პეტრე 3:11, 12).
6 რწმენა რომ არ შეგვერყეს, ისიც აუცილებელია, რომ მოუთმენლად ველოდეთ იეჰოვას დღეს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:11, 12). „მოუთმენლად ლოდინი“ იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ხშირად ვიფიქროთ იმაზე, როგორი ცხოვრება გველის ახალ ქვეყნიერებაში. წარმოიდგინეთ, როგორ ჩაისუნთქავთ სუფთა ჰაერს, მიირთმევთ ჯანსაღ საკვებს და შეეგებებით მკვდრეთით აღმდგარ ახლობლებს. ისიც წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ძველ დროში მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრა და მათთვის იმის ახსნა, როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ამ ყველაფერზე ფიქრი დაგეხმარებათ, მოუთმენლად დაელოდოთ იეჰოვას დღეს და არ მოექცეთ მათ გავლენაში, ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებას არაფერი ემუქრება. ჩვენ კარგად ვიცით, რა გველის მომავალში, ამიტომ ვერ შეგვაცდენენ ისინი, ვინც სიცრუეს ავრცელებენ (2 პეტ. 3:17).
ᲜᲣ ᲨᲔᲒᲐᲨᲘᲜᲔᲑᲗ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲠᲔᲐᲥᲪᲘᲐ
7. რაში შეიძლება შეგვიშალოს ხელი შიშმა?
7 რაკი მოუთმენლად ველით იეჰოვას დღეს, იმის სურვილიც გვაქვს, რომ ყველას ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა. თუმცა ზოგჯერ შეიძლება სხვების შიშით თავი შევიკავოთ ქადაგებისგან. შიში არც პეტრე მოციქულისთვის იყო უცხო. იესოს სიკვდილის წინა ღამეს მან არა მხოლოდ დამალა, რომ იესოს მოწაფე იყო, არამედ სამჯერ უარყო კიდეც, რომ საერთოდ იცნობდა მას (მათ. 26:69—75). მოგვიანებით მან დაძლია შიში და თანაქრისტიანებს შემდეგი რჩევა მისცა: „ნუ შეგეშინდებათ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ, და ნუ აფორიაქდებით“ (1 პეტ. 3:14). ჩვენც შევძლებთ შიშის დაძლევას.
8. რა დაგვეხმარება შიშის დაძლევაში? (1 პეტრე 3:15).
8 რა დაგვეხმარება შიშის დაძლევაში? პასუხს 1 პეტრეს 3:15-დან ვიგებთ (წაიკითხეთ): „წმინდა იყოს თქვენთვის ქრისტე როგორც უფალი“. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ, როგორი აღმატებული მდგომარეობა უკავია ჩვენს უფალს და მეფეს და რამხელა ძალას ფლობს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შეგეშინდებათ, წარმოიდგინეთ ჩვენი ძლევამოსილი მეფე და მის გვერდით მყოფი ანგელოზთა დიდი ლაშქარი. გახსოვდეთ, რომ „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“ სწორედ მას აქვს მიცემული და რომ „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ ყოველდღე ჩვენთან იქნება (მათ. 28:18—20). პეტრემ იმისკენაც მოგვიწოდა, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ ჩვენი რწმენის დასაცავად. ეს იმას ნიშნავს, რომ ქადაგების შესაძლებლობა არ გავუშვათ ხელიდან სკოლაში, სამსახურში თუ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ დავფიქრდებით, რა სიტუაციებში შეიძლება აღმოვჩნდეთ და რისი თქმა იქნება იმ დროს უპრიანი. სთხოვეთ იეჰოვას, გაბედულება შეგმატოთ, და დარწმუნებული იყავით, რომ ის დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში (საქ. 4:29).
„ᲛᲗᲔᲚᲘ ᲒᲣᲚᲘᲗ ᲒᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ“
9. რა დაემართა ერთხელ პეტრეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
9 პეტრეს იმის სწავლა მოუწია, თუ როგორ გამოევლინა ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული. მან თავისი ყურით მოისმინა იესოს სიტყვები: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი!“ (იოან. 13:34). თუმცა რაღაც დროის შემდეგ ის სხვების ზეგავლენაში მოექცა და უცხოტომელ ქრისტიანებთან ერთად საჭმელადაც აღარ ჯდებოდა. ამის გამო პავლემ ის თვალთმაქცობაში ამხილა (გალ. 2:11—14). პეტრემ თავმდაბლურად მიიღო ეს შენიშვნა. მან იმდენად კარგად გაიაზრა, რას ნიშნავს ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული, რომ თავის წერილებში არაერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია, და-ძმებს საქმითაც დავუმტკიცოთ სიყვარული.
10. რა შემთხვევაში შევძლებთ „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობის“ გამოვლენას? ახსენით (1 პეტრე 1:22).
10 პეტრე მოგვიწოდებს, რომ თანაქრისტიანების მიმართ „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას“ ვიჩენდეთ, რისკენაც ჭეშმარიტებისადმი მორჩილება აღგვძრავს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:22). ვიცით, რომ იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია და თუ გვინდა, ჭეშმარიტებას დავემორჩილოთ, ამაშიც უნდა მივბაძოთ მას (საქ. 10:34, 35). ჩვენ ვერ დავიცავთ „ახალ მცნებას“, თუ კრებაში მხოლოდ ზოგიერთები გვეყვარება. ბუნებრივია, რომ ყველასთან ერთნაირად ახლო ურთიერთობა ვერ გვექნება. ასე იყო იესოს შემთხვევაშიც (იოან. 13:23; 20:2). თუმცა პეტრეს რჩევისამებრ, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა და-ძმა ისე გვიყვარდეს, თითქოს ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ (1 პეტ. 2:17).
11. საიდან გამოჩნდება, რომ მთელი გულით გვიყვარს და-ძმები?
11 პეტრემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ „მთელი გულით“ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს იმას გულისხმობს, რომ „გავაფართოოთ ჩვენი გულის საზღვრები“ ანუ მაშინაც გვიყვარდეს და-ძმები, როცა ეს არც ისე ადვილია. მაგალითად, როცა ვინმე გულს გვტკენს, შეიძლება იმის სურვილი გაგვიჩნდეს, რომ საკადრისი პასუხი გავცეთ ან სამაგიერო გადავუხადოთ. ერთხელ მსგავს სიტუაციაში პეტრესაც გაუჭირდა თავშეკავების გამოვლენა, მაგრამ იესომ დაანახვა, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია სამაგიეროს გადახდა (იოან. 18:10, 11). 1 პეტრეს 3:9-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, რომ მან ეს გაკვეთილიც ისწავლა. აქ ვკითხულობთ: „ავისმქნელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით, შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფით ნუ უპასუხებთ; პირიქით, დალოცეთ ისინი“. ასე რომ, თუ პეტრეს რჩევისამებრ, მთელი გულით გვეყვარება და-ძმები, მათაც კარგად მოვექცევით, ვინც გულს გვტკენს.
12. ა) რისთვის ვიქნებით მზად, თუ მთელი გულით გვეყვარება თანაქრისტიანები? ბ) რისი გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი? (იხილეთ ვიდეო „ხელი შეუწყვეთ ერთობას“).
12 თავის პირველ წერილში პეტრემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთელი გულით სიყვარულის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ის ერთ-ორ შეცდომას კი არა, „უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8). ამის სწავლა თავის დროზე პეტრესაც მოუწია. მას ეგონა, რომ საკმარისი იქნებოდა, თუ ძმას შვიდჯერ აპატიებდა. თუმცა იესომ დაანახვა, რომ ზღვარი არ უნდა დაედგინა და იმდენჯერ ეპატიებინა მწყენინებლისთვის, რამდენჯერაც საჭირო გახდებოდა (მათ. 18:21, 22). გული არ გაიტეხოთ, თუ ზოგჯერ გიჭირთ ამ რჩევის გათვალისწინება. თქვენ გამონაკლისი არ ხართ. მთავარი ისაა, მოერიოთ თავს, ყველანაირად ეცადოთ, აპატიოთ თანაქრისტიანს და აღადგინოთ მასთან ურთიერთობა.c
ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲝ, ᲛᲬᲧᲔᲛᲡᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲬᲧᲡᲝ
13. რატომ შეიძლება გაუჭირდეთ უხუცესებს და-ძმებისთვის დროის გამოყოფა?
13 პეტრეს, ალბათ, არასდროს დაავიწყდებოდა, რა დავალება მისცა იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მან ასეთი რამ უთხრა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები!“ (იოან. 21:16). უხუცესებმა კარგად იციან, რომ ეს სიტყვები მათაც ეხება. თუმცა დროდადრო შეიძლება გაუჭირდეთ და-ძმებისთვის დროის გამოყოფა. მათ ხომ ისედაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ. მაგალითად, უწევთ ოჯახის წევრების ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ საჭიროებებზე ზრუნვა, სამქადაგებლო საქმეში აქტიური მონაწილეობა, კრების შეხვედრებზე სხვადასხვა დავალებით გამოსვლა და კონგრესებისთვის მოხსენებების მომზადება. ზოგი საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტშიც მსახურობს ან ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებასთან თანამშრომლობს. დიახ, ეს ძმები მართლაც არაერთ საქმეს არიან შეჭიდებულნი.
14. რა დაეხმარება უხუცესებს, იზრუნონ და-ძმებზე? (1 პეტრე 5:1—4).
14 პეტრემ თანაუხუცესებს მოუწოდა, რომ დაემწყემსათ მათთვის მიბარებული „ღვთის სამწყსო“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:1—4). უხუცესებო, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან გიყვართ და-ძმები და გსურთ, მათზე იზრუნოთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება დატვირთული გრაფიკის ან დაღლილობის გამო გაგიჭირდეთ ამის გაკეთება. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? გაანდეთ თქვენი საწუხარი იეჰოვას და გახსოვდეთ პეტრეს სიტყვები: „ვინც მსახურობს, ღვთის ძალაზე დაიმედებულმა იმსახუროს“ (1 პეტ. 4:11). ფაქტია, და-ძმები ისეთ პრობლემებსაც ხვდებიან, რომლებიც მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში ჩაბარდება წარსულს. ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი თქვენგან მათი პრობლემების გადაჭრას კი არა, იმას მოითხოვს, რომ გიყვარდეთ ისინი, დამწყემსოთ და კარგი მაგალითი მისცეთ. დანარჩენზე „უფროსი მწყემსი“, იესო ქრისტე, იზრუნებს როგორც დღეს, ისე ახალ ქვეყნიერებაში.
15. რას აკეთებს ერთი უხუცესი და-ძმების გასამხნევებლად? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
15 ერთ დიდი ხნის უხუცესს, უილიამს, კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სამწყსოზე ზრუნვა. ყოველთვის, როცა ხედავს, რომ თანაქრისტიანს რაღაც უჭირს, ცდილობს, ყურადღებით მოუსმინოს და გაიგოს, როგორ დაეხმაროს. შემდეგ მათ გასამხნევებლად შესაფერის მასალას ეძებს და ხშირ შემთხვევაში ამისთვის ვიდეოებს იყენებს. როცა პანდემიამ იფეთქა, მან და სხვა უხუცესებმა გადაწყვიტეს, ყოველკვირეულად შეხმიანებოდნენ თავიანთი სამქადაგებლო ჯგუფის წევრებს. უილიამი გვიხსნის, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება: „იმ პერიოდში ბევრი და-ძმა სრულიად მარტო დარჩა; მარტო კაცისთვის კი რთულია, უარყოფით ფიქრებს არ მისცეს გასაქანი“. ის დასძენს: „და-ძმებს დღეს ჩვენი გამხნევება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ხალხს იეჰოვა გავაცნოთ და განა ასეთივე ძალისხმევა არ უნდა მოვახმაროთ იმას, რომ ძვირფასი თანაქრისტიანები არ ჩამოშორდნენ მას?!“.
ᲓᲐᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲜᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ
16. რა ვისწავლეთ პეტრეს წერილებიდან?
16 ჩვენ მხოლოდ რამდენიმე რჩევა განვიხილეთ პეტრეს წერილებიდან. დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ხშირად ვიფიქროთ ახალ ქვეყნიერებაზე, გაბედულად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სკოლაში, სამსახურში თუ სხვა სიტუაციებში, უფრო მეტად შევიყვაროთ და-ძმები ან, თუ უხუცესად ვმსახურობთ, უკეთ შევასრულოთ მწყემსის მოვალეობა. თუ შევნიშნეთ, რომ რომელიმე სფეროში მოვიკოჭლებთ, გული არ უნდა გავიტეხოთ. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ იესო ჩვენც დაგვეხმარება, რადგან როგორც პეტრემ დაწერა, „კეთილია უფალი“ (1 პეტ. 2:3). პეტრე იმაშიც გვარწმუნებს, რომ ღმერთი თავად დაასრულებს ჩვენს მომზადებას, გაგვამხნევებს, განგვამტკიცებს და გაგვაძლიერებს (1 პეტ. 5:10).
17. როგორ დავჯილდოვდებით, თუ არ დავნებდებით და დავასრულებინებთ იეჰოვას ჩვენს მომზადებას?
17 იყო დრო, როცა პეტრე იესოს გვერდით ყოფნის ღირსადაც კი არ თვლიდა თავს. თუმცა იეჰოვასა და მისი ძის დახმარებით შეძლო ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო (ლუკ. 5:8). ამის გამო პეტრემ დიდი ჯილდო მიიღო — მისთვის „ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მარადიული სამეფოს კარი“ ფართოდ გაიღო (2 პეტ. 1:11). თუ პეტრეს მსგავსად არ დანებდებით და იეჰოვას დაასრულებინებთ თქვენს მომზადებას, მიაღწევთ რწმენის საბოლოო მიზანს, ხსნას, და მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებით (1 პეტ. 1:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109 გულითადად გიყვარდეთ
a ამ სტატიაში განვიხილავთ პეტრეს წერილებში მოცემულ რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება, მოუთმენლად დაველოდოთ იეჰოვას დღეს, სხვების შიშით თავი არ შევიკავოთ ქადაგებისგან და მთელი გულით შევიყვაროთ და-ძმები. იმასაც გავიგებთ, რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს, რომ პირნათლად შეასრულონ მწყემსის მოვალეობა.
b პალესტინაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა პეტრეს წერილები, სავარაუდოდ, ახ. წ. 66 წლამდე მიიღეს ანუ მანამ, სანამ რომაელები იერუსალიმზე პირველად გაილაშქრებდნენ.
c jw.org-ზე უყურეთ ვიდეოს „ხელი შეუწყვეთ ერთობას“.