თავი 18
მიწისძვრები უფლის დღეს
1, 2. ა) რა ხდება ძლიერი მიწისძვრის დროს? ბ) რას აღწერს იოანე მეექვსე ბეჭდის ახსნისას?
შესწრებიხართ ოდესმე ძლიერ მიწისძვრას? ცხადია, სასიამოვნო ამაში არაფერია. ძლიერ მიწისძვრას ზოგჯერ შეიძლება თან სდევდეს შემზარავი გუგუნი; შეიძლება რყევა ყოველმა ახალმა ბიძგმა გააძლიეროს; ხალხი ამ დროს უსაფრთხო ადგილს ეძებს და შეიძლება მაგიდის ქვეშაც კი შეძვრეს. ზოგჯერ მიწისძვრა მოულოდნელი და დამანგრეველი ბიძგით იწყება, რასაც ჭურჭლისა თუ ავეჯის მტვრევა, შენობების ნგრევა მოსდევს. მას კოლოსალური ზარალი მოაქვს, განმეორებითი ბიძგები კი დამატებით ზარალს იწვევს და ტრაგიკულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
2 ეს იმ სურათის წარმოდგენაში გვეხმარება, რომელიც იოანემ მეექვსე ბეჭდის ახსნისას იხილა: „როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, დავინახე, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა“ (გამოცხადება 6:12ა). როგორც ჩანს, ეს დროის იმ მონაკვეთში ხდება, როცა სხვა ბეჭდებიც იხსნება. უფლის დღის რა მონაკვეთში ხდება ეს მიწისძვრა და რა მიწისძვრაზეა ლაპარაკი? (გამოცხადება 1:10).
3. ა) იესოს წინასწარმეტყველების თანახმად რა იქნებოდა მისი გამეფების ამოსაცნობი ნიშანი? ბ) რა მიწისძვრები უძღვის წინ გამოცხადების 6:12-ში აღწერილ ძლიერ სიმბოლურ მიწისძვრას?
3 ბიბლიაში პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით არაერთხელ არის საუბარი მიწისძვრებზე. როცა იესო იმ ნიშნის შესახებ საუბრობდა, რომლითაც მისი გამეფება ამოიცნობოდა, იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა „მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ და ეს იქნებოდა „მშობიარობის ტკივილების“ დაწყების ერთ-ერთი მაჩვენებელი. 1914 წლიდან მოყოლებული, როდესაც დედამიწის მოსახლეობამ მილიარდებს მიაღწია, მიწისძვრების რიცხვმა იმატა, რამაც ადამიანთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა (მათე 24:3, 7, 8). მართალია, მიწისძვრების გახშირებით წინასწარმეტყველება სრულდება, მაგრამ ეს მიწისძვრები სტიქიური უბედურებებია და სხვა არაფერი. ეს მიწისძვრები წინ უძღვის გამოცხადების 6:12-ში აღწერილ ძლიერ სიმბოლურ მიწისძვრას, რაც არაერთი წინასწარი ბიძგის შემდეგ საბოლოო გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ისედაც საძირკველშერყეულ სატანის ქვეყნიერებასa.
სოციალური რყევები
4. ა) როდიდან ელოდა იეჰოვას ხალხი 1914 წელს კატასტროფული მოვლენების დაწყებას? ბ) დროის რა პერიოდი უნდა დასრულებულიყო 1914 წელს?
4 იეჰოვას ხალხი XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ელოდა იმას, რომ 1914 წელს კატასტროფული მოვლენების დაწყებით დასრულდებოდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროები. დროის ეს პერიოდი მოიცავს „შვიდ დროს“ (2520 წელს), რომელიც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმში დავითის სამეფო დინასტიის დამხობით დაიწყო და ახ. წ. 1914 წელს ზეციერ იერუსალიმში იესოს გამეფებით დასრულდა (დანიელი 4:24, 25; ლუკა 21:24)b.
5. ა) რა განცხადება გააკეთა ჩარლს ტეიზ რასელმა 1914 წლის 2 ოქტომბერს? ბ) რა პოლიტიკური ძვრები დაიწყო 1914 წლიდან?
5 ჩარლზ ტეიზ რასელმა 1914 წლის 2 ოქტომბერს ბრუკლინში (ნიუ-იორკი) დილის თაყვანისცემაზე ბეთელის ოჯახის წინაშე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „წარმართთა ჟამი დასრულდა; მათი მეფეების დღეები დათვლილია“. მართლაც, 1914 წელს ისეთი ძლიერი ძვრები დაიწყო, რომ მსოფლიო სცენიდან არაერთი საუკუნოვანი მონარქია გაქრა. 1917 წელს რუსეთში სოციალისტური რევოლუციის დროს ბოლშევიკების მიერ მეფის რეჟიმის დამხობამ ხანგრძლივი კონფრონტაცია წარმოშვა მარქსისტულ იდეოლოგიასა და კაპიტალიზმს შორის. პოლიტიკური ცვლილებები დღესაც არყევს მსოფლიოს. დღეს მთავრობები ერთი ან ორი წელი თუ ძლებენ. პოლიტიკურ არასტაბილურობას მარტო იტალიის შემთხვევაც ცხადყოფს; ამ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ 42 წლის განმავლობაში 47-ჯერ შეიცვალა მთავრობა. ეს ცვლილებები კი გლობალურ ცვლილებას უძღვის წინ. რა იქნება ამის შედეგი? დედამიწას მხოლოდ ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს (ესაია 9:6, 7).
6. ა) როგორ აღწერს ჰ. ჯ. უელსი ახალ ეპოქას? ბ) რას წერენ ფილოსოფოსი ბერტრან რასელი და სახელმწიფო მოღვაწე ჰაროლდ მაკმილანი 1914 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე?
6 ისტორიკოსებმა, ფილოსოფოსებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა 1914 წელს „ახალი და მნიშვნელოვანი ეპოქის დასაწყისი“ უწოდეს. ამ ეპოქის დაწყებიდან 17 წლის შემდეგ ისტორიკოსმა ჰ. ჯ. უელსმა აღნიშნა: „წინასწარმეტყველი დიდი სიამოვნებით იწინასწარმეტყველებდა კარგს, მაგრამ ის ვალდებულია, თქვას ის, რასაც ხედავს. ის ხედავს მსოფლიოს, რომელშიც ჯერ კიდევ ჯარისკაცები, პატრიოტები, მევახშეები და თაღლითები ბატონობენ; მსოფლიოს, რომელიც გაჟღენთილია უნდობლობითა და სიძულვილით; მსოფლიოს, სადაც ელვის სისწრაფით იკარგება ადამიანის თავისუფლების ცნება; მსოფლიოს, რომელიც მწვავე კლასობრივი დაპირისპირებებისკენ მიექანება და ახალი ომებისთვის ემზადება“. 1953 წელს ფილოსოფოსი ბერტრან რასელი წერდა: „1914 წლიდან ყველა, ვინც აანალიზებს მსოფლიო მდგომარეობას, დიდად შეშფოთებულია მოვლენების განვითარებით, რომლებიც გაცილებით დიდი უბედურების მომასწავებელ სასიკვდილო მარშს მოგვაგონებს. . . ისინი ხედავენ, რომ კაცობრიობა ჰგავს ერთი ბერძნული ტრაგედიის გმირს, რომელსაც მრისხანე ღმერთები მიაქანებენ და ვეღარ განაგებს თავის ბედს“. 1980 წელს ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე ჰაროლდ მაკმილანი იხსენებდა, რა მშვიდობიანად დაიწყო XX საუკუნე: „მე იმ მსოფლიოში დავიბადე, სადაც თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა. . . მაგრამ 1914 წლის ერთ მშვენიერ დილას მოულოდნელად ყველაფერი თავდაყირა დადგა“.
7—9. ა) რა „მიწისძვრები“ არყევს საზოგადოებას 1914 წლიდან მოყოლებული? ბ) რით დამთავრდებოდა ის სოციალური რყევები, რომლებიც იესოს მოსვლის შემდეგ დაიწყო?
7 მეორე მსოფლიო ომმა რყევების მორიგი ტალღა ააგორა. მცირემასშტაბიანმა ომებმა და საერთაშორისო ტერორიზმმა შეძრა მთელი დედამიწა. ხალხის უმეტესობას აშფოთებს ბირთვული განადგურების საშიშროება. საბედნიეროდ, კაცობრიობის მომავალი ადამიანის შემოქმედის ხელშია და არა თავად ადამიანის (იერემია 17:5).
8 ომების გარდა 1914 წლიდან ბევრმა სხვა მოვლენამ შეძრა საზოგადოება. 1929 წელს ამერიკის საფონდო ბირჟამ კრახი განიცადა. ამას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რამაც ყველა კაპიტალისტური ქვეყანა დააზარალა. მართალია, 1932—1934 წლებში ეს კრიზისი ჩაცხრა, მაგრამ მისი უარყოფითი შედეგი დღემდე შეიმჩნევა. ეკონომიკურად არასტაბილურ მსოფლიოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 1929 წლიდან არაერთი დროებითი პროგრამა აამოქმედეს. სახელმწიფოები დღემდე ბიუჯეტის დეფიციტის პოლიტიკას ატარებენ. 1973 წელს ნავთობის კრიზისმა და 1987 წელს საფონდო ბირჟაზე გამართულმა სპეკულაციებმა ფინანსურად კიდევ უფრო შეარყია მსოფლიო. მილიონები ცხოვრობდნენ ბანკიდან გამოტანილი სესხის ხარჯზე. ფინანსურ მაქინაციებს, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამართულ სპეკულაციებს, ლატარეასა და სხვა ფინანსურ თაღლითობას დიდძალი ხალხი ეწირება. ხშირ შემთხვევაში ეს სახელმწიფო მხარდაჭერით ხდება, როცა სახელმწიფო თავად უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ქრისტიანული სამყაროს ტელე-ევანგელისტებიც კი მრავალმილიონიან მოგებას იღებენ (შეადარეთ იერემიას 5:26—31).
9 უფრო ადრე კი ეკონომიკურმა სირთულეებმა გზა გაუხსნა მუსოლინისა და ჰიტლერს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. დიდ ბაბილონს დრო არ დაუკარგავს მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ვატიკანმა 1929 წელს კონკორდატი დადო იტალიის მთავრობასთან, 1933 წელს კი — გერმანიის მთავრობასთან (გამოცხადება 17:5). ამას მოჰყვა შავბნელი დრო, რითაც ნაწილობრივ შესრულდა წინასწარმეტყველება იესოს მოსვლის შესახებ: „ხალხები გაიტანჯებიან და არ ეცოდინებათ გამოსავალი. . . ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს“ (ლუკა 21:7—9, 25—31)c. 1914 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას არყევდა და კვლავაც არყევს ძლიერი „მიწისძვრები“.
ახლა იეჰოვა არყევს
10. ა) რითაა გამოწვეული სოციალური რყევები? ბ) რას აკეთებს იეჰოვა და რატომ?
10 სოციალური რყევების მიზეზი ის არის, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისი ნაბიჯების წარმართვა (იერემია 10:23). გარდა ამისა, ძველი გველი, სატანა, „რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“, უბედურებას ატეხს დედამიწას და ბოლო ძალებით ცდილობს, მთელი კაცობრიობა ჩამოაშოროს იეჰოვას თაყვანისცემას. თანამედროვე ტექნიკამ მსოფლიო ერთ დიდ სოფლად აქცია, თუმცა ეროვნული და რასობრივი სიძულვილი კვლავ ძირ-ფესვიანად არყევს საზოგადოებას, ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი ვერანაირ გამოსავალს ვერ პოულობს. როგორც არასდროს, „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (გამოცხადება 12:9, 12; ეკლესიასტე 8:9). მაგრამ უზენაესი უფალი იეჰოვა, ცისა და მიწის შემოქმედი, 90 წელზე მეტი ხანია, რაც თვითონაც არყევს ხალხს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას დედამიწაზე არსებული პრობლემები. როგორ?
11. ა) რას ნიშნავს „შევძრავ ცასა და მიწას“, რაზეც ანგიას 2:6, 7-შია საუბარი? ბ) როგორ სრულდება ანგიას წინასწარმეტყველება?
11 ანგიას 2:6, 7-ში ვკითხულობთ: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს; შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე; დიდებით ავავსებ ამ სახლს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ ». განსაკუთრებით 1919 წლიდან იეჰოვამ აღძრა თავისი მოწმეები, რომ ყველანაირი ადამიანისთვის გაეცხადებინათ გამოტანილი განაჩენი. ეს ის გაფრთხილებაა, რომელსაც სატანის მთელი ქვეყნიერება ისმენსd. ეს ხმა უფრო და უფრო მეტი ძალით ისმის და ღვთის მოშიშ ადამიანებს ანუ „საუნჯეს“ აღძრავს, გამოეყონ ერებს; თუმცა ისინი გამოეყოფიან ერებს არა იმიტომ, რომ სატანის ორგანიზაცია ირყევა, არამედ იმიტომ, რომ სწორად აფასებენ მოვლენებს და სურთ, იოანეს ცხებულ კლასთან ერთად იეჰოვას თაყვანისცემის სახლი დიდებით აავსონ. როგორ? ღვთის უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გულმოდგინე ქადაგებით (მათე 24:14). ეს სამეფო, რომელშიც იესო და მისი ცხებული მიმდევრები მმართველობენ, მარადიულად იმეფებს იეჰოვას სადიდებლად, რადგან ის არის „სამეფო, რომელიც არ შეირყევა“ (ებრაელები 12:26—29).
12. თუ უკვე გამოეხმაურეთ მათეს 24:14-ში ნაწინასწარმეტყველებ ქადაგებას, რისი გაკეთება გმართებთ გამოცხადების 6:12-ში მოხსენიებულ „ძლიერ მიწისძვრამდე“?
12 თუ თქვენც იმ მილიონებს მიეკუთვნებით, რომლებიც გამოეხმაურნენ ქადაგებას და დაესწრნენ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს, მაშ, განაგრძეთ ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლა (2 ტიმოთე 2:15; 3:16, 17). მიატოვეთ სატანის საზოგადოებისთვის დამახასიათებელი უზნეო ცხოვრების წესი. ეს საზოგადოება სასიკვდილოდაა განწირული. შეუერთდით ქრისტიანებისგან შემდგარ ახალი ქვეყნიერების საზოგადოებას და გულმოდგინედ შეასრულეთ ის საქმე, რასაც ეს საზოგადოება აკეთებს, სანამ საბოლოო „მიწისძვრას“ მიწასთან არ გაუსწორებია სატანის ქვეყნიერება! ვნახოთ, რა იგულისხმება „ძლიერ მიწისძვრაში“.
ძლიერი მიწისძვრა!
13. რატომ შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობას ჯერ არ უხილავს ასეთი ძლიერი მიწისძვრა?
13 ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში მრავალი მიწისძვრა ხდება — როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით (2 ტიმოთე 3:1). მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ის საბოლოო ძლიერი მიწისძვრა, რომელიც იოანემ მეექვსე ბეჭდის ახსნისას იხილა. წინასწარი რყევების დრო იწურება. კარსაა მომდგარი ისეთი ძლიერი მიწისძვრა, როგორიც კაცობრიობას ჯერ არ უხილავს. ეს იმდენად ძლიერი მიწისძვრა იქნება, რომ რყევები ვერ გაიზომება ვერც რიხტერის შკალით და ვერც სხვა რომელიმე საზომით. ეს იქნება არა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე მომხდარი უბედურება, არამედ კატაკლიზმი, რომელიც მთელ დედამიწას, მთელ გახრწნილ საზოგადოებას შეარყევს.
14. ა) რომელ წინასწარმეტყველებაშია მოხსენიებული ძლიერი მიწისძვრა და მისი შედეგები? ბ) რას ეხება იოელისა და გამოცხადების 6:12, 13-ში მოხსენიებული წინასწარმეტყველებები?
14 იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ ამ მიწისძვრისა და მისი კატასტროფული შედეგების შესახებ. მაგალითად, ძვ. წ. დაახლოებით 820 წელს იოელმა იწინასწარმეტყველა „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლა“ და თქვა, რომ მაშინ მზე დაბნელდებოდა და მთვარე სისხლად იქცეოდა. შემდეგ განაგრძო: „ბრბოები, ბრბოები არიან განაჩენის ველზე, რადგან უახლოვდება იეჰოვას დღე განაჩენის ველს. დაბნელდება მზე და დაბნელდება მთვარე, აღარ გამოანათებენ ვარსკვლავები. სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას. შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის და სიმაგრე — ისრაელის ძეებისთვის“ (იოელი 2:31; 3:14—16). ასეთი მიწისძვრა მხოლოდ იეჰოვას განაჩენის აღსრულების დროს, დიდი გასაჭირის დღეებში შეიძლება მოხდეს (მათე 24:21). ამგვარად, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ გამოცხადების 6:12, 13-ში მოცემული წინასწარმეტყველება დროის იმავე მონაკვეთს ეხება (იხილეთ აგრეთვე იერემიას 10:10; სოფონიას 1:14, 15).
15. რა ძლიერ მიწისძვრაზე წინასწარმეტყველებდა აბაკუმი?
15 წინასწარმეტყველმა აბაკუმმა, რომელიც იოელის მოღვაწეობიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ ცხოვრობდა, ლოცვით მიმართა თავის ღმერთს: „იეჰოვა, მოვისმინე შენ შესახებ. შემაშინა, იეჰოვა, შენმა საქმეებმა. განაახლე და გააცხადე ისინი ამ წლებში! შენი რისხვისას გაიხსენე წყალობა“. რა რისხვაზე მიდის საუბარი? აბაკუმი განაგრძობს, ხატოვნად აღწერს დიდ გასაჭირს და იეჰოვაზე ამბობს: „გაჩერდა ის, რომ შეერყია დედამიწა. შეხედა და შიშით აათრთოლა ხალხები. . . მრისხანედ მიაბიჯებდი დედამიწაზე და შენი რისხვით გალეწე ხალხები. მაინც გავიხარებ იეჰოვათი და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით“ (აბაკუმი 3:1, 2, 6, 12, 18). მართლაც მძლავრად შეარყევს იეჰოვა მთელ დედამიწას, როდესაც „გალეწავს“ ხალხებს!
16. ა) რა იწინასწარმეტყველა ეზეკიელმა სატანის მიერ ღვთის ხალხზე საბოლოო იერიშის მიტანის შესახებ? ბ) რა მოჰყვება იმ ძლიერ მიწისძვრას, რომელზეც გამოცხადების 6:12-შია საუბარი?
16 ეზეკიელიც წინასწარმეტყველებდა, რომ როდესაც გოგი (ზნედაცემული სატანა) მაგოგიდან საბოლოო იერიშს მიიტანდა ღვთის ხალხზე, იეჰოვა შეაზანზარებდა ისრაელის მიწას (ეზეკიელი 38:18, 19). ამაში შეიძლება პირდაპირი გაგებით მიწისძვრაც იგულისხმებოდეს, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნი „გამოცხადება“ სიმბოლური ენითაა დაწერილი; ეს წინასწარმეტყველებაც სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად სიმბოლური ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, მეექვსე ბეჭდის ახსნით ვიგებთ, რომ ქვეყნიერება ისე შეირყევა, როგორც არასდროს — მოხდება საშინელი მიწისძვრა და ყველა, ვინც იეჰოვა ღმერთის უზენაესობის წინააღმდეგ ილაშქრებს, განადგურდება.
სიბნელის დრო
17. როგორ მოქმედებს ძლიერი მიწისძვრა მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე?
17 იოანე განაგრძობს თხრობას. ძლიერი მიწისძვრის დროს მომხდარი საშინელი მოვლენები ზეცაზეც მოქმედებს. იოანე ყვება: „მზე ჯვალოსავით გაშავდა და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა, ცის ვარსკვლავები დედამიწაზე ჩამოცვივდა მკვახე ლეღვივით, ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს რომ სცვივა“ (გამოცხადება 6:12ბ, 13). მართლაც განსაცვიფრებელი მოვლენებია აღწერილი. წარმოიდგინეთ, რა საზარელი უკუნეთი ჩამოწვებოდა, ეს წინასწარმეტყველება პირდაპირი გაგებით რომ შესრულებელიყო. აღარ გაგვათბობდა მზის სხივები; აღარც ღამით გაგვინათებდა გზას ვერცხლისფერი მთვარე; აღარც ვარსკვლავები იციმციმებდა ცის კამარაზე. ნაცვლად ამისა, ცივი და უსიცოცხლო წყვდიადი დაისადგურებდა (შეადარეთ მათეს 24:29).
18. რა გაგებით დაუბნელდა ცა იერუსალიმს ძვ. წ. 607 წელს?
18 ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად ძველ ისრაელს სულიერი გაგებით ასეთი წყვდიადი მოიცავდა. იერემია აფრთხილებდა ისრაელს: „გაპარტახდება მთელი ქვეყანა. განა ბოლომდე არ შევმუსრავ მას?! ამიტომ იგლოვებს ქვეყანა და მაღლა ცა დაბნელდება“ (იერემია 4:27, 28). ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ეს წინასწარმეტყველება შესრულდა, იეჰოვას ხალხისთვის, მართლაც, შავბნელი დრო დადგა. მათი დედაქალაქი, იერუსალიმი, ბაბილონელებმა დაიპყრეს, მათი ტაძარი დაანგრიეს, მიწა კი გააპარტახეს. ისრაელებისთვის აღარ ჩანდა ზეციდან იმედის ნაპერწკალი. ყველაფერი ისე იყო, როგორც მგლოვიარე იერემია შესჩიოდა იეჰოვას: „გვკლავ და არ გვიბრალებ. ღრუბლებით კეტავ შენთან მოსასვლელს, ლოცვებმა რომ ვერ გამოაღწიონ მათში“ (გოდება 3:43, 44). იერუსალიმისთვის ეს ის წყვდიადი იყო, რომელიც სიკვდილსა და განადგურებას ნიშნავდა.
19. ა) როგორ აღწერს ღვთის წინასწარმეტყველი ესაია იმ სიბნელეს, რომელიც ძველ ბაბილონში დაისადგურებდა? ბ) როდის და როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება?
19 მოგვიანებით, მსგავსი წყვდიადი ძველი ბაბილონისთვისაც უბედურებას ნიშნავდა. ამის შესახებ ერთი წინასწარმეტყველი ღვთის შთაგონებით წერდა: „აი, მოდის იეჰოვას დღე, სასტიკი რისხვითა და მრისხანებით, რათა გამაოგნებელი გახადოს ქვეყანა და აღგავოს მისგან ცოდვილები. აღარ გამოანათებენ ცის ვარსკვლავები და ქესილის თანავარსკვლავედები; მზე დაბნელდება ამოსვლისას და მთვარე აღარ გამოსცემს სინათლეს. ამ მიწაზე მივაქცევ მისივე ბოროტებას და ბოროტებზე — მათივე დანაშაულს“ (ესაია 13:9—11). ეს წინასწარმეტყველება შესრულდა ძვ. წ. 539 წელს, როდესაც ბაბილონი მიდიელებმა და სპარსელებმა დაიპყრეს; ის კარგად აღწერს იმ წყვდიადს, სასოწარკვეთილებას, რამაც იმედგადაწურული ბაბილონი მოიცვა, როდესაც მან სამუდამოდ დაკარგა მსოფლიო იმპერიის წოდება.
20. რა შემზარავი მომავალი ელის ამ ქვეყნიერებას, როდესაც ძლიერი მიწისძვრა მოხდება?
20 მსგავსად ამისა, როდესაც ძლიერი მიწისძვრა მოხდება, მთელ ქვეყნიერებას წყვდიადი მოიცავს და ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. ისინი სატანის ქვეყნიერების „მოკაშკაშე მნათობებში“ იმედის ნაპერწკალსაც ვეღარ დაინახავენ. პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი ქრისტიანული ქვეყნების მეთაურებს დღეს უკვე გატეხილი აქვთ სახელი კორუფციით, სიცრუითა და უზნეობით (ესაია 28:14—19). მათი ნდობა აღარ შეიძლება. მალე ჩაქრება მათი მბჟუტავი სინათლე, როცა იეჰოვა განაჩენს აღასრულებს მათ წინააღმდეგ. მთვარის მსგავსად ისინიც ახდენენ გავლენას დედამიწაზე, მაგრამ მალე გამოაშკარავდება, რომ სისხლისმღვრელები და მკვლელები არიან. ამ ქვეყნიერების „ვარსკვლავები“ ჩამოვარდნილი მეტეორიტებივით ჩაქრებიან და ძლიერი ქარით გაფანტულ „მკვახე ლეღვს“ დაემსგავსებიან. მთელ დედამიწას შეარყევს „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21). მართლაც შემზარავი მომავალია!
„ცა გრაგნილივით დაიხვა“
21. იოანეს ხილვაში რა ემართება „ცას“, „ყოველ მთას და ყოველ კუნძულს“?
21 იოანეს ხილვა ასე გრძელდება: „ცა გრაგნილივით დაიხვა და გაუჩინარდა, ყოველი მთა და ყოველი კუნძული მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან“ (გამოცხადება 6:14). ცხადია, აქ არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით ცა, მთები და კუნძულები. მაშ, რაზეა საუბარი?
22. რა გაგებით დაიხვა ედომის ცა გრაგნილივით?
22 „ცის“ მნიშვნელობის გაგებაში გვეხმარება მსგავსი წინასწარმეტყველება, რომელიც ერების წინააღმდეგ იეჰოვას რისხვას ეხება: „დალპება ყველა, ვინც ცის ლაშქარშია. ცა გრაგნილივით დაიხვევა“ (ესაია 34:4). ეს წინასწარმეტყველება ედომზე უნდა შესრულებულიყო. როგორ? ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებიდან მცირე ხანში ბაბილონელებმა ედომიც მიწასთან გაასწორეს. როგორც ცნობილია, იმ დროს ცაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ ედომის „ცაში“e დიდი უბედურება დატრიალდა. ედომის მმართველებმა დაკარგეს ცასავით მაღალი მდგომარეობა (ესაია 34:5). ისინი თითქოს დაახვიეს და გამოუსადეგარი ძველი გრაგნილივით გვერდზე გადადეს.
23. რა არის „ცა“, რომელიც „გრაგნილივით დაიხვა“, და როგორ ადასტურებს ამას პეტრეს სიტყვები?
23 ამგვარად „ცაში“, რომელიც „გრაგნილივით დაიხვა“, იგულისხმება ღვთის მოწინააღმდეგე მთავრობები, რომლებიც დედამიწაზე მმართველობენ. თეთრ ცხენზე ამხედრებული ყოვლისმპყრობელი მხედარი მათ ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს (გამოცხადება 19:11—16, 19—21). ამას ადასტურებს პეტრე მოციქული, რომელიც მეექვსე ბეჭდის ახსნისას განვითარებულ მოვლენებს ელოდა: „ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:7). მაგრამ რას ნიშნავს ფრაზა „ყოველი მთა და ყოველი კუნძული მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან“?
24. ა) ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად რის გამო იძვრის და რის გამო კარგავს სიმტკიცეს მთები და კუნძულები? ბ) როგორ „შეიძრნენ მთები“ ნინევეს დაცემის დროს?
24 ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ნათქვამია, რომ მთები და კუნძულები იძვრის ან კარგავს სიმტკიცეს დიდი პოლიტიკური რყევების გამო. მაგალითად, ნინევეს წინააღმდეგ იეჰოვას გამოტანილ განაჩენს რომ აცხადებდა, წინასწარმეტყველმა ნაუმმა დაწერა: „შეიძრნენ მთები მის გამო, დადნენ გორები. ზანზარებს დედამიწა მისი სახის წინაშე და ნაყოფიერი მიწა თავისი მკვიდრებითურთ“ (ნაუმი 1:5). როგორც ცნობილია, ძვ. წ. 632 წელს ნინევეს დაცემის დროს მთები პირდაპირი გაგებით არ შეძრულა, თუმცა ეს მსოფლიო იმპერია, რომელიც თავისი ძლიერებით მთას ჰგავდა, მოულოდნელად დაეცა (შეადარეთ იერემიას 4:24).
25. ქვეყნიერების აღსასრულს, როგორ ‘იქნება მოშორებული ყოველი მთა და ყოველი კუნძული’ თავისი ადგილიდან?
25 მაშასადამე, მეექვსე ბეჭდის ახსნისას მოხსენიებული „ყოველი მთა და ყოველი კუნძული“ უნდა განასახიერებდეს მთავრობებსა და მათზე დამოკიდებულ ორგანიზაციებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, სიმტკიცით გამოირჩევიან. ისინი მალე შეიძვრებიან და შეაძრწუნებენ მათზე დაიმედებულ ხალხს. წინასწარმეტყველების თანახმად მოდის იეჰოვას და მისი ძის, იესოს რისხვის დიდი დღე — სატანის ორგანიზაციის გამანადგურებელი საბოლოო „მიწისძვრა“. ისინი შურს იძიებენ!
„ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ“
26. როგორ დაეცემათ თავზარი ღვთის უზენაესობის მოწინააღმდეგეებს და რას იტყვიან ისინი მაშინ, როცა შეძრწუნდებიან?
26 იოანე განაგრძობს: «დედამიწის მეფეები, დიდებულები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყველა მონა და თავისუფალი გამოქვაბულებსა და კლდოვან მთებში დაიმალნენ. ეუბნებიან მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისგან და კრავის რისხვისგან, რადგან მოვიდა მათი რისხვის დიდი დღე და ვინ გაუძლებს?“ » (გამოცხადება 6:15—17).
27. რას ამბობდნენ სამარიაში მცხოვრები ორგული ისრაელები, და როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება?
27 სამარიის, ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს დედაქალაქის წინააღმდეგ იეჰოვას გამოტანილ განაჩენს რომ აცხადებდა, ოსიამ თქვა: «მოისპობა ბეთ-ავენის მაღლობები, ისრაელის ცოდვა. ნარ-ეკალი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე. ხალხი ეტყვის მთებს: „დაგვფარეთ!“ და გორებს: „ზედ დაგვემხეთ!“ » (ოსია 10:8). როდის შესრულდა ეს სიტყვები? ძვ. წ. 740 წელს, როდესაც ასურელებმა ხელთ იგდეს სამარია და ისრაელებს გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. ოსიას სიტყვები კარგად ასახავს უსუსურობით, შიშითა და დაბნეულობით გამოწვეულ განცდას, რაც მტრის ხელში ჩავარდნილ ხალხს დაეუფლა. ვერც გორებმა და ვერც სამარიის მთისმაგვარმა წეს-წყობილებამ ვერ დაიცვა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მტკიცედ იდგნენ.
28. ა) რა გამაფრთხილებელი სიტყვები უთხრა იესომ იერუსალიმელ ქალებს? ბ) როგორ შესრულდა იესოს სიტყვები?
28 როდესაც რომაელ ჯარისკაცებს იესო ბოძზე გასაკრავად მიჰყავდათ, მან შემდეგი სიტყვებით მიმართა იერუსალიმელ ქალებს: «მოვა დრო, როცა ხალხი იტყვის: „ბედნიერნი არიან უშვილონი, საშვილოსნო, რომელსაც არ უშობია, და ძუძუ, რომელსაც არ უწოვებია!“ მაშინ ეტყვიან მთებს: „ზედ დაგვემხეთ!“ და გორებს: „დაგვფარეთ!“ » (ლუკა 23:29, 30). სარწმუნო ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ახ. წ 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი გაანადგურეს. ცხადია, იესოც იმას გულისხმობდა, რასაც ოსია. იუდაში დარჩენილმა ებრაელებმა ვერაფერს შეაფარეს თავი. ზოგი იერუსალიმს აფარებდა თავს, ზოგი კი მთის წვერზე აგებულ მასადას ციხე-სიმაგრეს, მაგრამ მაინც ვერ გაექცნენ იეჰოვას განაჩენის აღსრულებას.
29. ა) რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ქვეყნიერების მხარდამჭერები იეჰოვას რისხვის დღეს? ბ) იესოს რომელი წინასწარმეტყველება შესრულდება, როცა იეჰოვა რისხვით აენთება?
29 მეექვსე ბეჭდის ახსნით ვიგებთ, რა მოხდება იეჰოვას რისხვის დღეს. ქვეყნიერება ერთხელ და სამუდამოდ შეირყევა, და მისი მხარდამჭერები თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერსად იპოვიან. ცრუ რელიგიამ, „დიდმა ბაბილონმა“, აშკარად გაუცრუა მათ იმედი. დახმარებას მათ ვეღარც მთის გამოქვაბულები აღმოუჩენენ და ვეღარც მთასავით ვეებერთელა პოლიტიკური თუ ფინანსური ორგანიზაციები. იეჰოვას რისხვისგან ვერაფერი დაიფარავს მათ, ვისი შემაშფოთებელი მდგომარეობაც იესომ შემდეგი სიტყვებით აღწერა: „მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ (მათე 24:30).
30. ა) რატომ იკითხავენ: „ვინ გაუძლებს“? ბ) გაუძლებს ვინმე იეჰოვას სასამართლოს დღეს?
30 ვინც არ ცნობს თეთრ ცხენზე ამხედრებული გამარჯვებული მხედრის ძალაუფლებას, მოუწევს იმის აღიარება, რომ ცდებოდა. ვინც განგებ უერთდება გველის შთამომავლობას, სატანის ქვეყნიერებასთან ერთად განადგურდება (დაბადება 3:15; 1 იოანე 2:17). მაშინ მთელი მსოფლიო ისეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ბევრი იკითხავს, ვინ გაუძლებსო?! მათ შეიძლება ისიც დაასკვნან, რომ გასამართლების დღეს კაციშვილი არ გამართლდება იეჰოვას წინაშე, მაგრამ ისინი შეცდებიან, როგორც ამას წიგნი „გამოცხადება“ ცხადყოფს.
[სქოლიოები]
a მიწისძვრებს ხშირად წინ უსწრებს სეისმური რხევები, რასაც გრძნობენ ცხოველებიცა და თევზებიც. მაგალითად, ამის გამო ძაღლები მოსვენებას კარგავენ და ყეფას იწყებენ, თუმცა ადამიანმა შეიძლება მიწისძვრის დაწყებამდე ვერაფერი იგრძნოს (იხილეთ 1982 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 14 [ინგლ.]).
b დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 22-ე და 24-ე გვერდები.
c 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კერძოდ 1895 წლიდან 1931 წლის ჩათვლით „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე გამოსახული ქარიშხლიანი ცისა და აბობოქრებული ზღვის მანათობელი შუქურას ფონზე მოყვანილი იყო სიტყვები ლუკას 21:25, 28 და 31-ე მუხლებიდან.
d მაგალითად, 1931 წელს სპეციალური კამპანიის დროს იეჰოვას მოწმეებმა სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს დაურიგეს ბროშურა სახელწოდებით „სამეფო — კაცობრიობის იმედი“. მაშინ ათასობით ბროშურა გავრცელდა.
e მსგავსადვე გამოიყენება სიტყვა ცა ესაიას 65:17, 18-ში „ახალი ცის“ შესახებ ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში. ეს წინასწარმეტყველება პირველად მაშინ შესრულდა, როცა ბაბილონის ტყვეობიდან აღთქმულ მიწაზე იუდეველთა დაბრუნების შემდეგ გამგებელ ზერუბაბელისა და მღვდელმთავარ იეშუას მეთაურობით იქ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა (2 მატიანე 36:23; ეზრა 5:1, 2; ესაია 44:28).
[ჩარჩო 105 გვერდზე]
ნაწინასწარმეტყველები 1914 წელი ამოცნობილია
„ძვ. წ. 606 წელს ღვთის სამეფომ მმართველობა შეწყვიტა, მეფეს წაერთვა გვირგვინი და მთელი დედამიწა წარმართთა ძალაუფლებაში გადავიდა. ძვ. წ. 606 წლიდან 2520 წლის ათვლა ახ. წ. 1914 წელსf დასრულდება“ („სამი მსოფლიო“, გამოცემულია 1877 წელს, გვერდი 83, [ინგლ.]).
«ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ „წარმართთა ჟამი“ მოიცავს 2520-წლიან პერიოდს, ძვ. წ. 606 წლიდან ახ. წ. 1914 წლამდე» („საღვთო წერილის გამოკვლევა“, ტომი II, დაწერილია ჩ. ტ. რასელის მიერ და გამოცემულია 1889 წელს, გვერდი 79 [ინგლ]).
ჩარლზ ტეიზ რასელი და ისინი, ვინც მასთან ერთად იკვლევდნენ ბიბლიას, ათწლეულებით ადრე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები 1914 წელს დასრულდებოდა (ლუკა 21:24). მიუხედავად იმისა, რომ, მაშინ მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რა მოხდებოდა ამ წელს, მაინც დარწმუნებული იყვნენ, რომ მსოფლიო ისტორიაში ის გადამწყვეტი წელი იქნებოდა, და არც შემცდარან. ყურადღება მიაქციეთ ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილ კომენტარს:
«ევროპაში საშინელმა ომმა იფეთქა, რითაც განსაკუთრებული წინასწარმეტყველება შესრულდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში „ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები“, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყვნენ როგორც „ათასწლეულის გარიჟრაჟის მაუწყებლები“, ქადაგებითა და ბეჭდვითი სიტყვით მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები რისხვის დღე 1914 წელს დაიწყებოდა. „დაელოდეთ 1914 წელს!“ — ასეთი მოწოდება გაისმოდა ასობით მიმომსვლელი მქადაგებლისგან» („უორლდი“, ნიუ-იორკში გამომავალი გაზეთი, 30 აგვისტო, 1914 წელი).
[სქოლიოები]
f ღვთის განგებით, ბიბლიის მკვლევარებს მხედველობიდან გამორჩათ ძველსა და ახალ წელთაღრიცხვებს შორის ნულოვანი წლის არარსებობა. მოგვიანებით, როდესაც დამატებითმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ღვთის სამეფომ მმართველობა ძვ. წ. 606 წელს კი არა ძვ. წ. 607 წელს შეწყვიტა, და ნულოვანი წლის არსებობაც გამოირიცხა, წინასწარმეტყველების შესრულების თარიღი — ახ. წ. 1914 წელი — მაინც არ შეცვლილა“ (იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ 1943 წელს გამოცემული წიგნი „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“, გვერდი 239 [ინგლ]).
[ჩარჩო 106 გვერდზე]
1914 წელი — ისტორიული თარიღი
ერთ-ერთ ნაშრომში („Politikens Verdenshistorie—Historiens Magt og Mening“, გამოცემულია კოპენჰაგენში 1987 წელს, გვ. 40) აღნიშნული იყო:
«XIX საუკუნეში ნათელი მომავლის რწმენა 1914 წელს დაიმსხვრა. ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე დანიელი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი პეტერ მუნკი ოპტიმისტური განწყობით წერდა: „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის დიდ ქვეყნებს შორის ომი არ დაიწყება. ომის საშიშროება აღარც მომავალში იარსებებს. ამაზე 1871 წლიდან განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს“ ».
სრულიად საპირისპიროს ვკითხულობთ მის გვიანდელ მემუარებში: „1914 წელს ომმა იფეთქა. ეს თარიღი გადამწყვეტი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. იმ ეპოქიდან, როცა ნათელი მომავლის იმედი გვქონდა და შედარებით უსაფრთხოდ შეგვეძლო გვეცხოვრა, ჩვენ შევაბიჯეთ კატასტროფებით, საშინელებებით, სიძულვილითა და საშიშროებებით აღსავსე ეპოქაში. ვერც მაშინ იტყოდა ვერავინ და ვერც დღეს იტყვის ვინმე, ის გაუნათებელი წვდიადი, რომელმაც მაშინ მოგვიცვა, მოსპობს თუ არა ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობის შექმნილ ცივილიზაციას“.
[სურათი 110 გვერდზე]
„ყოველი მთა. . . მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან“.
[სურათი 111 გვერდზე]
ისინი გამოქვაბულებში დაიმალნენ.