მტკიცედ ვიდგეთ ძვირფას რწმენაში!
„მათ, ვინც მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, რაც ჩვენ“ (2 პეტრე 1:1).
1. რის შესახებ გააფრთხილა იესომ მოციქულები, მაგრამ რა დაიკვეხნა პეტრემ?
სიკვდილის წინა საღამოს იესომ თქვა, რომ ყველა მისი მოციქული მიატოვებდა მას. ერთ-ერთმა მათგანმა, პეტრემ, დაიკვეხნა: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს არ ვცდუნდები“ (მათე 26:33). მაგრამ იესო სხვაგვარად ფიქრობდა. ამიტომაც უთხრა მაშინ პეტრეს: „მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები“ (ლუკა 22:32).
2. პეტრეს დიდი დაჯერებულობის მიუხედავად, როგორ გასცა მისი რწმენის სისუსტე მისმა მოქმედებებმა?
2 პეტრემ, რომელიც ძალიან დაჯერებული იყო თავის რწმენაში, იმავე ღამეს უარყო იესო. მან სამჯერ თქვა, რომ არც კი იცნობს მას! (მათე 26:69–75). როცა ის ‘მოიქცა’, უფლის სიტყვები: „გაამხნევე შენი ძმები“, ალბათ, ხმამაღლა და გარკვევით აჟღერდა მის ყურებში. პეტრეს დარჩენილ სიცოცხლეზე დიდი გავლენა მოახდინა ამ შეგონებამ, რაც ბიბლიაში შემონახული მის მიერ დაწერილი ორი წერილიდან ჩანს.
პეტრეს მიერ წერილების დაწერის მიზეზი
3. რა მიზნით დაწერა პეტრემ თავისი პირველი წერილი?
3 იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ პეტრემ პირველი წერილი მისწერა პონტოელ, გალატელ, კაბადოკიელ, აზიელ და ბითვინიელ ძმებს; ეს ადგილები დღეს ჩრდილოეთ და დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაში შედის (1 პეტრე 1:1). მათ შორის ვისაც პეტრე სწერდა, ეჭვგარეშეა, იყვნენ იუდეველები, რომელთაგანაც ზოგი, ალბათ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გახდა ქრისტიანი (საქმეები 2:1, 7–9). იყო მრავალი არაიუდეველიც, რომლებსაც მოწინააღმდეგეების მხრიდან დიდი განსაცდელები ხვდებოდათ (1 პეტრე 1:6, 7; 2:12, 19, 20; 3:13–17; 4:12–14). ასე რომ, პეტრე სწერდა ამ ძმებს, რათა გაემხნევებინა ისინი. მისი მიზანი იყო, დახმარებოდა მათ ‘თავიანთი რწმენით სულების ხსნისთვის’ მიღწევაში. ამიტომ გამოსათხოვარ შეგონებაში ის მოუწოდებდა: „წინაღუდექით [ეშმაკს] მტკიცე რწმენით“ (1 პეტრე 1:9; 5:8–10).
4. რატომ დაწერა პეტრემ თავისი მეორე წერილი?
4 მოგვიანებით პეტრემ ამ ქრისტიანებს მეორე წერილი მისწერა (2 პეტრე 3:1). რატომ? უფრო დიდი საშიშროების არსებობის გამო. უზნეო ადამიანები ცდილობდნენ, გაეხრწნათ მორწმუნეები და ზოგი შეცდომაში შეიყვანეს (2 პეტრე 2:1–3). გარდა ამისა, პეტრე აფრთხილებდა დამცინავების შესახებ. მან თავის პირველ წერილში დაწერა: „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია“ და, როგორც ჩანს, მაშინ ზოგი დასცინოდა ამ აზრს (1 პეტრე 4:7; 2 პეტრე 3:3, 4). მოდი გამოვიკვლიოთ პეტრეს მეორე წერილი და ვნახოთ, თუ როგორ განამტკიცა ამან ძმები, შეენარჩუნებინათ ურყევი რწმენა. ამ პირველ სტატიაში განვიხილავთ 2 პეტრეს პირველ თავს.
პირველი თავის დანიშნულება
5. როგორ შეამზადა პეტრემ თავისი მკითხველები პრობლემის შესახებ სასაუბროდ?
5 პეტრე მაშინვე არ იწყებს სერიოზული პრობლემების განხილვას. ნაცვლად ამისა, ის მკითხველების მადლიერებას აღვივებს იმისათვის, რაც გაქრისტიანების შედეგად მიიღეს, და ამგვარად ნიადაგს ამზადებს ამ პრობლემებზე სასაუბროდ. ის მათ ღვთის შესანიშნავი აღთქმებისა და ბიბლიური წინასწარმეტყველებების საიმედოობის შესახებ შეახსენებს. პეტრე ამას გარდასახვის, ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით ხილვის შესახებ მოყოლით აკეთებს, რომელიც მან პირადად იხილა (მათე 17:1–8; 2 პეტრე 1:3, 4, 11, 16–21).
6, 7. ა) რა შეიძლება ვისწავლოთ პეტრეს წერილის შესავალი სიტყვებიდან? ბ) რის აღიარება შეიძლება ზოგჯერ დამხმარე აღმოჩნდეს, თუ რჩევას ვიძლევით?
6 შეგვიძლია თუ არა რამე ვისწავლოთ პეტრეს შესავალი სიტყვებიდან? განა უფრო მისაღები არ იქნება ჩვენი რჩევა, თუ ადამიანებთან თავდაპირველად განვიხილავთ სამეფოსთან დაკავშირებული იმ დიდებული იმედის დამახასიათებელ მხარეებს, რომლებსაც მათთან ერთად ძალიან ვაფასებთ? და რა შეიძლება ითქვას პირადი შემთხვევების გამოყენების შესახებ? იესოს სიკვდილის შემდეგ პეტრე, ალბათ, ხშირად ლაპარაკობდა ქრისტეს სამეფო დიდებით ხილვაზე (მათე 17:9).
7 აგრეთვე გახსოვდეს, რომ სავსებით შესაძლებელია, პეტრეს მეორე წერილის დაწერის მომენტისთვის მათეს სახარება და მოციქულ პავლეს წერილი გალატელთა მიმართ ფართოდ ყოფილიყო გავრცელებული. ამიტომ პეტრეს, როგორც ადამიანის, სისუსტეები, ისე მისი სამაგალითო რწმენა კარგად იყო ცნობილი მის თანამედროვეთა შორის (მათე 16:21–23; გალატელთა 2:11–14). მაგრამ ამის გამო მას არ შეუწყვეტია თავისუფლად ლაპარაკი. რასაკვირველია, ამან მისი წერილი უფრო გულში ჩამწვდომი გახადა მათთვის, რომლებსაც შეგნებული ჰქონდათ საკუთარი სისუსტეები. ამიტომ, როცა ვეხმარებით პიროვნებას, ვისაც რაღაც პრობლემები აქვს, განა ეფექტური არ იქნებოდა, გვეღიარებინა, რომ ჩვენც გვაქვს შეცდომებისკენ მიდრეკილება? (რომაელთა 3:23; გალატელთა 6:1).
განმამტკიცებელი მოკითხვა
8. რა მნიშვნელობით გამოიყენა პეტრემ სიტყვა „რწმენა“?
8 ახლა ყურადღება მივაქციოთ პეტრეს მოკითხვას. ის მაშინვე რწმენის საკითხს მოიხსენიებს და თავის მკითხველებს მიმართავს როგორც „მათ, ვინც მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა“ (2 პეტრე 1:1). აქ სიტყვა „რწმენა“, როგორც ჩანს, „მტკიცე დარწმუნებას“ ნიშნავს და ქრისტიანულ მრწამსზე ან სწავლებებზე მიუთითებს, რასაც საღვთო წერილში ზოგჯერ „ჭეშმარიტება“ ეწოდება (გალატელთა 5:7; 2 პეტრე 2:2; 2 იოანე 1). სიტყვა „რწმენა“ უფრო ხშირად ამ მნიშვნელობით გამოიყენება, ვიდრე მისი სარწმუნოდ მიჩნევის და ვინმეში ან რამეში დაჯერების ჩვეულებრივი მნიშვნელობით (საქმეები 6:7; იუდა 3; 2 კორინთელთა 13:5; გალატელთა 6:10; ეფესელთა 4:5).
9. რატომ ექნებოდა, პეტრეს მოკითხვას განსაკუთრებით თბილი ჟღერადობა არაიუდეველებისთვის?
9 პეტრეს მოკითხვას, ალბათ, არაიუდეველი მკითხველებისთვის ექნებოდა განსაკუთრებით თბილი ჟღერადობა. იუდეველებს არაიუდეველებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ, სძულდათ კიდეც ისინი და მათ მიმართ წინასწარაკვიატებულობა შემორჩათ იმ იუდეველებსაც კი, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ (ლუკა 10:29–37; იოანე 4:9; საქმეები 10:28). მაგრამ პეტრემ, დაბადებით იუდეველმა და იესო ქრისტეს მოციქულმა უთხრა თავის მკითხველებს — იუდეველებსა და წარმართებს — რომ მასთან ერთად იმავე რწმენის მოზიარენი იყვნენ.
10. რის სწავლა შეგვიძლია პეტრეს მოკითხვიდან?
10 იფიქრე იმ შესანიშნავ გაკვეთილზე, რომელიც დღეს პეტრეს მოკითხვაშია. ღმერთი მიკერძოებული არ არის; ის არ არის ერთი რასის ან ერის მიმართ უფრო კეთილად განწყობილი, ვიდრე სხვების მიმართ (საქმეები 10:34, 35; 11:1, 17; 15:3–9). როგორც თვითონ იესო ასწავლიდა, ქრისტიანები ძმები არიან და არც ერთ ჩვენგანს არ უნდა ჰქონდეს უპირატესობის გრძნობა. შემდეგ პეტრეს მოკითხვაში ხაზგასმულია, რომ ჩვენ მსოფლიო საძმო ვართ, რომელშიც თითოეულს „იგივე“ რწმენა გვაქვს, რაც მოციქულ პეტრესა და მის თანამოციქულებს ჰქონდათ (მათე 23:8; 1 პეტრე 5:9).
შემეცნება და ღვთის აღთქმები
11. რა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას პეტრე მოკითხვის შემდეგ?
11 მოკითხვის შემდეგ პეტრე წერს: „მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ“. როგორ გვიმრავლდება მადლი და მშვიდობა? „ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნებით“, — პასუხობს პეტრე. შემდეგ ამბობს: „ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება“. მაგრამ როგორ ვღებულობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან რამეებს? „მისი შემეცნებით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში“. ამგვარად, პეტრე ორჯერ უსვამს ხაზს ღვთისა და მისი ძის შესახებ ზუსტი შემეცნების მნიშვნელოვნებას (2 პეტრე 1:2, 3; იოანე 17:3).
12. ა) რატომ ამახვილებს ყურადღებას პეტრე ზუსტი შემეცნების მნიშვნელოვნებაზე? ბ) რა უნდა გავაკეთოთ უპირველესად, რათა სარგებლობა მივიღოთ ღვთის აღთქმებიდან?
12 „ცრუმოძღვარნი“, რომელთა შესახებაც პეტრე მეორე თავში იძლევა გაფრთხილებას, „ტყუილი სიტყვებით“ აცდუნებენ ქრისტიანებს. ამგვარად ცდილობენ, შეაცდინონ ისინი და კვლავ იმ უზნეო ცხოვრებას დაუბრუნონ, რომლისგანაც განთავისუფლდნენ. ყველა, ვინც გადარჩენილი იყო „უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით“ და ვინც მოგვიანებით აჰყვა ასეთ ცდუნებებს, შედეგად სავალალო მდგომარეობაშია (2 პეტრე 2:1–3, 20). როგორც ჩანს, პეტრე მოელოდა ამ პრობლემაზე მოგვიანებით საუბარს და ამიტომ თავისი წერილის დასაწყისშივე ამახვილებს ყურადღებას ღვთის წინაშე სუფთად წარდგომის შენარჩუნებაში ზუსტი შემეცნების როლზე. პეტრე აღნიშნავს, რომ ღვთისგან „მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი“. მაგრამ ამ აღთქმებით სარგებლობისთვის, რომლებიც, პეტრეს ნათქვამის თანახმად, ჩვენი რწმენის განუყოფელი ნაწილია, უპირველესად, უნდა ‘გავერიდოთ ამ წუთისოფელში გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას’ (2 პეტრე 1:4).
13. რაში დგანან მტკიცედ როგორც ცხებული ქრისტიანები, ისე „სხვა ცხვრები“?
13 როგორი შეხედულება გაქვს ღვთის აღთქმებზე? ისეთივე, როგორიც ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს? 1991 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრედერიკ ფრენცმა სრული დროით მსახურებაში 75 წელზე მეტი ხნის შემდეგ გამოხატა მათი გრძნობები, რომლებსაც ქრისტესთან ერთად მეფობის იმედი აქვთ: „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ დღემდე და მტკიცედ ვიდგებით იქამდე, ვიდრე ღმერთი საბოლოოდ არ დაამტკიცებს, რომ ის ერთგულია თავის ‘უაღრესად დიდსა და ძვირფას აღთქმებში’“. ძმა ფრენცმა ბოლომდე შეინარჩუნა ზეციერი აღდგომის შესახებ ღვთის აღთქმისადმი ნდობა და 99 წლის ასაკამდე, სიკვდილამდე, მტკიცედ იდგა რწმენაში (1 კორინთელთა 15:42–44; ფილიპელთა 3:13, 14; 2 ტიმოთე 2:10–12). მსგავსად ამისა, დღეს მილიონები მტკიცე რწმენით დგანან და მზერა დედამიწაზე სამოთხეში მარადიული და ბედნიერი ცხოვრების შესახებ ღვთის აღთქმისკენ აქვთ მიმართული. ხარ თუ არა შენ ერთ-ერთი მათგანი? (ლუკა 23:43, აქ; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).
ღვთის აღთქმებისადმი გამოხმაურება
14. რატომ მოჰყავს პეტრეს სათნოება რწმენის შემავსებელ თვისებათა შორის პირველ რიგში?
14 ვართ თუ არა მადლიერები ღვთის აღთქმებისთვის? თუ დიახ, პეტრე გვარწმუნებს, რომ უნდა გამოვავლინოთ ეს. „ამისათვის“ (ღვთისგან მოცემული ძალზე ძვირფასი აღთქმებისთვის) ნამდვილი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ რწმენის შესაბამისად მოქმედებას. არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ მხოლოდ რწმენაში ყოფნით ან მხოლოდ ბიბლიური ჭეშმარიტების გაცნობით. ეს საკმარისი არ არის! შესაძლოა, პეტრეს დღეებში კრებებში ზოგი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა რწმენის შესახებ, მაგრამ უზნეო მოქმედებაში ჩაეფლო. ისინი ღირსეულები უნდა ყოფილიყვნენ და ამიტომაც პეტრე მოუწოდებდა: ‘წარმოაჩინეთ თქვენს რწმენაში სათნოება’ (2 პეტრე 1:5; იაკობი 2:14–17).
15. ა) რატომ არის შემეცნება რწმენის შემავსებლად სათნოების შემდეგ მოყვანილი? ბ) რომელი სხვა თვისებები აღგვჭურვავს რწმენაში მტკიცედ დგომისთვის?
15 სათნოების მოხსენიების შემდეგ პეტრეს ჩამოთვლილი აქვს ექვსი თვისება, რომლითაც უნდა შევავსოთ ჩვენი რწმენა. თითოეული აუცილებელია ‘რწმენაში დგომისთვის’ (1 კორინთელთა 16:13). რადგან განდგომილები ‘ამახინჯებენ წერილებს’ და ‘დამაბნეველი სწავლებების’ პროპაგანდას ეწევიან, პეტრე შემდეგ შემეცნების მნიშვნელოვნებას განმარტავს და ამბობს: ‘წარმოაჩინეთ (შეავსეთ, აქ) თქვენი სათნოება შემეცნებით, — ის განაგრძობს, — [წარმოაჩინეთ] (შეავსეთ, აქ) შემეცნება — თავშეკავებით, თავშეკავება — მოთმინებით, მოთმინება — ღვთისმოსაობით, ღვთისმოსაობა — ძმათმოყვარეობით, ძმათმოყვარეობა — სიყვარულით’ (2 პეტრე 1:5–7; 2:12, 13; 3:16).
16. რას მოიტანს პეტრეს მიერ ჩამოთვლილი თვისებებით რწმენის შევსება, მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ასე არ იქნება?
16 რა მოხდება, თუ ჩვენ ამ შვიდი თვისებით შევავსებთ ჩვენს რწმენას? «თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს [„ზუსტ“, აქ] შემეცნებაში», — პასუხს იძლევა პეტრე (2 პეტრე 1:8). მეორე მხრივ, პეტრე ამბობს: „ვისაც არ გააჩნია, ის ბრმაა და ბეცი, და დავიწყებული აქვს, რომ განწმედილია ძველი ცოდვებისგან“ (2 პეტრე 1:9). ყურადღება მიაქციე, რომ პეტრემ ნაცვალსახელები ‘თქვენ’ და „ჩვენ“ შეცვალა ნაცვალსახელებით „ვისაც“ და „ის“. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ზოგი ბრმა, გულმავიწყი და უწმინდურია, პეტრე, გულკეთილობიდან გამომდინარე, არ გულისხმობს, რომ მისი მკითხველები არიან ასეთები (2 პეტრე 2:2).
ძმების განმტკიცება
17. რამ აღძრა პეტრე, სიყვარულით მიემართა ‘ასე’ მოქმედთათვის?
17 როგორც ჩანს, პეტრეს ესმოდა, რომ ახალი პიროვნებები, ჩვეულებრივ, ადვილად ცდებიან, და სიყვარულით ამხნევებს მათ: „ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ“ (2 პეტრე 1:10; 2:18). ცხებულ ქრისტიანებს, რომლებმაც თავიანთი რწმენა ამ შვიდი თვისებით შეივსეს, პეტრეს ნათქვამის თანახმად, ‘უხვად გაეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი’ (2 პეტრე 1:11). ‘სხვა ცხვრებიც’ მარადიულად დამკვიდრდებიან ღვთის სამეფოს მიწიერ სამფლობელოში (იოანე 10:16; მათე 25:33, 34).
18. რატომ არის პეტრე განწყობილი, ‘მუდამ შეახსენოს’ ძმებს?
18 პეტრეს გულწრფელად სურს, რომ ძმებმა ეს დიდი ჯილდო მიიღონ. „ამიტომ, — წერს ის, — მუდამ შეგახსენებთ ამის შესახებ, თუმცა იცით და მტკიცენი ხართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში“ (2 პეტრე 1:12). პეტრე იყენებს ბერძნულ სიტყვას „სტე·რიʹზო“, რომელიც აქ გადმოთარგმნილია როგორც „მტკიცენი ხართ“, მაგრამ პეტრესადმი იესოს ადრინდელ შეგონებაში თარგმნილია როგორც „გაამაგრე“: „გაამაგრე შენი ძმანი“ (ლუკა 22:32, აფ). ამ სიტყვის გამოყენება მიუთითებს, რომ პეტრეს ახსოვს ის დიდი შეგონება, რომელიც უფალმა მისცა. ახლა პეტრე ამბობს: „სწორად. . . მივიჩნევ შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, ვიდრე ამ კარავში [ხორციელ სხეულში] ვიმყოფები. რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი“ (2 პეტრე 1:13, 14).
19. რა დახმარებას ვსაჭიროებთ დღეს?
19 თუმცა პეტრე გულთბილად აღნიშნავს, რომ თავისი მკითხველები ‘მტკიცენი არიან ჭეშმარიტებაში’, მას ესმის, რომ მათი რწმენის ხომალდი შეიძლება დაიმსხვრეს (1 ტიმოთე 1:19). რადგან მან იცის, რომ მალე უნდა მოკვდეს, განამტკიცებს ძმებს და მოიხსენიებს ისეთ რამეებს, რაც შეიძლება მათ მოგვიანებით თავიანთი სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად გაიხსენონ (2 პეტრე 1:15; 3:12, 13). მსგასვად ამისა, დღეს ჩვენც გვჭირდება რწმენაში განმამტკიცებელი მუდმივი შემხსენებელი. მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და რამდენი ხანი ვართ ჭეშმარიტებაში, არ შეიძლება უგულებელვყოთ ბიბლიის რეგულარული კითხვა, პირადი შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება. ზოგი კრებაზე დაუსწრებლობის გასამართლებელ საბუთს ეძებს და ამბობს, რომ ძალიან დაღლილია ან კრებებზე ერთსა და იმავეს იმეორებენ ან იქ უინტერესო გამოსვლებია, მაგრამ პეტრემ იცოდა, თუ რა სწრაფად კარგავს ნებისმიერი ჩვენგანი რწმენას, თუ ძალიან თავდაჯერებულია (მარკოზი 14:66–72; 1 კორინთელთა 10:12; ებრაელთა 10:25).
ჩვენი რწმენის მტკიცე საფუძველი
20, 21. როგორ განამტკიცა გარდასახვამ პეტრესა და, დღეს ჩვენი ჩათვლით, მისი წერილების მკითხველთა რწმენა?
20 არის ჩვენი რწმენა მხოლოდ ჭკვიანურად მოფიქრებულ მითებზე დაფუძნებული? « [„არა“, აქ], — კატეგორიულად პასუხობს პეტრე, — ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ». პეტრე, იაკობი და იოანე იესოსთან იყვნენ, როცა მათ ის თავის სამეფო ძალაუფლებაში იხილეს. პეტრე განმარტავს: „მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით“ (2 პეტრე 1:16–18).
21 როცა პეტრემ, იაკობმა და იოანემ ნახეს ეს ხილვა, სამეფო ნამდვილად რეალური გახდა მათთვის! პეტრე აღნიშნავს: „ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას“. დიახ, პეტრეს წერილის მკითხველებს, დღეს ჩვენი ჩათვლით, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, ყურადღება მივაპყროთ ღვთის სამეფოს შესახებ წინასწარმეტყველებებს. როგორ უნდა მივაპყროთ ყურადღება? პეტრე პასუხობს: „როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში“ (2 პეტრე 1:19; დანიელი 7:13, 14; ესაია 9:5, 6).
22. ა) რასთან დაკავშირებით უნდა იყოს ჩვენი გულები ფხიზლად? ბ) როგორ ვაპყრობთ ყურადღებას წინასწარმეტყველურ სიტყვას?
22 ჩვენი გულები წინასწარმეტყველური სიტყვით განათების გარეშე ბნელით მოცული იქნებოდა. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებისთვის ყურადღების მიპყრობით ქრისტიანთა გულები სიფხიზლეს ინარჩუნებენ იმ დრომდე, ვიდრე „ცისკრის ვარსკვლავი“, იესო ქრისტე, ამოვიდოდეს თავისი სამეფო დიდებით (გამოცხადება 22:16). დღეს როგორ ვაქცევთ წინასწარმეტყველურ სიტყვას ყურადღებას? ბიბლიის შესწავლით, შეხვედრებისთვის მომზადებითა და მათში მონაწილეობის მიღებით და ‘ამაზე ზრუნვითა და ამაზე დგომით’ (1 ტიმოთე 4:15). თუ წინასწარმეტყველური სიტყვა „ბნელში“ (ჩვენს გულებში) ლამპარივით უნდა ანათებდეს, მას ჩვენზე — ჩვენს სურვილებზე, ემოციებზე, აღძვრებსა და მიზნებზე — მძლავრი გავლენის საშუალება უნდა მივცეთ. საჭიროა, ვიყოთ ბიბლიის მკვლევარები, რადგან პეტრე პირველ თავს შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:20, 21).
23. რისთვის ამზადებს მკითხველებს 2 პეტრეს პირველი თავის დასასრული?
23 თავისი მეორე წერილის პირველ თავში პეტრემ ძვირფას რწმენაში მტკიცედ დგომის საფუძვლიანი მიზეზი მოიყვანა. ახლა მზად ვართ მომდევნო სერიოზული საკითხის განსახილველად. მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება 2 პეტრეს მე-2 თავზე, სადაც მოციქული კრებაში შემოპარული უზნეობის გავლენის შესახებ იძლევა გაფრთხილებას.
გახსოვს თუ არა?
◻ რატომ ამახვილებს პეტრე ყურადღებას ზუსტი შემეცნების მნიშვნელოვნებაზე?
◻ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ სათნოება რწმენის შემავსებელ პირველ თვისებად არის მოყვანილი?
◻ რატომ არის პეტრე განწყობილი, ყოველთვის შეახსენოს ძმებს?
◻ ჩვენი რწმენისთვის რა მტკიცე საფუძვლით უზრუნველგვყოფს პეტრე?
[სურათი 9 გვერდზე]
შეცდომების გამო პეტრეს რწმენა არ მიუტოვებია.