იეჰოვა სიყვარულის ღმერთია
„ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8, 16).
1. რომელია ღვთის ძირითადი თვისება და როგორ განგაწყობთ ამის ცოდნა მისადმი?
იეჰოვას მიერ შთაგონებულ სიტყვაში, ბიბლიაში, ვკითხულობთ: „ღმერთი სიყვარულია“. როგორც ვხედავთ, სიყვარული ღვთის მრავალ შესანიშნავ თვისებათა შორის უბრალოდ ერთ-ერთი კი არაა, არამედ ღმერთი თავადაა სიყვარული (1 იოან. 4:8). სიყვარული ღვთის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მას უბრალოდ კი არ გააჩნია სიყვარული, არამედ სიყვარულის განსახიერებაა. რა ბედნიერებაა იმის გააზრება, რომ სამყაროსა და ყოველი ცოცხალი არსების შემოქმედი სიყვარულის ღმერთია! მისი ყოველი მოქმედების მიღმა სიყვარული დგას.
2. რაში გვარწმუნებს ღვთის სიყვარული? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
2 თბილი გრძნობა, რომელიც იეჰოვას თავისი ქმნილებების მიმართ აქვს, გვარწმუნებს, რომ იგი დიდებულად შეასრულებს კაცობრიობასთან დაკავშირებულ განზრახვას, რაც სიკეთეს მოუტანს მისი სამეფოს ყველა ქვეშევრდომს. მან ადამიანების მიმართ სიყვარული გამოავლინა და „დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის [იესო ქრისტეს] მეშვეობით“ (საქ. 17:31). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ ამაში. ღვთის მიერ გულმართალი და მორჩილი ადამიანების სასიკეთოდ გამოტანილი განაჩენი მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ გაიხარონ ბედნიერი მომავლით მარადიულობის განმავლობაში.
რა ნათელყო ისტორიამ
3. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ღმერთს რომ არ ვყვარებოდით?
3 მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ცხოვრება, ღმერთს რომ ადამიანები არ ჰყვარებოდა. ჩვენ ისღა დაგვრჩებოდა, რომ დავრჩენილიყავით ადამიანი მმართველების ანაბარა, რომელთა მიღმაც ბოროტი და სასტიკი ღმერთი, სატანა დგას (2 კორ. 4:4; 1 იოან. 5:19; წაიკითხეთ გამოცხადების 12:9, 12). ღმერთს რომ არ ვყვარებოდით, ჩვენი მომავალი წყვდიადით მოცული იქნებოდა.
4. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ქმნილებები მის სამართლიან მმართველობას აჯანყებოდნენ?
4 როდესაც ეშმაკმა იეჰოვას მმართველობის წინააღმდეგ გაილაშქრა, მან თავის გავლენაში პირველი წყვილიც მოაქცია. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უფლება, ყოფილიყო სამყაროს უზენაესი მმართველი. ამგვარად ეშმაკმა განაცხადა, რომ შემოქმედზე უკეთესი მმართველი იქნებოდა (დაბ. 3:1—5). მართალია, იეჰოვამ სატანას ამის დამტკიცების საშუალება მისცა, მაგრამ დროის ეს პერიოდი უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა. განუზომელი სიბრძნის წყალობით იეჰოვამ ეშმაკს სწორედ იმდენი დრო გამოუყო, რამდენიც საკმარისი იქნებოდა იმის გამოსააშკარავებლად, რომ ღვთიური მმართველობის გარდა, ნებისმიერი სხვა მმართველობა მარცხისთვის იყო განწირული. კაცობრიობის ისტორიის შავბნელი ფურცლები იმაზე მოწმობს, რომ არც სატანასა და არც ადამიანებს არ ძალუძთ ხალხისთვის ღირსეული ხელმძღვანელობის გაწევა.
5. რა ცხადყო კაცობრიობის ისტორიამ?
5 მხოლოდ გასული საუკუნის მანძილზე 100 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა ომებმა. მსოფლიოში მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. სწორედ ამას წინასწარმეტყველებდა ბიბლია ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ შესახებ; მასში ვკითხულობთ: „ბოროტები და თვითმარქვიები . . . უფრო უარესად მოიქცევიან“ (2 ტიმ. 3:1, 13). ისტორიამ ცხადყო ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). დიახ, ღმერთს ადამიანები ისე არ შეუქმნია, რომ მათ ღვთისგან დამოუკიდებლად წარემართათ თავიანთი ნაბიჯები; ღმერთს მათთვის არც ამის უფლება და არც უნარი არ მიუცია.
6. რა მიზანს ემსახურება ღვთის მიერ დაშვებული ბოროტება?
6 სატანისთვის გამოყოფილ დროს უნდა გამოეაშკარავებინა ადამიანური მმართველობის უუნარობა. თუმცა ეს გამოსაცდელი პერიოდი უფრო აღმატებულ მიზანსაც მოემსახურებოდა — ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდებოდა, რომ მხოლოდ ღვთის მმართველობაა წარმატებული. და, თუკი მას შემდეგ, რაც იეჰოვა ბოროტებასა და მის გამომწვევ მიზეზებს აღმოფხვრის, კიდევ ვინმე ეჭვქვეშ დააყენებს მოსიყვარულე ღვთის მმართველობას, მისთვის გამოსაცდელი დროის მიცემის საჭიროება აღარ იარსებებს. კაცობრიობის ისტორიაში უკვე იქნება პრეცედენტი, რომლის საფუძველზეც ღმერთს შეეძლება, დაუყოვნებლივ გაუსწორდეს მეამბოხეთ და აღარ დაუშვას ბოროტების აყვავება.
როგორ დაგვიმტკიცა იეჰოვამ სიყვარული
7, 8. რაში ვლინდება იეჰოვას სიყვარული?
7 იეჰოვამ სიყვარული მრავალმხრივ დაგვიმტკიცა. მაგალითად, მის დიდ სიყვარულზე მეტყველებს საოცრად შექმნილი სამყარო, რომელშიც მილიარდობით გალაქტიკაა, ხოლო თითოეულ მათგანში — მრავალი მილიარდი ვარსკვლავი თუ პლანეტა. ჩვენს გალაქტიკა „ირმის ნახტომში“ ერთ-ერთი ვარსკვლავი მზეა, რომლის გარეშეც დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. ღვთის ყოველი ქმნილება იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა ღმერთია და მას გააჩნია ისეთი ძვირფასი თვისებები, როგორიცაა ძალა, სიბრძნე და სიყვარული. დიახ, ღვთის „უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომ. 1:20).
8 იეჰოვამ დედამიწაზე ყველაფერი ისე შექმნა, რომ მიწიერ ქმნილებებს მასზე სიცოცხლე შეძლებოდათ. მან ადამიანები უმშვენიერეს სამოთხის ბაღში დაასახლა. ამასთანავე, უბოძა სრულყოფილი გონება და სხეული, რაც მათ მარადიული სიცოცხლის საშუალებას მისცემდა (წაიკითხეთ გამოცხადების 4:11). უფრო მეტიც, ღმერთი „საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს, რადგან მარადიულია მისი სიკეთე“ (ფსალმ. 136:25).
9. ა) კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან იეჰოვას პიროვნების შესახებ? ბ) რატომ სძულს ღმერთს ბოროტება?
9 მართალია, იეჰოვა საკუთარი თავის შესახებ ამბობს, რომ სიყვარულის ღმერთია, მაგრამ ერთიცაა: მას სძულს ბოროტება. მაგალითად, ფსალმუნის 5:4—6-ში იეჰოვაზე ვკითხულობთ: „შენ არა ხარ სიბოროტის მოყვარული ღმერთი . . . შენ გძულს ყველა, ვინც სიავეს სჩადის . . . სისხლისმღვრელი და მზაკვარი სძულს იეჰოვას“.
მალე ბოროტება წარსულს ჩაჰბარდება!
10, 11. ა) როგორ გაუსწორდება იეჰოვა ბოროტებს? ბ) როგორ აკურთხებს იეჰოვა მართლებს?
10 როგორც აღვნიშნეთ, ღმერთი სიყვარულია და მას სძულს ბოროტება. სწორედ ამიტომ მას განზრახული აქვს, რომ უზენაესობის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ბოროტებას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი როგორც დედამიწაზე, ისე მთელ სამყაროში. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . იეჰოვას მტრები საუკეთესო საძოვრებს დაემსგავსებიან; ბოლო მოეღებათ მათ, კვამლში მოეღებათ ბოლო“ (ფსალმ. 37:9, 10, 20).
11 თუმცა ღვთის სიტყვაში იეჰოვას ერთგულთა საყურადღებოდ იმედის მომცემი დაპირებაა ჩაწერილი: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:29). მართლები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმ. 37:11). ეს დანაპირები უსათუოდ შესრულდება, ვინაიდან ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი ყოველთვის თავის ერთგულთა სასიკეთოდ მოქმედებს. ბიბლია გვაუწყებს: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხ. 21:4). მართლაც, რა დიდებული მომავალი ელის მათ, ვინც მთელი გულით აფასებს იეჰოვას სიყვარულს და ემორჩილება მას, როგორც მმართველს!
12. ვინ შეიძლება ჩაითვალოს უმწიკვლოდ?
12 ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „დაუკვირდი უმწიკვლოს და თვალი ადევნე მართალს, რადგან მშვიდობიანი მომავალი ელის ასეთ კაცს. შემცოდველები ერთიანად მოისპობიან და ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება“ (ფსალმ. 37:37, 38). უმწიკვლო ადამიანები ეცნობიან იეჰოვასა და მის ძეს და ასრულებენ ღვთის ნებას (წაიკითხეთ იოანეს 17:3). მათ გულთან ახლოს მიაქვთ 1 იოანეს 2:17-ში ჩაწერილი სიტყვები: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“. ვინაიდან ქვეყნიერების აღსასრული ახლოვდება, ახლა დაყოვნების დრო არაა; ჩვენ იეჰოვაზე უნდა დავამყაროთ იმედი და დავრჩეთ მის გზაზე (ფსალმ. 37:34).
ღვთის სიყვარულის უდიდესი დასტური
13. როგორ დაუმტკიცა იეჰოვამ ცოდვილ ადამიანებს უდიდესი სიყვარული?
13 მართალია, არასრულყოფილები ვართ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ღვთის გზაზე. იეჰოვას მიერ გამოვლენილი უდიდესი სიყვარულის საფუძველზე შეგვიძლია მასთან სიახლოვითაც დავტკბეთ. მან თავისი ძის, იესო ქრისტეს, სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, რათა მორჩილი ადამიანები ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა (წაიკითხეთ რომაელების 5:12; 6:23). ღმერთი ბოლომდე ენდობოდა თავის მხოლოდშობილ ძეს, რომელიც უთვალავი წლის მანძილზე მამის ერთგული იყო ზეცაში. იეჰოვას, როგორც მოსიყვარულე მამას, დიდ ტკივილს მიაყენებდა იმის დანახვა, თუ რაოდენ უსამართლოდ ექცეოდნენ მის ძეს დედამიწაზე. თუმცა იესომ ერთგულად დაუჭირა მხარი მამის უზენაესობას, რითაც ცხადყო, რომ სრულყოფილ ადამიანს შესწევს ძალა, უკიდურესი სირთულეების პირისპირაც კი, ღვთის ერთგული დარჩეს.
14, 15. რის შესაძლებლობა მოგვცა იესოს სიკვდილმა?
14 იესომ უმწიკვლობა შეინარჩუნა, ურთულესი განსაცდელების დროსაც კი იეჰოვას უზენაესობას დაუჭირა მხარი და მისი ერთგული აღესრულა. დიდად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ მან კაცობრიობის გამოსასყიდადაც გაიღო საჭირო საფასური — სიცოცხლე, რითაც ადამიანებს ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების საშუალება მისცა. სწორედ იეჰოვასა და იესოს მიერ გამოვლენილ უდიდეს სიყვარულს გაუსვა პავლე მოციქულმა ხაზი, როცა დაწერა: „ქრისტე უღმერთოთათვის მოკვდა დანიშნულ დროს, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის, თუმცა კარგი კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე. ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:6—8). მოციქულმა იოანემ კი თქვა: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“ (1 იოან. 4:9, 10).
15 იესომ იმის თაობაზე, თუ როგორ უყვარდა ღმერთს კაცობრიობა, თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). ღმერთს იმდენად უყვარდა ადამიანები, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასი რამ, საკუთარი ძის სიცოცხლეც კი არ დაინანა. ღვთის სიყვარული მარადიულია, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის ვენდოთ უზენაესს. მოციქულმა პავლემ თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რომ. 8:38, 39).
ღვთის სამეფო მმართველობს!
16. რა არის ღვთის სამეფო და ვის ჩააბარა იგი იეჰოვამ?
16 ღმერთს რომ კაცობრიობა უყვარს, ამაზე მისი სამეფოს არსებობაც მოწმობს. ღმერთმა ამ სამეფოს მეფედ დანიშნა თავისი ძე, რომელსაც კაცობრიობაც უყვარს და მმართველისთვის საჭირო ყველა მოთხოვნასაც აკმაყოფილებს (იგავ. 8:31). იესოს ზეციერ სამეფოში თანამმართველად ეყოლება 144 000 თანამემკვიდრე, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების გამოცდილება ექნებათ (გამოცხ. 14:1). როგორც გვახსოვს, დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ძირითადად ღვთის სამეფოზე საუბრობდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:9, 10). მართლაც, როცა ამ ლოცვას პასუხი გაეცემა, კაცობრიობა უამრავი კურთხევით გაიხარებს!
17. რა სხვაობაა იესოს სიყვარულით გაწეულ ხელმძღვანელობასა და ადამიანურ მმართველობებს შორის?
17 რაოდენ დიდი სხვაობაა იესოს სიყვარულით გაწეულ ზეციურ ხელმძღვანელობასა და ადამიანურ მმართველობებს შორის! სწორედ მიწიერ ხელისუფალთ აქვთ გასვრილი ხელი მილიონობით ადამიანის სისხლში, რომლებიც ომებმა იმსხვერპლა! იესოს კი გულწრფელად აღელვებს თავისი ქვეშევრდომების ბედი; ის მამას ძვირფასი თვისებების, განსაკუთრებით კი სიყვარულის გამოვლენაში ჰბაძავს (გამოცხ. 7:10, 16, 17). იესომ მოგვიწოდა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). რაოდენ საამურია იესოსგან ამ დამაიმედებელი სიტყვების მოსმენა!
18. ა) რას აკეთებს ღვთის სამეფო დაარსების დღიდან? ბ) რაზე ვიმსჯელებთ შემდეგ სტატიაში?
18 ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფო ზეცაში მაშინ დამყარდა, როცა 1914 წელს იესო გამეფდა. ამ დროიდან მოყოლებული დედამიწაზე დაიწყო ქრისტეს დარჩენილი ცხებული ძმების შეგროვება, რომლებიც მასთან ერთად ზეცაში იმმართველებენ. გარდა ამისა, გამოჩნდა „უამრავი ხალხი“, რომელიც გადაიტანს ქვეყნიერების აღსასრულს და საკუთარი თვალით იხილავს სამოთხედქცეულ დედამიწას (გამოცხ. 7:9, 13, 14). რამდენად მრავალრიცხოვანია „უამრავი ხალხი“? და, რის გაკეთება მოეთხოვება მათ? ამ კითხვებზე შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ.