მათ ‘ასე გააკეთეს’
„ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3).
1. რა შეიძლება ითქვას ღვთის ღრმა სიყვარულზე?
„ღმერთი სიყვარულია“. ყველა, ვინც ეცნობა ღმერთს და ემორჩილება მის მცნებებს, ამ ღრმა სიყვარულისთვის უდიდეს მადლიერებას გრძნობს. „ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მისატევებლად“. როდესაც იესოს ძვირფასი გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ ვავლენთ რწმენას, ‘ღვთის სიყვარულში ვრჩებით’ (1 იოანე 4:8–10, 16). ამგვარად, როგორც ახლა შეგვიძლია დავტკბეთ სულიერი კურთხევების სიუხვით, ასევე მომავალშიც, მარადიული სიცოცხლის დროსაც (იოანე 17:3; 1 იოანე 2:15, 17).
2. რით იყო სასარგებლო მცნებების შესრულება ღვთის მსახურთათვის?
2 ბიბლიაში უამრავი მაგალითია მოცემული მათ შესახებ, რომლებიც ასრულებდნენ ღვთის მცნებებს და უხვად იყვნენ კურთხეულნი. მათ მიეკუთვნებიან იეჰოვას ქრისტიანობამდელი მოწმეებიც, ზოგიერთი მათგანის შესახებ პავლე მოციქული წერდა: „რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ მათ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე“ (ებრაელთა 11:13). მოგვიანებით ღვთის ერთგულმა მსახურებმა ისარგებლეს ‘დაუმსახურებელი მადლითა და ჭეშმარიტებით, [რომელიც] იესო ქრისტეს მიერ იქმნა’ (იოანე 1:17, აქ). კაცობრიობის ისტორიის დაახლოებით 6 000 წლის განმავლობაში იეჰოვამ დააჯილდოვა ერთგული მოწმეები, რომლებიც ემორჩილებოდნენ მის მცნებებს, რაც ჭეშმარიტად „მძიმე როდია“ (1 იოანე 5:2, 3).
ნოეს დღეები
3. რა მხრივ აკეთებდა ნოე „ასე“?
3 ბიბლიის ჩანაწერები აღნიშნავს: „რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო წუთისოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით“. როგორც „სიმართლის მქადაგებელი“, ნოე სრულიად ემორჩილებოდა ღმერთს და ღვთის მოახლოებული სასჯელის შესახებ აფრთხილებდა ძალადობით აღსავსე წარღვნამდელ მსოფლიოს (ებრაელთა 11:7; 2 პეტრე 2:5). კიდობნის აგების დროს ის გულდასმით მიჰყვებოდა ღვთის მიერ მიცემულ გეგმას. შემდეგ მან კიდობანში შეიყვანა მითითებული ცხოველები და მოიმარაგა საკვები. „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა“ (დაბადება 6:22).
4, 5. ა) როგორი ზემოქმედება აქვს კაცობრიობაზე დამღუპველ ზეგავლენას დღემდე? ბ) რატომ უნდა ვაკეთოთ ჩვენც „ასე“, რომ დავემორჩილოთ ღვთიურ მითითებებს?
4 ნოესა და მის ოჯახს ბრძოლა უწევდა ურჩი ანგელოზების დამღუპველი ზეგავლენის წინააღმდეგ. ღვთის ამ ძეებმა ხორცი შეისხეს და ცხოვრობდნენ ქალებთან, ხოლო ანგელოზებისა და ადამიანების შეჯვარების შედეგად გამრავლდა ზეადამიანური შთამომავლობა, რომელიც ავიწროებდა კაცობრიობას. „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით“. იეჰოვამ წარღვნა მოავლინა, რომ მიწის პირისგან აღეგავა ბოროტი თაობა (დაბადება 6:4, 11–17; 7:1). ნოეს შემდეგ დემონ ანგელოზებს მეტად აღარ ეძლევათ უფლება, რომ ხორცი შეისხან და ადამიანებს დაემსგავსონ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სატანა ეშმაკის, ‘ბოროტი არსების ძალაუფლებაშია მთელი ქვეყნიერება’ (1 იოანე 5:19, აქ; გამოცხადება 12:9). იესომ ნოეს დროინდელი მოჯანყე სულისკვეთების მქონე თაობა წინასწარმეტყველურად შეადარა თაობას, რომელმაც უარყო მისი თანდასწრების ნიშანი, რომელიც ცხადი გახდა 1914 წლის შემდეგ (მათე 24:3, 34, 37–39; ლუკა 17:26, 27).
5 როგორც ნოეს დღეებში, სატანა დღესაც ცდილობს, რომ დაღუპოს როგორც კაცობრიობა, ასევე ჩვენი პლანეტა (გამოცხადება 11:15–18). ამიტომ აუცილებელია, გულისყურით მოვისმინოთ ღვთის მიერ შთაგონებული ბრძანება: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შესძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას“ (ეფესელთა 6:11). ასე რომ, ჩვენ ვმხნევდებით ღვთის სიტყვის შესწავლითა და ცხოვრებაში გამოყენებით. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს იეჰოვას მზრუნველი ორგანიზაცია მისი ცხებული ‘ერთგული და გონიერი მონით’, მოსიყვარულე უხუცესებით, რომ მოთმინებით გვმწყემსონ იმ გზაზე, რომლითაც უნდა ვიაროთ. ჩვენ გვევალება, შევასრულოთ გლობალური სამქადაგებლო სამუშაო (მათე 24:14, 45–47). ნოეს მსგავსად, რომელიც ერთგულად დაემორჩილა ღვთის მითითებებს, დაე, ჩვენც ყოველთვის ‘ასე ვაკეთოთ’.
მოსე — ადამიანთა შორის უთვინიერესი
6, 7. ა) რა ჯილდოს მომტანი არჩევანი გააკეთა მოსემ? ბ) როგორი გაბედულების მაგალითი დაგვიტოვა მოსემ?
6 განვიხილოთ სხვა მორწმუნე ადამიანის, მოსეს, მაგალითი. მოსეს შეეძლო დამტკბარიყო უზრუნველი ცხოვრებით ეგვიპტის ფუფუნებაში. მაგრამ მან „ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას“. როგორც იეჰოვას მიერ არჩეული მსახური „ხედავდა საზღაურს. . . თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:23–28).
7 რიცხვნის 12:3-ში ვკითხულობთ: „მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“. ეგვიპტის ფარაონი კი მოქმედებდა სრულიად საპირისპიროდ, როგორც ადამიანთა შორის უამპარტავნესი. როდესაც იეჰოვამ უბრძანა მოსესა და აარონს, მოეხსენებინათ ფარაონისთვის მისი განაჩენი, როგორ მოიქცნენ ისინი? ჩვენ ვკითხულობთ: „ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ“ (გამოსვლა 7:4–7). რაოდენ შესანიშნავი გაბედულების მაგალითია ჩვენთვის, რადგან დღეს ჩვენ ადამიანთა წინაშე ვაცხადებთ ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენს!
8. როგორ მოეთხოვებოდათ ისრაელებს ‘ისე აღესრულებინათ’, და რა პარალელის გავლება შეიძლება მათ სიხარულთან ახლო მომავალში?
8 ერთგულად დაუჭირა თუ არა მთელმა ისრაელმა მხარი მოსეს? მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ათი სასჯელიდან ცხრა დაატეხა თავს ეგვიპტეს, იეჰოვამ ისრაელებს დაწვრილებითი მითითებები მისცა პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად. „მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა. წავიდნენ ისრაელიანები და აღასრულეს; როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს“ (გამოსვლა 12:27, 28). მოვლენებით აღსავსე დღეს, ძველი წელთაღრიცხვით 1513 წლის 14 ნისანს, შუაღამისას, ღვთის ანგელოზმა ჩაიარა, რომ ყოველი პირმშო მოეკლა ეგვიპტეში, ხოლო ისრაელების სახლებს გვერდი აუარა. რატომ გადარჩნენ ისრაელთა პირმშოები? მათი დამცველი აღმოჩნდა საპასექო ცხვრის სისხლი, რომელიც მიასხურეს თავიანთი სახლების კარებებზე. მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსესა და აარონს. დიახ, „ისე აღასრულეს“ (გამოსვლა 12:50, 51). მეწამულ ზღვასთან იეჰოვამ კვლავ მოახდინა სასწაული იმ დროს, როდესაც გაანადგურა ფარაონი და მისი ძლევამოსილი საომარი აღჭურვილობა, რომ გადაერჩინა თავისი მორჩილი ხალხი. რა დიდი ზეიმი ექნებოდათ ისრაელებს! ასევე დღესაც იეჰოვას მცნებების მორჩილები გაიხარებენ, რომ იეჰოვას გამართლების თვითმხილველები იქნებიან არმაგედონში (გამოსვლა 15:1, 2; გამოცხადება 15:3, 4).
9. რომელ დღევანდელ უპირატესობებს განასახიერებს ისრაელების მიერ ‘ასე კეთება’ კარვის აგებასთან დაკავშირებით?
9 როდესაც იეჰოვამ უბრძანა ისრაელს, მიეტანათ შესაწირავები და უდაბნოში აეგოთ კარავი, ხალხმა გულუხვობა გამოავლინა. თვით უმცირეს წვრილმანებშიც კი მოსე და მისი მოხალისე თანამშრომლები მიჰყვებოდნენ არქიტექტორულ გეგმას, რომელიც იეჰოვამ მისცა. „დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესათვის უფალს; ასე გააკეთეს“. ასევე სამღვდელოების კურთხევის საზეიმო ცერემონიალისას „ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა“ (გამოსვლა 39:32; 40:16). დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მთელი გულით დავუჭიროთ მხარი სამქადაგებლო საქმიანობას და სამეფოს განვრცობის პროგრამას. და ეს ჩვენი უპირატესობაა, რომ გაერთიანებულად ‘ასე ვაკეთოთ’.
იესო ნავეს ძე — გაბედული და ძალიან ძლიერი
10, 11. ა) რამ აღჭურვა იესო ნავეს ძე წარმატებისთვის? ბ) როგორ შეგვიძლია გავძლიერდეთ, რომ გავუმკლავდეთ იმ მრავალ განსაცდელს, რაც დღეს გვხვდება?
10 როდესაც მოსემ დანიშნა იესო ნავეს ძე, რომ ისრაელს წაძღოლოდა აღთქმული მიწისაკენ, როგორც ჩანს, იმ დროისთვის, იეჰოვას ინსპირაციით დაწერილ სიტყვას წარმოადგენდა მხოლოდ მოსეს ხუთი წიგნი, ერთი ან ორი ფსალმუნი და იობის წიგნი. მოსემ უთხრა იესო ნავეს ძეს, რომ როდესაც მიაღწევდნენ აღთქმულ მიწას, შეეკრიბა ხალხი და ‘წაეკითხა ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად’ (მეორე რჯული 31:10–12). გარდა ამისა, იეჰოვამ თავად უბრძანა იესო ნავეს ძეს: „ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება“ (იესო ნავეს ძე 1:8).
11 როგორც იეჰოვას სიტყვის, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა აძლიერებს იეჰოვას დღევანდელ მოწმეებს, რომ გაუმკვლავდნენ პრობლემებსა და გამოცდებს, რომლებსაც ამ კრიტიკულ „უკანასკნელ დღეებში“ ხვდებიან, ასევე იეჰოვას „წიგნის“ ყოველდღიურმა კითხვამ აღჭურვა იესო ნავეს ძე, გამკლავებოდა მომავალ გამოცდებს (2 ტიმოთე 3:1). რადგან ჩვენ ძალადობით აღსავსე წუთისოფელში ვცხოვრობთ, დაე, გულთან ახლოს მივიტანოთ რჩევა, რომელიც ღმერთმა მისცა იესო ნავეს ძეს: „გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავეს ძე 1:9). როდესაც სახლდებოდნენ თავიანთ სამკვიდრებელში, ქანაანზე გამარჯვების შემდეგ, ისრაელის ყოველი ტომი უხვად დაჯილდოვდა. „როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები“ (იესო ნავეს ძე 14:5). მსგავსი ჯილდო მოელის ყველა ჩვენგანს, ვინც კითხულობს ღვთის სიტყვას, საკუთარ ცხოვრებაში იყენებს და მორჩილად სწორედ ‘ასე აკეთებს’.
მეფეები — ერთგულები და ურჩები
12. ა) რა იყო ნაბრძანები ისრაელის მეფეებისთვის? ბ) მეფეების ურჩობას რა მოჰყვა შედეგად?
12 რა შეიძლება ითქვას ისრაელის მეფეების შესახებ? იეჰოვამ დაავალა მათ, რომ დამორჩილებოდნენ შემდეგ მოთხოვნას: „როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს“ (მეორე რჯული 17:18, 19). ემორჩილებოდნენ თუ არა ისრაელის მეფეები ამ ბრძანებას? უმეტეს შემთხვევაში ისინი ძალიან დიდ მარცხს განიცდიდნენ და იმკიდნენ იმ წყევლას, რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო მეორე რჯულის 28:15–68 მუხლებში. და ბოლოს, ისრაელი დაიფანტა ‘ქვეყნის კიდიდან კიდემდე’.
13. დავითის მსგავსად, როგორ შეგვიძლია იეჰოვას სიტყვისადმი სიყვარულის გამოვლენით დადებით შედეგებს მივაღწიოთ?
13 დავითმა — ადამიანთა შორის პირველმა ერთგულმა მეფემ ისრაელში — იეჰოვას მიმართ განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა. ის აღმოჩნდა ‘ლომის ბოკვერი იუდაში’, რომელიც ასიმბოლოებდა იესო ქრისტეს, გამარჯვებულ ‘ლომს, იუდას ტომიდან, დავითის ფესვს’ (დაბადება 49:8, 9; გამოცხადება 5:5). რაზე იყო დაფუძნებული დავითის სიძლიერე? მას ჰქონდა ღრმა მადლიერების გრძნობა იეჰოვას სიტყვის მიმართ და ცხოვრობდა მასთან შეთანხმებულად. მე-18 ფსალმუნში, „დავითის საგალობელში“ ვკითხულობთ: „რჯული უფლისა სრულყოფილია“. მთელი რიგი შეხსენებების შემდეგ, რომელიც შეეხება იეჰოვას შეგონებებს, ბრძანებებს, მცნებასა და განსჯებს, დავითი აგრძელებს: „სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესი თაფლისა და გოლეულისა. და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის“ (ფსალმუნი 18:8–12). თუ იეჰოვას სიტყვის ყოველდღიურად კითხვა და მასზე ფიქრი ასე დაჯილდოვდებოდა 3 000 წლის წინათ, რამდენად უფრო დიდი იქნება ჯილდო ასეთი მოქმედებისთვის დღეს! (ფსალმუნი 1:1–3; 12:6; 118:72, 97, 111).
14. რა მხრივ გვიჩვენებს სოლომონის არჩეული გზა, რომ მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი?
14 მაგრამ მხოლოდ ცოდნის შეძენა არ არის საკმარისი. ღვთის მსახურთათვის ასევე აუცილებელია შესწავლილის თანახმად მოქმედება, რომ ღვთის ნების თანახმად გამოვიყენოთ შესწავლილი ცხოვრებაში — დიახ, იმისათვის რომ ‘ასე ვაკეთოთ’. ეს შეიძლება ნათლად დავინახოთ დავითის ძის, სოლომონის მაგალითით, რომელიც იეჰოვამ ამოირჩია „რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე“. სოლომონმა მიიღო დავალება, რომ აეშენებინა ტაძარი და გამოეყენებინა ის არქიტექტორული გეგმა, რომელიც დავითმა მიიღო „ინსპირაციით“ (პირველი ნეშტთა 28:5, 11–13, აქ). როგორ შეეძლო სოლომონს ამ უდიდესი დავალების შესრულება? ლოცვის პასუხად იეჰოვამ ის სიბრძნითა და ცოდნით დააჯილდოვა. სიბრძნითა და ღვთის მიერ ბოძებული გეგმის ერთგულად შესრულებით სოლომონმა შეძლო, აეგო დიდებული სახლი, რომელიც აივსო იეჰოვას დიდებით (მეორე ნეშტთა 7:2, 3). მაგრამ მოგვიანებით სოლომონი შეცდა. კერძოდ, რა საკითხში? იეჰოვას რჯულში ისრაელის მეფეთა შესახებ ნათქვამი იყო: „არ იყოლიოს ბევრი ცოლი, რომ არ შეცდეს მისი გული“ (მეორე რჯული 17:17). მაგრამ სოლომონს „ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. . . მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისაკენ“. სიცოცხლის ბოლო წლებში სოლომონი აღარ აკეთებდა „ასე“ (მესამე მეფეთა 11:3, 4; ნეემია 13:26).
15. როგორ გააკეთა იოშიამ „ასე“?
15 მხოლოდ რამდენიმე მეფე იყო მორჩილი იუდაში, მათგან უკანასკნელი იყო იოშია. ძველი წელთაღრიცხვით 648 წელს მან დაიწყო ქვეყნის გაწმენდა კერპთაყვანისმცემლობისაგან და იეჰოვას ტაძრის განახლება. მის დროს იყო, რომ მღვდელმთავარმა იპოვა „მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი“. რა გააკეთა იოშიამ ამასთან დაკავშირებით? „ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა. დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად“ (მეორე ნეშტთა 34:14, 30, 31). დიახ, იოშიამ „ასე გააკეთა“. მისი ერთგულების შედეგად იეჰოვას განაჩენის შესრულება ურწმუნო იუდაზე შეჩერდა მისი დამნაშავე ძეების დრომდე.
ცხოვრება ღვთის სიტყვის თანახმად
16, 17. ა) რა საკითხებში უნდა მივყვეთ ქრისტეს კვალს? ბ) იეჰოვას კიდევ რომელი ერთგული მსახურები წარმოადგენენ ჩვენთვის მაგალითს?
16 ოდესმე მცხოვრებ ადამიანთა შორის ღვთის სიტყვაზე დაფიქრებისა და მის თანახმად ცხოვრების უდიდესი მაგალითი არის უფალი იესო ქრისტე. ღვთის სიტყვა საკვებივით იყო მისთვის (იოანე 4:34). მან თავის მსმენელებს უთხრა: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს“ (იოანე 5:19, 30; 7:28; 8:28, 42). იესო ‘ასე აკეთებდა’, რადგან ამბობდა: „ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა“ (იოანე 6:38). ჩვენ, რომლებიც იეჰოვასადმი მიძღვნილ ქრისტიანებს წარმოვადგენთ, მოწოდებული ვართ, რომ „ასე“ ვაკეთოთ და მივყვეთ ქრისტეს კვალს (ლუკა 9:23; 14:27; 1 პეტრე 2:21).
17 ღვთის ნების შესრულება უმთავრესი იყო იესოსთვის. მან ზედმიწევნით იცოდა ღვთის სიტყვა და მომზადებული იყო წერილებიდან გამომდინარე პასუხების გასაცემად (მათე 4:1–11; 12:24–31). ღვთის სიტყვისადმი ყურადღების მუდმივი გამახვილებით ჩვენც შევძლებთ, ვიყოთ „სრულყოფილი. . . ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17). მოდი, მივყვეთ იეჰოვას როგორც ძველი დროის, ასევე შემდეგში მცხოვრები ერთგული მსახურების მაგალითს და ყველაზე მეტად ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც თქვა: „გაიგოს წუთისოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ“ (იოანე 14:31). დაე, ჩვენც გამოვავლინოთ ღვთისადმი სიყვარული იმით, რომ ვაკეთოთ „ასე“ (მარკოზი 12:29–31).
18. რამ უნდა მოგვცეს სტიმული, რომ გავხდეთ „სიტყვის შემსრულებელნი“, და რა იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?
18 როდესაც ვფიქრობთ იეჰოვას ბიბლიური დროის მსახურების მორჩილებაზე, ნუთუ არ გვმატებს ხალისს, რომ სატანის სისტემის ამ უკანასკნელ დღეებში ერთგულად ვიმსახუროთ? (რომაელთა 15:4–6). ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს სტიმული, რომ ვიყოთ „სიტყვის შემსრულებელნი“, ამ ფრაზის სრული მნიშვნელობით, რაც შემდეგ სტატიაში იქნება განხილული (იაკობი 1:22).
შეგიძლია თუ არა გაიხსენო?
◻ რას უნდა ნიშნავდეს „ღვთის სიყვარული“ ჩვენთვის?
◻ რა ვისწავლეთ ნოეს, მოსესა და იესო ნავეს ძის მაგალითებიდან?
◻ რა ზომით ემორჩილებოდნენ ისრაელის მეფეები ღვთის „სიტყვას“?
◻ რა მხრივ არის იესო ჩვენი მაგალითი „ასე“ კეთებაში?
[სურათები მე-10 გვერდზე]
ნოემ, მოსემ და იესო ნავეს ძემ ‘ასე გააკეთეს’.