რატომ არ ერეოდა იესო პოლიტიკაში?
წარმოიდგინეთ, რომ დგას ახ. წ. 32 წელი. მოსაღამოვდა. თითქმის ყველამ იცის, რომ იესო, ნაწინასწარმეტყველები მესია, ავადმყოფებს კურნავს და მიცვალებულებსაც კი აღადგენს. მთელი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი მოწიწებით შეჰყურებს იმის გამო, რომ სასწაულებს ახდენდა და ღვთის შესახებ ასწავლიდა. ახლა კი, მშიერ ხალხს პატარ-პატარა ჯგუფებად ყოფს. ლოცვით მიმართავს იეჰოვას და სასწაულებრივი სახით აპურებს ხალხს. შემდეგ აგროვებს ნარჩენებს, რომ არ გაფუჭდეს. როგორ რეაგირებს ამაზე ხალხი? (იოანე 6:1—13).
მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს, როგორი სასწაულები მოახდინა იესომ, როგორ ოსტატურად ხელმძღვანელობდა ხალხს და როგორ ზრუნავდა მათზე, დაასკვნეს, რომ ის შესანიშნავი მეფე იქნებოდა (იოანე 6:14). ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ხალხს უნდოდა, კარგი მმართველი ჰყოლოდა. მათი საყვარელი სამშობლო ხომ სასტიკი მპყრობლის ტყვეობაში იყო. ასე რომ, ისინი იესოს აიძულებდნენ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმულიყო. არ დაივიწყოთ ეს ვითარება და ვნახოთ, რა რეაქცია ჰქონდა იესოს.
„იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“, — ნათქვამია იოანეს 6:15-ში. მისი პოზიცია ნათელი იყო. მან პოლიტიკაში ჩარევაზე მტკიცე უარი თქვა და აზრი არასოდეს შეუცვლია. იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრებიც ასევე უნდა მოქცეულიყვნენ (იოანე 17:16). რატომ იდგა ის თავის გადაწყვეტილებაზე მტკიცედ?
რატომ არჩია იესომ ნეიტრალიტეტის დაცვა?
იესოს გადაწყვეტილება, რომ არ ჩარეულიყო პოლიტიკაში, მთლიანად საღვთო წერილებში მოცემულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული. ახლა განვიხილოთ მხოლოდ ორი მათგანი.
„კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). სწორედ ასე აღწერს ბიბლია ადამიანთა მმართველობას. როგორც ვიცით, სანამ იესო დედამიწაზე მოვიდოდა, დიდი ხნის მანძილზე ზეცაში სულიერი პიროვნება იყო (იოანე 17:5). ამიტომ მან კარგად იცოდა, რომ ადამიანს, რაც არ უნდა კეთილი განზრახვები ჰქონოდა, არ ჰქონდა იმის უნარი, რომ მილიარდობით ადამიანზე სათანადოდ ეზრუნა და არც ღვთისგან იყო შექმნილი ამისთვის (იერემია 10:23). იესოს კარგად ესმოდა, რომ ადამიანთა პრობლემებს მიწიერი მთავრობები კი არა, სხვა მთავრობა მოაგვარებდა.
„მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). იწვევს ეს სიტყვები თქვენში აღშფოთებას? ბევრი სწორედ ასე რაეგირებს მათზე. მათ ახსენდებათ გულწრფელი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში იმიტომ არიან, რომ უნდათ მსოფლიო უფრო უკეთესი და უსაფრთხო გახადონ. მართალია, გულწრფელ მმართველთა უმეტესობას სწორედ ეს ამოძრავებს, მაგრამ ისინი თავს ვერ აღწევენ მის გავლენას, ვისაც იესომ „ამ ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 12:31; 14:30). ამიტომ უთხრა იესომ ერთ მმართველს: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). იესო ღვთის ზეციერი სამეფოს მომავალი მეფე იყო. თუ ის პოლიტიკაში ჩაერეოდა, თავისი მამის სამეფოს ორგული გახდებოდა.
მაშ, ასწავლიდა იესო თავის მიმდევრებს, რომ არ დამორჩილებოდნენ მიწიერ მმართველობებს? პირიქით, ის ასწავლიდა მათ, გაწონასწორებულნი ყოფილიყვნენ და შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობები, რომლებიც ღვთისა და მიწიერი მმართველების წინაშე ჰქონდათ დაკისრებული.
იესო პატივისცემას ავლენდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ
ტაძარში სწავლებისას იესოსთან მოწინააღმდეგეები მივიდნენ და ჰკითხეს, უნდა გადაეხადა ხალხს გადასახადები თუ არა. ამით ისინი ცდილობდნენ, იესო გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეგდოთ. თუ ის იტყოდა, რომ არ უნდა გადაეხადათ, ამას დაუმორჩილებლობად ჩათვლიდნენ და ჩაგრულ ხალხს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა რომის ბატონობის უღელი გადაეგდო, ამბოხებისკენ წააქეზებდა. მაგრამ, თუ იტყოდა, რომ უნდა გადაეხადათ, ხალხი იფიქრებდა, რომ ის იწყნარებდა იმ უსამართლობას, რომელსაც ისინი ხვდებოდნენ. იესომ თავის მოწინააღმდეგეებს საოცრად გაწონასწორებული პასუხი გასცა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (ლუკა 20:21—25). ასე რომ, მის მიმდევრებს როგორც ღვთის, ისე კეისრის ანუ მიწიერი მთავრობების წინაშე, ვალდებულები ჰქონდათ.
მთავრობები გარკვეულ წესრიგს ამყარებენ ქვეყანაში. ისინი სამართლიანად მოითხოვენ მოქალაქეებისგან, რომ იყვნენ პატიოსნები, გადაიხადონ გადასახადები და დაიცვან კანონი. რა მაგალითი მოგვცა იესომ, რომელმაც თქვა „კეისრისა კეისარს მიეცით“? მისი მშობლები მაშინაც კი ემორჩილებოდნენ კანონებს, როცა ეს არც თუ ისე ადვილი იყო. მაგალითად, იოსებმა და მისმა ფეხმძიმე ცოლმა, მარიამმა, დაახლოებით 150 კილომეტრი გაიარეს, რომ ჩასულიყვნენ ბეთლემში, როდესაც რომაელებმა აღწერის შესახებ ბრძანება გამოსცეს (ლუკა 2:1—5). მშობლების მსგავსად, იესოც ემორჩილებოდა კანონს და მაშინაც კი იხდიდა გადასახადებს, როცა ვალდებული არ იყო (მათე 17:24—27). ის აგრეთვე მაქსიმალურად ცდილობდა, არ ჩარეულიყო იმ საქმეებში, რომელიც მას არ ეხებოდა (ლუკა 12:13, 14). შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართალია, იესო პატივს სცემდა მმართველობის სისტემას, ის უარს ამბობდა მასში მონაწილეობაზე. რას გულისხმობდა ის, როცა თქვა მიეცით „ღვთისა . . . ღმერთს“?
როგორ აძლევდა იესო „ღვთისას ღმერთს“?
ერთხელ იესოს ჰკითხეს, ღვთის რომელი კანონი იყო უდიდესი. ქრისტემ უპასუხა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათე 22:37—39). იესო ასწავლიდა, რას ნიშნავს „ღვთისა . . . ღმერთს“ მივცეთ. პირველი, რითაც მის წინაშე ვართ დავალებული, სიყვარულია, რაც მისადმი მთელი გულით ერთგულებას ნიშნავს.
შესაძლოა, რომ ასეთი სიყვარული გაყოფილი იყოს? შეიძლება ერთდროულად ერთგულები ვიყოთ იეჰოვა ღმერთის, მისი ზეციერი მთავრობისა და მიწიერი მთავრობის? იესომ ასეთი პრინციპი დაადგინა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს“ (მათე 6:24). ამ მუხლში იესო ღვთისა და სიმდიდრის მიმართ ერთგულებაზე საუბრობდა, მაგრამ საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ იგივე პრინციპი პოლიტიკაში ჩარევასაც ეხებოდა. სწორედ ასე იქცეოდნენ მისი მიმდევრები პირველ საუკუნეში.
უძველესი ჩანაწერები აჩვენებს, რომ იესოს მიმდევრები პოლიტიკაში არ ერეოდნენ. ისინი მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს, ვისაც იესო სცემდა თაყვანს, ამიტომ არ დებდნენ ფიცს რომისა და მისი იმპერატორის წინაშე, უარს ამბობდნენ, ემსახურათ ჯარში და დაეკავებინათ რაიმე პოლიტიკური თანამდებობა. ამის გამო ისინი ყველასგან მოძულებულნი იყვნენ. მტრები ხანდახან ბრალს სდებდნენ, რომ მათ „ადამიანები სძულდათ“. მაგრამ, იყო ეს სიმართლე?
ჭეშმარიტი ქრისტიანები ზრუნავენ ხალხზე
გავიხსენოთ, რა დაასახელა იესომ ღვთის მეორე უდიდეს მცნებად — „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ნათელია, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს ადამიანები არ უნდა სძულდეთ. იესოს უყვარდა ადამიანები და თავს არ ზოგავდა, რომ ეზრუნა მათ პრობლემებზე (მარკოზი 5:25—34; იოანე 2:1—10).
ყველაზე მეტად, როგორ იცნობდნენ იესოს? მას არ მოიხსენიებდნენ, როგორც „მკურნალს“, „დამპურებელს“, „მიცვალებულების გამცოცხლებელს“, თუმცა ის ყველა ამ საქმეს აკეთებდა. ხალხი იესოს მოძღვარს უწოდებდა და ეს სწორიც იყო (იოანე 1:38; 13:13). იესო ადამიანებს ეუბნებოდა, რომ მისი დედამიწაზე მოსვლის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ესწავლებინა (ლუკა 4:43).
სწორედ ამიტომ უძღვნიან თავს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები იმ საქმიანობას, რომლითაც მათი მოძღვარი დედამიწაზე ყოფნის დროს იყო დაკავებული. ეს საქმიანობა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. იესომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს დაავალა, რომ მთელ მსოფლიოში ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14; 28:19, 20). სამართლიანი ზეციერი მთავრობა ღვთის ყველა ქმნილებაზე იმმართველებს და სიყვარულის კანონით იხელმძღვანელებს. ის აღასრულებს ღვთის ნებას და ტანჯვასა და სიკვდილსაც კი მოსპობს (მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:3, 4). ამიტომ არ არის გასაკვირი, რატომ უწოდებს ბიბლია „სასიხარულო ცნობას“ იმას, რასაც ქრისტე ქადაგებდა (ლუკა 8:1).
ასე რომ, როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ვინ არიან დღეს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები? უნდა ერეოდნენ ისინი პოლიტიკაში? თავიანთ ძირითად მისიად ისინი იმ საქმის შესრულებას ხომ არ უნდა ისახავდნენ, რასაც იესო აკეთებდა? ის ქადაგებდა და ასწავლიდა ღვთის სამეფოს შესახებ.
გსურთ, მეტი გაიგოთ ღვთის სამეფოსა და იმის შესახებ, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია მას თქვენს ცხოვრებაზე? დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს თქვენს სამეზობლოში ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: www.watchtower.org.
[ჩარჩო⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]
ეხმარებიან იეჰოვას მოწმეები საზოგადოებას?
იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში. თუმცა ისინი ბევრს შრომობენ, რათა დაეხმარონ ნებისმიერი ეროვნებისა თუ ფენის ადამიანს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ფაქტი:
◼ შვიდ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე ყოველწლიურად ნებაყოფლობით 1,5 მილიარდ საათზე მეტს უთმობს იმას, რომ ხალხს აუხსნას, რა წერია ბიბლიაში, როგორ დაეხმარება ღვთის სიტყვა მათ ცუდი ჩვევების დაძლევაში, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მოწყობაში და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
◼ ბეჭდავენ და უსასყიდლოდ ავრცელებენ სხვადასხვა პუბლიკაციას 500-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ისეთ ენებზე, რომლებზეც სხვა ლიტერატურა არ გამოიცემა.
◼ ატარებენ ორატორული უნარის გაუმჯობესების კურსებს, რომელიც მილიონებს დაეხმარა აზრების გასაგებად და თავაზიანად გადმოცემაში.
◼ ორგანიზებას უწევენ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა წყალობითაც მთელ მსოფლიოში ათი ათასობით ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა.
◼ მთელ მსოფლიოში ჩამოაყალიბეს 400-ზე მეტი რეგიონალური სამშენებლო კომიტეტი, რომლებიც მოხალისეებს სამშენებლო ხელობის დაუფლებაში ეხმარება. მოხალისეები აშენებენ ბიბლიურ საგანმანათლებლო ცენტრებს. გასული ათი წლის განმავლობაში მათ ააშენეს 20 000-ზე მეტი თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობა ანუ სამეფო დარბაზი.
◼ მთელ მსოფლიოში ისინი დახმარებას უწევენ სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთ, როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე სხვებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებს ბოლო დროს არაერთმა ქარიშხალმა გადაუარა, ორი წლის განმავლობაში მოხალისე იეჰოვას მოწმეებმა 90-ზე მეტი სამეფო დარბაზი და 5 500 სახლი შეაკეთეს.
[სურათი 23 გვერდზე]
როდესაც ხალხი ცდილობდა, რომ იესო გაემეფებინა, ის „განმარტოვდა მთაზე“