იოანეს წერილები
ღვთივშთაგონებული წმინდა წერილების ბოლოს დაწერილი წერილები. ამ წერილებში მოციქული იოანეს სახელი ერთხელაც არ გვხვდება, თუმცა ბიბლეისტები ეთანხმებიან ტრადიციულ შეხედულებას, რომ იოანეს სახარება და იოანეს პირველი, მეორე და მესამე წერილები ერთმა და იმავე ადამიანმა დაწერა. ამ სამ წერილსა და მეოთხე სახარებას შორის ბევრი მსგავსებაა.
ამ წერილების ღვთივშთაგონებულობა დადასტურებულია. წერილების შინაარსი ჰარმონიულად ერწყმის წმინდა წერილების დანარჩენ წიგნებს. მრავალი ადრინდელი მწერალიც ადასტურებს მათ უტყუარობას. მაგალითად, პოლიკარპე, სავარაუდოდ, 1 იოანეს 4:3-დან ციტირებდა. ევსები კესარიელი წერდა, რომ პაპიასი ადასტურებდა პირველი წერილის სანდოობას. პირველი წერილის სანდოობას კიპრიანე და ტერტულიანეც ადასტურებდნენ. ის შესულია სირიულ ფეშიტაში. როგორც ჩანს, კლემენტ ალექსანდრიელი გაცნობილი იყო მეორე და მესამე წერილების შინაარსს. ირინეოსი, სავარაუდოდ, 2 იოანეს 10, 11-დან ციტირებდა. როგორც ევსები კესარიელი წერდა, დიონისე ალექსანდრიელი იხსენიებდა ამ წერილებს. ეს უკანასკნელები პირველი იოანეს წერილის სანდოობასაც ადასტურებდნენ.
იოანემ ეს წერილები, როგორც ჩანს, ეფესოში დაახლ. ახ. წ. 98 წელს დაწერა. დაახლოებით ამ პერიოდში დაწერა მან თავისი სახარებაც. ის ხშირად მიმართავს მკითხველს სიტყვებით „შვილებო“ და „ბავშვებო“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მან ეს წერილები ღრმა სიბერეში დაწერა.
პირველი წერილი. ეს წერილი ნაშრომს უფრო ჰგავს, ვიდრე წერილს, რადგან არც მისასალმებელ სიტყვებს შეიცავს და არც დასკვნით სიტყვებს. პირველი წერილის მეორე თავში იოანე მიმართავს მამებს, ყმაწვილკაცებსა და ბავშვებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს წერილი კონკრეტული ადამიანისთვის არ იყო განკუთვნილი. როგორც ჩანს, ეს წერილი ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე კრებას. ის ეხება ყველას, ვინც ქრისტესთან ერთობაშია (1ინ. 2:13, 14).
მოციქულთაგან მხოლოდ იოანე იყო ცოცხალი. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ბოლო წიგნის დაწერიდან 30 წელზე მეტი გავიდა. მოციქულთაგან ცოცხალი მალე აღარავინ იქნებოდა. წლებით ადრე პავლემ ტიმოთეს მისწერა, რომ მალე მას ვეღარ იხილავდა (2ტმ. 4:6). მან მოუწოდა ტიმოთეს, ჩასჭიდებოდა ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს და მისგან მოსმენილი ერთგული მამაკაცებისთვის მიენდო, რათა მათ სხვებისთვის ესწავლებინათ (2ტმ. 1:13; 2:2).
მოციქულმა პეტრემ გააფრთხილა ქრისტიანები, რომ კრებაში გამოჩნდებოდნენ ცრუმასწავლებლები, რომლებიც დამღუპველ სექტანტობას შემოიტანდნენ (2პტ. 2:1—3). გარდა ამისა, ეფესოს (სადაც მოგვიანებით იოანემ წერილები დაწერა) კრების ზედამხედველებისთვის პავლეს ნათქვამი ჰქონდა, რომ კრებაში შეიჭრებოდნენ „ულმობელი მგლები“, რომლებიც არ დაინდობდნენ სამწყსოს (სქ. 20:29, 30). მან იწინასწარმეტყველა დიდი განდგომილება, მათ შორის „უკანონობის კაცის“ გამოჩენა (2თს. 2:3—12). ასე რომ, ახ. წ. 98 წელს იოანეს შეეძლო ეთქვა: „შვილებო, ახლა უკანასკნელი საათია და, როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის, უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე; აქედან ვიგებთ, რომ უკანასკნელი საათია“ (1ინ. 2:18). ამგვარად, მისი წერილი დროული და მნიშვნელოვანი იყო ერთგული ქრისტიანების გასაძლიერებლად, რომელთაც კრება განდგომილებისგან უნდა დაეცვათ.
მიზანი. უნდა აღინიშნოს, რომ იოანეს ეს წერილი უბრალოდ ცრუსწავლებების გასაბათილებლად არ დაუწერია. მისი მთავარი მიზანი ჭეშმარიტებისადმი ადრინდელი ქრისტიანების რწმენის განმტკიცება იყო. ხშირად ჭეშმარიტ სწავლებებს ის ცრუსწავლებებს უპირისპირებდა. იოანეს პირველი წერილი იმ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ყველა კრებას უნდა წაეკითხა. ამ აზრს მხარს უჭერს დამწერის მიერ ხშირად გამოყენებული ნაცვალსახელი „თქვენ“.
მისი მსჯელობა თანამიმდევრული და ძლიერია, როგორც ეს ქვემოთ განხილულიდან ჩანს. დამწერი მკითხველის გრძნობებს ეხება. აშკარაა, რომ იოანემ ეს წერილი ჭეშმარიტების დიდი სიყვარულითა და სიცრუის ზიზღით დაწერა. მას უყვარდა სინათლე და სძულდა სიბნელე.
სამი ძირითადი საკითხი. პირველ წერილში იოანე ვრცლად საუბრობდა სამ საკითხზე: ანტიქრისტეზე, ცოდვასა და სიყვარულზე.
ანტიქრისტესთან დაკავშირებით იოანე საკმაოდ პირდაპირ საუბრობდა. მან თქვა: „ამას იმათზე გწერთ, ვინც ცდილობს, შეცდომაში შეგიყვანოთ“ (1ინ. 2:26). ეს მამაკაცები უარყოფდნენ, რომ იესო ქრისტე იყო ხორციელად მოსული ღვთის ძე. იოანეს სიტყვების თანახმად, ერთ დროს ისინი კრების წევრები იყვნენ, მაგრამ გავიდნენ, რათა გამოჩენილიყო, რომ ისინი „ჩვენიანები“ არ იყვნენ (2:19). ერთგული და მოსიყვარულე ქრისტიანებისგან განსხვავებით, რომელთაც რწმენა ჰქონდათ „სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“, ისინი უკან იხევდნენ დასაღუპავად (ებ. 10:39).
წერილში რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრია ცოდვაზე: 1) ყველანი ვცოდავთ. ვინც ამბობს, რომ არ სცოდავს, ჭეშმარიტებისგან შორს არის და ღმერთი ცრუდ გამოჰყავს (1ინ. 1:8—10); 2) ცოდვის წინააღმდეგ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ (2:1); 3) ღმერთმა ჩვენი ცოდვების გამო შერიგების მსხვერპლად იესო ქრისტე გამოგზავნა. ის არის ჩვენი დამხმარე მამასთან (2:1; 4:10); 4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ცოდვას არ უნდა მიეცნენ. შეიძლება ზოგჯერ შესცოდონ, მაგრამ ეს ჩვევად არ უნდა ექცეთ (2:1; 3:4—10; 5:18); 5) არსებობს ორი სახის ცოდვა: ერთი, რომლის პატიებაც შეიძლება და მეორე — განზრახ ჩადენილი და უპატიებელი (5:16, 17).
იოანე სიყვარულზე უფრო ვრცლად საუბრობს. ის ამბობს: 1) ღმერთი სიყვარულია (1ინ. 4:8, 16); 2) ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა და ჩვენი ცოდვებისთვის შერიგების მსხვერპლად იესო ქრისტე გამოგზავნა. იესო ქრისტეს მეშვეობით ცხებულები ღვთის შვილები ხდებიან (3:1; 4:10); 3) ღვთისა და ქრისტეს სიყვარული გვავალდებულებს, გვიყვარდეს ჩვენი ძმები (3:16; 4:11); 4) ღვთის სიყვარული მისი მცნებების დაცვას ნიშნავს (5:2, 3); 5) სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს და ღვთის წინაშე სიტყვაში სითამამეს იძლევა (4:17, 18); 6) ძმების სიყვარული არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ საქმეებშიც უნდა ვლინდებოდეს. გაჭირვებულ თანაქრისტიანს უნდა დავეხმაროთ (3:17, 18); 7) ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია (3:15); 8) ქრისტიანებს არ უნდა უყვარდეთ ქვეყნიერება და ის, რაც ქვეყნიერებაშია (2:15).
მეორე წერილი. იოანეს მეორე წერილი ასეთი სიტყვებით იწყება: „უხუცესი რჩეულ ქალბატონსა და მის შვილებს“ (2ინ. 1). ამ სიტყვებით იოანე მიანიშნებს, რომ ამ წერილის დამწერია. იმ დროისთვის ის მართლაც უხუცესი იყო, დაახლოებით 90-100 წლისა. ის იმ გაგებითაც იყო უხუცესი, რომ მოწიფული ქრისტიანი და კრების სვეტი იყო (გლ. 2:9).
ზოგის აზრით, „რჩეულ ქალბატონში“ იგულისხმება რომელიღაც კრება, შვილებში — სულიერი შვილები, დისშვილებში კი — სხვა კრების წევრები (2ინ. 13). ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს წერილი ერთი ადამიანისთვის, შესაძლოა, კირიასთვის (ბერძ. ნიშნავს ქალბატონს) იყო მიწერილი.
იოანე თავის მეორე წერილში მოკლედ იმეორებს ბევრ აზრს პირველი წერილიდან. ის საუბრობს ღვთის წყალობასა და მშვიდობაზე და ჭეშმარიტებაზე, რომელიც რჩება მათში, ვინც კარგად იცის ის. იოანე ხარობს, რომ ზოგი კვლავ „ჭეშმარიტებაში დადის“. მათ უყვართ ერთმანეთი და ღვთის მცნებებს იცავენ. მაგრამ ქვეყანაზე გაჩნდა ბევრი მატყუარა, ანტიქრისტე, რომლებიც უარყოფენ, რომ ღვთის ძე ხორციელად მოვიდა (შდრ. 2ინ. 7 და 1ინ. 4:3). 2 იოანეს 10, 11-ში ის პირველ წერილში მოცემულ მითითებას განავრცობს და ამბობს, რა ზომები უნდა მიიღონ კრების წევრებმა მათ მიმართ, რომლებიც წინ იჭრებიან, ქრისტეს სწავლებაში არ რჩებიან და საკუთარ თუ სხვა ადამიანთა სწავლებებს ასწავლიან. იოანე აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ ასეთებს არ მიესალმონ და სახლშიც კი არ მიიღონ.
მესამე წერილი. მესამე წერილში უხუცესი გაიუსს მიმართავს და კრების სხვა წევრებსაც უთვლის მოკითხვას. მისი სტილი შეესაბამება წერილის სტილს. ის სტილითა და შინაარსით პირველ ორ წერილსაც ჰგავს, რაც ცხადყოფს, რომ იმავე ადამიანმა, იოანე მოციქულმა დაწერა. ცნობილი არ არის, ვინ იყო გაიუსი. ეს სახელი წმინდა წერილებში რამდენიმე ადამიანს ეწოდება. მაგრამ ის შეიძლება არც ერთი მათგანი არ იყოს, რადგან წერილი საქმეების, რომაელებისა და პირველი კორინთელების ანუ იმ წიგნების დაწერიდან 30 წლის შემდეგ დაიწერა, რომლებშიც გაიუსია მოხსენიებული (სქ. 19:29; 20:4; რმ. 16:23; 1კრ. 1:14).
იოანე ქრისტიანებს სტუმართმოყვარეობისკენ მოუწოდებს და ეუბნება, რომ კრებაში პირველობის მოყვარული დიოტრეფე იოანესა და სხვა პასუხისმგებელი ძმების ცნობებს პატივისცემით არ იღებს და არც პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების სხვა მიმომსვლელი წარმომადგენლების მიმართ ავლენს პატივისცემას. მას ისიც კი სურდა, კრებიდან გაეძევებინა ისინი, ვინც ასეთი ძმების მიმართ სტუმართმოყვარეობას ავლენდა. იოანეს სიტყვების თანახმად, როცა მათთან ჩავა, რის იმედსაც გამოთქვამს, ამ საქმეს თავად მოაგვარებს (3ინ. 9, 10). ის გაიუსს უქებს ერთგულ ძმა დემეტრიოსს, რომელსაც შესაძლოა ეს წერილი გაატანა, და სთხოვს, სტუმართმოყვრულად მიიღოს ყველა, ვინც ქრისტიანული კრების აღშენებას უწყობს ხელს.
სამივე წერილში იოანე აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ერთობა, ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა მისი მცნებების დაცვით, სიბნელეს მორიდება და სინათლეში სიარული, ძმური სიყვარულის გამოვლენა და ჭეშმარიტებაში სვლის გაგრძელება. ხანდაზმულობის ასაკშიც კი უხუცესი იოანე ძალიან ამხნევებდა და განამტკიცებდა მცირე აზიის კრებებსა და მისი წერილების ყველა ქრისტიან მკითხველს.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები პირველი იოანედან
ეს არის განდგომილების გავლენისგან ქრისტიანების დასაცავად დაწერილი ძლიერი ნაშრომი.
ის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლ. ახ. წ. 98 წელს დაწერა იოანე მოციქულმა გამოცხადების წიგნის დაწერის შემდეგ.
მოერიდეთ იესოს შესახებ გავრცელებულ სიცრუეს
იესოს ხორციელად მოსვლა დადასტურდა, რადგან მას მოუსმინეს, იხილეს და შეეხნენ (1ინ. 1:1—4).
ყოველი, ვინც უარყოფს, რომ იესო ქრისტეა, არის ცრუ, ანტიქრისტე. ცხებულმა ქრისტიანებმა იციან ჭეშმარიტება და არ უნდა უსმინონ განსხვავებულ სწავლებას (2:18—29).
ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც უარყოფს, რომ იესო ხორციელად მოვიდა, ღვთისგან არ არის. გამოჩნდა მრავალი ცრუწინასწარმეტყველი (4:1—6).
ყოველი, ვინც უარყოფს, რომ იესო ღვთის ძეა, უარყოფს ღვთის მოწმობას ძის შესახებ (5:5—12).
ქრისტიანები არ უნდა ეწეოდნენ ცოდვილ ცხოვრებას
თუ მოვერიდებით სიბნელეს და ვივლით სინათლეში, იესოს სისხლი ცოდვისგან გაგვწმენდს (1:5—7).
თუ ცოდვას ჩავიდენთ, უნდა ვაღიაროთ დანაშაული და იესოს მსხვერპლის საფუძველზე განვიწმინდებით (1:8—2:2).
ქრისტიანებს ჩვევად არ უნდა ექცეთ ცოდვის ჩადენა. შემცოდველი ეშმაკისგან არის. ღვთის შვილები ეძებენ სიმართლეს და ერიდებიან ცოდვას (3:1—12; 5:18, 19).
ის მოუწოდებს ქრისტიანებს, ილოცონ ძმებისთვის, რომლებიც არასასიკვდილო ცოდვას სჩადიან (5:16, 17).
ღვთისა და თანაქრისტიანების სიყვარული დაგვიცავს
ვისაც თავისი ძმა უყვარს, სინათლეში დადის და არაფერი აბრკოლებს (2:9—11).
თუ მამა უყვართ, ქრისტიანებმა მისი ნება უნდა შეასრულონ და მოერიდონ ქვეყნიერებასა და მის სურვილებს (2:15—17).
ვისაც ძმები ნამდვილად უყვარს, ის სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. თუ სიყვარულით არ ვეხმარებით გასაჭირში მყოფ ძმებს, მაშინ აღარ რჩება ჩვენში ღვთის სიყვარული (3:13—24).
ქრისტიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია. ჩვენ გვიყვარს ის, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა. თუ ქრისტიანი ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, თავისი ძმა კი სძულს, ცრუობს (4:7—5:2).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები მეორე იოანედან
წერილი ეკუთვნის „რჩეულ ქალბატონს“ — შესაძლოა კონკრეტულ ადამიანს ან კრებას.
დაწერა იოანე მოციქულმა დაახლ. ახ. წ. 98 წელს.
იარეთ ჭეშმარიტებაში (მუხლები 1—6)
იოანესა და სხვებს, ვინც იციან ჭეშმარიტება, უყვართ „რჩეული ქალბატონი“ და მისი შვილები, რომლებიც ჭეშმარიტებაში დადიან.
ის მოუწოდებს ქალბატონს, კვლავაც განივითაროს სიყვარული.
სიყვარული ღვთის „მცნებების თანახმად სიარულს“ ნიშნავს.
უფრთხილდით მატყუარებს (მუხლები 7—13)
მატყუარები უარყოფენ, რომ ქრისტე ხორციელად მოვიდა.
მორწმუნეები უნდა მოერიდონ ყველას, ვინც ქრისტეს სწავლებაში არ რჩება. მათ სახლში არ უნდა მიიღონ ასეთი ადამიანი და არც კი უნდა მიესალმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილენი გახდებიან.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები მესამე იოანედან
გაიუსისთვის მიწერილი ღვთივშთაგონებული წერილი, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის სასარგებლოა.
დაწერა იოანე მოციქულმა დაახლ. ახ. წ. 98 წელს, იმავე პერიოდში, როცა პირველი ორი წერილი დაწერა.
ვალდებულნი ვართ, სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ თანაქრისტიანების მიმართ (მუხლები 1—8)
იოანემ ძალიან გაიხარა, როცა მიმომსვლელი ძმებისგან გაიგო, რომ გაიუსი ჭეშმარიტებაში დადიოდა, აგრეთვე მის მიერ გამოვლენილი სიყვარულის გამო, რაც, როგორც ჩანს, მათდამი სტუმართმოყვარეობაში გამოჩნდა.
ჩვენ თანამსახურნი ვართ ჭეშმარიტებაში, თუ სტუმართმოყვარეობას ვავლენთ ძმების მიმართ, რომლებიც ღვთის სახელის გულისთვის იღვწიან.
მიჰბაძეთ კარგს და არა ცუდს (მუხლები 9—14)
პირველობის მოყვარული დიოტრეფე არაფერს იღებს პატივისცემით იოანესგან.
ის არ იღებს მიმომსვლელ ძმებს და ცდილობს, კრებიდან გააძევოს ისინი, ვისაც მათი სტუმართმოყვრულად მიღება სურს.
ნუ მიჰბაძავთ ცუდს. მიჰბაძეთ კარგს.