რას ნიშნავს, გვიყვარდეს მოყვასი?
„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39).
1. როგორ ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი?
რას მოითხოვს იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან? იესომ ამ კითხვას მარტივი და ამომწურავი პასუხი გასცა. მან თქვა, რომ უდიდესი მცნებაა, გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით (მათე 22:37; მარკოზი 12:30). წინა სტატიიდან გავიგეთ, რომ ღვთის სიყვარულს ვავლენთ მისდამი მორჩილებით და მისი მცნებების დაცვით. ვისაც ღმერთი უყვარს, მათთვის ღვთის ნების შესრულება ტვირთი არ არის; მას სიხარული მოაქვს (ფსალმუნი 40:8; 1 იოანე 5:2, 3).
2, 3. რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მეორე უდიდეს მცნებაზე და რა კითხვები წამოიჭრება?
2 იესომ მეორე უდიდესი მცნება პირველთან დააკავშირა. მან თქვა,: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). ეს სტატია სწორედ ამ მცნებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც ძალიან დროულია. სიყვარული, რომელსაც ჩვენს დროში ადამიანები ავლენენ, ეგოისტურია და დამახინჯებული. „ბოლო დღეების“ შესახებ მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა, რომ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულის ნაცვლად საკუთარი თავი, ფული და სიამოვნება ეყვარებოდათ. მრავალი იქნებოდა „თბილ გრძნობებს მოკლებული“, ანუ როგორც ბიბლიის ერთი თარგმანი ამბობს, „ოჯახებში სითბოს ნაკლებობა იქნებოდა“ (2 ტიმოთე 3:1—4). იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა: „ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ . . . მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:10, 12).
3 მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ ყველას გაუნელდებოდა სიყვარული. ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ისეთ სიყვარულს გამოავლენენ, როგორსაც იეჰოვა მოითხოვს და იმსახურებს. ვისაც ნამდვილად უყვარს იეჰოვა, ცდილობს, ადამიანებს მისი თვალით უყუროს. მაგრამ ვინ არის ჩვენი მოყვასი, რომელიც უნდა გვიყვარდეს? რაში გამოიხატება მოყვასისადმი სიყვარული? ბიბლია დაგვეხმარება, გავიგოთ ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი.
ვინ არის ჩემი მოყვასი?
4. ლევიანების მე-19 თავის თანახმად, ვის მიმართ უნდა გამოევლინათ ისრაელებს სიყვარული?
4 იესომ ისრაელებისთვის მიცემულ კონკრეტულ კანონზე მიუთითა, როცა ფარისეველს უთხრა, რომ მეორე უდიდესი მცნების თანახმად, მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. ეს კანონი ჩაწერილია ლევიანების 19:18-ში. იმავე თავიდან ჩანს, რომ ებრაელებისგან მოითხოვებოდა, არაისრაელიც მოძმედ მიეჩნიათ. 34-ე მუხლში ვკითხულობთ: „არ განასხვაო შენთან მცხოვრები ხიზანი მკვიდრისგან; საკუთარი თავივით შეიყვარე იგი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის მიწაზე“. ამიტომ არაებრაელებს, განსაკუთრებით კი პროზელიტებს, სიყვარულით უნდა მოპყრობოდნენ.
5. როგორ ესმოდათ ებრაელებს მოძმის სიყვარული?
5 თუმცა იესოს დროში მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდნენ. ზოგიერთი მათგანი ასწავლიდა, რომ „მეგობარი“ და „მოძმე“ მხოლოდ ებრაელი შეიძლებოდა ყოფილიყო. ისრაელებს უცხოტომელები უნდა სძულებოდათ. მათ მიაჩნდათ, რომ ღვთის თაყვანისმცემლები უღვთოებზე უპირატესობდნენ. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ასეთი გარემო კარგი ნიადაგი იყო სიძულვილისთვის“.
6. მოყვასის სიყვარულზე საუბრისას, რომელ ორ საკითხზე გაამახვილა იესომ ყურადღება?
6 მთაზე ქადაგებისას იესომ ნათელი მოჰფინა იმას, თუ ვინ უნდა ჰყვარებოდათ მის მიმდევრებს. მან თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც» (მათე 5:43—45). ამ მუხლში იესომ ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება: პირველი, იეჰოვა გულუხვობასა და სიკეთეს ავლენს როგორც კეთილების, ისე ბოროტების მიმართ და მეორე, ჩვენ უნდა მივბაძოთ იეჰოვას.
7. რას ვსწავლობთ კეთილი სამარიელის შესახებ იგავიდან?
7 სხვა დროს ერთმა ებრაელმა, რომელმაც კარგად იცოდა კანონები, იესოს ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ პასუხად იესომ მოუყვა იგავი სამარიელზე, რომელმაც გზაზე დაგდებული, ნაცემი და გაძარცული იუდეველი ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებს სძულდათ სამარიელები, ამ კაცმა ჭრილობები შეუხვია და დაჭრილი სასტუმროში გადაიყვანა. რას ვსწავლობთ ამ იგავიდან? იმას, რომ უნდა გვიყვარდეს არა მხოლოდ ჩვენი რასის, ეროვნებისა და მრწამსის ადამიანები, არამედ სხვებიც (ლუკა 10:25, 29, 30, 33—37).
რას ნიშნავს, გვიყვარდეს მოყვასი?
8. ლევიანების მე-19 თავის თანახმად, როგორ უნდა გამოევლინათ ისრაელებს სიყვარული?
8 მოყვასის სიყვარული, ისევე როგორც ღვთის სიყვარული, მხოლოდ გრძნობებით კი არა, საქმით ვლინდება. ამას ცხადყოფს ლევიანების მე-19 თავში ჩაწერილი იმ კანონის კონტექსტი, რომლის თანახმადაც მოძმე საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. ამ თავში ვკითხულობთ, რომ ისრაელებს თავიანთი მოსავლიდან მცირე ნაწილი საწყლისთვის და ხიზნისთვის უნდა დაეტოვებინათ. მათ არ უნდა მოეტყუებინათ და არ უნდა გაეძარცვათ ხიზნები; ისინი ვერაგულად არ უნდა მოპყრობოდნენ მათ. სასამართლოში ისრაელებს მიკერძოება არ უნდა გამოევლინათ. თუ საჭირო იყო, მოძმე უნდა შეეგონებინათ, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ხსომებოდათ მითითება: „არ გქონდეს გულში სიძულვილი შენი ძმისადმი“. ეს და სხვა მრავალი კანონი შეჯამდა შემდეგ სიტყვებში: „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“ (ლევიანები 19:9—11, 15, 17, 18).
9. რატომ უბრძანა იეჰოვამ ისრაელებს, შორს დაეჭირათ თავი სხვა ერებისგან?
9 მართალია, ისრაელებს ყველას მიმართ უნდა გამოევლინათ სიყვარული, მაგრამ, ამავე დროს, თავი შორს უნდა დაეჭირათ მათგან, ვინც ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს. იეჰოვა აფრთხილებდა მათ ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობის საშიშროებაზე. მაგალითად, იმ ერების შესახებ, რომლებიც ისრაელებს უნდა განედევნათ, იეჰოვამ უთხრა მათ: „არ დაუმოყვრდე, არ მიათხოვო შენი ასული მათ ვაჟს და შენს ვაჟს არ მოუყვანო მათი ასული, რადგან ჩამომაშორებს ის შენს ვაჟს და სხვა ღმერთებს დაუწყებენ მსახურებას. აენთება შენზე იეჰოვას რისხვა“ (მეორე კანონი 7:3, 4).
10. რას უნდა მოვერიდოთ?
10 მსგავსად, დღეს ქრისტიანებიც ერიდებიან ახლო ურთიერთობას მათთან, ვისაც მათი რწმენის დასუსტება შეუძლია (1 კორინთელები 15:33). ბიბლია მოგვიწოდებს: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ ანუ მათთან, ვინც ქრისტიანული კრების წევრი არ არის (2 კორინთელები 6:14). ასევე ქრისტიანებს ეძლევათ რჩევა, დაქორწინდნენ მხოლოდ უფალში (1 კორინთელები 7:39). მაგრამ ქრისტიანები ზემოდან არ უნდა უყურებდნენ მათ, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ არის. ქრისტე ცოდვილთათვის მოკვდა. მრავალმა, ვინც ერთ დროს ბოროტებას სჩადიოდა, ცხოვრების წესი შეცვალა და ღმერთს შეურიგდა (რომაელები 5:8; 1 კორინთელები 6:9—11).
11. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ გამოვავლინოთ სიყვარული მათ მიმართ, ვინც იეჰოვას არ ემსახურება, და რატომ?
11 იეჰოვა საუკეთესო მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ისინი, ვინც მას არ ემსახურება. თუმცა მას სძულს ბოროტება, ის სიკეთეს ავლენს ყველას მიმართ და საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიატოვონ არასწორი გზა და მიიღონ მარადიული სიცოცხლე (ეზეკიელი 18:23). იეჰოვას „სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). მისი ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4). ამიტომ იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, ექადაგათ, ესწავლებინათ და ‘მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 28:19, 20). ამ საქმეში მონაწილეობით ჩვენ სიყვარულს ვავლენთ ღვთისა და მოყვასის მიმართ, მათ შორის მტრების მიმართაც.
გამოვავლინოთ სიყვარული თანაქრისტიანების მიმართ
12. რა დაწერა მოციქულმა იოანემ თანამორწმუნეების სიყვარულზე?
12 მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელები 6:10). ქრისტიანები ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ისინი, ვინც რწმენით ჩვენიანები არიან, ანუ ჩვენი სულიერი დები და ძმები. რამდენად მნიშვნელოვანია ეს? მოციქულმა იოანემ პირდაპირ თქვა: „ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია . . . თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოანე 3:15; 4:20). ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. იესო ქრისტე „მკვლელსა“ და „მატყუარას“ უწოდებს სატანა ეშმაკს (იოანე 8:44). რა საკვირველია, ჩვენ არ გვსურს იმავე სახელს ვატარებდეთ!
13. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ სიყვარული თანამორწმუნეების მიმართ?
13 ღმერთი ასწავლის ჭეშმარიტ ქრისტიანებს „ერთმანეთის სიყვარულს“ (1 თესალონიკელები 4:9). ჩვენ უნდა გვიყვარდეს „არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:18). ჩვენი სიყვარული უთვალთმაქცო უნდა იყოს (რომაელები 12:9). სიყვარული აღგვძრავს, ვიყოთ კეთილები, თანამგრძნობნი, მიმტევებლები და სულგრძელნი. თუ სიყვარული გვაქვს, არ ვიქნებით შურიანები, ყოყოჩები, ქედმაღლები და ეგოისტები (1 კორინთელები 13:4, 5; ეფესოელები 4:32). სიყვარული გვიბიძგებს, ‘ვემსახუროთ ერთმანეთს, როგორც მონებმა’ (გალატელები 5:13). იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, ისე ყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც მას უყვარდა ისინი (იოანე 13:34). ამიტომ, თუ საჭირო გახდა, ქრისტიანი მზად უნდა იყოს, გაიღოს თავისი სიცოცხლე თანამორწმუნისთვის.
14. როგორ უნდა ვლინდებოდეს სიყვარული ოჯახში?
14 უპირველესად, სიყვარული ქრისტიანულ ოჯახში უნდა ვლინდებოდეს, განსაკუთრებით ცოლ-ქმარს შორის. პავლემ აღნიშნა, რომ ქორწინება მჭიდრო კავშირია: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“. ის დასძენს: „ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს“ (ეფესოელები 5:28). პავლემ ეს რჩევა იმავე თავის 33-ე მუხლშიც გაიმეორა. ქმარი, რომელსაც ცოლი უყვარს, არ მოიქცევა მალაქიას დროში მცხოვრები ისრაელების მსგავსად, რომლებიც ცოლებს ვერაგულად ეპყრობოდნენ (მალაქია 2:14). ის ზრუნავს თავის ცოლზე; მას ისე უყვარს ცოლი, როგორც ქრისტეს უყვარდა ეკლესია. სიყვარული ცოლსაც აღძრავს, პატივისცემით მოეპყროს ქმარს (ეფესოელები 5:25, 29—33).
15. რა გავლენა მოახდინა ზოგზე ძმების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა?
15 ნათელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ასეთი სიყვარული ადამიანებს მიიზიდავს ღვთისკენ, რომელიც გვიყვარს და რომლის სახელსაც ვატარებთ. მოზამბიკში მცხოვრები იეჰოვას მოწმე ოჯახი გვიყვება: «ასეთი რამის მომსწრენი არასოდეს ვყოფილვართ. დღისით ძლიერი ქარი ამოვარდა; მას კოკისპირული წვიმა და სეტყვა მოჰყვა. ქარმა ჩვენი ლერწმის სახლი დაანგრია და ცინკის სახურავი აჰხადა. მეზობელი კრებებიდან ძმები მოვიდნენ, რომ სახლის შეკეთებაში დაგვხმარებოდნენ. გაოცებული მეზობლები ამბობდნენ: „რა კარგია თქვენი რელიგია! ჩვენი ეკლესია არასდროს გვეხმარება ასე“. ჩვენ ბიბლია გადავუშალეთ და იოანეს 13:34, 35 წავუკითხეთ. ახლა ბევრი მათგანი ბიბლიას სწავლობს».
გამოვავლინოთ სიყვარული ცალკეული ადამიანების მიმართ
16. რა განსხვავებაა ზოგადი გაგებით მოყვასის სიყვარულსა და ცალკეული ადამიანის სიყვარულს შორის?
16 ზოგადი გაგებით მოყვასის სიყვარული რთული არ არის. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შეიძლება არც თუ ისე ადვილი იყოს. მაგალითად, ზოგი მოყვასის სიყვარულს მხოლოდ იმით ავლენს, რომ ქველმოქმედებას ეწევა. ადვილია ვთქვათ, რომ გვიყვარს მოყვასი. მაგრამ რამდენად ადვილია, ვავლენდეთ სიყვარულს, თუ თანამშრომელი არაფრად გვაგდებს, მეზობელი გვაღიზიანებს ან მეგობარი გულს გვტკენს?
17, 18. როგორ ავლენდა იესო სიყვარულს ცალკეული ადამიანების მიმართ, და რა მიზეზით?
17 იესო, რომელიც სრულყოფილად ბაძავდა მამას, გვასწავლის, როგორ გამოვავლინოთ სიყვარული ცალკეული ადამიანის მიმართ. მართალია, ის დედამიწაზე კაცობრიობის ცოდვების მოსაშორებლად მოვიდა, მაგრამ ცალკეული ადამიანების მიმართაც ავლენდა სიყვარულს, როგორც ეს ავადმყოფი ქალის, კეთროვანი კაცის და დემონით შეპყრობილი ბავშვის შემთხვევებიდან ჩანს (მათე 9:20—22; მარკოზი 1:40—42; 7:26, 29, 30; იოანე 1:29). მსგავსად, მოყვასის სიყვარულს იმ ადამიანებთან ურთიერთობაში უნდა ვავლენდეთ, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით.
18 ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მოყვასის და ღვთის სიყვარული ერთმანეთთან კავშირშია. თუმცა იესო ღარიბებს ეხმარებოდა, ავადმყოფებს კურნავდა, მშივრებს აპურებდა და ხალხს ასწავლიდა, მისი მთავარი მიზანი იყო, ადამიანები ღმერთთან შეერიგებინა (2 კორინთელები 5:19). იესო ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდა; მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ ღვთის წარმომადგენელი იყო და მისთვის უნდა მიებაძა (1 კორინთელები 10:31). თუ იესოს მივბაძავთ, მოყვასის მიმართ ნამდვილ სიყვარულს გამოვავლენთ და, ამავე დროს, არ ვიქნებით ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი.
რას ნიშნავს, გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით?
19, 20. რას ნიშნავს, გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით?
19 იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. სრულიად ნორმალურია, ვზრუნავდეთ და სათანადო პატივს ვცემდეთ საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მცნების მიცემას აზრი არ ექნებოდა. ზომიერების ფარგლებში საკუთარი თავის სიყვარული არ უნდა აგვერიოს ეგოისტურ სიყვარულში, რაც მოციქულმა პავლემ 2 ტიმოთეს 3:2-ში მოიხსენია. საკუთარი თავის სიყვარული პირადი ღირსების გრძნობაზე მეტყველებს. ბიბლიის ერთმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ეს გრძნობა არც საკუთარი თავის გარდამეტებულ სიყვარულს ნიშნავს და არც არარაობად მიჩნევას.
20 გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით, ნიშნავს, რომ სხვებზე ისეთი თვალსაზრისი გვქონდეს, როგორიც გვინდა, სხვებს ჰქონდეთ ჩვენზე; ასევე მათ ისე მოვეპყროთ, როგორც გვინდა, ჩვენ გვეპყრობოდნენ. იესომ თქვა: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). იესო არ გულისხმობდა ადამიანებისთვის სამაგიეროს გადახდას; პირიქით, უნდა დავფიქრდეთ, როგორ მოპყრობას ვისურვებდით სხვებისგან, და ისე მოვექცეთ შემდეგ მათ. იესოს ეს სიტყვები მხოლოდ მეგობრებსა და თანამორწმუნეებზე არ ვრცელდება. მან გამოიყენა სიტყვა „სხვები“ და ამით ყველა ადამიანი იგულისხმა.
21. რაზე მეტყველებს მოყვასის სიყვარული?
21 მოყვასის სიყვარული ცუდს არ ჩაგვადენინებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: «კანონები: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო“ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს» (რომაელები 13:9, 10). თუ გვიყვარს მოყვასი, ყველანაირად ვეცდებით სხვებს სიკეთე გავუკეთოთ. მოყვასის სიყვარულით იეჰოვა ღმერთის სიყვარულს ვავლენთ, რომელმაც ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა (დაბადება 1:26).
როგორ უპასუხებთ?
• ვინ უნდა გვიყვარდეს და რატომ?
• როგორ ვავლენთ სიყვარულს მათ მიმართ, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ არის?
• ბიბლიის თანახმად, როგორ უნდა გვიყვარდეს თანამორწმუნეები?
• რას ნიშნავს, გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით?
[სურათი 26 გვერდზე]
„ვინ არის ჩემი მოყვასი?“
[სურათი 29 გვერდზე]
იესო სიყვარულს ავლენდა ცალკეული ადამიანების მიმართ.