ახალგაზრდებო, თქვენ შეგიძლიათ გული გაუხაროთ მშობლებს
„არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“, — დაწერა ხანდაზმულმა მოციქულმა იოანემ (3 იოანე 4). თუმცა ამ მუხლში მოხსენიებული შვილები ქრისტიან მოწაფეებს გულისხმობს, ღვთისმოშიშ მშობლებს ესმით, რას გრძნობდა იოანე. როგორც მშობლები ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას შვილების ცხოვრებაზე, ისე შვილები ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მშობლების ცხოვრებაზე.
ისრაელის მეფე სოლომონმა დაწერა, თუ რა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ შვილებს მშობლებზე: „ბრძენი შვილი მამას ახარებს, სულელი კი დედის დარდია“ (იგავები 10:1). ამიტომ, შვილებმა, მათ შორის უკვე მოზრდილებმა, უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი საქციელი დედ-მამაზე მოქმედებს. რატომ არის მართებული ასეთი დამოკიდებულება?
დაფიქრდით, თუ რა დიდი შრომა ჩადეს თქვენმა ღვთისმოშიშმა მშობლებმა თქვენს აღზრდაში! ისინი ჯერ კიდევ თქვენ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ზრუნავდნენ და ლოცულობდნენ თქვენზე. დაბადების შემდეგ კი ორივე მშობელი ხარობდა თქვენთან ურთიერთობით და ღვთის მადლიერი იყო მშობლობის შესანიშნავი და, ამასთანავე, სერიოზული უპირატესობისა და პასუხისმგებლობისთვის. ახლა მათ უნდა ეზრუნათ პატარა, უმწეო არსებაზე, და როგორც იეჰოვას თაყვანისმცემლები ამ პასუხისმგებლობას მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ.
რადგან მშობლები ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, ისინი ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს იყენებდნენ საიმედო სახელმძღვანელოდ, და რჩევებისთვის გამოცდილ მშობლებს მიმართავდნენ; გარდა ამისა, თავიანთ საზრუნავს იეჰოვას უმხელდნენ ლოცვაში (მსაჯულები 13:8). თქვენი ზრდის პროცესში ისინი ხედავდნენ თქვენი ბუნების ძლიერ მხარეებს, მაგრამ არც სისუსტეები რჩებოდათ მხედველობიდან (იობი 1:5). მოზარდობის წლებს თავისი სირთულეები მოჰყვა. ზოგჯერ, როცა თქვენ ჯიუტდებოდით, მშობლები მეტს ლოცულობდნენ, მეტს კითხულობდნენ და მეტს ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ დაგხმარებოდნენ, რათა თქვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, თაყვანისცემა გაგეგრძელებინათ.
მშობლები ყოველთვის მშობლებად დარჩებიან. თქვენ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვას ისინი მას შემდეგაც აგრძელებენ, რაც გაიზარდეთ. ყოველივე ამის მიუხედავად, მშობლებს არ ავიწყდებათ, რომ თქვენ დამოუკიდებელი პიროვნება ხართ და ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს, თუ რა გზას დაადგებით. საბოლოო ჯამში, თქვენ თავად გადაწყვეტთ, როგორ იცხოვრებთ.
თუ მშობლებისთვის არ არსებობს „მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა“, რომ მათი „შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“, განა ლოგიკური არ არის, დავასკვნათ, რომ შვილების ცუდი საქციელი მათში საპიროსპირო გრძნობას გამოიწვევს? მართლაც, შვილები, რომლებიც არაგონივრულად იქცევიან, მშობლებს დიდ ტკივილს აყენებენ. სოლომონმა თქვა: „სულელი ვაჟი მამის ჯავრია და დედის სიმწარე“ (იგავები 17:25). მშობლის მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როცა შვილი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობაზე უარს ამბობს!
ცხადია, ოჯახი და გარემო დიდ გავლენას ახდენს თქვენზე. თქვენი საქციელი მნიშვნელოვნად მოქმედებს მშობლების გრძნობებზე. თუ ზურგს აქცევთ ღმერთს და მის პრინციპებს, ტკივილს მიაყენებთ მშობლებს; მაგრამ, თუ პირიქით მოიქცევით, მშობლებს გულს გაუხარებთ. თუ იეჰოვას ერთგული დარჩებით და მას დაემორჩილებით, მშობლები ბედნიერები იქნებიან. მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, გული გაუხაროთ მშობლებს! ამაზე ძვირფას საჩუქარს ვერ გაუკეთებდით იმ ადამიანებს, რომლებიც გზრდიდნენ, გიფრთხილდებოდნენ და სიყვარულს არ გაკლებდნენ.