თავი 10
ბოროტი სულები ძლიერნი არიან
1. რატომ სწამს მრავალ ადამიანს, რომ შეუძლია მკვდრებთან საუბარი?
ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ულაპარაკია მკვდრებთან. ეპარქიის ცნობილი ეპისკოპოსი, აწ განსვენებული ჯეიმს ა. პაიკი ამტკიცებდა, რომ ესაუბრა თავის მკვდარ შვილს, ჯიმის. პაიკის თქმით, შვილმა უთხრა მას: „ჩემს გარშემო მრავალი ადამიანია და ისინი, თითქოს ხელში აყვანილს დამატარებენ. . . მე უბედურად ვგრძნობდი თავს, სანამ არ გიამბე ყოველივე ეს“.
2. ა) რატომ არის შეუძლებელი მკვდრებთან საუბარი? ბ) როგორი კითხვები წამოიჭრება?
2 რამდენადაც მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია, ნათელია, რომ ეს ადამიანები ესაუბრებოდნენ ვიღაცას სულების სამყაროდან. მაგრამ მათ არ უსაუბრიათ მკვდრებთან. ბიბლია ნათლად გვეუბნება: „მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). თუკი ესენი არ არიან მკვდრები სულების სამყაროდან, მაშ ვინ ლაპარაკობს? ვინ არიან ისინი, რომლებიც მკვდარ პიროვნებებად წარმოგვიდგენენ თავს?
3. ა) ვინ წარმოგვიდგენს თავს მკვდარ პიროვნებებად და რატომ? ბ) ხშირად, ვის აწვდიან ინფორმაციას ბოროტი სულები?
3 ესენი არიან ბოროტი სულები — დემონები, ანუ ის ანგელოზები, რომლებიც სატანას შეუერთდნენ ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებაში. რატომ წარმოგვიდგენენ ისინი თავს მკვდარ პიროვნებებად? იმიტომ რომ, გაავრცელონ წარმოდგენა, თითქოს მკვდრები სიცოცხლეს აგრძელებენ. ბოროტმა სულებმა მრავალი ადამიანი დაარწმუნეს ამ სიცრუეში, რომ სიკვდილი მხოლოდ სხვა სიცოცხლეში გადასვლაა. ამ სიცრუის გასავრცელებლად, ისინი სპირიტულ მედიუმებს, სულების გამომძახებლებსა და მკითხავებს აძლევენ გარკვეულ ცოდნას, რომელიც თითქოს მკვდარი ადამიანებისგან გამომდინარეობს.
თავის წარდგენა მკვდარ სამუელად
4. ა) რატომ ეძებდა დახმარებას სასოწარკვეთილი მეფე საული? ბ) რას იუწყებოდა ღმერთის რჯული სპირიტული მედიუმებისა და მისნების შესახებ?
4 ბიბლიაში არის ცნობა ბოროტი სულის შესახებ, რომელმაც ღმერთის წინასწარმეტყველ მკვდარ სამუელად წარმოადგინა თავი. ეს იყო მეფე საულის მეფობის მე-40 წელს ფილისტიმელთა ძლევამოსილმა არმიამ გაილაშქრა ისრაელთა მეფის საულის არმიის წინააღმდეგ, რამაც საული ძალიან შეაშფოთა. საულმა იცოდა ღმერთის კანონი: „ნუ მიმართავთ მესულთანეებს [სპირიტულ მედიუმებს, აქ] და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს“ (ლევიანნი 19:31). მაგრამ დროთა განმავლობაში საულმა ზურგი შეაქცია იეჰოვას. ამიტომ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სამუელმა უარი თქვა საულთან შეხვედრაზე (პირველი მეფეთა 15:35). და აი, ამ შფოთიან დროს საული სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რადგან იეჰოვა არ ისმენდა მის ვედრებას დახმარების შესახებ.
5. ა) ვის მიმართა საულმა დახმარებისთვის? ბ) რისი ძალა შესწევდა მედიუმს?
5 საულს ისეთი ძლიერი სურვილი ჰქონდა გაეგო, რა მოხდებოდა, რომ წავიდა ყენდორში, სპირიტულ მედიუმთან. ამ ქალს შეეძლო პიროვნების გამოსახულების გამოძახება და დანახვა. მედიუმის მიერ აღწერილ გამოსახულებაში საულმა ამოიცნო „სამუელი“. შემდეგ სულიერმა პიროვნებამ, რომელმაც სამუელად წარმოადგინა თავი, უთხრა: „რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე?“ საულმა მიუგო: „ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან“. სულმა უპასუხა: „მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?“ ბოროტმა სულმა, რომელმაც მკვდარ სამუელად წარმოადგინა თავი, შემდგომ საულს აცნობა, რომ მას მოკლავდნენ ფილისტიმელებთან ბრძოლაში (პირველი მეფეთა 28:3–19).
6. რატომ არ შეიძლებოდა რომ სამუელი ყოფილიყო ის, ვინც საულს ესაუბრა?
6 ცხადია, მედიუმი ვისთანაც კონტაქტში შევიდა, არ იყო ნამდვილი სამუელი. სამუელი მკვდარი იყო. მკვდარი ადამიანი კი ‘უბრუნდება თავის მიწას; იმ დღესვე ქრება მისი ფიქრები’ (ფსალმუნი 145:4). მცირე დაფიქრების შედეგად შეიძლება იმ დასკვნამდე მისვლა, რომ შეუძლებელია ხმა ნამდვილად სამუელის ყოფილიყო. სამუელი ღმერთის წინასწარმეტყველი იყო. ის იბრძოდა სპირიტული მედიუმების წინააღმდეგ. როგორც უკვე დავინახეთ, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, სამუელმა უარი თქვა ურჩ საულთან საუბარზე. სამუელი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნუთუ დაუშვებდა, მედიუმს მისთვის საულთან შეხვედრა მოეწყო? ასევე დაუფიქრდი: იეჰოვამ უარი თქვა რამე ცნობა მიეცა საულისთვის. შესძლებდა თუ არა მედიუმი აეძულებინა იეჰოვა, გადაეცა ცნობა მკვდარი სამუელის მეშვეობით? ცოცხლებს რომ ნამდვილად შესძლებოდათ საყვარელ მკვდრებთან საუბარი, სიყვარულის ღმერთი, რასაკვირველია, არ იტყოდა, რომ სპირიტულ მედიუმთან ურთიერთობით ისინი ‘თავს გაიუწმიდურებენ’.
7. რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა თავის ხალხს ბოროტი სულებისგან დასაცავად?
7 ფაქტია, რომ ბოროტი სულები ისწრაფიან ზიანი მიაყენონ ადამიანებს, და სწორედ ამიტომ, თავის მსახურთა დასაცავად, იეჰოვა იძლევა გაფრთხილებას. წაიკითხე, ისრაელი ერისადმი მიცემული ქვემოთ მოყვანილი გაფრთხილება. ის წარმოდგენას შეგიქმნის იმ მეთოდებზე, რომლებსაც დემონები ადამიანთა საცდუნებლად იყენებენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ იქნება შენს შორის. . . ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე [სპირიტული მედიუმი, აქ], მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი, რადგან სისაძაგლეა უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი“ (მეორე რჯული 18:10–12). ჩვენ გვმართებს გამოვიკვლიოთ, თუ რას აკეთებენ ბოროტი სულები დღეს, რომ ზიანი მიაყენონ ადამიანებს და როგორ შევძლებთ თავი დავიცვათ მათგან. მაგრამ სანამ ამის განხილვას შევუდგებოდეთ, უნდა გავიგოთ, როდის და როგორ დაიწყეს არსებობა ბოროტმა სულებმა.
ბოროტ სულებად ქცეული ანგელოზები
8. ა) კიდევ ვინ აღძრა სატანამ ღმერთის წინააღმდეგ? ბ) რა გააკეთეს მათ, როდესაც მიატოვეს თავიანთი საქმიანობა ზეცაში?
8 ედემის ბაღში ევას მოტყუებით ერთ-ერთი ანგელოზი გახდა ბოროტი სული, სატანა ეშმაკი. ამის შემდეგ, ის ცდილობდა სხვა ანგელოზებიც აემხედრებინა ღმერთის წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში მიაღწია კიდეც ამას. ზოგიერთმა ანგელოზმა მიატოვა იმ საქმის შესრულება, რომელიც ღმერთმა დაავალა ზეცაში. ისინი ჩამოვიდნენ დედამიწაზე და შეისხეს ადამიანთა მსგავსი, ხორციელი სხეული. ქრისტიანმა მოწაფე იუდამ მათ უწოდა „ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე“ (იუდა 6). რატომ ჩამოვიდნენ ისინი დედამიწაზე? როგორი არასწორი სურვილი ჩაუნერგა სატანამ მათ, რომ აღძრა ისინი, მიეტოვებინათ კარგი მდგომარეობა ზეცაში?
9. ა) რისთვის ჩამოვიდნენ ანგელოზები დედამიწაზე? ბ) როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ მათი მოქმედება უზნეო იყო?
9 ბიბლია ამის შესახებ გვატყობინებს: „დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ (დაბადება 6:2). დიახ, ანგელოზებმა ხორცი შეისხეს და ჩამოვიდნენ დედამიწაზე, რომ სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ ლამაზ ქალებთან. ასეთი კავშირი კი ანგელოზებს ეკრძალებოდათ. ეს იყო ურჩობა. ბიბლია გვიჩვენებს, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ ისეთივე უზნეობა იყო, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობის ჰომოსექსუალური მოქმედებები (იუდა 6, 7). რა იყო ამის შედეგი?
10, 11. ა) როგორი შვილები ჰყავდათ ანგელოზებს? ბ) რა დაემართათ გოლიათებს წარღვნის დროს? გ) რა დაემართათ ანგელოზებს წარღვნის დროს?
10 ამ ანგელოზებსა და მათ ცოლებს უჩნდებოდათ შვილები. მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არ იყვნენ, არამედ იზრდებოდნენ და ხდებოდნენ ბოროტებით აღსავსე გოლიათები. ბიბლია მათ ‘ძლიერ, ძველთაგანვე სახელოვან ხალხს’ უწოდებს. ეს გოლიათები სხვებსაც აიძულებდნენ ისეთივე ბოროტები ყოფილიყვნენ, როგორებიც თავად იყვნენ. ბიბლია გვიჩვენებს, რა იყო ამის შედეგი: „იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, . . .უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება 6:4, 5). ამიტომ იეჰოვამ წარღვნა მოავლინა დედამიწაზე. გოლიათები, ანუ „ბუმბერაზები“ და ყველა ბოროტი ხალხი დაიხრჩო, მაგრამ რა დაემართათ დედამიწაზე ჩამოსულ ანგელოზებს?
11 ისინი არ დამხრჩვალან. მათ მოიშორეს ხორციელი სხეული და ზეცაში დაბრუნდნენ, როგორც სულიერი პიროვნებები. მაგრამ მათ არ მიეცათ ნება, ხელახლა გამხდარიყვნენ ღმერთის წმინდა ანგელოზებისგან შემდგარი ორგანიზაციის ნაწილი. პირიქით, ბიბლია გვეუბნება, რომ „ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ჩაყარა ტარტაროზში და წყვდიადის უფსკრულებს გადასცა სამსჯავროსათვის შესანახავად“ (2 პეტრე 2:4).
12. ა) რა დაემართათ ბოროტ ანგელოზებს, როდესაც ზეცაში დაბრუნდნენ? ბ) რატომ არ შეუძლიათ ხელახლა მიიღონ ხორციელი სხეული? გ) ამიტომ, რას აკეთებენ ისინი ამჟამად?
12 ეს ბოროტი ანგელოზები არ ჩაყრილან პირდაპირი მნიშვნელობით „ტარტაროზად“ წოდებულ ადგილზე. სიტყვა „ტარტაროზი“, რომელიც ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში არასწორადაა გადმოთარგმნილი სიტყვით „ჯოჯოხეთი“, ნიშნავს ამ ანგელოზების დამცირებულ, ანუ დაცემულ მდგომარეობას. ისინი მოკვეთილი იყვნენ ღმერთის ორგანიზაციის სულიერი სინათლისგან და მათ სამუდამო განადგურება მოელით (იაკობი 2:19; იუდა 6). წარღვნის შემდეგ ღმერთი ამ დემონ ანგელოზებს მეტად აღარ რთავს ნებას, შეისხან ხორციელი სხეული. ასე რომ, მათ მეტად აღარ შეუძლიათ არაბუნებრივი სქესობრივი წადილის დაკმაყოფილება. მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ სახიფათო ზეგავლენა მოახდინონ მამაკაცებსა და ქალებზე. ფაქტიურად, სატანა ამ დემონების მეშვეობით ‘აცდუნებს მსოფლიოს’ (გამოცხადება 12:9). ჩვენი დროის სექსუალური დანაშაულების, სისასტიკისა და სხვა მოქმედებების მუდმივად მზარდი რაოდენობა გვიჩვენებს, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა არ გვაცდუნონ მათ.
როგორ აცდუნებენ ბოროტი სულები ადამიანებს
13. ა) როგორ შეჰყავთ ბოროტ სულებს ადამიანები ცდუნებაში? ბ) რა არის სპირიტიზმი და რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია?
13 ჩვენ უკვე შევიტყვეთ, რომ სატანა, „წუთისოფლის ღმერთი“, სარგებლობს ქვეყნიური მთავრობებითა და ცრუ რელიგიით, რომ გონება დაუბრმაოს ადამიანებს, რათა არ შეიცნონ ბიბლიური ჭეშმარიტება (2 კორინთელთა 4:4). სხვა მნიშვნელოვანი საშუალება, რომლითაც სარგებლობენ ბოროტი სულები ადამიანების საცდუნებლად, არის სპირიტიზმი. რა არის სპირიტიზმი? ეს არის ბოროტ სულებთან კონტაქტი ან უშუალოდ, ან მედიუმის მეშვეობით. სპირიტიზმი ადამიანებს დემონების ზეგავლენის ქვეშ აქცევს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ ყოველივეს, რაც სპირიტიზმთან არის დაკავშირებული (გალატელთა 5:19–21; გამოცხადება 21:8).
14. ა) რა არის მკითხაობა? ბ) რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ?
14 სპირიტიზმის ძალიან გავრცელებული ფორმა არის მკითხაობა. ეს არის მისწრაფება, რომ უხილავი სულების მეშვეობით შეიტყო მომავლის ან რაიმე უცნობი ფაქტის შესახებ. ეს დასტურდება ქრისტიანი მოწაფის ლუკას მიერ მოწოდებული ცნობით: „შეგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს“. პავლე მოციქულმა შეძლო მისი გათავისუფლება ბოროტი სულის ზეგავლენისგან და მას მეტად აღარ შეეძლო მკითხაობა (საქმეები 16:16–19).
15. ა) რა არის დაკავშირებული სპირიტიზმთან? ბ) რატომ არის სახიფათო ყოველივე ამაში მონაწილეობის მიღება?
15 მრავალი ადამიანია დაინტერესებული სპირიტიზმით, რადგან ის საიდუმლო, უჩვეული და მიმზიდველია. ამიტომ ისინი ჩაბმული არიან ჯადოქრობაში, შამანობასა და ჰიპნოტიზმში, მაგიასა და ასტროლოგიაში, სარგებლობენ ანბანის პლანშეტით ან ყოველივე იმით, რაც დაკავშირებულია სპირიტიზმთან. ისინი, შესაძლოა, ამ თემაზე კითხულობენ წიგნებს, უყურებენ კინოფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს. ან ისეთ კრებებსაც კი ესწრებიან, სადაც მედიუმი ცდილობს სულიერ სამყაროსთან კონტაქტში შესვლას. მაგრამ ყოველივე ეს არაგონივრულია იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს ემსახუროს ჭეშმარიტ ღმერთს. ეს სახიფათოც არის და მოაქვს სერიოზული პრობლემები. გარდა ამისა, ღმერთი გაასამართლებს და უარყოფს ყველას, ვინც სპირიტიზმით არის გატაცებული (გამოცხადება 22:15).
16. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ ქრისტიანებისთვის აუცილებელია ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლა?
16 მაშინაც კი, როცა ადამიანი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ არ იქონიოს კავშირი სპირიტიზმთან, შეიძლება მაინც მოხვდეს ბოროტი სულების ზეგავლენაში. არ დაივიწყო, რომ იესო ქრისტეს თვით სატანის ხმა ესმოდა, რომელიც ცბიერულად აიძულებდა იესოს, დაერღვია ღმერთის კანონი (მათე 4:8, 9). ღმერთის სხვა მსახურებმაც გადაიტანეს ასეთი თავდასხმები. პავლე მოციქული ამბობდა: „ჩვენი ბრძოლა. . . არის. . . ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“. ეს ნიშნავს, რომ ღმერთის ყველა მსახური უნდა ‘შეიმოსოს ღვთის სრული საჭურვლით, რათა შესძლოს წინააღუდგეს ეშმაკის მზაკვრობას’ (ეფესელთა 6:11–13).
წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტი სულების თავდასხმებს
17. რა უნდა გააკეთო, თუ სულების სამყაროდან მოგმართავს „ხმა“?
17 რა უნდა გააკეთო, თუ სულების სამყაროდან მოგმართავს „ხმა“, რომელიც მიცვალებულ ნათესავად ან კეთილ სულად გაგაცნობს თავს? რა გააკეთა იესომ, როდესაც ‘ეშმაკთა მთავარმა’ მიმართა? (მათე 9:34). მან თქვა: „განვედ, სატანავ“ (მათე 4:10). შენც შეგიძლია იგივე გააკეთო. დახმარება სთხოვე იეჰოვას. ილოცე ხმამაღლა და ღმერთს სახელით მოუხმე. გახსოვდეს, რომ იეჰოვა ბოროტ სულებზე ბევრად ძლიერია. მიჰყევი ამ ბრძნულ მოქმედებას და ნუ დაუგდებ ყურს ასეთ ხმებს სულების სამყაროდან (იგავნი 18:10; იაკობი 4:7). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ესმის „ხმები“, დემონები ელაპარაკებიან. ზოგჯერ ეს შეიძლება აიხსნას რაიმე ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებით.
18. როგორ გვეხმარება ეფესოში მცხოვრები ადრინდელი ქრისტიანების მაგალითი, რომ გავთავისუფლდეთ სპირიტიზმისგან?
18 ოდესღაც შეიძლება, შენც მისდევდი სპირიტიზმის რომელიმე სახეობას და ახლა გსურს მისგან გათავისუფლება. რა შეგიძლია გააკეთო? ყურადღება მიაქციე პირველი საუკუნის ეფესელი ქრისტიანების მაგალითს. იმის შემდეგ, რაც მიიღეს პავლე მოციქულის მიერ ნაქადაგები „უფლის სიტყვა“, „მრავალმა მათგან, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ“. ხოლო წიგნების ღირებულება კი 50 000 ვერცხლი იყო (საქმეები 19:19, 20). ამიტომ, თუ შენ გაქვს საგნები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია სპირიტიზმთან, მიჰყევი ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანთა მაგალითს. ყველაზე გონივრული იქნებოდა, რომ გაგენადგურებინა ეს ნივთები, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს.
19. ა) რა არ იცის ადამიანთა უმრავლესობამ, რომელიც მისდევს სპირიტიზმს? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს ვიცხოვროთ ბედნიერად და მარადიულად დედამიწაზე?
19 რამდენადაც დღეს ასეთი დიდი ინტერესი შეინიშნება ოკულტიზმისა და საიდუმლოებების მიმართ, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანია ჩაბმული სპირიტიზმში. უმრავლესობამ არ იცის, რომ სინამდვილეში ბოროტ სულებს უკავშირდება. ეს არ არის უწყინარი გართობა. ბოროტ სულებს შესწევთ ძალა, რომ ზიანი და ტკივილი მიაყენონ ადამიანებს. ისინი ბოროტები არიან და ვიდრე ქრისტე სამუდამოდ მოსპობდეს მათ, ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ ადამიანები თავიანთ ბოროტ ზეგავლენაში მოაქციონ (მათე 8:28, 29). ამიტომ, ყოველგვარი ბოროტების განადგურების შემდეგ, თუ გსურს, მარადიულად იცხოვრო ბედნიერად დედამიწაზე, აუცილებელია, არ მოექცე დემონების ზეგავლენაში და მოერიდო სპირიტიზმის ყოველგვარ ფორმას.
[სურათი 91-ე გვერდზე]
ვისთან შევიდა კონტაქტში ყენდორელი ჯადოქარი?
[სურათები 92, 93 გვერდებზე]
ღმერთის ანგელოზმა ძეებმა ყურადღება მიაპყრეს ადამიანთა ქალიშვილებს.
[სურათი 94-ე გვერდზე]
ხორცშესხმული ანგელოზები არ დამხრჩვალან. მათ ჩამოიცილეს ადამიანური სხეული და ზეცაში დაბრუნდნენ.
[სურათი 97-ე გვერდზე]
ბიბლია მოგვიწოდებს, მოვერიდოთ სპირიტიზმის ყოველგვარ ფორმას.
[სურათი 98-ე გვერდზე]
იმის შემდეგ, რაც ეფესელები გახდნენ ქრისტიანები, მათ დაწვეს სპირიტული წიგნები — ეს კარგი მაგალითია ჩვენთვის.